ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
უოლ-სტრიტისა და საფონდო ბაზრების ლეგენდა – ბერნარდ ბარუხი - #4(49),2016
ის, ვინც რეალურად მართავს სამყაროს, წესისამებრ, ჩრდილში დარჩენას ამჯობინებს, აფიშირებას არ უკეთებენ თავის სახელებსა და ტრილიონობით  ღირებულების საკუთარ ქონებას. დღევანდელი სტატიის გმირის პიროვნება არა მარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოში ნაკლებად არის ცნობილი. 

ჯერ კიდევ 1770 წელს, ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე ვიგების პარტიიდან, უილიამ პიტი აღნიშნავდა: `ნებისმიერი ტახტის უკან არის რაღაც დიდი, ვიდრე მეფე~... უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ დღემდე ასე გრძელდება: ყველა რევოლუცია და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციები სწორედ პოლიტიკური ავანსცენის კულისებში მდგომი ადამიანების `დამსახურებაა~.
 
ნათქვამის არგუმენტირებისთვის მოგითხრობთ იმ ადამიანის საქმიანობის შესახებ, რომლის თაობაზეც დღეს ნაკლებად წერენ და იციან. გასული საუკუნის 50-60-ან წლებში, ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკებში გასეირნება უყვარდა კარგად ჩაცმულ მაღალ მამაკაცს, რომელიც რესპექტაბელობით ნამდვილად არავის ჩამოუვარდებოდა. ეს მომღიმარი, ხალისიანად მოსაუბრე ადამიანი გახლდათ ბერნარდ მანეს ბარუხი, რომლის ქონების ღირებულება სიცოცხლის ბოლოსკენ ტრილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი იყო. ამის მიუხედავად, უმდიდრესი ადამიანების სიაში მისი სახელი და გვარი არასოდეს ფიგურირებდა. ამ ადამიანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების ნიშანია ის ფაქტიც, რომ 1960 წელს, მისი დაბადებიდან 90 წლის აღსანიშნავად, თეთრი სახლის მოპირდაპირე მხარეს, პარკში მის საპატივცემულოდ მემორიალური სკამი დადგეს. მსოფლიო ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის საიდუმლო, გაუხმაურებელ მმართველთა სიაში იგი გაცილებით
მაღლა იკავებდა ადგილს, ვიდრე როკფელერები, როტშილდები და სხვები, მათი მსგავსნი.
 
ბერნარდ ბარუხი იყო პირველი მათ შორის, ვინც გააცნობიერა, რომ კაპიტალისა და ძალაუფლების ერთობლივი ქმედებით მსოფლიო პროცესების მართვის ბერკეტების ერთპიროვნულად თავმოყრა იყო შესაძლებელი. ”თანამედროვე ენამ ტერმინი ”სპეკულანტი” ”აზარტული მოთამაშის” სინონიმად აქცია. სინამდვილეში ეს სიტყვა წარმოიქმნა ლათინური სპეცულარ-სგან, რაც ”მოძიებას”, ”თვალყურის დევნებას” ნიშნავს. ”სპეკულანტი” – ეს არის ადამიანი, რომელიც თვალს ადევნებს მომავალს და მოქმედებს მანამდე, სანამ ეს მომავალი დადგება”, – ეს სიტყვები საბირჟო
სპეკულაციების თაობაზე ეკუთვნის სწორედ ბერნარდ მანეს ბარუხს, რომელიც არის წიგნიდან ”ჩემი ისტორია”.

ბერნარდი დაიბადა 1870 წელს, გერმანელი ემიგრანტების სიმონ და ბელ ბარუხების ოჯახში, სამხრეთ კაროლინაში, კამდენში. ბერნარდი გახლდათ მეორე ვაჟი იმ ოთხიდან, რომელიც ამ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი ექიმი იყო, გერმანიიდან ამერიკაში 15 წლის ასაკში ჩავიდა. დაამთავრა სამედიცინო კოლეჯი, გახდა ქირურგი, იყო ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სიმონ ბარუხი მონაწილეობდა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გამართულ ომში, ამერიკაში კონფედერატების მხარეს, რომლებსაც გენერალი რობერტ ლი ხელმძღვანელობდა.

