ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
CAPARO – ბრიტანული სუპერქარი ინდური ფესვებით - #3(48), 2016
ინგლისური კომპანია Caparo Industries 1968 წელს ინდოელმა ემიგრანტმა სარაჯ პოლმა დააარსა. თავდაპირველად კომპანია სპეციალიზებული იყო ფოლადის წარმოებაზე. უკვე 1990-იანი წლებისთვის პოლი ლითონების დამუშავებისა და წარმოების უმსხვილეს ჰოლდინგს ფლობს მსოფლიო ბაზარზე, რომელიც თავისი პროდუქციით მთელი დიდი ბრიტანეთის ქარხნებს ამარაგებს, თავად პოლი კი მილიარდერი და ლორდთა პალატის წევრი ხდება. ბრიტანეთის 50 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიის მუდმივმა წევრმა 2002 წელს მთელი ბიზნესი თავის უმცროს ვაჟს – ანგადს გადააბარა და ამ უკანასკნელმაც კარგად დაიწყო: გაიხსნა Caparo Industries-ის ფილიალები ამერიკასა და მის ისტორიულ სამშობლო ინდოეთში; პირველივე დღეებიდან დაიწყო ფიქრი საკუთარი სუპერქარის წარმოებაზე და იმავე წელს დააარსდა კომპანიის საავტომობილო ქვეგანყოფილება Caparo Vehicle Technologies, რომელშიც "ფორმულა 1"-დან McLaren-ის ყოფილი ინჟინრები და მექანიკოსები მიიწვია. 

ბიზნესის დივერსიფიკაცია ლუქს ავტომობილების გარდა შეეხო დიზაინის სფეროსა და კინოინდუსტრიას. 

CAPARO T1 

პოლის მიერ საავტომობილო განყოფილების დაარსებამდე ცოტა ხნით ადრე ბენ სკოტ-ჰელდესი და გრემ ჰესტედი წამოვიდნენ ცნობილი `საჯინიბო~ McLaren-დან და დაარეგისტრირეს საკუთარი კომპანია Freestream. მეგობართა ჩანაფიქრითა და სურვილით მათ მიერ შემუშავებული ახალი სუპერქარი სარბოლო ტრეკზე ყველაზე სწრაფი უნდა გამხდარიყო. ისე მოხდა, რომ სწორედ მათმა პროექტმა დააინტერესა ანგად პოლი და ფირმა Freestream-მა რაღაც უფრო დიდის და მნიშვნელოვანის გამო დაასრულა თავისი ხანმოკლე არსებობა. 

ავტომობილმა Caparo T1-მა სპორტის სამყაროს ყველა უახლესი მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევა გაიზიარა. სხვათა შორის, მის პრეზენტაციაში მონაწილეობა თვით მონაკოს პრინცმა მიიღო, რომელიც მონტე კარლოში გამართულ გამოფენა Top Marques 2006-ზე მოულოდნელად ახალი Т1-ით გამოცხადდა და ჟურნალისტების წინაში აღტაცება ვერ დამალა მისი მართვადობითა და დინამიკით.
 
Т1-ის კონსტრუქციის საფუძველს ალუმინის მონოკოკი წარმოადგენდა, რომელზეც არამიდის ბოჭკოს გარე პანელები მიამაგრეს. იმისთვის, რომ ბრიტანულ სუპერქარში აღმოვჩნდეთ, საჭიროა ავხადოთ სახურავი, რომელიც ავიაგამანადგურებლის კაბინის ლუქის მსგავსია და დამაგრებულია მძლავრ უსაფრთხოების კარკასზე, რომელმაც მძღოლი ავარიის შემთხვევაში უნდა დაიცვას. ჩასხდომის კომფორტზე, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია – ამით კონსტრუქტორებს თავი არც შეუწუხებიათ. მძღოლის სავარძელი მზადდება მინაპლასტიკის მატრიცისგან მფლობელის გაბარიტების გათვალისწინებით. ერთადერთი მგზავრი კი მის უკან მოთავსდება. ჩასხდომა-გადმოსხდომის პრობლემას ოდნავ აიოლებს საჭე, რომელიც იოლად იხსნება. სალონში ზედმეტი არაფერია: მხოლოდ საჭე, პედალი, ხელსაწყოების ელექტრონული პანელი თხევად-კრისტალური ეკრანით. Caparo-ს საბაზო აღჭურვაში შედის მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა; უსაფრთხოების სარბოლო სისტემა HANS, რომელიც აფიქსირებს სავარძელზე და დაზიანებისგან იცავს მძღოლის თავსა და კისერს; მინის საწმენდები. აქ ვერ ნახავთ გამათბობელსა და საჭის გამაძლიერებელს, რომ არაფერი ვთქვათ კონდიციონერზე და მაგნიტოლაზე, ავტომობილის დამუხრუჭებისას კი მძღოლს მხოლოდ საკუთარი მარჯვენა ფეხის და კარბონ-კერამიკული მუხრუჭების იმედი უნდა ჰქონდეს. ამ გაუგონარი ეკონომიის შედეგია სუპერქარის გასაოცარი წონა – მხოლოდ 500 კილოგრამი. 

