ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ბეისბოლი – ამერიკული, მაგრამ იაპონიაში უფრო პოპულარული - №2(63), 2020
ბევრისთვის საყვარელი სახეობა ოლიმპიადაზე ბრუნდება 

სპორტის სახეობებს შორის, რომლებსაც მოთამაშეებისთვისაც მოაქვს მოგება და ტურნირების ორგანიზატორებისთვისაც, ერთ-ერთი გახლავთ ბეისბოლი. მოგების მასშტაბებით იგი გუნდური სახეობებიდან ფეხბურთის, კალათბურთის, ყინულის ჰოკეის დონემდე ვერ მიდის. ამის მიუხედავად, ბეისბოლის პროფესიული კლუბების მაღალი რენტაბელობის გამო, ბეისბოლისტები საშუალოდ მსოფლიოს უმდიდრეს სპორტსმენებად ითვლებიან. ფრანგული და ინგლისური ფუძის მქონე შეჯიბრი – მოქნეული ჯოხითა და მოგერიებული ბურთით არისტოკრატთა საყვარელი გასართობი იყო. თანამედროვე ბეისბოლის სამშობლოდ კი ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევა. თუმცა, დღევანდელი რეიტინგით, ამ სახეობაში №1 ნაკრები იაპონიას ჰყავს. 

დასაჯერებელი ლეგენდები 

ბეისბოლი (ინგლ. Baseball – სიტყვა-სიტყვით Base „ბაზა“ და ball „ბურთი“) ბურთითა და კეტით მიმდინარე გუნდური თამაშია. იგი თითქმის ყველა ამერიკელის საყვარელ სანახაობად ითვლება. შეერთებულ შტატებში მას ნამდვილ სპორტად მიიჩნევენ, რომელიც უკვე კარგა ხანია იქცა ადგილობრივი ცხოვრების წესად. ამ თამაშის წარმომავლობაზე ლეგენდები განსხვავებულია და რამდენიმე ვერსია არსებობს კეტითა და ბურთით ძველებური თამაშების ბეისბოლში ევოლუცია მკრთალი კონტურებით შეინიშნება. 1344 წლის ფრანგულ მანუსკრიპტზე გამოსახული იყვნენ სავარაუდოდ La Soule-ს მოთამაშე სასულიერო პირები. ბეისბოლის მსგავს La Soule-ს იმ დროიდან ნორმანდიასა და პიკარდიაში (ჩრდილოეთ საფრანგეთის პროვინციები) თამაშობდნენ. სხვა ძველ ფრანგულ თამაშებსაც („thèque“, „la balle au bâton“ და „la balle empoisonnée“) ჰქონდათ ბეისბოლთან ერთგვარი მსგავსება. 

თავის მხრივ, ინგლისელებიც თავისებურად ამტკიცებენ ბეისბოლის გამოგონებასთან საკუთარ კავშირს. ეს ხდება ტიუდორების ეპოქიდან (1485-1603) დაარსებული ბეისბოლის მონათესავე კელტური წარმოშობის თამაშის – რაუნ¬დერსის (Rounders) წყალობით. ჯონ ნიუბერის მიერ 1744 წელს გამოცემულ საბავშვო წიგნში „პატარა, ლამაზი ჯიბის წიგნი“, რაუნდერსი მოხსენიებულია როგორც „ბეისბოლი“. ვინაიდან, წერილობით წყაროში ბეისბოლის ამაზე ადრინდელი ხსენება არაა, ინგლისელ ისტორიკოსებს ამ სახეობის დამაარსებლობაზე გაუჩნდათ პრეტენზია. ესაა რომ, მათ თეორიას ხელს ელემენტარული ლოგიკა უშლის. თუ თამაშის აღწერილობა 1744-ში გამოქვეყნდა, ე.ი. ის უკვე იყო კარგად ცნობილი და შესაბამისად გამოგონებული. და ეს სულაც არ ამტკიცებს ამ გამოგონების ინგლისურ ფუძეს. 