დედის მხრიდან ბერნარდის წინაპრები ამერიკაში 1800-ან წლებში დასახლდნენ. ბერნარდი სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე დაიბადა. ამერიკის სამხრეთი გაჩანაგებული იყო. იქ შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის კონფლიქტები გრძელდებოდა. გზებზე ბანდები თარეშობდნენ, ამიტომაც საცხოვრებლად გამოსადეგი ადგილი ნამდვილად არ იყო. ბერნარდი 9 წლის იყო, როცა მამამისი ოჯახით ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

1889 წელს, ბერნარდ ბარუხმა ნიუ-იორკის კოლეჯი დაამთავრა. მან ოფისში საქმიანობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო. მისი კარიერაც მცირე ასაკიდან იწყება, როცა რიგითი თანამშრომლის რანგში საბროკერო ბიუროში კვირაში 3 დოლარს იღებდა. მალე ბროკერი გახდა, შემდეგ А.Housman&Co.-ს პარტნიორი, შვიდი წლის შემდეგ კი ამ საბროკერო ბიუროს მერვედ ნაწილს ფლობდა. მანამდე კი მას საბანკო დაწესებულებებში დავალებების შესასრულებლად აგზავნიდნენ. პარალელურად უოლ-სტრიტის ცხოვრებითაც დაინტერესდა. საბირჟო სამყაროში მისი დებიუტი სრული შემთხვევითობა იყო. საკუთარი თვალით დარწმუნდა ბაზრის უზარმაზარ შესაძლებლობებში და ძალების მოსინჯვა ბირჟაზე გადაწყვიტა.

თავდაპირველად, ისე ჩანდა, რომ უბრალოდ ბედს ენდო. შემოსავლის წყარო თავიდან საკომისიოს მცირე ნაწილი ჰქონდა, რომელსაც კლიენტის ყოველი საქმიანი გარიგებიდან იღებდა. თვითონ ბაზარზე თამაშისგან თავს იკავებდა, მაგრამ ასეთი თავშეკავება დიდხანს არ გაგრძელებულა.

1898 წელს, ახლობლების დახმარებით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ადგილი შეიძინა. ბერნარდის პირველი ცდა ზარალით დასრულდა. მას ოჯახის
წევრებისგან ფინანსური დახმარება კიდევ რამდენჯერმე დაჭირდა. ბოლოს მამამ უთხრა, რომ ოჯახს `შავი დღისთვის~ გადადებული ბოლო 500 დოლარი დარჩა. ბარუხის წარმატებები სწორედ ამ 500 დოლარიდან დაიწყო. თავიდანვე, მისი ბირჟაზე დაწყებული ქმედებები ბევრს უცნაურად მოეჩვენა. ბერნარდის ბაზარზე გასვლა და პირველად მოპოვებული წარმატებები უკიდურესად უარყოფითად აღიქვა ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობამ. მაგალითად, ჯონ მორგანი მას `ბანქოს შულერს~ უწოდებდა. ერთი შეხედვით,
თავისუფალი ბაზრის ეპოქის პირობებში, ეს ბრალდებები უცნაურია, რადგან თვით მორგანმაც საკუთარი ქონება `თეთრი ხელთათმანების~ გარეშე მოიპოვა.

ბარუხის მიერ გამოყენებული მეთოდები უდიდეს მაქინატორებსაც აოგნებდა.
ბიზნეს-საქმიანობის პირველ ეტაპზე, ბარუხი არ იყენებდა იმ დროს პოპულარულ მეთოდს, რომლის მიხედვითაც სუსტი კომპანიების შეძენა-შემოერთება ხორციელდებოდა. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი ამავე კომპანიის გაყიდვა იყო. არ ზრდიდა ხელოვნურად ცალკეული აქციების ფასებს,
რაც მაქინაციებად იყო ყოველთვის მიჩნეული. იგი ასევე შორს იდგა ფუნდამენტური ფაქტორების დაწვრილებით გათვალისწინებისგანაც.

ბირჟაზე მისი ქმედებები უცნაურად მოჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბაზარი აღმასვლის სტადიაში იმყოფებოდა, ბარუხი შემცირებაზე თამაშობდა. მისი აზრით, მინიმუმით შეძენა და მაქსიმუმით გაყიდვა შეუძლებელია. ამიტომაც ხშირად ბაზრის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა: ყიდდა მაშინ, როცა უმრავლესობა შეიძენდა და პირიქით. იგი ყურადღებას არ აქცევდა კომპანიებთან დაკავშირებულ ხმებს და მისი საქმიანობის წვრილმანებს.
ბარუხი ბაზრის საერთო ტენდენციების მიხედვით მოქმედებდა. ამ კუთხით მისი საქმიანობა ლივერმორის სტილს შეიძლება შევადაროთ. ერთ-ერთი მისი ცნობილი აფორიზმი ასე ჟღერს: `როგორც კი კარგი ამბები საბირჟო ბაზარზე მიაღწევს ნიუ-იორკ თაიმსის პირველ გვერდებს, გაყიდეთ!~

ბარუხისთვის უოლ-სტრიტი გახდა ადამიანური ბუნების ერთი გრძელი გაკვეთილი. მთლიანობაში, ფრთხილობდა გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით. `შიდა ინფორმაციაში არის რაღაც ისეთი, რაც ადამიანის გონებრივი ძალების თითქოსდა პარალიზებას ახდენს... მის მიერ იგნორირებული იქნება ყველაზე აშკარა ფაქტებიც~, – თვლიდა ბარუხი. 

