ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ლეგენდად ქცეული ბრენდი JACK DANIEL’S - #3(52), 2017
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წარმატებული ბიზნესმენის კარიერის შესაქმნელად МВА-ს დიპლომის მიღება, ან მდიდარი მშობლების შვილობა აუცილებელი არ არის. საყვარელი საქმით თავდადებით გატაცებას, საკუთარი ჯანსაღი ამბიციების გამოვლენას სასწაულების მოხდენა შეუძლია. მოზარდს სპეციალური განათლების გარეშე შეუძლია წარმოებას ეფექტურად უხელმძღვანელოს. ვისკი აშშ-ში ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელმაც უფლება მოიპოვა იწოდებოდეს როგორც ვისკი. სადღეისოდ, ლეგენდად ქცეული ვისკი Jack Daniel’s ვისკის ყველაზე პოპულარული ბრენდია ამერიკაში, რომელიც წელიწადში 6 მილიონი ბოთლი იყიდება. ეს სავაჭრო ნიშანი დღეს კომპანია Brown-Forman-ის კუთვნილებაა.

იგი სწორედ მოზრდილმა შექმნა... `ყოველდღე, სანამ ვისკის შევქმნით, მას იმდენად კარგად შევქმნით, რამდენადაც შევძლებთ~, – ასეთი დევიზი დაგვიტოვა მისტერ ჯეკ დენიელმა. ამ სასმელის უმაღლესი ხარისხი, ორიგინალური შეფუთვა გახდა ის ძირითადი შემადგენელი, რომელმაც ვისკი Jack Daniel’s-ს, კომერციული წარმატება მოუტანა. ამ სასმელს მსოფლიო გამოფენებზე მრავალრიცხოვანი ჯილდოები სწორედ ამას მოაქვს.

რთული ბავშვობა

1849 წელს, ტენესის შტატის ქალაქ ლინჩბურგში დაიბადა ჯასპერ (ჯეკ) ნიუტონ  დენიელი, რომელიც ოჯახში 10-დან ყველაზე უმცროსი შვილი იყო. ბიჭს დედა ადრე გარდაეცვალა. მაშინ იგი მხოლოდ ერთი წლის იყო. სწორედ ამიტომ, იგი თავისი მშობლების მეგობართა წრეში იზრდებოდა.

შვიდი წლის ასაკიდან იგი უკვე პატარა სამიკიტნოში იყო დასაქმებული, რომელიც ადგილობრივ სასულიერო პირს, დენ კოლს ეკუთვნოდა. თავისი ბავშვობა ჯეკმა სწორედ აქ გაატარა, რადგან დედის გარდაცვალების შემდეგ, მამამისმა მეორე ცოლი შეირთო, რომელიც გერებს მოკეთის თვალით არ უმზერდა... კომერციული ნიჭი მან ბავშვობიდანვე გამოავლინა.

1863 წელს მღვდელმა ვისკის წარმოების ბიზნესი თავის ახალგაზრდა თანაშემწეს მიჰყიდა, რომელიც იმ დროისთვის ვისკის წარმოების ტექნოლოგიას კარგად ფლობდა. ჯასპერ დენიელი 13 წლის ასაკში საკუთარი ბიზნესის მფლობელი გახდა. მან ყველაფერთან ერთად ამ სასმელის წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია შეისწავლა. ამ მეთოდს Lincoln County Process ადგილობრივი ოლქის, ლინკოლნ ქაუნთის საპატივცემულოდ უწოდეს, რომელიც ახლომდებარე სოფლებში განსაკუთრებით იყო გავრცელებული. იმ დროისთვის, ეს საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგია იყო, რომელიც ვისკის ნედლეულის შენელებულ ფილტრაციას გულისხმობდა. იყენებდნენ ნეკერჩხლის ნახშირის სამმეტრიან ფენას. ამ პროცედურის შემდეგ ვისკი კასრებში გადაჰქონდათ. ჩატარებული პროცესის შემდეგ, ამ სასმელის გემო რბილი ხდებოდა. ასეთი ფილტრაციის შემდეგ, ვისკის საბოლოო ვარიანტი პრაქტიკულად შაქრისგან, გლუკოზებისგან და სხვა მინარევებისგან სრულად თავისუფლდებოდა. ამას დაემატა ისიც, რომ მშობლიურ ქალაქთან ახლოს, დენიელმა წყარო იპოვა, რომელიც ძალიან გემრიელი წყლით გამოირჩეოდა. ვისკის განსაკუთრებული გემო სწორედ `ლინკოლნის პროცესისა~ და წყაროს წყლის ერთობლიობით მიიღებოდა, რომელსაც თავდაპირველად Belle of Lincoln უწოდეს, ხოლო დღეს ბრენდი Jack Daniel’s‑ის სახელით არის ცნობილი.

