ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ნოემბრის დებიუტანტები: ძველი ბრენდების ახალი სიცოცხლე - #3(60), 2019
DE TOMASO P72, ASPARK OWL, KARMA SC2 

ნოემბრის თვე როგორც ყოველთვის მდიდარია სხვადასხვა მოტორ-შოუებით თუ სხვა საავტომობილო პრემიერებით. ამჯერადაც გაგაცნობთ ახალი საავტომობილო ბრენდების დებიუტანტებს და მოკლედ შევჩერდებით მათი დაარსების ისტორიასა და განვითარების გზაზე. 

DE TOMASO 

De Tomaso-ს სახელი პირადად მე, ისევე როგორც სხვა ბევრმა ჩემმა თანატოლმა ბნელ 90-ანებში საღეჭი რეზინი Turbo-ს სტიკერებიდან გავიცანით. ჟღერადი სახელწოდება, ლამაზი სპორტული მოდელი – „დე ტომაზოს პანტერა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო კოლექციონერებში. ასეთი კი იმ დროს 10-დან 9 იყო. უინტერნეტობის და საინფორმაციო ვაკუუმის პერიოდში ალბათ ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს იტალიური ბრენდი ერთ რიგში დგას სახელოვან „ლამბორგინისა“ და „ფერარისთან“ და ისეთივე წარმატებულია, როგორც დასახელებული მსოფლიო დონის გრანდები. სინამდვილეში კი ამ პატარა ბრენდს ძალზე მძიმე ისტორია ჰქონდა და ორჯერ გაკოტრდა კიდეც. 

მარკა „დე ტომაზო“ 1959 წელს დააარსა არგენტინული წარმოშობის იტალიელმა ალეხანდრო დე ტომაზომ. კომპანიას ეკლებით მოფენილ გზაზე მოუწია სიარული, თუმცა, მაინც მოახერხა რამდენიმე გამორჩეული სპორტქარით თავის გამოჩენა. მათგან ყველაზე გამორჩეულია 1963 წელს გამოშვებული Vallelungaა და 1966 წელს გამოსული Mangusta, კუპე Pantera კი, ის რომელიც აგრეთვე საღეჭი რეზინი „ტურბოს“ სტიკერებიდან გვახსოვს, 1970-80-ანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მოდელის ნორმალური გაყიდვები, საკუთარი ნიშა საავტომობილო ბაზარზე – მშვიდი ცხოვრება 2000-ანების დასაწყისამდე გაგრძელდა. პრობლემები 2004 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიის დამაარსებელის და უცვლელი ხელმძღვანელის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, კომპანია პირველად გაკოტრდა. 

2010 წელს კონცერნ FIAT-ის მარკეტინგის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიო როსინიოლომ მარკა De Tomaso-ს აღორძინება გადაწყვიტა, მან ბრენდზე უფლები შეიძინა და ტურინის მახლობლად მდებარე Pininfarina-ს ყოფილ ქარხანაში წარმოება დაიწყო. განწყობა ოპტიმისტური იყო – ყოველწლიურად იგეგმებოდა 8 ათასი ავტომობილის გამოშვება. სამოდელო გამაში უნდა ყოფილიყო სამი ავტომობილი – ქროსოვერი, ლუქს-კლასის სედანი და კუპე. 

პირველი კონცეპტუალური მოდელი Deauville 2011 წელს ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინეს. ავტომობილის დიზაინზე ატელიე Pininfarina-მ იმუშავა. სერიული წარმოების დაწყება უკვე რამდენიმე თვეში იგეგმებოდა, სავარაუდო ფასად 115 000 დოლარი დასახელდა კიდეც. თუმცა, მოდელის სერიულ წარმოებამდე საქმე არ მივიდა. მარიო როსინიოლის სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. კომპანია უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. გადარჩენის უკანასკნელ შანსს წარმოადგენდა ჩინურ კომპანია Hotwork-ის ფინანსური წინადადება, რომელიც ბრენდში თანაინვესტორად შემოდიოდა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში შეთანხმება აღარ შედგა. საბოლოოდ, ქალაქ ლივორნოს სასამართლომ კომპანია De Tomaso ბოლო 8 წელიწადში მეორედ გაკოტრებულად სცნო. 

მარკა De Tomaso 2014 წელს ჰონკონგურმა კომპანია Ideal Team Ventures-მა შეიძინა და ამა წლის შემოდგომაზე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველი მოდელი წარმოადგინა – სუპერქარი De Tomaso P72. გასულ კვირაში კი ცნობილი გახდა ამ ავტომობილისთვის დეტალების მიმწოდებელი – ამერიკული ტიუნუნგ ატელიე Rouch Performance. 

