ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
AMERICAN EXPRESS-ის ისტორია - #2(51), 2017
American Express ამერიკული დივერსიფიცირებული კორპორაციაა, რომელიც საერთაშორისო საქმიანი და კერძო ტურიზმის, ფინანსური მომსახურების და ელექტრონული კომერციის ბაზრებზე ოპერირებს, მომსახურეობას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. იგი არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფირმა, რომელმაც ანგარიშსწორების სისტემა პლასტიკური ბარათების ბაზაზე შექმნა და პირველი კომპანია, რომელიც `საგზაო ჩეკების~ ემიტენტი გახდა. `ნაღდი ფულით გადაიხდით თუ საკრედიტო ბარათით?~ – მაღაზიების გამყიდველთაგან, სასტუმროების, რესტორნების, ბენზინგასამართი სადგურების ავიასალაროების მომსახურეთაგან ამჟამად ჩვეულებრივად ქცეული შეკითხვა პირველად კლიენტებს სულ რაღაც 50 წლის წინ დაუსვეს, რის შემდეგაც გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ცივილიზებული სამყარო პრაქტიკულად `საზოგადოებად ნაღდი ფულის გარეშე~ გადაიქცა.

ანგარიშსწორების პლასტიკური ბარათების შექმნადა გამოყენება თავის დროზე ტურიზმში პატარა რევოლუციის მოხდენის ტოლფასი იყო. კომპანია American Express 1850 წლის 18 მარტს ნიუ-იორკში, ჰენრი უელსის, უილიამ ფარგოსა და ჯონ ბატერფილდის სატრანსპორტო კომპანიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, რომლებიც საპორტო ქალაქებიდან – ნიუ-იორკიდან და ბუფალოდან
ქვეყნის შიგნით საქონლის გადაზიდვებს ახორციელებდნენ. ამ კომპანიის განკარგულებაში, ამერიკის მასშტაბით, 10 შტატში 900 ოფისი იყო. ორი წლის შემდეგ, იმავე უელსმა და ფარგომ, კალიფორნიაში Wells Fargo & Company შექმნეს.
 
1850 წელს, `შერიგების~ ხელშეკრულება ორმა ამერიკულმა საკურიერო სამსახურმა Wells Fargo & Company და Butterfi Eld, გარკვეული ვადით დადეს. მათ მანამდე ერთმანეთი დაუნდობელი დემპინგური ომით თითქმის
გაკოტრებამდე მიიყვანეს. ამ `შერიგების~ დასრულების შემდეგ, კომპრომისის შედეგად, კომპანია American Express Company შეიქმნა, რომელიც შემდგომში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკურიერო სამსახურად გარდაიქმნა, ხოლო მისმა დამაარსებლებმა გადაწყვიტეს კომპანიისთვის სიცოცხლე სახელწოდების დატოვებით შეენარჩუნებინათ. დაშლის შესახებ პუნქტის დაცვა მათ მაინც მოუწიათ: პარტნიორებმა ამ კომპანიის ქონება მთლიანად გაყიდეს.

1864 წელს, American Express-მა ისეთი საფოსტო გზავნილების სახეობა შექმნა, რომელიც კლიენტებს ნაღდი ფულის გადაგზავნის საჭიროებისგან ათავისუფლებდა: ფულადი გზავნილის განაღდება მიღების ადგილზე გახდა
შესაძლებელი. ეს ნაბიჯი სწორი გამოდგა. American Express-ის რეპუტაცია იმდენად უნაკლო და უმწიკვლო აღმოჩნდა, რომ 20 წლის შემდეგ, ამ კომპანიის ახალ ინფრასტრუქტურაში ამერიკის 19 შტატში 4 ათასი ოფისი შედიოდა. კომპანიის კლიენტებს, რომლებიც American Express-ის არხებით წერილებს, ამანათებს, კონვერტებს ფულით აგზავნიდნენ, ეძლეოდათ გარანტია, რომ იმ დროისთვის შესაფერისი სისწრაფით ადრესატამდე კონფიდენციალობის
სრული დაცვით გაიგზავნებოდა. სულ მალე, American Express-ს ახალი ძლიერი კონკურენტი ამერიკის ფედერალური საფოსტო სამსახურის სახით გამოუჩნდა.

