ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
GOLDMAN SACHS – მსოფლიო საინვესტიციო გიგანტი - #1(54), 2018
როცა ბავარიიდან ემიგრირებული მარკუს გოლდმანი 1869 წელს ნიუ იორკში ვექსილებით მოვაჭრე პატარა კანტორას ხსნიდა, ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი „შვილობილი“ მსოფლიოში უდიდესი შემოსავლების მქონე საინვესტიციო ბანკი გახდებოდა. Goldman Sachs-მა თითქმის საუკუნენახევრიანი არსებობის პერიოდში ბევრ გამოცდას აუძლო. აშშ-ის საბანკო სექტორის გიგანტებიდან სრული საინვესტიციო პროფილით იგი Morgan Stanley-სთან ერთად მარტო დარჩა. სხვებმა კონკურენტებთან ჭიდილს ვერ გაუძლეს და მათთან სხვა პროფილით შერწყმა ამჯობინეს. ამ „დარჩენილებმა“ იმისთვის, რომ საბანკო ჰოლდინგურ კომპანიებად ჩამოყალიბებულიყვნენ, საბაზრო ძალებისგან შემოტევას თავი წარმატებით გაართვეს.

სიძე-სიმამრის ბიზნესი

მომავალი ბანკირი მარკუს გოლდმანი, 1821 წლის 9 დეკემბერს ვოლფ და ელა გოლდმანების ოჯახში, ცენტრალური გერმანიის საბაზრო დაბა ბურგპრეპახში დაიბადა. 1848 წლის რევოლუციისას გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს ამერიკაში პირველი დიდი ებრაული ემიგრაციის ტალღასთან ერთად გაეცალა. თავდაპირველად ფილადელფიაში დასახლდა, სადაც თავს წვრილმანი ვაჭრობით ინახავდა. აქ მან აშშ-ში მისებრ ბავარიიდან ემიგრირებული მეგვარე ბერტა გაიცნო. მარკუს გოლდმანის მომავალი მეუღლე თავს ქარგვითა და კერვით ირჩენდა. 1869 წლისთვის, როდესაც ოჯახი ნიუ იორკში გადასახლდა, გოლდმანებს 6 შვილი ჰყავდათ. მეგაპოლისში, კონკრეტულად კი მანჰეტენის პაინ სტრიტზე, მარკუსმა საბროკერო კანტორა გახსნა. იგი საიუველირო მაღაზიების კლიენტებისგან შეძენილ თამასუქებს დაინტერესებულ ბანკებზე სარფიანად ჰყიდდა. ამ გზით მოპოვებული მისი წლიური შემოსავალი 250 ათას დოლარს (დღევანდელი კურსით 4 მილიონ დოლარზე მეტი) აჭარბებდა.

გოლდმანი 13 წლის განმავლობაში მარტო, პარტნიორის გარეშე ბროკერობდა. 1882 წელს, როცა მისი ფირმის ბრუნვამ 30 მილიონ დოლარს მიაღწია, პარტნიორად სიძე – 31 წლის სემუელ საქსი მოიწვია. თუმცა, ეს უკანასკნელი საქსების ოჯახიდან სულაც არ ყოფილა გოლდმანის პირველი სიძე. გარიგებული ქორწინებით გოლდმანებთან დამოყვრებული სემუელის უფროსი ძმით, ჯულიუსით კმაყოფილმა მარკუს გოლდმანმა უმცროსი ქალიშვილი ლუიზა სემუელ საქსზე დააქორწინა.

ცნობისთვის, საქსების ოჯახიც ბავარიიდან ემიგრირებული ებრაელების დიასპორის წარმომადგენელი იყო. სემუელის მამა ჯოზეფი, გერმანიაში ცხოვრებისას თავს რეპეტიტორობით ირჩენდა. იგი ერთ-ერთ მოწაფეზე – მდიდარი იუველირის ქალიშვილზე დაქორწინდა და ამერიკაში მხოლოდ ამის შემდეგ გადასახლდა.

სემუელ საქსი 1851 წლის 28 ივლისს მერილენდში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მას 15 წლის ასაკიდან მოუწია შრომის ფერხულში ჩადგომა. მერე ზემოთ ნახსენები იღბლიანი დამოყვრებები შედგა და... სიმამრისგან პარტნიორობის შეთავაზების მიღებისთანავე, სემუელმა ჯერ საკუთარი ბიზნესი – ტანსაცმლის მაღაზია გაყიდა, მერე გოლდმანისგან საპარტნიორო შენატანისთვის 15 ათასი დოლარი ისესხა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მისი პარტნიორი. საბროკერო ფირმას M. Goldman & Sachs ეწოდა.