თავად ამერიკულ ვერსიას რაც შეეხება, იგი ირწმუნება, რომ პირველად ბეისბოლის წესები ნიუ იორკის მცხოვრებმა, 25 წლის ალექსანდერ კარტრაიტმა (Alexander Cartwright) 1845 წელს გამოსცა. მანვე დააარსა პირველი კლუბი „ნიკერბოკერი“ (Knickerbocker Base Ball Club). ამ წესებით, პირველი ოფიციალური მატჩი 1846 წლის 19 ივნისს, ნიუ ჯერსიში შედგა. „ნიკერბოკერს“ „ნიუ იორკ ნაიკი“ დაუპირისპირდა და სულაც არ მორიდებია ბეისბოლის დამაარსებლის მშობლიური კლუბის ძლევა – 23:1. 

მოგვიანებით, კარტრაიტი ბეისბოლის დიდების ეროვნულ დარბაზში „შეიყვანეს“ (1938), ხოლო 1953 წლის 3 ივნისს აშშ-ში იგი ოფიციალურად აღიარეს ბეისბოლის დამაარსებლად. 

1869 წელს, ქალაქ ცინცინატში, ადგილობრივი „რედ სტოკინგსი“ გახდა ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც საკუთარ მოთამაშეებს მატჩში მონაწილეობისთვის ფულის გადახდა დაუწყო. ორ წელიწადში შეიქმნა აშშ-ში და საერთოდ მსოფლიოში ბეისბოლის პირველი პროფესიონალური ლიგა. XX საუკუნის დასაწყისისთვის, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უმეტეს ქალაქებს ბეისბოლის თავიანთი პროფესიონალური გუნდები ჰყავდათ. 

ამჟამად, ბეისბოლს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში თამაშობენ. მას პოპულარობით მოწინავე ადგილები აშშ-ში, კუბაში, იაპონიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში უკავია. აშშ-ში, იაპონიაში, ჩეხეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ასევე გავრცელებულია ბეისბოლის გამარტივებული ვარიანტი სოფთბოლი – თამაში, რომლის გამართვა დახურულ შენობაშიც და მცირე ზომის მოედანზეც შეიძლება. მსოფლიოში ცნობილია ბეისბოლის არაერთი მონათესავე თამაში, რომელთაც საკუთარი წესები და განსხვავებული სახელდება აქვთ: ინგლისში – კრიკეტი (Cricket), გერმანიაში – შლაგბალი, კუბაში – პელოტა (Pelota), რუმინეთში – ოინა (Oină) , რუსეთში – ლაპტა (Лапта), ფინეთში – პესაპალო (Pesäpallo). 

მოედანი, მონაწილეები და წესები 

თამაში 9-9 მონაწილით დაკომპლექტებული ორი, რიგ-რიგობით შემტევი და დამცავი გუნდით მიმდინარეობს. ერთი ცვლა, როცა გუნდებმა მონაცვლეობით შეტევაშიც ითამაშეს და დაცვაშიც, ინინგად (Inning) იწოდება. ჩვეულებრივი მატჩი 9 ინინგისგან შედგება, მაგრამ თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (ფრე ბეისბოლში გამორიცხულია), იგი დამატებით ინინგებში გრძელდება (რეკორდული ხანგრძლივობის 30-საათიანი მატჩი 2007 წელს კანადაში გაიმართა). შემტევი გუნდის მოთამაშეების მთავარი მიზანია, ქულათა მაქსიმალური ოდენობა დააგროვონ, რისთვისაც მათ მოედნის კვადრატის (27,4-მეტრიანი გვერდით) კუთხეებში მდებარე ოთხივე ბაზის (30x30სმ ზომის „ბალიშებზე“ შეხებით) შემორბენა უნდა შეძლონ. 

