ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
პანდემიის სპორტული მსხვერპლი – გადადებულ-ჩაშლილი ტურნირები - №1(62), 2020
მარტის შუა რიცხვებში, სოციალური ქსელები უცნობი ესპანელი ბიოლოგის ციტატამ უმალ დაიპყრო: „თქვენ თვეში მილიონობით ევროს უხდით ფეხბურთელებს, ხოლო ბიოლოგებს 1800-ს ამყოფინებთ. ახლა თქვენ მკურნალობას საჭიროებთ. მიდით რონალდუსთან და მესისთან და ისინი მოგიძებნიან ვაქცინას“. საბოლოოდ, ეს ციტატა „ფეიკი“ აღმოჩნდა, თუმცა, კარგად ასახავს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიისას სპორტისადმი მსოფლიოში შექმნილ დამოკიდებულებას. 

COVID-19-მა ფაქტობრივად სპორტის არცერთი სახეობა არ დატოვა უყურადღებოდ. შეჩერდა მიმდინარე მაღალრეიტინგული გათამაშებები ფეხბურთში, კალათბურთში, ჰოკეიში, გადაიდო ევრო-2020, ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიადა, საჩოგბურთო „დიდი სლემის“ ფრანგული ტურნირი, უიმბლდონისა კი სულაც ჩაიშალა.
 
როცა სახუმაროდ არავის სცალია 

უიმბლდონის 2020 წლის საჩოგბურთო ტურნირის (29 ივნისი-12 ივლისი) გაუქმება ოფიციალურად 1 აპრილს გამოცხადდა. თუმცა, არავის უფიქრია, რომ ინგლისელები ხუმრობის ხასიათზე იქნებოდნენ და ვინმე სპორტული საზოგადოების საპირველაპრილოდ გაშაყირებას შეეცდებოდა. 

1945 წლიდან, ეს ასეთი დონის საჩოგბურთო ტურნირის გაუქმების პირველი შემთხვევაა. თან ისტორიული ფაქტია, რომ „დიდი სლემის“ გათამაშება მსოფლიო ომისგან განსხვავებული მიზეზით არ ჩატარებულიყოს. 

და რატომ გადაწყვიტეს ბრიტანელებმა ჯერ კიდევ აპრილში, კომერციულად ასე მომგებიანი (გაუქმების შემთხვევაში წამგებიანი) ტურნირის საჩოგბურთო კალენდრიდან ამოღება? წლის ბოლომდე ხომ დიდი დროა და ალბათ პანდემიისგან თავისუფალი ფანჯრის მონახვაც შეიძლებოდა. მიზეზი მარტივია – შემოდგომაზე, როცა შეიძლება მოიძებნოს ან ვინმეს გამოტყუო კალენდარში თავისუფალი ადგილი (როგორც ეს ფრანგებმა მოახერხეს), უიმბლდონის ცნობილი გაზონი პროფესიული ჩოგბურთის სათამაშოდ გამოუსადეგარია. ინგლისში ამ დროს ტენიანობა მატულობს და ბალახის საფარი ძალიან სრიალა ხდება. 

ტურნირის ორგანიზატორმა სრულიად ინგლისის საჩოგბურთო კლუბმა არ გარისკა, რის ზურგსაც 2003 წელს გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება აძლევდა. „უიმბლდონი“ ერთ-ერთი იშვიათი გათამაშებაა, რომელსაც ტურნირის გაუქმება დაზღვევის საგნად აქვს მითითებული. ამ გაუქმებას კი, პანდემიით დაწყებული და ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებით დამთავრებული, ბევრი ფაქტორი განაპირობებს. 