1885 წლიდან სიძე-სიმამრის ბიზნესს მარკუს გოლდმანის ვაჟი ჰენრი და კიდევ ერთი სიძე ლუდვიგ დრეიფუსი შეუერთდნენ. კომპანიამ ამჯერადაც შეიცვალა სახელი – Goldman, Sachs & Co.

1894 წელს 73 წლის მარკუს გოლდმანმა ფირმის მართვის სადავეები სემუელ საქსს გადააბარა, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი საკუთარ გადადგომამდე (1928 წელი) შეინარჩუნა.

1896 წელს ფირმა ნიუ იორკის საფონდო ბირჟას (NYSE) შეუერთდა. ამერიკის ფინანსურ ბაზარზე მისგან განხორციელებული პირველი რევოლუცია 1897 წლით თარიღდება. Goldman, Sachs & Co-მ შტატებში პირველმა გამოიყენა ტელეგრაფი კლიენტებისთვის ევროპის საკრედიტო ბაზარზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ფულის სასესხებლად. ამ პერიოდისთვის კომპანიის კაპიტალმა 1.6 მილიონი დოლარი (დაახლოებით 47 მილიონი დღევანდელი კურსით) შეადგინა.

1904 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კომპანიის პარტნიორთა რიგებს სემუელ საქსის ორი ვაჟი – არტური და პოლი შეუერთდა. სულ მალე, იმავე წლის 20 ივლისს გარდაიცვალა კომპანიის დამფუძნებელი მარკუს გოლდმანი.

XX საუკუნის დასაწყისიდან Goldman, Sachs & Co იყო IPO (Initial Public Offering – კომპანიების აქციების პირველად გამოტანა სახალხოდ) ბაზრის უმთავრესი მოთამაშე. 1906 წლიდან იგი გახდა საერთაშორისო საცალო ვაჭრობის ქსელი შეარს ღოებუცკ-ის IPO-ს მმართველი კომპანია (მოგვიანებით, მიმდინარე საუკუნის პირველ ათწლეულში, აშშ-ის ფინანსური მაგნატი მონაწილობას იღებდა ისეთი კომპანიების IPO-ს მართვაში, როგორებიცაა – Microsoft, Yahoo, Ford, GE. მას ეკუთვნის ამერიკული Tesla-ს მილიონამდე აქცია და Burger King-ის აქციათა მესამედი).

1912 წელს ჰენრი ს. ბაუერსი გახდა Goldman, Sachs & Co-ს პირველი პარტნიორი, რომელსაც არც გოლდმანის და არც საქსის ოჯახთან არ ჰქონდა ნათესაური კავშირი.

1917 წელს, პარტნიორთა უმრავლესობის მხრიდან ზეწოლის შედეგად, პროგერმანული პოზიციების გამო ბანკის ერთ-ერთი მმართველის პოსტიდან გადადგა ჰენრი გოლდმანი. ამიერიდან ფირმის მართვა სრულად საქსების ოჯახის პრეროგატივა გახდა.

სემუელ საქსმა და მისმა მეგობარმა ფილიპ ლიმანმა (Lehman Brothers) ისტორიაში პირველებმა გამოიყენეს აქციების გამოშვება კომპანიისთვის ფონდების მოსაზიდად. მეტწილად სწორედ განვითარების ამ გზის ამორჩევის გამო გახდა Goldman, Sachs & Co აშშ-ის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი XX საუკუნეში.

1918 წელს საქსებმა კომპანიაში სამუშაოდ მიიწვიეს გასული საუკუნის 20-იანი წლების ცნობილი ფინანსისტი უოდილ ქაჩინგსი (Waddill Catchings), რომელიც 1928 წლისთვის ბანკის უმსხვილესი პარტნიორი გახდა (როდესაც სემუელ საქსმა კომპანიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა). ქაჩინგსის ხელმძღვანელობისას Goldman, Sachs & Co ე.წ. სავაჭრო ორგანიზაციად გადაიქცა, ამან კი, ამერიკული ფინანსური სფეროს უმსხვილესი წარმომადგენელი ლამის გააკოტრა (ქაჩინგსის ხელში კომპანიის საბაზრო ფასი 500 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა). საქმეს ვერც აშშ- ს ისტორიაში პირველი მილიარდერის – ჰარისონ უილიამსის (Harrison Williams) კაპიტალის მოზიდვამ უშველა. ყველაფერს დაემატა 1929 წლის საბირჟო კრახი, რამაც ამერიკული კომპანიების აქციების ფასებზე საოცარი ვარდნა განაპირობა და დასაბამი დაუდო „დიდ დეპრესიას“ (1930-1939).

