ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ერთი მაღაზიიდან დაწყებული ბიზნეს-გიგანტის ისტორია - #1(50), 2017
WAL MART-ის წარმატების საიდუმლო 

Wal Mart უდიდესი საცალო-სავაჭრო ქსელია მსოფლიოში. მის შემადგენლობაში 10 ათასი მაღაზია შედის. აქ საკვები პროდუქტების გარდა, საერთო მოხმარების საქონლი იყიდება. იგი აბსოლუტური ლიდერია საცალო ვაჭრობის მიმართულებით ამერიკაში. ამ ყველაფერს საფუძველი ლეგენდარულმა სემ უოლტონმა ჩაუყარა. ის, რაც მან შექმნა ბიზნესში, ყველას არ შეუძლია. თვითონ მიაჩნდა, რომ მისი წარმატების საიდუმლო უსასრულო ოპტიმიზმია, რომელიც მუდამ თან სდევდა. იგი იყო ყველას (მტრის, მოკეთის, თანამშრომლების, კლიენტების) მიმართ კეთილმოსურნე, ასევე გამუდმებით ისწრაფვოდა სრულყოფისაკენ. ვინც ძია სემს იცნობდა, აღნიშნავდა, რომ `მის სახეზე კეთილი ღიმილის ხილვა მუდამ შეიძლებოდა~. ერთი პატარა მაღაზიიდან დაიწყო და უზარმაზარი მსოფლიო ქსელის შექმნა შეძლო. Wal Mart-ის ბიზნეს-საქმიანობის მასშტაბები, გავლენა მსოფლიოში საცალო ვაჭრობის მიმართულებით, განუსაზღვრელია. კომპანიის ბრუნვამ კიდევ 2016 წელს, 482,130 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 97%-ით მეტია მისი უახლოესი კონკურენტის, კომპანია Exxon Mobil-ის მიერ ნაჩვენებ შედეგთან (246,204 მილიარდი დოლარი) შედარებით. ბოლო 20 წლის განმავლობაში, Wal Mart აღიარებულია როგორც უდიდესი საცალო ჰიპერმარკეტების ქსელი მსოფლიოში. Fortune-500-ის რეიტინგში ამ კომპანიამ 2016 წელს პირველი ადგილი დაიკავა. ამერიკამ საკუთარი გმირი სახეზე მუდმივი ღიმილით დაიმახსოვრა: სწორედ ასე ხვდებოდა იგი თავისი მაღაზიის კლიენტებსა და თანამშრომლებს. Wal Mart-ის იმპერიის დამაარსებელი, უდავოდ, მეოცე საუკუნის დასასრულის `საცალო ვაჭრობის მეფეა~. 

ოკლაჰომას ერთ-ერთ ასეთ პატარა ქალაქში, კინგფიშერში, 1918 წლის 29 მარტს სემ უოლტონი დაიბადა. მალე მისი მშობლები საცხოვრებლად მისურის შტატში გადავიდნენ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სტადიონი, სადაც ის დარბოდა, სკაუტების სახლი, სადაც ორატორის ხელოვნებას ეუფლებოდა, არა ცენტრში, არამედ ქალაქის ბოლოში იყო განთავსებული. სემ უოლტონის მშობლები ფერმერები იყვნენ. მარტივი არ იყო სემის ცხოვრების დასაწყისი, მაგრამ ოჯახი არც თუ ღარიბად ცხოვრობდა. მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრებაში ოჯახს ხელს დიდი დეპრესია უშლიდა. ამიტომ, უოლტონების ოჯახი საცხოვრებელ ადგილს სამუშაოსთან ერთად მუდმივად იცვლიდა. სემ უოლტონმა შრომითი საქმიანობა 7 წლის ასაკში, დილის გაზეთების დამტარებლად დაიწყო. იმდენად აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში, რომ მალე დამხმარეების აყვანა დასჭირდა. რამდენიმე წელიწადში კი, წარმატებული საქმიანობის შედეგად, წლიურად 5 ათას დოლარს გამოიმუშავებდა. მომავალში საკუთარი ბიზნეს-იმპერიის დამაარსებელი სპორტს აქტიურად მისდევდა. კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთი მისი უსაყვარლესი სახეობები გახლდათ. შემდგომში იხსენებდა, რომ სწორედ ფეხბურთმა შეასწავლა ნამდვილი გუნდური თამაშის არსი. 

უოლტონმა გააცნობიერა, როგორ შეიძლება საკუთარი მინუსების კომპენსირება პარტნიორების დახმარებით. ბავშვობის გახსენება ნამდვილად არ უყვარდა, რადგან ერთმანეთის მოძულე მშობლებმა ჩაუმწარეს. მისი დაწვრილებითი ბიოგრაფია 1940 წლიდან იწყება, როცა მისურის შტატში უნივერსიტეტში სწავლა დაამთავრა და ბიზნესის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. საცალო ვაჭრობით სემ უოლტონი სწავლის ბოლო კურსზე დაინტერესდა. საქმიანობის დასაწყებად კომპანია J. C. Penney-ში მივიდა. იქ კი არც ანაზღაურება მოეწონა და არც თანამშრომლებით მოიხიბლა. მალევე სავაჭრო კომპანია Claremore-ში გადავიდა. აქ საქმიანობა მოეწონა იმის მიუხედავად, რომ ხელფასში დიდი სხვაობა არ ყოფილა. სამაგიეროდ, მომავალ მეუღლეს, ჰელენა რობსონს შეხვდა, რომელზეც 1943 წელს, წმინდა ვალენტინის დღეს დაქორწინდა. ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ჰელენას მამა საკმაოდ შეძლებული ადამიანი აღმოჩნდა. დაქორწინების შემდეგ, სემი არმიაში გაიწვიეს, იქ კი გულის არითმია აღმოუჩინეს სამხედრო კომისარიატში ასევე შეიტყვეს, რომ მას ვაჭრობის მიმართულებით გარკვეული გამოცდილება ჰქონდა და ზედმეტი დაფიქრების გარეშე, ავიანაწილში სამეურნეო მიმართულების უმცროს ოფიცრად დანიშნეს. 

სემ უოლტონმა საბოლოოდ სწორედ არმიაში გააცნობიერა, რომ საკუთარი მომავალი ვაჭრობაში უნდა ეძებნა. სამხედრო სამსახურის დროს მომავალ ბიზნესმენს შესაძლებლობა მიეცა საცალო ქსელების მუშაობა, მაღაზიის მართვის საფუძვლები შეესწავლა. ბიზნეს-ლიტერატურას ბიბლიოთეკიდან იღებდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჰელენას მამის მონაწილეობით, ოჯახში `გაფართოებული თათბირი~ ჩატარდა, სადაც საკითხი სიმამრის წინაშე ღიად დასვა: მისი ქალიშვილი ან სავაჭრო აგენტის მათხოვრულ ანაზღაურებას უნდა მისჩვეოდა, ან მოსიყვარულე მამა ახალგაზრდებს ფინანსურად უნდა დახმარებოდა. მამას შვილი ძალიან უყვარდა, ამიტომ სემ უოლტონმა 20 ათასი დოლარი კრედიტის სახით მიიღო. სემმა დემობილიზაციის შემდეგ, ძველი მეგობრის რჩევით ყურადღება მაღაზიათა ქსელ Butler Brothers-ს მიაქცია. ასევე, მაღაზიათა დამწყები ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსი გაიარა. სემმა და ჰელენამ, არკანზასის შტატის ქალაქ ნიუპორტში პატარა მაღაზია მყვირალა სახელით – Ben Franklin (`ბენ ფრანკლინი~) გახსნეს. მაშინ მხოლოდ საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა თუ იცოდნენ, რომ ეს არ იყო ამერიკის პრეზიდენტის სახელი და გვარი, რომლის პორტრეტიც 100-დოლარიან კუპიურაზე ეხატა, არამედ ეს გახლდათ ამ სახელწოდების მქონე კომპანია, რომლის ლიცენზიაც საკუთარი ბიზნეს-საქმიანობისთვის სემ უოლტონმა შეიძინა. ამ პატარა მაღაზიამ ქალაქში პოპულარობა მალე მოიპოვა. უფრო მეტიც, ამავე ქალაქში გაყიდვების მოცულობის მიხედვით, ლიდერიც გახდა და მთავარ კონკურენტს – მისტერ სტერლინგის მაღაზიასაც გადაუსწრო. 