1868 წელს ეს კომპანია თავის ძირითად კონკურენტთან, Merchants Union-თან გაერთიანდა და სახელწოდება American Merchants Union Express Co. მიიღო. 1873 წელს, სახელწოდება შემოკლდა და American Express Company უწოდეს. მას 1881 წლამდე (გარდაცვალებამდე) უილიამ ფარგო ხელმძღვანელობდა. იგი მისმა ძმამ, ჯეიმს ფარგომ (1829-1915) შეცვალა. ერთ-ერთი საბანკო საფინანსო პროდუქტი, რომელმაც მისი ტრანსფორმირება ასე კარდინალურად მოახდინა, გახლავთ საკრედიტო ბარათი American Express. 1880-იან წლებში, კომპანია American Express-ის პრეზიდენტი ჯეი სი ფარგო ევროპაში დასვენების მიზნით ჩავიდა. იგი გაოგნებული დარჩა იმით, რომ ამ მოგზაურობის დროს ფულის მისაღებად საკრედიტო წერილების გამოყენებასთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდა.ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, გადაზიდვების განყოფილების მეთაურს საკრედიტო წერილების საუკეთესო ალტერნატივის შექმნა დაავალა. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზად American Express-ის`საგზაო ჩეკი~ მიიჩნიეს. კომპანია American Express ამ სიახლეს ძალზე ფრთხილად შეხვდა, რადგანაც საფოსტო ფულადი გზავნილის დოკუმენტის გაყალბება ადვილად იყო შესაძლებელი.

ამავე კომპანიის ახალმა პრეზიდენტმა ჯეი სი ფარგომ მხოლოდ 1881 წელს დაავალა საკუთარ ხელქვეითებს, რომ მათ ფულადი გზავნილების კორპორატიული ბლანკი შეექმნათ, რომელიც გაყალბებისგან იქნებოდა დაცული. იგი ევროპაში მოგზაურობის შემდეგ გაოგნებული დაბრუნდა
ამერიკაში და მარსელიუს ბერის, ამავე კომპანიის თანამშრომელს მიმართა: `თუ American Express-ის პრეზიდენტს აკრედიტივებთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები შეექმნა, წარმომიდგენია მოგზაური როგორ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. რაღაც უნდა შევცვალოთ, მარსელუს~.

საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში, ამერიკის საზღვრებს გარეთ American Express-ს საკუთარი განყოფილებები არ ჰქონდა გახსნილი, ხოლო ამერიკის ბანკისაგან ფულის მიღება ევროპის მხოლოდ რამდენიმე დედაქალაქში იყო
ხელმისაწვდომი. მანამდე, დასახულ ამოცანას American Express-ში მარსელუს ბერიმ ბრწყინვალედ გაართვა თავი. ამ ბარათის პროტოტიპი (სხვა საკრედიტო ბარათების მსგავსად), იყო `საგზაო ჩეკები~, რომელიც ამ კომპანიამ 1891 წელს შექმნა. იმ დროისთვის, კომპანიის შექმნის ისტორია უკვე 40 წელს ითვლიდა, თუმცა, მისი შემქმნელები თავიდან ვარაუდობდნენ, რომ მათი `შვილობილი~ მხოლოდ 10 წელი იარსებებდა. 1895 წელს, ამავე კომპანიამ
პარიზში პირველი ევროპული, 1896 წელს ბრიტანეთში, ხოლო 1898 წელს გერმანიაში კიდევ ორი განყოფილება გახსნა.

