ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ილონ მასკის კონკურენტები - #2(55), 2018
ნაკლებადცნობილი კომპანიები, რომლებიც ელექტრომობილებს აწარმოებენ

არსებობს მოსაზრება, რომ ავტომობილები ელემენტებზე ჩვენი გარდაუვალი მომავალია. თქვენც მიგაჩნიათ, რომ მორიგი ტექნოლოგიური რევოლუციის და ინდუსტრიის მომავალი გიგანტების დაარსების ეპოქაში ვცხოვრობთ? თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა "ტესლამ", მის გვერდით ადგილის დაკავებაზე პრეტენზიას აცხადებენ ენთუზიასტები, თავიანთი ინოვაციური გადაწყვეტილებებით და სხვადასხვა გიჟური იდეებით... უკვე მრავალმა ავტოგიგანტმა ჩვეულებრივძრავიანების გარდა ჰიბრიდების და ელექტრომობილების წარმოება დაიწყო. თუმცა, არსებობს ისეთი მწარმოებლებიც, რომლებიც მხოლოდ ელექტრომობილებზეა ორიენტირებული. ამ სტატიაში სწორედ ასეთ კომპანიებს მიმოვიხილავთ.

FARADAY FUTURE

ამერიკულ-ჩინური კომპანია უკანასკნელი პერიოდის მთავარი ნიუსმეიქერი რამდენიმე მიზეზის გამო გახდა: მომავალი ავტომობილის გამორჩეული დინამიკური მონაცემების შესახებ გავრცელებული განცხადებებით დაწყებული და შემდეგ, პრემიერის წინ, ტოპ-მენეჯერების კომპანიიდან გაქცევით დამთავრებული. Faraday Future ერთდროულად დატოვეს ფინანსურმა დირექტორმა, PR‑ის და სტრატეგიის განყოფილებების ხელმძღვანელებმა და თვით გენერალურმა დირექტორმაც კი.

თუმცა, ამას არ უმოქმედია კომპანიაში არსებულ მსოფლიოს დაპყრობის გეგმაზე. პირველი მოდელი – FF91 უკვე წარმოდგენილია. იგი აღჭურვილია 4 ელექტრომოტორით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 1050 ცხენის ძალას შეადგენს და 130-კილოვატსაათიანი ბატარეებით. ერთი დამუხტვით გარბენი 600 კილომეტრია. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ავტომობილზე, რომლის ფასიც 100 000 დოლარია, უკვე აქვთ 65 000 დადასტურებული შეკვეთა. კომპანიამ უკვე გააფორმა $300-მილიონიანი ხელშეკრულება ნევადას შტატის ხელისუფლებასთან, სადაც ფირმის ქარხანა აშენდება. თუმცა, ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემის გამოძიებამ აჩვენა, რომ FF-ს ძირითადი ინვესტორი ჩინელი მედიამაგნატი ცზა იუიატინი სულაც არ ჩქარობს კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, რადგანაც ჩინეთში ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. რაც შეეხება უზრუნველყოფილ შეკვეთებს, აღმოჩნდა რომ ავტომობილის შესაძენად დეპოზიტზე 5000 დოლარის ჩარიცხვა საჭირო სულაც არ ყოფილა – საკმარისია მხოლოდ სურვილის დაფიქსირება.

ყველა სირთულის მიუხედავად FF-ის პირველი მოდელი ინჟინერული თვალსაზრისით საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება. შარშან, პუბლიკას პრაქტიკულად მზა ეგზემპლარი წარუდგინეს. მერე რა, რომ შოუს დროს ავტონომიური პარკირებისას ხარვეზი შეიქმნა, მთავარი – სრულად მართვადი შასის და უსადენო დამუხტვის დემონსტრირება იყო.