სემმა კლიენტების მოზიდვის ახალი მეთოდები შეიმუშავა. საკუთარ მაღაზიაში ჯერ მოხალული სიმინდის, ხოლო შემდეგ ნაყინის ავტომატები დადგა. 2 წლის შემდეგ, კრედიტად აღებული 20 ათასი დოლარის დაბრუნება შეძლო. ნიუპორტში იმ დროს მხოლოდ 4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. რა იყო `ბენ ფრანკლინის~ წარმატების საიდუმლო? ის მიდგომები, რასაც სემ უოლტონი ავლენდა. იგი პირადად ხვდებოდა ყოველ მყიდველს მაღაზიის ზღურბლთან. თითქოს აქ ადამიანები მაღაზიაში კი არა სასტუმროში მივიდნენ, სადაც ინდივიდუალური მომსახურება უნდა გაეწიათ. სემ უოლტონი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ამ მაღაზიის მეპატრონე ოჯახის მეთაური იყო. კლიენტებს საკუთარი ვაჟის, რობსონის სიცელქის ამბებს უამბობდა. პატარა ქალაქში ადამიანებს ამგვარი მიდგომა ძალიან მოსწონდათ. უოლტონის მაღაზია გახსნიდან 5 წელიწადში, ქალაქში არსებული მაღაზიებიდან ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. მაღაზიის შენობის მეპატრონემ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, რადგანაც გაუჩნდა ილუზია, რომ ამ ტერიტორიას მომგებიანად დამოუკიდებლადაც `აამუშავებდა~. მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ სემ უოლტონის მიერ მოპოვებული წარმატება მაღაზიის ადგილმდებარეობამ განაპირობა, ხოლო დამოუკიდებლად საქმიანობის შემთხვევაში, მო¬გების განაწილება აღარ მოუწევდა. არ არის ცნობილი ამ მაღაზიის შემდგომი ბედი, თუმცა სემ უოლტონისთვის ეს მნიშვნელოვანი აღარ იყო: იგი ოჯახით, იმავე არკანზასის შტატის ქალაქ ბენტოლვილში გადავიდა, სადაც მაღაზია სახელწოდებით Five & Ten Cents (`ხუთი და ათი ცენტი~) გახსნა. აქ მან ბიზნესი 50 000 დოლარით, საკუთარ ძმა – ბადისთან ერთად დაიწყო. სემმა ადრინდელი გამოცდილება გაითვალისწინა: აღარ გააფორმა მოკლევადიანი ხელშეკრულება მაღაზიისთვის საჭირო ფართობის იჯარით აღებისას და 99-წლიანი ვადა მოისურვა. შენობის მეპატრონე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა, მაგრამ სემს ამ საქმეში სიმამრი დაეხმარა. უოლტონმა შენობა საპარიკმახეროსთან ერთად გაიფორმა. მთავარი, რაც სემ უოლტონის მიერ ახალ ადგილზე წამოწყებულ ბიზნესს გამოარჩევდა, თვითმომსახურება გახდა: მანამდე მსგავსი სიახლე მხოლოდ დიდი ქალაქების რამდენიმე მაღაზიაში არსებობდა. მაღაზიის გახსნისას, ბევრი ადამიანი მოვიდა. ისინი ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით ყიდულობდნენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შემდგომში ამ მაღაზიის საქმეები წინ არც ისე სწრაფად წავიდა, როგორც ეს მის მფლობელს სურდა. ერთი წლის შედეგებით, მაღაზიის შემოსავალი 30 ათას დოლარს გაუტოლდა, რაც ნიუპორტში ნაჩვენებ შედეგთან შედარებით (250 ათასი დოლარი) გაცილებით ნაკლები იყო. სემ უოლტონის ერთადერთი სურვილი ჰქონდა საკუთარი მაღაზიათა ქსელი აეშენებინა. მიღებული შედეგების გამო იმედგაცრუებული სულაც არ დარჩენილა. ამ შენობაში ამჟამად მუზეუმი Wal Mart Stores-ია განთავსებული, სადაც ნახევარი საუკუნის წინ გასაყიდად გამოტანილი საქონელია გამოფენილი. მათ შორის ნახავთ დიდ თერმომეტრს, რომელიც მყიდველმა სემ უოლტონს უკან დაუბრუნა, რადგანაც მიიჩნევდა, რომ იგი `დროს არასწორად უჩვენებდა~. არადა, მომხმარებელს ეგონა საათი იყიდა, მაგრამ სინამდვილეში შეიძინა თერმომეტრი... ერთი წლის შემდეგ, ახლომდებარე ქალაქებში, კიდევ რამდენიმე მაღაზია გაიხსნა. მიდგომა ანალოგიური იყო: მაღაზიისთვის გამოყოფილი დიდი ფართობი, გასაყიდად გამოტანილი საქონლის მრავალფეროვანი არჩევანი, მოქნილი ფასები, თვითმომსახურება. თვით სემ უოლტონი ამ პერიოდის ამბებიდან ხშირად ერთს იხსენებს: მან ფაიეტვილში მაღაზიის გახსნისას, ახალგაზრდა წყვილის საუბარი გაიგონა – `ეს მაღაზია რამდენიმე თვეზე მეტს ვერ გაძლებს!~ 

შემდეგი 10 წლის განმავლობაში, სემ უოლტონმა კიდევ ცხრა მაღაზია გახსნა, მათ შორის არკანზასში და მისურის შტატში. მან სავაჭრო საქმის თეორია კარგად შეისწავლა. პრაქტიკაში განახორციელა მაღაზიის მართვის დამოუკიდებლად შექმნილი პრინციპი. 1960-იანი წლების დასაწყისისთვის, უოლტონი უკვე 15 მაღაზიის მფლობელი იყო, რომლებიც ამერიკის რამდენიმე შტატში იყო განთავსებული, საიდანაც შემოსავლის სახით 1,5 მილიონ დოლარს იღებდა. მისი სამფლობელოების მარგალიტი იყო მაღაზია სავაჭრო ცენტრში რასკინ ჰაიტი, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ პირველ და უკვე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში იყო განთავსებული: აქ ყოველდღიურად კლიენტთა ნაკადი არ წყდებოდა. სემ უოლტონმა სწორედ აქ არსებული ბიზნეს-გარემოს წყალობით შეაფასა უფრო ფართო მასშტაბებით ბიზნესის წამოწყების პერსპექტივები. მან საკუთარი სავაჭრო ცენტრის გახსნა გადაწყვიტა. მაღაზია ტორნადოს გამო სერიოზულად დაზარალდა, შემდეგ ხელმეორედ აშენდა, მაგრამ ძველი დიდება ვერ დაიბრუნა. სემ უოლტონის მაღაზიათა ქსელი თანდათან გაფართოვდა, ამიტომ ამ მაღაზიას შემდგომში ნაკლები ყურადღება ექცეოდა. 1962 წლისთვის, მისი სავაჭრო კრედო უკვე ჩამოყალიბდა. ამ დროისათვის, ის უკვე საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო. სემ უოლტონმა მიზნად დაისახა ისეთი მაღაზიების შექმნა, რომლებიც მცირე ოჯახური მაღაზიების სასიამოვნო ატმოსფეროს და მსხვილი სუპერმარკეტების მასშტაბებს ჰარმონიულად შეითავსებდნენ. ახალ იდეათა ძიებაში უოლტონი პრაქტიკულად ყველა მაღაზიაში შედიოდა, რომელიც გზად შეხვდებოდა. შეისწავლიდა ხოლმე დაწვრილებით, როგორ იყო მოწყობილი, თანაც ბლოკნოტში მოინიშნავდა ხოლმე. თეორიას პრაქტიკასთან შესანიშნავად უთავსებდა. შემდგომში ჰელენა უოლტონი იხსენებდა, რომ სემ უოლტონს ორი გატაცება ჰქონდა: მოსწონდა ქალაქის ბოლოში გაფანტული პატარა, Mom & Pop-ის (დედა და მამა) ტიპის მაღაზიები, სადაც დედა არის ბუღალტერი და გამყიდველი, ხოლო მამა – დირექტორი და მტვირთავი. მას ასევე მოსწონდა ქალაქის ცენტრში განთავსებული სუპერმარკეტები. სხვისი მაღაზიების საქმიანობის შესწავლის სურვილი სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა. Wal-Mart-ის საქმიანობის მომავალი სტრატეგია სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა. ერთბაშად დიდი სუპერმარკეტის გახსნა დიდ ქალაქში სირთულეს წარმოადგენდა. მიწის ნაკვეთები, სადაც შენობები უნდა აშენებულიყო, ყოველთვის ძვირი ღირდა. საქმიანობის მასშტაბებით დიდ და მდიდარ კომპანიებთან ერთბაშად კონკურენციის გაწევაც რთული იყო. ასევე საჭირო იყო დაქირავებული თანამშრომლების დიდი რაოდენობაც. ეს სწორედ ის ფაქტორები გახლდათ, რასაც მაშინდელი მცირე მეწარმეები ვერ უმკლავდებოდნენ. სემ უოლტონმა გადაწყვიტა დიდი სუპერმარკეტები მცირე მასშტაბის ქალაქების ბოლოში გაეხსნა. იმდროინდელი ბაზრის დიდი მოთამაშეები მაშინ ამ ქალაქებისკენ არც იხედებოდნენ. შენობების იჯარა გაცილებით იაფი ღირდა. მუშების დაქირავებაც ხელმისაწვდომი იყო დიდი ქალაქების ცენტრთან შედარებით. სემ უოლტონის აღწერილი პერიოდის ყველა მაღაზია Mom & Pop-ის თანრიგს განეკუთვნებოდა. მას დიდი სუპერმარკეტის გახსნაც შეეძლო. ადგილმდებარეობის არჩევა ყველაზე დიდი პრობლემა იყო. თანაც სემ უოლტონის ნაცნობები, ვინც მცირე მაღაზიებს ფლობდა, დიდი ქალაქის ცენტრში ოცნებობდა სუპერმარკეტის გახსნას. სემ უოლტონმა ნაბიჯი საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგა: 1962 წელს, მან სუპერმარკეტი სახელწოდებით Waltons Five & Dime არკანზასის შტატის ქალაქ როჯერსის ბოლოში გახსნა. სულ მალე ადგილობრივ მკვიდრთა ყურადღებაც მიიქცია. ყველამ აღიარა, რომ ეს ნამდვილად მსხვილი სუპერმარკეტია. მან ყურადღება დაბალი ფასებით, მცირე ოჯახური მაღაზიისთვის დამახასიათებელი მეგობრული ატმოსფეროთი მიიპყრო. უოლტონების ოჯახი მსგავს მაღაზიებში ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებდა, რაც მათი კომპანიის მიმართ კეთილ განწყობას კიდევ უფრო აათმაგებდა. შემდგომში ისე გამოდიოდა, რომ Wal-Mart-ის ქსელის კონკრეტულ მაღაზიაში კონკრეტული ოჯახის რამდენიმე თაობა იყო დასაქმებული. აქედან შემორჩა შთაბეჭდილება, რომ Wal-Mart მრავალ სამუშაო ადგილს ქმნიდა. 