თავდაპირველად, კომპანიამ საფოსტო ფულადი გზავნილებისთვის საკუთარი ბლანკების გამოყენება კონკურენტთან შედარებით უფრო დაბალ ფასად დაიწყო.
ამ ფულადი გზავნილების განაღდება American Express-ის ნებისმიერ ოფისში იყო შესაძლებელი. 1891 წელს, მარსელუს ბერიმ კომპანიის პრეზიდენტისგან ზოგადი მითითებების მიღების მიუხედავად, კვლავ ბრწყინვალედ აღასრულა დასახული ამოცანა. შექმნა ახალი ფინანსური პროდუქტი, რომელმაც `საზოგადოებას ნაღდი ფულის გარეშე~ ჩამოყალიბებას დაუდო სათავე. ბერიმ `საგზაო ჩეკის~ კონცეფცია და დიზაინი დამოუკიდებლად შექმნა, რომელიც
დღემდე პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. American Express-მა10, 20, 30, 50, 100 დოლარის ნომინალის `საგზაო ჩეკები~ გამოუშვა. მისი გაყალბებისგან დაცვა მარტივად და გენიალურად იყო უზრუნველყოფილი: ჩეკის შესყიდვის
შემდეგ, კლიენტი American Express-ის თანამშრომლის თანდასწრებით მის მარცხენა მაღალ კუთხეში საკუთარ ხელმოწერას ტოვებდა, განმეორებით იგივეს უკვე ამავე ჩეკის განაღდების შემდეგ აკეთებდა. ახალი ბიზნესის დასაწყისი ჩუმი და შეუმჩნეველი იყო: პირველ წელიწადს კომპანიამ 9120 დოლარის საერთო ღირებულების 248 ჩეკი გაყიდა. ნელი სტარტის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ჩეკის მეშვეობით ფულის მიღება შესაძლებელი მხოლოდ ამ კომპანიის
ოფისებში იყო შესაძლებელი, რომელიც ამერიკის მხოლოდ ერთ ნაწილში მოქმედებდა. პრობლემა ძალიან ოპერატიულად გადაწყდა: ხელშეკრულებები ბანკებთან და სასტუმროებთან ძალიან სწრაფად გაფორმდა. უკვე 1892 წლისთვის იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომლებიც ანგარიშსწორებისთვის `საგზაო ჩეკებს~ იღებდნენ, American Express-ის საფირმო ბროშურის 14 გვერდზე განთავსდა, ხოლო თვით გაყიდული ჩეკების მოცულობამ 483 490 დოლარი შეადგინა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, კომპანიის განყოფილებები არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ეგვიპტესა და ინდოეთში გაიხსნა.

1909 წლისთვის, გაყიდული `საგზაო ჩეკების~ წლიურმა მოცულობამ უკვე (მაშინ ფანტასტიკურ) 23 მილიონ დოლარს მიაღწია. შედეგი იყო ძალიან მაღალი, რადგანაც კომპანიისთვის სატვირთო გადაზიდვები მთავარი მიმართულება იყო, რის შემდეგაც `საგზაო ჩეკების~ მიმართ American Express-ში სერიოზული დამოკიდებულება გამოამჟღავნეს. ამ საფინანსო პროდუქტს კომპანიისთვის ძალზე სასიამოვნო თვისება აღმოაჩნდა: ჩეკის შეძენასა და მის განაღდებას შორის გარკვეული პერიოდი (ვადა) გადიოდა. გამოდიოდა, რომ კლიენტები ნატურალური სახით ამ კომპანიას მოკლევადიან უპროცენტო სესხს აძლევდნენ.
 
კომპანიის ხელმძღვანელობამ ფულის ამ გზით მიღების ასეთი შესანიშნავი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. ეს საფინანსო ინსტიტუტი წესისამებრ, საკუთარ კაპიტალს სახელმწიფო ობლიგაციებში აბანდებდა. განსაკუთრებულ
ყურადღებას სხვა ფასიან ქაღალდებს იშვიათად აქცევდა. მოვლენებს წინ თუ გავუსწრებთ, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისთვის, ამ `საინვესტიციო ფონდის~ მოცულობა უკვე 1 მილიარდ დოლარს აღწევდა. 1914 წლის ზაფხულის განმავლობაში, ევროპაში ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 150 000 ამერიკელი ტურისტისთვის ფულის მიღება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში შეუძლებელი აღმოჩნდა. ბანკებმა უცხოური საკრედიტო წერილების, ან სხვა ფორმების მიხედვით ფულის გაცემა
შეწყვიტეს. შეშინებულმა ტურისტებმა American Express-ის ოფისებთან გრძელი რიგები შექმნეს. კომპანიას ურთულესი სიტუაციის მიუხედავად, მაინც აღმოაჩნდა უნარი მოგზაურთა ყველა ჩეკი ნაღდ ფულზე გადაეცვალა, სრულყოფილად გაეცა ფულადი გზავნილები და ათასობით ადამიანს შინ დაბრუნების სწრაფი საშუალება გაუჩნდა. შინ დაბრუნების იმედი იმ მოგზაურებსაც გაუჩნდათ, რომლებიც ფულის გარეშე დარჩნენ: American Express-ისა და ცხრა ამერიკული ბანკისაგან შედგენილი კონსორციუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ევროპაში 10 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო იმისთვის გაიგზავნა, რომ ადგილობრივ ბანკებს საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება, უცხოური პროექტების ფინანსური მხარდაჭერა შეძლებოდათ.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, American Express სხვა სახის მომსახურეობასაც ახორციელებდა. ეს კომპანია ოფიციალურად დაინიშნა ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლად ჰუმანიტარული დახმარების პაკეტების, წერილებისა და ფულის ბრიტანელი სამხედრო ტყვეებისთვის გერმანიაში მისაწოდებლად. საბოლოო ჯამში, კომპანია American Express ბრიტანელ სამხედრო პატიმრებს ბულგარეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და თურქეთში ყოველდღიურად 150 ტონა პაკეტს აწვდიდა.

