ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
კომპანია HEWLETT-PACKARD-ის ისტორია - #3(52), 2017
მრავალი ათეული წლის წინ, დეივ პაკარდმა და ბილ ჰიულეტმა საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს. მაშინ მართალია, ცუდად წარმოედგინათ, კონკრეტულად რა მიმართულების იქნებოდა ეს ბიზნესი. ზუსტად მხოლოდ ის იცოდნენ, რომ გახსნიდნენ ფირმას, სადაც თანამოაზრენი იმუშავებდნენ. ამ მომენტისთვის, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციასთან შეხება ყოველდღიურად გვაქვს: კომპიუტერზე ტექსტის აკრეფისას, მისი ამობეჭდვისა და ასლის გადაღების დროს, ასევე როცა ფაქსით და ელექტრონული ფოსტით წერილს ვაგზავნით. 

ყოველივე ამაში, ხშირ შემთხვევაში გვეხმარება აპარატურა რომელზეც მხოლოდ ორ ინგლისურენოვან ასო HP-ს ამოიკითხავთ. უკვე მრავალი წელია, ეჭვი აღარავის შეაქვს იმაში, რომ ეს ოპერაციები უნაკლოდ და სანიმუშოდ განხორციელდება. ამ კომპანიის `მამა-დამაარსებლები~ თამამ სიზმრებშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოცდამეერთე საუკუნის დაწყებიდან 17 წლის შემდეგ, მათი `შვილობილი~ ელექტრონული მოწყობილობათა მწარმოებელ კომპანიებს შორის მსოფლიო ლიდერი გახდებოდა. გაყიდვების მოცულობის მიხედვით, ჯერ კიდევ 2007 წელს, HP-მ საინფორმაციო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებს შორის 100-მილიარდიანი ბარიერი გადალახა და თვით IBM-ს გადაუსწრო.

ასე იწყებდნენ...

რამდენიმე წლის წინ, კომპანია Hewlett-Packard-ის დამფუძნებლებმა 1,7 მილიონი დოლარი დანგრევამდე მისულ ავტოსადგომისთვის და იქვე მდგარი პატარა სახლისთვის გადაიხადეს. ეს ერთი შეხედვით უცნაური კაპიტალდაბანდება შემთხვევით არ განხორციელებულა: ამ ფირმის პირველი ოფისი სწორედ ამ ავტოსადგომში იყო განთავსებული. სწორედ აქედან იღებს სათავეს არა მარტო HP‑ის, არამედ თვით სილიკონის ველის ისტორიაც. კომპანია HP-ის დაბადების ოფიციალურ თარიღად 1939 წლის 1 იანვარი ითვლება, მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, 1934 წელს დაიწყო, როცა ორმა სტუდენტმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან სწავლის სრული კურსი დაასრულა და კოლორადოში მთებში სახეტიალოდ და სათევზაოდ გაემგზავრა.

1920-30-იანი წლების რადიობუმით აღფრთოვანებულმა მეგობრებმა საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს. ყველაფერი ჩვეულებრივ ავტოსადგომში, 1937 წელს დაიწყეს. ორივეს ერთად ხელთ 538 დოლარი და საბურღი დაზგა ჰქონდათ. მათ საკუთარი ფირმის პირველი სახელოსნო სწორედ აქ მოაწყვეს. ამ კომპანიის საქმიანობის საწყისი პერიოდი შეიძლება ორი სიტყვით `უკიდურესობებში გადავარდნით~ დავახასიათოთ. პაკარდმა და ჰიულეტმა ძრავების მართვის მაკონტროლებლების შექმნით დაიწყეს, გააგრძელეს ადგილობრივი გზებისთვის განკუთვნილი მოძრაობის წესების დარღვევისთვის განკუთვნილი სასიგნალო მოწყობილობებით. მათი გაყიდვით მეგობრებმა გარკვეული კაპიტალი გამოიმუშავეს, მაგრამ ეს მათთვის ხელსაყრელი ნაკლებად იყო.

