ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
SMART – შვეიცარიული საათისა და მერსედესის ჰიბრიდი - #4(57), 2018
გოგონების და არამხოლოდ მათი საყვარელი ავტომობილის განვითარების ისტორია

მარკა Smart აწარმოებს ისეთი ზომის ავტომობილებს, რომელთა პარკირება გზის პერპენდიკულარულადაც შეიძლება, ისე, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშლება. თანამედროვე ცივილიზაციის თავსატეხის – საცობებისგან გადატვირთულ ქალაქის ცენტრში სამოძრაოდ ასეთი მიკრომობილი – საუკეთესო არჩევანია.

ალბათ ყველას გაინტერესებთ და სახალისოდ მიგაჩნიათ პატარა Smart-ით გასეირნება. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ – ეს საშიშია. საშიში არა იმიტომ, რომ ავტომობილი უსაფრთხო არ არის (აშშ-ში მიღებული 5-ბალიანი უსაფრთხოების შკალით `სმარტმა~ ტესტების შედეგად 4-იანი მიიღო) და არც იმის გამო, რომ შემხვედრი სატვირთო მანქანიდან წამოსულმა ჰაერის ნაკადმა გადაგაგდოთ გზატკეცილიდან. მთავარი და ყველაზე რეალური საშიშროება ის გახლავთ, რომ `სმარტით~ გასეირნებამ შეიძლება უმალვე მოგანდომოთ საკუთარი ავტომობილის გაყიდვა და მის სანაცვლოდ, სწორედ `სმარტის~ შეძენა.

ზეკომპაქტური ავტომობილის იდეა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. სწორედ უკვე მაშინ, ხალხის თავშეყრის ადგილებში ავტომობილთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, საპარკინგე ადგილები კი, ასევე სწრაფად შემცირდა. იაპონელები, როგორც მცირე კუნძულების მკვიდრნი, დიდ ქალაქებში სივიწროვის პრობლემას პირველები, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში წააწყდნენ და შექმნეს პაწაწინა მანქანების განსაკუთრებული კატეგორია – ქეი ქარი (Kei car). ეკონომიურობისა და უტილიტარულობის თვალსაზრისით ეს მცირელიტრაჟიანი მოდელები მართლაც რომ ბრწყინვალე იყო, თუმცა ყველა მათგანს, ისევე როგორც ადრეულ ევროპულ ნიმუშებს, ერთი საერთო დიდი ნაკლი ჰქონდა – ვიზუალური შეუხედაობა.  

კომპანია SMART-ის დაარსების ისტორია 

1980-იანი წლების ბოლოს წარმატებული ბიზნესმენი და საათების ცნობილი შვეიცარიული ფირმა Swatch-ის ხელმძღვანელი ნიკოლას ჰაიეკი გამოვიდა იდეით, რომ Swatchmobil-ის მარკით შექმნილიყო სარეკლამო მიკროლიტრაჟიანი ავტომობილი. ამ სუპერ-მცირე ზომის ავტომობილს ფირმის ძირითადი პროდუქციისთვის – საათებისთვის უნდა გაეწია რეკლამა. ჰაიეკის ჩანაფიქრით, ავტომობილი უნდა ყოფილიყო ორადგილიანი, მაქსიმა­ლურად კომპაქტური და სასურველი იყო, ჰქონოდა ჰიბრიდული ძრავა. ახალ ავტომობილზე ფიქრისას ჰაიეკმა ფხიზლად შეაფასა სიტუაცია და მიხვდა, რომ პროექტს მსხვილი ავტომწარმოებლები აუცილებლად აღიქვამდნენ როგორც კონკურენციისთვის გამოწვევას და იოლად ჩაძირავდნენ გამოუცდელ ახლაბედას, თანაც, დამოუკიდებლად საკუთარი საწარმოო ბაზის და სადილერო ქსელის შექმნა საათების მწარმოებელი ფირმისთვის ძალზე რთული იქნებოდა. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე გადაწყდა პოტენციურ კონკურენტთა შორის პარტნიორის მოძიება. პირველი კომუნიკაცია Volkswagen-თან შედგა, თუმცა ეს ალიანსი მალევე დაიშალა – გერმანულ კონცერნში ხელმ­ძღვანელობა შეიცვალა, ახალი მენეჯმენტი კი მიიჩნევდა, რომ მიკროლიტრაჟიანი, ორადგილიანი მცირე ზომის მოდე­ლები კონცერნის განვითარების კონცეფციაში არ ჯდებოდა. თანაც იმ დროს `ფოლკსვაგენი~ უკვე ამზადებდა მოდელს, რომელიც 100 კილომეტრზე მხოლოდ 3 ლიტრ ბენზინს მოიხმარდა, მაგრამ ჰაიეკის წარმოსახვითი მოდე­ლისგან განსხვავებით ის 4 ადგილიანი იყო. სხვათა შორის, ამ კონცეფციამ მოგვიანებით განხორციელება Volkswagen-ის მოდელ Lupo 3L-ში ჰპოვა. 