ყოველდღიური ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, აღნიშნული დაზღვევის მიზეზი ნაკლებმასშტაბური SARSვირუსის დამსახურებაა, რომელიც 2003-ში მეტწილად აზიაში გავრცელდა და 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ინგლისელებს წლიურად 1,8 მილიონი ევროს გადახდა უწევთ სადაზღვევო კომპანიისთვის, რომელიც წლევანდელი „უიმბლდონის“ გაუქმების გამო ორგანიზატორს 130 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ თანხით, გაყიდული ბილეთების და სატელევიზიო უფლებების საფასური სრულად დაიფარება, რაც უიმბლდონელთა მთლიანი ფინანსური დანაკარგის (285 მილიონი ევრო) არცთუ პატარა ნაწილია.
 
ფრანგებმა გადადეს და მტრებსაც იჩენენ 

ინგლისელებისგან განსხვავებით, ფრანგებმა „დიდი სლემის“ კიდევ ერთი ტურნირი, რომელიც მაის-ივნისში უნდა ჩატარებულიყო, საჩოგბურთო ოჯახთან შეუთანხმებლად შემოდგომისთვის გადადეს. „როლან გაროსის“ ახალი წლევანდელი „დედლაინი“ ასეთია – 20 სექტემბერი- 4 ოქტომბერი. 

ფრანგების სიჩქარეს ახსნაც აქვს – მათ როგორმე სასურველი შუალედის დაჯავშნა სურდათ, რადგან შესაძლოა ამერიკელებს მოესწროთ. საქმე ის გახლავთ, რომ მარტში ჩასატარებელი ინდიან უელსის მასტერსის ტურნირის (ერთეულ მამაკაცთა 9,4-მილიონიანი საპრიზო ფონდით) გადადებისას ამერიკელებმა გამოაცხადეს – წლევანდელ ტურნირს კი არ ვაუქმებთ, 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გვსურს ჩატარებაო. ჰოდა, „როლან გაროსმაც“ დაასწრო ინდიან უელსს და „სადაც სასურველი ფანჯარა იპოვა, იქით გადაძვრა“. 

„როლან გაროსს“ იმის გარდა, რომ წლეულს დარჩენილი საჩოგბურთო „დიდი სლემის“ ტურნირებიდან რიგში პირველი იყო, მინიმუმ კიდევ 2 უპირატესობა აქვს. პირველი ის, რომ თუ საჩოგბურთო მმართველი ელიტა (ATP, WTA, ITF, AELTC, Tennis Australia და USTA) მისი ორგანიზატორის – საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის უკმაყოფილოა, ამ უკანასკნელის პრეზიდენტი ბერნარ გიუდიჩელი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ვიცე-პრეზიდენტიცაა. ITF-ის აზრის უგულებელყოფა ფრანგებისგან დანარჩენ „განდეგილებს“ არ გამოუვათ, რადგან ამ ორგანიზაციის პატრონაჟის ქვეშაა 4-დან 3 (ავსტრალიის ღია პირველობის გარდა) „დიდი სლემის“ ტურნირი, ფედერაციისა და დევისის თასის ფინალები, ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი. 

და ერთი კოზირიც – გამოცხადებულ შუალედში (20.09-04.10) პარალელურად ჩასატარებელ სანკტ-პეტერბურგის, გუანჩჟოუს, სეულის, ტოკიოსა და ტაშკენტის ტურნირებიდან პირველ წრეშივე მარცხისთვის ყველაზე მეტს რუსები იხდიან – 12 ათას დოლარს; „როლან გაროსზე“ საწყის ეტაპზე დამარცხებული ჩოგბურთელი კი 40 ათასს მიიღებს. როგორ ფიქრობთ, ისედაც გაზაფხულ-ზაფხულის უქმეობით „ჯიბედაცლილი“ სპორტსმენი უფრო რომელ მხარეს გადაიხრება? 

არაა გამორიცხული ჩოგბურთელებმა ურთიერთსოლიდარობის ფონზე ბოიკოტიც კი გამოუცხადონ საშემოდგომო „როლან გაროსს“. ასეთთა სათავეში კი სავსებით შესაძლოა როჯერ ფედერერი ვიხილოთ. ბოლო წლებში იგი როგორც წესი ტოვებდა თიხნარზე გამართულ „დიდ სლემს“. ახლაც, ტრავმის შემდგომი აღდგენის გამო, მას პარიზში არავინ ელოდა, მაგრამ არავინ იცის რას მოიმოქმედებს შვეიცარიელი, როცა მისი პროექტის – ლეივერის თასის (Laver Cup) პრესტიჟს საფრთხე დაემუქრება. ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მაღალრეიტინგიანი ჩოგბურთელების სამდღიანი ტურნირი ბოსტონში 25-27 სექტემბერს უნდა შედგეს. ბუნებრივია, ფინანსურად უფრო წარმატებული „როლან გაროსი“ Laver Cup-ს ვარსკვლავებს წაართმევს და... მოკლედ, ფრანგებს ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევთ. 

მილიარდიანი ზარალი და ბანკროტობა 

ინგლისის პრემიერლიგას მსოფლიოს საფეხბურთო ლიგებს შორის ყველაზე დიდი ფულადი ბრუნვა აქვს. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების გამო მისი ზარალიც ყველაზე დიდია – 1,4 მილიარდი დოლარი. სიტუაცია გაუარესდება თუ მიმდინარე სეზონი (იგი 29 ტურის შემდეგ შეწყდა) ვადაზე ადრე დასრულდება. პრემიერლიგაში, ევროპის წამყვანი ლიგებიდან ყველაზე მეტი უთამაშებელი მატჩი დარჩა – 92. თუ ისინი არ ჩატარდა, ლიგას მაუწყებლებისა და სპონსორების მხრიდან არაერთი სარჩელი ელის. კერძოდ, ინგლისის მთავარი ლიგის კლუბებს ტელეკომპანია Sky და BT Sport-ისთვის 949 მილიონი დოლარის ანაზღაურება მოუწევთ. ეს ბევრი ალბიონური გუნდის ფინანსური მდგომარეობის კრახს გამოიწვევს. ამიტომაა, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პრემიერლიგასა და ჩემპიონშიპში სეზონის ვადამდელი დამთავრების შესახებ არ გამოაცხადა – აქ, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდაც კი ჩაამთავრებენ სეზონს. 

ინგლისში ე.წ. მეორე ფრონტია გახსნილი საფეხბურთო კლუბის მესვეურებსა და ფეხბურთელებს შორის. კლუბები მოთამაშეთაგან 12 თვის განმავლობაში ხელფასის 30%-ით შემცირებას ითხოვენ, რათა სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ. პირადად ფეხბურთელები რას ფიქრობენ, ამაზე ქვემოთ, მაგრამ მოთამაშეთა პროფკავშირები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

ფეხბურთელებს პირადი მოწოდებით მიმართა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა, რომელსაც მთავრობის სხვა წევრებმაც აუბეს მხარი. პასუხად პროფკავშირებმა ასეთი არგუმენტი მოიყვანეს: დავუშვათ, დავთანხმდით ხელფასების კლებას. ამით ხომ ქვეყნის ბიუჯეტი გადასახადების სახით 200 მილიონ ფუნტ სტერლინგს დაკარგავს. და როდის? ასეთ კრიზისულ პერიოდში. 

ბრიტანული საზოგადოების თვალში ფეხბურთელები ხომ აშავებენ, არც კლუბები იქცევიან თანამემამულეთა მოსაწონად. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა და დროებით შეჩერებული პრემიერლიგის უპირობო ლიდერმა „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“, „ბორნმუთმა“, „ნიუკასლმა“ და „ნორვიჩმა“ სამუშაო ადგილების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამით ისარგებლეს. პროგრამის მიხედვით, პერსონალის ხელფასის 80%-ს (თვეში 2,5 ათას ფუნტამდე) სახელმწიფო, დანარჩენს კი დამსაქმებელი ფარავს. 

