ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
WRIGLEY - საღეჭი რეზინით აშენებული იმპერია - #4(49), 2016
ადამიანები ოდითგანვე ცდილობდნენ ბუნებრივი მასალები სუნთქვის 
გამაგრილებელ და კბილების საწმენდ საშუალებად გადაექციათ. ეს მცდელობები 
რამდენიმე საუკუნეს მოიცავს. მოსინჯეს ყველაფრის დაღეჭვა დაწყებული 
კაუჩუკიდან და პარაფინით, თამბაქოთი დამთავრებული. 

თანამედროვე საღეჭი რეზინის განვითარების ისტორია კი ამერიკის პატარა 
ქალაქ ბანგორიდან დაიწყო, რომელიც მენის შტატში მდებარეობს. 1848 წელს, ამერიკელმა ჯონ კიორტისმა საკუთარი დუქნის ვიტრინებზე ხის ფისისგან 
დამზადებული პროდუქტი გამოიტანა. მას ნაჭრებად ჭრიდა, ფუთავდა, ერთ ცენტად ორ ცალს ჰყიდდა. პირველი საღეჭი რეზინების სახელწოდებები იყო "თეთრი მთა", "ნაღები შაქრით" და "ლულუ". ამ ინდუსტრიის განვითარებაში კიორტისს ხელი სამოქალაქო ომმა, ასევე თვით წარმოებაში არსებულმა ნაკლოვანებებმა შეუშალა! მაშინდელი საღეჭი რეზინები არასაკვებ მინარევებსაც შეიცავდა, ამიტომაც ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში მალე შრებოდა.

1869 წელს, Bubble Gum-ის ტალღა ფოტოგრაფმა ნიუ-იორკიდან, თომას ადამსმა გადაიბარა. ორი წლის განმავლობაში, იგი საღეჭი რეზინის სრულყოფას შეეცადა, რომელიც კაუჩუკიდან მზადდებოდა. მისი წარმოებისთვის საჭირო დაზგისთვის პატენტი მიიღო. შემდგომშიც მრავალმა
ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა საღეჭი რეზინის წარმოების პროცესში.
იცვლებოდა ფერი, ფორმა, გემო. ერთ-ერთი ასეთი სიახლე ეკუთვნის ჯონ
კოლგანს, რომელმაც რეზინის მასაში არომატიზატორები და შაქარი პირველად გამოიყენა.
 
უილიამ ფინლი სემპლი ამერიკელი ექიმი-სტომატოლოგი იყო. 1869 წელს, მან საზოგადოებას საღეჭი რეზინის ორიგინალური და მისი აზრით სასარგებლო რეცეპტურა შესთავაზა, რომელიც კბილებს გაამაგრებდა. ამ პროდუქტის
საფუძვლად მან კაუჩუკი აიღო, რომელსაც ცარცი, ხის ნახშირი და არომატიზატორები დაუმატა. მაშინ უკვე ცნობილი ამერიკელის მოსაზრებით, ასეთ შემადგენლობას ხელი უნდა შეეწყო კბილების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

სტომატოლოგის აზრით, ასეთი რეზინის ღეჭვა კაუჩუკის სიმყარის გამო რამდენიმე კვირის მანძილზე იყო შესაძლებელი. გენერალ ანტონიო ლოპეს დე სანტა ანას შეეძლო ეამაყა საკუთარი სიახლის გამო, ის რომ სცოდნოდა, რამდენად პოპულარული იქნებოდა შემდგომ პერიოდებში საღეჭი რეზინა, რომელიც მან მომხმარებელს შესთავაზა. მექსიკის ყოფილი მმართველი ნიუ-იორკში გაიქცა, თან ადგილობრივი ხის ფისი წაიღო, რომელსაც საღეჭი რეზინის დანიშნულებით ძველი აცტეკები იყენებდნენ. გავრცელებული ხმების მიხედვით, არც ისე რთული ტექნოლოგიის ათვისება მან გამომგონებელს, თომას ადამსს შესთავაზა. მანვე ორგანიზება გაუკეთა ამ ნედლეულის მექსიკიდან ამერიკაში შემოზიდვას. უკვე 1871 წელს შეიქმნა და აიწყო პირველი მანქანა, რომელიც საღეჭ რეზინს უშვებდა.