დაცვაში მყოფი გუნდი ამ კვადრატის შუაგულში მოწყობილ მცირე მაღლობზე ამწესებს მომწოდებელს (Pitcher), რომელიც ბურთს „სახლთან“ მყოფ მიმღებ-დამჭერისკენ (Catcher) ისვრის. მოიერიშე გუნდის დამრტყმელი (Batter) კეტჩერის სიახლოვეში დგას და ის წყვეტს – მოარტყას ბურთს კეტი, თუ გაატაროს. მეტწილად, სწორედ პიტჩერისა და ბეტერის დაპირისპირებაზეა აგებული ბეისბოლი. 

თუ ბეტერმა მოარტყა პიტჩერის ნასროლ ბურთს კეტი, მისი მიზანი კვადრატზე საათის ისრის საპირისპიროდ გაქცევა და პირველი ბაზის „დაპყრობაა“. იდეალური შემთხვევაა, როცა ბეტერის მოგერიებული ბურთი მთელ მოედანს სპეციალურ ნიშნულებს შუა გაძრომის შემდეგ გადასცდა და მაშინ მას ხელიდან კეტის გაგდებისთანავე, უკვე მორბენლის (Runner) რანგში შეუფერხებლად შეეძლება პირველი, მეორე და მესამე ბაზის შემორბენით „სახლში“ დაბრუნება. ასეთი მოგერიება homerun-ად ითვლება და მოიერიშე გუნდს ერთიდან ოთხ ქულამდე მოუტანს. 

„სახლს“ უკან ჩაცუცქული კეტჩერი უცდის შემთხვევას, როცა ბეტერი ბურთს გაატარებს. თან თავისუფალი ხელით (მეორეზე ბურთის დამჭერი აქვს), პიტჩერს ბურთის სასურველ ტრაექტორიასთან ერთად სროლის ძალასაც მიუთითებს. პიტჩერი ვალდებულია ბურთი მკაცრად განსაზღვრულ „სტრაიკის ზონაში“ (ბეტერის მუხლს ზემოთ და იღლიის ქვემოთ – რასაც იქვე მდგომი არბიტრი აკონტროლებს) გაგზავნოს. თუ ბეტერმა ბურთს არ მოუქნია კეტი, ან მოუქნია და ვერ მოახვედრა, პიტჩერს „სტრაიკი“ ეთვლება. 3 „სტრაიკის“ შემდეგ ბეტერი აუტში ინაცვლებს (ადგილს მოიერიშე გუნდის მორიგ დამრტყმელს უთმობს). თუ ბურთი „სტრაიკის ზონაში“ ვერ მოხვდა და ბეტერმა უზუსტო დარტყმა არ განახორციელა, პიტჩერს „ბოლი“ ეთვლება. სერიაში ოთხი „ბოლის“ შემდეგ ბეტერი უბრძოლველად იღებს პირველი ბაზის დაკავების უფლებას („გაისეირნებს“). ბეტერს იგივე უფლება აქვს, თუ პიტჩერი მას ბურთს მოახვედრებს. 

პიტჩერის ყოველი მოწოდების შემდეგ მსაჯი სტრაიკებისა და ბოლების რაოდენობას აცხადებს, რაც მოთამაშეებს ტაქტიკის ცვლილების საშუალებას აძლევთ. როცა შემტევი გუნდის 3 ბეტერი აუტში აღმოჩნდება, იგი დაცვაში გადადის. ყოველ ინინგში გუნდი თითოჯერ უტევს და იცავს თავს. 

როგორც ითქვა, პაექრობის ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. თუმცა, შეიძლება ისე მოხდეს, მეშვიდე ინინგის მიწურულს ერთ-ერთი გუნდი 10-ქულიანი უპირატესობით იყოს დაწინაურებული. ამ შემთხვევაში მატჩი წყდება და ცხადდება „ნოკაუტით“ მოგება. ბეისბოლის ტიპური ანგარიშია 7:4, მაგრამ 1:0 და მაგალითისთვის 12:2-ც არ არის იშვიათობა. 