წარსულში „ლივერპულის“ მოთამაშემ ჯიმი კარაგერმა (მან კარიერის 17-ვე სეზონი ამ გუნდში ითამაშა) ასეთი საქციელი მიუღებლად შეაფასა და დასძინა, რომ მისმა მშობლიურმა გუნდმა დაფასება და რეპუტაცია დაკარგა. კლუბის სხვა ვეტერანთა კვალდაკვალ კრიტიკული შეფასება ფანატთა წამყვანმა გაერთიანება Spirit of Shankly-მაც გააკეთა. „გამოვხატავთ უკიდურესად ნეგატიურ რეაქციას იმის გამო, რომ კლუბი პერსონალს მიღებული სახელმწიფო დახმარების მიუხედავად მაინც ამცირებს“, – განაცხადა The Guardian-თან საუბრისას გაერთიანების თავმჯდომარე ჯო ბლოტმა. 

ადგილობრივ მედიაში „ლივერპულს“ შეახსენეს, რომ საფეხბურთო აგენტების ანაზღაურებაში კლუბმა შარშან 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა, ხოლო მათი საქმიანობისგან მიღებულმა მოგებამ (გადასახადების დაქვითვამდე) 43 მილიონი შეადგინა. ამ „არამიზნობრივი“ ხარჯვის მიუხედავად, ხელმძღვანელობამ დაბალანაზღაურებადი პერსონალის ხელფასებისთვის ხელი მაინც სახელმწიფოს ჯიბეში ჩაჰყო. „ტოტენჰემის“ შემთხვევაში კი, კლუბის პრეზიდენტის დენიელ ლევის წლიური ხელფასი ამოტივტივდა. 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი – პრემიერლიგაში რეკორდულია. და ეს მაშინ, როცა წარმატებული 2018-19 წლების სეზონის („ლივერპულთან“ წაგებული ჩემ¬პიონთა ლიგის ფინალის მიუხედავად) შემდეგ, კლუბის ვალი გაუგებარი მიზეზების გამო გაიზარდა, ხოლო ახალი სტადიონი 8 თვის დაგვიანებით გაიხსნა. 

ევროპის მოწინავე ხუთეულის დანარჩენ ქვეყნებში ასეთი მდგომარეობაა. Reuters-ის მონაცემებით, სეზონის ვადამდელი დასრულება ესპანეთის ლა ლიგას ტელეტრანსლირების უფლებათა გაყიდვაში აღებული (ან მისაღები) 662 მილიონი დოლარით აზარალებს, იტალიის სერია A-ს 496 მილიონი დოლარით, გერმანიის ბუნდესლიგას 441 მილიონი დოლარით, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ს 221 მილიონი დოლარით. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა საფეხბურთო ლიგების მესვეურებს მოუწოდა ვადაზე ადრე არ შეწყვიტონ სეზონი და შეეცადონ აგვისტოს დასაწყისამდე ჩაამთავრონ ასპარეზობა. 

Sport.es-ის ცნობით, კრიზისის გამო რეკორდული დანაკარგები აქვთ იტალიურ კლუბებს. მათ შორის ყველაზე მეტად იზარალა „მილანმა“ – 160 მილიონი დოლარი, „იუვენტუსმა“ – 154 მილიონი დოლარი და „რომამ“ – 129 მილიონი დოლარი. პლუსში დარჩა მხოლოდ ბერგამოს „ატალანტა“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია. აპენინური კლუბების ჯამურმა ვალმა 2,76 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათგან ბევრი გუნდის არსებობის საკითხი დგას. რთულ სიტუაციაშია იტალიური ფეხბურთის ლიდერი ტურინის „იუვენტუსი“. „ბებერ ქალბატონს“ ფინანსური სიძნელეების გამო, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას რამდენიმე ლიდერთან განშორება მოუწევს, რომელთა შორის შესაძლოა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუც ვიხილოთ. 

