ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ქალი, რომელმაც სამყარო გააშეშა - №1(62), 2020
თითქმის ორი საუკუნეა მადამ ტიუსოს მუზეუმი ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებს ქმნის, რომელთა ორიგინალისგან გარჩევა საოცრად ძნელია. ახლა ეს უბრალოდ მუზეუმი კი არა, მსოფლიო ბრენდია პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ფილიალებით. ნათქვამია, თეატრი გარდერობიდან იწყება, მუზეუმი კი სახელოსნოდან. თუ არსებობის პირველ წლებში, უკლებლივ ყველა ფიგურა ტიუსოს ხელით მზადდებოდა, ახლა მათ შექმნაზე სპეციალისტთა მთელი გუნდი შრომობს: ერთნი თვალისა და თმების ფერს არჩევენ, მეორენი მაკიაჟით არიან დაკავებული, სხვები – საჭირო აქსესუარებზე „ჯადოქრობენ“. 

არადა, ტიუსოს ბევრჯერ ჰქონდა ამ წამოწყებაზე ხელის ჩაქნევის საბაბი. სიკვდილმისჯილი ციხეში ჩაუსვამთ, მაგრამ თავი გადაურჩენია; არაერთხელ დაუკარგავს ძვირფასი კოლექციის საუკეთესო ნაწილი, გაბანკროტებულა და დიდძალი ვალიც დასდებია. თუმცა, ანა მარია ტიუსოს ყოველთვის მიუღია ბედის გამოწვევა და ბრძოლაც გაუგრძელებია საკუთარი კომერციული ტალანტისა და საქმიანი აზარტის თანხლებით. 

პრაქტიკოსი ექიმის უცნაური ჰობი 

მარი გროსჰოლცი (Marie Grosholtz), 1761 წელს სტრასბურგში ელზასელი ოფიცრის ოჯახში დაიბადა. მამა, შვილის გაჩენამდე 2 თვით ადრე, შვიდწლიან ომში დაიღუპა. დედა შვილთან ერთად სამშობლოს დაუბრუნდა, სადაც შვეიცარიის ქალაქ ბერნში მოღვაწე ექიმ ფილიპ კურტიუსს მოახლედ დაუდგა. მასპინძელს უცნაური ჰობი ჰქონდა – იგი ცვილის ქანდაკებებს ქმნიდა. ფილიპმა ანატომიური ფრაგმენტების ძერწვით დაიწყო და როცა მოთხოვნა გაჩნდა, კერძო შეკვეთების შესრულებაზე გადავიდა. კლიენტთა უმეტესობა წვრილი ბურჟუები იყვნენ, რომელთაც ამბიცია ბევრი ჰქონდათ, ფული კი ცოტა, რომ იგი ქვის ქანდაკებაში გადაეხადათ. კურტიუსის საფირმო სტილი დამკვეთის ფიზიკური ნაკლის „გამოსწორება“ იყო. ცხვირის დამოკლება, თვალების გადიდება, ყურების „შეკვრა“ – კლიენტებზე ისე კარგად მუშაობდა, კურტიუსმა პროფილის შეცვლა გადაწყვიტა.
 
1765 წელს ფილიპ კურტიუსი პარიზში გადასახლდა, სადაც დედა-შვილიც თან გაიყოლა. იქ გახსნილ სახელოსნოში, მისი მთავარი დამხმარე, ე.წ. მარჯვენა ხელი, მარია გახდა. ფილიპის ხელმძღვანელობით, მარია საუკეთესო მოწაფედ ჩამოყალიბდა – იგი ხატვასაც კარგად სწავლობდა, ცვილთან მუშაობასაც და კოსტუმებისა და პარიკების კერვასაც. 16 წლის მარია უკვე დამოუკიდებლად უძღვებოდა მასწავლებლის ფინანსურ საქმეებს, მოლაპარაკებებს აწარმოებდა დამკვეთებთან და მომწოდებლებთან. 1777 წელს მას პირველად მიანდეს დამოუკიდებლად ქანდაკების სახის გამოძერწვა და თან ვისი – ფრანსუა ვოლტერისა. ფილიპისგან განსხვავებით, მარიას ორიგინალთან ასლის მაქსიმალური მიახლოების ნიჭი აღმოაჩნდა. 