ინინგებს შორის შესვენება მატჩის მონაწილეებს დაძაბული დაპირისპირებით მიღებული სტრესისგან განმუხტვის საშუალებას აძლევს. ბეისბოლში ტრადიციადაა დამკვიდრებული მე-7 ინინგის მოთელვა, როცა გულშემატკივრები ფეხზე დგებიან და ერთგვარ გაწელვით მოძრაობებს (გაზმორება და ა.შ.) ასრულებენ. ამ დროს გუნდები მოედანზე ერთმანეთს ადგილებს უცვლიან. 

ბეისბოლს 4 არბიტრი (Umpire) ემსახურება – თითო ყოველ ბაზაზე და ერთიც „სახლში“. მთავარ მსაჯად სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება. საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ბეისბოლის მატჩის მსაჯობა თამაშზე იოლი სულაც არაა. ბეისბოლი სპორტის ერთადერთი სათამაშო სახეობაა, სადაც სადავო მომენტის განსჯისას „ამპაირს“ შესვენების უფლებაც აქვს. იგი საკუთარ გადაწყვეტილებას თამაშის წესებში ჩახედვით „ამაგრებს“ და მხოლოდ შემდეგ გამოაცხადებს ვერდიქტს. 

ბოლოს, ძირითად სათამაშო ატრიბუტებზეც. ბურთი, რომლის წონა 141,7-148,8 გრამის ფარგლებში უნდა იყოს, რამდენიმე ნაწილისგან შედგება. კაუჩუკის პატარა ბურთულას ჯერ წებოთი გაჟღენთილი თექის ძაფები აქვს შემოხვეული, გარედან კი წითელი ძაფით შეკრული თეთრი ტყავის ნაჭრები აკრავს. ბურთის გარშემოწერილობა 22,8-23,5 სმ შუალედში უნდა იყოს. 

კეტი ხის მთელი ნაჭრისგან უნდა იყოს დამზადებული. ბეისბოლის წესებით იგი ზომებშიც შეზღუდულია – სიგრძე 106,7 სმ-მდე, დიამეტრი 7 სმ-მდე. პროფესიონალების მიერ გამოსაყენებული კეტი შეიძლება დამზადდეს კოპიტისგან, ნეკერჩხლისგან, თხილისგან, წიფელისგან. სამოყვარულო ბეისბოლში კი, წესები კეტის მსუბუქი ლითონის (უპირატესად ალუმინი) შენადნობისგან დამზადებასაც უშვებს. ლითონის კეტი სპორტსმენისგან მცირე ძალის მოდების პირობებში ბურთის დიდი სიჩქარით მოგერიების საშუალებას იძლევა.

ფინანსები ბეისბოლშიც ყველაფერს წყვეტს 

2019 წლის 20 მარტს, ბეისბოლის მთავარ ლიგაში (MLB – Major League Baseball) მოასპარეზე „ლოს ანჯელეს ენჯელსის“ 27 წლის აუტფილდერმა მაიკლ ნელსონ ტრაუტმა (Michael Nelson Trout) კლუბთან სპორტის ისტორიაში უძვირესი კონტრაქტი გააფორმა – 12 წლის განმავლობაში მას 426,5 მილიონ დოლარს გადაუხდიან. ბეისბოლისტმა გუნდთან მოქმედი კონტრაქტი გააგრძელა, რომელიც 2020 წელს უნდა ამოწურულიყო. 2014-ში გაფორმებული ხელშეკრულებით ტრაუტს 6 წლის განმავლობაში 144,5 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. 

ტრაუტის კონტრაქტი თითქმის 100 მილიონი დოლარით აღემატება მდიდარ სპორტსმენთა რეიტინგში მის შემდეგ მომავალი ბეისბოლისტის, „ფილადელფია ფილისის“ აუტფილდერი ბრაის ჰარპერის (Bryce Harper) 13-წლიანი ხელშეკრულების ღირებულებას. სეზონში ტრაუტის საშუალო გამომუშავება 35,83 მილიონი დოლარს შეადგენს, რაც MLB-ში საუკეთესო მაჩვენებელია. 