ადრეულ წლებში მართლაც ასე იყო, მაგრამ არა ახლა. ამჟამად, `ეფექტი Wal-Mart~ იმაში ვლინდება, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ამ კომპანიის საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 ახალი სამუშაო ადგილი იქმნება. Wal-Mart-ის გამო, არსებობას წყვეტენ მცირე მაღაზიები, ხოლო პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიები ახალ პრობლემას აწყდებიან, რომელიც სპეციალურად Wal- Mart-ისთვის ფასების შემცირებას უკავშირდება. კომპანიის განვითარებისთვის მისი ხელმძღვანელობის ბუნებრივი სურვილი ყოველთვის იყო ხარჯების შემცირება, ამიტომაც მძიმე ნაბიჯის გადადგმაც უხდებოდათ, რაც პერსონალის, მთლიანი განყოფილებების შემცირებას, ჩინეთში საკუთარი წარმოებების გადატანას ნიშნავდა. უოლტონების პირველი მაღაზიების გამოჩენა ძალიან დაბალი ფასებით ახარებდა მომხმარებელს. საკმაოდ სწრაფად, მაღაზიათა ამ ქსელის მთავარი იდეა გახდა `დაბალი ფასები – მუდმივი გაყიდვები~. ადამიანები ამ წამოწყებას მიესალმნენ: ნაკლები ფულის გადახდით აბსოლუტურად იგივე საქონელს ისინი დიდი სიამოვნებით შეიძენდნენ ხოლმე. სწორედ Waltons Five & Dime-დან დაიწყო შემდგომში საყოველთაოდ ცნობილი ქსელის – Wal-Mart Stores-ის ფორმირება, რომელშიც სადღეისოდ აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩინეთში, პუერტო-რიკოში, გერმანიაში სამი ათასზე მეტ სუპერმარკეტი შედის. წლიდან წლამდე, მათი რიცხვი გამუდმებით იზრდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამავე კომპანიამ ახალი მაღაზიების გახსნისთვის წელიწადში 4 მილიარდამდე დოლარი დახარჯა. მთავარი პრინციპი მაინც უცვლელი დარჩა: Wal-Mart მაღაზიებს არა ქალაქის ცენტრში, არამედ ქალაქის განაპირას ხსნის. ეს არის პირველი სიახლე, რომელიც სემ უოლტონმა აღმოაჩინა. მეორე იმაში მდგომარეობს, რომ უოლტონის ყოველი მაღაზია თავისი არსით არის იგივე Mom & Pop, ოღონდ დიდი მასშტაბებით. აქ მყიდველს იზიდავს არა მარტო ფართო ასორტიმენტი, დაბალი ფასები, არამედ მაღაზიის მეგობრული ატმოსფერო. ამჟამად, მრავალი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მაგრამ მაშინ, 1960-იან წლებში, მსგავსი დასკვნის გაკეთება ძალზე რთული იყო, რაც სემ უოლტონმა მოახერხა. იგი შეეცადა პატარა მაღაზიის თბილი ატმოსფერო შეენარჩუნებინა. სემ უოლტონი საკუთარ თანამშრომლებს მაღაზიების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რჩევას ყოველთვის ეკითხებოდა. სპეციალური გორგოლაჭებიანი მოწყობილობით ნაყიდი საქონლის მანქანამდე მიტანის იდეა მტვირთავს მოუვიდა აზრად, ხოლო მანქანების უფასოდ დაყენება ახლომდებარე ტერიტორიაზე ასევე მაღაზიის რიგითმა თანამშრომელმა მოიფიქრა. 

სემ უოლტონი არ ერიდებოდა ჩვეულებრივი პიკაპით გადაადგილებას და იაფი ტანსაცმელის ჩაცმას. საკუთარ თანამშრომლებთან საუბარში ხშირად იმეორებდა, რომ `რაც უფრო მეტი ხდება Wal-Mart-ის მაღაზიების რაოდენობა, მით უმეტეს უნდა ვერიდოთ გიგანტომანიას, შევინარჩუნოთ მცირე მაღაზიების ატმოსფერო~. საინტერესოა, ამ მაღაზიათა ქსელმა სახელწოდება Wal-Mart რატომ მიიღო. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა გვარი სრულად დაეწერათ, მაგრამ დიდი ზომის ასოების დამზადება ძალზე ძვირი ღირდა, ამიტომაც სემ უოლტონმა გადაწყვიტა სახელწოდება Wal-მდე შეემოკლებინა. (Mart, რაც `ბაზარს~ ნიშნავს, მაღაზიის სახელწოდებაში მოგვიანებით გამოჩნდა.) მაღაზიათა ქსელის დაარსებიდან 5 წლის შემდეგ, სემ უოლტონის განკარგულებაში უკვე 25 მაღაზია იყო, ხოლო წლიურმა შემოსავალმა 12 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ ქსელმა განვითარება სწრაფად დაიწყო. კომპანია Wal-Mart ყოველთვის ცდილობდა საკუთარ პარტნიორებთან ნდობა მოეპოვებინა. საბოლოო ჯამში, ბიზნესში დაინტერესებულ მხარეებს ნამდვილად სურდათ გაყიდვების მოცულობის გაზრდა, მაგრამ ამისათვის ფასების შემცირებაზე შეთანხმების მიღება იყო საჭირო. სადღეისო მდგომარეობით, მრავალი კომპანიისთვის Wal-Mart-თან თანამშრომლობა ფასების მუდმივად შემცირების მიმართულებით გაკოტრებითა და კრახით სრულდება, თუმცა, ასეთი გიგანტისთვის მსგავსი ფაქტები ნაკლებად მნიშვნელოვანია. სემ უოლტონს ბრალი იმაშიც დასდეს, რომ მან ამერიკაში დამკვიდრებული წესები, მისი `ცენტრალური ქუჩის~ კონცეფცია მთლიანად დაანგრია. პროვინციული ქალაქები სიკვდილისთვის გაწირა, ხოლო საკუ¬თარი სუპერმარკეტებით `ამერიკული მომხიბვლელობა წაშალა~... 