FISKER

ჰენრი ფისკერი, Aston Martin DB9-ის და BMW Z8-ის დიზაინის ავტორი, იყო ერთ-ერთი პიონერი ალტერნატიული ძალოვანი დანადგარის მქონე ავტომობილების შექმნაში. ილონ მასკისგან განსხვავებით მან თვით დამტენი ჰიბრიდების გზა აირჩია და წააგო. მისი Fisker Karma იყო დახვეწილი და ჰოლივუდის ვარსკვლავებშიც პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ თითოეულ ეგზემპლარის წარმოებაზე კომპანია ათეულობით ათას დოლარს კარგავდა და საბოლოოდ იძულებული გახდა დახურულიყო. 2016 წელს ფისკერის კომპანიის მეორედ მოსვლა ვიხილეთ, ახალი კონცეფციით და ახალი ავტომობილით. თავად ჰენრი გვპირდებოდა, რომ შეცვლიდა ჩვენს წარმოდგენას თანამედროვე ავტომობილზე. მოდელმა მიიღო `პეპელას ფრთების~ ტიპის კარები (როგორც წინა, ასევე უკანა), უკანა სავარძლების ფართო სივრცე და როგორც ფისკერი ამბობს `ძლიერი ემოციური კავშირი თავის მფლობელთან~. კითხვებს მხოლოდ მომავალი ავტომობილის ტექნიკური აღჭურვა იწვევს. Fisker აპირებს ნივთიერება გრაფენის საფუძველზე დამზადებული ინოვაციური ტიპის აკუმულატორის გამოყენებას, რომელიც ბევრად იაფი, მსუბუქი და ეფექტურია დღეს გავრცელებულ ლითიუმ-იონის ელემენტზე. დატენვასაც ნაკლები დრო მიაქვს, პრობლემა კი მხოლოდ ერთია – მსგავსი აკუმულატორების წარმოება ძალას მხოლოდ ახლა იკრებს.

LEECO

ცზა იუეტინი – ბიზნესმენი Faraday Future-დან, დაკავშირებულია კიდევ ერთ კომპანიასთან, რომელიც წელიწადში ლამის 400 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. ჩინური ჰოლდინგი LeEco – მაგნატის ძირითად აქტივს წარმოადგენს და ამერიკული სერვერ Netflix-ის ანალოგია. უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარეობს მისი ტრანსფორმირება ტექნოლოგიურ კორპორაციად, რომელიც სხვადასხვა გაჯეტს და ტექნიკას აწარმოებს. საავტომობილო განყოფილება კი შეიქმნა Faraday Future-ის ამერიკაში დაარსების შემდეგ. საჯარო სივრცეში ორ კომპანიას შორის კავშირს უარყოფენ, იუეტინის წარმომადგენლები კი მხოლოდ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრობენ. თუმცა, გარკვეული მონაცემებით კონცეპტ LeSee Pro-ს დიზაინი FF-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს, თანაც სრულიად უფასოდ.

2016 წლის აპრილში, პირველ პრეზენტაციაზე ავტომობილი სცენაზე ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილდებოდა, არადა სინამდვილეში კულისებიდან პულტის მეშვეობით იმართებოდა. იმავე წლის შემოდგომაზე პირველი ცდიდან ვერ მოხერხდა მისი ამერიკელი პუბლიკისთვის წარდგენა. ერთ-ერთი ეგზემპლარი პრეზენტაციამდე სერიოზულად დაზიანდა, მეორე კი რეჟისორ მაიკლ ბეის ყავდა `გატაცებული~ `ტრანსფორმერები 5-ის~ გადაღებისთვის.

ამბობენ, რომ LeEco აპირებს 1,8 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ელექტროქარების მწარმოებელ უზარმაზარ ქარხანაში. ასეც რომ იყოს, ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია ნებართვა სამუშაოების დაწყებაზე. პირველი მოდელის ტექნიკურ აღჭურვაზე ცოტა რამ არის ცნობილი. ვიცით უამრავი რადარისა და სენსორის შესახებ და აგრეთვე დამუხტვის ინდუქციურ სისტემაზე, რომელიც არ საჭიროებს შტეკერის დენის წყაროსთან შეერთებას.

LIGHTNING CAR COMPANY

პროექტს, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ყველაზე მრავალტანჯულია ამ კატეგორიაში და 10 წლის წინ დაიწყო. ელექტრონული სპორტქარის პრემიერა უკანასკნელად ლონდონის ავტოშოუზე 2008 წელს შედგა, სადაც Lightning GT გამოფენის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა. პირველ კლიენტებს თავიანთი ავტომობილები ერთი წლის შემდეგ უნდა მიეღოთ, მაგრამ შეკვეთის შესრულება მრავალჯერ გადაიდო და მორიგი თარიღი წლევანდელი შემოდგომაა. გადადების მიზეზი გახდა კონვეიერის აწყობასთან დაკავშირებული პრობლემა, პლუს ძალოვანი დანადგარის განახლების აუცილებლობა, რომელიც ამ ხნის მანძილზე საკმაოდ მოძველდა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ GT 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაგრამ დღეს ეს უკვე საკმარისი არ არის. მით უმეტეს, რომ მაქსიმალერი სიჩქარე მხოლოდ 200 კმ/სთ-ზე, სვლის მარაგი კი 240 კმ-ზე იყო შეზღუდული. ძარა შესრულებულია 60-იანი წლების კლასიკური ბრიტანული კუპეს სტილში. მოდელს არ აქვს ავტონომური მართვის თანამედროვე სისტემები და უზარმაზარი პლანშეტი ცენტრალურ პანელზე. თუმცა, მასში იგრძნობა ბრიტანული `ძველი სკოლის~ სული და ალბათ ეს ერთადერთი ფაქტორია, რის გამოც ამ სტატიაში მოხვდა.

