ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
საბანკო საკრედიტო ბარათების ისტორია - #4(53), 2017
საბანკო ბარათების ჩვენამდე ამჟამინდელი სახით დამკვიდრება საბანკო სისტემის მრავალწლიანი შრომის შედეგია. ანგარიშსწორების მექანიზმის განვითარებაზე და დახვეწაზე ბანკირთა და ფინანსისტთა მრავალმა თაობამ იზრუნა იმისთვის, რომ საბანკო პლასტიკური ბარათი არსებული სახით თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურ ატრიბუტად გადაქცეულიყო. მის ფორმირებას მრავალი წელი დასჭირდა. პირველი, ვინც საკრედიტო ბარათის შექმნის იდეა საზოგადოებას გააცნო, ედუარდ ბელამი იყო, რომელმაც ეს საკითხი 1888 წელს შექმნილ წიგნში `ხედვა წარსულში~ განიხილა. მუყაოს საკრედიტო ბარათის დანერგვა პირველად ამერიკაში მოსინჯეს, რაშიც მონაწილეობა ამერიკაში საცალო ვაჭრობის საწარმოებმა და სანავთობე კომპანიებმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიიღეს.

კომპანია General Petroleum Corporation of California-მ (ამჟამად Mobil Oil) 1914 წელს პირველი საკრედიტო ბარათი გამოუშვა, რომელიც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის პროცესში გამოიყენებოდა. პოპულარობაც მალე მოიპოვა. ამ ბარათის მფლობელი მომსახურებისას მნიშვნელოვნად ხელსაყრელი პირობებითა და ფასდაკლებებით სარგებლობდა. ფირმა-ემიტენტი იღებდა მუდმივ კლიენტებსა და სტაბილურ შემოსავლებს. მუყაოს საკრედიტო ბარათების გამოყენების ხანგრძლივობა დროის მიხედვით მცირე იყო, ამიტომ, მის ჩანაცვლებას ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ: ჯერ ლითონის, ხოლო შემდგომში პლასტიკატისგან დამზადებული ტვიფრული ბარათები გამოუშვეს.

ტვიფრის მეთოდის გამოყენება საშუალებას იძლეოდა ბარათის ზედაპირის გამოსახულების ასლი მანამდე დამზადებულ ქაღალდის ჩეკებზე გადაეტანათ. შეიქმნა საერთოეროვნული ასოციაციები, რომლებმაც ამ პროექტში მონაწილე ათასობით ბანკი გააერთიანა. ბარათების მფლობელი მილიონობით ადამიანი გახდა. ასობით ათასმა სავაჭრო დაწესებულებამ სავაჭრო-საცალო ქსელებში საქონლის შეძენისას ანგარიშსწორებისთვის ამ ბარათების მიღება დაიწყო. საბარათო ანგარიშსწორების სისტემები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაინერგა. თვით ანგარიშსწორებამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო.

მსგავსი ბარათების მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად დადგა ყოველ ემიტირებულ ბარათზე გაკეთებული შენაძენის აღრიცხვისა და რეგისტრაციის საკითხი, რის გამოც ამ ბარათზე შემდეგი მონაცემები დაურთეს: ბარათის ნომერი, კლიენტის მონაცემები, მისი მოქმედების ვადები. ბარათებზე ამ მონაცემთა ამოტვიფრის მეთოდი პრაქტიკულად უცვლელად, დღემდეა შენარჩუნებული. ფართოდ გამოიყენება სმარტ-ბარათებშიც, რომელიც ინფორმაციის მატარებლის ახალი სახეობაა. იგი აგებულია მიკროპროცესორის ბაზაზე შექმნილი დიდი მეხსიერებით, მისი დანიშნულებაა ინფორმაციის შენახვა, დამუშავება, დაცვა არასანქცირებული შეღწევისგან.