American Express საერთაშორისო `სამოგზაურო ბიზნესში~ ოფიციალურად და სრულყოფილი ფორმით მხოლოდ 1915 წლიდან ჩაერთო. ათწლეულების განმავლობაში, ეს კომპანია ტურისტულ ტურებს ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, შორეულ აღმოსავლეთში, ინდოეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდა. American Express-ის კონცეპტუალური შეხედულებანი
ტურისტული ბიზნესის თაობაზე ახალმა პრეზიდენტმა ფრედერიკ სმოლმა ჩამოაყალიბა: `ვერ შემოვიფარგლებით ტურისტისთვის ბილეთისა და `სამოგზაურო ჩეკის~ გაცემით. არასაკმარისია მისი პორტში ვარდების
თაიგულით გაცილებაც. ჩვენ მას მთელი მოგზაურობის განმავლობაში უნდა მოვემსახუროთ~.

ამ კონცეფციის შესაბამისად, კომპანიამ მოგზაურებს მომსახურების მთელი პაკეტი შეთავაზა: ტურის დაჯავშნა, ტრანსატლანტიკური კრუიზი და ვალუტის გადაცვლა საკუთარ ევროპულ ოფისებში. 1919 წელს კომპანია The American Express Co. საერთაშორისო საბანკო ოპერაციების განხორციელებისთვის შეიქმნა. იგი მდიდრული მოგზაურობის სინონიმი მას შემდეგ გახდა, რაც 1922
წელს მსოფლიოს გარშემო პირველი, ოთხთვიანი (30 000-მილიანი რეისი Cunard Line-ის ლაინერით) განხორციელდა, ხოლო გაჩერება ამ კრუიზის დროს კუბაში, პანამაში, ჰონოლულუში, იაპონიაში, ჩინეთში, იავას კუნძულზე,
ინდოეთში, ქაიროსა და ხმელთაშუა ზღვაში მოხერხდა.

American Express მსგავს მოგზაურობებზე ყურადღებას შემდეგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაშიც ამახვილებდა. მოგზაურებისთვის ჩეკების გაყიდვამ და ფულადმა გზავნილებმა კომპანიას ისეთი ფინანსური შედეგი
მოუტანა, რომელმაც სრულად გაამართლა ამ მიმართულებით საქმიანობა. საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროპული ტურიზმის განვითარება იყო ყველაზე მარტივი, იმავდროულად ეფექტური საშუალება ფულის ამუშავების
ვადა მაქსიმალურად გაზრდილიყო, რადგანაც ამერიკელი მოგზაური ევროპამდე ჩასვლას დაახლოებით მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ახერხებდა.