თავიდან, ამ პროდუქტს არ ჰქონდა დანამატები, რომლებიც გემოს შესძენდა. თუმცა, ამერიკელთა შორის პოპულარული სწრაფად გახდა. 1884 წელს დახლებზე პირველი საღეჭი რეზინი გამოჩნდა, რომელიც არომატიზატორს შეიცავდა. საღეჭ რეზინს ძირტკბილას გემოთი 1970 წლამდე უშვებდნენ. ეს ნამდვილი რეკორდია, შემდეგი 10 წელი იგი აღარ უწარმოებიათ.

1891 წლის გაზაფხულზე, 29 წლის უილიამ რიგლი უმცროსი ფილადელფიიდან ჩიკაგოში ჩავიდა. მას თან მხოლოდ 32 დოლარი და საკუთარი ბიზნესის დაწყების უზარმაზარი სურვილი ჰქონდა. ენთუზიაზმისა და ენერგიის გარდა, მისტერ რიგლი ჭეშმარიტად უდიდეს, ვაჭრობის ნიჭს ფლობდა. მამამისი საპნის მწარმოებელი იყო, ამიტომ რიგლი უმცროსი გაყიდვების ხელოვნებას მცირე ასაკიდან დაეუფლა: საპონს – Wrigley’ს Scouring Soap-ს ფილადელფიის ქუჩებში ჰყიდდა. მცირე ასაკიდან იგი მამასთან სრულ სამუშაო კვირას მუშაობდა, თავისი ფურგონით ქალაქიდან ქალაქში დადიოდა, რომ საცალო მყიდველები მოეზიდა.

საკუთარი ბიზნეს-საქმიანობა რიგლი უმცროსმა სწორედ მამის მიერ წარმოებული საპნის მეშვეობით დაიწყო. საკუთარი საქონლის გაყიდვებისთვის დამატებითი სტიმულის შესაძენად, უილიამ რიგლი მყიდველს სხვადასხვა პრემიებს სთავაზობდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ფქვილი იყო. მოგვიანებით, საპონზე მეტი მოთხოვნილება ფქვილზე გაჩნდა, ამიტომ, იგი ფქვილის წარმოება-გაყიდვაზე გადაერთო.

ერთხელ, 1892 წელს, მისტერ რიგლის იდეა გაუჩნდა, რომ ყოველი მყიდველისთვის ერთ ქილა ფქვილთან ერთად, ორი პაკეტი საღეჭი რეზინი ეჩუქებინა. ამ შეთავაზებამ კლიენტებს შორის დიდი წარმატება მოიპოვა. განმეორდა იგივე – საღეჭი რეზინი უფრო მეტად პოპულარული გახდა იმ საქონელთან შედარებით, რომლის გაყიდვისთვისაც ხელი უნდა შეეწყო.

იმ დროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საღეჭ რეზინს ათზე მეტი კომპანია აწარმოებდა და ჰყიდდა. ამის მიუხედავად, თვით საღეჭი რეზინის ინდუსტრია ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული. მისტერ რიგლიმ გადაწყვიტა, რომ სწორედ საღეჭი რეზინი არის ის პროდუქტი უზარმაზარი პოტენციური შესაძლებლობებით, რომელსაც ეძებდა. მან ორი სახეობა Lotta და Vassar გამოუშვა. 1893 წელს იყო საღეჭი რეზინი Juicy Fruit, მოგვიანებით – Wrigley’s Spearmint. იმ დროშიც კი ასეთ ბიზნესში დამკვიდრება (საღეჭი რეზინის გაყიდვა) მარტივი საქმე არ ყოფილა. უკვე არსებული და მომძლავრებული კომპანიები მომხმარებლებს ისეთ პროდუქტს სთავაზობდნენ, რომლებიც უფრო ცნობილი იყო, ვიდრე Wrigley-ს სხვადასხვა სახეობა. 

1899 წელს საღეჭი რეზინის მწარმოებელი ექვსი უდიდესი კომპანია გაერთიანდა. ამ კონცერნს Wrigley-ს განვითარებადი ბიზნესისთვის სერიოზული კონკურენცია უნდა გაეწია. თვით მისტერ რიგლის ამ კონცერნში გაერთიანების წინადადებით მიმართეს, მაგრამ საკუთარი გზით სვლის ძალზე თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. უილიამ რიგლის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კომპანია კრახის საშიშროების წინაშე იყო, მაგრამ მძიმე და მონდომებული შრომის წყალობით ყველა სირთულეს გაართვა თავი და მისი ბიზნესი ნელ-ნელა სწორი მიმართულებით წარიმართა.

