ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
SAVAGE RIVALE და LOCAL MOTORS - #1(50), 2017
როგორია ჰოლანდიური "სახმელეთო იახტები" და ამერიკული 3D მოდელები 
სუპერქარების თანამედროვე მწარმოებელთა ამბიციები ხშირად ავტომობილების კონსტრუქციის საზღვრებს ცდება – ზოგი დებიუტანტი ახალი ავტო-სეგმენტების შექმნას უმიზნებს. მაგალითად ჩვენი დღევანდელი გმირების მოყვანაც შეიძლება.
 
2009 – SAVAGE RIVALE ROADYACHT GTS 

საკუთარი სუპერქარის შექმნის იდეა ემილ პოლს მას შემდეგ მოუვიდა, რაც კაბრიოლეტ Porsche 911 4S-ით ესპანეთის სანაპიროს ერთ-ერთ საკურორტო გზაზე გაისეირნა. კომპანიონად აიყვანა მეგობარი და თანაკურსელი ჰოლანდიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან ჯასტინ დე ბური, რომელთანაც ერთად 2008 წელს ახალი ფირმა დააარსა. ავტორების იდეით ავტომობილი უნდა დამსგავსებოდა სახმელეთო საკრუიზო იახტას – მძლავრს, კომფორტულს და დინამიკურს. მოდელის პირველმა ესკიზებმა, რომელიც პუბლიკას 2009 წელს აჩვენეს, დიდი ინტერესი გამოიწვია. მეგობრები დარწმუნდნენ თავიანთი კონცეფციის სისწორეში და იდეიის ხორცშესხმა პლასტიკსა და მეტალში დაიწყეს. 

სუპერქარის პრემიერა მონაკოში, გამოფენა თოპ Marques-ზე შედგა. შეძლებული პუბლიკა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. მასობრივი განხილვის მთავარი საგანი გახდა... ოთხი კარის არსებობა, რომელიც სალონში კომფორტულ შეღწევას უზრუნველყოფდა. უკანა კარის გაღების დროს ანჯამები და მექანიზმები ჰოლანდიური სუპერქარის ფრთების ნაწილსაც მაღლა სწევს. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახურავის ახდის სისტემა – 5 დამოუკიდებელი მინის პანელი საბარგულის ნიშაში სულ რაღაც 20 წამში იმალება. ეს არის სპეციალურად ამ მოდელისთვის შემუშავებული უნიკალური ტელესკოპური მექანიზმის მქონე ანჯამების დამსახურება. შედეგად, სუპერქარმა, რომელიც განკუთვნილია საკურორტო რაიონებში მოსეირნე ტურებისთვის, ახალი კლასი ჩამოაყალიბა, რომელიც მომავალში გააერთიანებს ოთხკარიან, დინამიკურ, კომფორტულ და ექსკლუზიურ კაბრიოლეტებს. 

სუპერქარს გარეგნობის შესაბამისი სალონიც აქვს. ნახშირპლასტიკის ჩონჩხის მქონე სავარძლებზე უმაღლესი ხარისხის ტყავია გადაკრული და აღჭურვილია ელექტროამძრავით პოზიციათა დამახსოვრების ფუნქციით. სალონის თითქმის ყველა დეტალი გაპრიალებული ალუმინისგან ან ლაქგადასმული ნახშირპლასტიკისგან არის დამზადებული, უკიდურეს შემთხვევაში კი ტყავითაა დაფარული. მგზავრების ფეხქვეშ იატაკი ნამდვილი იახტის მსგავსად, ხით არის გაწყობილი. ელემენტების ნაწილი, მაგალითად, ხელსაწყოების პანელი, ავტომობილმა Audi A6-ისგან მიიღო. სახმელეთო იახტის სტანდარტულ აღჭურვაში შევიდა 4-ზონიანი კლიმატ-კონტროლი, მულტიმედია სისტემა ნავიგაციით და Hi-Fi-კლასის აუდისისტემა 6 დინამიკით და წინა სავარძლებში ჩამონტაჟებული DVD-მონიტორებით. ოფციის სახით კლიენტებს სთავაზობენ შამპანურის გასაგრილებელ მაცივრის განყოფილებას, თანამგზავრულ სიგნალიზაციას და სალონის გაწყობას ძვირფასი ლითონებით. ფაქტობრივად გამჭვირვალე სალონში მგზავრები სამხრეთის მზემ რომ არ შეაწუხოს, სახურავი დამზადდა ელექტროქრომირებული მინებისგან. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მინა ღილაკზე თითის ერთი მიჭერით იბურება და ნაკლებ სხივს ატარებს. ნოუ-ჰაუთა მთელი კრებულის შემდეგ, შეკვეთის ისეთ პრიმიტიულ ოფციებზე ყურადღების გამახვილება, როგორიც ექსტერიერის და ინტერიერის 6 ფერის გამაა (ნარინჯისფერი, მუქი-ვერცხლისფერი, შავი, ლურჯი, თეთრი და წითელი) უბრალოდ უხერხულია. 

