ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
AIRBNB – გამდიდრების შანსი ყველასთვის - #1(50), 2017
ტრადიციული სასტუმროების მნიშვნელოვანი კონკურენტი მსოფლიო მასშტაბით 

უძრავი ქონების შეძენა და შემდეგ გაქირავება ბევრი ქართველის ოცნებას წარმოადგენს. ზოგიერთი რეალურ ნაბიჯებს დგამს და საბანკო კრედიტს აბანდებს კორპუსის მშენებლობაში. ბევრმაც უკვე რეალობად აქცია ეს ოცნება და საკუთარ ბინას სტუდენტებზე თუ ახალგაზრდა წყვილებზე აქირავებს. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება გაორმაგდეს ან გასამმაგდეს კიდეც, თუკი ბინას უცხოელ ტურისტებზე გააქირავებენ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო რომელიმე ტურისტულ სააგენტოსთან მოლაპარაკება, ან აეროპორტში და ვაგზალზე სტუმრების ძიება, არამედ საკმარისია მხოლოდ საკუთარი უძრავი ქონების კარგი ფოტოების და მცირე ტექსტის გამოქვეყნება ვებსაიტზე, რომლის დასახელებაა Airbnb („ეარბიენბი“). ამისთვის რაიმე თანხის გადახდა საჭირო არ არის, ყველაფერი უფასოა. 

ისტორია 

დასახელება Airbnb იკითხება, როგორც „გასაბერი საწოლი და საუზმე“. სწორედ გასაბერი საწოლებიდან და გაყინული ორცხობილადან დაიწყო ყველაფერი. 2007 წელს სან-ფრანცისკოში მცხოვრებ დიზაინერებს ბრაიან ჩესკისა და ჯო გებიას ფული შემოაკლდათ და ვერ ახერხებდნენ ბინის ქირის გადახდას. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს სახლის სხვენი გასაქირავებლად მოეწესრიგებიათ. ცარიელ სხვენში მოათავსეს გასაბერი საწოლები და განცხადებების საიტზე დარეგისტრირების ნაცვლად შექმნეს საკუთარი უბრალო საიტი. იმხანად სან-ფრანცისკო დიზაინერების კონფერენციას მასპინძლობდა და სასტუმროები გადაჭედილი იყო. ისინი ვინც სასტუმროს გარეშე დარჩნენ, ღამის გასათევის ძიებაში ახალშექმნილ ვებსაიტს გადაეყარნენ. ასე მიიღეს პირველი სტუმრები „ეარბიენბის“ დამფუძნებლებმა. მას შემდეგ არ წყდებოდა მეილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველას აინტერესებდა, როდის გაჩნდებოდა მსგავსი საიტი მის ქალაქსა თუ ქვეყანაში. ჯო გებია ამბობს, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო ყველაფერი: 

„ამ მომენტში ჩვენ დავიწყეთ ბრეინშტორმინგი, იმის გადასაწყვეტად თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საიტის საერთაშორისო ვერსია. ყველაფერი მიდიოდა ბაზრის ჩვენეული კვლევის შედეგებისკენ. ხალხი ჩვენგან ითხოვდა, რომ ჩვენ შეგვექმნა საიტი მათთვისაც. საბოლოო ჯამში საკუთარი ამოცანების მოგვარებასთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ სხვების პრობლემების მოგვარებაც. პროფესიონალური თვალსაზრისით, ჩვენ ვიყავით ისეთ წერტილში, როდესაც ყველაფრისთვის მზად ხარ, რათა შენი იდეა განახორციელო. მოუთმენლობა გვიპყრობდა ისე თითქოს ატრაქციონ „ამერიკული მთების“ რიგში ვიდექით. ჩვენ არ ვიცოდით რა იქნებოდა წინ, მაგრამ მზად ვიყავით მოძრაობის დასაწყებად“. 

2008 წელს ბრაიან ჩესკიმ და ჯო გებიამ თავიანთ სტარტაპში მიიწვიეს ძველი მეზობელი, ინჟინერი ნათან ბლეჩარზიკი ბინების რეგისტრაციისა და გაქირავების პლატფორმის შესაქმნელად. „ეარბიენბის“ ვებსაიტის გაშვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას დაემთხვა, უფრო ზუსტად კი დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენტს. მაშინ ის პერიოდი იყო, როდესაც კვლავ პრობლემას წარმოადგენდა სასტუმროებში თავისუფალი ნომრების შოვნა და `ეარბიენბის~ დამფუძნებლებმა საარჩევნო კამპანიის ბევრი მონაწილე დააბინავეს. მოგვიანებით დემოკრატიული პარტია სიკეთეს სულაც არ უპასუხებს სიკეთით და საარჩევნო კამპანიისას ჰილარი კლინტონი „ეარბიენბის“ შეზღუდვისა და მკაცრი რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოვა. მაგრამ „ეარბიენბის“ შევიწროების მცდელობების განხილვამდე ჯერ იმ შესაძლებლობების შესახებ გავამახვილებთ ყურადღებას, რომელსაც ეს პლატფორმა მსოფლიოს მასშტაბით რიგით ადამიანებს, მათ შორის ქართველებსაც აძლევს. 

როგორ მუშაობს AIRBNB 

ეს სისტემა უბრალო მოქალაქეებს მინიმალური დანახარჯებით მოგზაურობის საშუალებას აძლევს. მასში თავ-მოყრილია 191 ქვეყნის 65 ათასი ქალაქის 3 მილიონზე მეტი შეთავაზება. 2008 წლიდან დღემდე საიტი 150 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა და მათ იაფად და კომფორტულად მოგზაურობის საშუალება მისცა. თავად სისტემა შემოსავალს აპარტამენტების დაჯავშნიდან საკომისიო მოსაკრებლით იღებს, რომელიც ქვეყნების მიხედვით 1-დან 6 პროცენტამდე მერყეობს. მაგრამ ტურისტების მომსახურების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობა, რომელიც უძრავი ქონების მესაკუთრეს თუ არენდატორს ეძლევა. „ეარბიენბის“ სისტემით შესაძლებელია არა მხოლოდ კარგად გარემონტებული აპარტამენტის გაქირავება, არამედ მთის ქოხითა თუ სვანური კოშკით მოგზაურთა დაინტერესება და შემოსავლის მიღება. რაც მთავარია, ეს ძალიან მარტივად ხდება. საიტზე უძრავი ქონების გამოქვეყნებისთვის არ არის საჭირო რაიმე საბუთების წარდგენა ან ხელშეკრულებების გაფორმება აუცილებელია გასაქირავებელი ოთახების რაც შეიძლება ხარისხიანი ფოტოები, თქვენივე საკუთარი თუ დაქირავებული ფართის სათანადო აღწერა. მაგალითად, გაქვთ თუ არა ინტერნეტი, წყლის მადუღარა, აბაზანა ან შხაპი და ასე შემდეგ. 

ასეთმა სიმარტივემ ბევრ რიგით მოქალაქეს ბიზნეს-ინიციატივის გამოჩენის საშუალება მისცა, ზოგმა საკუთარი ბინა გამოიტანა „ეარბიენბიზე“, ზოგმაც სპეციალურად იჯარით აიღო რამდენიმე აპარტამენტი და ახლა ტურისტებზე აქირავებს დღიურად. ამ საქმეს 2 წლის წინ ხელი მოჰკიდა თბილისში მცხოვრებმა ქალბატონმა ნინომ, რომელიც ახლა ერთდროულად ორ აპარტამენტს ამუშავებს. 

ნინო ამბობს, რომ რთულმა ფინანსურმა მდგომარეობამ აიძულა საკუთარი ძველი ბინა, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს და რომელსაც ადრე სტუდენტებზე აქირავებდა, უცხოელი ტურისტებისთვის მოემზადებინა. მარტივი კოსმეტიკური რემონტის შემდეგ ფოტოები ბევრ ტურისტულ საიტზე განათავსა. 

„ჯერ კიდევ ზამთარი იყო როდესაც ფოტოები გამოვაქვეყნე და ტურისტული სეზონისთვის ვემზადებოდი, თუმცა, სხვა საიტებისგან განსხვავებით „ეარბიენბიზე“ აპარტამენტის ინფორმაციის დადებისთანავე 3 ჯავშანი მოვიდა, საერთო ჯამში დაახლოებით 500 დოლარი. მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე მუშა და სასარგებლო საიტი. მას შემდეგ ამ საიტის მეშვეობით კარგი შემოსავალი გამიჩნდა, ვალდებულებებსაც ვისტუმრებ და მშვიდადაც ვცხოვრობ“. 

ნინოს მსგავსად ბევრმა თბილისელმა გაიჩინა შემოსავლის კარგი წყარო. ტურისტულ უბანში 1-ოთახიანი ბინის 2-4 ტურისტზე გაქირავებით ისინი საშუალოდ ყოველთვიურად 700-1000 აშშ დოლარს იღებენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც გაცილებით დიდი ფართი აქვთ და ორ-სამჯერ მეტ თანხას აგროვებენ. თუმცა, ტურისტული სფერო არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში განთავსებული ქონების მესაკუთრეებს თუ მოიჯარეებს აძლევს შემოსავლის შანსს. მაგალითად, ნუცუბიძის ქუჩაზე, მეტრო „დელისთან“ ერთ-ერთი კერძო სახლის მესაკუთრეს „ეარბიენბიზე“ გამოქვეყნებული აპარტამენტი თითქმის სულ შევსებული აქვს რომლის ფასიც დიდად არ განსხვავდება ტურისტული უბნების აპარტამენტების ფასებისგან. 

უცხოელ ტურისტებზე ბინების გაქირავების საქმეში ჩართული მოქალაქეები ამბობენ, რომ წარმატებისთვის მთავარია საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, ზრუნვა სტუმრებზე და მასპინძლის როლის სიყვარული. ვისაც ეს თვისებები აქვს და ბიზნეს-ინიციატივის უნარიც შესწევს, მათ ბინების გაქირავების ყველაზე პოპულარული საიტი ბიზნესის განვითარებისა და გამდიდრების საშუალებას აძლევს. 

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ბევრი მოქალაქე იჯარით იღებს რამდენიმე აპარტამენტს, 4-6 ბინას, რაც შემოსავალს თითქმის აათმაგებს. ამ შესაძლებლობას საზღვარგარეთ, საქართველოზე უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში, ალღო კარგად აუღეს რიგით მოქალაქეებზე მეტი ფინანსური შესაძლებლობის მქონე კომპანიებმა. ისინი დიდი რაოდენობით ბინების მესაკუთრენი ხდებიან და ძველ საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსებს ტურისტულ აპარტამენტებად აქცევენ ხოლმე. ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ კონკურენტებს, ძირითადად სასტუმროების საერთაშორისო ქსელებს და რეგულაციების მოყვარულ ბიუროკრატიას, რომელთა შესახებაც ქვემოთ გავამახვილებთ ყურადღებას. 

AIRBNB-ის მოწინააღმდეგენი 

ამჟამად Airbnb-ის ღირებულებას ინვესტორები 30 მილიარდ დოლარად აფასებენ, მაშინ როდესაც სასტუმროების ცნობილი ქსელის „ჰილტონის“ საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 19 მილიარდია, ხოლო „მარიოტის“ – 35 მილიარდი. „ეარბიენბის“ აღმასრულებელი დირექტორის – ბრაიან ჩესკის განცხადებით, კომპანია 1 წლის შემდეგ მზად იქნება აქციების ბირჟაზე განსათავსებლად, რაც მას განვითარების კიდევ უფრო მეტ საშუალებებს მისცემს. ამ მომენტისთვის კომპანიის მოგებამ 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რასაც ემატება 1-მილიარდიანი საკრედიტო ხაზიც. ეს ყველაფერი კი მოსვენებას არ აძლევს ტრადიციულ სასტუმროებს, რადგან ბინების გაქირავების სერვისი საკუთარ წესებს კარნახობს. მაგალითად აშშ-ში საზეიმო დღეებში „ეარბიენბის“ კონკურენციის გამო სასტუმროები იძულებულნი არიან ფასები შეამცირონ ადრინდელისგან განსხვავებით, როდესაც ისინი მსგავს სიტუაციაში ერთი-ორად მაღალ ფასს აწესებდნენ. ფასების ვარდნის გარდა სასტუმროებს ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვა აშინებთ, რომელსაც რიგითი მოქალაქეები იკავებენ „ეარბიენბის“ მეშვეობით. 

ბინების დღიურად გაქირავების საიტის კრიტიკა მაღალი ტრიბუნიდან ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიისას გაისმა. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი შრომითი უფლებებისა და მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობის გამო წუხდა. ეს წუხილი საქმედ აქცია ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ასევე დემოკრატმა ენდრიუ კუომომ. მის მიერ გამოცემული კანონის მიხედვით უზარმაზარი ჯარიმები დაწესდა მათთვის, ვინც „ეარბიენბიზე“ ბინას აქირავებს ადგილობრივი ყოფა-ცხოვრების წესების დარღვევით. იმისთვის, რომ ნიუ-იორკში ბინა ჩვეულებრივი გზით დაიქირაოთ, საჭიროა ათასგვარი საბუთი, მათ შორის ცნობა საკრედიტო ისტორიის შესახებ, ანუ ის რომ გადახდისუნარიანი ხართ, ცნობა წინა ბინის პატრონისგან და ასე შემდეგ. `ეარბიენბი“ კი ბინების ამ ცნობების გარეშე გაქირავების საშუალებას იძლევა. 

ჩინოვნიკებმა რეგულაციებიც არ იკმარეს და მაგალითად, აშშ-ში სამი სენატორის მიმართვის საფუძველზე ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ბინების დღიურად გაქირავების სერვისი უძრავი ქონების ფასის ზრდაზე. მოკლედ „ეარბიენბის“ უძრავი ქონების გაძვირებასაც აბრალებენ. 

ეს ორი ფაქტი გასული წლის მიღწევებად გამოაცხადა ამერიკის სასტუმროების ასოციაციამ ერთ-ერთ ბოლო შემაჯამებელ თავყრილობაზე. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, სასტუმროები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და დაგეგმილია „ეარბიენბის“ დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია. 

მოგვიანებით, ნიუ-იორკის გუბერნატორს მიბაძეს ლონდონის, ბერლინისა და სხვა დიდი ქალაქების ბიუროკრატებმა. მაგალითად, ბერლინის ხელისუფლებამ დააწესა რეგულაცია, რომლის მიხედვით ბინების მოკლე ხნით გაქირავება იზღუდება. ხოლო სულ ახლახანს, ბარსელონის თვითმართველობამ ბინების გამქირავებლებს სტუმრების გადასახადი 10 პროცენტამდე გაუზარდა, მაშინ როდესაც სასტუმროების დიდი და ცნობილი ქსელებისთვის ანალოგიური გადასახადი 1 პროცენტის ფარგლებშია. 

მარტივი დასანახია, რომ ამ რეგულაციებით ზარალს განიცდის რიგითი მოსახლეობა, რომელსაც „ეარბიენბის“ მეშვეობით დამატებითი შემოსავლის ან სულაც გადარჩენის საშუალება მიეცა. ასევე ზარალდებიან მოგზაურებიც, რომლებსაც ბინების გაქირავების საიტმა იაფად მოგზაურობის დიდი შესაძლებლობა მისცა. ამ ყველაფრის საპირისპიროდ კი, ბიუროკრატია თუ მსხვილი სასტუმროები საკუთარი თამაშის წესებს ამკვიდრებენ. და ეს ყველაფერი კეთდება ვითომდაც მკვიდრი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომლებსაც თურმე მეზობელ ბინებში უცხო მეზობლების ხშირი ცვლა აწუხებთ, ან კიდევ, მათი ბინების ფასმა ერთი-ორად მოიმატა. 

სასტუმროების ტრანსნაციონალური ქსელებისა და მთავრობის მხრიდან გამოცხადებული ომის მიუხედავად „ეარბიენბი“ გაჩერებას არ აპირებს და სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ეს კომპანია წელს პირველად გავიდა საოპერაციო მოგებაზე და პროგნოზების მიხედვით მთელი წელი ასე გაგრძელდება. 

უცხოეთისგან განსხვავებით რეგულაციები არ ზღუდავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც „ეარბიენბის“ მეშვეობით ბინების გაქირავების სურვილი აქვთ. ვებსაიტი მათ ბონუსებითაც კი აჯილდოვებს, ემსახურება უფასო პროფესიონალი ფოტოგრაფით და საუკეთესო მასპინძლებს, რომლებიც სტუმრების მაღალი შეფასებების მიხედვით დგინდება „სუპერჰოსტის“ სტატუსს ანიჭებს. ეს კი უფრო მეტი სტუმრის ყურადღებას და უფრო მეტ შემოსავლის მიღებას ნიშნავს. 

ეს საიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ყველაზე მივიწყებულ კუთხეშიც კი უძრავი ქონების გაცოცხლებისა და ამუშავების შანსს იძლევა. მით უმეტეს, რომ სისტემას დაემატა ახალი სერვისი, რომელიც სხვადასხვა პროფესიების ხალხს თავიანთი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს. მზარეულებს, მკერავებსა თუ უბრალოდ ღვინის მოყვარულებს სტუმრებისთვის თავიანთი ცოდნის გაზიარება სარფიანად დაუფასდებათ. სამწუხაროდ, ეს სერვისი საქართველოზე ჯერჯერობით არ ვრცელდება, მაგრამ ახლო მომავალში, წესით, უკვე ქართველებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. 

„ეარბიენბის“ გამოჩენამ ბევრი ააფორიაქა და მუშაობის სტილის შეცვლისკენ უბიძგა. მაგალითად, სასტუმროების დაჯავშნის ცნობილმა სერვისმა Booking.com-მა სასტუმროებთან ერთად აპარტამენტების (ბინების) განთავსების სისტემაც შექმნა, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის უძრავი ქონების მფლობელთათვის თუ უბრალოდ ბიზნეს-ინიციატივის მქონე მოქალაქეებისთვის. 

კახა მჭედლიძე 
რადიო `თავისუფლება~