პირველ პერიოდში, უილიამ რიგლი გაყიდვების ორგანიზებით თვითონ იყო დაკავებული. მუდმივად მოგზაურობდა, საცალო და საბითუმო მყიდველებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ნაწილში ეძებდა. აგრძელებდა პრემიების მეთოდის გამოყენებას საქონლის გასაყიდად. მოვაჭრეები იყვნენ წახალისებულნი საიმისოდ, რომ საღეჭი რეზინი მარაგში სულ ჰქონოდათ. იგი დარწმუნდა, რომ მყიდველები უფრო ხალისიანად შეიძენენ მის საქონელს, თუკი მიიღებენ `რაღაცას რაღაცისთვის~.

რიგლი თანდათან აფართოებდა საკუთარი საპრემიო შეთავაზებების  `სახეობებს~, რომელშიც ჩართული იყო ყველა წვრილმანი: ნათურიდან დაწყებული და საპარსი საშუალებებით დამთავრებული. ამასთან დაკავშირებით, მან `პრემიათა კატალოგიც~ გამოსცა, რომ მყიდველს საკუთარი არჩევანის გაკეთება ადვილად შეძლებოდა.

რეკლამა,  რომელსაც უდიდესი ძალა აქვს
 
უილიამ რიგლი ექსპერიმენტებს ატარებდა რეკლამის გამოყენების მიმართულებით, რომ საღეჭი რეზინი Wrigley-ს შესაძენად სულ უფრო მეტი ადამიანი მიეზიდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რეკლამის გამოყენება საკუთარი წარმოებული საქონლის ცალკეული სახეობების წარსადგენად დაიწყო. მან კარგად გააცნობიერა, რომ საღეჭი Wrigley-ს მიმზიდველობა უფრო სწრაფად გაიზრდება, თუკი მომხმარებელს უამბობს მის მიერ წარმოებული საქონლის უპირატესობასა და სარგებლიანობაზე. ამისთვის კი გაზეთების, ჟურნალების, ქუჩაში რეკლამის გამოყენება დაიწყო. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მაღაზიის მფლობელები უკვე დიდი მარაგის შეძენაზე იზრუნებდნენ. ამ იდეის გამოყენება მისტერ რიგლიმ მაშინ დაიწყო, როცა გადაწყვიტა, რომ მისი ფირმის მიერ წარმოებული სურნელოვანი საღეჭი რეზინის Wrigley’s Spearmint-ის პოპულარობა გაეზარდა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ეს გახდებოდა ნომერ პირველი პროდუქტი.
 
თავდაპირველად, პროდუქტი ნელი ტემპებით იყიდებოდა, ამიტომაც უილიამ რიგლიმ გადაწყვიტა საღეჭი რეზინის რეკლამა ამერიკის აღმოსავლეთის სამ ქალაქში, ბუფალოში, როჩესტერში და სირაკუზაში ჩაეტარებინა. შედეგები მრავლისმეტყველი აღმოჩნდა. იმავდროულად, მისტერ რიგლიმ წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფა დაიწყო, რაც პროდუქტის შეფუთვას და გაყიდვას გულისხმობდა. სულ მალე, შეერთებულ შტატებში საღეჭი რეზინი ყველასთვის მისაღები პროდუქტი გახდა. თუ ხუმრობით ვიტყვით – ამერიკაში `ყველა იღეჭებოდა~. თვით ფირმა საერთაშორისო კლასის საქმიან საწარმოდ მალე გარდაიქმნა.

მრავალ ქვეყანაში განხორციელებული ექსპორტის მეშვეობით, Wrigley-ს სავაჭრო ნიშანმა მალე საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ თავდაპირველად ფაბრიკები გაიხსნა კანადაში (1910), დიდ ბრიტანეთში (1927) და ახალ ზელანდიაში (1939). 1919 წელს კომპანია ღია ტიპის კომპანიად გადაიქცა, ხოლო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სიაში იგი პირველად 1923 წელს მოიხსენიეს.

საერთაშორისო ბაზრებზე სხვადასხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, გაჩნდა საჭიროება ახალი პროდუქტები განსხვავებული, სხვადასხვა გემოთი შექმნილიყო. კომპანია Wrigley-ს ყველაზე წარმატებული პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ იმ პერიოდში იყო საღეჭი რეზინები ბალიშების ფორმით, რომელიც სავაჭრო ნიშნით `P.K.~ გამოუშვეს. ზრდისა და გაფართოების მიუხედავად, ეს კომპანია საკუთარ ძირითად პრინციპს მყარად იცავდა: `ისეთი პატარა პროდუქტიც კი როგორიც საღეჭი რეზინია, უნაკლო გემოთი უნდა გამოირჩეოდეს~.

