ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
უძველესი ბრიტანული ბანკის აღზევება და კატასტროფა - №3(48), 2016
ინგლისის უძველეს ბანკ Barings-ს 200 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, რომელმაც უმწიკვლო რეპუტაცია თავისი მრავალწლიანი საქმიანობით მოიპოვა. ამ საფინანსო ინსტიტუტისადმი ნდობა იმდენად დიდი იყო, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მის უპირველეს კლიენტად ითვლებოდა. მას ბრიტანული ფინანსური სისტემის სტაბილურობის სიმბოლოდ მრავალი წლის განმავლობაში სამართლიანად მიიჩნევდნენ. ორი საუკუნის განმავლობაში, უდიდესი ძალისხმევით შექმნილი ბანკის განადგურება მისმა 28 წლის ტრეიდერმა, ნიკ ლისონმა რამდენიმე კვირის განმავლობაში `მოახერხა~, როცა იაპონიის საფონდო ბაზარზე საკუთარი სავაჭრო პოზიციების საერთო მოცულობა 29 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რამაც ისეთი ზარალი გამოიწვია, რომ საბოლოო ჯამში, ამ რისკიანი თამაშის შედეგად ეს ბანკი მთლიანად `წააგო~. 

მდიდრული წარსული და წარმატებები 

ბანკ Barings-ის ისტორია სათავეს 1717 წლიდან იღებს, როცა ფრენსის ბარინგი გერმანიის ქალაქ ბრემენიდან ბრიტანეთის ქალაქ ექსეტერში ჩავიდა და მატყლით ვაჭრობა დაიწყო. მის მიერ დაწყებული ოჯახური საქმე იოჰან ბარინგმა გააგრძელა, ხოლო მისმა შვილებმა ფრენსისმა და ჯონმა (რომელიც ამ ბიზნესში პასიურ მონაწილეობას იღებდა) `ჯონ და ფრენსის ბარინგების კომპანია~ შექმნეს. სულ მალე, მატყლით ვაჭრობა ამ კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება გახდა, ამიტომაც კომპანიამ სხვა საქონლით ვაჭრობაც დაიწყო. მომძლავრების შემდეგ, ფინანსური მომსახურებასაც შეუდგა, რომელიც სწრაფად განვითარებულ საერთაშორისო ვაჭრობაში მოთხოვნადი მიმართულება გახდა. 1762 წელს ბანკი Baring Brothers დაარსდა, რომელიც უფრო დიდი ბიზნეს-ჯგუფის Barings Group-ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა.
 
ეს საფინანსო ინსტიტუტი ბრიტანული ელიტის, მათ შორის დედოფლის ფულის ძირითადი მცველი შეიქმნა. 1790 წლისათვის, ბარინგების ოჯახური ბიზნესი მნიშვნელოვნად არა მარტო ფრენსისის მიერ ლონდონში მოპოვებული წარმატების, არამედ ამსტერდამში მოქმედ ბანკ Hope & Co-სთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის წყალობითაც გაფართოვდა. 1800 წელს, ერთ-ერთი ძმა, ჯონი ოჯახურ ბიზნესს ჩამოსცილდა, ამიტომაც კომპანიას Francis Baring and Co უწოდეს. ფრენსისის ახალი პარტნიორები ბიზნესში მისი უფროსი ვაჟი თომასი და სიძე, ჩარლზ უოლი გახდნენ. მათი წინსვლა ბიზნესში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ბარინგების ოჯახის ხუთმა წევრმა თავადის წოდება მიიღო. ამდენი საპატიო ტიტული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული არცერთ ოჯახს არ მიუღია. იმ დროის ევროპულ და მსოფლიო ბიზნესზე მათი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ 1802 წელს, ბარინგები ჰოლანდიური ბანკი Hope & Co-ს წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთისგან ამერიკის მიერ ლუიზიანას შტატის შესყიდვის პროცესში გამართული მოლაპარაკებებისთვის აირჩიეს. მათი ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მსოფლიოს ისტორიაში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური საქმიანი გარიგების გაფორმება. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთის იმპერია საფრანგეთთან ომის მდგომარეობაში იყო, ხოლო ეს საქმიანი გარიგება ნაპოლეონის სამხედრო კომპანიას პირდაპირ აფინანსებდა. 

იურიდიული თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუიზიანა არა ნაპოლეონისგან, არამედ ბარინგებისგან და ჰოუპებისგან შეიძინა: ოქროთი სამი მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ, ღირებულების ნაწილი ამერიკული ობლიგაციების სახით წარმოადგინეს, რომელიც ბარინგების ბანკს ნაპოლეონმა 12,5%-ანი ფასდაკლებით მიჰყიდა. ფრენსისის მეორე ვაჟი, ალექსანდრე ჰოუპების ბანკში მუშაობდა, ამიტომაც მან როგორც სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პარიზში, საფრანგეთის სახაზინოს მეთაურთან საქმიანი გარიგება გააფორმა, ხოლო შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და ამ ქვეყნიდან ობლიგაციები საფრანგეთში ჩაიტანა. 1803 წლიდან ბანკის მართვის აქტიურმა როლმა ფრენსისიდან მის შვილებზე – თომასზე, ხოლო შემდეგ მის უმცროს ძმებზე ალექსანდრეზე და ჰენრიზე გადაინაცვლა. 1804 წელს ამ კომპანიას სახელწოდება შეუცვალეს და Baring Brothers & Co (ძმები ბარინგები და კომპანია) დაარქვეს. ამ სახელწოდებით კომპანია 1890 წლამდე დარჩა. ამ სამი ძმის მემკვიდრეებმა ბანკის ხელმძღვანელობაში წამყვანი როლი შეინარჩუნეს. ჭეშმარიტი ლიდერის არარსებობის გამო, ბარინგებმა 1820-ან წლებში საკუთარი წამყვანი როლი ლონდონში კონკურენტებს – როტშილდებს დაუთმეს. ამის მიუხედავად, მაინც ძლიერ კომპანიად რჩებოდნენ და 1830-ან წლებში, თომასისა (თომას ბარინგი უფროსის ვაჟი) და ამერიკელი ახალი პარტნიორის, ჯოშუა ბეიტსის ძალისხმევით საკუთარი პოზიციების დაცვა დაიწყეს. ეს უკანასკნელი მონდომებით მოითხოვდა ბარინგების გავლენის სფეროები ევროპიდან ამერიკის კონტინენტზე გაევრცელებინათ, რადგანაც `ველური დასავლეთის~ პერსპექტიულ შესაძლებლობებს ჯერ კიდევ მაშინ წინასწარმეტყველებდა. 

1832 წელს, ბარინგებმა თავიანთი ფირმის ოფისი ლივერპულში გახსნეს, რომლის საქმიანობის კონცენტრირებაც ახალ, ჩრდილო-ამერიკულ შესაძლებლობებზე მოახდინეს. 1843 წელს ბარინგები ამერიკის მთავრობის ექსკლუზიური აგენტები გახდნენ. ეს პოზიცია ბანკმა 1871 წლამდე შეინარჩუნა. შემდგომში, ისინი ბიზნეს-საქმიანობაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ პილის მცდელობით ჩაერთვნენ, როცა მათ ირლანდიის მოქალაქეების `ინდური ხორბლით~ (სიმინდით) მომარაგება ირლანდიაში შიმშილის დროს (1845-1849 წლები) დაევალათ. იმ წლებში კარტოფილის მოსავალი ამ ქვეყანაში არასაკმარისი მოიწიეს. ძმებმა ბარინგებმა საკომისიოების აღება მოშიმშილეთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული საქმიანი გარიგებებიდან დაიწყეს. 