მოდელის კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს მილისებური ჩარჩო, რომელზეც დაკიდეს კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული გარე პანელები. შედეგად ჰოლანდიური სუპერქარის წონის შენარჩუნება მისაღებ 1 350 კგ-ის ნიშნულზე მოხერხდა. ჩარჩოზე მაგრდება წინა და უკანა ბორბლების დამოუკიდებელი შეკიდების ბერკეტებიც, `მწოლიარე პოლიციელის~ გადასალახად კი გაითვალისწინეს წინა კლირენსის 30 მმ-ით გაზრდის სისტება, რომელიც სალონში განლაგებული სპეციალური ღილაკით იმართება. კიდევ ერთი ღილაკი პასუხისმგებელია შეკიდების სიხისტეზე და ერთ-ერთ მდგომარეობაში სარბოლო ტრეკზე ღირსეულ გადაადგილებასაც უზრუნველყოფს. 

კაპოტის ქვეშ `კორვეტის~ V8 განლაგდა ინდექსით LS7. 7-ლიტრიანი აგრეგატი აღიჭურვა Eaton-ის მექანიკური გამაძლიერებლით და ინტერქულერით. ძრავას `ამოსუნთქ¬ვის~ საშუალებას Savage-ის მიერ საგანგებოდ დამზადებული გამონაბოლქვის გამოსაფრქვევი სისტემა აძლევს, რომელიც ტიტანის შედუღებული მილებისგან დაამზადეს. ყველა ამ მანიპულაციის შემდეგ ძრავის საბაზო სიმძლავრე 505-დან შთამბეჭდავ 670 ცხ/ძ-მდე გაიზარდა. მოტორთან წყვილში მუშაობს 6-საფეხურიანი ამერიკული ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომლითაც ჰოლანდიელებს იგივე General Motors ამარაგებს. ასეთი არსენალის მქონე `სახმელეთო იახტა~ ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 3,4 წამში ანვითარებს, მისი მაქსიმუმი კი 330 კმ/სთ-ს შეადგენს. ჰოლანდიური სუპერქარის ეფექტურ შენელებას უზრუნველყოფს ნახშირბად-კერამიკული დისკები. ავტომობილების სრულ კონდიციებამდე მიყვანა ჰოლანდიურ სარბოლო ტრეკ ზანდვოორტზე ხდებოდა. 

საერთო ჯამში, მხოლოდ 20 Roadyacht GTS დამზადდა, თითოეულის ფასმა კი 411 750 ევრო შეადგინა. 

2012 – SAVAGE RIVALE GTR 

ფირმის ბევრ პოტენციურ მყიდველს, მხოლოდ `სასეირნო როდსტერი~ არ აკმაყოფილებდა, ისინი რაღაც უფრო რადიკალურს ითხოვდნენ, თანაც ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. საგანგებოდ მათთვის ჰოლანდიელებმა შექმნეს უკომპრომისო სუპერქარი Rivale GTR, რომელიც ფაქტობრივად, ავტომობილის სარბოლო ვერსიას წარმოადგენს. Roadyacht-ისგან განსხვავებით GTR-ს ჩვეულებრივი ხისტი სახურავი აქვს და ვეღარ იწონებს თავს უნიკალური უკანა კარით. სამაგიეროდ არის უზარმაზარი უკანა ანტიფრთა და დიფუზერი, ასევე ახალი წინა სპოილერი. 

მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა სუპერქარის სალონმა, საიდანაც ამოგდებულია ცივილიზაციის ყველა სიკეთე, ტყავის სავარძლებით დაწყებული და მულტიმედია სისტემებით დამთავრებული. მათ ნაცვლად დამონტაჟდა უსაფრთხოების მძლავრი კარკასი, 6-წერტილიანი ღვედები და ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემა. ამ ზომების გატარების შემდეგ წონა 1 030 კილოგრამამდე შემცირდა. მძღოლის ზურგს უკან განლაგდა Corvette ZR1-ის 6,2-ლიტრიანი კომპრესორული ძრავა, რომლის სიმძლავრე გაძლიერების შემდეგ 800 ცხ/ძ-ს შეადგენს. მწარმოებლის მონაცემებით 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,8 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 360 კმ/სთ-ია. 

სარბოლო Savage Rivale-ის ფასი მკვეთრად განსხვავდება ლუქს-მოდელის ფასისგან – 141 250 ევრო. საინტერესოა, რომ GTR-მა არ მიიღო საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილების უფლება, იმავდროულად არ გააჩნია FIA-ს სერტიფიკაცია და ასე ორ სამყაროს შორის გამოკიდული დარჩა. 

საინტერესო ფაქტები 

კომპანიის შტაბ-ბინა განლაგებულია ჰოლანდიურ ხილბერსუმში. საწარმოში, სადაც 20 ადამიანია დასაქმებული, წელიწადში 20-მდე ავტომობილი ხელით ეწყობა. 

ერთ-ერთი ასეთი სუპერქარის მფლობელი მონაკოს პრინცი ალბერია. 

მანქანა მონაწილეობდა Top Gear Live-ში, სადაც ერთ-ერთმა წამყვანმა ჯეიმს მეიმ განსაკუთრებით აღნიშნა მისი დინამიკური მახასიათებლები. 

2016 წელს ერთ-ერთმა კაბრიოლეტმა ევროპაში სარეკლამო ტური ჩაატარა. ემილ პოლმა და ჯასტინ დე ბურმა საერთო ჯამში 15 000 კმ გაიარეს. 

LOCAL MOTORS – ინტერაქტიული შემოქმედება 

კომპანია Local Motors-ში მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ავტომწარმოებლები ყურს არ უგდებენ კლიენტების აზრს და უშვებენ ისეთ მანქანებს, რომლებსაც მარკეტოლოგები ახვევენ თავს. ალტერნატიული გზა – ავტომობილის შექმნა Open Source-ის პროცესში. სწორედ ეს გზა აირჩიეს ამერიკულ ფირმა Local Motors-ში. ნებისმიერ ავტომოყვარულს შეუძლია პროექტის გუნდისთვის დახმარების გაწევა მომავალი მანქანის იერისა და კონცეფციის შერჩევაში. ფირმის მუშაობაში ყოველწლიურად 5 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს: პროფესიონალი დიზაინერებითა და მაღალკვალიფიციური ინჟინერებით დაწყებული და უბრალო ავტომოყვარულებით დამთავრებული, რომლებიც ხმას აძლევენ ავტომობილის კონსტრუქციაში გარკვეული იდეების დამატებას. 

2010 – LOCAL MOTORS RALLY FIGHTER  

სწორედ ასე აეწყო კომპანიის პირველი ავტომობილი – ჯიპი Rally Fighter. ახალი მანქანის დიზაინის შექმნაზე მსოფლიოს უამრავი კუთხის ენთუზიასტმა იმუშავა. საუკეთესო დიზაინისთვის კონკურსი დიზაინერმა სანგო კიმმა მოიგო. კორეული წარმოშობის ამერიკელმა თავისი საოცნებო მანქანის დიზაინი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას შექმნა. მისი თქმით, შთაგონების წყაროდ მან ბაგის კლასის სპორტული ავტომობილები და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაგამანადგურებლის – P-51 Mustang-ის იერი გამოიყენა. კიმმა იმდენად გააოცა ფირმის ხელმძღვანელობა თავისი ნამუშევრით, რომ ფულად ჯილდოდ 10 000 დოლარი მიიღო. არადა, თავდაპირველად კონკურსს საპრიზო ფონდი არ ჰქონია. 

დიზაინის შერჩევის შემდეგ, ვოლონტიორებმა ექსტერიერის მცირე ელემენტებზე თავისი ხედვა წარმოადგინეს, ჟიური კი, რომელშიც კომპანიის ხელმძღვანელები სხვა ენთუზიასტებთან ერთად შევიდნენ, საუკეთესო ვარიანტებს ირჩევდა და კონსტრუქციაში მის ჩართვას აძლევდა ხმას. 

ამის შემდეგ პროექტის ტექნიკურ შემადგენელზე დაიწყო მუშაობა. მსუბუქ ჩარჩოზე დამონტაჟდა კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული ძარის შეუღებავი პანელები – ასე უფრო იაფი და ეკოლოგიური გამოდიოდა. ყველა პანელს ქარხანაში ვინილის ფენას აკრავდნენ, ფერი და ნახატი კი შემკვეთის ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული. ჩარჩოზე მაგრდებოდა წინა დამოუკიდებელი შეკიდების ბერკეტები, რომელიც საგანგებოდ ამ პროექტისთვის დამზადდა, უკანა ხიდი კი მოდელმა პიკაპ Ford F-150-ისგან მიიღო. 

პროექტს მინებით ამარაგებს General Motors, უკანა შუქფარები Honda Civic SI Coupe-ს იდენტურია, კარის სახელურები – როდსტერ Mazda MX-5 Miata-სია. კლიენტის სურვილზეა დამოკიდებული აგრეთვე ჯიპის სიმაღლეც: თავდაპირველად ჯიპზე მონტაჟდება 17-დიუმიანი საბურავები, თუმცა, თანხის დამატების სანაცვლოდ 20-დიუმიან საბურავებს და სახელოვანი ფირმა Fox-ის ამორტიზატორებს მიიღებთ, რითაც კლირენსი შთამბეჭდავ 46 სანტიმეტრამდე გაიზრდება. 

კაპოტის ქვეშ BMW-ს მესამე სერიის კუპეს 6-ცილინდრიანი და 3-ლიტრიანი ტურბოდიზელი განლაგდა, რომელიც 265 ცხ/ძ-ს ავითარებს და ექვსსაფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასთან წყვილში მუშაობს. უფრო მძლავრ – 430-ცხენისძალის ვარიანტს Local Motors-ს `კორვეტი~ აწვდის. ამ მოტორით 100 კმ/სთ-ს ავტომობილი 5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი საბურავების გამო 200 კმ/სთ-ზეა შეზღუდული.
 
შასისა და ძალოვანი აგრეგატის აწყობაში მონაწილეობას კომპანია Penske Automotive Group -ის სპეციალისტები იღებდნენ. სავალი მაკეტი სალონის გარეშე ამერიკულ შოუ SEMA-ზე წარმოადგინეს. Local Motors-ის შემქმნელებმა სალონის დიზაინის კონკურსი იქვე, შოუს მსვლელობისას გამოაცხადეს. ვარიანტების განხილვის შემდეგ კი არჩევანი მიხაი პანაიტესკუს დიზაინზე შეაჩერეს. მისი თქმით, სალონის შექმნაში რუსული ავიაგამანადგურებელ МиГ-ის და იმავე ამერიკული Р-51-ის მოტივები გამოიყენა. 