სმარტ-ბარათები შესაძლებელია მომხმარებელმა პლასტიკური ფულის სახით, ასევე ბანკთაშორისი ანგარიშსწორებისთვის, კონფიდენციალური ინფორმაციის ჩასაწერად გამოიყენოს, რომელიც კლიენტს ეხება. ასევე ასრულებს სხვა ფუნქციებსაც. მსგავსი ტიპის პირველი ბარათები ლითონისგან მზადდებოდა, რომელიც შემდგომში პლასტიკურმა ბარათებმა ჩაანაცვლა, რადგანაც იგი უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა. თავდაპირველად ეს ბარათები ანგარიშსწორების საშუალება ნამდვილად არ ყოფილა. ასრულებდა კლუბური ბარათების როლს, რომელიც მისი მფლობელის მომსახურების სფეროს რომელიმე დაწესებულების წევრობას ადასტურებდა. ასეთი ბარათები მკაცრი შეზღუდვის პირობებით ვრცელდებოდა როგორც მომსახურების, ასევე გეოგრაფიული მიმართულების კუთხით. საკლუბო ბარათები დღემდე ფართოდ არის გავრცელებული.

პირველი საბანკო ბარათი 1951 წელს, ნიუ-იორკში მოქმედმა პატარა ბანკმა Long Island-მა გამოუშვა, ხოლო მომსახურების ამ სახეობის განვითარება მსოფლიოში ფართო მასშტაბით დღემდე მიმდინარეობს. 1951-1958 წლებში ზოგიერთმა ამერიკულმა ბანკმა საკუთარი საბარათო სისტემის შექმნა დაიწყო, მაგრამ მათი მასშტაბები იყო მცირე და ეს ბარათები ლოკალურად გამოიყენებოდა. 1957 წელს ამერიკაში 26 ბანკი-ემიტენტი მუშაობდა, რომელთა პროგრამაში ამ ბარათის 754 ათასი მფლობელი და 11,000 მოვაჭრე მონაწილეობდა.

ბარათების გამოყენებით სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ წელიწადში 40 მილიონი დოლარი შეადგინა. 1960-იან წლებში პლასტიკური ბარათები მაგნიტური ზოლით გამოვიდა, რომელსაც `მაგნიტური ბარათები~ უწოდეს, ხოლო ასეთი ბარათების მომსახურებისთვის ინტელექტუალური ელექტრონული ტერმინალები მაღაზიებში და მომსახურების სფეროს საწარმოებში დაიდგა. მოგვიანებით, კუპიურებისა და მონეტების გაცემისთვის საჭირო ბანკომატების გამოშვებაც დაიწყეს. ეს სიახლე იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა ყველასთვის, რომ კლიენტების რიცხვმა სწრაფად დაიწყო ზრდა. შეიქმნა სპეციალური, ბანკომატებისთვის განკუთვნილი ბარათები რელიეფური ბეჭდის გარეშეც. ასეთი იყო VISA Electron-ის ბარათები ბანკომატებსა და სავაჭრო ტერმინალებში გამოყენების
მიზნით, ხოლო VISA Plus-ის ტიპის ბარათები მხოლოდ ბანკომატებში მომსახურეობისთვის.

1970-იან წლებში, პლასტიკური ბარათების საფუძველზე შექმნილი ანგარიშსწორების სისტემები ევროპის თანამეგობრობაშიც თანდათან დაინერგა. სისტემა Europay პრაქტიკულად VISA-ს მსგავსია. ანალოგიური სისტემა შემდგომში იაპონიაში, მოგვიანებით მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირამდეც მოაღწია. გეოგრაფიულ ექსპანსიას წინ ტექნოლოგიების განვითარება უსწრებდა. ამავე პერიოდში ასევე შეიქმნა დანადგარი, რომელიც საშუალებას იძლეოდა ბარათებზე ფერადი ნახატები და ტექსტები, ასევე შავ-თეთრი ფოტოები
დაებეჭდათ. ასე რომ, 1990-იან წლებში უკვე შესაძლებელი გახდა ბარათებზე ფერადი ფოტოების, ასევე გრაფიკული გამოსახულებების ისეთ ფერებში დაბეჭდვა, რომელიც ულტრაიისფერ სპექტრში აისახებოდა. შეიქმნა სკანერები
ხელმოწერების, ხელის თითების ანაბეჭდების ციფრულ ფორმატში წარმოსადგენად.