წინსვლა და ბიზნესის განვითარება უფსკრულთან მიახლოვებამდე 

1851 წელს ბარინგებმა და ბეიტსმა კიდევ ერთი ამერიკელი პარტნიორი – რასელ სტურგისი შემოიერთეს. ეს უკანასკნელი ამერიკის სამხრეთში დამკვიდრებულ მონათმფლობელობისადმი სიმპათიებს ავლენდა, რაც ურთიერთობაში ბიზნეს-პარტნიორებს გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა. ამის მიუხედავად, მან საკუთარი საბანკო უნარები შესანიშნავად გამოავლინა, ხოლო 1864 წელს, ბეიტსის გარდაცვალების შემდეგ, ფირმის მართვის საქმეებში მნიშვნელოვანი ლიდერობა მოიპოვა. 1850-ან და 1860-ან წლებში ბანკის მოგებას ბიზნესის განვითარებისთვის გაცემული კრედიტები უზრუნველყოფდა. 1856 წელს, მათ ბიზნესში პარტნიორად თომას ბარინგის ნათესავი, ჰენრი ბარინგის ვაჟი, ედუარდი შევიდა. 

1870-ანი წლებისთვის, ედუარდის მიერ გამოვლენილი შესანიშნავი საქმიანი თვისებების წყალობით, ბარინგების ბანკმა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დამკვიდრება ამერიკაში, კანადასა და არგენტინაში საქმიანობით დაიწყო. ბარინგები დაკვირვებულად და წარმატებით ახორციელებდნენ ფინანსურ კაპიტალდაბანდებებს ამერიკაში სარკინიგზო ქსელის აქტიური განვითარების პერიოდში, რომელიც სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. 1880-ანი წლების ბოლოს, მაშინ არსებულმა ფინანსურმა რისკებმა ფირმას სერიოზული უსიამოვნება მოუტანა, რომელიც არგენტინული და ურუგვაული კრედიტების ზედმეტად შეფასებამ გამოიწვია. არგენტინის პრეზიდენტი, მიგელ ანხელ ხუარეს სელმანი მას შემდეგ გადადგა, რაც ქვეყანაში მომხდარი სერიოზული შეტაკებების შედეგად, 1890 წლის 26 ივლისს 250 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე მოქალაქე სერიოზულად დაშავდა. ამ ქვეყანას დეფოლტის გამოცხადების საშიშროება დაემუქრა. გადამდგარი პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტმა, კარლოს ენრიკე ხოსე პელეგრინიმ შეცვალა, რომელიც ქვეყნის სათავეში 1895 წლამდე დარჩა. ბარინგების ბანკის სისუსტეები სწორედ ამ კრიზისმა გამოავლინა, რომელსაც საკმარისად დიდი სარეზერვო ფონდი არგენტინული ობლიგაციების მხარდასაჭერად იმ მომენტამდე არ აღმოაჩნდა, სანამ ამ ქვეყანაში წესრიგი არ აღდგებოდა. ბარინგების ბანკი გაკოტრებისგან ინგლისის ბანკის მმართველის, უილიამ ლიდერდეილის მიერ დაარსებულმა კონსორციუმმა იხსნა. ამ არეულობის შემდეგ განვითარებული მოვლენები ფინანსურ სამყაროში ცნობილია როგორც `1890 წლის პანიკა~. იმის მიუხედავად, რომ ამ კონსორციუმის დროულმა ფინანსურმა ჩარევამ სავარაუდო ფინანსური კოლაფსი გაანეიტრალა, ბარინგების ბიზნესმა საკუთარი დომინირებადი პოზიციები ვეღარ დაიბრუნა. ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Baring Brothers & Co, რომელსაც ძველი პარტნიორობის სიცოცხლისუნარიანი ნაწილი გადაეცა. ძველი საბანკო სახლისა და რამდენიმე პარტნიორის აქტივები კონსორციუმს ვალის დასაფარად გადაეცა. ამის გარდა, კიდევ 10 წელი გახდა საჭირო, რომ ამავე ბანკს ვალის დარჩენილი ნაწილიც მთლიანად დაეფარა. ბარინგების ბიზნესის ყურადღების ქვეშ ამერიკისა და არგენტინის საერთაშორისო ობლიგაციები კვლავ მოექცა. ედუარდის ვაჟის, ჯონ ბარინგის ხელმძღვანელობით ამ ბანკის განხორციელებულმა თავშეკავებულმა პოლიტიკამ ბრიტანული ელიტის ყურადღება მიიქცია. 
ბარინგების კომპანიამ საქმიანი ურთიერთობა მეფესთან, გეორგ მეხუთესთან დაამყარა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მონარქიას ძალიან დაუახლოვდა. 

საინტერესოა ისიც, რომ პრინცესა დაიანა ბარინგების ოჯახის შთამომავალი იყო. ამ ოჯახის ხუთი შტოს შთამომავლები პერის წოდებით დაჯილდოვდნენ, რომელთა შორისაც ბარონი რეველსტოკი, გრაფი ნორტბრუკი, ბარონი ეშბარტონი, ბარონი ხოვიკ გლინდეიელი, ბარონი კრომერი არიან. კომპანიის მიერ დამკვიდრებულმა ზომიერმა პოლიტიკამ ბარინგების ბანკს ფინანსების სამყაროში უპირატესობა მისცა, რაც შემდგომში დივიდენდების სახით დაუბრუნდა, როცა პირველი მსოფლიო ომის შედეგებისგან გერმანიის აღდგენის დაფინანსებაზე უფლება მიიღო. იმ პერიოდში, დიდი დეპრესიის შედეგად, სხვა ბრიტანული ბანკები ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ და სერიოზულად იზარალეს. 

მნიშვნელოვანი კაპიტალისა და უმწიკვლო რეპუტაციის წყალობით, ბანკი Barings სულ მალე, ბრიტანეთის იმპერიის ერთ-ერთ უდიდეს საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. იყო ევროპისა და რუსეთის მეფეთა ფინანსური მაკლერი და კრედიტორი. დააფინანსა ომი ნაპოლეონისა და ამერიკის წინააღმდეგ. ლუიზიანას შტატის ყიდვის გარდა, მონაწილეობდა ისეთი გახმაურებული პროექტების განხორციელებაში, როგორიც ლონდონში მეტროს, ხოლო ამერიკაში ტელეგრაფის მშენებლობაა. ბანკ Barings-ის საქმიანი რეპუტაცია იმდენად მაღალი იყო, რომ მწერლებმა ჩარლზ დიკენსმა, ჟიულ ვერნმა, ალექსანდრე დიუმამ საკუთარ ნაწარმოებებში მოიხსენიეს. ამ უკანასკნელმა გრაფ მონტე-კრისტოს განძი სწორედ ბანკ Barings-ში განათავსა. 

