ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ძმების დაარსებული "ადიდასის" და "პუმას" დაპირისპირება - №2(63), 2020
ჩვენი დროის კაენისა და აბელის ისტორია 

ისტორია 1920-იან წლებში გერმანიის ქალაქ ჰერცოგენაურახში დაიწყო, როცა ბავარიელმა ძმებმა ერთობლივი ბიზნესი წამოიწყეს და ოლიმპიურ თამაშებზე თანამემამულე ათლეტთა ფეხსაცმელებით შემოსვამ სახელი გაუთქვათ. რუდოლფ დასლერი 1898 წლის 26 მარტს, მეწაღისა და მრეცხავის ოჯახში დაიბადა. დედ-მამას მანამდე ქალ-ვაჟი ჰყავდათ, კიდევ ორ წელიწადში ქვეყნად ადოლფიც მოავლინეს და ასე ჩაეყარა საფუძველი სპორტული ეკიპირების ახალ ერას. 

რუდოლფი ბავშვობაში დედას დამკვეთებთან სუფთა თეთრეულის ჩამოტარებაში ეხმარებოდა. მერე, მამასთან მუშაობდა ფეხსაცმლის ფაბრიკაში. 1914 წელს, უფროს ძმასთან, ფრიცთან ერთად ჯარში გაიწვიეს და ბელგიის ფრონტზე გაგზავნილმა, იქ მთელი პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში დაჰყო. დემობილიზაციის შემდეგ რუდოლფმა მიუნჰენში პოლიციის კურსები დაამთავრა და საოლქო სამმართველოში მუშაობას შეუდგა. თუმცა, მალე პროფილი შეიცვალა და ჯერ ფაიფურის ქარხანაში პროდუქციის გამავრცელებლად დასაქმდა, მერე ნიურნბერგში ტყავით ვაჭრობის საწარმოში მოეწყო. 

ძმები დასლერების სახელოსნო 

სპორტული ასპარეზობებისადმი ინტერესმა, ახალგაზრდა ადი დასლერს ქაცვებიანი სპორტული ფეხსაცმლის წარმოების დაწყების სტიმული მისცა. მან საქმეში ნაცნობი მჭედელი შეიამხანაგა, რომელიც ბუცებისთვის ქაცვებს ამზადებდა. უმცროსმა დასლერმა დედის სამრეცხაოში პატარა სახელოსნო გახსნა და საქმეს შეუდგა. 

ცოტა მოგვიანებით (1923) ადოლფმა პარტნიორად რუდოლფი აიყვანა, რომელმაც საკუთარი წილობრივი მონაწილეობა, ბიზნესში საბეჭდი მანქანის მიტანით გამოხატა. რუდი ფეხსაცმლის წარმოებაში დიდად კი ვერ ერკვეოდა, მაგრამ სამაგიეროდ, ნაწარმის სარფიანად გაყიდვა შეეძლო. სწორედ ამაში იყო საძმო ბიზნესის წარმატების საიდუმლო: როცა ერთი – იდეების ცხოვრებაში განხორციელებით იყო დაკავებული, მეორე – კლიენტებს ეძებდა და მათ მხოლოდ საკუთარი პროდუქციის ყიდვაში არწმუნებდა. 

1924 წლის 1 ივლისს რუდოლფმა და ადოლფმა პირველი და უკანასკნელი ერთობლივი ფირმა გახსნეს – Gebrüder Dassler („ძმები დასლერები“). წარმოება, რომლის პროდუქცია საკმაოდ ხარისხიანი იყო, თანდათან ფართოვდებოდა. პირველი დიდი წარმატება მოვიდა 1928 წელს, როცა ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე „Gebrüder Dassler“-ის სპორტულ ფეხსაცმელებიანი 8 ათლეტი ასპარეზობდა. 4 წლის შემდეგ ლოს-ანჯელესის თამაშებზე ძმები დასლერების პროდუქციაში გამოწყობილი, 100 მეტრზე მორბენალი გერმანელი არტურ იონატი ბრინჯაოს დაეუფლა.