ბარათები, რომლებიც სრულფასოვან საგადასახადო საშუალებად გადაიქცა, ცნობილმა არასაბანკო გიგანტებმა – Diners Club (1950 წ.), American Express (1958 წ. საკრედიტო `ბარათები მდიდრებისთვის~) და Hilton Credit (1959 წ.) გამოუშვეს. დამზადების კუთხით, ეს ბარათები წინამორბედებისგან არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ თავისი ფუნქციების
მიხედვით, სრულიად ახალი სახეობის ბარათები იყო. ფაქტობრივად, ეს წლები შეიძლება ჩაითვალოს უნაღდო ანგარიშსწორების ორგანიზების ახალ ინსტრუმენტად. Diners Club-მა ბრუნვაში გაუშვა ისეთი ანგარიშსწორების
ბარათები, რომლებსაც მომსახურებისთვის რესტორნებში, სასტუმროებსა და ტურისტულ სააგენტოებში იღებდნენ. შემდგომში მათ `ტურიზმისა და გართობის ბარათები~ უწოდეს. თავისი არსით, ეს იყო პირველი სრულმასშტაბიანი სამმხრივი შეთანხმების სქემა ბარათის ემიტენტის, სავაჭრო დაწესებულებებისა და ბარათების მფლობელთა თანამონაწილეობით.

1958 წელს ანალოგიური ბარათი მომხმარებელს American Express-მაც შეთავაზა. მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსთვის, მსგავსი ბარათების დამზადება წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს, რომელთა შორის იყვნენ:
Bank of America, The Chase Manhattan Bank, N. A, Marine Midland Bank და სხვები. ძირითადი მამოძრავებელი მოტივი იყო ბარათებისთვის – Diners Club-ისთვის და American Express-ისთვის კონკურენციის გაწევა. ამ ბარათებს ბანკები განიხილავდნენ როგორც კლიენტებისთვის დამატებითი სამსახურის გაწევის შესაძლებლობას და ვერ ხედავდნენ იმ უზარმაზარ პოტენციურ შესაძლებლობებს, რომლებსაც ბარათები ანგარიშსწორებისა და კრედიტების გაცემის მიმართულებით იძლეოდნენ მომავალში.

პირველი საკრედიტო ბარათი, რომელიც კრედიტის გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლეოდა, 1958 წელს ბანკმა Bank of America-მ გამოუშვა და მას Bank Americard უწოდა. ამჟამად იგი VISA-ს სახელით არის ცნობილი.
ბარათმა ფართო საზოგადოებაში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. დიდი ბანკის – Bank of America-ს პირველმა უნივერსალურმა ბარათმა გამოცდა 1956 წელს Fresco-ში, California გაიარა. 1960-იანი წლების შუაგულამდე, სისტემა Bank Americard საბანკო საქმიანობის ამ სფეროში მონოპოლისტი იყო, რომელიც სახელშეკრულებო საფუძველზე მომსახურებას სხვა ბანკებსაც უწევდა. 1961-1967 წლებში, ფინანსური ოპერაციების მოცულობა 75-დან 335 მილიონ დოლარამდე, მოვაჭრეთა რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამაში
მონაწილეობდნენ, 35-დან 83 ათასამდე, ამ ბარათების მფლობელთა რიცხვი კი – 1-დან 2,7 მილიონამდე გაიზარდა.

1966 წელს მომხდარმა მოვლენამ საბანკო საბარათო სისტემის შემდგომ განვითარებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. Bank of America-მ ცალკე ორგანიზაცია Bankamericard Services Corporation დააფუძნა, სადაც თავს
იყრიდა ყველა ფინანსური ოპერაცია, რომელიც საბანკო საკრედიტო ბარათებს Bank Americard-ს უკავშირდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ახლადშექმნილმა კომპანიამ ბარათების გამოსაშვებად ლიცენზიების გაყიდვა
სხვა ბანკებისთვის დაიწყო, რამაც სხვა ბანკებს საშუალება მისცა საკრედიტო საბარათო ბიზნესს გაცნობოდა. საკრედიტო ბარათების გამოშვება ამერიკაში თითქმის ყველა ბანკმა დაიწყო. ისინი იღებდნენ მნიშვნელოვან სიახლეს,
აუცილებელ ტექნიკურ საშუალებებს, მაგრამ იძულებულნი იყვნენ საკუთარი საკრედიტო საბარათო ოპერაციები Bankamericard Services Corporation-ის მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექციათ, რომელმაც დაადგინა სტანდარტები და ამ
ბარათების გამოყენების წესები განსაზღვრა.