"მესაფლავე" უმწიკვლო ავტორიტეტით ცეცხლს ეთამაშება 

1985 წლიდან ამავე ბანკს ოჯახის ერთ-ერთი წევრი, პიტერ ბერინგი (გვარი ბრიტანულ ყაიდაზე გადაიკეთა) მართავდა. Barings-ის უმწიკვლო იმიჯის ხაზგასმისა და ბიზნესში მის მიერ გამოყენებული მეთოდების აღსანიშნავად, იგი უარს ამბობდა გაეფართოვებინა ფინანსური ოპერაციების მასშტაბები ყველა სფეროში და გამოაცხადა, რომ `დაიცავდა იმ საქმიან გარიგებებზე კონცენტრაციის პრინციპს, რომელსაც მცირე შემოსავალი შემოჰქონდა~. 1980-ანი წლების დასაწყისიდან, ერთ-ერთმა მმართველმა, კრისტოფერ ხიტმა ბანკი Barings იაპონურ აქციებთან დაკავშირებულ ოპერაციებში ჩართო და იმდენად წარმატებულად, რომ მიღებული ბონუსების მიხედვით, ბრიტანეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი პირი გახდა. განდიდების მანიით შეპყრობილმა, ბანკის ინვესტიციების გაფართოვება რისკის შემცველი წარმოებული ფასიანი ქაღალდების მიმართულებით მოინდომა, მაგრამ ამავე ბანკის დირექტორთა საბჭოს მძაფრად დაუპირისპირდა, რადგანაც მათ ასეთი კაპიტალდაბანდებების განხორციელება მათ კატეგორიულად არ სურდათ. ისინი კრისტოფერ ხიტს `დაემშვიდობნენ~ და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ბანკ Barings-ის ფინანსური კატასტროფა მსგავს ოპერაციებს – ტოკიოს საბირჟო ინდექსთან დაკავშირებულ ფიუჩერსებს პირდაპირ უკავშირდება. იმის მიუხედავად, რომ ბანკის ხელმძღვანელობა არ იწონებდა ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომელიც ფინანსური ბაზრების ძლიერ რყევებს უკავშირდებოდა, მათში მონაწილეობის მთლიანად თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო. Barings Group-ის შემადგენლობაში შემავალმა საინვესტიციო ბანკმა Baring Securities Ltd-მა მსგავსი ფინანსური ოპერაციების განხორციელება შორეულ აღმოსავლეთში დაიწყო, სადაც იმ დროისათვის ძლიერ საქმიან ბაზას უკვე ფლობდა, თანაც ბრიტანელ კლიენტებთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტს ადგილი ნამდვილად არ ექნებოდა. შემდგომში, ამავე ფირმამ შორეულ აღმოსავლეთში კომპანია Henderson Crosthwaite-სგან მცირე საბროკერო ბიურო შეიძინა, რომლის სპეციალიზაციაც პირველ რიგში იაპონიისა და ჰონკონგის ფინანსური ბაზრები იყო. სულ მალე, ბიზნესის ექსპანსია ევროპისა და ლათინური ამერიკის მიმართულებითაც განახორციელა. საკუთარი საქმიანობის გაფართოების მიუხედავად, Baring Securities `მშობლიურ~ ფინანსურ ბაზრებზე ოპერაციებს პრაქტი¬კულად არ ახორციელებდა. ბანკ Barings-ის ბროკერები ამას იმით ხსნიდნენ, რომ ეს ბაზრები ბროკერებით `გადაჭედილი~ იყო, ამიტომაც წარმატება მზარდ ბაზრებზე უნდა ეძებნათ, სადაც კონკურენცია უფრო დაბალი, ხოლო მომგებიანობის პოტენციალი უფრო მაღალი იქნებოდა.
 
1992 წელს, პიტერ ბერინგმა ბანკ Barings-ში 25 წლის ნიკ ლისონი დაასაქმა, მაგრამ მაშინ მისთვის ძნელი იყო იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი შვილობილისთვის საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებდა. იგი კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ სულ მალე, ეს ახალგაზრდა, ენერგიული ბიჭი ამ უდიდესი და უძველესი ბრიტანული ბანკის `მესაფლავე~ გახდებოდა. უმოკლეს დროში ბოლოს მოუღებდა ბერინგების ოჯახურ ბიზნესს, რომელსაც ამ გვარის 12 თაობა უძღვებოდა. ძალზე რთულდება ზუსტად იმ მოვლენების აღდგენა, რომელიც ამ ბანკის `ჩაძირვას~ უძღოდა წინ, მაგრამ შემდგომში ექსპერტებმა და გამომძიებლებმა ასეთი ავბედითი სურათი დახატეს: ბანკ Baring Brothers-ის სინგაპურის განყოფილება Baring Futures-ის გენერალური დირექტორის, ნიკ ლისონის სპეციალიზაცია ფიუჩერსულ კონტრაქტებთან დაკავშირებული მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ოპერაციები იყო. ახალგაზრდა მენეჯერმა ფიუჩერსული ვაჭრობის `ილეთები~ თავიდანვე წარმატებით აითვისა, რაზედაც ამ ბანკის იერარქიაში მისი ახალგაზრდული წლების მიხედვით მაღალი (შეუფერებელი) მდგომარეობაც მეტყველებს. ბაზრის მონაწილეებზე მისმა საქმიანობამ თავიდანვე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მასზე ამბობდნენ, რომ იგი ერთ-ერთი გამორჩეული ტრეიდერია. ფინანსური ბაზრების ზოგიერთ მონაწილეს ისიც ეჩვენებოდა, რომ ბაზარს სწორედ ის მართავს – ბროკერები მის ქმედებებს თვალს გამუდმებით ადევნებდნენ და `სწორება~ მასზე ჰქონდათ. ამ მენეჯერის წარმატებულ საქმიანობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 1994 წელს, მან პრემიის სახით 4,1 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო ძირითადი ხელფასი წელიწადში 316,5 ათასი დოლარი ჰქონდა. სწორედ ახალგაზრდა მენეჯერის საქმიანობის შედეგია ისიც, რომ ბანკის მოგებამ ნახევარი წლის განმავლობაში, მაშინ რეკორდულ 90 მილიონ დოლარს მიაღწია. ამის მიუხედავად, ბანალობად ქცეულ ჭეშმარიტებას ვერც ნიკ ლისონი გაექცა: უმაღლესი კატეგორიის მოგება ასევე უმაღლესი რისკის შემცველია. მოგებას ადრე თუ გვიან წაგება (ხშირად ძალზე მტკივნეული) მოჰყვება ხოლმე. საიდუმლოდ დარჩა, როდის დაიწყო მან იაპონური საფონდო ინდექსის Nikkei 225 ზრდასთან დაკავშირებული სახიფათო თამაშები.
 