მინაპლასტიკის კაპოტის ქვეშ განლაგდა V-სებური 3,5-ლიტრიანი და 8-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავა, რომელიც 575 ცხ/ძალას გამოიმუშავებს. ანუ 1 ტონაზე ათასზე მეტი ბრიტანული `ულაყი~ მოდის, რაც თითქმის ორჯერ მეტია ჰიპერქარ Bugatti Veyron-ის ანალოგიურ მონაცემზე. T1 – ერთადერთი ავტომობილია მსოფლიოში, რომელიც ოფიციალურად დაშვებულია საერთო მოხმარების გზებზე, მაგრამ აჩქარებისას და დამუხრუჭებისას მძღოლი მაინც 3G-მდე (სხეულის წონის სამმაგი გაზრდა) სარბოლო გადატვირთვებს განიცდის. 100 კმ/სთ-ს სუპერქარი 2,5 წამში ავითარებს, კიდევ ამდენი დრო უნდა 160 კმ/სთ-ის განვითარებას. ამ სიჩქარიდან დამუხრუჭებას კი 5 წამი სჭირდება. T1-ის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. მისი აეროდინამიკა უზრუნველყოფს გზის ზედაპირთან ისეთი მიზიდულობის ძალას, რომ თეორიულად, ავტომობილს 180 გრადუსით ამოტრიალებულ გზაზე, ანუ ჭერზე გადაადგილებაც კი შეუძლია. "ფორმულის" ინჟინერთა ეს საოცარი ქმნილება 400 000 გირვანქა სტერლინგი ღირდა. 

2007 – CAPARO T1 POLICE 

უკანასკნელ წლებში სუპერქარებს პოლიციის სამსახურში სულ უფრო ხშირად ვხვდებით. მაგალითად, ინგლისში ჩქაროსნულ მაგისტრალ М25-ზე წარმატებულად მსახურობს Caparo T1, რომლის ინდექსია RRV. ციმციმებითა და საყვირით აღჭურვილი `სწრაფი რეაგირების ავტომობილი~ წარმატებით ებრძვის სწრაფი სიარულის მოყვარული სუპერქარებისა და მოტოციკლების მფლობელებს. სხვათა შორის, უკანა სავარძლის ნაცვლად ავტომობილში დიდი მაცივარი დამონტაჟდა, რომელიც ყველაფერთან ერთად ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი ორგანოების ადგილზე უსწრაფესი მიტანისთვის გამოიყენება. აი დაკავებულის განყოფილებაში გადასაყვანად კი ავტომობილში ადგილი არ მოიძებნება, ამიტომაც Caparo-ს ეკიპაჟი იძულებულია ჩვეულებრივ საპატრულო ავტომობილს დაელოდოს და ეჭვმიტანილი ტრანსპორტირებისთვის მას გადაულოცოს.

2009 – CAPARO T1 RACE EXTREME 

იმ კლიენტებისთვის, ვინც Caparo T1-ის ტექნიკური მონაცემები არასათანადოდ მიიჩნია, ორი წლის შემდეგ ლონდონის ავტოშოუზე ფორსირებული მოდიფიკაცია Race Extreme წარადგინეს. 3,5-ლიტრიანი, მთლიანად ალუმინისგან დამზადებული 8-ცილინდრიანი ძრავა 620 ცხენის ძალას, მეთანოლით გამართვის შემთხვევაში კი 700 ც/ძ-საც განავითარებდა. 