პირველნი ამერიკაში

ჯეკ დენიელის მცირე საწარმომ 1866 წელს ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის აუცილებელი ოფიციალური პატენტი მიიღო, რომელიც ყველაზე ძველი დოკუმენტია იმ საწარმოებს შორის, სადაც ალკოჰოლურ სასმელებს უშვებენ. ვისკი Jack Daniel’s-ის ეტიკეტზე სწორედ ეს თარიღია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ ქარხანა დოკუმენტების მიხედვით 1875 წელს არის რეგისტრირებული.

თავდაპირველად, ვისკი თიხის ბოთლებში ჩამოსხმული იყიდებოდა, რომელსაც მუხისგან დამზადებული საცობი ჰქონდა. მასზე ჯეკი გრავიურას უკეთებდა წარწერით `მისტერ ჯეკი~. მოგვიანებით, 1870 წლის ბოლოსთვის, მოდაში მინის სტანდარტული ბოთლები შემოვიდა, რომლებშიც ამ ვისკის ჩამოსხმა დაიწყეს. მინის მრგვალ ბოთლებს ვისკის ჩამომსხმელი ქარხნის სახელწოდება ახლდა თან. ჯეკ დენიელს მრგვალი ბოთლის გამოყენებაზე უარი 1895 წელს მოუვიდა აზრად, როცა ფირმა Alton Glass-ის წარმომადგენელმა მას მინის ნაწარმის ბაზარზე სიახლე უჩვენა: ეს იყო იმ დროისთვის უჩვეულო, კვადრატული ფორმის ბოთლი, რომელსაც სახურავი ეხრახნებოდა და იმ დროს დამკვიდრებულ სტერეოტიპებს სრულად ამსხვრევდა.

ბოთლის ეს სახეობა დენიელს იმდენად მოეწონა, რომ მაშინვე გადაწყვიტა ვისკი Jack Daniel’s სწორედ ასეთი ჭურჭლით გაეყიდა. მხედველობაში მიიღო ისიც, რომ ჩვეულებრივი სიმრგვალეების გარეშე, ბოთლი უფრო მყარი იყო, თანაც შეფუთვისას და გადაზიდვისას ნაკლებ ადგილს იკავებდა.

თანამედროვე მარკეტოლოგები დღეს ჯეკ დენიელის იმდროინდელ ღვაწლს ფირმის წარმატებაში შემდეგნაირად ახასიათებდნენ: მას წვლილი მიუძღვის არა მარტო ვისკის გემოს სრულყოფაში, არამედ საკუთარი პროდუქტის ბრენდის შექმნასა და დამკვიდრებაში. მშობლიურ ქალაქ ლინჩბურგში იგი ორი სალონის (White Rabbit – `თეთრი კურდღელი~ და Red Dog – `წითელი ძაღლი~) მფლობელი გახლდათ. კლიენტების მოსაზიდად მისტერ დენიელმა არაპროფესიონალი მუსიკოსებისგან ორკესტრი შექმნა, რომელიც შემდგომში, შტატის ფარგლებს გარეთ საკმაოდ ცნობილი გახდა.

სწორედ ჯეკ დენიელმა მოიფიქრა საკუთარი ვისკისთვის დღემდე პოპულარული სახელწოდება და ლოგოტიპი. ლაპარაკია ვისკის ერთ-ერთ სახეობაზე Old No.7 Jack Daniel’s Tennessee Sippin’ Whiskey, რომელმაც მრავალი ჯილდო მოიპოვა და არაერთხელ აღიარეს საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელად მსოფლიოში.