ერთხელ სახელოსნოში მისულმა კლიენტმა უჩვეულო რამ მოითხოვა. მან მზა ფიგურების დათვალიერებაში ფული გადაიხადა და ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ უკან გაბრუნდა. მარიამ ოსტატს ახალი იდეა შესთავაზა: დაეწყოთ ცნობილი პერსონების ფიგურების ძერწვა და მათი საჯაროდ დათვალიერებისთვის საფასურის დაწესება. ასე გაჩნდა პარიზში „კურტიუსის სალონი“, სადაც მისულ და ფულის გადამხდელ ნებისმიერ მსურველს ცნობილი პოლიტიკოსების, ფილოსოფოსების, პოეტებისა და თვით მეფის ცვილის ფიგურის ნახვა შეეძლო. 

1778 წელს, სალონს საკუთარი ცვილის ფიგურის სანახავად ლუდოვიკ XVI ეწვია. მეფე ისე მოიხიბლა ორეულის ხილვით, ასლის აღსაჭურვად მუნდირი და ერთ-ერთი ორდენი დატოვა. ისარგებლა რა შემთხვევით, კურტიუსმა მეფეს მარია წარუდგინა. მეორე დღეს, მეფის სასახლეში სალონიდან მარიას წასაყვანად კარეტა გამოაგზავნეს: მას ვერსალში მეფის დისთვის ძერწვის ხელოვნების დასაუფლებლად ეპატიჟებოდნენ. 

მეფის კარზე ყოფნის 10 წელი მარიამ სალონისთვის გავლენიანი კლიენტურის გასაჩენად გამოიყენა. წარჩინებულთათვის პატივი იყო სახლში იმ ოსტატის ნახელავი ცვილის ქანდაკება ჰქონოდა, ვინც თვით მეფის ფიგურა გამოძერწა. მარიას და ფილიპის ერთობლივი ბიზნესი ჰყვაოდა. ესაა, რომ იმ სასახლის ფანჯრებიდან, სადაც საზეიმო მეჯლისები იმართებოდა, სულ უფრო იგრძნობოდა მოახლოებული ფრანგული რევოლუციის ავის მომასწავებელი სურნელი.
 
რევოლუციური კლიენტურა 

დიდი რევოლუციის დაწყებისთანავე (1789) პარიზი ქაოსის დედაქალაქი გახდა. პატიმართა შორის აღმოჩნდა მარიაც, რომელსაც ბრალს როიალიზმში სდებდნენ. სიკვდილმისჯილთა საკანში მან მომავალში ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლე ჟოზეფინა ბოგარნე გაიცნო (ეს ნაცნობობაც საკუთარი ბიზნესის აყვავებისთვის გამოიყენა – ჟოზეფინა მას მისი ცნობილი ქმრის სკულპტურის გამოძერწვას სთხოვს). მარიას გადარჩენა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება – ახალმა მთავრობამ მხატვარს გილიოტინაზე მოკლული მარია-ანტუანეტასა და ლუდოვიკ XVI-ს სახის ნიღბების დამზადება დაავალა. მას კარგად ესმოდა: ან მოკლული მეგობრების სახის ანაბეჭდებს თავად აიღებს, ან მალე სხვის ხელში მისი თავი აღმოჩნდება. „მე ამ რელიქვიებში იმით გადავიხადე, რომ ჩემი ხელები სისხლში იყო გასვრილი. ეს მოგონებები, სანამ ცოცხალი ვარ არ დამტოვებენ“, – იხსენებდა მარია. 

კურტიუსის გაკვეთილებმა მარიას სწორი ნაბიჯი გადაადგმევინა. მან რობესპიერი პოზირებაზე დაიყოლია. მას კარგად ესმოდა, რომ რევოლუციის ბელადი მალე ფრანგული ისტორიის ნაწილი გახდებოდა. რობესპიერის ქანდაკებამ მარიას შემოქმედებისკენ მარტო მნახველთა კი არა, ახალი ცნობადი დამკვეთების ყურადღება მიიპყრო. მან შეძლო დანტონის, დემულენის, ებერისა და თვით მარატის (მის მკვლელ შარლოტა კორდესთან ერთად) სახის ასლების და შემდეგ მათი ცვილის ფიგურების დამზადება. 

როგორც იქნა – მარია მადამ ტიუსო გახდა 

1794 წელს ფილიპ კურტიუსი გარდაიცვალა. უშვილო ოსტატმა სახელოსნო და ფიგურების კოლექცია მარიას ერთადერთი პირობით დაუტოვა: საერთო საქმე უნდა გაეგრძელებინა. ეს პირობა რომ სრულიად უადგილო იყო, მემკვიდრემ მისი შემდგომი მოღვაწეობით დაამტკიცა. 