ბერნარდის ქონების ზრდასთან დაკავშირებით, იზრდებოდა მისი შესაძლებლობებიც. შეეძლო პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება. იგი გახდა კომპანია Texasgulf Inc.-ის თანადამფუძნებელი, რომელიც მაშინ მზარდ
ნავთობმომპოვებელ მრეწველობაში სერვისული მომსახურებით იყო დაკავებული. ამის მიუხედავად კომპანიის მართვა ბარუხს არ აინტერესებდა – დაფინანსებაზე შორს არც წასულა. დროთა განმავლობაში, Texasgulf Inc. საკმაოდ მომგებიან კომპანიად გადაიქცა, ბარუხმა მხოლოდ მცირე ნაწილი დაიტოვა ამ სიმდიდრიდან, რადგანაც აქციების მრავალრიცხოვანი ემისია განახორციელა და მისი წილი ძალიან შემცირდა.

ბარუხის ავტორიტეტი ბირჟაზე სწრაფად გაიზარდა. უკვე იმ დროისთვის, დიდი ქონების მფლობელადაც მიიჩნევდნენ. მის მიერ განხორციელებული სპეკულაციები ბირჟაზე ისევე სახიფათოდ მიიჩნეოდა, როგორც ჯონ მორგანის
ან ჯოზეფ კენედის ქმედებები. ბარუხი არ ცდილობდა ევაჭრა ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგრამ მრავალი შესაძლებლობა გაუჩნდა, რომ მოგება კაპიტალის წარმატებული დაბანდებით მიეღო.

1903 წელს, ძმასთან, ჰარტვინგთან ერთად ბერნარდმა საკუთარი კომპანია Baruch Brothers გახსნა. ამ დროისთვის იგი უკვე მილიონერი იყო. დაქორწინდა ანა გრიფინზე. იმ დროში ყვაოდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ბაზრის მანიპულირების მიზნით, სხვადასხვა ტრასტები იქმნებოდა. ამის მიუხედავად, ბარუხი ყველა საკუთარ ფინანსურ ოპერაციას მარტო ახორციელებდა, რის გამოც მეტსახელით `უოლ-სტრიტის მარტოხელა მგელი~ მოიხსენიებდნენ ხოლმე.

1907 წელს, 55 ათას დოლარად 17 ათასი აკრი მიწა სამხრეთ კაროლინაში შეიძინა. მამულს Hobcaw Barony ეწოდებოდა. იგი იმედოვნებდა, რომ ბირჟაზე ფასების მორიგი ვარდნის შემთხვევაში იგი საარსებო წყაროს გარეშე აღარ დარჩებოდა. იმავდროულად, კომპანია Baruch Brothers-მა საერთაშორისო სავაჭრო კომპანია Hentz შეიძინა, რომელსაც ოფისები პარიზში, ლონდონში, ბერლინში და სხვა ქალაქებში ჰქონდა. ბარუხი გახდა უოლ-სტრიტის ერთ-ერთი ფინანსური ლიდერი. მასთან კონსულტაციის გარეშე დიდი საქმიანი გარიგება იშვიათად ხორციელდებოდა. ისეთი გავლენა მოიპოვა, რომ პრესა მის ადგილსამყოფელს ადევნებდა თვალს. ერთ-ერთი
გაზეთი იტყობინებოდა: `ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც იძულებული გახადა
ტრეიდერები `დათვის პოზიცია~ დაეკავებინათ (როდესაც ბაზარზე ვარდნაა, ფასები ეცემა) იყო ის, რომ გავრცელდა ხმები ბერნარდ ბარუხის მცირე ხნით შვებულებაში გასვლის თაობაზე~.

1912 წელს მან მონაწილეობა მიიღო ვუდრო უილსონის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში და საამისოდ განკუთვნილ ფონდში 50 ათასი დოლარი შეიტანა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ბარუხის აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. რამდენიმე წლის შემდეგ, უილსონმა იგი ეროვნული თავდაცვის კომისიისა და მოკავშირეთათვის შესყიდვების კომისიების წევრად დანიშნა. ეს იყო ბარუხის პირველი სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც მან ოფიციალურად დაიკავა. სწორედ ბარუხმა, პრეზიდენტის მრჩევლის რანგში,
დაითანხმა უილსონი და ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის იდეა მალევე, 1913 წლიდან განხორციელდა.