დაწვრილებით "საომარი პერიოდის" საღეჭი რეზინის თაობაზე

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, საკუთარი პროდუქციის სახეობათა დასაცავად, ფილიპ რიგლიმ, ამავე კომპანიის დამაარსებლის ვაჟმა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტმა, კომპანიაში უჩვეულო მოძრაობა წამოიწყო. სამხედრო მდგომარეობის გამო, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მომარაგება შეიზღუდა, როცა მოთხოვნა საღეჭ რეზინზე იზრდებოდა. თვით ღეჭვის პროცესი დაძაბულობის მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, იმავდროულად, ჯარისკაცები სიფხიზლეს ინარჩუნებდნენ, მაღლდებოდა მათი საბრძოლო სულისკვეთება. ამიტომაც, კომპანიაში წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი შეიარაღებულ ძალებში იგზავნებოდა. კომპანიას აღარ შეეძლო საკმარისი მოცულობით უმაღლესი ხარისხის საღეჭი რეზინი ეწარმოებინა. იმის მაგიერ, რომ `უმაღლესი ხარისხი~ კომპანიას დაეთმო, რასაც ადამიანები ამ პროდუქტისგან მიეჩვივნენ, კომპანიამ გადაწყვიტა საღეჭი რეზინის სახეობების: Wrigley’s Spearmint, Doublemint, Juice Fruit-ის რეალიზაცია სამოქალაქო მოსახლეობას შორის შეეწყვიტა.

1944 წლამდე ამ სახეობათა პირდაპირი მიწოდება მხოლოდ შეიარაღებული ძალებისთვის ხორციელდებოდა. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამავე კომპანიამ საღეჭი რეზინის ახალი სახეობა – `სამხედრო დრო~ შეიმუშავა. იმავდროულად, კომპანიამ ხალხს პატიოსნად განუცხადა, რომ ეს პროდუქტი მისი უნაკლობისა და მარგებლობის მიუხედავად, არასაკმარისად კარგი იყო, რომ სასაქონლო ნიშანი – Wrigley ეტარებინა. უფრო მოგვიანებით, უმაღლესი ხარისხის კომპონენტების მიწოდება იმდენად შემცირდა, რომ ომამდელი ხარისხის საღეჭი რეზინის გამოშვება თვით შეიარაღებული ძალებისთვისაც კი შეუძლებელი გახდა. ამიტომ, კომპანიამ მთლიანად შეწყვიტა ძირითადი სახეობების წარმოება და მხოლოდ `სამხედრო დროის~ საღეჭი რეზინის გამოშვება დაიწყო.

ამავე პერიოდში, საღეჭი რეზინის ხარისხის შესანარჩუნებლად, უნიკალური სარეკლამო კამპანია განხორციელდა. ნამდვილად ამაღელვებელი იყო სარეკლამო პლაკატები, რომლებზეც საღეჭი რეზინის Wrigley’s Spearmint-ის შესაფუთი ქაღალდი იყო გამოსახული წარწერით `გახსოვდეთ იგი!~

მაშ ასე, 1944 წელს, შეერთებულ შტატებში კომპანიამ `სამხედრო დროის~ საღეჭი რეზინი წარადგინა, რომელიც შაქარს შეიცავდა. მას დროებით უნდა შეეცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოებიდან მოხსნილი სახეობები Wrigley’s Spearmint, Doublemint, Juice Fruit. სწორედ ასეთი სახეობა გახდა შემდგომში ცნობილი Orbit, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, საკუთარი ფუნქციის შესრულების შემდეგ, წარმოებიდან 1946 წელს მოხსნეს.
 
1976 წელს კომპანია Wrigley-მ საღეჭი რეზინი Orbit, ოღონდ უკვე უშაქროდ, მეორედ წარადგინა, ამჯერად გერმანიაში. იქ მოპოვებული წარმატების შემდეგ, იგივე სახეობის დამკვიდრება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნების ბაზრებზე დაიწყო. ოც წელზე მეტია რაც Orbit სხვადასხვა რეგიონში აღიარებულ ლიდერად გადაიქცა. სხვადასხვა ქვეყნებში იგი განსხვავებული ფორმით და გემოთი იყიდება: Peppermint, Sweet mint, White, ასევე ყველგან პოპულარული Orbit Winterfresh.

WRIGLEY-ის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო...