ასე რომ, დასლერები ბერლინის ოლიმპიადამდე ბევრად ადრე გამდიდრდნენ – მათ 12500-იანი ბავარიული ქალაქის ყველაზე უზრუნველყოფილი ოჯახის რეპუტაცია ჰქონდათ. ძმებმა დიდი სახლი იყიდეს, რომელშიც ყველანი განაწილდნენ: პირველ სართულზე ადოლფის ოჯახი დასახლდა, მეორეზე რუდოლფის, მესამეზე – მშობლები. მალე, ძმები ერთად ცხოვრებით „შევიწროვდნენ“: რუდოლფის ცოლი ფრიდლი ადოლფის ცოლ კატის ვერ ეგუებოდა, ძმები კი საკუთარი ოჯახის წევრის პოზიციას იკავებდნენ. მოკლედ, კომპანიონთა ურთიერთობაში ბზარი „შიდა ფრონტზე“ გაჩნდა, რასაც მოგვიანებით ბიზნესუთანხმოებებიც დაემატა. 

პირველი კონფლიქტი 

ძმები დასლერები ნაცისტები იყვნენ. 1932 წელს მათ ხმა ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიას მისცეს, ხოლო 1933 წლის მაისში ამ პარტიის წევრები გახდნენ. 1936 წელს, Gebrüder Dassler-ებში გამოწყობილმა პოპულარულმა აფროამერიკელმა მძლეოსანმა ჯესი ოუენსმა, ბერლინის ოლიმპიადაზე 4 ოქრო მოიგო და მსოფლიო რეკორდიც (10,2 წამი) დაამყარა. ამ წარმატებამ დასლერების შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა, ძმების საქმიანი მოსაზრებები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა: რუდი უარყოფითად იყო განწყობილი ისედაც კომერციულად წარმატებული მოდელების ადის მიერ მუდმივი გაუმჯობესების მიმართ; ადის კი, მისი უფროსი ძმის ქედმაღლური და ხმაურიანი საქციელი აღიზიანებდა. ძმების უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური შეხედულებები იყო – რუდოლფი ნაცისტებს არასდროს აკრიტიკებდა, ადოლფი პირიქით, მათ მოთხოვნებს ხშირად არ ემორჩილებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ძმებს შორის შუღლი კიდევ უფრო გაღვივდა, რაშიც დიდი წვლილი მეუღლეთა დაპირისპირებამ შეიტანა. ფირმას მესამე რეიხისგან სამხედრო ჩექმების შეკვეთა ჰქონდა აღებული, თუმცა, „ტოტალურ მობილიზაციაში“ მოხვედრილები ფრონტზე მაინც გაიწვიეს. მალე ადოლფი ფაბრიკის სახელმძღვანელოდ შინ ბრუნდება, რუდოლფი კი, პოლონეთის ქალაქ ტუშინის საბაჟოს კანცელარიაში თითქმის ორწლიანი „მოღვაწეობის“ შემდეგ, 1945 წლის იანვარში, საბჭოთა არმიის შემოტევას შინ გამოექცა. აპრილში იგი გესტაპომ დეზერტირობისთვის დააპატიმრა. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში ტრანსპორტირებისას რუდოლფ დასლერი ამერიკელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს, თუმცა, 25 ივლისს, ამჯერად საოკუპაციო ხელისუფლებამ გესტაპოსთან თანამშრომლობისთვის დააპატიმრა. ჰამელბურგის ამერიკულ ბანაკში მოთავსებულ რუდის ატყობინებენ, რომ იგი ადოლფის მხრიდან ე.წ. „ჩაშვების“ მსხვერპლი იყო. ძმას ვალში არც თავად დარჩა და როცა 1946 წლის 31 ივლისს შინ გამოუშვეს, ამერიკელებს სიმართლე მოახსენა: მესამე რეიხის შეკვეთაზე მუშაობის დაწყება მთლიანად ადოლფ დასლერის ინიციატივა გახლდათ. 

ამერიკელთა ინტერესში მოქმედი ფაბრიკის გაჩერება ნამდვილად არ შედიოდა. Gebrüder Dassler-ს აშშ-ისთვის ყინულის ჰოკეისტთა ციგების დამზადება დაავალდებულეს. ამას გარდა, ადოლფი „ქაღალდზე სცნეს“ ბრალდებულად. 
 