1930 წელს Goldman, Sachs & Co-ის მმართველი პარტნიორის პოსტზე 39 წლის სიდნი ვაინბერგი (Sidney Weinberg) დაინიშნა, რომელმაც თანამდებობა სიკვდილამდე (1969) შეინარჩუნა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის – პოლ საქსის შვილიშვილმა რადიკალურად შეცვალა ფირმის საბანკო პოლიტიკა – უმთავრესი გახდა საინვესტიციო მიმართულება. ვაინბერგის დამსახურებით Goldman, Sachs & Co-მ საკმაოდ გაფერმკრთალებული რეპუტაცია აღიდგინა. კომპანიაში ვაინბერგის მართვის ერთ-ერთი მონაპოვარი გახლდათ 1956 წელს Ford Motor Company-ს IPO-ს მთავარი კონსულტანტობა. მომავალში სიდნის ვაჟები ჯონ ლივინგსტონი და სიდნი „ჯიმი“ ფირმის პარტნიორები გახდნენ. მისი ერთ-ერთი შვილიშვილი ჯონი ვიცე- პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო პიტერი, ვიდრე საინვესტიციო ბანკის პარტნიორი გახდებოდა, კომპანიის ევროპული წარმომადგენლობის შეფი იყო.

1969 წლიდან `გოლდმან საქსის~ მმართველი პარტნიორის თანამდებობა გუსტავ (გას) ლევიმ დაიკავა, რომელიც კომპანიაში 1933 წლიდან ხელმძღვანელობდა სავაჭრო განყოფილებას. 1950-იან წლებში მან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გამორჩეული სპეციალისტის სახელი მოიხვეჭა. მისი ბანკის სათავეში მოსვლით, ექსპერტებს ადვილად პროგნოზირებადი თავსატეხი გაუჩნდათ – რომელი მიმართულება უფრო პრიორიტეტული იქნება ბანკისთვის – საინვესტიციო თუ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ლევიმ საჯაროდ მისი მემკვიდრის დასახელება ვერ მოასწრო – იგი 1976 წლის ოქტომბერში ინსულტის შედეგად კომაში ჩავარდა და 3 ნოემბერს გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

1976 წლიდან, პირველად `გოლდმან საქსის~ არსებობისას კომპანიაში ორხელისუფლებიანობა დამკვიდრდა. სათავეში ჯონ ლივინგსტონ ვაინბერგი და ჯონ უაითჰედი მოვიდნენ. ეს უკანასკნელი პოსტს დიდ პოლიტიკაში წასვლამდე (იგი აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ 1985 წლიდან მუშაობდა) ინარჩუნებდა. საქსების საგვარეულო შტოს წარმომადგენელმა ჯონ ვაინბერგმა კი საინვესტიციო ბანკის მართვა 1990 წლამდე გააგრძელა. აღნიშნული ტანდემის მართვის ერთგვარი მონაპოვარი გახლავთ ბიზნესის წარმოების 14 პრინციპი, რომელთა მიმართ ერთგულებას Goldman Sachs-ში დღესაც ცდილობენ. „წითელი ხაზი“, რომელიც მეტწილად ჯონ ვაინბერგის ხელმძღვანელობის პერიოდში დამკვიდრდა, კონკურენტების შთანთქმისგან კატეგორიული თავშეკავებაა.

1990 წლის ბოლოდან კვლავ გაგრძელდა ორხელისუფლებიანობა ბანკის მართვაში. სათავეში რობერტ რუბინი და სტივენ ფრიდმანი მოვიდნენ. თუმცა, კვლავ დიდი პოლიტიკის მიზეზით, იგი დიდხანს არ გაგრძელებულა. 1993 წლის იანვრიდან რუბინი აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ჯერ ეკონომიკური პოლიტიკის დარგში თანაშემწედ დაწინაურდა, მოგვიანებით (1995) კი ფინანსთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ფრიდმანს რაც შეეხება, მან ბანკის „ერთპიროვნული“ მართვა 1994 წლამდე გააგრძელა. რუბინი-ფრიდმანის მართვის პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშანი იყო გაერთიანებების ხარჯზე ფირმის გლობალიზაცია. ამ პერიოდში „გაეშვა“ კომპანიის სასაქონლო მარაგების ინდექსი (GSCI) და გაიხსნა ბანკის ოფისი პეკინში.