როდესაც ჰაიეკი დარწმუნდა Volkswagen-თან თანამშრომლობის უპერსპექტივობაში, ახალი პარტნიორიც გამოჩნდა. გერმანულ Daimler-Benz-თან ერთად 1994 წელს დაარსდა ერთობლივი კომპანია Micro Compact Car AG (MCC). ერთმნიშვნელოვნად ამ კავშირს შვეიცარიელთათვის წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, რადგან გარკვეული დროის შემდეგ Swatch-ს ერთობლივი საწარმოდან გამოსვლა მოუწია, თუმცა, იმ მომენტისთვის პროექტი სწრაფი ტემპებით განაგრძნობდა განვითარებას და თავისი კვალი შვეიცარიელმა მესაათეებმა მსოფლიო ავტოწარმოებაში მაინც დატოვეს.

Smart-ის პირველი პროტოტიპი 1995 წლის სექტემბერში გამოვიდა. მის სახელწოდებაზე დამფუძნებლებს პირველი უთანხმოება მოუვიდათ: ჰაიეკი მიიჩნევდა, რომ სახელში საათების ფირმის სახელი უნდა ფიგურირებდეს, რადგან მისი ერთადერთი ინტრესი ამ ბიზნესში სწორედ რეკლამა იყო, `მერსედესის~ მესვეურები კი სასტიკ უარზე იყვნენ. საბოლოდ არჩევანი ნეიტრალურ ვარიანტზე შეჩერდა – Smart ანუ Swatch Mercedes Art.

ქარხნის ასაშენებელ ადგილად შეირჩა ფრანგული ქალაქი ამბაში. მოგვიანებით კონცერნმა Daimler-Benz-მა Swatch Inc-ისგან გამოისყიდა ერთობლივი საწარმოს დარჩენილი წილი და 2002 წელს მარკა MCС-მა არსებობა შეწყვიტა.

თუმცა დავუბრუნდეთ პირველ მოდელს. პატარა `სმარტი~ ავტომობილის დიზაინზე Swatch Inc-მა იმუშავა, ტექნიკური შემადგენელი კი Daimler-Benz-ის კონსტრუქტორთა ჯგუფმა შექმნა იოჰან ტომფორდის ხელმძღვანელობით. მინიმალური გაბარიტების პირობებში მანქანა უნდა გამოსულიყო მაქსიმალურად უსაფრთხო და ფუნციონალური. ამის მისაღწევად განსაკუთრებული ფოლადის უსაფრთხოების კარკასი შეიქმნა, რომელზეც პლასტიკის პანელები დამაგრდა. მრავალრიცხოვანმა `ქრაშ-ტესტმა~ დაადასტურა კომპიუტერული გათვლის სისწორე. კომპაქტურობისა და მართვადობის შენარჩუნებისთვის `სმარტის~ კონსტრუქციაში გამოიყენეს იშვიათი დე-დიონის ტიპის შეკიდება, რომელმაც პირველ ეტაპზე ავტომობილის მდგრადობა ვერ უზრუნველყო და შეიცვალა უფრო ხისტით, მოდელის წინა ნაწილში კი უკან განლაგებული ძრავის საპირწონედ ბალასტი განთავსდა, რითაც სიმძიმის ცენტრმა საგრძნობლად დაბლა დაიწია. მართვადობის გაუმჯობესებისთვის შემუშავდა სისტემა Trust-plus, რომელიც ABS-სა და მდგრადობის კონტროლის სისტემას ითავსებდა. საწვავის წვა არც ისე მცირეა, როგორც შეიძლება წარმოგედგინათ – 6 ლიტრი 100 კმ-ზე ქალაქში, ექსტრემალურად სწრაფი მართვის პირობებში კი ბენზინის ხარჯი 10 ლიტრამდეც შეიძლება ავიდეს. თუმცა ეს მაჩვენებლები `სმარტის~ პოტენციურ მყიდველებს აღელვებს იმდენად, რამდენადაც შვეიცარიული საათების რეალური წყალგაუმტარობა 200 მეტრის სიღრმეზე, რადგან მის ფასეულობას სულ სხვა რამეში ხედავენ.

კიდევ ერთი სტერეოტიპის მსხვრევა – `სმარტის~ საბა­რგული რამდენი ცელოფნის პარკს უპრობლემოდ დაიტევს ისე, რომ სუპერმარკეტში წასვლაზე პრობლემა არ შეგექმნებათ. ის არც უნივერსალია და არც ა-კლასის ჰეტჩბექი, მაგრამ აქვს არც ისე პატარა `ბარდაჩოკი~, და სხვადასხვა სივრცეები წვრილმანების შესანახად.

SMART-ის სამოდელო გამა

1998 წლის ოქტომბერში დაიწყო Smart-ის ოფიციალური გაყიდვები ევროპაში. თუმცა, პროექტის მიმართ დიდი ინტერესის მიუხედავად, მოსალოდნელი მოგება მას არ მოუტანია. პატარა `სმარტი~ გახდა უფრო მოდური აქსესუარი მათთვის, ვისაც რამდენიმე ავტომობილის ყოლის ფუფუნება აქვს. `სმარტი~ გადაადგილების სერიოზულ საშუალებად მომხმარებელმა მაინც არ აღიქვა. ამიტომაც მყიდველთა წრის გაფართოებისთვის კომპანიამ შეიმუშავა ავტომობილის რამდენიმე მოდიფიკაცია:  შმარტ ჩროსსბლადე – სასეირნო ავტომობილი, სახურავის, კარებისა და მინების გარეშე, შმარტ ღოადსტერ – ორკარიანი სპორტული მოდელი, Smart ForFour – ოთხკარიანი ვარიანტი, Smart ED (electric drive) – ელექტრომობილი, რომელიც ჰაიეკის ახდენილ ოცნებად იქცა, როგორც გადაადგილების ეკოლოგიური საშუალება. მოგვიანებით `სმარტს~ ჩაუტარდა არაერთი რესტაილინგი. მოტორის სიმძლავრე და აჩქარების დინამიკა ამ დროის განმავლობაში თითქმის ორჯერ გაიზარდა. 

SMART-ის კულტი და ტიუნინგი

ნიკოლას ჰაიეკის იდეამ იმის შესახებ, რომ ავტომობილი უნდა იყოს ისეთივე მოდური და გამორჩეული, როგორიც მისი წარმოებული მაჯის საათებია, ცხოვრებაში განხორციელება ჰპოვა და კულტიც გააჩინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თაყვანისმცემლები დღესაც განაგრძობენ `სმარ­ტების~ ყიდვას. აღსანიშნავია, `სმარტს~ იმ შემთხვევაშიც ჰყავს მყიდველი, თუ მორიგი რესტაილინგის შედეგად აღმოჩნდება, რომ ავტომობილის ქარხნული ვერსიიდან ხელუხლებელი მხოლოდ ერთი ბორბალი დარჩა.

ინტერნეტში უამრავ მაგალითს ნახავთ იმისა, თუ როგორ შთააგონებს `სმარტი~ თავის მფლობელებს. ტიუნინგის ძირითად საშუალებას მაინც აეროგრაფია წარმოადგენს. ასევე ტიუნინგის კომპანია Brabusს `სმარტს~ თავისი ბრენდით უშვებს და მისი დინამიკური მონაცემები 3-ცილინდრიანი ტურბო ძრავის წყალობით 212 კმ/სთ-მდე და 109 ც/ძ-მდე აქვს გაზრდილი. სხვა ცნობილი ატელიეებიც მიკროქარის მიმართ დიდ ინტერესს ავლენენ. აღსანიშნავია `სმარტის~ ვერსია მოტოციკლ Suzuki Hayabusa-ს  1 340 `კუბიანი~ ძრავით. შმარტუკი – ასე უწოდებენ ამ მოდიფიკაციას, რომელიც 100 კმ/სთ-ს სიჩქარეს სულ რაღაც 3,5 წამში ავითარებს. 

ხვალინდელი დღე

უახლოეს მომავალში `დაიმლერი~ `სმარტის~ განვითარების კურსის ნაწილობრივ შეცვლას აპირებს. კომპანიის პოლიტიკის ამგვარ ცვლილებაზე მიანიშნებს ის საკადრო გადაადგილებები, რაც მმართველმა მენეჯმენტმა სტრუქტურაში განახორციელა. წინა ხელმძღვანელმა, 58 წლის ანეტ ვინკლერმა გასული წლის 1 ოქტომბერს დატოვა თანამდეობა, რომელსაც 2010 წლიდან იკავებდა, საერთოდ კი `დაიმლერში~ 1995 წლიდან მუშაობდა. 2017 წელს, ევროპაში სულ 100.058 `სმარტი~ გაიყიდა, რაც 6.000 ერთეულით ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს. თუმცა, 2014-ში მარკის ევროპელმა დილერებმა 55.877 ავტომობილის გაყიდვა მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკა სტაბილურ პოზიციებზეა ევროპაში და საბოლოო ჯამში, ბოლო წლებში გაყიდვები მაინც მატულობს. აი ამერიკაში კი `სმარტის~ რეალიზაცია ნაკლებად შთამბეჭდავია. 2017 წელს ამერიკელმა დილერებმა მხოლოდ 3.071 ავტომობილის გაყიდვა შეძლეს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს გაყიდული `სმარტები~. 

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმას, ცნობილი გახდა, რომ საქალაქო ავტომობილების მწარმოებელი მთლიანად უარს იტყვის დიზელის და ბენზინის ძრავებზე. Smart-ის სამოდელო გამაში მხოლოდ ელექტრომობილები დარჩება. ევროპული განყოფილება პროფილს უკვე 2020 წლისთვის შეიცვლის. შეერთებულ შტატებში კი კომპანიამ ორიენტაცია უკვე დიდი ხანია შეიცვალა. იქ მოდელები ForTwo Coupe და Cabrio ForTwo ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტროძრავით, რომლის სვლის მარაგი 93 კმ-ს შეადგენს და სპეციალურ გასამართ სადგურში 3 საათში იმუხტება (სახლის პირობებში 21 საათში).

Smart – ავტომობილი დღესასწაულია. მას აქვს გარკვეული ნაკლი, მაგრამ ძალზე ქარიზმატულია და ემოციებს გვჩუქნის. პარკირებაზე მდგომი `სმარტი~ აუცილებლად ღიმილს მოგგვრით, ის `ფერარი~ ნამდვილად არ არის, მაგრამ გარშემომყოფთა ყურადღება გარანტირებული აქვს. ამ მარკის ავტომობილების ყველაზე გულმხურვალე თაყვანისმცემლები გოგონები და ბავშვებია, თუმცა, უზარმაზარი ჯიპის ღიპიანი მფლობელიც გაიღიმებს, როდესაც თავისი ავტომობილის საბარგულისხელა მანქანას დაინახავს.

გზაზე ორი `სმარტის~ შეხვედრა კი მთელი მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს ხმოვანი სიგნალები, შუქფარების ციმციმი და მძღოლების ემოციური ჟესტიკულირება. მოდური, ქარიზმატული და ნამდვილად მხიარული ავტომობილი, სამწუხაროდ სულ უფრო ნაკლები რჩება და `სმარტი~ უდავოდ ერთ-ერთი ასეთია. 

საინტერესო ფაქტები

1997 წლის 27 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ამბაშში, `მერსედესის~ და `სვოჩის~ ერთობლივი ქარხნის გახსნას დაესწრენ საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ჟაკ შირა­კი და გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი.

მოდელ Smart Crossblade-ს დიდი თაყვანისმცემელია ინგლისელი მომღერალი რობი უილიამსი. იგი ამ მოდიფიკაციის ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახდა, როდესაც `სმარტის~ წარმომადგენელთაგან საჩუქრად მიიღო.

Smart ForTwo – ერთ-ერთი ბრიტანული ინტერნეტ გამოცემის კვლევის თანახმად, ყველაზე კარგი კაპიტალდაბანდებაა. მსოფლიოს ყველა ავტომობილს შორის `სმარტის~ ამ მოდელის ყიდვით და შემდეგ გაყიდვით ყველაზე ნაკლებ ზარალს ნახავთ – წელიწადში დაახლოებით 25%. ამასთან ერთად ეს მოდელი რეკორდსმენია იმ ზარალით, რომელიც მწარმოებელმა განიცადა ამა თუ იმ მოდელის გამოშვებით. საერთო ჯამში `დაიმლერმა~ ამ მოდელზე 3,3 მილიარდი ევრო დაკარგა. გერმანელი მწარმოებელი დიდ რისკზე წავიდა, როდესაც მოდელი ფაქტობრივად ნულიდან შექმნა, ქარხნის აშენების, ახალი პლატფორმების და ძრავების ჩათვლით. თანაც კომპაქტ-ქარის გაყიდვების თავდაპირველი გეგმის მიხედვით 40%-ით მეტი ავტომობილი უნდა გაყიდულიყო, ვიდრე რეალურად გაიყიდა. ამგვარად, თითო მანქანაზე გერმანელებმა 4478 ევრო იზარალეს. 

დიმიტრი ცხვარაძე