1948 წელს გარდაიცვალა ოჯახის უფროსი კრისტოფ დასლერი – ერთადერთი კაცი, რომელიც არ ანებებდა ძმებს კომპანიის გაყოფას. ამავე წლის აპრილიდან პატარა ბავარიულ ქალაქში გამავალი მდინარე აურახის ორ ნაპირზე, ორი „მოსისხლედ გადამტერებული“ ძმის ადოლფისა და რუდოლფის დამოუკიდებლად დაფუძნებული სპორტული ფეხსაცმლის ფაბრიკაა განთავსებული – Addas და Ruda. შეცდომა არ გეგონოთ – თავიდან სწორედ ასე იყო. 

ძმები დასლერების "მშვიდობიანი" ფრონტი 

გაყოფიდან ორ თვეში რუდოლფმა Ruda შეცვალა Puma-თი. როგორც მხატვრული ფილმი „ძმების დუელი. Adidas-ის და Puma-ს ისტორია“-ს (2016 წ.) სიუჟეტიდან ჩანს, მრავალრიცხოვანი სასიყვარულო თავგადასავლების გამო, „პუმა“ ახალგაზრდობაში რუდოლფ დასლერის მეტსახელი იყო. ძმას არც ადოლფი ჩამორჩა – მან დასახელებას ერთი ასო დაუმატა (გახდა Adidas), ხოლო მანამდე ძმასთან ერთად გამოცემულ პროდუქციაზე მესამე ზოლიც დაიტანა. 

ამასთან, ძმებს შორის არსებულმა შუღლმა, მთელი ჰერცოგენაურახი ორ ბანაკად გაჰყო – პირველი ადისთან მუშაობდა, მეორე რუდისთან. ურთიერთპაექრობა საკმაოდ მკაცრი და დაუნდობელი იყო. ფირმების თანამშრომლებს ერთმანეთში ქორწინების გარდა, ურთიერთშეხვედრებიც ეკრძალებოდათ. Puma და Adidas ერთმანეთს მუდმივად ბრალს დებდნენ შპიონაჟში. თუმცა, „ზოგი ჭირი მარგებელია“-მ ამ დაპირისპირებაშიც გაამართლა – ერთმანეთის ჯობნის მუდმივ მცდელობას იქამდე მივყავართ, რომ მსოფლიოში ამ ორ ბრენდზე უკეთესი სპორტული ფეხსაცმელი ძნელად წარმოსადგენი იყო.
 
რუდოლფ დასლერმა ბუცების სრულყოფაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. პირველად სწორედ მის ფაბრიკაში მომზადდა სერიული წარმოებისთვის ჩასახრახნქაცვებიანი ფეხსაცმელი. 1949 წლიდან დაწყებულ ამ პროექტში ბევრი საფეხბურთო ექსპერტი მონაწილეობდა. 1952/53 წლების სეზონის დაწყებისთვის დამზადებულ იქნა მოდელი Super Atom, რომლითაც უზრუნველყოფილი იყვნენ დორტმუნდის „ბორუსიის“, ფრანკფურტის „აინტრახტის“, „შტუტგარტისა“ და „კაიზერსლაუტერნის“ ფეხბურთელები. უკვე შემდეგი სეზონისთვის ბაზარზე გამოჩნდა ბუცების გაუმჯობესებული მოდელი „Brasil“, რომელიც 1954 წლის 23 მაისს გამართულ გფრ-ის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში გამარჯვებული „ჰანოვერი 96“-ის 8 ფეხბურთელს ეცვა. 

ძმების ამბიცია იმაზე გაცილებით შორს მიდიოდა, ვიდრე ადგილობრივი ბაზარი. დასლერებმა იმ კავშირების აღდგენა დაიწყეს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომმა დაარღვია. ამ მხრივ პირველი გარღვევა ჰქონდა ადოლფს, რომელმაც შეძლო და 1954 წლის მუნდიალზე გფრ-ის ნაკრების ბუცებით აღჭურვა იკისრა. თან ისე, ბუნდესგუნდის ფინალში მოგება, ადის მონაწილეობის გარეშე ალბათ ვერც მოხდებოდა. 