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, თანდათან მოწესრიგდა საღეჭის რეზინის წარმოებისთვის აუცილებელი უმაღლესი ხარისხის კომპონენტებით მომარაგება. უკვე 1946 წელს ბაზარზე კვლავ გაჩნდა Wrigley’s Spearmint. ცოტა მოგვიანებით, წარმოებაში გაუშვეს ახალი სახეობა Juice Fruit, ხოლო 1947 წელს – Doublemint გამოჩნდა გაყიდვაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახეობებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი წლის განმავლობაში აღარ ჰყიდდნენ, მათ კვლავ მოიპოვეს, შემდეგ გადააჭარბეს კიდეც ომისწინანდელი პერიოდის პოპულარობას.
 
კომპანიამ საკუთარი ძალისხმევა და მონდომება საკუთარი ბაზრის გასაფართოებლად გამოიყენა. ჩიკაგოში, კანადაში, ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში გახსნილ საწარმოებს ახალი სავაჭრო წარმომადგენლობები აზიასა და ევროპაში დაემატა. Wrigley-ს მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კიდევ რამდენიმე ფაბრიკა აშენდა: მანილაში (ფილიპინები) 1965 წელს, ბისჰაიმში (საფრანგეთი) 1967 წელი, ზალცბურგში (ავსტრია) 1968 წელი, ნაირობიში (კენია) 1971 წელი, ტაიპეში (ტაივანი) 1978 წელი. აშშ-ში ასევე აშენდა ახალი ფაბრიკები: სანტა კრუზში (კალიფორნია) – 1954 წელი და გეინსვილში (ჯორჯია) – 1971 წელი. დღეის
მდგომარეობით, ამ კომპანიის კუთვნილებაში 15 ფაბრიკაა, რომელთა შორის ბოლო რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 1999 წელს აშენდა.

1970-იანი წლების შუაგულიდან, სამომხმარებლო გემოვნების გათვალისწინებით, კომპანია Wrigley-მ ბაზარზე საღეჭი რეზინის ახალი სახეობები წარადგინა: Freedent, Big Red, Hubba-Bubba. 1984 წელს ბაზარზე დამკვიდრება უშაქრო საღეჭმა რეზინმა Extra-მ დაიწყო. ამჟამად, ამ კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია პოპულარული და უეჭველი ლიდერია ამ დარგში.
 
სახელები... და შვილობილი კომპანიები 

კომპანია Wrigley-ს საღეჭი რეზინის ინტენსიური წარმოებით, სამი ფილიალი აქვს. პირველი Northwest Chemicals – 1918 წელს შეიძინა. ეს ფილიალი თავდაპირველად ვისკონსინის შტატში იყო განთავსებული, ხოლო 1950 წელს, დასავლეთ ჩიკაგოში (ილინოისის შტატი) ახალი ქარხანა აშენდა. ეს საწარმოები კომპანია Wrigley-ს მიერ წარმოებული პროდუქციისთვის, ასევე სხვა კომპანიებისთვის არომატულ კომპონენტებს აწარმოებს.
 
L.A. Dreyfus – ეს ფილიალი კომპანიამ 1938 წელს შეიძინა. ფილიალი Amurol Products კომპანია Wrigley-მ 1958 წელს შეიძინა. იგი განთავსებულია ნეპერვილში (ილინოისის შტატი). ამ საწარმოს კომპანიები ისეთ სიახლეს აწარმოებენ, როგორიც არის Big League და Hang Time. ფილიალს Reed Candy Company ფლობს.

კომპანია Wrigley-ს დამაარსებელი უილიამ რიგლი 1932 წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ბიზნესი ფილიპ ნაით რიგლიმ გააგრძელა, რომელიც
ამ კომპანიის პრეზიდენტად 1925 წელს დანიშნეს. 1961 წელს ფილიპ რიგლი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო მისი შვილი, უილიამი პრეზიდენტად დაინიშნენ. ფილიპ რიგლი 1977 წლის აპრილში, გარდაიცვალა. იგი კომპანიას 45 წლის განმავლობაში მართავდა.

უილიამ რიგლი-3, უილიამის შვილიშვილი და ფილიპ რიგლის ვაჟი, კომპანიის პრეზიდენტი 38 წლის განმავლობაში იყო. იგი 1999 წლის მარტში გარდაიცვალა. უილიამ რიგლი უმცროსი-4 (დაიბადა 1963 წელს), კომპანიის დამაარსებლის შვილთაშვილი, მრავალი წელი დაწყებულ საქმეს ამავე კომპანიის პრეზიდენტისა და chief executive officer-ის რანგში 2006 წლამდე აგრძელებდა.
 