LUCID MOTORS

შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ბიზნესმენ ცზა იუეტინს წილი მესამე სტარტაპშიც აქვს. თუმცა, სულ მალე სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, რადგან როგორც ზემოთ წაიკითხეთ, ბიზნესმენს ფინანსებთან დაკავშირებით პრობლები დაეწყო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სწორედ ეს მესამე კომპანია ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ჩანს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. Lucid Motors 10 წლის წინ დაარსდა და თავდაპირველად აკუმულატორის ტექნოლოგიების სრულყოფაზე მუშაობდა. ინჟინრებმა ფურგონ Mercedes-Benz Vito-ს ბაზაზე პროტოტიპიც ააწყეს, რომელიც 100 კმ/სთ-ს 3 წამზე სწრაფად ავითარებდა.

2016 წელი კომპანიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა. ნოემბერში გამოცხადდა 700 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების შესახებ არიზონას შტატთან, რომელიც ქალაქ კასა-გრანდეში ქარხნის აშენებას ითვალისწინებდა.

ლოს-ანჯელესის ავტოსალონის ფარგლებში გასულ წელს სედანის პირველი პროტოტიპის დებიუტი შედგა. როგორც ყველა სხვა სტარტაპი, Lუციდ-იც `ტესლას~ `ქილერის~ შექმნას გეგმავს. ამ მიზანს ემსახურება მოტორთა ერთობლივი სიმძლავრე, რომელიც 1000 ც/ძ-ს აჭარბებს. მომავალი წლიდან კომპანია McLaren Applied Technologies-სა და Sony-სთან ერთად სარბოლო სერია Formula E-სთვის აკუმულატორების ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდება. სტარტაპს დაევალება მართვის ბლოკების შემუშავება და წარმოება. ეს ხელშეკრულება მომავალში კომპანიის ფინანსური კეთილდღეობის გარანტად უნდა იქცეს.

NANOFLOWCELL

ზოგი ცდილობს ენერგიის როზეტიდან მიღებას, ზოგი – გარე გენერატორიდან, არის ვარიანტები წყალბადზე, მაგრამ ჯერ არავის გამოუყენებია… მარილიანი წყალი. რა თქმა უნდა, ეს არ არის უბრალოდ ოკეანის წყალი, არამედ სპეციალური სითხეა. საქმე გვაქვს ე.წ. გამდინარ აკუმულატორებთან, რომლის სისტემაში შედის 2 რეზერვუარი ელექტროლიტებით. ქიმიური რეაქციის შედეგად დანადგარი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც სუპერკონდენსატორების მეშვეობით ელექტრომოტორებს მიეწოდება. სისტემა არატოქსიკურია და არც ფეთქებადი, დამუხტვა კი ისეთივე მარტივი და სწრაფი იქნება, როგორც ჩვეულებრივ ავტოგასამართ სადგურზე. კომპაქტური კუპე Quantino-ს შემთხვევაში 350 ლიტრი იონის სითხე 1 000 კილომეტრის გავლას ეყოფა. შარშანდელი ცდების დროს ავტომობილმა დამუხტვის გარეშე 14 საათი იარა, თუმცა, კომპანიის ფარგლებს გარეთ ამის დადასტურება არავის შეუძლია. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი აკუმულატორები თხევად ელექტრონებზე 5-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე `ტესლას~ ელემენტები, თუმცა ჯერჯერობით სიტუაცია სრულად საპირისპიროა. კომპანია NanoflowCell ლიხტენშტაინში სულ 3 წლის წინ შეიქმნა, მაგრამ უკვე იქცა ჟენევის ავტოსალონის მუდმივ მონაწილედ. ასე რომ, ყოველ წელს მოსალოდნელია რევოლუცია.