1970 წელს, Wal-Mart ჯერ არ იყო ერთიანი კომპანია: თავისი არსით, ეს იყო ერთი სახელწოდებით გაერთიანებული რამდენიმე ათეული მაღაზია, რომლებსაც საკუთარი მფლობელები ჰყავდათ. უოლტონი საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით, ბანკებიდან დიდ სესხსაც იღებდა, რომლის საერთო მოცულობამ 1970-იანი წლების დასაწყისისთვის, სახიფათო ნიშნულს – 20 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. სემ უოლტონმა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა სასწრაფოდ დაიწყო: იურისტების რჩევით ცალკეული მაღაზიები კომპანიად გააერთიანა, მიაღწია ვალის რესტრუქტურიზაციას, მზადება დაიწყო კომპანიის აქციების საჯარო განთავსებისთვის, რომელიც 1972 წელს განხორციელდა. სასწრაფოდ მიღებული ზომების შემდეგ, ამ ბრენდის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. Wal-Mart-ის აქციების საჯაროდ განთავსებიდან შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ამერიკაში ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული მაღაზიების რაოდენობა გაიზარდა. 1975 წლისათვის ეს ქსელი უკვე 125 მაღაზიას ფლობდა. ამერიკაში მანამდე დამკვიდრებულმა მაღაზიათა სხვა ქსელებმა იძულებით აღიარეს, რომ ბაზარზე მსხვილი მოთამაშე გამოჩნდა. ქსელის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მაღაზიების განთავსების ადგილის სწორად შერჩევა. თვით სემ უოლტონი არაერთხელ იმეორებდა, რომ ყოველთვის შენობების დამოუკიდებლად დათვალიერებას ამჯობინებდა. მისთვის რაიმე უნივერსალური ფორმულა არ არსებობდა. შენობის არჩევისას, ყურადღება ექცეოდა ქალაქისა და მისი მოსახლეობის თავისებურებებს. აქვე უნდა ითქვას ამ კომპანიის ხელმძღვანელის დამოკიდებულების თაობაზე რეკლამის მიმართ: ბრენდის აქტიურად ამოქმედების პირველ ეტაპზე, ამ მიმართულებით მინიმალური თანხა იხარჯებოდა. ჩვეულებისამებრ, ეს გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება იყო, რომელიც მაღაზიის გახსნას ამცნობდა მოსახლეობას. საქონლის მრავალფეროვნება დაბალ ფასებთან ერთად ზემოქმედებას მეზობელი პატარა ქალაქების მოსახლეობაზეც მაგიურად ახდენდა. სიშორის მიუხედავად, ისინი მზად იყვნენ Wal-Mart-ის მაღაზიებში სავაჭროდ ჩასულიყვნენ. ავტობიოგრაფიულ წიგნში სემ უოლტონი აღნიშნავს, რომ მრავალ წერილს იღებდა მოსახლეობისგან, მუდარით მაღაზია მათ ქალაქშიც გაეხსნა. ამისთვის შენობებსაც კი სთავაზობდნენ. იმ პერიოდში, მეგაპოლისებისთვის ჯერჯერობით ნაკლებად ცნობილი მაღაზიათა ქსელი პროვინციებში ძალზე პოპულარული იყო. 

Wal-Mart ცნობილია საკუთარი თანამშრომლების მიმართ ორიგინალური მიდგომებით. 1971 წელს შემოიღეს სისტემა, რომლის თანახმადაც, ყოველი თანამშრომელი, რომელიც ამ სისტემაში ერთ წელიწადს (არანაკლებ 1000 საათისა) იმუშავებდა, გამოიმუშავებდა საპროცენტო დანამატს ხელფასზე, რომელსაც სამსახურიდან წასვლის შემდეგ მისცემდნენ. 1977 წლისთვის, ამ ქსელის მაღაზიათა რაოდენობა წელიწადში 50-ით იზრდებოდა. ბრენდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი ძალებით ვითარდებოდა. შემდგომში შენაძენებიც გააკეთა: შემოიერთა მაღაზიათა მცირე ქსელი Mohr-Value, რომელიც მისურისა და ილინოისის შტატებში საქმიანობდა. 

კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფურცელი 1983 წელს ჩაიწერა, როცა `სემის კლუბი~ გაიხსნა. ეს მცირე მეწარმეების გამოჩენის საპასუხოდ გაკეთდა. სემ უოლტონმა აქაც სწორად განჭვრიტა. საბითუმო ვაჭრობის ცენტრები გახსნა, რომლითაც სარგებლობა სააბონენტოს (40 დოლარი) გადახდის შემდეგ, ყველა მსურველს შეეძლო. 1980-იანი წლების დასაწყისში, ამავე ბრენდის მთავარი გეზი აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი გახდა. კომპანია ახალი მაღაზიების გასახსნელად, უფრო მცირე ქსელების შემოერთებისთვის ძალისხმევას არ იშურებდა. 1985 წელს Wal-Mart-ის მაღაზიათა ქსელში უკვე 900-მდე მაღაზია შედიოდა, სადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. ამავე კომპანიის ხელმძღვანელობა უკვე რეგიონული მიზნების მიღწევის მაგიერ აშშ-ის მთლიან ტერიტორიაზე ლიდერობის მიღწევას შეეცადა. სემ უოლტონმა კომპანიაში კორპორატიული კულტურის დანერგვა დაიწყო, რომელიც სხვადასხვა განყოფილებებს შორის შეჯიბრებას, სხვადასხვა სახის რიტუალების დაწესებას, ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის თავისუფალ ურთიერთობას გულისხმობს. 1985 წელს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სემ უოლტონმა სანაძლეო წააგო, ამიტომაც ჰავაის კუნძულებზე პოპულარული ერთ-ერთი ცეკვა უოლ-სტრიტზე უნდა შეესრულებინა. დევიდ გლასსმა, ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა (სულ მალე სწორედ იგი გახდა ამ კომპანიის გენერალური დირექტორი) მოისურვა, რომ მისი შეფის ცეკვა ძალიან ბევრ ადამიანს ენახა. დაიქირავა ანსამბლი, მოუხმო პრესას და 67 წლის სემ უოლტონმა ამ კუნძულის მკვიდრთა სამოსში გამოწყობილმა ეს ცეკვა შეასრულა. უმსხვილესი მაღაზიათა ქსელის დამაარსებლის ფოტოებით მეორე დღეს ყველა წამყვანი გამოცემის პირველი გვერდი იყო აჭრელებული... ამავე წელს, სემ უოლტონმა `ფორბსის~ მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრეს ამერიკელთა რეიტინგში მოწინავე ადგილი პირველად დაიკავა. 

1980-იანი წლების ბოლოს, მაღაზიათა ქსელი უკვე ამერიკის 27 შტატში საქმიანობდა, თანდათან საკუთარი გავლენა დიდ ქალაქებზეც გაავრცელა. 1988 წელს Wal-Mart ვაშინგტონში გაიხსნა. ამ მოვლენამ უჩვეულო რეაქცია გამოიწვია მაღაზიათა სხვა ქსელის – K-Mart-ის მხრიდან. ამ უკანასკნელმა დაუნდობელი კონკურენტული ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა, რაც 1990-იანი წლების დასაწყისის ლეიტმოტივი გახდა. იმ დროს Wal-Mart-ის მაღაზიების ქსელში ყოველწლიურად გაყიდვების მოცულობამ 50 მილიარდ დოლარს, ხოლო კრიტიკის ნაკადმა მწვერვალს მიაღწია! სემ უოლტონი იძულებული შეიქმნა მემუარების წერა დაეწყო, სადაც მკითხველებს უამბო, თუ როგორ იქმნებოდა ყველაზე დიდი სავაჭრო საცალო ქსელი მსოფლიოში. საზოგადოებამ მისგან შეიტყო ის, რაც აქამდე დიდ საიდუმლოდ რჩებოდა: ქალაქის ბოლოში ან დასაწყისში საკუთარი მაღაზიების განთავსებით, იგი არც ფიქრობდა ამერიკული, მაშინ დამკვიდრებული წესები დაერღვია. მათ იქ აშენებდა, სადაც მიწა იაფი ღირდა, ხოლო გადასახადები დაბალი იყო. `ადგილობრივ მაცხოვრებლებს სთავაზობდა დაბალ ფასებს და მილიარდობით დოლარს უზოგავდა, თანაც ადგილზე ასობით ახალ სამუშაო ადგილს ქმნიდა~. 

მეორე დიდი საიდუმლო იყო მისი ქველმოქმედება, რომელსაც აფიშირებას არასოდეს უწევდა. თავისი ცხოვრების მანძილზე, უოლტონი პროვინციულ ქალაქებში საკუთარი პიკაპით დადიოდა, ამიტომაც კარგად შეისწავლა მათი პრობლემები. ახალი მაღაზიის მშენებლობის პარალელურად, მისი თანამშრომლები უკვე არსებული საქველმოქმედო ფონდების მისამართებს შეიტყობდნენ ხოლმე. გახსნის შემდეგ, ყოველი მაღაზია აწესებდა სტიპენდიებს ადგილობრივი კოლეჯების სტუდენტებისთვის, პერიოდულად ატარებდა საქველმოქმედო გაყიდვებს. სასწავლო დაწესებულებების გარდა, იგი საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებდა ზოოპარკებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, თეატრებისთვის, ეკლესიებისთვის, სახანძრო დანაყოფებისთვის – ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტრადიციულად იყო განთავსებული. 