საფონდო ინდექსი Nikkei 225 სახეობის აქციისგან შედგენილი პაკეტის ღირებულების დინამიკას ასახავს, რომელიც იაპონიის საფონდო ბაზარზე ბრუნავს. ფიუჩერსული კონტრაქტი ინდექსზე არის კონტრაქტი აქციების პაკეტის შეძენაზე, რომელიც ამ ინდექსში მომავალში შევა. ამის მიუხედავად, კონტრაქტის ამოქმედების ვადის დადგომის მომენტში ამ აქციების რეალურად შესყიდვა არ ხდება. კონტრაქტის მფლობელი იღებს, ან გასცემს სხვაობას შესყიდვისა და საფონდო ინდექსის რეალურ ნიშნულს შორის კონტრაქტის ვადის დასრულების მომენტში. გამოყენებული ფიუჩერსული კონტრაქტების სახეობები, როგორც სპეკულაციური თამაშებისთვის, ასევე აქციების რეალური პაკეტების ფასთა ცვლილებების რისკის გასაკონტროლებლად საკმაოდ ფართოა. 

Nikkei 225-ის ინდექსზე ფიუჩერსული კონტრაქტებით ოსაკაში საფონდო ბირჟაზე და სინგაპურის საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე (SIMEX) ვაჭრობენ. სწორედ ამ ასპარეზზე მოქმედებდა Barings-ის `შავი გენიოსი~. ნიკ ლისონმა 15-დან 20 ათასამდე ფიუჩერსული კონტრაქტი შეიძინა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 200 ათასი დოლარი იყო. ეს საქმიანი გარიგება მათი ღირებულების ზრდის მოლოდინით გაფორმდა. ასეთი გათვლები არ გამართლდა: კოტირებებმა ვარდნა დაიწყო, რის გამოც ბანკი ყოველდღიურად ასტრონომიულად ზარალდებოდა. ამ უსიამოვნო ამბის შეტყობინება ლონდონის შტაბ-ბინაში ლისონმა არ იჩქარა და ღირებულების ზრდაზე საკუთარ თამაშს ჯიუტად აგრძელებდა. ცოტა ხნის შემდეგ, მან გააცნობიერა, რომ ამ ბანკის ფინანსური კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა, ამიტომაც ლისონების ცოლ-ქმრული წყვილი არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. ბედის ირონია იყო ის, რომ ეს 23 თებერვალს მოხდა, ხოლო 25 თებერვალს, ნიკ ლისონს 28 წელი შეუსრულდა. დაბადების დღისთვის მან საკუთარ თავს `შესანიშნავი~ საჩუქარი გაუკეთა! ორიოდე დღის შემდეგ, გახმაურდა ამბავი, რომ პირველადი შეფასებით ამ ბანკმა 800 მილიონი დოლარით იზარალა. ზარალის მოცულობის დაზუსტების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ეს ციფრი ასტრონომიულ 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 

მაკროეკონომიკური და ტექნიკური ვერსია 

ასეთი ისტორიების დროს, მორიგი გაოგნების შემდეგ, პირველი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაიბადოს არის ის, თუ როგორ მიაღწია მენეჯერმა ასეთ `განსაცვიფრებელ~ შედეგებს და რა მოტივებით ხელმძღვანელობდა იგი? შეკითხვა `როგორ?~ დღემდე უპასუხოდ რჩება. ამ საქმეში კარგად ჩახედული ყველა ბანკირი ერთხმად ამტკიცებს იმას, რომ ნებისმიერ მენეჯერს ღია პოზიციის ლიმიტი გააჩნია. მათ ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულზე მეტის დახარჯვის უფლება უბრალოდ არ ენიჭება. წესისამებრ, ამის კონტროლი კომპიუტერული სისტემის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც ავტომატურად ბლოკავს იმ საქმიან გარიგებებს, რომელიც დაწესებული ლიმიტის მიღმა რჩება. შესაძლოა, ლისონი არა მარტო ფინანსური, არამედ კომპიუტერული გენიოსიცაა, რომელმაც ურთულეს საბანკო პროგრამაში დაუბრკოლებლად შეღწევა შეძლო... თუმცა, საბანკო კონტროლი ერთადერთი წინაღობა სულაც არ არის. 

ბირჟა ბროკერთა ღია პოზიციებზე კონტროლს ასევე ყოველდღიურად ახორციელებს. ფასების არახელსაყრელი ცვლილებების შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია დამატებითი დაფინანსება ღია პოზიციების მხარდასაჭერად განახორციელოს, ან ეს პოზიციები დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს. არც ეს გაკეთდა, რის შემდეგაც მორიგი `რატომ?~ იბადება. საქმეში ჩახედული ექსპერტების ვერსია შემდეგში მდგომარეობს: ნიკ ლისონის ბიზნეს-საქმიანობა ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო, ამიტომაც იგი მოქმედების დიდი თავისუფლებით სარგებლობდა. ლონდონის შტაბ-ბინა მის საბირჟო საქმიანობას მხოლოდ შემთხვევიდან შემთხვევამდე აკონტროლებდა. ამ სახიფათო თამაშის წამოსაწყებად მას საკმაოდ მოკრძალებული კაპიტალი ესაჭიროებოდა. ფიუჩერსული კონტრაქტის შესაძენად შესატანი თანხა არის არა მისი მთლიანი ღირებულება, არამედ გირაო, რომლის მოცულობა გახსნილი პოზიციის მოცულობის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს. ასევე ცნობილია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მსხვილი ტრეიდერებისთვის (ვისაც კარგი რეპუტაცია აქვთ), ბირჟები დათმობებზე მიდიან და გირაოს მოცულობას ამცირებენ. აქედან გამომდინარე, ლისონს საკუთარი თამაშის დასაწყებად `სულ რაღაც~ 10-20 მილიონი დოლარი დაჭირდებოდა, ხოლო ეს საქმიანი გარიგება დანარჩენთა ფონზე გამორჩეული და განსაკუთრებული სულაც არ იქნებოდა. პროგნოზი არ გამართლდა, რის შემდეგაც ინდექსმა Nikkei-მ სწრაფი ვარდნა დაიწყო, რასაც ფიუჩერსების ფასებმაც `შესაბამისად~ უპასუხა, თანაც წინმსწრები ტემპებით... უადგილო ნამდვილად არ იქნებოდა, რომ დაშვებული შეცდომის შესახებ მას ბანკის ხელმძღვანელობისთვის მოეხსენებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. შესაძლოა იმიტომაც, რომ მან ფიუჩერსებზე თამაშში ბრიტანეთის განსაკუთრებული კლიენტის – სამეფო ოჯახის კუთვნილი ფული გამოიყენა. 