NIO

ეს არის კომპანია NEXT EV-ის საავტომობილო განყოფილება და იგი ერთ-ერთი პირველი სტარტაპია გლობალური ინტეგრაციით. მისი საინჟინრო ცენტრი შანხაიშია განლაგებული და 2016 წლამდე აწ გარდაცვლილი მარტინ რიჩი ხელმძღვანელობდა, რომელიც მანამდე Ford Europe‑ისა და Maserati-ს ედგა სათავეში. მისი ფუნქციები იკისრა კომპანიის დამაარსებელმა უილიამ ლიმ. მოდელის დიზაინზე მიუნჰენში მუშაობენ, პროგრამულ უზრუნველყოფაზე კი – სან ხოსეში. კომპანიამ ნახევარ მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია უკვე მოიზიდა და 2016 წელს ჟენევაში ჰიპერქარი EP 9 წარმოადგინა, რომელიც 1,2 მილიონი დოლარი ღირს. NIO ფლობს სარბოლო გუნდს Formula E-ში, რომლის ღირსებას პირველივე წლიდან იცავს ნელსონ პიკე უმცროსი.

RIMAC

ბალკანეთი – ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია დედამიწაზე, სადაც ზესწრაფ ელექტრომობილებს მოძებნით, თუმცა, სწორედ ხორვატიულია კომპანია, რომელმაც ახლახან კონცეპტი Concept One წარმოადგინა. ამ ჰიპერქარმა მოკლე დისტანციაზე Buggati Veyron-ს, Porsche 918-ს, LaFerrari-ს და Tesla-ს აჯობა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ერთი მილის დისტანციაზე "ბუგატიმ" "ხორვატს" შანსი არ დაუტოვა.

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც დრიფტისა და ელექტროობის ენთუზიასტს მათე რიმაკს BMW M3 E30-ში მოტორი აუფეთქდა და ავტომობილის ელემენტებზე გადაყვანა გადაწყვიტა. `მწვანე მონსტრად~ ქცეული ავტომობილი 600 ც/ძ-ს გამოიმუშავებდა და 100 კმ/სთ-ს 3 წამში ავითარებდა. საკუთარ ავტომობილზე დახელოვნებულმა რიმაკმა, სუპერქარის ნულიდან აწყობა გადაწყვიტა. მაშინ ინჟინერთა და მექანიკოსთა სოლიდურ გუნდს და აგრეთვე პატენტთა დიდ კოლექციას მოუყარა თავი. 2014 წელს კომპანიამ – Concept One-ის 8 ეგზემპლარის გაყიდვა მოახერხა. 2 ტონამდე წონის მიუხედავად სუპერქარი 305 კმ/სთ-ს ავითარებდა და დამუხტვის გარეშე 500 კმ-ს გადიოდა. 2016 წელს სამყაროს მეორე მოდელი ჩონცეპტ შ მოევლინა, რომელიც პირველი მოდელის შემსუბუქებულ და გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და ტრეკზე გადაადგილებაზეა გათვლილი. ძრავის სიმძლავრე 1 345 ც/ძ-ა, 100 კმ/სთ‑მდე აჩქარებას კი ავტომობილი 2,5 წამში ახერხებს.

Rimac-ის ძლიერ მხარეს ინჟინრული მიგნებები ითვლება, ამ მხრივ ხორვატები კონსულტაციას Koeningsegg‑ის შვედ ინჟინრებსაც უწევენ. ყველა ავტომობილისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი კომპანიაშივეა შემუშავებული. მაგალითად, სრული ამძრავის სისტემა 4 ბორბალს შორის ენერგიის ნებისმიერი პროპორციით განაწილებით, ელექტრომოტორები, მაკონტროლებლები, აკუმულატორის ბლოკები, და მთელი ელექტროობის მართვის ბლოკი – ყველაფერი ეს `რიმაკის~ ინჟინრებმა თავად შექმნეს.

RIVERSIMPLE

უკვე 15 წელია, ბრიტანული კომპანია ელექტრომობილს წყალბადის საწვავის ელემენტებით ამზადებს. მზა პროდუქტი დიდხანს არ ჩანდა. პირველი მოქმედი პროტოტიპი სახელად Rasa პუბლიკას 2016 წლის თებერვალში წარუდგინეს, იმავე წლის ზაფხულში კი ფესტივალ CarFest South-ის ტრასაზე ვიხილეთ. ინჟინრებმა მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ზე შეზღუდეს, წონა კი 600 კგ- მდე შეამცირეს, ამიტომაც 2 ადგილიანი ავტომობილი საკმაოდ ეკონომიური გამოდგა. 480 კმ-ის გავლისთვის სულ რაღაც 1,5 კილოგრამი წყალბადი სჭირდება.

წელს მოდელი Rasa კონვეიერზე უნდა დადგეს და 3 500 ეგზემპლარი აეწყოს. პროექტის რეალიზაციისთვის კომპანიამ ევროკავშირისგან 2-მილიონიანი გრანტიც კი მიიღო.