მარია პარიზელ ინჟინერ ფრანსუა ტიუსოზე (Tussaud) გათხოვდა და ორი ვაჟი გააჩინა. ქორწინება ბედნიერი ვერ აღმოჩნდა – ქმარი ალკოჰოლთან ერთად ბანქოში ფულის წაგებას გაუშინაურდა და ცოლ-ქმრული კავშირიც თანდათან „გაცივდა“. 

ამას საფრანგეთში შექმნილი რადიკალურად რევოლუციური განწყობა დაემატა. 1802 წელს, საკუთარი წყაროებიდან მარია ტიუსოს ატყობინებენ ქვეყნის მთავრობის ახალი ლოზუნგის შესახებ – „ხელოვნება ხალხის სამსახურში“, რომლის ავტორები ყველაფერთან ერთად მისი კოლექციის ნაციონალიზაციას გეგმავდნენ. მას სასწრაფოდ საფრანგეთის დატოვებას ურჩევენ. მარიამ გეზი ინგლისისკენ აიღო. გემის ტრიუმში მრავალწლიანი შრომის ნაყოფია განთავსებული – 120-ზე მეტი ცვილის ფიგურა და ნახატი. უცხო ქვეყანაში სათანადო მიღების იმედს კი, სარეკომენდაციო წერილი იძლევა: პარიზის მთავარი ჯალათი მის ედინბურგელ კოლეგას თხოვს – დაეხმარეთ ძველი საერთო ნაცნობის შვილს ახალ ადგილზე მოწყობაში.

ინგლისი – მადამ ტიუსოს საბოლოო ნავსაყუდელი 

ახალ ქვეყანაში მარია ტიუსოს ტალანტის შემფასებელთა მიღების შიში უსაფუძვლო გამოდგა. რომელ ქალაქშიც მიდიოდა საკუთარი ნამუშევრებით, მას ყველგან უზარმაზარი რიგები და საყოველთაო წარმატება თან ახლდა. ტიუსოს კოლექციას ემატებოდნენ რიჩარდ ლომგული, მარია სტიუარტი, კრომველი, უოლტერ სკოტი, ბაირონი, ნელსონი. ინგლისში მარიას ახალი იდეა გაუჩნდა: სტატიკური ფიგურების ნაცვლად, იგი სიუჟეტურ კომპოზიციებს ქმნის – გმირებს მოძრაობაში ძერწავს. ექსპერიმენტი განათებასაც შეეხო, რომლის წყალობით ნამუშევრის ცოცხალი არსებისგან გარჩევა ჭირს. 
განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს „საშინელებათა ოთახი“. მასში ცნობილი მკვლელების ფიგურები დემონსტრირდება, ხდება დანაშაულებათა, წამებისა და სიკვდილით დასჯის სცენების ასახვა. მადამ ტიუსო ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და საამისოდ ბანკებისგან სესხებს იღებს. 

1804 წელს, ირლანდიაში კოლექციის გადატანისას, გემი შტორმში მოხვდა და ძვირადღირებულ ტვირთთან ერთად ჩაიძირა. ტიუსომ უბრალოდ ყველაფერი კი არ დაკარგა, იგი დიდი სასესხო ვალდებულებებითაც დაიტვირთა. მის სიტუაციაში აღმოჩენილი ბევრი ვაჭარი ან ბანკირი, ან თავში ტყვიას დაიხლიდა ან ხიდიდან ტემზაში გადაეშვებოდა. მადამ ტიუსომ არც ერთი ქნა და არც მეორე. იგი კრედიტორებთან მიდის და კიდევ ფულს ითხოვს! მას ყველა ფიგურის სხმული დარჩა, აღადგენს კოლექციას და ვალებს დააბრუნებს. უარს ეტყვიან? კრედიტორები ვალებს ვერ დაიბრუნებენ. ტიუსოს ეხერხებოდა დამაჯერებელი არგუმენტების მოძებნა! მას კიდევ ერთხელ ასესხებენ დიდი ოდენობის თანხას, იგი მასალებს იძენს და უკვე მერამდენედ აღორძინებს კოლექციას, რომელიც ისევ აგრძელებს ბრიტანული ქალაქების „დაპყრობას“. კიდევ მრავალი წელი ხმარდებოდა კოლექციის დამთვალიერებელთაგან შემოსული თანხის უმეტესი ნაწილი ამ ვალების დაფარვას. 