დღეს მარკა De Tomaso კვლავ ეკუთვნის კომპანია Ideal Team Ventures-ს, რომელიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს სეგმენტ ულტრა-ლაქშერიში, ანუ ყველაზე დახვეწილ და შეძლებულ აუდიტორიას უმიზნებს. ჰონკონგელებს აგრეთვე ეკუთვნით მარკა Apollo, რომელიც გერმანელი ინჟინრის – როლანდ გუმპერტის კრახგანცდილი კომპანიის მემკვიდრეობაა. ეს ის გუმპერტია, რომელმაც 2000-ან წლების ბოლოს, „აუდის“ აგრეგატებზე სუპერქარი Gumpert Apollo შექმნა. მოდელი ასტრონომიული თანხა, 2,3 მილიონი დოლარი ღირდა. სწორედ ამ წარმოუდგენელად ძვირი ავტომობილის შასი დღეს გამოიყენება უფრო ხელმისაწვდომ კუპე De Tomaso P72-ზე. ამ მოდელის გაყიდვა 750 000 დოლარად იგეგმება. 

De Tomaso P72-ს პრემიერა ზაფხულში, გუდვუდში სიჩქარის ბრიტანულ ფესტივალზე შედგა. სუპერქარის გარეგნობა შესრულებულია სპაიდერ De Tomaso P70-ის მოტივებზე, რომელიც დე ტომაზომ ლეგენდარულ ამერიკელთან ქეროლ შელბისთან ერთად შექმნა. თუმცა, ახალი მოდელის შიგთავსი, რა თქმა უნდა, სრულიად თანამედროვეა. P72-ს საფუძვლად უდევს ნახშირპლასტიკის მონოკოკი, რომელიც იტალიური ფირმა Manifattura Automobili Torino-ს ნახელავია, შასის მზიდი ელემენტებიც ნახშირპლასტიკისგან არის დამზადებული, რაც კონსტრუქციას საგრძნობლად აძვირებს. მონოკოკზე იგი ჭანჭიკებით მაგრდება და მსუბუქი ავარიის შემთხვევაში ადვილად შეიცვლება. მუხრუჭები რა თქმა უნდა, კარბონ-კერამიკულია. ინტერიერი, Pagani-სა და Spyker-ის მსგავსად გაჯერებულია სკულპტურული და საიუველირო დეტალებით. 

ოდნავ გასაკვირია P72-ს მარჯვენა საჭე, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფირმა De Tomaso ფორმალურად ლონდონშია დარეგისტრირებული, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. მარცხენასაჭიანი მოდიფიკაციებიც აუცილებლად იქნება, რადგან პროდუქციის გასაღების ძირითად ბაზრად ჰონკონგელები აშშ-ს მოიაზრებენ. ახალი მოდელის ძრავზე ინფორმაცია სულ ახლახანს გაჩნდა, მას ატელიე Rouch Performance ამზადებს, რომელიც ამერიკელმა ინჟინერმა ჯეკ რუშმა დააარსა. რუშს თავის დროზე ამერიკულ სარბოლო სერია NASCAR-ში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და ბოლო ორი თაობის Ford GT-ის ძრავების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. 

De Tomaso P72-სთვის Rouch Performance-მა „ფორდის“ 5-ლიტრიანი V8-ს ბაზაზე საკმაოდ კონსერვატული აგრეგატი დაამზადა. მისი სიმძლავრე 710 ცხენის ძალას შეადგენს. სიჩქარეთა კოლოფი მხოლოდ 6-საფეხურიანია და ფირმის შიგნით დამზადდა. დინამიკური მონაცემები გაცხადებული არ არის. აგრეთვე ისიც უცნობია, სად მოხდება მოდელის საბოლოო აწყობა. სულ იგეგმება მოდელის 72 ეგზემპლარის დამზადება, რის შემდეგაც იტალიური მარკა წარმოადგენს აღორძინებულ Pantera-სა და Mangusta-ს. ამის თქმა თამამად შეიძლება, რადგან შესაბამისი სახელწოდება ჰონკონგელებმა უკვე დააპატენტეს. 

ASPARK OWL 

იაპონურმა კომპანია Aspark-მა წარმოადგინა ელექტრონული სუპერქარ Owl-ის საფინალო ვერსია, რომელიც 50-ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვა და პოზიცირდება როგორც ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი მსოფლიოში. 