მენეჯერი შეეცადა უსიამოვნებები თავიდან აეცილებინა. ერთ-ერთმა ლონდონელმა ბანკირმა დაასკვნა, რომ `როგორც ეტყობა, მან საკუთარი ლიმიტები ამოწურა და ვალებში კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო. შემდეგ ვა-ბანკზე ყველა ზარალის დასაფარად წავიდა~. როგორ მოქმედებდა ამ შემთხვევაში ბირჟა? ამ თემაზე ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა, მაგრამ სავარაუდოდ, ლისონმა საკუთარი ავტორიტეტის წყალობით, ვალის გადავადებას მიაღწია. ზუსტად ასეთივე სიტუაციას ჰქონდა ადგილი რუსეთში, 1994 წელს, როცა `საბირჟო პალატის~ ხელმძღვანელობამ (რომელიც კლირინგულ ანგარიშსწორებას ახორციელებდა) მსგავსი ტიპის თამაში `პატიოსანი სიტყვის ეგიდით~ რუსეთის ბანკთაშორის საფონდო ბირჟაზე დაუშვა. მსგავსი ექსპერიმენტი სავაჭრო მოედნის ისეთი კრახით დასრულდა, რომ მისი შედეგების მიხედვით, ბირჟა `კომიდან გამოსვლას~ დღემდე ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, SIMEX-ის ხელმძღვანელობა ლისონის მიმართ ნდობის გამოცხადების შედეგად, კიდევ უფრო მეტ უსიამოვნებებში გაეხვა და ფინანსური სკანდალების მორევში ჩათრეული არა მარტო ბანკი Barings, არამედ მთლიანად ბირჟა აღმოჩნდა. ბოლოს ნათელი გახდა, რომ ვალების გასტუმრება შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც ლისონმა საკუთარი დანაზოგი შეკრიბა და `აორთქლება~ სცადა. ბანკ Barings-ის დამწუხრებულმა ხელმძღვანელებმა ყველაზე სარწმუნოდ შემდეგი ვერსია მიიჩნიეს. მათი აზრით, ლისონს შეეძლო კონკურენტებთან ერთად მშობლიური ბანკის წინააღმდეგ შეთქმულებაში მიეღო მონაწილეობა. პოზიციები წინასწარგანზრახვით ისე იყო გახსნილი, რომ ბანკი Barings ზარალს ვერ გამკლავებოდა. იგი გადახდისუუნარო აღმოჩნდა, რითაც ფინანსური ბაზრის ვარდნა გამოიწვია. თვით ლისონმა კომპანიონებთან ერთად აქციების ღირებულების შემცირებაზე (ვარდნაზე) ითამაშა და ისეთი მოგება მიიღო, რომელიც ბანკ Barings-ის ზარალის ტოლფასია... 

ბანკის წარმომადგენლების ვერსიით, ფიუჩერსების კატასტროფული ვარდნა ნაწილობრივ იმ სკანდალით არის პროვოცირებული, რომლის შემდეგაც კონტრაქტების ღირებულება რამდენჯერმე გაიზრდება. ლისონის მიერ გახსნილი პოზიციები დღემდე ამიტომაც დაუხურავია. გამოდის, რომ ერთმა `ნიჭიერმა~ ბროკერმა იმდენი მოახერხა, რომ რამდენიმე საუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ავტორიტეტული ბანკის გაკოტრება დროის მცირე მონაკვეთში მოახერხა. უფრო ღრმა ანალიზის ჩატარებით მივალთ დასკვნამდე, რომ ლისონის როლი ამ ისტორიაში არც ისე დიდია, როგორც ეს ერთი შეხედვით მოჩანს. ეს ხმაურიანი სკანდალი ყველა შემთხვევაში მოხდებოდა, მან მხოლოდ არსებული გარემოებებით შესანიშნავად ისარგებლა: არ იქნებოდა ლისონი, მის ადგილზე სხვა მენეჯერი აღმოჩნდებოდა. მოქმედების ადგილი შესაძლოა სინგაპურის ნაცვლად არგენტინა ყოფილიყო, ხოლო დაზარალებულის რანგში Barings-ის ნაცვლად, სხვა ბანკი აღმოჩნდებოდა. ამის წინაპირობები დიდი ხნის წინ მომწიფდა. მათგან მთავარი – საფონდო ბაზრის კონიუნქტურის ცვლილება და ნორმატიული ბაზის არასრულყოფილებაა. საჭიროებას მოითხოვს ეს ფაქტორები უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. 

დავიწყოთ ეკონომიკით: 1994 წელი მსოფლიო საფინანსო ბაზრისათვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. დოუ-ჯონსის ინდექსის მაჩვენებელი ხან ვარდნით გამოირჩეოდა, ხან ერთ ადგილს ტკეპნიდა. მეტნაკლებად შესამჩნევი ზრდა მხოლოდ იმავე წლის ბოლოსათვის დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარებული ქვეყნების აქციებთან დაკავშირებული სიტუაცია ოპტიმიზმის გამომწვევი თუ არ არის, კაპიტალი სხვა რეგიონებში გაედინება. მით უმეტეს, რომ ამის წინაპირობები უკვე შექმნილი იყო. 1993 წელმა ლათინურ ამერიკაში მოქმედ საინვესტიციო ფონდებს უზარმაზარი მოგებები მოუტანა. ამ რეგიონში საშუალო წლიური მოგების მაჩვენებელმა 57%-ს მიაღწია, მაშინ, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ანალოგიური მაჩვენებელი 29%-ს, იაპონიის – 23%-ს, აღმოსავლეთ ევროპის – 26%-ს ფარგლებში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ამერიკასა და ევროპაში ეს ნიშნული შესაბამისად – 14% და 15% იყო.
 
კაპიტალის გადანაცვლება ერთი რეგიონიდან მეორეში არ მომხდარა. საქმე იმაშია, რომ ბოლო ათეული წლების განმავლობაში, ყველაზე მომგებიანი ბაზრების მაჩვენებლების ზრდა ხელოვნურ ხასიათს ატარებდა. განვითარებადი ქვეყნების საკუთარი საინვესტიციო პოტენციალი არც ისე მაღალია, ამიტომაც ინვესტიციების ძირითადი ნაწილი, როგორც საპროექტო, უფრო მეტად საპორტფელო – უცხო ქვეყნებიდან შემოდიოდა. თავდაპირველად, ეს იყო ცალკეული მაღალრისკიანი კაპიტალდაბანდებები. მსოფლიო მასშტაბით ისინი მცირე მოცულობის იყო იმ ქვეყნებისთვის, სადაც იგი ხორციელდებოდა, მაგრამ საკმაოდ საგრძნობი და აქციებზე ღირებულების ზრდა გამოიწვია. ყველა დროში, მსგავსი სურათი გაუსაძლის ტკივილამდე ნაცნობია და პერიოდულად მეორდება. ბაზრის ზრდამ შემდგომი ინვესტიციების სტიმულირება მოახდინა, რომელმაც მოთხოვნის მორიგი ზრდა გამოიწვია. ამ პროცესების დასკვნით ნაწილს მთის კალთაზე დაგორებული თოვლის ზვავის ეფექტი ჰქონდა. 