ისინი შეეცადნენ ისეთი მოწყობილობა შეექმნათ, რომელიც წარმატებასთან ერთად დიდ შემოსავალს მოუტანდა. კომპანია HP-ის პირველი სერიული პროდუქცია იყო ხმოვანი სიხშირეების გენერატორი, რომლის პროექტიც ჰიულეტმა შეიმუშავა. საინტერესოა ამ სიახლის ბაზარზე დანერგვის სტრატეგია, რომელიც მეგობრებმა ერთად შექმნეს. პირველი, რაც მათ მყიდველის მოსაზიდად გააკეთეს, საფოსტო რეკლამის გამოყენება იყო. ამ ხელსაწყოს სერიული ნომერი `200AA~ მიანიჭეს, რომ მომხმარებელს შთაბეჭდილება შექმნოდა, ეს ფირმა მსგავს პროდუქციას უკვე წლების მანძილზე ქმნიდა. გენერატორის ღირებულება 54,40 დოლარის ფარგლებში დააწესეს. თვით ამ ფირმის დამაარსებელთა გასაკვირად, მათ მიერ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო – ფოსტით შეკვეთების შემოსვლა დაიწყო, რომელსაც თანხის გადახდის ქვითარიც თან ახლდა. ახლადშექმნილი კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქციის ერთ-ერთი პირველი მყიდველი იყო უოლტ დისნეის სტუდია, რომელმაც რვა გენერატორი მუსიკალური მულტიპლიკაციური ფილმის (`ფანტაზია~) შესაქმნელად და გაქირავებისთვის გამოიყენა. თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ ამ მომენტიდან კომპანია HP-ის განვითარების ისტორია დაიწყო.

დეივ პაკარდი და ბილ ჰიულეტი 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ, მაგრამ არასოდეს დაუწყიათ იმის გარკვევა, ვინ უფრო მეტად მთავარი იყო ამ კომპანიაში... მათი საერთო კომპანიის სახელწოდებაში გვარების თანამიმდევრობა წილისყრით, მონეტის მეშვეობით გადაწყდა, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ და ეს ალბათ მათი წარმატების ერთ-ერთი საწინდარიც იყო. 1938 წელს დეივ პაკარდმა და მისმა მეუღლემ ლუსილმა სახლი კალიფორნიაში შეიძინეს. ბილ ჰიულეტმა მათ მიბაძა და კოტეჯი მათგან ორიოდე ნაბიჯის დაშორებით დაიქირავა. ეს ადამიანური და საქმიანი კავშირი ძალიან ჩამოჰგავს რაინდთა საიდუმლო ორდენის არსებობის პრინციპებს, რომელშიც ჰიულეტი გახლდათ სამეცნიერო იდეების სულისჩამდგმელი, ხოლო პაკარდი – ბიზნეს-გადაწყვეტილებების გენერატორი.

კომპანიის ზრდის წლები და ფილოსოფიის დაბადება

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ამ კომპანიის აქტიურად განვითარებას ხელი შეუწყო სახელმწიფო შეკვეთების შესრულებამ, რომლის `მოპოვებაში~ მეგობრებს სტენფორდის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ფრედერიკ ტერმანი დაეხმარა. მან ჯერ კიდევ 1930‑იანი წლების დასაწყისში კარგად გააცნობიერა სამეცნიერო კვლევების კავშირს მრეწველობასთან რა კოლოსალური სარგებლის მოტანა შეეძლო. ტერმანმა სილიკონის ველი სამეცნიერო იდეებისა და ტექნიკური ინოვაციების ინკუბატორად გადააქცია. იგი პაკარდს და ჰიულეტს პირველი კრედიტების მიღებაში დაეხმარა, შემდეგ კი მრავალი წლის განმავლობაში მათთან შტატგარეშე კონსულტანტის რანგში საქმიანობდა.

თავდაცვით დარგთან თანამშრომლობისას, კომპანია HP მიკროტალღური ინჟინერიით დაინტერესდა. 1940-იან წლებში ეს მიმართულება ყველაზე პერსპექტიული გახდა, ამიტომაც ამ კომპანიამ ლიდერობა მაშინვე მოიპოვა. 1943 წელს მისმა შემოსავალმა თითქმის მილიონიან ნიშნულს მიაღწია. კომპანია HP-ის განვითარებისთვის გადამწყვეტი გახდა არა ომის, არამედ ომისშემდგომი წლები, როცა კომპანიამ თავდაცვითი შეკვეთები დაკარგა, მაგრამ მოპოვებული პოზიციების შენარჩუნება მაინც მოახერხა. წარმოების მოცულობის შემცირების მიუხედავად, დეივმა და ბილმა ის უნიკალური სპეციალისტები დაიქირავეს, რომელთა უმრავლესობა გაკოტრებული კონკურენტი ფირმებიდან გაათავისუფლეს.

ჰიულეტსა და პაკარდს კონკრეტული მიმართულებებზე მაშინ ნათელი წარმოდგენა არ ჰქონიათ, მაგრამ ზუსტად იცოდნენ, რომ შექმნეს კომპანია, სადაც თანამოაზრენი იმუშავებდნენ. მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი, კონკრეტულად რა სახეობის პროდუქციას შესთავაზებდნენ ბაზარს. ეს პრინციპი ბილმა და დევიდმა ასე ჩამოაყალიბეს: `Management by wandering around~, ანუ `მრავალასპექტიანი მენეჯმენტი~, რომელიც მათ მიერ დანერგილი კიდევ ერთი პრინციპის წყალობით კიდევ უფრო ეფექტურად ამუშავდა – ეს გახლავთ კომპანიის `მიზნობრივი მართვა~. კომპანიონებმა ეს პრინციპი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ჩამოაყალიბეს და ისეთი სისტემის შექმნას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც კომპანიის თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი ინდივიდუალური ინტერესები კომპანიის საერთო მიზნებს შეუთავსოს. ასეთი მიდგომა საკუთარი თანამშრომლების მიმართ HP-ის მფლობელთა ღრმა პატივისცემას ასახავდა. თანამშრომლის მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, ჰიულეტი და პაკარდი თავად კისრულობდნენ სამედიცინო ხარჯებსა და მის ოჯახზე ზრუნვას. კომპანიის ახალი ოფისების მშენებლობისას გათვალისწინებული იყო თანამშრომელთა ყველა სურვილი და კომფორტის მაქსიმალური მოთხოვნები.

1957 წელს კომპანიამ საკუთარი აქციები გამოუშვა. იგი თავდაპირველად საკუთარ თანამშრომლებს შესთავაზა. მათ შესაძლებლობა მიეცათ აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა HP-ის ბიზნესის შედეგად მიღებულ მოგებაში. ჰიულეტმა ერთხელ განაცხადა, რომ `იგი პაკარდთან ერთად ცდილობს შექმნას არა დაქირავებისა და დათხოვნის კონვეიერი, არამედ კომპანია, რომელიც დაეყრდნობა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. ისინი მზად უნდა იყვნენ განვითარებისთვის~.

შემდგომში პაკარდმა `აღიარა~ კიდეც: `ბილ ჰიულეტთან საკუთარი საწარმოს შექმნის გეგმის შემუშავებისას, ჩვენი ინტერესები და ძალისხმევა ჯერ კიდევ არ იყო მიმართული ელექტრონული მოწყობილობების შექმნისაკენ, თუმცა გადავწყვიტეთ ჩვენი ენერგია მეცნიერების, წარმოების, ადამიანების კეთილდღეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისკენ მიგვემართა. ეს გახლდათ ამაღლებული, თუმცა, პატივმოყვარეობით გაჟღენთილი მიზანი...~.

თავიდანვე დეივ პაკარდი და ბილ ჰიულეტი საკუთარ საქმიანობას შეუმცდარად ნამდვილად არ თვლიდნენ. უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მათი სიძლიერე სწორედ ამაში მდგომარეობდა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ წარმატებაში, მაგრამ წარუმატებლობის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდნენ. კომპანია HP-ის პირველი საწარმოო შენობის დაპროექტება 1942 წელს დასრულდა. იგი ისე იყო გათვლილი, რომ გაკოტრების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა პროდუქტების მაღაზიად გადაეკეთებიათ. წინა წლებში ჩამოყალიბებული კომპანიის მართვის იდეები და პრინციპები 1950-იან წლებში კომპანიის განვითარების კონცეფციად გაერთიანდა, რომელსაც პირობითად `HP-ის გზა უწოდეს~. იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისაგან შედგებოდა: კომპანიის მიზნებისა და ამოცანების გამოკვეთილად ჩამოყალიბება.

ნებისმიერი რანგის თანამშრომლის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, მატერიალური სტიმულების სისტემის შექმნა, ბიზნესის სოციალური და ეთიკური კრიტერიუმების შექმნა (ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, საშტატო და შტატგარეშე სიტუაციების გათვალისწინება, მზადყოფნა შემოწირულობებისთვის და მეცენატობისთვის). იმავე პერიოდში, დეივ პაკარდმა კომპანიის შვიდი პრინციპი ჩამოაყალიბა, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ: მოგება, კლიენტები, ინტერესთა სფერო, განვითარება, კორპორატიული სოლიდარობა, მენეჯმენტი და მოქალაქეობრიობა. მანვე გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე სხვადასხვა წლების ჩანაწერების შეკრება და მათი ერთ წიგნად გამოცემა მოასწრო, რომელსაც `HP-ის გზა~ (The HP-Way) უწოდა.