ახალი ერის დასაწყისი

1994 წლიდან საინვესტიციო ბანკის მმართველი პარტნიორი 47 წლის ჯონ კორზინი გახდა. 1999 წლამდე `გოლდმან საქსის~ მართვის პერიოდში კორზინმა ძირითადი აქცენტი ფირმის გეოგრაფიის აზიაში გაფართოებაზე გააკეთა. მან დიდი როლი ითამაშა ბანკის კერძო პარტნიორობიდან საჯარო კომპანიად გარდაქმნის დაჩქარებაში.

პოსტიდან კორზინის წასვლის წინ, `გოლდმან საქსში~ რევოლუციური გარდაქმნები მოხდა. პარტნიორთა შორის ათწლეულობით მიმდინარე დებატების შემდეგ 1999 წლის მაისში შემდგარი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO) საინვესტიციო ბანკი საჯარო კომპანია გახდა.

უოლსტრიტის უძველესმა საინვესტიციო ბანკმა კორზინის ხელმძღვანელობით მიმდინარე IPO-ზე გასაყიდად გამოიტანა 3,7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები. გაყიდვაში იყო სულ 69 მილიონი აქცია ერთეულის ღირებულებით 53 დოლარი. `გოლდმან საქსმა~ გაყიდა კომპანიის აქციათა 12.6%, 221 მთავარ პარტნიორზე გადანაწილდა 48.3%, აქციათა 21.2% არაპარტნიორ თანამშრომლებს მიეყიდა, ხოლო დანარჩენი 17.9% გადამდგარ პარტნიორებზე და 2 „ძირძველ“ ინვესტორზე Sumitomo Bank Ltd-სა და Kamehameba Schools-ის საინვესტიციო ქვეგანაყოფ Kamehameha Activities Assn-ზე გადანაწილდა.

სხვათა შორის, თავისუფალი წესით გასხვისებული აქციების 12.6-პროცენტიანი კვოტიდან 253551 აქცია ცნობილი ქართველი ბიზნესმენის – ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია. თუმცა, უცნობია საქართველოს ექსპრემიერმა ისინი პირველსავე IPO-ზე შეიძინა, თუ მის შემდეგ გამართულ რომელიმე საჯარო გაყიდვისას. ცნობისთვის, 2008 წლის ბოლოს შემდგარი IPO-ს შედეგების მიხედვით, `გოლდმან საქსმა~ არსებობის ისტორიაში პირველად იზარალა და ამ ზარალმა 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

1999 წლის მაისიდან, მას შემდეგ რაც პოსტი პოლიტიკაში წასულმა ჯონ კორზინმა დატოვა (იგი ნიუ ჯერსიდან ჯერ სენატორი გახდა (2001-2006), შემდეგ კი 2010 წლამდე მშობლიური შტატის გუბერნატორი იყო), საინვესტიციო ბანკის გენერალური დირექტორი 53 წლის ჰენრი პოლსონი გახდა. მოგვიანებით, მისი საბანკო კარიერაც პოლიტიკამ „შეიწირა“ – იგი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა 2006 წლის ზაფხულში სენატს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაამტკიცებინა. რობერტ რუბინის შემდეგ პოლსონი `გოლდმან საქსიდან~ წასული მეორე კადრია, რომელმაც ამ პოსტზე იმუშავა.

პოლსონის ხელმძღვანელობით, საინვესტიციო ბანკში მკაცრ დისციპლინაზე დაფუძნებული მართვის სისტემა ჩამოყალიბდა. უმთავრესი გახდა თანამშრომელთა საქმიანობის ფინანსური შედეგები, რაზეც უშუალოდ იყო დამოკიდებული თავგამოჩენილი პერსონალისთვის განკუთვნილი სოლიდური ბონუსების სიდიდე. თავად `გოლდმან საქსის~ ტოპ-მენეჯერის წლიურმა შემოსავალმა 2005 წელს 37 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2006 წელს „თეთრ სახლში“ გადაბარგებამდე 16.4 მილიონით დაკმაყოფილდა.

2006 წლის ივნისიდან დღემდე `გოლდმან საქსის~ მართვის უპირველესი ფიგურა ლოიდ ბლანკფეინი გახლავთ. იგი საბანკო სექტორისთვის კრიზისული პერიოდის (2007-2008) მიუხედავად, რეგულარულად სახელდებოდა უოლ-სტრიტზე მომუშავე ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპმენეჯერთა შორის. 2009 წელს Forbes-მა ბლანკფეინი წლის ყველაზე გამოჩენილ გენერალურ დირექტორად დაასახელა. 2012 წელს, მისი როგორც ბანკის ხელმძღვანელის წლიურმა გამომუშავებამ 21 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს მთელი 75%-ით სჭარბობდა. 2016 წელს ეს მონაცემი 22.3 მილიონი დოლარი გახდა.