მაიკ ტრაუტი 15 თვეზე მეტხანს ლიდერობდა უდიდესი კონტრაქტის გამფორმებელ სპორტსმენთა სიას. 7 ივლისს მას ამერიკული ფეხბურთის „ამომავალმა ვარსკვლავმა“ პატრიკ მაჰოუმსმა (Patrick Mahomes) 10 წლის ვადით გაფორმებული 503-მილიონდოლარიანი ხელშეკრულებით გადაასწრო. 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მდიდარ სპორტსმენთა ათეულში 8 (!) ბეისბოლისტია. ამის მიუხედავად, საშუალო წლიური ანაზღაურებით ბეისბოლისტებზე მეტს NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები იღებენ. ეს იმით აიხსნება, რომ ბეისბოლისტებს უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს უფორმებენ. 
საინტერესოა, ასეთი რა სტიმული ამოძრავებთ MLB-ს კლუბების მესვეურთ, რომ სპორტსმენთან ამდენი ხნით კავშირს ამჯობინებენ და თანხასაც ზღაპრულს უხდიან? ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს – სატელევიზიო ჩვენების უფლებათა გაყიდვაში სეზონზე მილიარდ დოლარზე მეტს იღებს. ამასთან, კლუბებს თავადაც ეძლევათ რეგიონულ ტელეარხებზე ტრანსლირების უფლების სარფიანად რეალიზაცია. შესაბამისად, რაც უფრო პოპულარულია გუნდი, იგი მით მეტს გამოიმუშავებს. მაგალითისთვის, 2013 წლის სეზონში „ლოს ანჯელეს დოჯერსმა“ ადგილობრივი ტელევიზიით საკუთარი მატჩების ჩვენებით 170 მილიონი დოლარი იშოვა, ხოლო მასზე ცუდად მოთამაშე „ცინცინატი რედზმა“ მხოლოდ 10 მილიონი. 

ამას გარდა, MLB-ს კლუბები რეგულარულ სეზონში 162 მატჩს მართავენ, საიდანაც ნახევარი საშინაო ასპარეზობაზე მოდის. ბეისბოლის მატჩებზე ბილეთის საშუალო ფასი 40 დოლარია. წამყვანი გუნდების მფლობელები ამ სეგმენტიდანაც შესამჩნევ თანხას შოულობენ. ყველაფერს სპონსორთაგან გადახდილი მილიონები მიუმატეთ და იმიტომაცაა MLB-ში სხვა ამერიკული ლიგებიდან ყველაზე მაღალი სახელფასო „ჭერი“ – 189 მილიონი დოლარი. თანაც ამ „ჭერის“ აწევა მეპატრონეს ყოველთვის შეუძლია – მთავარია, ე.წ. „ფუფუნების გადასახადი“ (Luxury tax) დაფაროს. სხვათა შორის, ამ „ჭერის“ აწევით იმ კლუბებს შეუძლიათ სარგებლის მიღება, რომლებსაც სახელფასო მაქსიმუმის გაცემა არ შეუძლიათ – მდიდართა საგადასახადო გადაჭარბებით MLB-ში შესული თანხა სწორედ „შეჭირვებულ“ კლუბებზე ნაწილდება. 

იაპონია – მსოფლიო რეიტინგის ლიდერი 

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ საერთაშორისო სანაკრებო რეიტინგში ბეისბოლის ისტორიული სამშობლო აშშ სულაც ვერ ლიდერობს. მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატები 1938 წლიდან ტარდება და ვიდრე იგი 2011-ში სახესა და სახელს ერთდროულად იცვლიდა, ჩატარებული 39 მამაკაცთა ფინალური ტურნირიდან აშშ-მა მხოლოდ 4 მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატების უპირობო ლიდერი კი, კუბის ეროვნული ნაკრებია, რომელმაც 25 ფინალში იმარჯვა, ხოლო 4-ში წააგო. 