გერმანიას გადამწყვეტ მატჩში უნგრეთის „ოქროს გუნდი“ დაუპირისპირდა. სხვათა შორის, მადიარებმა გფრ ჯგუფურ ტურნირზე საკმაოდ დამაჯერებლად (8:3) დაამარცხეს  

და ფინალის ფავორიტადაც ისინი ითვლებოდნენ. პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ბერნის ცამ „პირი დააღო“ და გადაუღებლად გაწვიმდა. აი, აქ ჩაერია ადოლფი – მან გერმანელებს ბუცებზე უფრო გრძელი ქაცვების დაგება ურჩია, რამაც მათ მანევრირებისას და ორთაბრძოლების წარმართვისას უპირატესობა შესძინა. ყველაფერი 84-ე წუთზე ჰელმუტ რანის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა და მატჩი, რომელიც ისტორიას „ბერნული სასწაულის“ სახელით შემორჩა, 3:2 დასრულდა. 

ამ წარმატებით შეგულიანებული ადი, სტადიონებზე საკუთარი რეკლამის განთავსებისთვის იღწვის. მან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან 1956 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც მელბურნის ოლიმპიადაზე Adidas-ის სარეკლამო ბანერების განთავსების უფლებას აძლევდა. 

უმცროსი ძმის უპირატესობა სადავო არ იყო, მაგრამ რუდი დანებებას არ აპირებდა. 1958 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატება უკვე Puma-მ მოიპოვა, რომელმაც ბუცებით ახალი ჩემპიონი ბრაზილია მთელი ფინალური ტურნირის განმავლობაში შემოსა. რუდი დასლერმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და კონკურენტ ძმას სარეკლამო ბანერის შინაარსის გამო სასამართლოში უჩივლა. წარწერა „Adidas – მსოფლიოში საუკეთესო სპორტული ფეხსაცმელი!“, Puma-თი აღჭურვილი ბრაზილიის გამარჯვების შემდეგ, მინიმუმ კლიენტთა შეცდომაში შეყვანას ნიშნავდა. უფროსმა ძმამ პროცესი მოიგო, თუმცა არც ადი იხევდა უკან. იგი რუდის ტექნოლოგიების ქურდობაში დებდა ბრალს, რაზეც ხუმრობდა კიდეც: „რუდოლფზე, მისთვის ჩემგან ნათავაზებ ჭიტლაყზე მიყოლებული სიტყვების შემდეგ „ეი, ეს ხომ ჩემი გამოგონებაა?!“, თითო ხვრელი რომ რჩებოდეს, ახლა იგი შვეიცარიული ყველივით უნდა გამოიყურებოდეს“. 

დაპირისპირების ესტაფეტა მემკვიდრეებმა გადაიბარეს 

1960-იანების დასაწყისში რუდოლფ დასლერს მის უფროს ვაჟ არმინთან უთანხმოება მოუვიდა. შვილი მამას მართვის ზედმეტად კონსერვატიული მეთოდებისთვის საჯაროდ აკრიტიკებდა. სიტუაციის განსამუხტად, რუდიმ ვაჟს ზალცბურგში, ავსტრიული ბაზრის მომსახურებისთვის აუცილებელი ფაბრიკის შესაძენი თანხა გამოუყო. თუმცა, ავსტრიული ბანკების წინაშე თავდებში ჩადგომაზე უარი უთხრა. 1964 წლის სექტემბერში არმინი მეორედ დაქორწინდა, მაგრამ მამამ კუთვნილი შვებულების შეწყვეტა არ ისურვა და ვაჟის ქორწილზე არ ჩასულა. ამის მიუხედავად, ცოტა ხანში რუდიმ არმინს კომპანიის მართვაში დასახმარებლად გერმანიაში დაბრუნება თხოვა. უმცროსი ვაჟი გერდი კი, შვილობილი კომპანიის დასაფუძნებლად საფრანგეთში გაგზავნა. 