ფიქციური კაპიტალის დინამიკა კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკურ რეალიებსა და ემიტენტი-კომპანიების ფინანსურ შედეგებს მოწყდა. უმაღლესი დონის ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სწორედ ასეთი სიტუაცია შეიქმნა. ფონდების ფასები ყველანაირი გონიერების ფარგლებს გასცდა. ბევრი ამ მდგომარეობის სერიოზულობას აცნობიერებდა, მაგრამ ზრდაზე თამაში მაინც გააგრძელეს. ფინანსური ბაზრის არამდგრადობა უკვე შესამჩნევი გახდა, ამიტომაც, კრახისთვის მცირე ბიძგიც კი საკმარისი აღმოჩნდა. ასე მოხდა მაგალითად მექსიკაში. აქციების ზრდა რამდენიმე დღით შეფერხდა, ხოლო ეს საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ყველაზე ფრთხილმა ინვესტორებმა საკუთარი პოზიციების დახურვა ზედიზედ დაიწყეს. ამის შესაბამისად, ფასებიც შემცირდა. შემდგომში სიტუაცია უკვე უმართავი გახდა, ამიტომაც `ზვავი~ უკუმიმართულებით დაეშვა. მექსიკაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, განვითარებადი ქვეყნების ბაზრების მიმართ ინვესტორებმა უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს. მორიგი კრახის შედეგად ფინანსურად რომ არ ეზარალათ, საკუთარი კაპიტალის გატანა ხმაურის გარეშე დაიწყეს. რისკიანი ბაზრებიდან კაპიტალის გადინება სწრაფი ტემპებით დაიწყო. სწორედ ამ ტალღაში აღმოჩნდა ბანკი Barings, რომელიც `ხარის თამაშს~ აგრძელებდა. მართალია იგი არ მიმდინარეობდა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, მაგრამ ვენჩურული ფირმების დიდი რაოდენობისა და იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, იაპონური ინდექსი ასევე მაღალი რისკის მატარებლად რჩებოდა. ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია. მეორე – ნორმატიული ბაზის არასრულყოფილება გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ფიუჩერსებით ვაჭრობა დიდი ხნის წინ დაიწყეს, ხოლო `ბრინჯის ფიუჩერსები~ იაპონიაში რამდენიმე საუკუნის წინ დამკვიდრდა, ფინანსური საქმიანობის ეს სახეობა უკიდურესად სუსტად არის რეგლამენტირებული. ბაზარზე მთლიანი ძალაუფლება ბირჟის ხელმძღვანელობის ხელშია თავმოყრილი: იგი `შეწყალებისა~ და `დასჯის~ აქტებს საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით ახორციელებს, რასაც სიკეთე არასოდეს მოუტანია. 
საკმარისია რუსეთის ბანკთაშორის საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული კატასტროფული სიტუაცია გავიხსენოთ. ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების კონტროლის განხორციელება საკუთარ კაპიტალზე ასევე ძალიან გართულებულია. ეს ყველაფერი ხდება არა სავაჭრო მოედნების გეოგრაფიული დაშორების გამო (რასაც ბანკ Barings-ის ხელმძღვანელები ბოლო მომენტამდე იმიზეზებენ), არამედ იმ სირთულეების გამო, რაც ფინანსური რისკების შეფასებასა და აღრიცხვას ახლავს თან. უკვე ითქვა, რომ ფიუჩერსულ ბაზარზე ზარალმა შესაძლოა მრავალჯერ გადააჭარბოს დაბანდებულ კაპიტალს. მიღებულ გადაწყვეტილებებზე შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად რიგით მენეჯერებს ეკისრებათ. რა შედეგების მომტანია ყოველივე ეს, ამ ბანკის ბოლო პერიოდის მოვლენებშიც შესანიშნავად აისახა. მითითებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, გარკვეული ძვრები 1996 წლის 1 იანვრიდან შეიმჩნევა, როცა ევროპული ქვეყნების მთავრობებმა `კაპიტალის ადეკვატურობის თაობაზე~ ევროკავშირის დირექტივების შესრულება დაიწყეს. ეს დირექტივა შეეხო წარმოებული ფასიანი ქაღალდებით (ფიუჩერსები, ოფციონები) საბირჟო ვაჭრობებს და ამ დოკუმენტმა ბაზარზე კონსოლიდირებული ზედამხედველობის მიხედვით საერთო მოთხოვნები დაამკვიდრა.
 
თაღლითი "ვუნდერკინდი" და "წყალწაღებული" ჰარიფები 

ნიკ ლისონი მლესავის ოჯახში დაიბადა. მას ფინანსურ სამყაროში განსაკუთრებული კავშირები არასოდეს ჰქონია, ამიტომაც ცდილობდა კარიერაში წარმატებისთვის დამოუკიდებლად მიეღწია. თავდაპირველად, კომპანია Coutts-ში, შემდეგ ბანკ Morgan Stanley-ში მუშაობდა, ხოლო 1992 წლიდან Barings-ში გადაინაცვლა. თავდაპირველად, აქ საქმიანი გარიგებების კართოტეკის მართვა და სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვა დაავალეს. გარკვეული დროის შემდეგ, იგი იმავე ფინანსური ინსტიტუტის სინგაპურის განყოფილებაში ადგილობრივ ბირჟაზე საქმიანობისთვის გადაიყვანეს. ბანკის ხელმძღვანელობამ მას ორი ამოცანის შესრულება დააკისრა, რომელიც საბროკერო ოპერაციებს (ანუ კლიენტების სავაჭრო განაცხადების შესრულებას) და საარბიტრაჟო ოპერაციებს გულისხმობს. არბიტრაჟი ნიშნავს იმ მცირე სხვაობის გამოყენებას ფიუჩერსულ კონტრაქტში Nikkei 225, რომელიც სინგაპურის ბირჟა SIMEX-სა და ოსაკაში მოქმედ იაპონურ ბირჟაზე (OSE) ფიქსირდებოდა. 

მსგავსი საქმიანი გარიგებები პრაქტიკულად, არანაირი რისკის შემცველი არ არის. მოაქვს მცირე, მაგრამ სამაგიეროდ, საიმედო და მუდმივი შემოსავალი. თავდაპირველად, ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ ლისონს ასეთი კონსერვატიული და მოსაწყენი სტრატეგიით საქმიანობა სულ მალე მობეზრდა. რომანტიკისა და მძაფრი შეგრძნებების ძიებისას, მან გადაწყვიტა რისკიან გზას დადგომოდა. ჯორჯ სოროსისა და ვიქტორ ნიდერჰოფერის საქმიანობა მიმზიდველად მიიჩნია და მათი მიბაძვით ბანკ Barings-ის მრავალმილიონიანი კაპიტალის გამოყენება დაიწყო. ბანკის შიდა სამსახურის თანამშრომლის რანგში, იგი სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვის სისტემასა და კლიენტთა ანგარიშების წარმოების წესებში კარგად გაერკვა. სწორედ ამიტომ, იგი დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა უზარმაზარი და სწრაფად ზრდადი ზარალის დამალვას, რომელიც ამავე ბანკის ფულით არასანქცირებული ვაჭრობის შედეგად დააგროვა. ამის გარდა, გაყალბებულ მნიშვნელოვან მოგებას ოფიციალურადაც აფიქსირებდა. ლისონი საკუთარ არასანქცირებულ ვაჭრობას, ასევე დანაკარგებსა და ზარალს საიდუმლო ანგარიში 88888-ის მეშვეობით ახორციელებდა. ეს ანგარიში ბანკ Barings-ის ლონდონის ხელმძღვანელთა მიერ, არასოდეს მოწმდებოდა, რადგანაც მისივე თქმით, იგი თითქოსდა, ამ ბანკის ერთ-ერთ მსხვილ კლიენტს ეკუთვნოდა. ამასთან ერთად, იგი ფიქციურ მოგებებს 92 ათასი დოლარის მოცულობით, Barings-ის ოფიციალურ ანგარიშზე აქვეყნებდა. ყოველივე ეს ქმნიდა ცრუ წარმოდგენებს იმის თაობაზე, რომ ლისონის საქმიანობა წარმატებული იყო. ლისონის თქმით, ეს ანგარიში მან პირველად მაშინ აამოქმედა, როცა მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ კონტრაქტები გაყიდვის მაგიერ დამატებით შეიძინა, რითაც ბანკი 20.000 ფუნტით აზარალა. 1994 წლის დეკემბრისთვის, ლისონის მიერ დაგროვებული ვალები 200 მილიონ ფუნტს მიუახლოვდა, ხოლო ბრიტანეთის საგადასახადო ორგანოსთვის გაგზავნილ დეკლარაციაში მან 102 მილიონი ფუნტი შემოსავლის სახით აღნიშნა. იმ მომენტისთვის (რეალური ფინანსური მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში), ბანკის გაკოტრებისგან ხსნის შესაძლებლობა კიდევ იყო, რადგან 350 მილიონი ფუნტი კაპიტალის სახით კიდევ არსებობდა. 