კომპანიის პროგრესი

ჰიულეტმა და პაკარდმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ძალზე იშვიათი ნაყოფიერება გამოავლინეს გამოგონებისა და ბიზნესის მიმართულებით. კომპანია გადამცემებს იახტებისთვის, კონდიციონერების ფუნქციონირების მაკონტროლებელ მოწყობილობებს, გამაძლიერებლებს ფონოგრაფებისთვის, ელექტრონულ სენსორებს ბოულინგისთვის საჭირო ინსტრუმენტებისთვის, ტელესკოპების მართვისთვის საჭირო მოწყობილობებს, ზედმეტი წონის ადამიანებისთვის საჭირო ელექტრონული მასაჟის ხელსაწყოებს უშვებდა.

ლაკონიური ლოგოტიპი HP-ით გამოშვებულ პროდუქციას შეიძლება შეხვდეთ სამედიცინო კლინიკებში (დიაგნოსტიკური და თერაპიული მოწყობილობები), ელექტრონიკაში (მიკროტალღური ნახევარგამტარები), ქიმიურ მრეწველობაში (გაზის ქრომატოგრაფები და სპექტრომეტრები). იქმნება ისეთი სურათი, რომ კომპანიას არასოდეს გააჩნდა გამოკვეთილი მარკეტინგული პროგრამა და მისი ტექნიკური ინტელექტი ყველა მიმართულებით იყო გადანაწილებული, მაგრამ HP-ის მიერ გამოშვებული ყოველი ახალი პროდუქტი მომგებიანი გახლავთ. წარმატება უკავშირდებოდა ერთ-ერთი პრინციპის ზუსტად აღსრულებას: მოგება – კორპორაციის სიძლიერის ძირითადი წყაროა, მაგრამ მისი მიღწევა ზიანს არ უნდა აყენებდეს სხვა მიზნებს. შესრულებული სამუშაოს ხარისხს მყიდველი განსაზღვრავს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია გამოშვებული პროდუქციის და მომსახურების ხარისხი, სარგებლიანობა, რომელსაც მყიდველს შევთავაზებთ. 1960-იანი წლები კომპანიისთვის უნიკალური გამოგონებების პერიოდად იქცა. თანაც, ეს კომპანია პირველად მოხვდა საქმიანი ჟურნალ Fortune-ის მიერ შედგენილ რეიტინგში `აშშ-ის 500 უდიდესი ფირმა~.

1960-იანი წლების დასაწყისში, ბილ ჰიულეტმა კომპანიის ლაბორატორიებში დასაქმებულ ინჟინრებს ისეთი გამომთვლელი მანქანების შექმნა თხოვა, რომელიც მისი პერანგის ჯიბეში მოთავსდებოდა. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ჯიბის კალკულატორი სწორედ ამ ფირმაში შეიქმნა. შემდგომში პაკარდი იხსენებდა: `არ ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ეს პროდუქტი მოგებას მოგვიტანდა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჯიბის კალკულატორის შექმნა გამართლებული იქნებოდა, თუკი 10 000 ცალი გაიყიდებოდა. პირველივე წელიწადს გაყიდვების მოცულობამ 100 000 შეადგინა...~.

ამავე კომპანიამ გამოუშვა სიხშირის ეტალონი, რომელიც საშუალებას იძლევა დრო წამის მემილიონედი სიზუსტით გაიზომოს. ამ ეტალონმა მიიღო სახელწოდება `მფრინავი საათი~, რადგანაც მისი გამოყენება აქტიურად კოსმოსში, ავიაციასა და სატელეკომუნიკაციო მიმართულებით დაიწყეს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეს კომპანია ახალი ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვისკენ ისწრაფვის და მსოფლიო გლობალური ქსელისთვის კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღებას ცდილობს. ერთხელ, ამ კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის თათბირზე, ბილ ჰიულეტმა ყველასთვის სრულიად მოულოდნელად აღნიშნა: `მომისმინეთ, ჩვენი განვითარება დარგის განვითარებას უკავშირდება. გაგვიმართლა: ჩვენ იმ რაკეტის `მხედრები~ აღმოვჩნდით, რომელიც აფრინდა. ეს არ არის ჩვენი დამსახურება~. ჩამოწვა დუმილი, რომლის დროსაც შეკრებილი საზოგადოება ცდილობდა ამ პასაჟის `გადახარშვას~, ანუ გააზრებას. ამ დროს პაკარდმა თავის მეგობარსა და თანამოაზრეს მიმართა: `ყოველ შემთხვევაში, ბილ, ჩვენ ხელიდან არ გავუშვით ეს შანსი~...