სემ უოლტონმა უყურადღებოდ არც პატარა ქალაქების მერები დატოვა: დააწესა პრემია American Hometown Leadership Award. იგი გადაეცემა პროვინციული მუნიციპალიტეტების მეთაურებს, რომლებიც ხანგრძლივვადიან პროექტებს ახორციელებენ. სემ უოლტონმა საკუთარ მემუარებში გვერდი არ აუარა ამ ჟანრისთვის ტრადიციულ, `აყვავების რეცეპტებს~: `მცირე მაღაზიების მფლობელებს სრულებით შეუძლიათ Wal-Mart-ის გვერდით არსებობა, თუკი საკუთარ ადგილს შექმნიან. მაგალითად, სპეციალიზაციად აირჩევენ საღებავების გაყიდვას, რომელიც Wal-Mart-ში შეზღუდული რაოდენობით არის წარმოდგენილი~. 1992 წელს გამოსული სემ უოლტონის ავტობიოგრაფია `Made in America: My Story" (`შექმნილია ამერიკაში: ჩემი ისტორია~) სწრაფად იქცა ბესტსელერად. ისეთი გამოხმაურება გამოიწვია, რომ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების იგნორირება უკვე შეუძლებელი იყო. 1992 წლის მარტში, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა სემ უოლტონი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. უოლტონის გამორჩეული თვისება ის იყო, რომ იგი ყოველთვის ლიდერის პოზიციის დაკავებას ცდილობდა. პირადად ეწვეოდა ხოლმე საკუთარი კომპანიის მაღაზიებს, ისმენდა თანამშრომელთა მოსაზრებებს. მან გულწრფელად ირწმუნა, რომ მაღაზიებთან დაკავშირებით ყველა საუკეთესო იდეა სწორედ ამავე კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისგან შეიძლება მოისმინო. ზოგჯერ, ერთ სამუშაო დღეს იგი ამავე კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელთან ატარებდა. ძალიან მარტივად შეეძლო Wal-Mart-ის სატვირთო მანქანის ძარაზე მთელი დღე გაეტარებინა. ასეთი მოგზაურობების დროს იგი თანამშრომელს ყურადღებით უსმენდა, ხოლო ყველაზე საინტერესოს ბლოკნოტში იწერდა. საველე პირობებში საქმიანობა სემ უოლტონისთვის ცხოვრების ნორმად გადაიქცა. Wal-Mart-ს პატარა ქალაქებში სერიოზული კონკურენტები არ ჰყავდა, ამიტომაც მისი მდგომარეობა აქ სწრაფად მყარდებოდა. სემ უოლტონი ხალხის წიაღიდან გამოსული ბიჭი იყო. სიმდიდრის დაგროვების მიუხედავად, გულგრილობას იჩენდა ფუფუნების მიმართ. 

1990-იანი წლების დასაწყისში, Wal-Mart უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე იმ დროს სუპერმარკეტების ყველაზე პოპულარული ქსელები Sears და K-mart. მაღაზიების ქსელი თითქოსდა შეუმჩნევლად მთელი ქვეყანაში დამკვიდრდა. Wal-Mart-ის მიერ მიღწეული წარმატების საიდუმლო ერთი შეხედვით მარტივია – სწორად არჩეული სტრატეგია, მიზნისკენ სწრაფვა, ნებისმიერი საშუალებებით პროდუქციის გაიაფებისკენ გადადგმული ნაბიჯები. საკუთარი მაღაზიების ქალაქის ბოლოში გახსნის შემდეგ, იგივე კომპანია კონკურენტულ უპირატესობებს იღებდა: უფრო იაფ სამუშაო ძალას, დაბალ გადასახადებს, იაფი ღირებულების მიწას. ეს ფაქტორები Wal-Mart-ის ზრდას ხელს უწყობდა. უკვე გაჩნდა დიდი ქალაქებისთვის ყურადღების მიქცევის შესაძლებლობა, რადგანაც მას ზურგს ფინანსური სიძლიერე უმაგრებდა. სემ უოლტონს ვერასოდეს ნახავდით საკუთარ კაბინეტში. სულ `მოწინავე ხაზზე~ ყოფნა სურდა. გამუდმებით ცდილობდა საკუთარი მაღაზიების საქმიანო¬ბის სრულყოფა. ამისათვის კონკურენტი კომპანიების მაღაზიების გამოცდილების, საუკეთესო ჩანაფიქრის გადაღებასაც არ თაკილობდა. სემ უოლტონი ნამდვილად ბევრ ფულს ხარჯავდა ქველმოქმედებაზე. ძალიან ცდილობდა ამერიკისა და რიგითი ადამიანების ცხოვრება გაეუმჯობესებინა. ამის მიუხედავად, მისი კომპანია ამერიკელთათვის მისაბაძი მაინც ვერ გახდა. მოწინააღმდეგეთა პრეტენზიები ხშირად სამართლიანიც იყო. 

1992 წლის 5 აპრილს, სემ უოლტონი გარდაიცვალა, მაგრამ ამაყად თავაწეული წავიდა ამ ქვეყნიდან. რაც შეეხებათ მის კრიტიკოსებს, Wal-Mart-ის უნივერმაღებში სავაჭროდ შესულებს მათაც ხშირად ნახავთ. ეს საკმარისია საიმისოდ, რომ ყველა ბრალდება მაშინვე მოიხსნას. ბიზნესმენ უორენ ბაფეტის აზრით, Wal-Mart სადღეისოდ, ამერიკული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი სერიოზული ფინანსური დონორია. საცალო სავაჭრო ქსელი Wal-Mart ამჟამად უდიდესი ამერიკული დამსაქმებელია, ამიტომაც კომპანიაში რაიმე სერიოზული გართულების წარმოქმნის შემთხვევაში, ქუჩაში უმუშევრად დარჩენილი ამერიკელების დიდი ნაწილი აღმოჩნდება. მის მფლობელობაშია 5700-ზე მეტი მაღაზია, რომელთაგან დაახლოებით 75% აშშ-ში ფუნქციონირებს. ამერიკის ისტორიაში უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში `ფორბსის~ მიხედვით, სემ უოლტონმა მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. დასაქმებისას, Wal-Mart-ის ნებისმიერ მაღაზიაში, მომავალი `პარტნიორი~-გამყიდველი დებს პირობას (ფიცს), რომ მყიდველიდან 10 ნაბიჯის დაშორებით ყოფნისას, მივა მასთან ღიმილით და იკითხავს, სჭირდება თუ არა დახმარება. უდიდესი ბიზნესმენის გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, იმდენად დიდია მისი იდეების ქმედითუნარიანობა, რომ უოლტონების ოჯახის შემოსავალი კვლავაც მაღალია. ისინი მსოფლიოს მილიარდელთა შორის პირველ ათეულში ადგილს მყარად ინარჩუნებენ. ამტკიცებენ იმას, რომ სემ უოლტონის შვილებს ოჯახური ბიზნესის აყვავებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ საკუთარი მამის შრომის შედეგებს იმკიან. სხვები ამტკიცებენ, რომ უოლტონის შთამომავლები კვლავაც ხელმძღვანელობენ იმ პრინციპებით, რასაც სემ უოლტონი ბიზნესის წარმოებისას მიმართავდა. ამიტომ, მაღაზიათა ქსელი Wal-Mart არასოდეს გაკოტრდება. 

სემ უოლტონის მეუღლე ჰელენ რობსონი გარდაცვალებამდე (2007 წელი) საკუთარ ბაღში საქმიანობით ირთობდა თავს, გატაცებული იყო ცხენოსნობით. ბოლო დრომდე მწირი ინფორმაცია მოიპოვება სემ უოლტონის ვაჟიშვილებზე. თვით ჟურნალი `ფორბსიც~ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემებით შემოიფარგლა, რომელიც სემ უოლტონის მეუღლეს – ჰელენს და მის შვილებს – ელისს, ჯიმის და ჯონ უოლტონს მიუძღვნა. ამ გამოცემამ ძირითადად სემ უოლტონის დამსახურებაზე დაწერა. ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს მოსვენებას არ აძლევს ერთი შეკითხვა: რამდენი წელი დაჭირდება სემ უოლტონის შვილებს იმისათვის, რომ მისი ქონებიდან აღარაფერი დარჩეს. კომპანია Wal-Mart-ის მამა-დამაარსებლის მემკვიდრეები მის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს განუხრელად თუ დაიცავენ, ისინი უოლტონების გაღარიბების ხილვას ვერ ეღირსებიან. ჯერჯერობით, ისინი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, მოწინავეთა რიგებში შედიან: სემ უოლტონის ერთ-ერთი ვაჟის ქონება დაახლოებით 20,8 მილიარდი დოლარია, მეორე ვაჟის – ჯონის ქონება 20,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ქალიშვილმა ელისმა – 20,5 მილიარდი დოლარის დაგროვება მოახერხა. სემ უოლტონის მესამე ვაჟის, რობსონის ქონება `სულ რაღაც~ 18,5 მილიარდ დოლარს უტოლდება. მას `გადაასწრო~ საკუთარმა დედამ, სემ უოლტონის ქვრივმა, ჰელენ უოლტონმა, რომლის ქონება 20,4 მილიარდი დოლარია. ამ ოჯახის მთლიანი ქონება 100 მილიარდ დოლარზე მეტია და თვითონ განსაჯეთ, ემუქრება თუ არა სემ უოლტონის ბიზნეს-იმპერიას და მის ოჯახს განადგურება, როგორც ამაზე ზოგიერთი ჟურნალისტი ოცნებობს. 