კუნძული კატალინა და სხვა პროექტები

უილიამ რიგლიმ უდიდესი როლი ითამაშა კუნძულ სანტა-კატალინას განვითარების ისტორიაში, რომელიც წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროებთან მდებარეობს. 1919 წელს მან კომპანია Santa Catalina Island Company-ს აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. აქტივებს შორის ეს კუნძულიც შედიოდა. ამ აქციების შეძენამდე, მეუღლესთან და ვაჟთან ერთად, კუნძული მოინახულა და მაშინვე შეუყვარდა. უილიამ რიგლიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა საიმისოდ, რომ ეს კუნძული ცხოვრებისთვის და დასვენებისთვის კომფორტულ ადგილად გადაექცია. 1929 წელს აქ კაზინო აშენდა. ასევე პორტი გემების მისაღებად, რომლებიც კალიფორნიის სხვადასხვა ქალაქიდან მოემართებოდნენ. აქვე გამწვანდა კუნძულის ლანდშაფტი. აშენდა ინფრასტრუქტურის მრავალი ობიექტი. 1927 წელს აამოქმედა ღია საბადოები, სადაც თიხას და კვარცს მოიპოვებდნენ. ამ ნედლეულით მდიდარია სანტაკატალინას წიაღი. კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად და სამშენებლო მასალის დასამზადებლად შეიქმნა. დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო თვით კომპანია Wrigley კუნძულზე საკუთარი პროექტების რეალიზაციისთვის სამშენებლო მასალით უზრუნველყოფილი იყო.

უილიამ რიგლის კიდევ ერთი დამსახურება იყო ისიც, რომ სანტა-კატალინას ბუნების დასაცავად პროექტები განახორციელა. საკუთარი ანდერძის მიხედვით, უილიამ რიგლი კუნძულ სანტა-კატალინაზე ბოტანიკურ ბაღში აშენებულ მავზოლეუმში დაკრძალეს, რომელიც მის სახლთან მდებარეობდა. 1942 წელს, ამ კუნძულზე იაპონური ფლოტის მხრიდან თავდასხმის საშიშროების გამო, კომპანია Wrigley-ს დამაარსებლის ცხედარი კალიფორნიაში გადაასვენეს და დაკრძალეს. ამის მიუხედავად, უილიამ რიგლის პირველად დაკრძალვის ადგილს, სანტა-კატალინას კუნძულზე ძეგლი დღემდე ამშვენებს.

1916 წელს უილიამ რიგლიმ ბეისბოლის გუნდ Chicago Cubs-ში მინორიტარული პაკეტი შეიძინა, ხოლო 1921 წლისთვის უკვე ამავე კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობდა. 1926 წელს, `ჩიკაგო კაბსის~ საშინაო არენას `რიგლი ფილდი~ უწოდეს, რომელიც დღემდე როგორც ეროვნული ლიგის კლუბის არენა არსებობს.

კომპანია WRIGLEY-ს შენობა, როგორც ამერიკის ღირსშესანიშნაობა

Wrigley Jr. Company-ს (უილიამ რიგლი-უმცროსის კომპანია) საერთაშორისო შტაბ-ბინა ნორტ მიჩიგან-ავენიუზე, ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე მდებარეობს. Wrigley-ს აშკარად გამორჩეული თეთრი შენობა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღალი ნაგებობაა. იგი ჩიკაგოს სიმბოლო გახდა, გამოსახულია ადგილობრივ ნაწარმზე თითქმის ყველა საქონელზე თუ წიგნზე და გადაღებულია ჩიკაგოს შესახებ ფილმებში. შესანიშნავად განათებული შენობა ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად იქცა, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქ ჩიკაგოს მაცხოვრებლებზე და სტუმრებზე.
 
Wrigley-ს შენობა მდინარე ჩიკაგოს სანაპიროზეა განთავსებული. აქვს ორი ფრთა, რომელიც სამსართულიანი თაღითა და ორი ხიდით არის გაერთიანებული, რომელთაგან ერთ-ერთი მე-14 სართულის დონეზე მდებარეობს. შენობის სამხრეთი ფრთის საძირკველს საფუძველი 1920 წლის 11 ნოემბერს ჩაეყარა. მისი მშენებლობა 1921 წლის აპრილში დასრულდა. ამავე შენობის ჩრდილოეთი სექტორი 1924 წლის მაისში აშენდა. შენობის საერთო საოფისე ფართობი 442 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მისი პროექტი კომპანია Graham Anderson, Probst&White-ის არქიტექტორების
შედგენილია.