1970 წლისთვის, ამერიკაში უკვე 3300 ბანკი გახდა ახლადშექმნილი სისტემის მონაწილე. მას ასევე დიდი უცხოური ბანკებიც შეუერთდნენ, რომელთა შორის ბრიტანული Barclays იყო. ამის მიუხედავად, Bank of America საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების მართვის მონოპოლისტი საშინაო და საგარეო ბაზრებზე მაინც ვერ გახდა.

ამ სისტემის მონაწილეთა უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი კომპანიის მხრიდან გამოვლენილი დიქტატი გახლდათ ცალკეული ბანკის კლიენტებისთვის საკრედიტო ბარათების გაცემის საკითხის ჩათვლით. ამ საბანკო-საფინანსო
ოპერაციების მონაწილე ბანკებმა დიდი ავტონომია, მათ შორის საკრედიტო ბარათზე კონკრეტული ბანკის სახელწოდების მითითების უფლება მხოლოდ მას
შემდეგ მიიღეს, როცა ამ კორპორაციას VISA უწოდეს. მსგავსი მონოპოლიის საპასუხოდ, ამერიკის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 1960-იან წლებში საბანკო საკრედიტო ბარათების გამოშვების რეგიონული
ასოციაციები შეიქმნა. მათ საფუძველზე, 1967 წელს Interbank Card Association – ICA შეიქმნა, რომელმაც მრავალი ბანკი გააერთიანა და Bank of America-სთან ერთად საბანკო საკრედიტო ბარათების მეორე ასოციაციად ჩამოყალიბდა. იგი იმით იყო განსხვავებული, რომ პირველ ეტაპზე მისი მონაწილეები ოპერატიული საკითხების გადაწყვეტისას დამოუკიდებელნი
იყვნენ. ასოციაციისადმი კუთვნილება ბარათებზე `ი~ ასოთი იყო აღნიშნული, თუმცა, შემდგომში ეს ყველაფერი კონტროლის გარდაუვალი სტანდარტიზაციითა და ცენტრალიზაციით დასრულდა. ბანკებმა ერთიანი
ბარათი Master Charge გამოუშვეს. უკვე 1970 წლისთვის, ICA-ს მონაწილეთა სამი მეოთხედი ამ ბარათს უშვებდა. დაიწყო ნამდვილი ქაოსი. ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში უდიდესი ბანკების ერთი ნაწილის მიერ მსგავსი
საკუთარი ბარათების შემოღება წარუმატებლად, ასობით მილიონი დოლარის ზარალით დასრულდა, რისი მთავარი მიზეზი ამ რეგიონში არსებული ბანკების განყოფილებათა ქსელის განუვითარებლობა გახლდათ, რაც კერძო პირებთან
დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განვითარებას აფერხებდა, ეწინააღმდეგებოდა საანგარიშსწორებო ბრუნვაში ამ ბარათების დანერგვას.

მსგავსი პრობლემების მიუხედავად, ამ მიმართულებით ორი ცენტრი გამოიკვეთა: სისტემა Bank of America შემდგომში მრავალსახეობიან სისტემად გარდაიქმნა, რომელიც ამჟამად ფართოდ ცნობილი სახელწოდება VISA‑თი დამკვიდრდა. საბანკო გაერთიანება სახელწოდების რამდენჯერმე ცვლილების შემდეგ ცნობილი გახდა როგორც MasterCard. უკვე დამკვიდრებული ქაოსის დაძლევა გამომთვლელი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად განვითარებითა და შესაძლებლობებით მოხერხდა. მისი მეშვეობით ანგარიშსწორების ეფექტური ავტომატიზებული სისტემა შეიქმნა. საბანკო-საკრედიტო ბარათების გამოშვება და დამკვიდრება თავიდან ბანკებისთვის არარენტაბელური აღმოჩნდა, რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა. იმისათვის, რომ საბანკო-საბარათო ტექნოლოგია რენტაბელური გამხდარიყო, ბანკი-ემიტენტი ფართოდ დამკვიდრებულ კომერციულ სექტორად უნდა ჩამოყალიბებულიყო. ეს თავის მხრივ შესაძლებელი მას შემდეგ იქნებოდა, როცა ამავე ბანკის კლიენტთა რაოდენობა, რომლებიც საბანკო საქმიანობის ახალ სახეობას აღიარებდნენ, იქნებოდა ძალიან დიდი. დასახული მიზნის მისაღწევად, ამ ბარათების უზარმაზარი რაოდენობა კლიენტებს ფოსტით გაუგზავნეს, რამაც პრაქტიკაში მრავალრიცხოვანი დარღვევები გამოიწვია. ახალი პროდუქტის ფართოდ დანერგვის მცდელობა ამერიკაში 1960-1965 წლებში დაფიქსირდა. ზოგიერთი ბანკი საკუთარ კლიენტებს ამ ბარათებს უფასოდაც სთავაზობდა, ხოლო დაწესებული ერთწლიანი, ან ორწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მომსახურების წლიურ გადასახადს უწესებდა.