ბიზნესი... სხვადასხვა მიმართულებით

თავდაპირველად, НР-მ საკუთარი კომპიუტერული ბიზნესი იმით დაიწყო, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ DEC მინი-კომპიუტერებს საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის იყენებდა. შემდეგ კი ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო მარტივია საკუთარი კომპიუტერი შეექმნათ და ის გამოეყენებინათ. 1966 წელს, ახალმა კომპიუტერულმა განყოფილებამ პირველი ნიმუშები სერიიდან HP 2100/HP 1000 გამოუშვა. ეს გრძელდებოდა 1980-იანი წლების დასაწყისამდე, ვიდრე პერსონალური კომპიუტერების ერა დაიწყებოდა.

1960-იანი წლების ბოლოს, კომპანიამ ლიდერის პოზიციები ტექნიკის ამ სახეობის ბაზარზეც დაიკავა, როცა საკუთარი პირველი კომპიუტერი НР2116А შექმნა. იგი ზოგიერთი გაზომვითი მოწყობილობის მაკონტროლებლის ფუნქციას ასრულებდა. 1969 წელს გამოვიდა პირველი ოპერაციული სისტემა მინი-კომპიუტერისთვის, ხოლო 1980 წელს პირველი პერსონალური კომპიუტერი НР-85 შეიქმნა. HP პირველი კომპანიაა, რომელმაც პრინტერები შექმნა. მოდელებმა, რომლებიც 1980-იან წლებში გამოუშვეს, კომპანიას უზარმაზარი წარმატება მოუტანა. ახალი, ბეჭდვის ჭავლური ტექნოლოგიის დანერგვამ ლაზერის პრინტერები მრავალრიცხოვანი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით (მათ შორისაა ჟურნალი `Wired~), პირველი ნამდვილი პერსონალური კომპიუტერი ჯერ კიდევ 1968 წელს შეიქმნა და მას HP 9100A, ეწოდებოდა...

მაშინ ამ კომპანიამ საკუთარ ახალ პროდუქციას `დესკტოპ ცალცულატორ~-ის `თანრიგი~ მიანიჭა და ეს იყო არა თავმდაბლობა წარმოებული პროდუქციის შეფასებისას, არამედ ჭკვიანური მარკეტინგული სვლა. უილიამ ჰიულეტი მოგვიანებით იხსენებდა: `გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ 9100A-ს კომპიუტერს თუკი ვუწოდებდით, მის შეძენას სპეციალისტები მომხმარებლებს არ ურჩევდა, რადგანაც იგი კომპანია IBM-ის მიერ წარმოებული მორიგი მოდელივით სულაც არ გამოიყურებოდა. გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა. თუმცა, მსგავსი მოსაზრება სისულელედ მიგვაჩნდა. ამ სიახლეს მაშინ კალკულატორი ვუწოდეთ და გაყიდვების პრობლემები გადაწყდა~. იმ დროისათვის ეს გახლდათ საინჟინრო აზროვნების ჭეშმარიტი ტრიუმფი: ლოგიკური კონტური, შეკრებილი ინტეგრალური ჯაჭვების გარეშე და ცენტრალური პროცესორი, აწყობილი მხოლოდ ცალკეული კომპონენტებისგან. CRT-დისპლეისთან (მოწყობილობა მაგნიტური ბარათის მოსათავსებლად) და პრინტერთან ერთად 5000 დოლარი ღირდა და წარმატებით იყიდებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი `პერსონალური~ კომპიუტერი კომპანია IBM-მა 1981 წელს, IBM 5150 Personal Computer-ის სახელწოდებით შექმნა.

კალკულატორების, კომპიუტერებისა და სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების გარდა, კომპანია HP გაზომვითი და ტესტირებისთვის საჭირო ტექნიკის (სიგნალების გენერატორები, ვოლტმეტრები, ოსცილოგრაფები, სიხშირეთა მრიცხველები, თერმომეტრები) უდიდესი მწარმოებელი გახდა. 1980-იანი წლებიდან დადგა დრო, ეს კომპანია პერიფერიული მოწყობილობების ბაზარზეც ლიდერი გამხდარიყო, რამაც ასევე დიდი მოგება მოიტანა. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, ამავე კომპანიამ საკუთარი ძალისხმევა საბოლოოდ მიმართა კომპიუტერული ბიზნესისკენ და ვიზუალური ინფორმაციის დასამუშავებელი ტექნიკის წარმოებისკენ. ამ მიმართულებამ ბოლო დროს საერთო სახელწოდება "imaging" მიიღო.