ამ შენობის ჩრდილოეთი ფრთის კოშკურა 32-ე სართულის სიმაღლეზე მდებარეობს. მიჩიგან-ავენიუს დონიდან შენობის უმაღლეს დონემდე დაშორება 121 მეტრს შეადგენს. შენობის ჩრდილოეთი ფრთა 19-სართულიანია. ორსართულიან კოშკურაში ჩაშენებულია საათი ოთხი ციფერბლატით. საათის აღმნიშვნელი ისრის სიგრძე 2,3 მეტრია, ხოლო წუთების ისრის 3,5 მეტრი. საათის მუშაობის დარეგულირება ხდება ელექტრონული ავტომატური მექანიზმით. შენობაში კომპანია Wrigley-ს საერთაშორისო შტაბ-ბინის გარდა განთავსებულია მრავალი სხვა კომპანიის ოფისებიც – საწარმოო ფირმები, გაზეთების, ჟურნალების, სარეკლამო სააგენტოების რესტორნების, საპარიკმახეროს, კოსმეტიკური სალონის, ტურისტული სააგენტოების ოფისები. აქვეა ეროვნული ბანკიც.

Wrigley-ს შენობაში ყოველდღიურად 3000 ადამიანი მოდის სამუშაოზე. ჰაერის განიავების, გათბობის, გაგრილების სისტემები აქ ყოველდღიურად უზრუნველყოფენ სასიამოვნო ატმოსფეროს. შენობის ჩრდილოეთ ფრთაში ცხრა, ხოლო სამხრეთ ფრთაში ექვსი ლიფტია, იქ მომუშავე ადამიანების ოფისებამდე ასაყვანად. განათებას უზრუნველყოფს ნათურების ორი ჯგუფი, რომელთაგან ერთი განთავსებულია მდინარე ჩიკაგოს სამხრეთ სანაპიროზე, ხოლო მეორე ამ შენობის დასავლეთის ფრთაზე. ამავე შენობის სახურავის განათება ცალკეული სისტემის მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც შენობის ჩრდილოეთისა და სამხრეთის სექციებზე მდებარეობს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, შენობის განათება უსაფრთხოების მიზნით შეწყვიტეს. შემდეგი სამთვიანი გათიშვა იყო 1971 წელს, როდესაც განათების ახალი სისტემა დააყენეს. შენობაზე განათება კიდევ ერთხელ – 1973-1974 წლების ენერგეტიკული კრიზისის დროს, ცხრა თვის განმავლობაში გამორთეს. ასე რომ, ამ პერიოდული გათიშვების გარდა, 1924 წლიდან მოყოლებული კომპანია Wrigley-ის განათებული შენობა ჩიკაგოს ღირსშესანიშნაობად რჩებოდა. შენობის ილუმინაციის განახლების გადაწყვეტილება 1974 წლის 17 აგვისტოს მიიღეს, მას შემდეგ რაც კომპანია Commonwealth Edison-მა წარადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ მისი სახურავის განათება ქალაქის ელექტროსისტემის გადატვირთვას არ გამოიწვევდა. ელექტროენერგიის წყარო იყო ქვანახშირისა და ატომური ელექტროსადგურები და არა გაზზე და ნავთობზე მომუშავე თბოელექტროსადგურები. 

ბრენდის წარმატების პრინციპები

– ინოვაციური მიდგომები რეკლამის მიმართ.

უილიამ რიგლიმ პირველმა გამოიყენა მრავალი სარეკლამო სტრატეგია და ბრწყინვალე მარკეტინგული გადაწყვეტილებები, რის გამოც მომხმარებელთა უმრავლესობამ მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეიყვარა.
 
– მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინება.

რიგლი შეისწავლიდა და ცდილობდა დაეკმაყოფილებინა საკუთარი მომხმარებლის მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, მისი მცირე საწარმო უზარმაზარ იმპერიად გადაიქცა, რომელსაც ყოველწლიურად მრავალმილიონიანი ამონაგები ჰქონდა.

– გონივრული და გაბედული სარეკლამო გადაწყვეტილებები.

მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, `სამოქალაქო~ ბაზრიდან წასვლამ მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, ხაზი გაუსვა მისი პროდუქციის უნიკალურობას და შეუცვლელობას მომხმარებლისთვის.
 