Wal-Mart-ის მაღაზიათა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებამ და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამ ეს ბიზნეს-იმპერია ხმაურიანი სკანდალებისგან ვერ იხსნა, რომელიც ჯერ კიდევ სემ უოლტონის სიცოცხლეში დაიწყო: ეს უკანასკნელი არ ცდილობდა დაქირავებული თანამშრომლების ანაზღაურება ძალზე მაღალი ყოფილიყო, თუმცა, სხვადასხვა წახალისებებს ბონუსების სახით ჰპირდებოდა. ამ მიმართულებით სურათი არც კომპანიაში ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ შეცვლილა, ამიტომაც შემდგომში მის მაღაზიებში მუშაობის რთული პირობები განსჯის საგანი კიდევ უფრო ხშირი იყო. 1990-იანი წლების შუაგულიდან, Wal-Mart-ის მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელობას ბრალად უყენებდნენ დაბალი ხელფასების გაცემას, ზედმეტ სამუშაო საათებსა და სქესის მიხედვით დისკრიმინაციას. 1999 წელს, ამ კომპანიის პროფკავშირებმა ხელმძღვანელობას ისეთი ბრალი წაუყენა, რამაც თვით ამ ბიზნეს-იმპერიას კოლოსალური ზიანი მიაყენა: გაირკვა, რომ აქ არსებული დაბალი რანგის თანამშრომელთა ხელფასი საარსებო მინიმუმზე დაბალი იყო. კრიტიკის ძლიერი ტალღის აგორების შემდეგ, ხელმძღვანელობა შეეცადა საკუთარი თავი გაემართლებინა, რამაც ეფექტი ვერ იქონია. 

1990-იანი წლების დასაწყისში, სემ უოლტონისგან გენერალური პოსტი დევიდ გლასსმა გადაიბარა. მაღაზიათა ქსელის დამაარსებლის დაკავებული თანამდებობიდან წასვლა თავდაპირველად ნაკლებ გავლენას ახდენდა მისი ბიზნეს-იმპერიის განვითარებაზე, რადგანაც იგი გარდაცვალებამდე კვლავაც მრავალ საქმეში იყო ჩართული. მას მიაწერენ Wal-Mart-ის საინფორმაციო ქსელის უმოკლეს ვადებში შექმნას, რომელმაც ამერიკაში ამ ბრენდის ათასხუთასი მაღაზია მიმწოდებელ ფირმებთან და გამანაწილებელ ცენტრებთან ერთად გააერთიანა. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სხვა კომპანიასთან – K-Mart-თან `ორთაბრძოლაში~ გამარჯვება სწორედ ამ უმთავრესმა ფაქტორმა განაპირობა. ამერიკული ბიზნეს-გიგანტის ტოტალური წარმატებისა და ბაზარზე დამკვიდრებული მყარი პოზიციის მიუხედავად, ახალმა მეთაურმა ისიც გააცნობიერა, რომ ამ ბრენდის შემდგომი განვითარებისთვის უფრო მოქნილი სტრატეგია უნდა შეემუშავებინა. ამერიკაში კომპანიის მდგომარეობა დამაიმედებელზე მეტი იყო, მაგრამ სხვა ქვეყნებში დამკვიდრებისთვის უკვე არსებული მოდელი დახვეწას მოითხოვდა. ფირმის ხელმძღვანელობამ უარყო საკუთარი ბრენდის გამოყენების უფლების სხვა კომპანიებისთვის მიყიდვის იდეა, რადგანაც ამავე ბრენდის კონცეპტუალური განსხვავების დანერგვა უშუალოდ საკუთარი მენეჯმენტის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. დაიწყო მომზადება სხვა ქვეყნებში დამოუკიდებლად ინტეგრაციის განხორციელებისთვის. კომპანიის ხელმძღვანელობისთვის სტანდარტიზებული მიდგომა უფრო მისაღები აღმოჩნდა: შვილობილი კომპანიების გახსნის შემდეგ, ამავე ბრენდის მაღაზიების ამოქმედება და გამარტივებული ინტეგრაციისთვის ადგილობრივი მინი-ქსელების შემოერთება განხორციელდა. თავდაპირველად, Wal-Mart კანადასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ამოქმედდა. 1997 წლისთვის, ამავე ბრენდის განკარგულებაში 1000-მდე მაღაზია იყო. იმავე წლის ბოლოსთვის, იგი უკვე წარმოდგენილი იყო ჩინეთში, ინდონეზიასა და სხვა განვითარებად ბაზრებზე. იმავდროულად, დაიწყო მომზადება ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. გერმანიაში სწრაფი ინტეგრაციისთვის, ბიზნეს-გიგანტმა 1998 წელს ადგილობრივი სავაჭრო ქსელის – Wertkauf-ის 21 მაღაზია შეიძინა. 1999 წელს მაღაზიათა ქსელი Wal-Mart ბრიტანეთში შევიდა, სამოქმედოდ კი ადგილობრივი ქსელი Asda გამოიყენა. საკუთარი კორპორატიული კულტურის სხვა ქვეყნებში დანერგვის მიზნით, კომპანიამ მსგავსი ბრენდებისთვის დამახასიათებელი თანამშრომელთა გაცვლა დაიწყო და უცხოურ ფილიალებში თანამშრომელთა ამერიკიდან გაგზავნა დაიწყო. 

2000 წელს, კომპანიას სათავეში ჰაროლდ ლი სკოტი ჩაუდგა, რომელმაც მანამდე, ამავე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობა მოასწრო. Wal-Mart-ის მაღაზიათა ქსელის დირექტორთა საბჭომ ახალი გენერალური დირექტორის წინაშე დააყენა ამოცანა, რომლის მიხედვითაც მას უნდა აღედგინა ამ ბრენდის ადრინდელი რეპუტაცია, გაეუქმებინა ამავე კომპანიის ზარალიანი ფილიალები. კომპანიის სათავეში ახალი ხელმძღვანელის მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, ამავე ფირმის წინააღმდეგ კრიტიკის კიდევ ერთი ტალღა აგორდა: 2001 წელს დაიბეჭდა წიგნი `გროშების დათვლით როგორ (არ) შეიძლება იარსებო ამერიკაში~, რომლის ავტორი გახლდათ ბარბარა ერენრაიჰი. მასში აღწერილი იყო კომპანიის თანამშრომლების მიმართ მრავალი კანონდარღვევის შემთხვევები. ამ წიგნში ძალიან ცუდად იყო დახასიათებული კომპანიაში საქმიანობის პირობები, რითაც წიგნის ავტორმა კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია. მან მაღაზიათა ამ ქსელში მუშაობაც მოასწრო, ამიტომაც ძალიან კარგად იცოდა იქ არსებული სიტუაცია. 2005 წელს, ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდონეზიის, სვაზილენდის, ნიკარაგუის პროფკავშირების მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით თანამშრომელთა უფლებების მუდმივად დარღვევის გამო ეს კომპანია დააჯარიმეს. 

ეს ბიზნეს-გიგანტი ყურადღების გარეშე არც კინემატოგრაფისტების მხრიდან დარჩენილა. კომპანიის ნეგატიური იმიჯი გამოიყენეს მულტსერიალში `სამხრეთის პარკი~. ფილმში `უცხო 4: აღდგომა~. მაღაზიათა ქსელი დასახელდა იმ ექსპერიმენტთა ინიციატორად, რომლის გარშემოც ეპო¬პეის მოქმედება მიმდინარეობს. ამავე ბრენდის გაკრიტიკება აქტიურად დაიწყეს პრესაშიც: პირველ რიგში, პროფკავშირებთან ბრძოლის გამო. ქსელის ხელმძღვანელობა თუკი შეიტყობდა, რომ მსგავსი ორგანიზაცია რომელიმე მაღაზიაში შეიქმნა, პერსონალს უბრალოდ უმუშევრად ტოვებდა. მსგავსი მიდგომების გამო მრავალი გამოცემა ამ მაღაზიებში საქმიანობას მონების შრომას ადარებდა. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, როცა მისმა რამდენიმე თანამშრომელმა ქალბატონმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი მიუთითებდნენ, რომ აქ სქესობრივი დისკრიმინაციის ფაქტები არსებობდა. პირველი გახლდათ ბეტი დიუქსი, რომელმაც სადილიდან სამუშაო ადგილზე გამოცხადება ერთი წუთით დაიგვიანა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მას საყვედური გამოუცხადეს, ამტკიცებდნენ, რომ დააჯარიმეს კიდეც. მსგავსი დარღვევისთვის მამაკაცებს არ სჯიდნენ. დიუქსის საქმეს ხელი ადვოკატებმა მოჰკიდეს. გაირკვა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო სატირალი იყო. საბოლოო ჯამში, ამ საქმეს ანალოგიური ბრალდებებით 2 მილიონამდე მოსარჩლე შეუერთდა, ამას დაემატა ბრალდება მამაკაცების დაწინაურების თაობაზე, ქალბატონების გვერდის ავლით. საქმის განხილვას აპელაციების ჩათვლით, 11 წელი დაჭირდა. შედეგი მოსარჩლე ქალბატონებისთვის მისაღები არ ყოფილა: სასამართლომ სარჩელი კოლექტიურად არ აღიარა, ამიტომაც საქმე დაიხურა. დაზარალებულებს დაუტოვეს შესაძლებლობა საკუთარი საქმეები სასამართლოში ცალ-ცალკე განეხილათ. Wal-Mart-ის მაღა¬ზიათა ქსელის გენერალური დირექტორის, ჰაროლდ ლი სკოტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა სარჩელებისა და ჯარიმების უზარმაზარ რაოდენობას გამკლავებოდა. იგი იძულებული შეიქმნა ამ ბრენდის იურიდიული განყოფილების საქმიანობის უკეთესად წარმართვაზე ეზრუნა. იგი გახდა საჯარო პირი, რომელიც აქტიურად უკეთებდა კომენტარს სხვადასხვა სიტუაციებს. ისწავლა კრიტიკაზე პასუხის გაცემა, უფრო ხშირად გამოჩნდა სხვადასხვა შოუებში, რაც მას საშუალებას აძლევდა სიტუაციის ნებისმიერ ცვლილებაზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. 