1986 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) ბეისბოლი და სოფთბოლი ოფიციალურად პირველად 1992 წლიდან ჩართო ზაფხულის ოლიმპიადების განრიგში. დღემდე გამართული ხუთივე ოლიმპიადა კუბელთა ჰეგემონიით წარიმართა – კარიბელებმა უკლებლივ ყველა ფინალი ითამაშეს, საიდანაც 3 მოიგეს (1992, 1996, 2004), დანარჩენი კი წააგეს. 2000 წელს ოლიმპიადაზე აშშ-მა იმარჯვა, 2008-ში კი სამხრეთ კორეამ. ამერიკელებს 2004 წელს ოლიმპიური კურიოზიც შეემთხვათ – ისინი ფინალურ ტურნირზეც ვერ მოხვდნენ.
 
ასეთ ლაფსუსს თავისი ახსნა აქვს და მიზეზმა, რის გამოც აშშ საერთაშორისო ასპარეზზე ასე სუსტად გამოდიოდა, ბეისბოლის ოლიმპიური მომავალი განსაზღვრა. 2005 წლის 8 ივლისს სინგაპურში შემდგარ სოკ-ის 117-ე სესიაზე ბეისბოლი და სოფთბოლი ამოღებულ იქნა სპორტის ოლიმპიური სახეობების ჩამონათვალიდან. მიზეზები: 1. სოკ-ის წევრ ქვეყნებს შორის არასაკმარისი პოპულარობა; 2. უთანხმოება სოკ-სა და MLB-ს შორის. ეს უკანასკნელი ყოველთვის უარს აცხადებდა ოლიმპიადის ჩატარებისას საკუთარი „ქოლგის ქვეშ“ მიმდინარე ტურნირების ქრონოლოგიურად გადატანაზე. 

მოგეხსენებათ, 2020 წელს გასამართი, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გამო მომავალი წლისთვის გადატანილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა შედგეს. ალბათ, ამ ფაქტორმაც დიდად განაპირობა ბეისბოლის ოლიმპიადაზე დაბრუნება და რატომ – ამაზე ცოტა ქვემოთ. ფაქტი კი ასე გამოიყურება. 2016 წლის 3 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ სოკ-ის სესიაზე ბეისბოლი (უკვე ქალთა გუნდებს შორისაც) კვლავ ოლიმპიური სახეობა გახდა. 

თუ ბეისბოლისა და სოფთბოლის მსოფლიო კონფედერაციის (WBSC) რეიტინგებს თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ კაცთა და ქალთა შორის პირველი ადგილები იაპონიის ნაკრებებს უკავიათ. ადგილობრივებს შორის შიდა ჩემპიონატისადმი ინტერესი იაპონიაში იმდენად დიდია, ბეისბოლი პოპულარობით საყოველთაოდ აღიარებულ სუმოს არაფერში ჩამოუვარდება. ამას დაუმატეთ ბეისბოლის მსოფლიო კლასიკაში (World Baseball Classic) იაპონიის კაცთა ნაკრების წარმატებული გამოსვლა. ამ გათამაშებამ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაანაცვლა და დღემდე გამართულ 4 ტურნირიდან იაპონელებმა 2-2 ოქროს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ოლიმპიადის მასპინძლები სპორტის ამ სახეობაში ფავორიტები იქნებიან. 

სხვათა შორის, ზემო ნახსენებ WBSC-ს რეიტინგში, უნგრეთთან და ინდოეთთან ერთად საქართველოს ნაკრებს 84 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იყოფს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, რა დონის კრებული გვყავს ქართველებს, გეტყვით – იგი ევროპული ბეისბოლის კონფედერაციის (Confederation of European Baseball) ეგიდით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონიდან ცდილობს საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ დაწინაურებას. 

შმაგო სორელი