"სილიკონის" ბიზნესი

დეივ პაკარდი – სილიკონის ველის ერთ-ერთი პირველი მილიარდელი, გარდაცვალებამდე იმ პატარა სახლში ცხოვრობდა, რომელიც მეუღლესთან ერთად 1957 წელს ააშენა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახმა გამოაქვეყნა ნეკროლოგი ფოტოთი, სადაც იგი ტრაქტორზე, სამუშაო ტანსაცმელშია გამოსახული. ნეკროლოგის ტექსტში მინიშნებაც კი არ ყოფილა იმაზე, რომ იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესმენია. ნეკროლოგში მხოლოდ ეს სიტყვები ეწერა: `დევიდ პაკარდი, 1912-1996, ფერმერი~. უილიამ ჰიულეტი (1913-2001) მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის არმიის კავშირგაბმულობის კორპუსის ოფიცრად მსახურობდა. კომპანიაში დაბრუნების შემდეგ, 1947 წელს, მისი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამავე კომპანიაში მან ყველაზე მაღალი პოსტების დაკავება შეძლო, 1987 წლამდე პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა. ჰიულეტზე ამბობდნენ, რომ კონტაქტებზე ადვილად გადიოდა, ხასიათით კეთილი, ნათელი აზროვნებით გამოირჩეოდა, რაც საშუალებას აძლევდა სწრაფად გარკვეულიყო ახალ იდეებსა და ტექნოლოგიებში. არცერთი მათგანი მხოლოდ ბიზნესში საქმიანობით არ იყვნენ `ჩაკეტილები~. პაკარდმა ორი წელი (1969-1971 წლები) პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციასთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე იმუშავა, ხოლო ბილ ჰიულეტი განათლებითა და მედიცინით ყოველთვის იყო დაინტერესებული. 1960-იან წლებში იგი უცხო ქვეყნების დახმარების პროგრამის მთავარი საკონსულტაციო საბჭოს და პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციასთან არსებული მეცნიერების საკონსულტაციო საბჭოს წევრი იყო. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის შემქმნელთა ყველაზე ლაკონიური დახასიათება მათ ძველ მეგობარს უნივერსიტეტიდან, ბარნი ოლივერს ეკუთვნის. უკვე ცნობილი ამერიკული კორპორაციებისთვის ჯილდოების მიმნიჭებებელი საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში მან დაწერა: `კომპანიის დამაარსებლები წარმატებამ არ გააფუჭა~...

1999 წელს საქმიანობის სხვა სახეობებმა (სამეცნიერო აპარატურა, ნახევარგამტარები, ოპტიკური მოწყობილობები, ქიმიური ანალიზისა და ტესტირების ხელსაწყოები) შვილობილ კომპანია Agilent-ს გადაეცა. სათაო ოფისს იმდენად დიდი რეპუტაცია ჰქონდა, რომ `შვილობილი~ კომპანიის აქციების პირველადი გამოშვება გახდა რეკორდული მოვლენა სილიკონის ველის `საფონდო ისტორიაში~. შეიქმნა კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამ 8 მილიარდ დოლარს, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია. იმავე, 1999 წელს, სათავო ოფისის ხელმძღვანელი გახდა ქალი, რომელიც კარლი ფიორინა იყო. იგი კომპანია Lucent Technologies-იდან მოვიდა, ამ პოსტზე ექვსი წელი გაატარა, ხოლო თავისი უფლებამოსილებანი მარკ ჰერდს გადააბარა.

ბოლო წლების განმავლობაში, კორპორაცია HP მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებს შორის უდავო ლიდერი გახდა. მის მიერ წარმოებულ პროდუქციას შეხვდებით ყველგან – ოფისებში, ინდივიდუალურ მომხმარებლებთან... მრავალფეროვანია პროდუქცია სახეობების მიხედვით: პრინტერები, სკანერები, ციფრული კამერები, კალკულატორები, მრავალი სხვა რამ, რის გარეშეც თანამედროვე ადამიანის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში (2002 წელს კომპანია Compaq-ის შემოერთების შემდეგ), ორივე მთავარ კონკურენტს (IBM, Dell) გადაუსწრო. საინტერესოა ისიც, რომ ცოტა ხნით ადრე, კომპანია Compaq-მა ფირმა Tandem Computers შეიძინა, რომელიც HP-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ იყო შექმნილი.