Wal-Mart-ის მაღაზიათა ქსელის გენერალური დირექტორის, ჰაროლდ ლი სკოტის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება ხარჯების შემცირება გახდა. იმ დროისთვის, Wal-Mart-ს რამდენიმე პრობლემური რეგიონი გაუჩნდა: მათ შორის გერმანია და სამხრეთ კორეა, ძალიან ცუდად `გამოირჩეოდნენ~. ამერიკულმა ბიზნეს-გიგანტმა ამ ქვეყნებში ფინანსურად სერიოზულად იზარალა. 2006 წელს, ორივე მიმართულების ბიზნესი გაიყიდა. ამავე ფირმის გენერალურ დირექტორს, ჰაროლდ ლი სკოტს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ამავე ბრენდის რეპუტაცია გაეუმჯობესებინა. ქარიშხალმა `კატრინამ~ დიდი ზარალი მიაყენა ამერიკის სანაპიროებზე მცხოვრებ ადამიანებს. Wal-Mart-მა სატვირთო მანქანების კოლონები გაგზავნა მათ დასახმარებლად. ამავე კომპანიის მეთაური გამოვიდა განცხადებით, რომ სულაც არ ეწინააღმდეგება თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას, მაგრამ მაღალი კონკურენციის გამო ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს. არაერთგვაროვანმა განცხადებამ მოულოდნელი შედეგი მოიტანა: დღემდე არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც საცალო ქსელის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების კანონი საკანონმდებლო ორგანოში დაიბლოკა. ეს ხმები უსაფუძვლო სულაც არ არის, რადგანაც კულისებში ამტკიცებენ, რომ ეს ბიზნეს-გიგანტი ამერიკის პოლიტიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს. ითქვა ისიც, რომ იგი ჯორჯ ბუშის ორივე საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებდა. ვერ შეიცვალა დამოკიდებულება ამ კომპანიის მიმართ საზოგადოების მხრიდან: კვლავაც არსებობდა მყარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელობა კვლავ არალოიალურ დამოკიდებულებას ავლენდა საკუთარი თანამშრომლების მიმართ, არც ცდილობდა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. კომპანიის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულების განეიტრალება სკოტმა ვერაფრით მოახერხა. ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მიღწევად ითვლება ახალი, ეფექტიანი საშუალებების მოძებნა მაღაზიებში გამოტანილი საქონლის გასაიაფებლად. ეს იყო ბუნებრივი რეაქცია იმ დროში დამკვიდრებულ მოსაზრებაზე, რომ Wal-Mart-ში გასაყიდად იაფი საქონელი აღარ გამოჰქონდათ! ამის საპასუხოდ, სკოტმა საერთაშორისო შესყიდვების სპეციალური განყოფილება შექმნა. ამ მიმართულებით სერიოზული წარმატების მიღწევა სულ მალე გახდა შესაძლებელი: სავაჭრო ურთიერთობები დალაგდა ჩინურ კომპანიებთან, საიდანაც იმპორტის ძირითადი ნაწილი წამოვიდა. ამ მომენტისთვის, ამ ბიზნეს-გიგანტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 50 შემსყიდველი განყოფილება აქვს გახსნილი. 

2006 წელს, კიდევ ერთი არაორდინარული მოვლენა დაფიქსირდა: Wal-Mart-ის მაღაზიებში გაიყიდა ცნობილი სამკურნალო საშუალებების (წამლების) უფრო იაფი შემცვლელები. მანამდე გამოცხადდა, რომ ეს წამლები არაფრით ჩამოუვარდება მათ ანალოგებს, მაგრამ მათი მწარმოებლები ბრენდის გამოყენებისთვის გადასახდელ თანხას არ იღებენ.

2008 წელს ახალი სკანდალი აგორდა: ერთ-ერთ მაღაზიაში სასიკვდილოდ გადათელეს მუშა. ეს ამბავი წინასადღესასწაულო გაყიდვების დროს მოხდა, როცა იქ 2 ათასზე მეტი მყიდველი შევარდა. დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრები მიუთითებდნენ იმაზე, რომ ეს ქსელის თანამშრომლების მიმართ ხელმძღვანელობის მიერ გამოვლენილი დაუდევრობის ბრალი იყო. საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, რომ ლამის მყიდველთა რაოდენობის შეზღუდვა მოჰყვა, რომლებსაც ერთდროულად ამ ფირმის ნებისმიერ მაღაზიაში შესვლა შეეძლოთ. 

2009 წელს, ლი სკოტმა გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, რომელიც მაიკლ დიუკს გადააბარა. იგი Wal-Mart-ის სისტემაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქმიანობდა. ახალმა ხელმძღვანელმა კომპანია სამეთაუ¬როდ შესანიშნავ მდგომარეობაში მიიღო: მისმა ბრუნვამ 400 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო საზოგადოებრივი იმიჯი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე სკოტის გენერალური დირექტორის პოსტზე მოსვლამდე ჰქონდა. ერთადერთ პრობლემად მხოლოდ სქესობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სასამართლო განხილვები რჩებოდა, რომლებიც მხოლოდ 2011 წელს დასრულდა. Wal-Mart-ის ახალ ხელმძღვანელს წინამორბედის პოლიტიკა უნდა გაეგრძელებინა, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისკენ იქნებოდა მიმართული. მოელოდნენ, რომ რუსეთისკენ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2007 წლის შემდეგ შეფერხდა. ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ ქვეყნის შიგნით რამდენიმე ქსელთან მოლაპარაკება უშედეგოდ წარმართა, რასაც პირველ ეტაპზე ბაზარზე საქმიანობის გამარტივება მოჰყვებოდა. 2010 წელს გახდა ცნობილი, რომ რუსეთში ინტეგრაციის გეგმაზე ბიზნეს-გიგანტმა საბოლოო უარი განაცხადა. 

2011 წელს Wal-Mart-ის მაღაზიათა ქსელმა Massmart Holdings-ის აქციების 51% შეიძინა, რის შემდეგაც აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში გზა გაეხსნა სამოქმედოდ. ანალიტიკოსების აზრით, საქონლის დაბალი ღირებულება ამ ბიზნეს-გიგანტს საშუალებას მისცემს ამ ბაზარზეც ლიდერობა მოიპოვოს. 2012 წელს Wal-Mart მორიგ სკანდალში გაეხვია. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მექსიკელი ჩინოვნიკები მოისყიდეს, რამაც საშუალება მისცა რეგიონში რეკორდული მაჩვენებლებისთვის მიეღწია და ქსელში მაღაზიების რაოდენობა გაეზარდა. დასახელდა აღებული ქრთამის კონკრეტული რაოდენობაც – 24 მილიონი დოლარი. მაიკლ დიუკმა განაცხადა, რომ ამერიკული და მექსიკური კანონების დამრღვევთა გამოსავლენად კომპანიის შიგნით გამოძიება დაიწყო. იგივე კომპანია კიდევ ერთ პრობლემას უკვე ინდოეთში წააწყდა: ჯერ კიდევ 2007 წელს, ქვეყანაში ბიზნეს-გიგანტს ფართომასშტაბიანი ექსპანსია უნდა დაეწყო, მაგრამ მოსახლეობამ საკუთარი პროტესტი გაფიცვებით გამოხატა. მათი მოსაზრებით, გიგანტის შემოსვლა და დამკვიდრება ინდოეთის ეკონომიკას დაანგრევდა. ინდოეთში Wal-Mart-ის შესვლის გადაწყვეტილება გაურკვეველი დროით გადაიდო. ჩაიშალა 5-წლიანი ამბიციური გეგმა კომპანიას ლიდერის პოზიციისთვის ამ ქვეყანაში მიეღწია. საპროტესტო აქციების გარდა სიტუაცია გაართულა მოლაპარაკებების პროცესის, აუცილებელი საბუთების გაფორმების გაჭიანურებამ. უკვე 2013 წლისთვის გასაგები გახდა, რომ დასახულ მიზანს კომპანიის ხელმძღვანელობა ვერ მიაღწევდა. ამავე წელს, მაიკლ დიუკმა მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული პოსტი დაეტოვებინა. ამერიკული გიგანტის მოგება მისი ხელმძღვანელობის პერიოდში 16%-ით, ხოლო აქციების ღირებულება 40%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მის ხელმძღვანელობას რევოლუციურად და გამორჩეულად სულაც არ თვლიდა. მათივე აზრით, კომპანიის მაჩვენებლების ზრდა სრულებით მოსალოდნელი პროცესი იყო, ხოლო ბრენდის ექსპანსიასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა გერმანიაში, კორეაში, რუსეთსა და ინდოეთში ჩავარდნების გათვალისწინებით მან ვერ შეძლო. 

კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი გახდა დაგ მაკმილონი. მისი წინამორბედების მსგავსად, ისიც სხვადასხვა პოზიციაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა, ამიტომაც კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები ყურმოკვრით არ იცოდა. დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2014 წლის თებერვალში შეუდგა. მისი მმართველობის დროს, კომპანიამ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი – ონლაინ-გაყიდვების მიმართულებით გააგრძელა. ამ ბაზარზე, ბიზნეს-გიგანტს სერიოზული კონკურენტი `ამაზონის~ სახით ჰყავს, რომელიც ინტერნეტში საქმიანობისთვის უფრო უკეთესად არის ადაპტირებული, აქვს სტაბილური სერვისი და საქმიანობის გამოცდილი მოდელი. Wal-Mart-ს ჯერჯერობით მსგავსი ძლიერი პოზიციები არ გააჩნია. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს კომპანია ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს, რისთვისაც მოუწევს საფუძვლიანად გააუმჯობესოს სერვისები, რეკლამა და ბონუსები კლიენტებისთვის. საწინააღმდეგო მოსაზრების მიხედვით, კომპანია ამ ბაზარზე თავისი მასშტაბების გამო ადაპტირებას ჯერ ვერ შეძლებს. Wal-Mart-მა აქამდე ვერ მოახერხა მიწოდების ისეთი წარმატებული სისტემის შექმნა, როგორც ეს `ამაზონმა~ შეძლო, იმის მიუხედავად, რომ კომპანია ორიგინალური იდეების რეალიზებას მაინც ახერხებს. Wal-Mart-ის მაღაზიათა ქსელმა, 2013 წელს შემოიღო ფასდაკლების სისტემა იმ მყიდველთათვის, ვინც საკუთარ მეზობლებს ინტერნეტით შეკვეთილ საქონელს მიაწვდიდა. 

2015 წლის დეკემბერში იტყობინებოდნენ, რომ ამერიკაში ეს კომპანია საკუთარი ბრენდის ანგარიშსწორების სისტემას Walmart Pay-ს 2016 წლიდან აამოქმედებდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ `ამაზონის~ მეთაური, ჯეფ ბეზოსი სერიოზულად დაინტერესდა ე.წ. `ოფლაინ-ბიზნესით~, რომელსაც Wal-Mart საკუთარი საქმიანობისას წარმატებით იყენებს და ძლიერი პოზიციები მოიპოვა. არ არის გამორიცხული, რომ ამ ორმა გიგანტმა როლები გაცვალონ. 2012-2014 წლების პერიოდში, Wal-Mart-ის თანამშრომლებმა რამდენიმე დიდი მასშტაბის გაფიცვა ჩაატარეს, რომელიც ანაზღაურების დაბალ დონეს, შრომითი საქმიანობის ცუდ პირობებს უკავშირდებოდა. 2015 წელს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ანაზღაურება საათში ჯერ 9 დოლარამდე, ხოლო ერთი წლის შემდეგ 10 დოლარამდე გაიზრდებოდა. ამავე წელს, კომპანიის ხელმძღვანელობამ ასევე განმარტა, რომ მათივე პროგნოზების მიხედვით მოგება 12%-ით შემცირდებოდა, რასაც ონლაინ-ვაჭრობაში კაპიტალდაბანდებები, თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესება, ასევე კლიენტთა რიცხვის გაზრდის მიზნით მაღაზიებში არსებული სიტუაციის გამოსწორება განაპირობებდა. ანალიტიკოსებმა ნეგატიური რეაგირება მოახდინეს კომპანიის ხელმძღვანელთა მსგავს ქმედებებზე, რასაც ნაკლებად ეფექტური უწოდეს. ამის მიუხედავად, 2015 წელს ბიზნეს-გიგანტმა კვლავ განაგრძო საქმიანობა რენტაბელობის გასაზრდელად. 

კომპანიის ხელმძღვანელმა, დაგ მაკმილონმა 269 მაღაზიის დახურვის თაობაზე გამოაცხადა, რომელთაგან უმეტესობა ამერიკაში იყო. დღეისთვის, Wal-Mart პლანეტის უდიდეს საცალო მაღაზიათა ქსელად რჩება და 10 ათას მაღაზიას აერთიანებს. აშშ-ში დაკავებული პოზიციები ურყევია. Wal-Mart-ს ბუნებრივია, ჩრდილოვანი მხარეებიც აქვს თავის საქმიანობაში: პრობლემები ექსპანსიასთან დაკავშირებით, `ამაზონთან~ თავგამოდებული ბრძოლა პირველობისთვის, ხშირი კრიტიკა საზოგადოების მხრიდან, რისი გადაწყვეტაც შესაძლებელია მისივე კაპიტალიზაციისა და გავლენის გათვალისწინებით. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, Wal-Mart-ს საკუთარი გიგან¬ტური `ზომები~ თუ დაღუპავს. საკითხავი ის არის, სულ უფრო ცვალებად ბაზარზე (სადაც ყოველდღე მზად უნდა იყო სწრაფი ცვლილებებისთვის), შეძლებს თუ არა ეს უზარმაზარი ბრენდი საქმიანობის უკვე დამკვიდრებული სისტემით უფრო მოქნილად იმოქმედოს. 

სემ უოლტონის საუკეთესო ციტატები 

პირველმა დაიწყეთ ადამიანთან საუბარი. ყოველთვის რომ დამეცადა, როდის მომმართავენ, ან როდის დაიწყებენ ჩემთან საუბარს, ვერასდროს მოვახერხებდი იმ კონტაქტების ფორმირებას, რომელიც ასე საჭიროა ბიზნესში. 

თქვენი ერთადერთი უფროსი – თქვენი მყიდველია, ამ ადამიანს კომპანიის გაკოტრება, ან მისი დირექტორის დარაჯამდე დაქვეითება მარტივად შეუძლია, თუკი საქონლის ყიდვას რეგულარულად სხვა მაღაზიაში დაიწყებს. 

ნებისმიერ მაღაზიაში გამყიდველები ისე ექცევიან მყიდველებს, როგორც მაღაზიის ხელმძღვანელობა გამყიდველებს მოექცევა. 

დაზოგვის თაობაზე როცა მეკითხებიან, ყოველთვის ერთი ფრაზით ვპასუხობ: `ჩემი ცხოვრების მანძილზე 18 თვითმფრინავი შევიძინე, მაგრამ ახალი – არცერთი~. 

WAL-MART-ის დამაარსებლის წარმატების მიღწევის 10 უნივერსალური წესი

1. იყავით ბიზნესისადმი ერთგული. 

2. გაუყავით მოგება საკუთარ თანამშრომლებს. 

3. მოახერხეთ პარტნიორების მოტივირება. 

4. პრობლემებზე იმსჯელეთ კოლეგებთან. 

5. დააფასეთ ის, რასაც თქვენი თანამშრომლები აკეთებენ.

6. იზეიმეთ წარმატება. 

7. მოუსმინეთ ყოველ თანამშრომელს. 

8. გაამართლეთ კლიენტების მოლოდინი. 

9. აკონტროლეთ ხარჯები. 

10. იცურეთ დინების საწინააღმდეგოდ, იყავით განსხვავებული, შეიცვალეთ. 

Wal-Mart-ის დამაარსებელმა, სემ უოლტონმა მხოლოდ ჩამოთვალა, მაგრამ დაწვრილებით არ განმარტა ბიზნესში წარმატების მიღწევის საკუთარი 10 ოქროს წესი. დეტალებზე მან ისევე არ ისაუბრა, როგორც ეს გააკეთა კოლონელ სანდერსმა KFC-დან, რომელიც ასევე არ ახმაურებდა საკუთარ ორიგინალურ რეცეპტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატების მისაღწევად, ყველამ საკუთარი გზა უნდა მოძებნოს. 

ვეფხია სამსონიძე