პანდემიის შედეგად არაერთმა საფეხბურთო კლუბმა გამოაცხადა თვითლიკვიდაცია. საუბარი მარტო დაბალი დივიზიონის გუნდებს არ ეხებათ. მაგალითისთვის, ბანკროტობა „აღიარა“ სლოვაკეთის 7-გზის ჩემპიონმა „ჟილინამ“. კლუბების სერიოზული ზარალის გამო, UEFA fair play-ს ფინანსური წესების დროებითი შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს. ეს წესები რეალურ მოგებაზე მეტი თანხის ხარჯვას კრძალავს. 

კრიზისი შეეხო ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებას. CIES Football Observatoty-ს მონაცემებით, კლება ყველაზე მეტად მათზე ვრცელდება, ვის კონტრაქტებსაც ვადა უახლოეს მომავალში გასდით. მაგალითად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას (იგი ინგლისში „იუვენტუსიდან“ 106 მილიონი ევროს საფასურად გადავიდა) ფასმა 65 მილიონი ევროდან 35 მილიონამდე დაიკლო. ევროპული კლუბებიდან ყველაზე მეტად გაუფასურდნენ ფრანგული „მარსელის“ ფეხბურთელები – 37,9%-ით. ესპანური „ბარსელონასა“ და „რეალის“ მოთამაშეები 31%-ით გაუფასურდნენ, გერმანული „ბაიერნისა“ – 33%-ით, ხოლო იტალიური „ინტერის“ – 35,7%-ით. 

კრიზისის ეკონომიკური შედეგების შესასწავლად ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 3 კომიტეტი შექმნა. ჩინოვნიკები განიხილავენ სახელფასო ბიუჯეტის 75-80%-ით მომცველი ფეხბურთელების, მწვრთნელების და პერსონალის ჯამაგირის შემცირების პროგრამას. ამ მომენტისთვის საუბარია 65%-იან შემცირებაზე. ამას გარდა, კრიზისთან ბრძოლაში ფინანსური დახმარების მიზნით, FIFA სარეზერვო ფონდიდან კონტინენტური ფედერაციებისთვის ჯამში 2,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. 

ევრო-2020-ის გადატანამ საკლუბო ჩემპიონატებს "ფანჯარა" გაუთავისუფლა 
UEFA-მ, წლეულს 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ევროპის 12 ქალაქში გასამართი ევრო-2020-ის ფინალური ეტაპი გადადო. თარიღები იგივე დარჩა, მხოლოდ წელი 2021-ით შეიცვალა. ევროპული ფეხბურთის მესვეურები ქალაქების რაოდენობის შეცვლასაც არ გამორიცხავენ, თუმცა, ჩატარების სისტემაზე მეტად, UEFA-ს შტაბ-ბინაში დღეს დასათვლელი ფინანსური ზარალი ანაღვლებთ. 

პორტალ The Athletics-ის ცნობით, UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელებს ჯამში 275 მილიონი ევრო მოსთხოვა ევრო-2020-ის გადატანის საკომპენსაციოდ. UEFA-ში ამ ინფორმაციას უარყოფენ. აქვე ქვეყნდება The New York Times-ის გათვლები, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთი წლით გადადება დაახლოებით 400 მილიონი ევროს ზარალს მოიტანს. 

Forbes-მა დაიანგარიშა, რომ ევრო-2020-ის ჩატარება UEFA-ს 2,5 მილიარდი ევროს შემოსავალს მოუტანდა, საიდანაც მოგება 1 მილიარდი იქნებოდა. ევროპის 55 ეროვნულ ასოციაციაზე თანაბარი გადანაწილებით, თითოეულის შემოსავალი 18 მილიონ ევროს გადააჭარბებდა. შესაბამისად, შექმნილი სიტუაციის გამო, აქცენტი ვერავითარ დამატებით შემოსავალზე ვერ გაკეთდება. შესაძლო დანაკარგების მიუხედავად, UEFA-ს მსხვილმა სპონსორებმა გადატანის თაობაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
 