ახალი ძრავა მხოლოდ 116 კილოგრამს იწონიდა (შედარებისთვის BMW M3-ის `რვიანი~ ძრავა 220 კგ-ია), 4 მეტრზე გრძელი მანქანის საერთო წონა კი 550 კგ-ს არ აღემატებოდა! წონა-სიმძლავრის შეფარდებით Т1 სუპერბაიქებსა და F1-ის ბოლიდებს არ ჩამოუვარდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამასთან ერთად ავტომობილი აკმაყოფილებდა მკაცრ ევროპულ ეკოლოგიურ ნორმებს, ხმაურის მხრივ სერტიფიკატის მიღებისთვის ფანტასტიკური მოტორი `მოგუდეს~ მაყუჩით. ძრავას არც ძარა ჩამოუვარდებოდა. ახალი ალუმინის მონოკოკი 20%-ით ხისტი გახდა, დაკიდების ზოგი ელემენტი კი ნახშირორჟანგის ბოჭკოებით არმირებული პლასტიკისგან დამზადდა. მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ია. გაუმჯობესდა აჩქარების და დამუხრუჭების დინამიკა, მაგრამ ამ დროს, ფიზიკურად მოუმზადებელმა ადამიანმა შესაძლოა 3,5G-ს ტოლ გადატვირთვებს ვერ გაუძლოს და გონება დაკარგოს. სწრაფი სტარტისთვის შეიქმნა სისტემა Traction Launch Control, რომელიც უკანა ბორბლების სიმძლავრეს არეგულირებს და უკეთესი აჩქარებისთვის `ბუქსაობას~ ზღუდავს.
 
წინა მოდიფიკაციის მსგავსად ბოლიდი აღიჭურვა პილოტის კისრის და თავის დაცვის, ასევე ხანძრის ავტომატური ჩაქრობის სისტემებით. ავტომობილის ფასი ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. 

2014 – CAPARO T1 EVOLUTION 

ამით კომპანის ისტორია არ დამთავრებულა. 2014 წელს ფირმის მედია-სამსახურის წარმოდგენელმა გაუმხილა ჰოლანდიელ ჟურნალისტებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა Caparo T1-ის ახალ თაობაზე, რომლის სამუშაო სახელწოდებაა Evolution. გამოქვეყნებულ ესკიზებზე გამოჩნდა ძარის სრულიად ახალი დიზაინი. შემქმნელების თქმით ავტომობილი მიიღებს ახალ მინაპლასტიკის მონოკოკს და 700-ცხ/ძალიან და 8-ცილინდრიან ძრავას. Evolution ასევე აღიჭურვება დამხმარე ელექტრონულ სისტემებით (ABS და ESP). 

მარკის კლიენტებს ჯერ კიდევ მაშინ შეეძლოთ წინასწარი შეკვეთის მიცემა, სანამ სასურველ ავტომობილს დაუმზადებდნენ და რომლის საბაზო ვერსიის ფასიც 1,1 მილიონი ევროდან იწყებოდა. თუმცა, მხოლოდ ლამაზ სურათში ფულის გადახდის მსურველი არც ისე ბევრი გამოჩნდა. საეჭვო პროექტზე მუშაობა არ დამთავრებულა, რადგან 2015 წლის ოქტომბერში კომპანიამ საერთოდ, გაკოტრების პროცედურები წამოიწყო. ავტომობილებისთვის აღარავის სცხელოდა, როდესაც კორპორაციიის ძირითად საქმიანობას საფრთხე დაემუქრა. საქმე ის არის, რომ გაერთიანებული სამეფოს ფოლადის წარმოების ბიზნესში კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, რომელიც თავის მხრივ მეტალურგიულ პროდუქციაზე მსოფლიო ფასების ვარდნამ გამოიწვია. კომპანია Caparo Industries, რომლის წლიური ბრუნვა 1,5 მილიარდ გირვანქას შეადგენდა, გაკოტრების პროცედურების გამო ადმინისტრაციულ მმართველობაში გადავიდა. როგორც ყოველთვის, კრიზისის სათავე ჩინეთიდან მოდიოდა. ანალიტიკოსები და თავად კომპანიაც მიიჩნევდა, რომ მთავარი დამნაშავე – აზიური ქვეყნიდან იაფი იმპორტია, რის გამოც ერთი წლის განმავლობაში ფოლადის ფასი 45%-ით შემცირდა. გარდა ამისა, მიზეზებს შორის სახელდებოდა გირვანქა სტერლინგის `გამყარება~ და ელექტროენერგიის უზარმაზარი ხარჯები. კერძოდ, the Guardian-ის მონაცემებით, ბრიტანელ მწარმოებლებს ელექტროენერგია 82%-ით უფრო ძვირი უჯდებოდათ, ვიდრე დანარჩენ ევროპელებს. 

Caparo Industries-ის ფინანსური მაჩვენებლები ძალზე დაბალი იყო, რის გამოც სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო ჰოლდინგის ყველა განყოფილებაში – ინდოეთში, აშშ-ში, ევროპაში. 450 ადამიანის განთავისუფლების შემდეგ იგივე საფრთხე ჰოლდინგის კიდევ 2200 თანამშრომელს დაემუქრა. როგორ ჩანს, ამ ფაქტს ყველაზე მეტად თავად პოლი განიცდიდა... 