ბიძის ნაკვალევზე

ბრენდი Jack Daniel’s-ის დამაარსებელი, ჯეკ დენიელი 1911 წლის 9 ოქტომბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი ბიზნესმა ისე გაიტაცა, რომ დაქორწინება ვერ მოასწრო. ადგილობრივი პრესა ნეკროლოგში იუწყებოდა, რომ იგი ცნობილი ფერმერი და ცხენების ფერმის მფლობელი იყო. სახიფათო გახლდათ ვისკის ხსენება, რადგანაც ტენესის შტატში, კერძოდ მურის ოლქში, რომლის შემადგენლობაშიც ლინჩბურგი შედიოდა, `მშრალი~ კანონი 1938 წლამდე მოქმედებდა. მდგომარეობა იმდენად კატასტროფული იყო, რომ იმ პერიოდში 150 ლეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ქარხნიდან, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მხოლოდ ორი Jack Daniel’s და George Dickel შემორჩა.

ბიზნესი ლემ ჯესი მოტლოუს, ჯეკის ძმისწულს გადაეცა, რომელიც ვისკის წარმოების საქმეში ასევე დახელოვნდა. მან ბიძის მიერ დამკვიდრებული ტრადიციები ისე გააგრძელა, რომ არაფერი შეუცვლია წარმოების ციკლში. შესაცვლელი არც არაფერი ყოფილა, რადგანაც ვისკის გემო მართლა შესანიშნავი იყო. ლემი ამ ქარხანას 1911-1947 წლებში, საწარმოსთვის ყველაზე ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა რა პერიოდშიც როგორც ვისკის, ასევე ყველა ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა ამერიკაში აკრძალული იყო.

ქარხანას გაკოტრების საშიშროება დაემუქრა. სტაბილური მუშაობა ამ საწარმომ მხოლოდ 1947 წელს განაახლა. სულ მალე, ეს კომპანია ახალი სახელწოდებით Jack Daniel Distillery Lem Motlow, Prop. Inc დარეგისტრირდა. 1988 წელს კომპანიის მეთაური ჯეკ რეირი გახდა. ვისკის Jack Daniel’s რეცეპტს ცვლილებები სწორედ ამ წელს შეეხო. იგი უკვე ორმაგი ფილტრაციის შედეგად, ხის ნახშირის გამოყენების შედეგად მზადდებოდა. ამ სასმელს პირველი ფილტრაცია კასრებში მოთავსების შემდეგ, ხოლო მეორე – დამზადებიდან ოთხი წლის შემდეგ უტარდებოდა.

მოხუცი ჯეკის საიდუმლოებები

აშშ-ის მთავრობამ ვისკის Jack Daniel’s განსაკუთრებული კატეგორია მიანიჭა. იგი ბურბონის და ტენესური ვისკის, აგრეთვე კანადაში დამზადებული ვისკისგან და სხვა სასმელებისგან განაცალკევა. ამასთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ `ლინკოლნის პროცესი~ ერთადერთია, რომელიც ტექნოლოგიურად განსხვავდება ტენესის ვისკისა და ბურბონის წარმოებისგან.

ეს ტექნოლოგია ოფიციალურად ამერიკის მთავრობამ 1941 წელს აღიარა. ამ ვისკის დასაყენებლად `ახალგაზრდა~ თეთრი მუხისგან დამზადებული კასრები გამოიყენება. მათი ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვისკის ტრადიციული წარმოებისას. ლინჩბურგში არსებული ვისკი Jack Daniel’s‑ის მწარმოებელი ქარხანა ერთადერთია, რომელიც საკუთარ კასრებს ამზადებს.

ამ ალკოჰოლური სასმელის `ჩამოყალიბების~ პროცესში კასრები ტემპერატურის სეზონური ცვლილებების შედეგად ვიწროვდება და ფართოვდება. ვისკი ხის ფორებში აღწევს და თანდათან იჟღინთება. იგი იძენს ყველა მის კომპონენტს და გემო ამით მდიდრდება. გამომწვარი მუხის მეშვეობით ვისკი ქარვის ფერს, დამახასიათებელ არომატს და განსაკუთრებულ გემოს იძენს. მის დასამზადებლად ჰალოუს მთის წყაროებიდან აღებული წყალი გამოიყენება. მთის გამოქვაბულში არსებული კეივ სპრინგის წყაროდან მთელი წლის განმავლობაში გამოდის წყლის ნაკადი 3024 ლიტრი (800 გალონი) წუთში, წყლის მუდმივი ტემპერატურა 13 გრადუსია ცელსიუსით, პრაქტიკულად ნულოვანია რკინის შემცველობა.

ამ გამოქვაბულის გვერდით ჯეკ დენიელის ბიუსტი დგას, რომელიც თითქოსდა ბუნების ამ საოცარ საჩუქარს იცავს. თანამედროვე ასორტიმენტის ხაზი 4-წლიანი დაძველების ვისკია. უძველეს დროში, ეს ვისკი 12 და 25-წლიანი დაყენების შემდეგ ითვლებოდა `მზა პროდუქციად~.

1970-იან წლებში ეს ვადა ერთიან, 4-წლიან ნიშნულზე დადგინდა. 1989 წლიდან, ამ ვისკის წარმოება უფრო შერბილებული გემოთი დაიწყეს, რომელიც გააქტიურებული ნახშირის გამოყენების შედეგად მიიღება. `ჯეკ დენიელსის~ ქარხანა ვისკის რამდენიმე სახეობას აწარმოებს, რომელთა შორისაა – Silver Select, Single Barrel, Gentlemen Jack, Green Label.

2010 წელს გამოუშვეს სპეციალური ბოთლი Mr.Jack’s 160th Birthday Limited Edition Bottl, რომელიც ჯეკ დენიელის დაბადებიდან 160-ე წლისთავს მიეძღვნა. ჯიმი ბეტფორდი ამ კომპანიას 1988-2008 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო 2008 წლიდან ჯეფ არნეტი, (მეშვიდე ოსტატი-დისტილატორი) მეთაურობს. კომპანიის სუფთა მოგება წელიწადში 121,7 მილიონი დოლარია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 365 ადამიანია.

ყოველწლიურად, ვისკი `ჯეკ დენიელსის~ პოზიციები მსოფლიო ბაზარზე მყარდება. ქარხანა, სადაც ეს ალკოჰოლური სასმელი მზადდება, უძველესად ითვლება ამერიკაში. სასმელი ნებისმიერ სუფრას ამშვენებს და მეგობრისთვის ბრწყინვალე საჩუქარი შეიძლება გამოდგეს. გამოშვებული პროდუქციის ეტიკეტზე იკითხება სრული ინფორმაცია ვისკის ჩამოსხმის თარიღის, სიმაგრის, კასრის ნომრისა და ჭურჭლის მოცულობის თაობაზე. ამ სასმელის ნამდვილი შემფასებლები თვლიან, რომ დამატებითი ინგრედიენტები მხოლოდ გააფუჭებს ამ ვისკის არომატს და გემოს.

კომპანიის საქმიანობის თანამედროვე ეტაპზე `ჯეკ დენიელსის~ წარმოებაში რამდენიმე სახეობის გამოშვებით გამოირჩევა. მათ შორის გამორჩეულია `მწვანე ჯეკი~. ეს სახელწოდება უკავშირდება მწვანე ფონზე ოქროს შრიფტით გამოსახულ წარწერას. აღნიშნული სახეობა აშშ-ში ცნობილია როგორც `ადრეული ჯეკი~, რომლის დაყენებაც კასრებში ხდება და უფრო ადრე ჩამოისხმება ბაზარზე გასაშვებად, ვიდრე ამავე კომპანიის ჩამოსხმული ვისკის სხვა სახეობები. `მწვანე ჯეკის~ სიმაგრე 40 გრადუსია. მეორე – ასევე საკმაოდ გავრცელებული სახეობაა `სტანდარტული ჯეკი~, რომლის სიმაგრეც 43 გრადუსს აღწევს. 

ვისკი Jack Daniel’s მრავალი წელია პოპულარობას ინარჩუნებს მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომაც გასაკვირი არ არის ის, რომ ბაზარზე გაყალბებული ვისკი Jack Daniel’s საკმაოდ ხშირად გამოჩნდება ხოლმე. აუცილებელია იგი ორიგინალისგან ძირითადი, გამორჩეული ნიშნებით განვასხვავოთ. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ბოთლის შენჯღრევის შემდეგ სითხეზე ჩნდება მსხვილი ბუშტულები, რომელიც ძირითად მასას დიდი ხნის მანძილზე არ შეუერთდება. ნამდვილი ვისკისგან განსხვავებით, ეს პროცესი გაყალბებულის შემთხვევაში რამდენიმე წამის განმავლობაში დასრულდება, თანაც ასეთ სასმელს ბოთლზე აქციზური მარკაც არ ახლავს. იგი ბოთლზე აკურატულად და სწორად უნდა იყოს დაწებებული. სუროგატის სახურავი ლითონისაა, ხოლო ორიგინალის შემთხვევაში პლასტიკატისგან დამზადებული საცობი გამოიყენება. ვისკი Jack Daniel’s Honey სხვა სახეობებთან ერთად კვადრატულ ბოთლებში ჩამოისხმება, რომელსაც გამოკვეთილი გრავიურა ახლავს თან. წარწერები Premium ან Deluxe ამ პროდუქტის ორიგინალობას
ყველაზე ნათლად ადასტურებს.

ჯილდოები და წარმატებები

1904 წელს, კვადრატულ ბოთლში ჩამოსხმული ვისკი სენტ-ლუისში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე საუკეთესოდ აღიარეს. ამ კონკურსში კიდევ 24 კანდიდატი-ბრენდი მონაწილეობდა. კონკურსის თავმჯდომარე იყო იმ დროს ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატობის კანდიდატი მ. ჰოქტორი, რომელმაც ვისკი Jack Daniel’s Old No. 7 ყველასთვის გასაკვირად გამარჯვებულად გამოაცხადა.

კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა შემდეგი წლებიც: გაიმარჯვა 1905 წელს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე, დაიმსახურა ოქროს მედლები 1913 წელს, ქალაქ გენტში გამართულ ვისკის კონკურსში, ასევე ინგლისურ-ამერიკულ გამოფენაზე (ლონდონი, 1914 წელი), გადაეცა ლონდონის ჰიგიენის ინსტიტუტის მიერ მინიჭებული სერტიფიკატი (1915 წელი), `სრულყოფილების ვარსკვლავი~ (ბელგია, ბრიუსელი, 1954 წელი), აგრეთვე ოქროს მედალი პალმის რტოებით (ამსტერდამი, 1981 წელი). 
ეს ჯილდოები ამ სასმელის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელია. მოპოვებული ჯილდოების საპატივცემულოდ, შეიქმნა ბოთლების სერია სახელწოდებით Gold Mეedal. ამჟამად შვიდი საკოლექციო ბოთლი არსებობს. ყოველ მათგანზე მითითებულია მედალი, რომლის საპატივცემულოდაც ბოთლს სახელწოდება მიენიჭა. ამ სერიას 1996-2006 წლებში უშვებდნენ.

"ღმერთების ნექტარი"

1955 წელს, ომისშემდგომი წლების სიმბოლომ ამერიკაში, მომღერალმა ფრენკ სინატრამ ჭიქით ხელში სცენაზე გამოსვლისას ამ ვისკის `ღმერთების ნექტარი~ უწოდა. მაშინ ვარსკვლავებად ქცეული მომღერლები ჯერ კიდევ აძლევდნენ საკუთარ თავს უფლებას საჯაროდ დაესახელებინათ იმ ბრენდების სახელები, რომლებიც მოსწონდათ.

პრესის მიერ ატაცებული პოპულარული მომღერლის ეს სიტყვები ეფექტური აღმოჩნდა: უკვე ერთი წლის შემდეგ Jack Daniel’s-ის გაყიდვების მოცულობა ორჯერ გაიზარდა. ფრენკ სინატრა ამ სასმელს ყინულის სამ ნატეხთან ერთად მიირთმევდა, რაც ასევე დამკვიდრდა. ლეგენდის თანახმად, სინატრამ დასაფლავება საყვარელი სასმელის – Jack Daniel’s Old No. 7-ის კვადრატული ბოთლის მსგავსი კუბოთი მოითხოვა...

პატარა ქალაქ ლინჩბურგში წარმოების ხელმძღვანელის, ჯეფ არნეტის განკარგულებაში 86 საწყობია, სადაც მუხის კასრებში ეს ვისკი ასხია. ყოველ კასრზე და მის შემადგენელ სითხეზე ყოველდღიური დაკვირვება მიმდინარეობს: იწერება თუ როგორ იცვლება ამ ვისკის გემო. ყოველ თვეში 1500-2000 კასრიდან, ამინდის პირობების შემთხვევაში უფრო მეტიდან სინჯებს ამ საწარმოს სპეციალისტები იღებენ, აკვირდებიან მისი დაყენების პროცესს.

`ბევრი რამ დამოკიდებულია კასრის ადგილმდებარეობაზე. კასრები უფრო მაღალ თაროებზე იძლევიან ვისკის უფრო მუქი ღრმა შეფერილობით და `ანგელოზთა წილი~ მასში უფრო მეტია, დაბალ იარუსებზე მდებარე კასრებში ვისკი უფრო ნათელი და გამჭვირვალე ფერის გამოდის. ცხელი ჰაერი მაღლა, ჭერისკენ მიემართება, რისი წყალობითაც ვისკი ხის შემადგენლობას აქტიურად ითვისებს, სიგრილის შემთხვევაში პირიქით ხდება ხოლმე~, – განაცხადა ჯეფ არნეტმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ვისკი Jack Daniel’s Black Label გამოირჩევა ისეთი გემოთი, რომელიც მუხის კასრების ზედა და ქვედა იარუსებზე ადგილმდებარეობის შეცვლით მიიღება. მასში დაგემოვნებისას შეიგრძნობთ ტკბილ ნოტებს მუხის გემოსთან ერთად. თავისი გემოთი უნიკალურია ამ ვისკის კიდევ ერთი სახეობა Single Barrel, რომლის დაყენება კასრების მაღალ თაროებზე განთავსებით ხდება.

Gentleman Jack ნახშირის ორმაგი ფილტრაციის გავლის შემდეგ უფრო შერბილებულ გემოს იღებს. მუხის კასრებიდან აღებული ნოტები ყველაზე ძლიერ შეიგრძნობა ვისკიდან Sinatra Select. სპეციალურად დამზადებულ კასრებში იზრდება თვით მუხის მერქნის ზემოქმედება ამ სასმელზე. ჯეფ არნეტი ვისკის დალევას ნორმის დაცვით გვირჩევს, მისი მრავალფეროვანი, დახვეწილი გემო სრულყოფილად რომ შევიგრძნოთ.

ვისკის დამზადება საშინაო პირობებში

`ჯეკ დენიელსის~ საწყისი ინგრედიენტები გასაიდუმლოებული არ არის, ამიტომაც ამ საქმით დაინტერესებულმა ადამიანებმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა ამ ვისკის საშინაო პირობებში დასამზადებლად ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ: თანაბარი დოზით უნდა ავიღოთ ჭვავისა და ქერის ალაო, დავუმატოთ სიმინდის ფქვილი და ეს ნარევი ხორცსაკეპში უნდა გავატაროთ. მიღებული მასა ადუღებულ წყალში უნდა მოთავსდეს. იგი 2,5-ჯერ მეტი უნდა გამოვიდეს მშრალ ნედლეულთან შედარებით. მომზადებული `მასალა~ ერთი საათის განმავლობაში უნდა მოთავსდეს თბილ ადგილზე, სადაც ტემპერატურა 55-63 გრადუსი ცელსიუსი იქნება. იგივე მასა 25-28 გრადუსის ფარგლებში უნდა გაცივდეს. 12 საათის შემდეგ, 7-8 კილოგრამ მასას 50 გრამი საფუარი ემატება. ბოთლებში მისი ჩამოსხმის შემდეგ, დახურულ მდგომარეობაში ისინი თბილ ადგილზე უნდა მოვათავსოთ. ჭურჭლის მცირე ვიბრაციაც გამორიცხული უნდა იყოს. დისტილაციის პროცესი 3-5 დღის შემდეგ უნდა დადგეს, შემდეგ იგივე მასის გამოხდა სპეციალურ გამოსახდელი აპარატის მეშვეობით უნდა მოხდეს, სადაც ტემპერატურა 95 გრადუსს აღწევს.

ზედმეტი მინარევებისგან სითხე სწორედ ასე თავისუფლდება. მისი `შერბილების~ მიზნით, ვისკი ბამბისა და ხის ნახშირისგან დამზადებული თვითნაკეთი ფილტრის მეშვეობით იწმინდება. უკეთესი ხარისხის მისაღებად იგი 4 თვის განმავლობაში გამომწვარ მუხის კასრებში უნდა `შეყოვნდეს~. იდეალურ შემთხვევაში, ასეთი ვისკის გრადუსიანობა 40-ს უნდა მიუახლოვდეს.

ვისკი JACK DANIEL’S-ის სახეობები

Jack Daniel’s OLD NO. 7 – ვისკის ეს სახეობა (ალკოჰოლის 40%-ის შემცველობით) ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში, ამიტომაც ხშირად აყალბებენ ხოლმე. იგი ქარვისფერია, რბილი, კარამელისა და ვანილის, ასევე მუხისა და კვამლის რბილი გემოთი. იგრძნობა სასიამოვნო ტკბილი გემო. წესისამებრ, ამატებენ ყინულს, გაზიან სასმელს მცირე დოზით, ან წყალს.

Jack Daniel’s SINATRA SELECT – ვისკის `პრემიუმ~ კლასს მიეკუთვნება. იგი პოპულარული ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, ფრენკ სინატრას საპატივცემულოდ შეიქმნა. ვისკის ამ სახეობის დაყენება სპეციალურ კასრებში ხორციელდება. ამის გამო, იგი კლასიკურ OLD NO. 7-თან შედარებით უფრო მუქი გამოდის. ვისკის ეს სახეობა საკმაოდ მაგარი (45%) გამოდის, რომლისთვისაც სპეციალური ლიტრიანი ბოთლი შეიქმნა.

იგი სასაჩუქრე შეფუთვით ფრენკ სინატრასადმი მიძღვნილ წიგნთან ერთად იყიდება. ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან იგი სხვა სასმელთან ან საკვებთან ერთად, ასევე ყინულის დამატებით არ გამოიყენონ. ეს სასმელი სუფთა სახით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

Jack Daniel’s SINGLE BARREL COLLECTION – ეს ვისკი `სუპერპრემიუმის~ კატეგორიაში შედის და ერთადერთია ამ კომპანიის მიერ გამოშვებულ პროდუქციაში, რომელიც დაყენების შემდეგაც იფილტრება. მისი დალევა სუფთა სახით არის რეკომენდებული. გამოირჩევა რბილი, კარამელისა და ვანილის ნოტებით, იგრძნობა მუხის გამომწვარი მუხის კასრის გემოც.

Jack Daniel’s GENTLEMAN JACK – იგი `ლუქსის~ კლასს მიეკუთვნება, 40%-იანი ალკოჰოლის შემცველობით. მისი წარმოებისთვის მხოლოდ რჩეულ ინგრედიენტებს – ქერს, სიმინდს, ჭვავს, ალაოს და სუფთა წყაროს წყალს იყენებენ. ეს ვისკი ორმაგ ფილტრაციას ექვემდებარება და იგი ახალ, გამომწვარ კასრებში გადააქვთ. ვისკი GENTLEMAN JACK გამოირჩევა რბილი გემოთი, რომელსაც ახლავს ძირტკბილას, სანელებლების, გამომწვარი მუხის, თხილის, ციტრუსის, ტკბილეულის გემო. გამოიყენება როგორც სუფთა სახით, ასევე ყინულის, ან სუფთა წყლის დამატებით. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ჯეკმა ამ სასმელის რეცეპტი ერთ-ერთი საყვარელი ქალისთვის შექმნა.

Jack Daniel’s TENNESSEE HONEY – კლასიკური სახეობის ვისკისა და თაფლის ლიქიორის ნაზავია. 35-გრადუსიანი ალკოჰოლის შემცველობით მისი გემო საკმაოდ ტკბილია, სასმელს ემატება ძირტკბილა და სპეცსანელებლები, ასევე მსხლისა და ირისის გემო. მისი მირთმევა შესაძლებელია ცივი, ან ყავასთან ერთად.

Jack Daniel’s TENNESSEE FIRE – ეს გახლავთ ვისკის ახალი სახეობა, 35-გრადუსიანი ალკოჰოლის შემცველობით, კლასიკური #7-ისა და მუქი ლიქიორის ნარევით, რომელსაც გამოკვეთილი ძირტკბილას გემო ახლავს.

Jack Daniel’s WINTER JACK – არის `ზამთრის პუნში~, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, ეს სასმელი გერმანიისთვის გამოუშვეს. კლასიკური შემადგენლობის გარდა, მას ძირტკბილას, ვაშლის, მიხაკის გემო ახლავს. ამ სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 15%-ია.

ვეფხია სამსონიძე