ასეთი ეფექტურობის მიუხედავად, ამ კომპანიის პრეზიდენტმა, ჯეი სი ფარგომ საკუთარი თანამშრომლების მიერ ამ მიმართულებით დაფიქსირებულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რადგანაც ბიზნესის დივერსიფიკაციის
სურვილი არ გაუჩნდა. საბოლოო ჯამში, 1929 წლისთვის, კომპანია American Express უდიდეს ამერიკულ ტურისტულ სააგენტოდ მაინც გარდაიქმნა და საკუთარი საქმიანობა ევროპაში თანდათან გააფართოვა. ტურისტულ ბიზნესს
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ერთბაშად მოუღო ბოლო. ახალი სირთულეების წარმოქმნის მიუხედავად, American Express-მა იგი `სამოგზაურო ჩეკის~ წყალობით დაძლია.`სამოგზაურო ჩეკებს~ ამერიკელი ჯარისკაცები დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ. ომი ჯერ დასრულებული
არ იყო, როცა ფრედერიკ სმოლი გადადგა და კომპანიის მეთაური რალფ რიდი გახდა. ამ უკანასკნელისთვის ტურიზმი ცხოვრების აზრი იყო. მას ფუფუნებით მოგზაურობა, ევროპელ ელიტასთან ურთიერთობა, საგაზეთო ფოტოებით თავის მოწონება ძალიან უყვარდა. ერთი სიტყვით, რიდი ხმაურიანი ამერიკელი ტურისტების ნამდვილი ლიდერი გახლდათ. ბუნებრივია ისიც, რომ ამ კომპანიისთვის ტურისტული ბიზნესი პრიორიტეტულ მიმართულებად ომის დასრულების შემდეგაც გახდა. იგი ევროპაში მოგზაური ამერიკელი ტურისტებისთვის `საკუთარი სახლი სახლისგან მოშორებით~ გახდა. ეს
გადაჭარბება სულაც არ გახლავთ: მაგალითად, 1950‑იან წლებში, American Express-ის პარიზულ ოფისს ყოველდღიურად 12 ათასი ამერიკელი ტურისტი სტუმრობდა. ისინი აქ იღებდნენ კორესპონდენციებს, ჯავშნიდნენ ტურებს,
ანაღდებდნენ `სამოგზაურო ჩეკებს~, იღებდნენ ყველა სახის კონსულტაციებს უცხო ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ. ფარგო და რიდი, ამ კომპანიის პრეზიდენტები ერთმანეთს იმაში დაემსგავსნენ, რომ სიახლეების დანერგვას
არ ჩქარობდნენ. პირველმა თავის დროზე ფულადი გზავნილების დანერგვაზე განაცხადა უარი, ხოლო მეორემ 1946 წელს შეთავაზებული კლიენტებისთვის
ახალი სახეობის მომსახურების დანერგვის იდეა უარყო, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: დეპოზიტური ანგარიშის გახსნის შემდეგ, ისინი იღებდნენ სპეციალურ ბარათს, რისი მეშვეობითაც მასზე დარიცხული თანხის
ფარგლებში დანახარჯის დაფარვა ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე შეეძლოთ. თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, კლიენტებს მაშინ სადებეტო ბარათს თავაზობდნენ.

ამის მიუხედავად, სპეციალური ბარათის გამოყენებით უნაღდო ანგარიშსწორების იდეის განხორციელებამდე ცოტა დრო რჩებოდა. 1950 წელს, ორმა ბიზნესმენმა –ფრენკ მაკნამარამ და რალფ შნაიდერმა ფართო საზოგადოებას ბარათი Diners Club წარუდგინეს. ამ კლუბის წევრობისთვის
წელიწადში 3 დოლარის გადახდა იყო საჭირო. ამის სანაცვლოდ, კლუბის წევრი იღებდა ბარათს, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევდა დანახარჯი
იმ რესტორნებში დაეფარა, სადაც ამ ბარათს 10%-იანი ფასდაკლებით იღებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს დისკონტური (ფასდაკლების) ბარათის კლასიკური მაგალითი იყო.

რესტორნები აქტიურად ემსახურებოდნენ მსგავსი ბარათების მფლობელებს, რადგანაც თვლიდნენ, რომ 10%-იანი ფასდაკლების სხვაობას კლიენტთა რაოდენობის გაზრდის ხარჯზე დაფარავდნენ. მათი ვარაუდები და
გამოთვლები სრულად გამართლდა: 1955 წლისთვის, Diners Club-ში ამ ბარათის 200 ათასმა მფლობელმა რესტორნებში 20 მილიონი დოლარი დახარჯა. საკუთარი ბარათები ასევე შემოიღეს სასტუმროთა ამერიკულმა ასოციაციამ, ავტომობილების გაქირავებისფირმებმა Avis-მა და Hertz-მა, ასევე რესტორანთა ასოციაცია Gourmet-მა. რალფ რიდმა მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, როდესაც კომპანია American Express `საბარათე~ ბიზნესის გზას უნდა დაადგეს. ნულიდან საქმის დაწყება სარისკო იყო, ამიტომაც რიდმა უკვე არსებული კომპანიის შემოერთება-ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც საკრედიტო ბარათებით ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა. იმ დროისთვის, American Express-ის შენაძენი გახდა American Hotel Association (150 ათასი ბარათით) და Gourmet (40 ათასი ბარათით).