2015 წლის 8 ნოემბერს, დილით, ანგად პოლი ლონდონში სტუდია BBC Broadcasting House-ის წინ მდებარე შენობის უკანა შესასვლელის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის მტკიცებით, მიცვალებულს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა და ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ, 45 წლის მილიარდელი იმ შენობის მერვე სართულიდან გადმოხტა, სადაც მისმა ოჯახმა 10 ბინა გამოისყიდა.
 
საინტერესო ფაქტები 

კომპანიის შტაბ-ბინა ჰემპშირის საგრაფოს ქალაქ ბეიზინგსთოუქში განლაგდა. ნულიდან აშენებულ პაწაწინა ქარხანაში მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ წელიწადში მაქსიმუმ 20 მანქანა ეწყობოდა. სულ საწარმოში 40-მდე ადამიანი მუშაობდა. 

დამოუკიდებელი პროექტის წამოწყებამდე, კომპანიის ინჟინრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ცნობილი სუპერქარის – McLaren F1-ის შექმნაში მონაწილეობდნენ.
 
ანგად პოლი ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის – გაი რიჩის პროდიუსერი იყო და მასთან ერთად გადაიღო ცნობილი კრიმინალური კომედიები: `დიდი კუში~, `ბანქო, ფული და ორი ლულა~. 

ანგად პოლმა ფაქტობრივად დახურვას გადაარჩინა ლონდონის ზოოპარკი და უშუალო მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვების კონკურსში და მასში ლონდონის გამარჯვებაში. 

2007 წლის ოქტომბერში გადაცემა Fifth Gear-ის ტესტების დროს ინგლისელმა მრბოლელმა ჯეისონ პლატომ Caparo T1-ის აალებისას სერიოზული დამწვრობა მიიღო. მისი სიტყვებით 250 კმ/სთ სიჩქარეზე ავტომობილი ჯერ თავისით შენელდა, შემდეგ გაჩნდა კვამლი და ცეცხლმოკიდებული ზეთის სუნი, ბოლოს კი სუპერქარი ცეცხლის ბუშტად გადაიქცა. მხოლოდ ინსტინქტების მეშვეობით პლატომ ავტომობილის სწრაფი გაჩერება მოახერხა და ცოცხლად დაწვას გადაურჩა. ავარიის შემდეგ კომპანიაში გამოძიება ჩატარდა და დადგინდა, რომ აალების მიზეზი ზეთის ფილტრი ყოფილა. ყველა გაყიდული ავტომობილის გამოსყიდვა გახდა საჭირო, რამაც კომპანიას არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უზარმაზარი საიმიჯო დარტყმა მიაყენა.
 
ოდნავ მოგვიანებით ერთ-ერთი ჟურნალისტი ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო გუდვუდში ავარიაში მოყვა, 2007 წელს Top Gear-ის მეათე სეზონში კი Caparo T1-ის ტესტირება ჯერემი კლარკსონმა ჩაატარა, რომელმაც საერთო ჯამში ავტომობილი დადებითად დაახასიათა, აღნიშნა მისი დინამიკა და მართვადობა, თუმცა, დაიწუნა სუპერქარის აწყობის ხარისხი. განსაკუთრებული კრიტიკა წინა პანელის აწყობამ დაიმსახურა, რომელიც, მისი თქმით, გზადაგზა იშლებოდა. ტესტის დროს ძრავში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებითაც პრობლემები შეიქმნა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლიდმა იმ დროისთვის წრის საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ გადაცემის ოფიციალურ ცხრილში მაინც ვერ მოხდა. საქმე ის გახლავთ, რომ გადაცემის წესების მიხედვით ავტომობილი უნდა იმყოფებოდეს თავისუფალ გაყიდვაში და ვარგისი იყო საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილებისთვის – კერძოდ `მწოლიარე პოლიციელის~ გადალახვა შეეძლოს. Caparo T1-ისთვის სწორედ ეს ბოლო ამოცანა გამოდგა გადაუჭრელი და ის მხოლოდ არაოფიციალური რეკორდსმენის სტატუსში დატოვეს. 

რით გამოირჩევა? 

მაღალი კლასის უკომპრომისო სუპერქარების მწარმოებელი კომპანიაა. 
ძარის კონსტრუქციაში გამოიყენება `ფორმულა 1~-ის თანამედროვე ტექნოლოგიები. 

Caparo T1-ის ანგარიშზე მსოფლიო ტრასებზე დამყარებული უამრავი რეკორდია, მაგრამ იმავდროულად, ავტომობილი სერტიფიცირებულია საერთო მოხმარების გზებისთვის. 

დიმიტრი ცხვარაძე