ამერიკასა და სხვა ქვეყნებში საბანკო-საკრედიტო ბიზნესის განვითარება ორი კომპანიის VISA-ს და Master Charge-ის მკაცრი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა. 1979 წელს, ამ უკანასკნელმა სახელწოდება შეიცვალა და MasterCard-ით გახდა ცნობილი. 1980 წელს VISA-ს ბარათების მომხმარებელთა რიცხვმა 73 მილიონს, ხოლო ფინანსური ოპერაციების წლიურმა მოცულობამ – 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

თუ დროს გავუსწრებთ – 1991 წლისთვის ბრუნვაში გაშვებული VISA-ს ბარათების რაოდენობა 105 მილიონი იყო, ხოლო ფინანსური ოპერაციების რაოდენობა 171 მილიარდი დოლარი. სწრაფი ტემპებით იზრდებოდა ასევე
MasterCard-ის მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები: 1980 წელს ამ ბარათებით 55 მილიონი ადამიანი სარგებლობდა, ფინანსური ოპერაციების მოცულობამ 10,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 10 წლის შემდეგ ამავე კომპანიამ ეს მაჩვენებლები შესამჩნევად გააუმჯობესა – 1990 წელს ამ ბარათებს უკვე 90 მილიონი ადამიანი იყენებდა, ხოლო 99 მილიარდი დოლარი განხორციელებული ფინანსური ოპერაციების ბრუნვის სახით დაფიქსირდა.

ასოციაცია MasterCard მრავალი მნიშვნელოვანი ტექნიკური და საორგანიზაციო სიახლის დანერგვის ინიციატორია, რაც შემდგომში საბანკო ბარათების სხვა კომპანიებმა შემოიღეს და ამით ხელი შეუწყვეს მსოფლიოში საბანკოსაბარათე ოპერაციების განვითარებას. 1983 წელს, ბარათზე პირველმა განათავსა ლაზერული ჰოლოგრამა. რამაც მისი გაყალბება მნიშვნელოვნად გაართულა და მისი საიმედოობა არსებითად გაზარდა. 1984 წელს, ამავე ასოციაციამ ექსპლოატაციაში ორი ძლიერი საკომუნიკაციო სისტემა გაუშვა, რომლებიც ინფორმაციის გაცვლას და ანგარიშსწორების განხორციელებას უზრუნველყოფდა: Banknet – ავტორიზაცია და ფულადი ანგარიშსწორება 5 მილიონი სავაჭრო საწარმოსთვის, ასევე სავაჭრო წერტილებში ელექტრონული ტერმინალების ქსელი – `МАРР~ – `MasterCard Point-of-Sale-Programm~, რომლის სიმძლავრე დღეში 11 მილიონი საფინანსო ოპერაციის განხორციელება იყო.

1987 წელს ამავე ასოციაციამ ჩრდილოეთ ამერიკაში უდიდესი ბანკომატების ქსელი ჩირრუს შეიძინა. 1988 კომპანია MasterCard International-მა თანამშრომლობის შესახებ ისტორიული ხელშეკრულება EuroCard International-თან გააფორმა, რომელიც შემდგომში იწოდებოდა როგორც
Europay International. ამ გადადგმულმა ნაბიჯმა MasterCard‑ს საშუალება მისცა ამ სისტემაში ჩართულ მონაწილეთა რაოდენობა, გამოყენების სფეროებთან ერთად გაეზარდა, რამაც მისი კონკურენტუნარიანი პოზიციები ევროპულ რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში მნიშვნელოვნად გააძლიერა.