მამებს შორის დაპირისპირების მიუხედავად, რუდოლფისა და ადოლფის ვაჟებმა – არმინმა და ჰორსტმა, სარეკლამო ბაზრის მომსახურებაზე ფასების მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად, ხელშეკრულება გააფორმეს: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან (იმ მომენტში ასეთად ბრაზილიელი პელე იყო აღიარებული) არავითარი კონტრაქტი არ დაიდოს. მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება მისი პირობების შესრულებას სულაც არ ნიშნავს (ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთთან სწორედ ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ ერთი ოჯახიდან წამოსული ძმების მემკვიდრეებს). ორივე „მოსისხლე“ ძმას სამხრეთ ამერიკაში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. 

1970 წელს, მექსიკაში გასამართი მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, არმინ დასლერმა რიო-დე-ჟანეიროში აგენტად დაიქირავა ადგილობრივი ჟურნალისტი ჰანს ჰენინგსენი. მას, რაც შეიძლება ბევრი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის (რა თქმა უნდა, პელეს გამოკლებით) Puma-ს ბუცებით თამაშის დაყოლიება დაევალა. „ფეხბურთის მეფე“ არაორდინარულ სიტუაციაში აღმოჩნდა: Puma საკმაოდ აგრესიულ მარკეტინგულ ოპერაციას ახორციელებდა, მაგრამ მასთან დაკავშირებას არც არავინ ცდილობდა. პელეს სამართლიანი პრეტენზიების მომსმენმა Puma-ს აგენტმა ცდუნებას ვერ გაუძლო და არმინდ დასლერს ბრაზილიელთა მთავარ ვარსკვლავთან დასადები კონტრაქტის პროექტი წარუდგინა. რუდის ვაჟს თანხმობის სათქმელად ბევრი არც უფიქრია: Puma-მ ფული პელეს იმაში გადაუხადა, რომ ერთ-ერთი მატჩის (ეს მოხდა პერუსთან მეოთხედფინალურ პაექრობამდე) დაწყებამდე იგი თასმებშეხსნილი ბუცებით გამოვიდოდა და მოედნის ცენტრში შეუდგებოდა მათ შეკვრას. ბუნებრივია, ტელეკამერების ყურადღების ცენტრში პელესთან ერთად ის ბუცებიც აღმოჩნდებოდა, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ეცვა. მოკლედ, კაცი უკეთეს რეკლამას ვერც ინატრებდა. 

ადვილი წარმოსადგენია, რა უნდა დამართოდა ჰორსტ დასლერს, რომელიც ბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა. ამ პრეცედენტის შემდეგ, მხარეებს შორის დაპირისპირება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა – უბრალოდ, მამების ომი შვილების ომად გადაკვალიფიცირდა. 

საგვარეულო ომის დასასრული 

ასეთი „შეხმატკბილებული“ თანაარსებობის მიუხედავად, გასული საუკუნის 70-იანების დასაწყისში ადოლფი და რუდოლფი სხვებისგან მალულად ერთმანეთს რამდენიმეჯერ შეხვდნენ. 1974 წლის სექტემბერში რუდის ფილტვების სიმსივნე აღმოაჩნდა. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მღვდელი ტელეფონით დაუკავშირდა ადის და ძმასთან გამოსამშვიდობებლად მისვლა თხოვა. მან უარი განაცხადა, მაგრამ მღვდელს რუდისთვის გადასაცემად დააბარა, რომ პატიობს. რუდოლფ დასლერის გარდაცვალების გამო Adidas-ის გამოქვეყნებული ოფიციალური რელიზი იუწყება: „ადოლფ დასლერის ოჯახს არ სურს არანაირი კომენტარის გაკეთება რუდოლფ დასლერის გარდაცვალების შესახებ“. 

აქედან 4 წელი იცოცხლა ადიმ, რომელიც ინსულტით გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის ხუთმა მემკვიდრემ, ოჯახურ ბიზნესთან მიმართებაში საერთო ენა ვერ გამონახეს და 1989-ში დედის გარდაცვალების შემდეგ, 500 მილიონ დოლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე კომპანია 390 მილიონად გაყიდეს. სწორედ აქ მთავრდება ამ ორი უდიდესი კომპანიის ოჯახურ შუღლზე დამყარებული კონკურენცია, რომლის მორალი მარტივად გასაგებია: შუღლიც შეიძლება პროგრესის მამოძრავებელი ძალა იყოს.
 
ფრიდონ კერვალიშვილი