Aspark – მრავალპროფილიანი მაღალტექნოლოგიური იაპონური კომპანიაა, რომელიც 2005 წელს ბიზნესმენმა მასანორი იოსიდამ დააარსა. როგორც ავტომწარმოებელი, იგი მხოლოდ 2017 წელს გავიცანით, როდესაც ფრანკფურტის ავტოსალონზე ჰიპერქარი Owl წარმოადგინა. მისი შემუშავება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ პროექტი უამრავჯერ შეიცვალა, საბოლოო ვარიანტი კი სულ ახლახანს, დუბაის მოტორ-შოუზე ვიხილეთ. ორი წლის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტომობილი 850 კილოგრამს იწონის და მოძრაობაში ორ ელექტროძრავს მოჰყავს, რომელიც თავის მხრივ სუპერკონდენსატორებიდან იკვებება. ამ სქემამ, როგორც ჩანს, არ გაამართლა და შემქმნელები საბოლოოდ მივიდნენ ამ ტიპის მანქანებისთვის ტრადიციულ კონსტრუქციამდე. ელექტროძრავების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა (1 ძრავი – თითო ბორბალზე). აგრეგატების საერთო სიმძლავრე 2300 ც/ძ-ს შეადგენს, შედარებისთვის – მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილის ტიტულის მაძიებელი ბრიტანული Lotus Evija 2000 ც/ძ-ს გამოიმუშავებს. 

სერიული Aspark Owl-ის ელექტროძრავები იკვებება არა სუპრკონდენდენსატორებიდან, არამედ ჩვეულებრივი 64 კვტ/სთ-ის მოცულობის ლითიუმ-იონის ელემენტიდან („ლოტუს ევიას“ ელემენტის სიმძლავრეა 70 კვტ/სთ), რომლის სრული დამუხტვა 450-კმ-იან გარბენს ჰყოფნის. Owl-ის აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 1,9 წამშია შესაძლებელი, 300 კმ/სთ-მდე სიჩქარის განსავითარებლად კი – 10,6 წამია საჭირო („ლოტუს ევიას“ იგივე სიჩქარისთვის 9 წამი სჭირდება). მშრალი წონა შთამბეჭდავ, 1 900 კილოგრამამდე გაიზარდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ-მდე. 
ძალისმიერ აგრეგატს აქვს მუშაობის 4 რეჟიმი: sport-dynamic (სპორტული), rain-snow (წვიმა/თოვლი), city-comfort (საქალაქო) და high boost (მაქსიმალური). იაპონური ჰიპერქარს საფუძვლად აქვს ნახშირპლასტიკის მონოკოკი, ფოლადის გაძლიერებით. გარე პანელები მინაპლასტიკით არის დამზადებული. კომპოზიტური დეტალები, ისევე როგორც „დე ტომაზოს“ შემთხვევაში, ამჯერადაც იტალიური Manifattura Automobili Torino-ს შემოქმედებაა. აქვე შედგება იაპონური სუპერქარის საბოლოო აწყობაც. სერიულ ძარას დაემატა ორი ტრადიციული გარე სარკე (პროტოტიპზე არ ყოფილა), ამასთან ერთად შენარჩუნდა უკანა ხედვის ორი კამერა – მისი გამოსახულება ტრანსლირდება ორ ეკრანზე, რომელიც განლაგებულია ხელსაწყოების ძირითადი პანელის გვერდზე. ფიქსირებულმა უკანა ანტიფრთამ ადგილი დაუთმო ავტომატურს, რომელიც 150 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისას კორპუსიდან ამოდის და უკან ჩადის მაშინ, როდესაც სიჩქარე 100 კმ/სთ-ზე დაბლა ჩამოვა. ინტერიერი შესრულებულია კუსტარულად და უფანტაზიოდ, რაც ერთადერთ ოფიციალურ ფოტოზეც კარგად ჩანს. მძღოლისა და მგზავრის განლაგება – ნახევრადმწოლიარეა. საბარგულის მოცულობა მხოლოდ 50 ლიტრია. 

შეკიდება ჰიდრავლიკურია, სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელის კლირენსის რეგულირება 80-დან 160 მმ-მდე. შეკიდების ქვედა მდგომარეობაში სუპერქარის სიმაღლე მხოლოდ 91 სმ-ია (სიგრძე 4791 მმ, სიგანე 1935 მმ). იმისთვის რომ Aspark Owl შეიძინოთ, წინასწარ უნდა გადაიხადოთ 50 000 ევრო და დაელოდოთ თქვენს რიგს. საბოლოო ფასი – 2 900 000 ევრო, შესაძლოა დაკორექტირდეს შემკვეთის ინდივიდუალური სურვილებიდან გამომდინარე. მოდელის პირველ სერიულ ნიმუშებს კლიენტები მომავალი წლის მეორე კვარტალში მიიღებენ. მწარმოებელი შემკვეთებს მაქსიმალურად ოპერატიულ გაყიდვისშემდგომ მომსახურებასა და მხარდაჭერას ჰპირდება. მოდელ Owl-ის შემდეგ კომპანია Aspark სხვა არანაკლებ შთამბეჭდავ პროექტებზე აპირებს მუშაობას. 