ამ ყველაფერს UEFA-სთვის თავისი სარგებელიც აქვს. წლევანდელი ზაფხულის გამოთავისუფლებამ საკლუბო ჩემპიონატებს და ტურნირებს, დროებით შეჩერების გამო უქმობით გამოწვეული დანაკარგის ანაზღაურების საშუალება მისცა. ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჩამთავრების გენერალური გეგმის მთავარი ვარიანტი უკვე არსებობს. სტამბოლსა და გდანსკში (აქ უნდა ჩატარებულიყო ამ გათამაშებათა ერთმატჩიანი ფინალი) „ოთხთა ფინალი“ იგეგ-მება. თუმცა, 4-4 ფინალისტი რომ დადგინდეს, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 4 მეოთხედფინალისტია გამოსავლენი (დანარჩენმა ოთხმა მარტის დასაწყისში მოასწრო 1/8-ფინალის დაძლევა), ხოლო ევროპის ლიგაზე – რვავე. ამის შემდეგ, UEFA-ს ორივე ტურნირზე მხოლოდ 1/4-ფინალები ექნება ჩასატარებელი და ნანატრი ოთხთა ფინალებიც დაინიშნება. 

ზარალი ზაფხულის ოლიმპიადის გადატანასაც მოჰყვა 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) ხელმძღვანელი თომას ბახი დიდხანს უარობდა ტოკიოს ოლიმპიადის საგაისოდ გადატანას. საბოლოოდ, სპორტსმენთა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან ზეწოლამ, რაც თავიანთი წარმომადგენლებისთვის ოლიმპიურ ტურნირზე ჩასვლის აკრძალვას ითვალისწინებდა, სოკ-ს უპრეცედენტო ნაბიჯი გადაადგმევინა – ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადადო.
 
დღემდე ისტორიას ოლიმპიადის გადატანის არცერთი შემთხვევა არ ახსოვს, გაუქმებისა კი 3 მაგალითია და სამივე, მსოფლიო ომების გამო. პირველი გაუქმება I მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მოხდა – 1916 წელს ბერ-ლინში დაგეგმილი ზაფხულის თამაშები არ შედგა. მეორე და მესამე პრეცედენტი კი, II მსოფლიო ომის დამსახურებაა – 1940-ში ოლიმპიადისთვის ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკს უნდა ემასპინძლა, 1944-ში კი ლონდონს. 

Reuters-ის მონაცემებით, თარიღის შეცვლის გამო ტოკიო-2020-ის ორგკომიტეტის დანაკარგები 2,7 მილიარდი დოლარი იქნება. აქედან დიდი ნაწილი შენობა-ნაგებობათა და სასტუმროების იჯარას და მომსახურე პერსონალის ხელფასს მოხმარდა. პორტალ Learbonds-ის მტკიცებით კი, ორგკომიტეტის, სპონსორებისა და მაუწყებლების საერთო დანაკარგი 5,5 მილიარდი დოლარია. საერთაშორისო ფედერაციები სოკ-ისგან ვერ მიიღებენ ოლიმპიადის გადადების გამო კუთვნილ გადარიცხვებს, რაც მათ წლევანდელ ფინანსურ პრობლემებს კიდევ უფრო შესამჩნევს გახდის.
 
"ნაკლებმნიშვნელოვანი" სხვა სეკვესტრები 

გაუქმდა ყინულის ჰოკეიში გასამართი მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატიც. მოქმედ ჩემპიონ ფინეთს 8-დან 24 მაისამდე შვეიცარიულ ციურიხსა და ლოზანაში უნდა დაეცვა ტიტული. 1994 წლიდან IIHF-ის პრეზიდენტი რენე ფაზელი, ნაკლები ფინანსური დანაკარგები რომ ჰქონოდა, გადაწყვეტილების გაოფიციალურებას აჭიანურებდა. აი, როცა შვეიცარიის მთავრობამ ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება კანონით აკრძალა, ფაზელმაც ჩემპიონატის გაუქმება ოფიციალურად გამოაცხადა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპენსაციას ტურნირის გაუქმებით გამოწვეული ხარჯების ნაწილობრივ დაფარვა შეუძლია. 