1835 წელს, შვილები მადამ ტიუსოს არწმუნებენ, რომ ქვეყანაში აქეთ-იქით სიარულს, სჯობს ერთ ადგილზე დააფუძნონ ექსპოზიცია და მსურველებმა თავად მიაკითხონ მუზეუმს. ოჯახმა ლონდონში, საქვეყნოდ ცნობილ ბეიკერ-სტრიტზე იყიდეს შენობა, სადაც კოლექცია ბოლო გაფართოებამდე (1884) ინახებოდა.
 
როგორია თანამედროვე მადამ ტიუსოს მთავარი მუზეუმი? 

ცვილის ფიგურების ლონდონური მუზეუმის დღევანდელი შენობა, ბეიკერ-სტრიტზე 1941 წელს მას შემდეგ ააშენეს, რაც გერმანელთა ჭურვებმა წინა ნანგრევებად აქციეს. დარბაზებში პალმები ხარობს, რომელთაც იქ მომსახურე 8 სკულპტორი ქალბატონიდან ერთ-ერთი აუცილებლად რწყავს. სხვები ფიგურებს ჯიბეებს უჩხრეკენ, პორტფელებს უმოწმებენ და ვარცხნილობას უსწორებენ. ამის საბაბი კი ნამდვილადაა. ხელცივ დამთვალიერებლებს გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლისთვის, როცა ხელიდან ე.წ. დიპლომატს აცლიდნენ, თითები წაუტეხავთ, ჩარლი ჩაპლინის პერანგში მორჩენილი ბუტერბროდი შეუნახავთ, ხოლო ერთ-ერთი საბჭოთა პოლიტიკოსისთვის ყურის ძირში ყველის ნაჭერი მიუწებებიათ. 

ასეთი ლაფსუსები იმიტომ ხდება, რომ ბრიტანული კანონებით რაც არ იკრძალება, ის ნებადართულია. ჰოდა, ვინაიდან ცვილის ფიგურებთან არავინ აკრავს გამაფრთხილებელ აბრას „ხელი არ ახლოთ“, მომსახურე პერსონალიც ყურადღებით უნდა იყოს – ცელქ ბიჭუნებს ცნობილებისთვის ულვაშების მიხატვა ართობთ, გოგონები კი, პერსონაჟების მაკიაჟით და ჩაცმულობის მოძველებული სტილით არიან „შეწუხებულნი“. 

აქ ტრადიციაა – მუზეუმს ყოველთვიურად 10 ახალი ფიგურა ემატება. მათი დამზადება ხომ რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთული კანდიდატთა მოძიებაა. ლონდონის „ოფისს“ წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს და ბუნებრივია, მათ ხანმოკლე ცნობადობის პერსონაჟით ვერავინ მიიზიდავს. აქ ჩამოყალიბებული დოგმაა – გამოფენილი სკულპტურის მიმზიდველობა მინიმუმ 5 წელი მაინც უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ისეც ხდება, სახელოსნოდან წამოღებული ახალი ფიგურა ლონდონამდე არ აღწევს და სომერსეტის საგრაფოში მდებარე უზარმაზარ სათავსოში გადაინაცვლებს.
 
დღეს მუზეუმის ფილიალები მსოფლიოს 23 ქალაქშია განთავსებული. ყოველწლიურად მათ 20 მილიონამდე მნახველი ათვალიერებს. ძნელია ცვილის ფიგურების ცოცხალი არსებისგან გარჩევა – ისინი ტირიან, იცინიან, ნაღვლობენ. უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებულები სუნთქავენ კიდეც, მამაკაცური მზერის დამჭერი ჯენიფერ ლოპესი კი, სულაც წითლდება. 

ჩვენს დროში, მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში ექსპონატად მოხვედრის შანსი ცნობილთა და ღირსეულთა ხვედრია. უარს პრაქტიკულად არავინ ამბობს. თუმცა, ცნობილი ფაქტია – ერთადერთი ადამიანი, ვინც მის სიცოცხლეში თქვა უარი მუზეუმის ექსპონატობაზე, დედა ტერეზა გახლდათ. 

ფრიდონ კერვალიშვილი