Europay International 1992 წელს სამი კომპანიის Eurocard International, Eurocheque International, Eurocheque International Holdings – შეერთების შედეგად წარმოიქმნა. ამ კომპანიის კაპიტალში ევროპის 22 ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. მისი სპეციალიზაციაა საანგარიშსწორებო მომსახურების მონაწილეებს საბანკო ბარათები და ევრო-
ჩეკები შესთავაზოს. MasterCard-თან შეთანხმებამ გაერთიანებული ინფრასტრუქტურა შექმნა, რომელშიც ბანკები, სავაჭრო საწარმოები, საბანკო ავტომატები, ელექტრონული ტერმინალებია ჩართულნი.

1988 წელს, გერმანიაში უმსხვილესი საერთაშორისო ასოციაციების (VISA, MasterCard, EuroCard) მიერ გამოშვებულ საკრედიტო ბარათებს 2 მილიონი ადამიანი ფლობდა. საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ფინანსური
ოპერაციების საერთო მოცულობამ 11 მილიარდი გერმანული მარკა, ანუ საცალო ბრუნვის 2% შეადგინა. ამავე ქვეყანაში, 1990-იანი წლების დასაწყისში, მთლიანი საანგარიშსწორებო ფინანსური ოპერაციების 86% ნაღდი
ფულის საშუალებით ხორციელდებოდა. იმ პერიოდისთვის, საკრედიტო და დებეტური ბარათები ფართოდ არ იყო გავრცელებული, თუმცა, მისი გამოყენების მასშტაბები თანდათან ფართოვდებოდა. დებეტურ ბარათებს შორის ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა საანგარიშსწორებო ევროჩეკის ბარათი ფულის ბანკომატებში მისაღებად. ამ მიზნით, მასზე დაამატეს მაგნიტური ზოლი, რომელზეც ამ ბარათის მფლობელის პერსონალური კოდი იყო ჩაწერილი. მიმდინარეობს ექსპერიმენტები ისეთი ევრობარათების შესაქმნელად, რომელიც მიკროსქემით იქნება აღჭურვილი და ოფფლინე რეჟიმში, ანუ საბანკო კომპიუტერული სისტემის ცენტრალურ პროცესორთან უშუალო კავშირის გარეშე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელება. იმის მიუხედავად, რომ სავაჭრო წერტილებში ელექტრონული ტერმინალების რაოდენობა იზრდება (1991 წელს ეს მაჩვენებელი 34,7 ათასი იყო), მათი გამოყენება შეზღუდულია და ძირითადად ანგარიშსწორებაზეა დაშვებული ნებართვა.

ჯერჯერობით არ ხორციელდება ფულის გადარიცხვა ავტომატურ რეჟიმში. ბრიტანეთში პირველი საკრედიტო ბარათი Barclaycard ბრუნვაში 1965 წელს გაუშვეს. ბანკმა Barclays-მა 1966 წელს ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის თაობაზე BankAmericard-თან, რაც საშუალებას იძლეოდა ამერიკული ასოციაციის ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ბრუნვაში Barclaycard-ის გასაშვებად და დასამკვიდრებლად გამოეყენებინათ. საბანკო ბარათების პროგრამა `BarclaysBank~ ზუსტად ჰგავდა BankAmericard‑ის
პრივილეგირებული ბარათების სქემას. თავდაპირველად, კლიენტთა ბაზაში 1 მილიონი მომხმარებელი, ხოლო სავაჭრო ქსელთა ჩამონათვალში 30 ათასი კომერციული დაწესებულება შევიდა.

1970-იანი წლების დასაწყისში, `დიდი ოთხეულის~ სხვა ბანკები: National Westminster, Midland Bank და Lloyds – ბანკი Barclays-ის მიერ მოპოვებული წარმატებებით შეშფოთდნენ და საკრედიტო ბარათების მეორე საერთოეროვნული ქსელის შექმნას შეუდგნენ. მათ მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ Joint Credit Card Company 1972 წლის აგვისტოდან საბანკო ბარათი Access გამოუშვა. მოგვიანებით, ამავე კომპანიამ ხელშეკრულება MasterCard-თან ბრიტანეთში გააფორმა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით საბანკო ბარათი Access ისეთ სავაჭრო დაწესებულებებში მიიღეს, რომლებიც MasterCard-ის კონტრაგენტები იყვნენ. 1987 წელს Barclays Bank-მა საერთოეროვნული სადებეტო ბარათი Connect გამოუშვა.