ბერინგების ბანკის სინგაპურის განყოფილების საორგანიზაციო სტრუქტურაში, ნიკ ლისონს ერთდროულად ორი მმართველი ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ერთი მხრივ, იგი იყო Barings Futures-ის სინგაპურის ფილიალის გენერალური მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბირჟა Simex-ზე ბანკის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე, მეორე მხრივ, იმ ოფისის (ბექ-ოფისი) ხელმძღვანელიც, რომელიც სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვისა და დამოუკიდებელი კონტროლის მიმართულებით საქმიანობს. გამოდის, რომ იგი საკუთარ ბიზნეს-საქმიანობას თვითონ აკონტროლებდა. ამ შემთხვევამაც დაადასტურა, რომ ერთი ადამიანის მიერ ამ ორი თანამდებობის შეთავსება სახიფათო და დაუშვებელია. ფაქტობრივად, ლისონს შეეძლო კომპანიის სახელით ლონდონიდან რაიმე ზედამხედველობის გარეშე ემოქმედა. 

ანალიტიკოსებმა ამ ბანკის კრახის შემდეგ აღნიშნეს, რომ საბანკო საშინაო აუდიტისა და რისკ-მენეჯმენტის მექანიზმები სასწრაფოდ შესაცვლელი იყო. ბანკის ხელმძღვანელობას დარჩა შთაბეჭდილება რომ ლისონი ფინანსური ვუნდერკინდი იყო. 1994 წელს მას ხელფასისა და პრემიის სახით ანაზღაურება 1 მილიონი დოლარის ფარგლებში განუსაზღვრეს. ლისონმა სხვების მოტყუება წარმატებით შეძლო, მაგრამ საკუთარ თავს ნამდვილად ვერ მოატყუებდა: უზარმაზარი და მუდმივად ზრდადი დანაკარგები მის ფსიქიკაზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა. შემდგომში აღიარა კიდეც: `ვგრძნობდი, რომ ჩემ ირგვლივ კედლები ვიწროვდებოდა. ყველაფერზე კონტროლს ვკარგავდი. წინ ახლობელი ადამიანების წინაშე დაცემის შიში მიბიძგებდა. არ მსურდა ვინმესთვის რაიმე მეთქვა, ამიტომაც ეს შიში მთრგუნავდა~. 

ლისონს ისიც კარგად ესმოდა, რომ მისი თაღლითობა ადრე თუ გვიან გამოვლინდებოდა. ამიტომც, 1994 წლის ბოლოს თავგანწირული მცდელობა ჰქონდა ზარალი დაებრუნებინა და არსებულ სიტუაციაზე კონტროლი დაემყარებინა. ლისონმა 71 ათასი ოფციონი იაპონურ ინდექსზე Nikkei 225 გაყიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. სამაგიეროდ, საოფციო სტრატეგიის განხორციელება სახელწოდებით `მოკლე სტრედლი~ დაიწყო. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოგება წარმოიქმნება, თუკი აქტივის ღირებულება ოფციონების მოქმედების ვადების განმავლობაში გარკვეული ფასების დიაპაზონში დარჩება. სხვა სიტყვებით რომ განიმარტოს, ლისონს შეეძლო მნიშვნელოვანი მოგების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, სანამ ინდექსი Nikkei 19.000-ისა და 20.000-ის დიაპაზონში დარჩებოდა. 1995 წლის შუაგულისთვის, ინდექსი Nikkei 225 19.350-ის დონეზე იყო.
 
უბედურებას თითქოსდა არაფერი მოასწავებდა, მაგრამ იმავე წლის 17 იანვარს, იაპონიის ქალაქ კობეში უძლიერესი მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც ბაზრის ვარდნა და ლისონის `მოკლე სტრედლის~ მეშვეობით მოგების მიღების იმედები დაასამარა. რამდენიმე დღის განმავლობაში, ინდექსმა Nikkei 18.000-ის დონემდე `დაიჩოქა~. ზარალი უკვე კატასტროფული მასშტაბით დაფიქსირდა, თანაც ბაზრის უფრო მეტად ვარდნა ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო. ლისონმა ნათლად გააცნობიერა, რომ კიდევ უფრო აქტიური მოქმედების დრო დადგა. `ვერ დაველოდები, სანამ ბაზარი ჩემი მიმართულებით დაიძვრება. მისი მიმართულება თვითონ უნდა შევცვალო. სულერთია ეს რა ეღირება, – უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს...~, – დაასკვნა მან სავაჭრო ტერმინალზე დაკვირვებისას. ლისონმა ინდექს Nikkei 225-ზე ფიუჩერსული კონტრაქტების აგრესიული შესყიდვა დაიწყო. სავაჭრო პოზიციების მთლიანმა ღირებულებამ 29 მილიარდ დოლარს მიაღწია. იმ მომენტისთვის, ღია ინტერესმა მოცემულ ფიუჩერსებზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ლისონმა ინდექსი Nikkei-ს მაჩვენებლის `მომატება~ 19.000-ის ნიშნულამდე თითქმის შეძლო, მაგრამ რაღაც მომენტში, მოხდა ის, რაც ადრე, თუ გვიან უნდა მომხდარიყო: ბანკ Barings-ში ფული აღარ იყო, ამიტომაც ლისონს ოფციონების ყიდვა უკვე აღარ შეეძლო. ინდექსი Nikkei სიზიფეს ქვასავით კვლავ ქვევით `დაგორდა~ და მორიგ მინიმუმს – 17.600 ნიშნულს მიაღწია. ზოგიერთი ინფორმაციის მიხედვით, იმ დღეებში Nikkei-ს ვარდნას უმეტესწილად ხელი ჯორჯ სოროსის უზარმაზარმა კაპიტალმა შეუწყო, რომელიც იმავე მომენტში, იაპონური ინდექსის ვარდნაზე თამაშობდა და ამაზე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი გამოიმუშავა. `საბირჟო ბუხარში~ ლისონმა რამდენიმე მილიარდი დოლარი ტყუილუბრალოდ `დაწვა~. პრემიის მიღებამდე ორი დღით ადრე, მან ეს მომქანცველი და უმეტესწილად უაზრო თამაში სამარცხვინოდ წააგო. მას გაქცევის გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. ლისონმა სინგაპური მეუღლესთან, ლიზასთან ერთად, ნაჩქარევად დატოვა, ხოლო იმავე ბანკის მთავარ ოფისში მოკლე შეტყობინება `I’m Sorry~ ფაქსით გაგზავნა.
 