მტაცებლის შეძენილი რეპუტაცია

1999 წლამდე `გოლდმან საქსი~ როგორც საპარტნიორო დაწესებულება არსებობდა და მისი ძირითადი საქმიანობა საინვესტიციო ბანკის ფუნქციებით შემოიფარგლებოდა – შერწყმისა და შთანთქვის თაობაზე კონსულტაციები, ფასიანი ქაღალდების განთავსების ორგანიზება და სხვ. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში 1970-1980 წლებში ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი იხსენებს, რომ იმ პერიოდის მმართველი პარტნიორი გას ლევის მთავარი მოწოდება ასე ჟღერდა: „ყველაფერი გააკეთეთ კლიენტის საკეთილდღეოდ და ჩვენი ბიზნესიც აყვავდება“.

პირველი IPO-ს შემდეგ ბანკის საქმიანობა უფრო რისკიანი გახდა და შესაბამისად მოგებაზე აქცენტის გაკეთებაც არ იყო გასაკვირი. რისკმა გაამართლა (1998 წელს საკუთარი ინვესტიცია 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2008‑ში 13.96 მილიარდს მიაღწია), მაგრამ კლიენტების თვალში შეცვლილი რეპუტაციის ხარჯზე.

საუკუნე-ნახევრიანი საქმიანობის განმავლობაში `გოლდმან საქსი~ არაერთ სკანდალში ყოფილა გახვეული. ერთ-ერთი ხმაურიანი გახლდათ 2007 წლის გარიგება სახელწოდებით Abacus. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საზედამხედველო კომისიისგან (SEC) საქმის შესწავლის შემდეგ ბანკმა ინვესტორთა მოტყუების ბრალდების დასარეგულირებლად 550 მილიონი დოლარი გადაიხადა. როგორც გაირკვა, `გოლდმან საქსმა~ არ გააფრთხილა კლიენტები, რომ უზრუნველყოფილი სავალო ვალდებულებები (CDO – Collateralized Debt Obligation) ჯონ პოლსონის ჰეჯ-ფონდის მიერ იყო გამოცემული. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ მაღალრისკიანი იპოთეკური ობლიგაციების გაუფასურების მოლოდინში იყო, რომელთაგან უმეტესობა Goldman Sachs-ისგან Abacus‑ის მყიდველების განკარგულებაში გახლდათ. ჰეჯ-ფონდმა ამ თაღლითობით 1 მილიარდი გამოიმუშავა, მაგრამ ბანკი ზემოთნახსენებ სკანდალს ვერსად გაექცა. 

ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2012 წლის მარტში The New York Times-ში ბანკის ერთ-ერთი საშუალო რგოლის ხელმძღვანელის გრეგ სმიტის სტატიას სათაურით „რატომ მივდივარ Goldman Sachs-იდან“. მასში ავტორი ბანკის მესვეურებს სწრაფი და დიდი მოგების მიღებისთვის კლიენტთა ინტერესების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ჩვეულებრივი ამბავია ისეთი პროდუქტის ყიდვაში კლიენტის დაჯერება, რომლის თავიდან მოშორება უპირველესად ბანკის ინტერესებშია. გრეგ სმიტი ირწმუნებოდა, რომ `გოლდმან საქსში~ კლიენტებს „მაპეტებად“ (ცნობილი ინგლისურ-ამერიკული იუმორისტული პროგრამის Muppet Show პერსონაჟები) მოიხსენიებენ.

თემაზე მუშაობისას Financial Times-ის მიერ გამოკითხული ბანკის კლიენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გულუბრყვილობაა უოლსტრიტის ბანკებისაგან ალტრუიზმის მოლოდინი – მით უფრო, `გოლდმან საქსისგან~, რომელიც მათგან ყველაზე ჭკვიანი და პროფესიონალურის რეპუტაციით სარგებლობს.

„ისინი საკმაოდ კომპეტენტურები არიან. ასეა ყველგან, სადაც მაღალი შემოსავალი მაღალ რისკთანაა კავშირში. მერე რომ არ დაიჩივლოთ, როცა Goldman Sachs-თან გაქვთ საქმე, იცოდეთ, მაგიდის მეორე მხარეს უმეტესად თქვენზე ჭკვიანები აღმოჩნდებიან“, – ამბობს ევროპის ერთ-ერთი მსხვილი სამრეწველო კომპანიის ტოპ-მენეჯერი.

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა