ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
საომარი რობოტების მაღალრისკიანი ტრენდი - #4(57), 2018
ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი იწერება მილიტარისტულ Hi-Tech-ზე. AI-ს (ხელოვნური ინტელექტი) განვითარება მეტად დიდ ბიძგს აძლევს ომისთვის განკუთვნილი რობოტოტექნიკური კომპლექსების, ლეტალური ავტონომიური სისტემების (LAWs – Lethal Autonomous Weapons)  შექმნას. სამხედრო მოქმედებათა თეატრი წარმოუდგენელი ხდება კიბერიარაღის კლასებისა და უახლესი საბრძოლო რობოტების გარეშე. საომარი რობოტების მზარდი მონაწილეობა მიმდინარე ომებში (ავღანეთი, ერაყი, სირია) გვიბიძგებს ახლებურად გავიაზროთ არა მხოლოდ თანამედროვე ომის კონცეფცია, არამედ ცივილიზაციის საფუძვლები და ადამიანის ადგილი სამყაროში. არსებობს მოსაზრება, რომ არა შრომამ, არამედ ომმა შექმნა ადამიანი. ომმა შექმნა homo sapiens-ი, კულტურა და ცივილიზაცია. ყველა ის ნორმა და წესი ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რაც უძველესი მონარქიების დროიდან დღემდე არსებობდა, იქმნებოდა post-bellum (ომის შემდეგ) და არა მანამდე. სამართლის ნორმებს წინ უსწრებს ომი. სამართალს ადგენს ომში გამარჯვებული. ომის შემდეგ შეიქმნა ახლანდელი საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ. დიდი ომის გარეშე ეს ორგანიზაციები ვერ შეიქმნებოდა.

გარდასული ომები იყო ანთროპოცენტრული. ადამიანი ქმნიდა სამხედრო კამპანიის სტრატეგიასა და ტაქტიკას. ადამიანი იყო ფრონტის ხაზისა და ზურგის ორგანიზატორი, ქალაქების დამცველი. სარდალი იყო ქვეყნისა და ერის სახე. არმიასთან ერთად ომში ჩართული იყო ქვეყნის მოსახლეობაც. საომარი კამპანია იყო დიდმასშტაბიანი და ჯარისკაცებთან ერთად იღუპებოდა უამრავი სამოქალაქო პირი. ომის გმირი მომავალი თაობებისათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა. ასე იყო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში. ომი უბიძგებდა ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღის, ავიაციისა და ფლოტის სრულყოფისაკენ. მრავალი ათეული წლის განმავლობაში მომავალი ოფიცრები შეისწავლიდნენ სამხედრო თეორეტიკოსების კარლ ფონ კლაუზევიცის (1780-1831), ჰელმუტ ფონ მოლტკეს (უფრ.) (1800-91), ალფრედ ფონ შლიფენის (1833-1913), ალფრედ მეჰენის (1840-1914), ჰაინც გუდერიანის (1888-1954) კლასიკურ ნააზრევს ომის ხელოვნებაზე. 

დღეისთვის ოფიცერი სულ სხვაგვარად უნდა სწავლობდეს ომის ხელოვნებას. რობოტულ ომებში ადამიანის მონაწილეობის მინიმიზაცია სპეციფიკურ ანთროპოლოგიურ საფრთხეს წარმოშობს. ადამიანისა და რობოტის ურთიერთქმედების პროგრამა თითქმის აღარ ტოვებს ადგილს ადამიანისთვის. კალკულაციის ეპოქიდან ხდება გადასვლა კოგნიტიურ ერაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერების ახალ თაობას შეუძლია არა უბრალოდ გამოთვლა, არამედ კოგნიტიურ ამოცანათა მწკრივების შესრულება. AI-ექსპერტთა მიერ აღნიშნულია, რომ რობოტები იწვევენ მეტანოიას (μετάνοια). ეს ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით აღნიშნავს აზრის გარდასახვას. მართლაც, რობოტების ჰაიპი, კოგნო-ტექნოლოგია ცვლის ადამიანის ნოეზისს (აზროვნება) და საუკუნეთა განმავლობაში ურყევად მიჩნეული ანთროპოლოგიური დებულებანი ახლებურ ფილოსოფიურ გააზრებას საჭიროებს. AI არის ფილოსოფია, გნოსეოლოგიის ახალი შტო, როდესაც მანქანური გონების მეშვეობით უკეთ ვერკვევით ბიოლოგიური გონების შესაძლებლობაში. საომარი რობოტებიც ამ ფილოსოფიის ნაწილია. სწორედ საომარი რობოტები გვიბიძგებენ, რომ ტექნიკის ფილოსოფია საგანგებოდ იქნეს განხილული. ფიზიკური, ბიოლოგიური და კომპიუტერული სამყაროების საზღვრები მეტად მკრთალი ხდება. ეს სამყაროები ერთმანეთში გადადიან. ადამიანისა და მანქანის სრულმასშტაბიანი ინტეგრაცია შესაძლებელი ხდება. თვალი რომ გადავავლოთ პროფილურ ონლაინ წყაროებს, დავრწმუნდებით რა ტემპით მიმდინარეობს მუშაობა AI-ს სრულყოფაზე. 70-იან წლებში არსებობდა სათამაშო ავტომანქანა, რომელიც რეაგირებდა ხმაზე და ჩერდებოდა ბრძანებაზე „სტოპ“, ან იწყებდა მოძრაობას შესაბამისი ბრძანების გაცემისას. 80-იანი წლების დამდეგს ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა კალკულატორი. ეს მოწყობილობები სწორედ AI-ს წინამორბედია. ბანკო­მატი ასევე არის AI. თავის დროზე ადამიანს უკვირდა სელექციონერთა მიღწევები, როდესაც გამოჰყავდათ სასურველი თვისებების მქონე შინაურ ცხოველთა და მცენარეთა ჯიშები. ნეოლითის ერიდან იწყება ახალი საფეხური ადამიანის გვარეობის ისტორიაში. ნეოლითი ესაა პალეოლითიდან (მონადირეობა და მცენარეულის შეგროვება) მწარმოებლურ (მესაქონლეობა და სოფლის მეურნეობა) ცხოვრების წესზე გადასვლა. ნეოლითი ცივილიზაციის დასაბამია. ახლანდელი დრო თავისი მნიშვნელობით სწორედ ამ გადასვლის ტოლფასია. გო­ნიერი რობოტები იწყებენ ახალ ერას ადამიანის ისტორიაში. პენტაგონს უკვე აქვს ჯარისკაცის კიბორგიზაციის პროგრამა. უცნაური ისაა, რომ, AI-ს კვლევის შედეგები XX ს-ის 80-იან წლებში იმდენად მწირი იყო, რომ მრავალი სკეპტიკოსი ამ დარგის უპერსპექტივობაზე საუბრობდა. ასევე იყო ჰიპერბგერითი იარაღის შექმნის ისტორიაში. წინა ათწლეულებში ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაში მეტად მცირე მიღწევები იყო და მძლავრობდა სკეპტიციზმი. სადღეისოდ კი ჰიპერჰაიპის მომსწრენი ვართ. 2014-15 წლებში სხვადასხვა გაბარიტების მქონე დრონებზეც გამოითქვა ნეგატიური აზრი, რომ მათი წარმოება შეწყდებოდა უპერსპექტივობის გამო. ფაქტი კი ისაა, რომ სადღეისოდ დრონების წარმოებას მრავალმილიარდიანი მოგება მოაქვს.  

ავტონომიური საომარი რობოტები მიიჩნევა მესამე რევოლუციის დამწყებად შეიარაღებაში. პირველი რევო­ლუცია იყო თოფისწამლის გამოგონება, მეორე – ატო­მური იარაღის შექმნა. XXს-ის 30-იან წლებში აშკარა გახდა, რომ ომი იქნებოდა მოტორიზებული და მასში დიდ როლს შეასრულებდნენ მექანიზებული შენაერთები. შიდაწვის ძრავამ საომარი ველიდან განდევნა ცხენი და კავალერია. აქვე აღსანიშნავია სუპრამოლეკულური ქიმიისა და მოლეკულური ნანოტექნოლოგიების სამი მეცნიერის მიღწევა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი ხდება მინიატურული ძრავების შექმნა. 2016 წლის ქიმიკოსი ნობელიანტები გახდნენ ჟან-პიერ სოვაჟი, სერ ფრეიზერ სტოდარტი და ბერნარდ ფერინგა. ნობელის კომიტეტმა ამ სამი ქიმიკოსის შრომა შეადარა პირველი ელექტროძრავის შექმნას 1830 წელს. ითქვა, რომ მოლეკულური მანქანები შეცვლიან ადამიანის ცხოვრებას, როგორც ეს თავის დროზე ელექტროძრავებმა შეძლო. ფატობრივად, ამ სამი ქიმიკოსის კვლევებმა ნანორობოტების დიდი პერსპექტივა წარმოაჩინა. ამ მინიატურულ რობოტებს მრავალგვარი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეთ. სამხედრო ლაბორატორიები კი დაიწყებენ ნემსიყლაპიას, ფუტკრისა და კოღოს ზომის ათასობით მიკროდრონის შექმნას, რომელთაც საბრძოლო ამოცანების შესრულება დაეკისრებათ. ნანოიარაღი კიდევ ერთი საშიშროებაა, რაც ქვეყნებს შორის დაძაბულობას გააცხოველებს.    

სამეთაურო-ანალიტიკური AI-სისტემები ცვლის სარდლობას, გენშტაბს, საშუალო რგოლის ოფიცრებს და ასევე ჯარისკაცებს. საომარი რობოტოტექნიკური კომპლექსების შემოტანამ მიმდინარე ომებში მოახდინა საბრძოლო ტექნიკის გაბარიტების შემცირება, მინიატუ­რიზაცია და ლოჯისტიკის გაიოლება. იცვლება საომარი ოპერაციების ხანგრძლივობა და სისწრაფე. საომარი კამპანიის ბედის გადაწყვეტა ხდება რობოტების ელვისებური მოქმედებებით. ეს არის ჰიპერომი. ომის მენეჯმენტში AI ამბობს გადამწყვეტ სიტყვას და არა ადამიანი. ხდება ომის მენეჯმენტისა და პასუხისმგებლობის დელეგირება რობოტისათვის. გადაწყვეტილების მიღების დრო (ციკლი OODA – Observe, Orient, Decide, Act) რამდენიმე წუთით ან რამდენიმე წამით განისაზღვრება. მხოლოდ ასე რომ იყოს და ომის მენეჯმენტში სარდლისათვის AI ასრულებდეს ვირტუალური ასისტენტის როლს, არაფერი იქნებოდა შემაშფოთებელი. ომის მენეჯმენტში LAWs-თვის (საომარი ავტონომიური რობოტოტექნიკური კომპლექსები) სარდალი და საზოგადოდ ადამიანი ხელისშემშლელი ხდება. საბრძოლო AI თავად ხდება სარდალი. საომარი კამპანიის მენეჯმენტი ადამიანისა და რობოტის კორელაციის საფუძველზე რობოტს უდასტურებს ადამიანის ძალთა შეზღუდულობას. რობოტი წუნს დასდებს ადამიანს და გააძევებს მას. აი, აქ იწყება ეგზისტენციალური საფრთხე ადამიანისათვის, როდესაც საომარი რობოტული პლატფორმა შეიგნებს თავის აბსოლუტურ აღმატებულებას ადამიანზე, როგორც ომის ცუდ ხელმძღვანელზე. რობოტის ეს რეფლექსია ადამიანის ბიოლოგიური სახეობისათვის დიდ რისკს წარმოშობს. რობოტებს, რომელნიც მომავლის ჰიპერომებში ადამიანის ჩარევის გარეშე მიიტანენ იერიშს სელექცირებულ მიზანზე, გაცილებით მეტი შანსი აქვთ მოიგონ ომი, ვიდრე იმ რობოტების კლასს, რომელნიც ახდენენ მიზნის სელექცირებას, მაგრამ ადამიანი-ოპერატორის გარეშე მისი განადგურება არ შეუძლიათ. მომავლის ომებში სამხედრო AI-პლატფორმების სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ეს შეიძლება შევადაროთ ალგოტრეიდინგს, როდესაც ტრეიდერი რობოტები წამზე ნაკლებ დროში იღებენ გადაწყვეტილებას და ამით ჯობნიან ნაკლები სისწრაფის მქონე ანალოგიურ ტრეიდინგულ პლატფორმებს.   

მართვადი და ავტონომიური საბრძოლო სისტემების სულ უფრო მზარდი გამოყენება წარმოშობს აქამდე უცნობ ეთიკურ და სამართლებრივ პრობლემებს. მაგ., ძნელი გასარკვევია ავღანეთის ან პაკისტანის სოფელში საქორწილო მსვლელობა უპილოტო საფრენმა აპარატმა (UAV, Unmanned Aerial Vehicle) ავტონომიურად  დაბომბა, თუ აპარატის ოპერატორმა გასცა დაბომბვის ბრძანება? სამხედრო უწყება ყველანაირად შეეცდება ინციდენტის მიჩუმათებასა და თავის გამართლებას, რაც არაერთ­ხელ მომხდარა. დრონის ოპერატორმა მიიჩნია ქორწილის მონაწილენი ტერორისტებად, თუ თავად ავტონომიურმა სისტემამ? დაბომბვის დროს გამოყენებული დრონის ტიპს (სრულიად ავტონომიური ან დისტანციურად მართვადი) სამხედრო უწყება არ გაახმიანებს. 

რახან უპილოტო საფრენ აპარატებს შევეხეთ, უნდა ითქვას, რომ ფაქტობრივად, ამ ტიპის აპარატები და დამრტყმელი დრონები, რომელთაც ატომური იარაღის წაღებაც შეუძლიათ, ავიწროებენ ავიაციას, რომელიც აქამდე გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საომარ კამპანიაში. ავიაგამანადგურებლების, ავიამზიდებისა და ტანკების დრო თანდათან წავიდა. სამხედრო ექსპერტების აზრით, დამრტყმელი დრონები ასევე შეავიწროებენ ფრთოსან რაკეტებს. პენტაგონმა სწრაფად აიტაცა მცირე ზომის საომარი დრონების გუნდის იდეა, რომელიც, როგორც ცნობილია, 2011 წელს წამოაყენა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ავიაციისა და კოსმონავტიკის განყოფილების სტუდენტთა ჯგუფმა. იდეის თანახმად, დრონებმა უნდა იფრინონ ფუტკრების ნაყარის, ან ფრინველთა გუნდის მსგავსად. 

საბრძოლო უპილოტო აპარატების წარმოება გაცი­ლებით იაფია, ვიდრე თანამედროვე ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების. მცირე ზომის უპილოტო აპარატების მაკომპლექტებელი დეტალები შეიძლება დამზადდეს 3D პრინტერზე. თანამედროვე უპილოტო აპარატებს (UAV), გლაიდერებსა და პლანერებს დიდი მომავალი აქვთ. მსგავსი აპარატები შეიძლება გამოყე­ნებულ იქნეს კომერციული მიზნით სუბორბიტული ტურიზმისთვის. 

გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის განყოფილებამ DARPA-მ 2018 წლის დამდეგიდან დაიწყო ურბანულ გარემოში საომრად განკუთვნილ რობოტებზე მუშაობა. მფრინავი რობოტების ასეულისგან შემდგარი გუნდი ქალაქის კვარტალებში საბრძოლო არეალის სკანირებას ეწევა და ქმნის ბრძოლის გეგმას. აშშ-ს ამ საქმეში არც ჩინეთი ჩამორჩება, სადაც ასევე შეისწავლება რობოტების ქალაქში ბრძოლის შესაძლებლობა.   

როგორც აღინიშნება, კონკურენცია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ძალზე გამწვავებულია აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, ისრაელს, ბრიტანეთს, იაპონიას, თურქეთსა და ირანს შორის. აშშ-სა და ჩინეთს შორის მეტად გამწვავებული კონკურენციის დასტურია პრეზიდენტ ტრამპის 2018 წლის 19 აპრილს ხელმოწე­რილი დოკუმენტი U. S. Policy on the Export of Unmanned Aerial Systems (უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპორტზე გატანის აშშ-ის პოლიტიკა), რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამერიკული მაღალტექნოლოგიური შეიარაღების ექსპორტს მთელ მსოფლიოში. ჩინეთი საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გაცილებით იაფად ჰყიდის მსოფლიო ბაზარზე. ირანსა და პაკისტანს ჩინეთი მიჰყიდის დრონებს, რაც არაერთხელ აღნიშნულა. ჩინეთი ყოველთვის მონაწილეობს მაღალტექნოლოგიური იარაღის საერთაშორისო გამოფენებში და თავისი პროდუქციით ყურადღებას იქცევს. კოსმოსური დრონები XS-1 Spaceplane, Boeing X-37B Orbital Test Vehicle, ჰიპერ­ბგერითი დრონი X-43A Hypersonic Experimental Vehicle მოახდენენ მილიტარიზმის ესკალაციას კოსმოსში. ეს სუპერდრონები ბალისტიკური რაკეტების გამანადგურებლებად გვევლინება. 2018 წლის აპრილში გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთი უახლოეს 5-7 წელში შექმნის ჰიპერბგერით იარაღს. სუპერდრონების გამოჩენა დიდი ქვეყნების არსენალში არღვევს სტრატეგიულ პარიტეტს სახელმწიფოთა შორის. ფაქტობრივად, გაცოცხლდა 1983 წელს გაცხადებული, რონალდ რეიგანის დროის სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა (SDI), რაც კოსმოსის მილიტარიზებას გულისხმობს. მაშინ ასეთი საომარი კონცეფცია არსებობდა, მაგრამ აშშ-ის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა ამ კონცეფციის ხორცშესხმისათვის აუცილებელი იარაღი. ზემოთ ჩამოთვლილი მძლავრი დრონები ზრდის ატომური ომის დაწყების შესაძლებლობას სულ მცირე მიზეზის გამოც კი. ჰიპერბგერითი საფრენი აპარატები სადღეისოდ მხოლოდ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს გააჩნიათ. ჯერ კიდევ ნაცისტურ გერმანიაში მუშაობდნენ ამ სახის იარაღზე (თვითმფრინავი-ბომბი, ახლანდელი ფრთოსანი რაკეტის პროტოტიპი V-1 იყო დრონი). ბოლო დროს ჩინეთმა შექმნა და გამოსცადა Starry Sky-2 და DF ZF. 2015 წლის თებერვალში გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსული გლაიდე­რის Ю-71-ის („ობიექტი 4202“) გამოცდაზე სამხედრო ექსპერტების ყურადღება მიიპყრო. გამოცდის შედეგები გასაიდუმლოებულია. ივარაუდება, რომ 2020-25 წლებისთვის რუსეთი შექმნის ახალ მძიმე ტრანსკონტინენტურ ბალისტიკურ რაკეტას „სარმატს“, რომელსაც შეეძლება Ю-71-ის ზიდვა. თუ სისწრაფესთან ერთად ჰიპერბგერით მოწყობილობებს ექნებათ სწრაფი მანევრირების უნარი, ეს მათ მომავალი ომის გადამწყვეტ იარაღად აქცევს. ამ სახის აპარატები ზემტკიცე კომპოზიტებისაგან უნდა შეიქმნას, რადგან ჰიპერბგერითი სისწრაფის დროს მანევრირება კონსტრუქციას ძალზე დიდ დატვირთვას აძლევს. მიმდინარეობს მუშაობა თერმომდგრად მასალებზე, რადგან, როგორც ცნობილია, ასეთი აპარატის ფრენის დროს ტემპერატურა აღწევს 2 ათას გრადუსს. თუ ამ სახის იარაღი გავრცელდება ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყნებში, ეს კიდევ უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს მსოფლიო პოლიტიკაში. ამ სახის იარაღის გავრცელების შესაძლებლობა კი ბევრად მეტია, ვიდრე ატომური იარაღისა. დამრტყმელი დრონების მწარმოებელ კერძო კომპანიას შეუძლია მიჰყიდოს ეს დრონები ყველას, ვინც ფულს გადაიხდის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ატომური იარაღის შექმნას სხვადასხვა ქვეყნებმა დიდი დრო მოანდომეს. ჰიპერბგერითი იარაღის შემთხვევაში კი შექმნისა და გავრცელების დროითი ჰორიზონტი გაცილებით ნაკლები იქნება. მრავალი საბაზისო ტექნოლოგია ხელმისაწვდომია და საშუალო კომპეტენციის მქონე კონსტრუქტორსაც კი შეუძლია შექმნას რაღაც ხელშესახები დრონების ინდუსტრიაში. აქვე ისიც აღსა­ნიშნავია, რომ სამოქალაქო დრონები (კვადრო და მულტიკოპტერები), რაც უკვე საკმაოდაა გაყიდვის ქსელებში, ტერორისტების მიერ შეიძლება გადაკეთდეს საბრძოლო მოწყობილობად და გამოყენებულ იქნეს ტერაქტისთვის.      

მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ ჰქონდეთ და აწარმოონ საომარი რობოტები და ბოლო თაობის კიბერიარაღი. ესაა საპასუხო კიბერდარტყმის ავტომატიზებული სისტემა. მის სრულყოფაზე აშშ-ის გარდა მუშაობენ ჩინეთი, რუსეთი, ისრაელი, ბრიტანეთი. კრიპტოგრაფიულ კიბერსისტემას შეუძლია მოწინააღმდეგის თანამგზავრული დაჯგუფების პარალიზაცია, რადარების `დაბრმავება~, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მოშლა, საინფორმაციო ქსელების გათიშვა. ესაა ომი ომამდე. მუშავდება პროგ­რამები, რომელნიც გამიზნულია პირდაპირ გამშვებ სისტემებზე რაკეტების განადგურებისთვის კიბერიარაღითა და რადიოელექტრონული საშუალებებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის რაკეტა აფრენამდე უნდა განადგურდეს. ყოველივე ეს ზრდის ანტაგონიზმს ქვეყნებს შორის. გაძლიერდება ტექნოლოგიების მოპარვის ტენდენცია და გაიზრდება შპიონაჟის, დივერსიებისა და ფილიგრანული ჰაკინგის შესაძლებლობა. მთელი გლობუსი ტოტალური ომის თეატრად გადაიქცევა. 2018 წლის ივლისში რუსეთის უშიშროების სამსახურმა „როსკოსმოსის“ მეცნიერი ვიქტორ კუდრიავცევი დაატუსაღა. მას ბრალი ედება ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების გადაცემაში. ორი წლის წინ ამავე კვლევითი ცენტრის მეცნიერს ბრალი დასდეს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები არის ის თამასა, რომლის დაძლევაც ადამიანს ხელთ ჩაუგდებს აბსოლუტურ იარაღს. წარმოვიდგინოთ, რომ ნაპოლეონის არმიას ჰქონოდა თუნდაც ერთი ლივაისის ტყვიამფრქვევი (შეიქმნა 1913 წელს), ან ტყვიამფრქვევი ვიკერსი (შეიქმნა 1912 წ.). იმ დროს ეს იქნებოდა აბსოლუტური იარაღი და ნაპოლეონის იმპერია კიდევ დიდი ხანი იარსებებდა. ნაპოლეონის დროს ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის სახმელეთო ჯარებს ერთნაირი შეიარაღება ჰქონდათ. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფა და ავტომატიზება მოგვიანებით დაიწყო.       
ჩნდება ცდუნება, რომ პოლიტიკოსები რობოტებს ბოროტი განზრახვით გამოიყენებენ. საომარი რობოტოტექნიკური კომპლექსები ფრონტად აქცევენ ყველაფერს – სამეურნეო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას, ინტერნეტსივრცეს, კოსმოსს. ცნობილია, რომ სამხედრო რობოტების შექმნაზე მუშაობს 40-მდე ქვეყანა. საერთაშორისო კონტროლსა და ტრანსპარენტულობაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია. კვლევები და კვლევის შედეგები საგანგებოდ გასაიდუმლოებულია. ოთხ ათეულამდე ქვეყანა ცდილობს აბსოლუტური იარაღის შექმნას. ატომური იარაღი როდესაც იქმნებოდა 1940-იან წლებში, მაშინ სახელწიფო სტრუქტურები ბირთვული კვლევის მონოპოლისტად გამოდიოდნენ. ახლა კი ავტონომიური ლეტალური სისტემებისა და სამხედრო AI-პლატფორმების შესაქმნელად მუშაობს მრავალი ათეული კერძო კომპანია მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს ზრდის დაძაბულობასა და უნდობლობას არა მხოლოდ საერთაშორისო ბიზნესში, არამედ დიდ პოლიტიკაშიც. ავტონომიური ლეტალური სისტემები უფრო არყევს ისედაც შერყეულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. პენტაგონის არაბირთვული ელვისებრი გლობალური დარტყმის კონცეფცია სხვა ქვეყნებს აიძულებს, რომ შექმნან თავდაცვისა და თავდასხმის ახალი სისტემები. დგება ცივილიზაციური ცაიტნოტის ვითარება, როდესაც ადამიანს დრო აღარ რჩება გაიაზროს რობოტული პროგრესით გამოწვეული საფრთხეები. უკვე სადღეისოდ არსებული AI-ს განვითარების დონე ბევრად წინ უსწრებს შესაბამის იურიდიულ რეგულაციებს.
          
პენტაგონი სულ უფრო მეტად ინტერესდება საომარი რობოტების საკითხით. ბრუკინგსის ინსტიტუტის სამხედ­რო ექსპერტის, მომავლის ომების თეორეტიკოსისა და ფუტუროლოგის, პენტაგონის კონსულტანტის, პიტერ უორენ სინგერის ნაშრომები, გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ-ის არმიამ, ავიაციამ და ფლოტმა სამხედრო მოსამსახურეთათვის აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაში შეიტანა. სინგერის გარდა რობოტების საკითხებზე წერენ სტიუარტ რასელი, მარტინ ფორდი, პოლ სქერი, თომას ჰელსტრიომი, ოგასტ კოული, კალუმ ჩასი, ჯეიმს ბარათი, ამირ ჰუსეინი, ლუის დელ მონტე და სხვ. 

პენტაგონის პროგრამები Project Maven (2018 წლის აპრილში Google-ს 3 100-მა თანამშრომელმა ღია წერილით მიმართა კორპორაციის ადმინისტრაციას იმ მოთხოვნით, რომ Google-მა შეწყვიტოს პენტაგონთან თანამშრომლობა Maven-ის ფარგლებში), Diamond Shield და COMPASS მოწოდებულია საომარი მონაცემების სწრაფი ანალიზისა და სამხედრო AI-პლატფორმისათვის სარდლობის გადასაცემად. პენტაგონის ეს პროგრამები ნეირონულ ქსელში ინფორმაციის მასივის სწრაფი ანალიზის შემდეგ მითითებებს მიაწვდის ყველა რგოლის ოფიცრებს. ამას ეწოდება საბრძოლო მოქმედებათა ალგორითმული წარმართვა. ნეირონულ ქსელებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ აღწერონ თავისი მოქმედების პრინციპი ადამიანისათვის გასაგები ენით. ცხადია, პენტაგონის ასეთი პროგრამები იწვევს მილიტარიზმის ესკალაციას, დიდ ბიძგებს აძლევს გამალებულ შეიარაღებას, ზრდის მტრობას ქვეყნებს შორის. თავისუფალი ვაჭრობის, ბიზნესის აპოლიტიკურობისა და მეწარმეობის თავისუფლების აქსიომები საზრისდაკარგული ხდება. პოსტულირებულია გამუდმებული თვალთვალი, ტექნოლოგიური შპიონაჟი, კონკურენციის გადაიზარდა საომარ მოქმედებებში. პროგრამა COMPASS ესაა აქტიური სიტუაციური სცენარების შეგროვება და მონიტორინგი დაგეგმვის მეშვეობით. ეს პროგრამა ახდენს სიტუაციის ანალიზს „ნაცრისფერ ზონაში“, რაც ნიშნავს მცირედ შესამჩნევ ზღვარს კონკურენციასა და ომს შორის.     

2015 წელს გაეროში განიხილებოდა საომარი რობოტების აკრძალვის საკითხი. ჩვენი აზრით, ეს განხილვა წლობით გაგრძელდება, რადგან ავტონომიური ლეტალური სისტემების მოწინააღმდეგეებს ჯერ არ აქვთ დამაჯერებელი კონტრარგუმენტაცია ამ რობოტების მომხრეებთან პოლემიკაში. განხილვა წლობით გაჭიანურდება მანამ, სანამ საომარი რობოტები დიდ კატასტროფას არ გამოიწვევენ. AI-ს კვლევაში დიდმა ქვეყნებმა ჩადეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციები. ფაქტობრივად, ეს არის გამალებული შეიარაღების ახალი ტალღა. ქვეყნები ცდილობენ ხელთ ჩაიგდონ სუპერიარაღი, ამიტომ ისინი არ შეიზღუდავენ თავს გაეროს მიერ ინიცირებული წინმსწრები აკრძალვითა და პრევენციული რეგულაციებით. გავიხსენოთ, რომ მხოლოდ ატომური იარაღის გამო­ყენების შემდეგ (ჰიროსიმა და ნაგასაკი) გახდა შესაძლებელი მის გაუვრცელებლობაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების მიღწევა. 1940-იან წლებში მიმდინარეობდა ატომის ბირთვის გამალებული კვლევა რამდენიმე ქვეყანაში. იმ დროს ცნობილი ფიზიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ ატომური ბომბი არ შეიქმნებოდა და ბომბის შექმნის გამო გამოთქმული შეშფოთება უსაფუძვლო იყო. ატომის კვლევამ კი სწორედ ბირთვული იარაღი შექმნა. ამ იარაღის შექმნამ დაადასტურა ბირთვული კვლევების წარმატება და წინსვლა და არა ატომური ელსადგურის აშენებამ. მხოლოდ 1954 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველი აეს-ი (რუსეთი). ჰიროსიმის დაბომბვიდან უკვე ათი წელი იყო გასული, როდესაც შესაძლებელი გახდა „მშვიდობიანი ატომის“ პროექტის განხორციელება. სადღეისოდ მრავალი AI-ექსპერტი ირწმუნება, რომ ავტომატიზაცია და AI-ს წინსვლა არაა საფრთხის შემცველი. კვლევები კი სწორედ ლეტალური ავტონომიური სისტემების შექმნას ასტიმულირებს. რაციონალურად ძნელი ასახსნელია, თუ როგორ არის, რომ AI-ს სამოქალაქო კვლე­ვა მაინც სამხედრო კვლევად იქცევა. ხატოვნად რომ ვთქვათ, თუ მეცნიერს სურს შექმნას ოთახის ვენტილატორი AI-ს ელემენტებით, დიდია შესაძლებლობა, რომ ეს ვენტილატორი იქცეს საომარ რობოტად.    

2013 წელს დაფუძნდა მოძრაობა „შევაჩეროთ მკვლელი რობოტები“. მისი ცნობილი წარმომადგენელია ილონ მასკი. არსებობს სხვა ცნობილი ორგანიზაცია ICRAC, რომელიც რობოტული იარაღის რეგულაციების მოთხოვნით გამოდის. საკითხის სერიოზულობასა და დიდ საფრთხეზე მეტყველებს 2017 წლის 21 აგვისტოს გაეროში გაგზავნილი 26 ქვეყნის 116 ექსპერტის წერილი ავტონომიური ლეტალური იარაღის აკრძალვის მოწოდებით. 2018 წლის აგვისტოში საერთაშორისო სამართალდამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა ქვეყნებს მოუწოდა, რომ აიკრძალოს მკვლე­ლი რობოტები. რობოტიზაციის საფრთხეებზე საუბრობენ ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი, ცნობილი ნეო-ლადაიტი (AI-ს გავრცელების მოწინააღმდეგე) ბრიტანელი ფუტუროლოგი ჯეიმს ბრიდლი, ბრიტანელი ფიზიკოსი ჯიმ ალ-ხალილი, ბრიტანელი AI-ექსპერტი მუსტაფა სულეიმანი, ბრიტანელი რობოტოტექნიკოსი ნოელ შარკი და სხვ. 

სამხედრო AI-მა და საომარმა რობოტებმა კიდევ უფრო მეტი საფრთხე წარმოშვეს, ვიდრე ატომური ომის საფრთხე იყო იყო XX ს-ის მეორე ნახევარში. ახლა ქვეყნებს შორის ანტაგონიზმში იდეოლოგია აღარ ასრულებს მამოძრავებელ როლს, როგორც ეს იყო ორი ბანაკის (სოციალიზმი, კაპიტალიზმი) დაპირისპირების დროს. მაშინ იდეოლოგიური პოსტულატებითა და დეკლარაციებით იფარებოდა დიდი პოლიტიკის ბრუტალური ბუნება. ახლა ამისი საჭიროება აღარაა. კომუნისტური ჩინეთიც კი არასოდეს ლაპარაკობს ქვეყნის გარეთ მარქსის ან მაო ძედუნის დებულებებზე. დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულმა დიდმა პროტექციონისტულმა ომმა უაზრობად აქცია აქამდე სავალდებულოდ მიჩნეული პოლიტკორექტულობა.  

ელინურ მითოსში პანდორა არის ღმერთების მიერ შექმნილი ხელოვნური არსება, რომელიც თავს აჩვენებს ქალად და ადამიანებს მრავალ უბედურებას მოუვლენს. პანდორა არის უძველესი მაცდური რობოტი, მშვენიერებით დაფარული ბოროტება. როდესაც AI-ზე საუბრობენ, ხშირად იხსენებენ ხოლმე პანდორას მითს. ინტერნეტი როდესაც შეიქმნა, აღინიშნებოდა, რომ ის ადამიანის თავისუფლებას შეუწყობდა ხელს. სინამდვილეში ინტერნეტი ერთი მხრივ ასევე გადაიქცა 24-საათიანი გლობალური თვალთვალის ინსტრუმენტად. ფაქტია, რომ ადამიანებს უთვალთვალებენ Google, Facebook-ი და სხვა გიგანტი კორპორაციები. ამაზე არაერთხელ დაიწერა დასავლეთში. 2018 წლის სექტემბრის მიწურულს გავრცელებული ცნობით, ინტერნეტის სათავესთან მდგა­რი სერ ტიმ ბერნერს-ლი, რომელმაც შექმნა URI, URL, HTTP, HTML, ცდილობს ინტერნეტის დეცენტრალიზაციას და `იუზერთა~ მონაცემების დაცვას. საამისოდ მან შექმნა სტარტაპი Inrupt Inc. ბერნერს-ლის ერთ-ერთი პრინციპის თანახმად, IT-მეცნიერი ტექნიკური პასუხისმგებლობის გარდა მორალურადაც არის პასუხისმგებელი.   

IT, AI  და რობოტები ესაა ადამიანის ძველისძველი პრომეთეანული მისწრაფების კიდევ ერთი გამოხა­ტულება. რობოტებს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ (მედიცინა, სამოქალაქო ავიაცია, მძიმე მრეწველობა, სამხედრო ობიექტების, მილსადენების, ნაკრძალებისა და აღკვეთილების, ქვეყნის საზღვრების მონიტორინგი და სხვ.), მაგრამ დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ბოროტების წყაროდაც იქცნენ. ბევრი რამ დამოკიდებულია თანამედროვე ადამიანზე. პიტერ სინგერს აქვს ნათქვამი, რომ მომავლის ომების მიზეზი ადამიანის ნაკლოვანება იქნება. იმედი გვქონდეს, რომ ასე არ მოხდება.     

გოჩა გვასალია