ახალ ბაზარზე გასვლამდე, კომპანია American Express-მა გადაწყვიტა წლების მანძილზე დაგროვილი საკუთარი ორი უპირატესობიდან (სახელწოდება და გამოცდილება) სხვა კონკურენტი ფირმებისთვის დაეპირისპირებინა და
მაქსიმუმი შედეგი მიეღო. 1957 წელს ამ კომპანიამ მარკეტინგული კამპანია დაიწყო, რისი წყალობითაც სახელწოდება American Express კიდევ უფრო პოპულარული გახდა. საკუთარი მომავალი პროდუქტის წარდგენისას,
კომპანიამ ზუსტად მოარტყა მიზანში: იმ მომენტამდე, 200 ათასზე მეტი ამერიკელი `საგზაო ჩეკებით~ სარგებლობდა. მათ თანხმობა გამოთქვეს იმ ბარათის შეძენაზე, რომელის გამოტანასაც კომპანია ბაზარზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აპირებდა. American Express-ის მიერ წინა წლების განმავლობაში მოპოვებულმა საქმიანმა რეპუტაციამ, მისმა კავშირებმა სხვადასხვა ფირმებთან თავისი როლი ბუნებრივია, ითამაშა. ამ კომპანიასთან თანამშრომლობისსურვილი ისეთმა კომპანიებმა გამოთქვეს, რომლებმაც მანამდე საკრედიტო ბარათების სხვა ოპერატორები უარით გაისტუმრეს, რადგანაც არ სურდათ საკუთარი ავტორიტეტისთვის ზიანი მიეყენებინათ. ასეთები იყვნენ იმ დროისთვის უკვე ლეგენდად ქცეული რესტორნების შემქმნელი ტუტსი შორი, პარიზული Maxim’s და ლონდონური Dorchester Hotel.

1958 წლის 1 ოქტომბრისთვის (როცა საზოგადოებას American Express-ის იისფერი ბარათი წარუდგინეს), მის შეძენაზე თანხმობა ამერიკასა და ევროპაში მომსახურების სფეროს 17 500 დაწესებულებამ განაცხადა. კომპანიის მიერ გამოშვებულმა პირველმა ბარათმა რალფ რიდი ოპტიმიზმით აავსო. `ჩვენ გამოვათავისუფლებთ ამერიკელთა საფულეებს მრავალი საკრედიტო ბარათისგან. იმავდროულად, ნაღდ ფულსაც American Express ჩაანაცვლებს~, – განაცხადა მან 1958 წელს. საბარათე ბიზნესს ამ კომპანიისთვის მოგება უნდა მოეტანა, მაგრამ შემდეგი სამი წლის განმავლობაში მხოლოდ იზარალა, თუმცა, პროგნოზის მიხედვით, 1959 წელს, მოგება 1 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. სტარტის ჩავარდნის მთავარი მიზეზი American Express‑ის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, რალფ ოუენმა `ხატოვნად~
წარმოადგინა: `ჩვენ დავუშვით ყველა შეცდომა, რისი დაშვებაც კი იყო შესაძლებელი~.

კომპანია American Express-ს არ აღმოაჩნდა უნარი, რომ 750 000 კლიენტისგან ანგარიშსწორების ვადები გაეკონტროლებინა. აღრიცხვიანობის ავტომატიზირებისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენაზე დიდი ფული დაიხარჯა, მაგრამ გაირკვა, რომ ამ მიზნისთვის იგი სრულიად გამოუყენებელია. მთავარი პრობლემა მაინც ამ კომპანიაში
არსებული მენეჯმენტის დაბალი დონე იყო, რომელიც ცვლილებებს აუცილებლად მოითხოვდა. ჩვეულებისამებრ, რიდი დაგროვებული პრობლემების გადასაწყვეტად მთავარი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობდა. სწორედ ამიტომ, ამავე კომპანიის დირექტორთა საბჭომ, 1961 წელს კომპანიის ხელმძღვანელის ტურისტული ვოიაჟით ისარგებლა და იგი დაკავებული პოსტიდან გადააყენა. რიდის მემკვიდრედ კომპანიის მეთაურის პოსტზე 54 წლის ჰოვარდ კლარკი აირჩიეს, რომელმაც კურსი მკვეთრი, ერთი შეხედვით რისკიანი ცვლილებებისკენ აიღო.

ახალი ხელმძღვანელის დავალებით, კომპანიის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ამ კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს, ჯორჯ უოტერსს უნდა შეედგინა. მისი
წინადადებების მიხედვით, ბარათით სარგებლობისთვის დაწესებული ყოველწლიური გადასახადის მოცულობა 6-დან 8 დოლარამდე უნდა გაეზარდათ, რასაც კლარკის გარდა დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი შეეწინააღმდეგა.