ამ მომენტისთვის, მსოფლიოს უდიდესი საბანკოსაბარათე სისტემებია – Аmerican Express (უკავია მსოფლიო ბაზრის 18%), Europay (30%), VISA (50%). საინტერესოა ის, რომ საბანკო-საბარათე ოპერაციების განვითარება
სხვადასხვა ქვეყანაში ძირითად მომენტებში ამერიკული საბარათე სისტემის მსგავსი პროცესით მეორდება. ამის მიუხედავად, მხოლოდ VISA და MasterCard-ის ბარათების ემიტენტები გარდაიქმნენ მსოფლიო მასშტაბის ასოციაციებად. მათი დამკვიდრების მასშტაბების შესახებ მსჯელობა შეიძლება იმ მონაცემთა მიხედვით, რომელიც კომპანია MasterCard International-მა ჯერ კიდევ 1994 წლის მარტში გამოაქვეყნა.

ამ საბანკო ბარათის მომსახურებას იმ მომენტისთვის, მსოფლიოს მასშტაბით 21,7 ათასი ბანკი და და ფინანსური ორგანიზაცია ახორციელებდა. ამჟამად, მსოფლიოში ამ სერვისთან ასოცირებული სავაჭრო საწარმოებისა და
დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც ასოციაციის მიერ გამოშვებულ ბარათებს – MasterCard-ს და Europay-ს იღებენ, მსოფლიოში 12 მილიონს, ხოლო ევროპაში 3 მილიონს აღწევს. ამ ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბის
წარმოსადგენად ერთი ციფრის დასახელებაც საკმარისია: 1993 წელს განხორციელებული ფინანსური ოპერაციების მოცულობამ 320,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში, ბრუნვაში არსებული ბარათების რაოდენობა 227,9 მილიონი იყო, რომელთაგან 100 მილიონი იყო ბარათები სისტემიდან Europay.

საერთაშორისო საბანკო საბარათე ასოციაციების მმართველობითი ორგანოების სტრუქტურა მათი საქმიანობის მასშტაბებით განისაზღვრება. კომპანია VISA
International-ს რამდენიმე დირექცია აქვს, რომელთაგან თითოეული მსოფლიოს კონკრეტულ რეგიონში არსებული ასოციაციის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი: ცალკე ზონას წარმოადგენს აშშ, ცალკე – ევროპა, აფრიკა და ა.შ. კომპანია MasterCard-ში დირექტორთა ერთიანი საბჭო ფუნქციონირებს,
რომელშიც ადგილების ერთი მესამედი უცხო ქვეყნის (აშშ-ის ფარგლებს გარეთ) არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკუთვნით. ამ ასოციაციას შვიდ ევროპულ
ქვეყანაში საკუთარი წარმომადგენლობები გააჩნია.

1974 წელს, ყოფილმა ჟურნალისტმა როლან მორენომ საფრანგეთიდან მიკროსქემიან პლასტიკურ ბარათზე (სმარტ-ბარათზე) საკუთარი იდეისთვის პატენტი მიიღო, რის შემდეგაც საკუთარი გამოგონების პროპაგანდისთვის
ფირმა Innovatron შექმნა (საინტერესოა, რომ ოთხი წლით ადრე, ანალოგიური იდეისთვის პატენტი იაპონიაში დოქტორმა კუნიტაკა არიმურამ მიიღო, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ამ გამოგონებაზე შესაბამისი პატენტი ვერ მოიპოვა). საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, სმარტბარათების გამოშვება ამ ქვეყანაში რამდენიმე ფირმამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. თავის დროზე ეს გამოგონება ღირსეულად ჩრდილოეთ ამერიკაში ვერ შეფასდა, თუმცა, სხვა ქვეყნებში ზუსტად რომ დროულად გამოჩნდა.