ცრემლებით გაჟღენთილი დაგვიანებული განგაში 

ბანკ Barings-ის ხელმძღვანელობამ ამ ფინანსური კატასტროფის შესახებ, ლისონის სინგაპურიდან გაქცევის მეორე დღეს, 1995 წლის 24 თებერვალს შეიტყო. მისი რეალური სავაჭრო საქმიანობის გაცნობიერებამ მათი გაოგნება, ხოლო ზარალის მასშტაბებმა ნამდვილი ჯოჯოხეთის სურათი დახატა: 1,4 მილიარდი დოლარის მოცულობით დაფიქსირებული ზარალი ორჯერ და მეტჯერ აჭარბებდა თვით ამ ბანკის საკუთარ კაპიტალს, რომელიც 615 მილიონ დოლარს შეადგენდა. მისი მმართველი, პიტერ ბერინგი თავგანწირული ცდილობდა საკუთარი შვილობილის გადარჩენას. იყო მცდელობა ბანკი ბრუნეის სულთანს შეეძინა, მაგრამ მან ბოლო მომენტში ამ საქმიანი გარიგების განხორციელებაზე უარი განაცხადა. ინგლისის ცენტრალური ბანკის მეთაურმა, ედი ჯორჯმა საკუთარი შვებულება შეწყვიტა და ბრიტანეთის სამეფოს ყველაზე თვალსაჩინო ბანკირები საკუთარი უწყების ოფისში სასწრაფოდ შეკრიბა. მათ ამ ბანკის გადარჩენის გეგმაზე უნდა ემსჯელათ. შეკრებილებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ამის გაკეთება სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. იქნებ, კონკურენტის ხსნა შეგნებულად არ ისურვეს!? განსაცდელში ჩავარდნილ ბანკს ფინანსური დახმარება არც სახელმწიფომ გაუწია. იმ მომენტში დაფიქსირდა დროის კატასტროფული უკმარისობა, რომლის განმავლობაშიც ბანკის გადარჩენის გზისთვის უნდა მიეკვლიათ. დროის იმავე მონაკვეთში, Barings-ის მთლიანი ზარალის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგანაც საბირჟო ფასები მუდმივად იცვლებოდა. ერთ მომენტში, ამ ბანკის დანაკარგმა 6 მილიარდ დოლარსაც კი მიაღწია. ბანკის მმართველმა, პიტერ ბერინგმა სხვა გამოსავალს რომ ვერ მიაგნო, დირექტორთა საბჭოს წევრები შეკრიბა და მწუხარე ხმით ბანკ Barings-ის გაკოტრების ამბავი შეატყობინა. დამსწრეთაგან ცრემლების შეკავება ვერავინ შეძლო... 

ამ საფინანსო ინსტიტუტის გაკოტრების ამბის გახმაურების შემდეგ, პრესაში დიდი ხმაური ატყდა. ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მთლიანი საბანკო სისტემა დიდი დარტყმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, კენეტ კლარკი იძულებული შეიქმნა საზოგადოების წინაშე ოფიციალური განცხადებით გამოსულიყო და დაერწმუნებინა ყველა, რომ ბრიტანეთის საბანკო სისტემას კოლაფსი არ ემუქრებოდა: `Barings-ის კრახი არის საბირჟო მოთამაშეთა თაღლითური საქმიანობის შედეგი~, – განმარტა მან. ამ ბანკის მეანაბრეთა ფული 4 მილიარდი დოლარის მოცულობით, გაკოტრების გამოცხადების დღეს, 27 თებერვალს ერთბაშად `დაიწვა~. დაახლოებით, 2 მილიონი დოლარით იზარალეს ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინცმა ჩარლზმა. 800 ათასი დოლარი დაკარგა ტახტის მემკვიდრის მმართველობის ქვეშ მოქმედმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Prince Trust-მა. ერთბაშად უმუშევარი დარჩა ამავე ბანკის 4.000 თანამშრომელი. ეს ბანკი გაკოტრების შემდეგ, 1995 წელს ჰოლანდიურმა სადაზღვევო ჯგუფმა ING-მა სიმბოლურ ფასად, 1 ფუნტად, მის ვალთან ერთად შეიძინა და შვილობილი კომპანია ING Barings შექმნა. 2001 წელს, კომპანია ING-მა ბერინგების ამერიკული წილი კომპანია ABN Amro-ს 275 მილიონ დოლარად მიჰყიდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი საკუთარ ევროპულ განყოფილებას დაუქვემდებარა.
 
ამ სკანდალის პიკის პერიოდში, თვით ლისონი მალაიზიის სანაპიროზე მდებარე სასტუმროში ისვენებდა, სადაც თავის მეუღლესთან ერთად საკუთარი 28-ე დაბადების დღე აღნიშნა. 

Barings-ის გაკოტრების თაობაზე, მან გაზეთებიდან შეიტყო. რამდენიმე დღის შემდეგ, იგი ფრანკფურტის აეროპორტში დააპატიმრეს და 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ სერიოზული ავადმყოფობის მიზეზით (განუვითარდა სიმსივნე) ციხეში მხოლოდ ოთხი წელი გაატარა. აქ მას საუკეთესო ექიმებმა უმკურნალეს და გამოაჯანმრთელეს. ამ პერიოდში, იგი ცოლმა მიატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე ბანკმა რისკების მართვის მიმართულებით სამუშაოს დაწყება შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადა. საბანკო საქმიანობის გაგრძელებას ფსიქოლოგიის შესწავლა ამჯობინა. 1995 წლის ბოლოს, ჰონკონგში ლუდი სახელწოდებით Leeson Lager გამოუშვეს. მის ეტიკეტზე გამოსახულია ნიკ ლისონი ფრანკფურტის აეროპორტში დაპატიმრების მომენტში. წარწერა US$ 1.4bn Proof ყველას შეახსენებს მის მიერ ბანკისათვის მიყენებული ზარალის თაობაზე, ხოლო 88888 Reserve – იმ ბალანსმიღმა დარჩენილ საბანკო ანგარიშზე, რომელზეც თავის კოლოსალურ დანაკარგებს ფარავდა. 

ბოლო ინფორმაციით, იგი ირლანდიაში ცხოვრობს და საფეხბურთო კლუბის `გოლუეი იუნაიტედის~ კომერციული დირექტორია. ნიკ ლისონი ორი ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორია, რომელთაგან ერთის სახელწოდებაა `როგორ გავაკოტრე Barings Bank. თაღლითი ტრეიდერის აღიარება~ (2011 წელი), რომელშიც ეკონომიკური ტრილერის ჟანრში ის მოვლენები აღწერა, რამაც უძველესი ბრიტანული ბანკის განადგურება გამოიწვია. მეორე წიგნში Back From the Brink. Coping with Stress (Virging Books, 2005) აღწერა საკუთარი ბრძოლა სიმსივნესთან, ასევე როგორ მიაღწია ფსიქიკურ წონასწორობას ღრმა სტრესის შემდეგ. 1999 წელს, რეჟისორმა ჯეიმს დირდენმა, ედუარდ უიტლის სცენარით, ნიკ ლისონის პირველი წიგნის მიხედვით ფილმი `აფერისტი~ გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი იუენ მაკგრეგორმა შეასრულა. 

ვეფხია სამსონიძე