უოტერსი მართალი აღმოჩნდა: ასეთმა გადაწყვეტილებამ კლიენტები ვერ შეაშინა, იმავდროულად, კომპანიის შემოსავლები 30%-ით გაიზარდა. გაცილებით სერიოზული იყო კლიენტების მიერ საკუთარი ანგარიშების
შევსების ვადების გადაცილების პრობლემა. Gourmet-ისა და American Hotel Association-ის კლიენტებს შორის გადახდისუუნარო საკმაოდ მრავლად აღმოჩნდა. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა დაეძლიათ, ამიტომაც კლარკმა და უოტერსმა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტეს: მათ იგნორირება გაუკეთეს მანამდე American Express-ის მიერ აღიარებულ მთავარ პრინციპს,
რომლის მიხედვითაც `კლიენტი მუდმივად უნდა წაახალისო და მოეფერო~.

ყველა ბარათის მფლობელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბარათზე ფულის არარსებობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი მოქმედება ანულირებული იქნებოდა. კლარკი და უოტერსი
კიდევ მეტ რისკზე წავიდნენ: კლიენტთა მომსახურებაზე ფასდაკლების 3-დან 7%-მდე გაზრდის შემთხვევაში, იზრდებოდა იმ კომპანიების საპრემიო თანხა, რომლებიც ანგარიშსწორებისთვის ამ ბარათებს მიიღებდნენ. მომსახურების
სფეროს წარმომადგენელთა წინააღმდეგობას კლარკი შემდეგნაირად პასუხობდა: `მოახერხეთ ბარათების მფლობელებს უმაღლეს დონეზე მოემსახუროთ, მაშინ თქვენ ფასების მომატებას და საკუთარი ზარალის კომპენსირებას შეძლებთ. საუკეთესო სერვისის სანაცვლოდ ადამიანები აუცილებლად გადაიხდიან~. ბოლოს ცვლილებები თვით ბარათსაც შეეხო – იისფერი მწვანით შეიცვალა, რომელიც ნაღდ ფულთან უფრო მეტად იყო ასოცირებული. ამას ისიც დაემატა, რომ კორპორატიული პრინციპების კარდინალური ცვლილებები ბრწყინვალე
სარეკლამო კამპანიის დროსაც აისახა, რომელიც American Express‑ისთვის სარეკლამო სააგენტო Ogilvy, Benson & Mather‑მა განახორციელა. საბოლოო ჯამში, ამ კომპანიის მიერ გამოშვებულმა ბარათმა ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი შეიძინა – მისი ფლობა პრესტიჟული გახდა. საკუთარი ადრინდელი პრინციპების დავიწყებამ, ახლის ჩამოყალიბებამ კომპანიას საშუალება მისცა კლიენტების რიცხვი გაეზარდა. კომპანიაში კარგად აუღეს ალღო ადამიანის სწრაფვას პრესტიჟულ ნივთს ფლობდეს. იგი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ელიტისთვის, ხოლო საშუალო კლასს გაუჩნდა სურვილი ადგილი `რჩეულთა წრეში~ დაემკვიდრებინა. ამჟამად, ამ კომპანიის კლიენტურის ამგვარი სახელით მოხსენიება უკვე არაკორექტულად ითვლება, რადგანაც 1966 წლიდან ამავე კომპანიამ კორპორატიული საკრედიტო ბარათების გამოშვება დიდი რაოდენობით დაიწყო, რის შემდეგაც მისი მფლობელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. `უნაღდო ანგარიშსწორების
საზოგადოების~ დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

1960-1980 წლების პერიოდში, American Express-ის საქმიანობის სფერო `მონათესავე~ დარგებში მომუშავე კომპანიების შემოერთების ხარჯზე გაფართოვდა. 1968 წელს, მის შემადგენლობაში კომპანია Fireman’s Fund Insurance Company შევიდა (1985 წელს კვლავ გამოეყო). 1981 წელს შეიძინა დიდი საბროკერო ბიურო Shearson Loeb Rhoades Inc. (გაიყიდა 1993 წელს). 1984 წელს, American Express-ის შემადგენლობაში სადაზღვევო, ერთობლივიფონდებისა და ფინანსური კონსულტაციების კომპანია Investors Diversified Services, Inc. შევიდა. იგი ცალკე კომპანიად Ameriprice Financial, Inc. 2005 წელს ჩამოყალიბდა. 1984 – 1994 წლების პერიოდში, კომპანია American Express-ის შემადგენლობაში საინვესტიციო ბანკი Lehman Brothers შედიოდა. 1990-იანი წლების შუაგულისთვის, American Express-ის 38 მილიონი ბარათის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით, საქონლის შეძენისა და მომსახურებისგან ყოველწლიურმა ბრუნვამ 162 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო `სამოგზაურო ჩეკის~ გაყიდვებისგან შემოსულმა თანხამ 26 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ჯამში აშშ-ის მშპ-ის 3%-ს შეესაბამება.