ორკარიანი ჯიპი გათვლილია 4 ზრდასრული ადამიანის, ან 2 ზრდასრული და 3 ბავშვის კომფორტულ გადაადგილებაზე. მოდელი 100 000 დოლარი ღირს, სულ კი იგეგმებოდა 500-დან 2 000-მდე მოდელის გამოშვება. შემქმნელები აღნიშნავენ, რომ Rally Fighter უნიკალური ჯიპების ცალკე ნიშას დაიკავებს და არც ერთი სერიული მოდელის კონკურენტი არ იქნება. 

2015 – LOCAL MOTORS STRATI CONCEPT  

სერიული ჯიპის შთამბეჭდავი პრემიერის შემდეგ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მფლობელებს ახალი სარისკო პროექტის წამოწყების აღარ ეშინოდათ. მომდევნო იდეა იყო – მსოფლიოში პირველი ავტომობილის გამოშვება, რომლის ძარა მთლიანად 3D-პრინტერზე დაიბეჭდებოდა. დეტროიტის ავტოსალონის მსვლელობისას კომპანიამ ონლაინ რეჟიმში დაბეჭდა ელექტრომობილი სახელად შტრატი (იტალიურად `ფენები~). პრინტერის მეშვეობით ძარის ყველა დეტალი თხელ ფენებად დამზადდა და გაერთიანდა ერთ დიდ დეტალში. ასე დამზადდა მონოკოკი, ძარის გარე და შიდა პანელები, თუმცა, მაყურებლები მხოლოდ ნახშირპლასტიკის მონოკოკის 3D-ბეჭდვას დაასწრეს, კიდევ ერთი ბოლომდე აწყობილი მოდელის დემონსტრირება კი გვერდით მიმდინარეობდა. 

მოდელი შედგება 212 შრისგან, რომელთა `გამოყვანამ~ ორი დღე წაიღო. ბოლოს, ძარა ჩარჩოზე დაამაგრეს, დაამონტაჟეს ელექტრომოწყობილობები და ძალისმიერი აგრეგატი, რომლებიც ელექტრომობილმა Renault Twizy-მ `უსახსოვრა~. რაც მთავარია ეს არ იყო ერთჯერადი ექსპერიმენტი – კომპანიის გეგმებშია მანქანის სერიული წარმოების დაწყება. 

ტრადიციულად, ავტომობილის დიზაინის შექმნაზე გამოცხადდა კონკურსი. ჟიურის არჩევანის გაკეთება მთელი მსოფლიოდან გამოგზავნილ 200-ზე მეტ ესკიზს შორის უწევდა. საბოლოდ გაიმარჯვა მიშელ ანოს დიზაინმა, რომელსაც ასევე 10 000 დოლარი გადასცეს. 

2016 – LOCAL MOTORS LM3D SWIM 

ეს როდსტერიც, სხვა მოდელების მსგავსად, მთელი მსოფლიოს ენთუზიასტებთან კოოპერაციაში შეიქმნა. უამრავ ნამუშევარს შორის გაიმარჯვა ამერიკელი კევინ ლოუს დიზაინმა. სხვათაშორის, ჟიურის წევრებში იყო ცნობილი შოუმენი და ავტოკოლექციონერი ჯეი ლენო. Swim-ის დამზადების მეთოდი აქაც 3D-პრინტერზე ფენური ბეჭდვაა. ამ გზით დეტალების 75% დამზადდა. პერსპექტივაში Local Motors-ის კონსტრუქტორები პრინტერზე თავიანთი ავტომობილების 90%-ის დამზადებას გეგმავენ. Swim კი პრინტერული მეთოდით დამზადებული, მთელი Local Motors-ის ავტოოჯახისთვის პირველსახედ იქცევა: ახალი შასის მოდულად გამოიყენებენ ელექტრონული ქროსოვერების, კუპეთა, კაბრიოლეტების და სხვა ტიპის ძარის მქონე ავტომობილების დამზადებაში. ამჯერად ავტომობილი გადის საგზაო გამოცდებს და სხვა აუცილებელ პროცედურებს ამერიკულ ბაზარზე დაშვებისთვის. პარალელურად დაიწყო შეკვეთების მიღებაც. პირველი 3D-მოდელის შეძენისთვის 53 000 დოლარი იქნება საჭირო. 

დიმიტრი ცხვარაძე