KARMA SC2 

კალიფორნიაში მდებარე კომპანია Karma Automotive ახალი შოუ-ქარის წარდგენას აპირებს. ეს მარკა 2015 წელს დაარსდა, როდესაც გაკოტრებული Fisker Automotive ავტომობილის სათადარიგო ნაწილების ჩინურმა ფირმა Wanxiang-მა შეიძინა. მარკის ოფიციალური საიტს თუ დავუჯერებთ, Karma Automotive-ის სამოდელო გამა მოიცავს 3 ავტომობილს: Revero, Revero GT და Karma GT. თუმცა, ამით დაკმაყოფილებას ბრენდი არ აპირებს და ბევრ სიახლეს გვპირდება. ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე ნაჩვენები იქნება სპორტული Revero GTS და ასევე ახალი კონცეპტ კუპე SC2. ჯერჯერობით გამოქვეყნებულია ორკარიანი მოდელის მხოლოდ ერთი თიზერი. 

ახალ შოუ-ქარს წინ უძღოდა კონცეპტი SC1 Vision, ის პირველად 2019 წლის გაზაფხულზე შანხაის ავტოსალონზე წარმოადგინეს, შემდეგ კი პებლ-ბიჩზე „ელეგანტურობის კონკურსზე“. შეგახსენებთ, რომ შემქმნელებმა შთაგონებად გამოიყენეს სპორტული თვითმფრინავი Hughes H-1, რომელსაც 1935 წელს სიჩქარის რეკორდი ეკუთვნოდა. ორკარიანი კონცეპტუალური კუპე Karma SC2 ნაწილობრივ იზიარებს და ავითარებს შოუ-ქარ SC1 Vision-ის დიზაინს. SC2-ის ექსტერიერზე საუბარი ჯერ ძნელია, ერთადერთ თიზერზე ჩანს მხოლოდ მანქანის სალონის ნაწილი და ისიც ზედა რაკურსით. გამოსახულებიდან აგრეთვე ჩანს, რომ ახალი კონცეპტი წარმოადგენს კლასიკურ კუპეს გრძელი კაპოტით, კამერებით უკანა ხედის სარკეების ნაცვლად, „თოლიას ფრთის“ ტიპის კარებით და დიოდური ტიპის ფარებით, რომლებიც ავტომობილის მთელ სიგანეზე იშლება. 

კუპეს ინტერიერსა და ძალოვან ნაწილზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. როგორც ჩანს, მონაცემებს პრემიერის დროს გამოაქვეყნებენ. პრემიერა კი ნოემბრის ბოლოს შედგება. შეგახსენებთ, რომ SC1 Vision ელექტროროდსტერს წარმოადგენდა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ SC2-იც „დასატენი“ იქნება. 

ლოს-ანჯელესის გამოფენაზე Karma-ს კიდევ ერთი დებიუტანტი ეყოლება – Revero GTS. ის წარმოადგენს ჰიბრიდული დანადგარით აღჭურვილი სედან Revero GT-ის უფრო მძლავრ ვარიანტს. განსხვავება: ინტერიერის დეტალები, ახალი ბორბლები და შიგთავსი. ცნობილია, რომ Revero GTS 100 კმ/სთ-ს 3,9 წამში განავითარებს, მაშინ როდესაც წინამორბედის შესაბამისი დრო 5,4 წამს შეადგენდა. ძალოვანი დანადგარების ჯამური სიმძლავრე 535 ც/ძ-ს შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია, ერთი დამუხტვით კი 98 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. ჰიბრიდული სედანის გაყიდვების დაწყება 2020 წლის დასაწყისში იგეგმება. 

მანამდე ცნობილი გახდა Karma-ს სამოდელო გამის გაფართოების შესახებ. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის – ბობ კრუზის (აქამდე General Motors-ში Chevrolet Volt-ზე მუშაობდა) თქმით იგეგემება ქროსოვერის გამოშვებაც, ასევე მიმდინარეობს სამუშაოები ახალ პლატფორმა E-Klipse-ზე, რომლის წარმოება 2021 წელს არის დაგეგმილი. 

დიმიტრი ცხვარაძე