ამერიკის მთავრობამ დოლარის კუპიურების დამზადების უფლებამოსილება კომერციულ სტრუქტურას – ფედერალურ სარეზერვო სისტემას მიანიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ, ბარუხმა კომპანია Hеntz-ის მართვის სადავეები ძმებს გადასცა და ბიზნეს-საქმიანობას `პირობითად~  ჩამოშორდა. ერთ-ერთი მათგანი, გერმან ბარუხი, ექიმი და ბანკირი, მოგვიანებით იყო ელჩი პორტუგალიასა და ჰოლანდიაში.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩამოსცილდა ბიზნეს-საქმიანობას, სამხედრო შეკვეთების გადანაწილება მის განკარგულებაში იყო, რაც მის კიდევ უფრო
გამდიდრების შესაძლებლობებს აჩენდა. 1916 წელს, ბერნარდ ბარუხი  სამხედრო მრეწველობის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. როგორც კი ბარუხმა პირველი სახელმწიფო თანამდებობა დაიკავა, გაჩნდა ხმები, რომლის მიხედვითაც იგი საკუთარ მდგომარეობას ინსაიდერული ვაჭრობისას იყენებდა. 1917 წელს, მის წინააღმდეგ გამოძიებაც ჩატარდა, მას ბრალი საიდუმლო დოკუმენტაციის გამჟღავნებაში დასდეს. მის მიერ განხორციელებული საქმიანი გარიგებების გადახედვისას, გამოძიებამ რამდენიმე თვით ადრე განხორციელებული ოპერაციები აღმოაჩინა. მიახლოებითი გამოთვლების მიხედვით, ქარხნების აქციების ყიდვის, ხოლო ერთი თვის შემდეგ გაყიდვის შედეგად, ბარუხმა 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნას საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოყენებას ედავებოდნენ, მისი ჩამოშორება პოლიტიკიდან მაინც ვერ მოხერხდა. საკუთარი პოზიციების დაცვა მან იმ არგუმენტებზე ააგო, რომლის მიხედვითაც `თავისი ქონება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შედეგად დააგროვა. ამ თვალსაზრისით კი წინა ფინანსური ოპერაციები შემდეგ განხორციელებულისგან არაფრით განსხვავდებოდა. 

1918 წელს ბარუხი აშშ-ის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრი გახდა. გამოძიებამ თავის დროზე დაადგინა, რომ ბარუხმა საკუთარი ადგილი ბირჟაზე გაყიდა, მაგრამ სამხედრო შეკვეთების გადანაწილებაში თანამონაწილეობა მას კიდევ მეტი სიმდიდრის დასაგროვებლად უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდა. ინვესტიციებსაც მთლიანად არ ჩამოშორებია. ამჯერად, უფრო მიზნობრივ ხასიათს ატარებდა ეს ოპერაციები. მისი ფავორიტები ის კომპანიები გახდნენ, რომლებიც იარაღს და სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ამუნიციას უშვებდნენ. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, პირველი მსოფლიო ომის  დასრულებისთვის, ბარუხი წილებს იმ ქარხნებში ფლობდა, რომლებიც სამხედრო დანიშნულების შეკვეთებს ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამავე ქარხნებში შესული ფულიც მის ჯიბეში რჩებოდა.

ზოგიერთი, არაოფიციალური მონაცემის მიხედვით, პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის, ბარუხი ფლობდა უმეტესი ქარხნების წილებს, რომლებიც სამხედრო შეკვეთებზე მუშაობდა. არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მისმა ქონებამ 200 მილიონ დოლარს მიაღწია. ომის დასრულების შემდეგ, ბარუხი ვერსალის სამშვიდობო კონფერენციის, მისი უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა. მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩეულმა ვუდრო უილსონმა ბარუხი პირად ეკონომიკურ მრჩევლად დანიშნა. 

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ბარუხს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები არ შენელებია. მას შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტები ხშირად სარგებლობდნენ ბარუხი-მრჩევლის ცოდნითა და გამოცდილებით. იგი იყო პრეზიდენტების - უორენ ჰარდინგისა და კალვინ კულიჯის მრჩეველი. ჰერბერტ კლარკ ჰუვერის (1929-1933) პრეზიდენტობის დროს, ბარუხი იყო მისი ფინანსური მრჩეველი. იყო პრეზიდენტების ფრანკლინ დელანო რუზველტისა და ჰარი ტრუმენის გუნდშიც. ბარუხი მონდომებით ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობების
დამყარებას.

მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ბარუხი ადამიანების ფსიქოლოგიას სწავლობდა. 1932 წელს, ჩარლზ მაკეის წიგნის `ბრბოს ყველაზე გავრცელებული ცდომილებები და უგუნურებანი~ წინასიტყვაობაში ბარუხი წერდა, რომ ამ წიგნის წაკითხვით მან მილიონობით დოლარი დაზოგა: `ცალკე აღებული ადამიანი სრულებით გონიერი და მოაზროვნეა, მაგრამ ბრბოს წევრობის შემდეგ, იგი მაშინვე ყეყეჩად გადაიქცევა. სამყარო იცნობს ისტორიებს ლინჩის წესით გასამართლებისა და ჯვაროსნული ლაშქრობების, ბანკებში დიდი რაოდენობის ადამიანთა მივარდნისა და ანაბრების მოთხოვნების თაობაზე, ხანძრებზე, როცა ადამიანები პანიკის გარეშე რომ ემოქმედათ, მსხვერპლით არ დამთავრდებოდა.

ამ ცოტა ხნის წინ, გაჩნდა ლტოლვა, როცა უნისონში ცეკვის სურვილით ახალგაზრდების ჯგუფები იკრიბებიან, როცა ლემინგებს, მღრღნელთა ჯგუფებს ბაძავენ~. ამ წინასიტყვაობის დაწერის მომენტში, ფინანსური ბაზრის  აბსოლუტური კრახი დაფიქსირდა, რომელსაც საფუძველი სამი წლით ადრე, 1929 წელს ჩაეყარა. შეუჩერებელმა სპეკულაციამ გამოიწვია დოუ-ჯონსის ინდექსის ზრდა 381 პუნქტის ნიშნულამდე, რამაც ადამიანური სიხარბის უფრო მეტად გამოვლენა გამოიწვია. სამი წლის შემდეგ, ვარდნა 41 პუნქტამდე დაფიქსირდა. გადაჭარბებულმა სიხარბემ თავისი უარყოფითი მხარე
გამოავლინა. ბარუხი ამ სამწუხარო სიტუაციას შემდეგნაირად გამოეხმაურა: `ყოველთვის ვთვლიდი, რომ ფასიანი ქაღალდების კურსის ყველაზე თავბრუდამხვევი ვარდნის დროს დაუღლელად გაგვემეორებინა, რომ `ორჯერ ორი ოთხია~, – მრავალ ბოროტებას ავიცილებდით თავიდან. ზუსტად ასევეა დღესაც, როცა უიმედობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, როცა დაინტერესება არის დიდი, აქვს თუ არა ზღვარი ვარდნას, შესაფერისი შელოცვა შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგი: `ორჯერ ორი ჯერ კიდევ ოთხია~.

დიდი დეპრესიის დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბარუხი ვერ დააბნია: ჯერ კიდევ 1928 წელს, მან ყველა აქცია გაყიდა, შეიძინა ობლიგაციები. პოლიტიკაში მის მიერ დაკავებული ადგილი ბარუხს მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევდა. 1929 წლის 24 ოქტომბერს, ცნობილ `შავ სამშაბათს~, უოლ-სტრიტზე, პანიკის მწვერვალზე, ნიუ-იორკის საფონდო
ბირჟის გალერეაში ბარუხი უინსტონ ჩერჩილთან, მაშინ ჯერ კიდევ პერსპექტიულ პოლიტიკოსთან ერთად გამოჩნდა. ამტკიცებენ, რომ ბარუხს ბაზარზე საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება სურდა.

დიდმა დეპრესიამ ამერიკის ეკონომიკა 30 წლის წინანდელ, ასწლეულის დასაწყისში დააბრუნა...

1933 წელს, ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი გახდა. მან `ახალი კურსი~ – ეკონომიკური პოლიტიკა გამოაცხადა, რომელსაც ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან უნდა დაეხსნა. მისი მრჩეველი ბარუხი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი დეპრესიის `ხარჯზე~ არ გამდიდრებულა, ამის გაკეთება სრულებით მარტივად შეეძლო. საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობას ბარუხი დიდი დეპრესიის შემდეგაც სარგებლობდა. მხოლოდ დაახლოებით შეიძლება მიხვდე, რამდენი ფული `გააკეთა~ მან `ოქროს სტანდარტის~ გაუქმების შედეგად, რომელიც 1933 წლის აპრილამდე იყო ძალაში, შემდეგ კი პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა გააუქმა. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ქვეყანა დეპრესიიდან უნდა გამოსულიყო, ხოლო ამ მიზნით მთავრობამ მოსახლეობისგან ოქროს გამოსყიდვა დაიწყო. უარის შემთხვევაში დაწესებული იყო ჯარიმა, ან ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ოქროს გადაცვლა ქაღალდის ფულზე განხორციელდა, რომელიც არაფრით იყო უზრუნველყოფილი.

1933 წლის 22 ოქტომბრისთვის მოსახლეობამ ამერიკაში მის ხელთ არსებული
ოქროს უმეტესი ნაწილი მთავრობას ჩააბარა, რის შემდეგაც რუზველტმა დოლარის დევალვაციის თაობაზე გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთავრობა ამ მომენტიდან ოქროს გაზრდილი ფასის პირობებში შეისყიდიდა. ამ მომენტისთვის ერთ დოლარად შესაძლებელი იყო მხოლოდ 1/35 უნცია ოქროს ყიდვა, მაშინ როცა იმავე ფასად `ოქროს სტანდარტის~ გაუქმებამდე 1/20 უნცია ოქროს ყიდულობდნენ ამერიკაში.
 
პრეზიდენტთან დაახლოების გამო, ბარუხი აუცილებლად გამოიყენებდა შანსს ფული ოქროზეც გამოემუშავებინა. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, 1933 წლის შუაგულისთვის, ბარუხი ასევე ფლობდა ოფციონებს იმ დროს ცნობილი ვერცხლის მარაგების ერთ მესამედზე. რამდენიმე თვის შემდეგ, ოქროს დევალვაციის ირგვლივ ხმაურის ჩაცხრომამდე, რუზველტმა ვერცხლის გამოსყიდვაზე ფასების ორჯერ გაზრდის თაობაზე გამოაცხადა. ოფიციალურ
მიზეზად გამოცხადდა იმ მაღაროელთა დახმარების სურვილი, რომლებიც ვერცხლის საბადოებზე იყვნენ დასაქმებულნი, სინამდვილეში ეს სუბსიდია
ბარუხმა მიიღო.

1934 წელს, ამერიკის მაშინდელ ფინანსთა მინისტრთან, ჰენრი მორგენტაუსთან თანამშრომლობით, მან უპრეცედენტო ოპერაცია განახორციელა, რომლის შედეგი ჩინური ოქროს მარაგის ქაღალდის
ობლიგაციებზე გადაცვლა იყო. კუთხეში მიმწყვდეული ჩინეთის რესპუბლიკის
პრეზიდენტი ჩან კაიში დამარცხებული გახლდათ მოხდა `გაცვლა~, რომლის მიხედვითაც მთავრობაში მოკალათებულმა ამერიკელმა საქმოსნებმა 100 ტონამდე ოქრო ზოდების სახით, უზარმაზარი მოცულობის ვერცხლი, ძვირფასი ნივთები და ანტიკვარიატი მიიღეს, ხოლო ჩან კაიშიმ 250 ნაბეჭდი
ფურცელი ფასიანი ქაღალდების სახით და მშვიდი სიბერის გატარება ტაივანის კუნძულზე.

1940-ანი წლების ბოლოსთვის, ბარუხი უკვე მილიარდელი გახლდათ. პოლიტიკაზე დაყრდნობილი მისი შეუჩერებელი ბიზნესის პიკი მაინც მეორე
მსოფლიო ომის დაწყებას დაემთხვა. ამ პერიოდში, ბარუხი მთავრობის კონსულტანტი იყო სახელმწიფო სამხედრო შეკვეთების გადანაწილებისას.
მილიარდობით დოლარი მის მიერ შეთავაზებულ მიმართულებებზე იხარჯებოდა. 1944 წელს, ბარუხის მიერ ჩატარებული მოხერხებული პოლიტიკური თამაშის შედეგად, ბრეტონ-ვუდსში ამერიკული დოლარი მსოფლიო სარეზერვო ვალუტად აღიარეს, რასაც ომის შედეგად დაზარალებულმა ევროპამ და საბჭოთა კავშირმა ხელი ვერ შეუშალა.

1930-ანი წლების შუაგულში, ევროპაში დაძაბულობის ესკალაციამ მძაფრი კამათი გამოიწვია იმის თაობაზე, როგორი მიმართულება უნდა აერჩია შეერთებულ შტატებს – მხარი დაეჭირა ერთ-ერთი ბლოკისთვის, თუ ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა. ბარუხმა ამომრჩეველთა შეშფოთება და განწყობა კარგად შეიგრძნო. პრეზიდენტი რუზველტი დაპირდა მოსახლეობას:
`სანამ პრეზიდენტად ვრჩები, ამერიკელ დედებს ვაძლევ გარანტიას, რომ მათი შვილები არცერთ შემთხვევაში არ გაიგზავნებიან არანაირ ომში, რომელიც შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ მიმდინარეობს~.

მან კონგრესში `კანონი ნეიტრალიტეტის შესახებ~ შეიტანა, რომელიც დამტკიცდა კიდეც. 1937 წელს, ბარუხმა სენატის სამხედრო საქმეების კომისიის წინაშე წარადგინა წინადადებები მრეწველობის მობილიზაციის თაობაზე ომის შემთხვევაში. მომავალ ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნების მომხრე იყო, მაგრამ ბარუხი იმავდროულად, მონდომებით იცავდა იდეას სამხედრო ძლიერების გამყარებისა და სამხედრო-სტრატეგიული მარაგების
შექმნის თაობაზე. საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმის
შემდეგ, გამოვიდა საბჭოთა კავშირისთვის დახმარების გაწევის იდეით. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ბარუხის როლი ნამდვილად დიდი გახლდათ. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამერიკული ეკონომიკის რეკონვერსიისთვის, რომლის დროსაც სახელმწიფოს ეკონომიკა ომის დასრულების შემდეგ, მშვიდობიანი დროის პროდუქციის წარმოებაზე გადადის. მისმა ძალისხმევამ ამ მიმართულებით, ბარუხს `გაუნაღდა~ ადგილი ნაცისტების სიაში იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სიკვდილი მიუსაჯეს. ანტისემიტები მას მიიჩნევენ მითიური `მსოფლიო სიონისტური მთავრობის~ შექმნის ერთ-ერთ ინიციატორად.

ბარუხი არ იყო სიონისტი, თვლიდა, რომ უპირველესად არის ამერიკელი და შემდეგ ებრაელი. პრეზიდენტ რუზველტის სპეციალური წარმომადგენლის
რანგში, ბარუხი ხშირად ჩადიოდა ბრიტანეთში. მას მრავალწლიანი მეგობრობა
აკავშირებდა უინსტონ ჩერჩილთან, რომელიც ამერიკაში ჩასვლისას ბარუხის
სახლში არაერთხელ გაჩერებულა.
 
უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელთანაც ბარუხი მუშაობდა, ჰარი ტრუმენი იყო. 75 წლის ასაკში, ბარუხი სათავეში ჩაუდგა გაეროს ატომური ენერგიის კომისიას. მთავარ ამოცანად იგი აშშ-ის ატომური მონოპოლიის შენარჩუნებას
თვლიდა. 1946 წელს, ამ კომისიის პირველ სესიაზე, მან საკუთარი პროგრამა წარადგინა.

”მეცნიერებამ აღმოაჩინა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საშიში საიდუმლო. ისტორია გვასწავლის, რომ ის საშინელებები, რომელსაც იარაღი ატარებს, არასოდეს არ აშინებს ადამიანს მისი გამოყენებისგან. ამის მიუხედავად, ჩვენს 
ხელშია ისეთი დამანგრეველი ძალის იარაღი, რომლისგანაც თავდაცვა უბრალოდ არ არსებობს”.

ბარუხმა წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც დაწესდებოდა ტოტალური 
კონტროლი ატომური ენერგიის მიმართულებით არსებულ ყველა გამოკვლევაზე, რომელსაც `ბარუხის გეგმა~ უწოდეს. ამ გეგმამ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია საბჭოთა კავშირის წარმომადგენლის, ანდრეი გრომიკოს მხრიდან, ამიტომაც იგი ასამოქმედებლად არ დამტკიცებულა.

1947 წელს, ბარუხი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ერთ-ერთ  საღამოზე იგი ანდრეი ვიშინსკის (1949-1953 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1953-1954 წლებში სსრ კავშირის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში) შეხვდა და პირდაპირ განუცხადა: `ორივე ყეყეჩები ვართ, თქვენც და ჩვენც გვაქვს ბომბი, მოდი ეს საქმე გავაკონტროლოთ, სანამ ჯერ კიდევ ამის დრო გვაქვს, რადგანაც სანამ ლაყბობით ვართ დაკავებულნი, სხვები ადრე თუ გვიან ამ ბომბს მოიპოვებენ~.

ტერმინი `ცივი ომი~ პირველად მწერალმა ჯორჯ ორუელმა გამოიყენა, მაგრამ მის ავტორად ბარუხს თვლიან. 1947 წლის აპრილში, ამერიკაში, სამხრეთ კაროლინის საკანონმდებლო კრებაზე გამოსვლისას, მან განაცხადა: `მოდით არ
დავუშვათ, რომ არ გვატყუებდნენ, ჩვენ `ცივი ომის~ მდგომარეობაში
ვიმყოფებით~.

ვაშინგტონში, ლაფაიეტის პარკში, ან ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, არცთუ
იშვიათად ხვდებოდნენ მაღალ, მხნე, თუმცა, ჭაღარა ჯენტლმენს. ბარუხს უყვარდა საპასუხისმგებლო შეხვედრების გამართვა არაოფიციალურ ვითარებაში, არამედ პარკში. აქ დადგმული სკამებით იგი ოფისის ჩანაცვლებას
ცდილობდა. ეს მისეული თავისებური `ბრენდიც~ გახდა: `მრჩეველი ლაფაიეტის პარკის სკამზე~.

მთელი ცხოვრების მანძილზე, ბარუხის უსაყვარლესი ადგილი იყო ახალგაზრდობაში შეძენილი მამული Hobcaw Barony-ს სახელწოდებით, რომელიც სამხრეთ კაროლინაში მდებარეობდა. ეს იყო მისთვის თავშესაფარი, აქ უყვარდა ნადირობა. თითქმის ყოველ წელიწადს, მაისში ჩადიოდა. იქ გაატარა 1965 წლის მაისიც, ხოლო იმავე წლის ივნისში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდად შემორჩა ბერნარდ ბარუხის რომანი გრაფინია ინიდ კენმეირთან,
რომელსაც შემდგომში ლედი კილმორი – `მოკალი მეტი~ უწოდეს. ეს მეტსახელი, `შავ იუმორში~ წავარჯიშებისას, ბრუნვაში სომერსეტ მოემმა გაუშვა: ამ ქალბატონის სამი ქმარი გარემოებათა უცნაური დამთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ. ავსტრალიელი ლამაზმანი, ნიჭიერი მხატვარი, სკულპტორი,
მშვენიერი მხედარი, სამიზნეში ზუსტად მსროლელი იყო. მისი ხილვა გულგრილს არავის ტოვებდა. ბარუხი მასზე იმ დროისთვის 25 წლით უფროსი
გახლდათ, რასაც მათი სასიყვარულო კავშირისთვის ხელი არ შეუშლია. მათ შორის რომანი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა...

ბერნარდ მანეს ბარუხი 1965 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალეს ნიუ-იორკის გარეთ მდებარე ერთ-ერთ სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით, რომელიც გაცილებით ადრე გარდაიცვალა. მის საფლავს არ აქვს ღობე, პომპეზური ძეგლის ნაცვლად მხოლოდ მოკრძალებული ფილაა, რომელზეც მისი გვარია ამოტვიფრული. უჩვეულო სულაც არ არის იმ დროის პლანეტის
ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოკრძალება – მრავალმა გამოჩენილმა მოღვაწემ წარმოაჩინა მსგავსი მოკრძალება. გასაოცარი მხოლოდ ის არის, რომ არაფერია ცნობილი ბერნარდ მანეს ბარუხის ტრილიონიანი ქონების მემკვიდრეთა თაობაზე. უჩინარმა, მაგრამ გავლენიანმა ხელმა ყველგან ამოშალა
ინფორმაცია მის შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე. ვერ აღმოაჩენთ ბერნარდ ბარუხის დაკრძალვის კადრებს, რადგანაც იქ მისი მემკვიდრეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ჩრდილში დარჩენა ამჯობინეს.

ტრილიონი დოლარის ღირებულების მფლობელის კოლოსალურ აქტივებს ვინ ფლობს, დღემდე უცნობია. რთულად მოსაპოვებელია ინფორმაცია `სტანდარტ
ჩარტერედ ბანკის~ თაობაზე, რომელიც 1613 წელს დაარსდა. ჰონკონგსა და რამდენიმე სხვა ადგილზე მისი განყოფილებების თაობაზე კიდევ შესაძლებელია შეიტყოთ, მაგრამ თვით ეს ბანკი, რომელიც მსოფლიოში განხორციელებულ
ყველა ანგარიშსწორებას აკონტროლებს, ბანკების არცერთ სიაში არ არის შესული. არადა, იგი წუთში 20 მილიარდი ამერიკული დოლარის სიჩქარით
მსოფლიოში არსებულ ფინანსურ ანგარიშსწორებებს აკონტროლებს.

შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს პირველი თვითმფრინავი ტყუპისცალიდან სწორედ იმ ცათამბჯენს დაეჯახა, სადაც ამ ბანკის შტაბ-ბინა იყო განთავსებული. `სტანდარტ ჩარტერედ ბანკს~ მსოფლიო
მთავრობის ბანკთა ბანკს უწოდებენ, ხოლო დირიჟორები მის მართვაში არიან ბარუხების, ლოებებების, შიფებისა და კუნების ოჯახები, რომლებიც სიტუაციის
უკეთესად გაკონტროლების მიზნით დანათესავდნენ კიდეც...

ბერნარდ ბარუხის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი ეწოდა ნიუ-იორკის კოლეჯს მანჰეტენზე (ბარუხ-კოლეჯი), რომელიც სადღეისოდ, ერთ-ერთი დიდი და ცნობილი უმაღლესი ბიზნეს-სკოლაა. ამავე კოლეჯის ტერიტორიაზე
დაიდგა სკულპტურა, რომელიც ბარუხს სკამზე ჩამომჯდარს ასახავს. ვინც ამ
ქმნილებას პირველად იხილავს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის არა ძეგლი, არამედ მის გვერდით ცოცხალი ადამიანი ზის...

ვეფხია სამსონიძე