პლასტიკური ბარათების ბაზაზე შექმნილი ნებისმიერი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი მისი უსაფრთხოებაა. იმ ქვეყნებში, სადაც ანგარიშსწორება პლასტიკური ბარათების მეშვეობით უკვე დიდი ხანია
ყოველდღიურობად იქცა, სხვადასხვა სახის კრიმინალური ქმედებებისგან დაფიქსირებული დანაკარგები და ზარალი უზარმაზარ თანხას უკავშირდება. 1993 წელს, მხოლოდ ბრიტანეთში, ამ მაჩვენებელმა 400 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. უდიდესი კომპანიებისთვის VISA და MasterCard მთლიანობაში მაგნიტური საკრედიტო და დებეტური ბარათებისთვის დანაკარგი განხორციელებული ფინანსური
ოპერაციების საერთო ღირებულების 5,5-6%‑ის ფარგლებში მერყეობს. მსგავსი დანაკარგების მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ გაყალბებას და ბარათების მოპარვას უკავშირდება. ბოროტმოქმედებს პრაქტიკულად გადაულახავ
ბარიერებს სწორედ სმარტ-ბარათები უქმნის, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი არ იყოს. ამიტომაც კომბინირებულ ბარათებს მაგნიტური ზოლითა და მიკროსქემით (ეროვნული სისტემა CarteBleu) საფრანგეთში უკვე რამდენიმე წელია უშვებენ. ცოტა ხნის წინ შეთავაზების სპექტრის გაფართოების მიზნით კომპანიებმა MasterCard‑მა და Europay-მ ახალი სისტემა Maestro შექმნეს. კომპანიამ Europay Int-მა ევროპაში საქმიანობის უფლება CIRRUS‑ისგან
(MasterCard-ის შვილობილი კომპანიისგან) ბანკომატებისთვის საჭირო ბარათების ბრუნვაში გასაშვებად ცოტა ხნის წინ მიიღო.

მოვლენათა ქრონოლოგია

1914 წელი – ქაღალდის საკრედიტო ბარათების გაცემა ამერიკულმა ბანკებმა მუდმივ კლიენტებზე დაიწყეს;

1928 წელი – ბოსტონში არსებულმა კომპანიამ Farrington Manufacturing პირველი ლითონისაგან დამზადებული ფირფიტები დაამზადა. მასზე ამოტვიფრული იყო მისამართი და კრედიტუნარიან კლიენტებზე გაიცემოდა.

1946 წელი – ბრუკლინის ეროვნული ბანკი ფლეტბუშის სამომხმარებლო კრედიტის სპეციალისტმა ჯონ ს. ბიგინსმა ორგანიზება გაუკეთა საკრედიტო სქემა Chargeit-ის ამოქმედებას. ეს სქემა ითვალისწინებდა ხელწერილებს, რომლებიც მიიღებოდა ადგილობრივ მაღაზიებში კლიენტებისგან მცირე შენაძენზე. მაღაზია ამ დოკუმენტს ბანკში აბარებდა, რის შემდეგაც დანახარჯი მყიდველის ანაბრიდან იფარებოდა. ფლეტბუშში პირველად მოსინჯეს ანგარიშსწორების შემდგომში კლასიკად ქცეული ფორმა, რომელიც ამჟამად
საბანკო-საბარათო სისტემაში ფართოდ გამოიყენება.

1950 წელი – გამოჩნდა რესტორნებისთვის განკუთვნილი ბარათი Diners Club;

1951 წელი – Franklin National Bank-მა პირველი საბანკო საკრედიტო ბარათი გამოუშვა;

1966 წელი – Bank of America-მ საკუთარი სისტემის გამოყენებაზე ლიცენზიების გაცემა დაიწყო;

1967 წელი – ამერიკაში, რამდენიმე რეგიონული ასოციაციისგან კომპანია Card Association შეიქმნა, რომელსაც შემდგომში MasterCard International უწოდეს. დღეისთვის, იგი ერთ-ერთი ლიდერია. პარალელურად ამოქმედდა
სისტემა – American Express;

1970 წელი – Bank of America-მ საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელების უფლება კომპანიას National Bank Americard, Inc. (NBI) გადასცა;

1977 წელი – NBI-მ ჯერ სახელწოდება VISA USA Inc, შემდგომში VISA International მიიღო. დღეისთვის, იგი 25,000-ზე მეტ ბანკს აერთიანებს და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია.

1992 წელი – სამმა ევროპულმა `საბარათე~ კომპანიამ ერთობლივი ფირმა Europay International შექმნეს. ამ ახალმა ევროპულმა საბარათე ანგარიშსწორების სისტემამ სავაჭრო ნიშნების EuroCard, EuroCheck MasterCard Int-ის მართვის უფლება მიიღო.

ვეფხია სამსონიძე