ამ მომენტისთვის, კომპანია American Express ფინანსური მომსახურების დარგის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, მისი საკუთარი კაპიტალი 20,501 მილიარდი დოლარია, წლიური
ბრუნვა (2016 წელი) – 32,119 მილიარდი, სუფთა მოგება (2016 წელი) – 5,408 მილიარდი დოლარი, აქტივები (2016 წელი) – 158,9 მილიარდი დოლარი, კაპიტალიზაცია (09.04.2017 მდგომარეობით) – 70 მილიარდი დოლარი. ვალი (2016 წელი) 136,4 მილიარდი დოლარია. მისი შვილობილი
კომპანიაა – InteliSpend Prepaid Solutions. American Express Company შემდეგი განყოფილებებისგან შედგება: U.S. Consumer Services – ამერიკაში სამომხმარებლო ბარათების გამოშვება-გაყიდვას ახორციელებს. 2016 წელს ბრუნვამ 11,4 მილიარდ დოლარს, ხოლო სუფთა მოგებამ– 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

International Consumer and Network Services – ბარათებს აშშ-ის
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ უშვებს, ასევე კომპანია– პარტნიორებს ანიჭებს უფლებას სამომხმარებლო ბარათები გამოუშვას. გასულ წელს ბრუნვამ 5,2 მილიარდ დოლარს, ხოლო სუფთა მოგებამ – 655 მილიონ დოლარს მიაღწია.

Global Commercial Services – უშვებს კორპორატიულ ბარათებს და კლიენტებს კომერციულ მომსახურეობას უწევს. ამ კომპანიამ 2016 წელს ბრუნვა 9,2 მილიარდის, ხოლო სუფთა მოგება – 1,9 მილიარდი დოლარის ფარგლებში დააფიქსირა.

Global Merchant Services – ტრანზაქციებს ახორციელებს. შარშანდელი მონაცემების მიხედვით მისი ბრუნვა– 4,5 მილიარდი, ხოლო სუფთა მოგება – 1,5 მილიარდი დოლარია.

2008 წელს, ბრიტანულმა ბანკმა Standard Chartered საერთაშორისო საბანკო განყოფილება American Express Bank Ltd. შეიძინა. კომპანიის კუთვნილებაში ასევე შედიოდა ჟურნალები Travel+Leisure და Food & Wine, რომლებიც
2013 წელს კომპანიამ Time Inc. შეიძინა. 2008 წელს, American Express-ის `საგზაო ბარათების~ გაყიდვების მოცულობის მიხედვით (1 მილიარდ დოლარზე მეტი) მსოფლიო ლიდერი რუსეთის `სბერბანკი~ გახდა. 2014 წელს, American Express-ის ბარათების მიხედვით, ტრანზაქციების მოცულობამ 6,5 მილიარდი დოლარი, ანუ მსოფლიოში, საბანკო ბარათების მეშვეობით განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაციის 3% შეადგინა. 2016 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოში American Express-ის 110 მილიონი ბარათიიყო ბრუნვაში გაშვებული, რომელთაგან 47,5 მილიონს მხოლოდ ამერიკაში იყენებდნენ.

კრედიტების საერთო მოცულობამ იმ პერიოდში 65,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამჟამად, American Express-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორია კენეტ შენო (დაიბადა1951 წლის 2 ივნისს), რომელსაც ეს პოსტი 2001 წლიდან უკავია. იგი ამ კომპანიაში 1981 წლიდან საქმიანობს. მან ბაუდინ-კოლეჯი და ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იგი ასევე შედის უდიდესი კომპანიების IBM-ის და Procter & Gamble-ის მმართველთა საბჭოში.

American Express-ის ფინანსური პროდუქტები და ბარათები დღემდე უჩვეულოდ პოპულარულია მსოფლიოში, რომელიც მილიონობით ტურისტს საშუალებას აძლევს იმედიანად იმოგზაურონ, ნაღდი ფულის დაკარგვის არ
შეეშინდეთ. ამ ჩეკზე მომხმარებლის ხელმოწერა იმის გარანტიაა, რომ მას მხოლოდ თვითონ გამოიყენებს. დაკარგვის, ან მოპარვის შემთხვევაში, მისი აღდგენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში American Express-ის ოფისების, ან ბანკების მეშვეობით 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

ვეფხია სამსონიძე