RIVIAN

ამ სტარტაპის შესახებ ორი რამ უნდა იცოდეთ: კომპანიაში დიზაინზე პასუხისმგებელია პიტერ სტივენსი, რომელმაც McLaren F1 დახატა და სულ ახლახან მათ ილინოისში ქარხანა იყიდეს, რომელიც აქამდე Mitsubishi-ს ეკუთვნოდა. საიდან აქვს არაფრით გამორჩეულ კომპანიას ფული ასეთი შენაძენებისთვის, არავინ იცის. კომპანიის დაარსების თარიღად 2009 წელი ითვლება, პირველი ავტომობილი კი 3 წლის წინ უნდა გამოჩენილიყო. თუმცა, მომავალი სუპერქარის კონცეპციაც კი უცნობია. Rivian‑ის ოფიციალური საიტი იუწყება მხოლოდ კომპანიის `ნათელი მომავლის~ შესახებ. არსებობს ეჭვები, რომ გუნდი საზოგადოებრივი ავტომობილის – მომავლის ქარშერინგის კონცეფციაზე მუშაობს.

SONDORS

სთორმ სონდორსმა ელექტროამძრავზე მომუშავე მოდური ველოსიპედების გამოშვებით გაითქვა სახელი. წარმატებამ ფრთები ისე შეასხა, რომ სრულფასოვანი ავტომობილის შექმნას შეუდგა. მის სამბორბლიან აპარატს ჯერ სახელიც არ აქვს და მხოლოდ ვირტუალურად არსებობს. პირველი პროტოტიპისთვის ფულს სონდერსი კომპანიის წილის გაყიდვით შოულობს. თითო აქცია 12 დოლარად გაიყიდა, ინვესტიციათა საერთო ჯამმა კი 1,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

თუ ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით წავა, სამადგილიანი ელექტროქარი 10 ათას დოლარად გაიყიდება. კლიენტის მიერ შერჩეული აკუმულატორთა ბოლოკის ზომიდან გამომდინარე, იგი 70-დან 300 კმ-მდე გაივლის თითო დამუხტვით.

TECHRULES

ყველაზე ამბიციური ხალხი ჩინეთში ცხოვრობს. სუპერქარების ამ ჰიპოთეტურმა მწარმოებელმა შარშან ჟენევის ავტოსალონზე ყველა გააოცა მოდელის იერითა და ხმამაღალი დანაპირებით. GT96 – ტურბოაირის ჰიბრიდული სუპერქარია ზღაპრული მახასიათებლებით. მისი 6 ელექტროძრავიდან 2 წინა და 4 ოთხი უკანა ბორბლებზეა დაერთებული, საერთო სიმძლავრე კი `მაგიურ~ 1000 ც/ძ-ს შეადგენს. ელექტრომოტორებისთვის ენერგიას გამოიმუშავებს პატარა ტურბოაირგენერატორი, რომლის სიმძლავრე მხოლოდ 40 ც/ძ-ა. და აი აქ მივადექით ყველაზე საოცარ ციფრს, რომელიც ამ კონცეპტთან არის დაკავშირებული – 0,18. სწორედ ამდენ ლიტრ საწვავს მოიხმარს ავტომობილი 100 კმ-ის გარბენზე. შედარებისთვის ამ მხრივ რეკორდსმენის Volkswagen XL1- ს ანალოგიური მაჩვენებელი 0,9 ლიტრია. გენერატორი არ არის დაკავშირებული ბორბლებთან და მასზე დატვირთვა არც ისე დიდია, თუმცა, მარგი ქმედების კოეფიციენტი ჩვეულებრივ შიდაწვის ძრავაზე ბევრად უკეთესი არ აქვს. რაც შეეხება დიზაინს, მასზე მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა საავტომობილო დიზაინერმა – ჯორჯეტო ჯუჯარომ იმუშავა.

ZELECTRIC MOTORS

ბოლოს მოკლე ისტორია კალიფორნიული კომპანიის შესახებ, რომელიც არ აწარმოებს ფანტასტიკურ სუპერქარებს და მინიატურულ მოძრავ კაფსულებს. ძალისხმევა მიმართულია ძველი ავტომობილების კონვერსიაზე, ძირითადად Volkswagen-ის და Porshe-ს. საქმე ისეა აწყობილი, რომ ორიგინალური ძარის გაჭრა ან სხვა სერიოზული მოდიფიკაცია არ უწევთ. ავტომობილი კლასიკურ აუთენტურობას არ კარგავს. ავტორები ამტკიცებენ, რომ Volkswagen T2 Bulli-ს 150 კმ/სთ-ს განავითარებინეს, რაც სტანდარტული მოდელის შემთხვევაში მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა..

დიმიტრი ცხვარაძე