ამ დროისთვის, კომპანია HP მაგიდის კომპიუტერების, ნოუთბუქების, ბოლო პერიოდში სმარტფონების ბაზარზე უდიდესი მოთამაშე გახდა. ლაპარაკი აღარ არის სერვერების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებებზე. გლობალური ეკონომიკური კრიზისის დადგომამდე, ეს კომპანია თანამშრომლების 300-ათასიანი შტატით ღირსეულ ადგილს იკავებდა თანამედროვე ბიზნესის ფლაგმანთა პირველ ასეულში. 2007 წელს კომპანიამ 44-ე ადგილი დაიკავა, ხოლო კაპიტალიზაციამ 112,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. `მსოფლიოს 500 უდიდესი კომპანიის~ რეიტინგს სხვა საქმიან გამოცემებს შორის ჟურნალი `Fortune~ ყოველწლიურად აქვეყნებს. ამ კომპანიის ორივე დამაარსებელმა საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდებს უსახსოვრა, რომლებიც ჯერ კიდევ ორივეს სიცოცხლეში შეიქმნა.

ინფორმაციისთვის

კორპორაცია HP ყოველწლიურად 3,5 მილიარდი დოლარის მოცულობის კაპიტალდაბანდებას ახორციელებს. ახალი პროდუქტები, გადაწყვეტილებები, ტექნოლოგიები მას საშუალებას აძლევს უკეთესად მოემსახუროს საკუთარ კლიენტებს და ახალ ბაზრებზე გავიდეს. აქ დასაქმებული სპეციალისტები ისეთ ტექნოლოგიურ სიახლეებს ნერგავენ, რომლებიც ამაღლებს ბიზნესის მწარმოებლობას, სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციას და კლიენტების ცხოვრების გაუმჯობესებას ეხმარება. ამ კომპანიის განკარგულებაში 142 000 სპეციალისტისგან შექმნილი გუნდია, რომელიც ბიზნესს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, 40-ზე მეტ ვალუტასა და 10-ზე მეტ ენაზე ახორციელებს. საშუალო წლიური ფინანსური შემოსავალი 73,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, მისი შტაბ-ბინა ქალაქ პალო-ალტოში, კალიფორნიის შტატია განთავსებული.

2014 წლის სექტემბერში, კორპორაცია Hewlett Packard Company ორად გაიყო (Hewlett-Packard Enterprise და HP Inc). პირველის განკარგულებაში სერვერების წარმოება და კორპორატიული კლიენტების მომსახურება, ხოლო მეორესთან პერსონალური კომპიუტერებისა და პრინტერების წარმოება გადავიდა. კორპორაციის გაყოფა 2015 წლის 31 ოქტომბერს დასრულდა. 2016 წლის 25 მაისს, კორპორაციული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია HPE Enterprise Services კონკურენტმა კომპანიამ ბრიტანეთიდან Computer Sciences Corporation-მა შეიძინა, რის შემდეგაც ახალი გაერთიანებული კომპანიის აქციების 50% HPE-ს გადაეცა.

მის შემადგენლობაში შევა ამავე კომპანიის მეთაური მეგ უიტმანი, ხოლო უხელმძღვანელებს მაიკლ ლორი – Computer Sciences-ის გენერალური დირექტორი. ამ საქმიანი გარიგების შედეგად ბაზარზე საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების სფეროში ახალი (ძველი) მოთამაშე შევიდა, რომლის წლიური ამონაგები 26 მილიარდი დოლარი იქნება. HPE-ში დარჩენილი ბიზნესი (სერვერების გაყიდვა, მონაცემთა დაცვისა და შენახვის სისტემები, ქსელური მოწყობილობები) შეფასებულია როგორც კომპანია, რომლის წლიური ამონაგები `მხოლოდ~ 33 მილიარდი დოლარი იქნება.

კომპანიის განყოფილებები

კორპორაცია Hewlett-Packard ოთხი საბაზისო განყოფილებისგან შედგება:

– დამკვეთებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება (CSG) ყურადღების კონცენტრირებას ახდენს მთავარ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაზე. იგი პასუხისმგებელია ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც კორპორატიული სექტორის საწარმოებს, მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიებს, აგრეთვე სახელმწიფო სექტორის საწარმოებს უკავშირდება.

– ბეჭდვისა და გამოსახულების ციფრული დამუშავების განყოფილება (IPG) ბიზნესის ამ მიმართულების ლიდერია. იგი აწარმოებს ბეჭდვისთვის განკუთვნილ და სხვა მრავალფუნქციურ მოწყობილობებს, ასევე მასთან დაკავშირებულ მასალებსა და აქსესუარებს. ავითარებს საკუთარ საქმიანობას კომერციული ბეჭდვის მიმართულებითაც.

– პერსონალური სისტემების განყოფილება (PSG) – საკუთარ საქმიანობას მარტივი, საიმედო და იაფი გადაწყვეტილებებისა და გამომთვლელი ტექნიკის შექმნისაკენ წარმართავს, რომლის გამოყენებაც სახლში და ბიზნეს-კომპანიებში არის შესაძლებელი. მათ შორის არის მაგიდის და პორტატიული პერსონალური კომპიუტერები, რადიოსადგურები, ჯიბის და პერსონალურ მოწყობილობები.

– ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განყოფილება (TSG) მონაცემთა დაცვის კორპორატიულ სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და მომსახურებას მოიცავს. ყურადღების კონცენტრირებას ახდენს ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და Smart Office-ს კონცეფციათა რეალიზაციაზე კორპორატიული სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის საწარმოებისთვის.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ კომპანიამ კომპლექსური პროგრამა საკუთარი სტრუქტურების გამარტივების მიზნით წარადგინა. უნდა შემცირდეს დანახარჯები და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა დამკვეთების ინტერესებზე. ამ კორპორაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელების აზრით, მოცემული ცვლილებები ყოველწლიურად 1,9 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესის ზრდასა და მისი ეფექტიანობის გაზრდას. ეს პროგრამა HP-ის სტრუქტურებს გაამარტივებს. გაყიდვებისა და მარკეტინგის ფუნქციები უშუალოდ ბიზნეს-განყოფილებებს გადაეცემათ. ამგვარად, დამკვეთებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდება. რესტრუქტურიზაცია მოწოდებულია მნიშვნელოვნად შეამციროს დანახარჯები პერსონალის მარდაჭერის საშინაო ფუნქციების ოპტიმიზაციის დახმარებით, ასევე ამავე კომპანიის საპენსიო პროგრამების პირობების შეცვლით აშშ-ში. მსგავსი ცვლილებები გამოათავისუფლებს ფინანსურ რესურსებს ბიზნესში განმეორებითი ინვესტირებისთვის. ამის გარდა, იგივე პროგრამა თანამშრომელთა უფლებამოსილებებსა და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გააფართოებს და გაამარტივებს ანგარიშგების სტრუქტურებს. შეამცირებს კომპანიის შიგნით არსებულ იერარქიის საფეხურთა რიცხვს. კორპორაცია HP-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ჰიორდმა განაცხადა: `ბიზნესის დაწვრილებით ანალიზის შემდეგ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სრულყოფილად მოვახდინოთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება. შეგვიძლია ვიმუშაოთ უკეთესად ჩვენი შემკვეთების, თანამშრომლების, აქციონერებისა და პარტნიორების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვიმუშავებთ კიდევ უფრო უკეთესად!~

კორპორაციის მორალური კოდექსი

ტრანსნაციონალური გიგანტის კორპორატიული ფილოსოფია რამდენიმე უმთავრეს პრინციპს ეყრდნობა, რომელიც კომპანიის დამაარსებლებმა ჯერ კიდევ 1957 წელს ჩამოაყალიბეს.

უმაღლესი სიკეთე – კლიენტისადმი ერთგულებაა;

მოგება – ყოველი თანამშრომლის საზრუნავია;

ბაზარზე ლიდერის პოზიცია მოიპოვება არსებული მიმართულებების დაკავებით, ასევე ახლის მოძიების გზით;

ზრდის უზრუნველსაყოფად გონივრული რისკი;

სრული ნდობა თანამშრომლების მიმართ, ზრუნვა მათ საჭიროებებსა და კეთილდღეობაზე, კომპანიის წარმატებები ყოველი თანამშრომლისთვის;

ხელმძღვანელები არიან არა მბრძანებლები, არამედ შრომითი კოლექტივების ლიდერები.

კარგი თანამშრომელი ვერ გახდები, თუ არ ხარ წესიერი მოქალაქე, რომელსაც შეაქვს წვლილი საზოგადოებისა და მისი სოციალური ინსტიტუტების სასარგებლოდ.

ვეფხია სამსონიძე