IIHF ბოლო პერიოდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატებისგან 25-26 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ტურნირის ზოგიერთ სპონსორს თანხები წინსწრებით აქვს გადმორიცხული, რაც ბუნებრივია, დასაბრუნებელი იქნება. 

„ჩვენ დაზღვეულები ვართ, ასეთი სიტუაციებისთვის რეზერვებიც გვაქვს. მოკლედ, ფედერაცია ფინანსურად უსაფრთხო მდგომარეობაშია – ეს ერთადერთი კარგი რამეა ასეთ კრიზისულ პერიოდში“, – აცხადებს შვეიცარიელი რენე ფაზელი. 

პანდემიური კრიზისი შეეხო „ფორმულა 1“-ის კლასის ბოლიდთა ავტორბოლაში მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარს. ოპტიმისტური პროგნოზით, 2020 წლის სეზონის 22 ეტაპიდან 15 ჩატარდება. ამ მომენტისთვის გაუქმებულია მონაკოს გრან-პრი, ხოლო გაურკვეველი ვადითაა გადატანილი ავსტრალიის, ბაჰრეინის, ვიეტნამის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და აზერბაიჯანის ეტაპები. დღეისთვის კალენდარში პირველია კანადის გრან-პრი (12- 14 ივნისი), რომელსაც დიდი ალბათობით მონეგასკების ბედი უნდა ეწიოს. ავსტრიული გაზეთი Österreich-ის შეფასებით, „ფორმულა 1“-ში წლეულს მოასპარეზე 10-ვე გუნდი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს იზარალებს. „მაკლარენის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაკ ბრაუნის მტკიცებით კი, პანდემიის გამო ავტომრბოლელთა ჩემპიონატი 2-4 გუნდს დაკარგავს. 

Forbes-ის თანახმად, მარტსა და აპრილში სამმა მთავარმა ჩრდილოამერიკულმა პროფესიონალურმა ლიგებმა – ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL), საკალათბურთო ეროვნულმა ასოციაციამ (NBA) და ბეისბოლის მთავარმა ლიგამ (MLB), ჯამში 4 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. 26 მარტს დაგეგმილი რეგულარული სეზონის სტარტის გადადების გამო MLB-ის ზარალმა 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. NBA-ს რეგულარული სეზონის თუნდაც დროებითი შეჩერების (გუნდებს მაქსიმალური 82-დან 63-67 მატჩი აქვთ გამართული) გამო 1,2 მილიარდი, ხოლო NHL-ს (აქ 82-დან 68-71 მატჩია გუნდების ანგარიშზე) 1 მილიარდი დოლარი დააკლდება. ამ მასშტაბის მოსალოდნელი ზარა¬ლის შიშით, NBA-ს და NHL-ის მესვეურები სეზონის ყველანაირი სახით სრულად ჩამთავრებას გეგმავენ. 

გადადებული თუ ჩაშლილი სპორტული ღონისძიებები ერთია, მეორე კი – კორონავირუსის პლანეტაზე ბოგინის ხანგრძლივობა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, COVID- 19-ის დამარცხება მხოლოდ ადამიანს შეუძლია – ანტივირუსული ვაქცინის შემუშავებით, თუ ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავებით. ყველა ვარიანტში, პანდემიის ჩაცხრობის გარეშე ზემოთ მოყვანილ სპორტულ მოვლენებთან ასოცირებული ფინანსური დანაკარგები არ დაიკლებს. 

ფრიდონ კერვალიშვილი