– Wrigley არის 14 ფირმის მფლობელი, რომლებიც განთავსებულია მსოფლიოს მასშტაბით: ევროპაში, წყნარი ოკეანისა და აზიის რეგიონში, აშშ-ში.

ამ კომპანიის საბიუჯეტო სახსრების უმეტესი ნაწილი სარეკლამო კომპანიებზე და ტელევიზიებში მოწყობილ აქციებზე იხარჯება. ამ დროისთვის, კომპანია Wrigley საკუთარ პროდუქციას 180-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 140 საწარმოო ფაბრიკას ფლობს.

დღეის მდგომარეობით, ამერიკაში საღეჭი რეზინის ასზე მეტი სახეობა იყიდება. თანამედროვე საღეჭი რეზინი უპირატესად სინთეტიკური პოლიმერისგან  შედგება, ემატება სხვადასხვა კომპონენტები.

ამერიკელები ყოველწლიურად, საღეჭი რეზინის შესაძენად 20 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ. უეჭველია ის, რომ საღეჭი რეზინი გზის საფარისთვის ზიანის მომტანია. ტყუილუბრალოდ არ არის გამოყოფილი ცალკე ტერმინი გუმფიტტი, რომელიც საღეჭი რეზინით ტროტუარებისა და კედლების დაბინძურებას ნიშნავს. მაგალითად, ნიუ-იორკის ცენტრალურ ვაგზალზე, ყოველწლიურად რამდენიმე კილოგრამ გამოყენებულ საღეჭ რეზინს აგროვებენ.

საღეჭი რეზინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად პროდუქტად ითვლება. კალიფორნიაში კედელიც კი გამოყვეს საღეჭი რეზინის მისაწებებლად. ამჟამად, ეს კედელიც ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად არის მიჩნეული.

კომპანია Wrigley 2008 წლიდან კორპორაცია Mars-ის კუთვნილება გახდა, თუმცა, ჩვეული საქმიანობა გააგრძელა. 2007 წლის მდგომარეობით კომპანიის შემოსავალი 5,389 მილიარდი დოლარი იყო, სუფთა მოგება კი 632 მილიონი. მას შემდეგ, რაც კომპანია „მარსის“ მფლობელობაში გადავიდა, მოგება საგრძნობლად გაიზარდა: მაგალითად, 2009 წლის მაჩვენებლით 961,9 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვაც გაიზარდა: 2011 წლის მონაცემებით 8,572 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Wrigley-ს თანამშრომელთა რაოდენობამ მსოფლიოს მასტაბით 16 000-ს გადააჭარბა. კომპანია Wrigley დღეის მდგომარეობით საღეჭი რეზინის ათეულობით ბრენდს ითვლის, რაც აშშ-ის ბაზარზე თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყიდულა და იყიდება. Juicy Fruit (1893), Spearmint (1893), Doublemint (1914), Freedent (1975), Big Red (1975), Extra (1984), Winterfresh (1994), Hubba Bubba, Orbit (განახლებულია 2001-დან), Orbit White, Eclipse (2001), "5" (2007), Excel Mist, Excel White, Extra, Extra Professional, Extra Professional White და კიდევ სხვა დასახელებების მქონე საღეჭი რეზინები...

რაც შეეხება კომპანიის მმართველთა ჩამონათვალს, დაარსებიდან დღემდე არცთუ მრავალი ხელმძღვანელი გამოიცვალა, რადგან თითოეული მათგანი პოსტზე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა ხოლმე.
 
1891-1932: უილიამ რიგლი უმცროსი, კომპანიის დამფუძნებელი;

1932-1961: ფილიპ ნაით რიგლი;

1961-1999: უილიამ რიგლი III;

1999-2006: უილიამ რიგლი IV;

2006-2008: უილიამ პერეცი. იგი პირველი იყო, ვინც რიგლების ოჯახიდან არ მოსულა კომპანიის ხელმძღვანელად;

2008-2011: დუშან „ჰერცოგი“ პეტროვიჩი. მან პერეცი მაშინვე ჩაანაცვლა, როდესაც კორპორაცია Mars-მა კომპანია Wrigley შეიძინა.

2011 წლიდან პეტროვიჩი ჩაანაცვლა და კომპანიას დღემდე მართავს მარტინ რადვანი. სწორედ იგია პასუხისმგებელი სტრატეგიის შემუშავებაზე და კომპანიის ბიზნესსაქმიანობაზე მთელი მსოფლიო მასშტაბით. 

ვეფხია სამსონიძე