ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
კენზოს ფილოსოფია: „სხეულს, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სივრცე ესაჭიროება“ - #3(64), 2020
იაპონელი მოდელიორის პარიზული წარმატება

კენზო ტაკადას მოდების პირველ ჩვენებაზე 50-მდე მნახველი მივიდა. მათ უცნაური ღია სამოსი იხილეს - მეტწილად, იაპონური ბამბის ქსოვილებისაგან შეკერილი კიმონოები. დარბაზში მყოფები თავდაპირველად სიცილს ვერ იკავებდნენ. მათ იმის წარმოდგენა უჭირდათ, ბოლოს ვინ ვისზე გაიცინებდა. ასე მცირედი კონფუზით დაიწყო ცნობილი მოდელიორის პარიზულ პოდიუმზე ასვლა.

იგი 1939 წლის 27 თებერვალს ჰიოგოს პროვინციაში, უძველესი ჰიმეძის ციხესიმაგრის მისადგომებთან მდებარე სოფელში დაიბადა. კენზო ჩაის სახლის მეპატრონის ოჯახში ბოლო, მეხუთე შვილი იყო. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, ისე მოიხიბლა ჟურნალ Sunflower-ში ნანახი მოდელებით, მუდამ მათი გადმოხატვით იყო დაკავებული. სკოლის დამთავრების შემდეგ მან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა და მშობლებს ერთადერთს სთხოვდა - მოდელიორთა იმ სკოლაში ევლო, რომელსაც მისი და სტუმრობდა. თხოვნა არავინ შეისმინა და კენზოს Kobe Gaibo-ს უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესწავლა დააწყებინეს. თუმცა, იქ დიდხანს მაინც ვერ გაძლო: ერთი სემესტრის შემდეგ მან უნივერსიტეტი მიატოვა და ტოკიოში წავიდა.

სწავლის ფულის მოსაგროვებლად თვეში 7-დოლარიან გასამრჯელოზე დაიწყო მღებავის დამხმარედ მუშაობა. 19 წლის ასაკში კენზო ტაკადა პირველი ვაჟი გახდა, რომელიც მოდელიერთა უძველეს იაპონურ სკოლა Bunka Gakuen-ში მოდელის პროფილით მიიღეს (მანამდე აქ მხოლოდ გოგონები მუშაობდნენ). მოდელიორთა სკოლის დამთავრების შემდეგ იგი უნივერმაღი Sanai-ს ქსელში და ტოკიოს მოდების ერთ-ერთ ჟურნალში მანეკენად მუშაობდა. 

უკვე პარიზში დაფუძნებული და წარმატების მწვერვალზე მყოფი კენზო ამბობს: „ყველაფერს ახლა რომ ვიწყებდე, აუცილებლად დავრჩებოდი ტოკიოში“. ტოკიოში მყოფს კი, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა - წასულიყო პარიზში და იქ ეცხოვრა. სურვილი უფრო მას შემდეგ გაუმძაფრდა, როცა საფრანგეთიდან დაბრუნებულმა მისმა პედაგოგმა Koike-მ ივ სენ ლორანის კოლექციებზე და საერთოდ, პარიზული მოდის სამყაროზე მოუთხრო.

მოგვიანებით, კენზოსაც გაუმართლა და პარიზისკენ გზას „მწვანე აენთო“ - სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, ე.წ. აყრაში მოხვდა და კომპენსაციიდან მისი წილი 350 ათასი იენი ოცნების ასასრულებლად სავსებით საკმარისი გამოდგა. 1965 წლის 1 იანვარს კენზო ტაკადა უკვე მარსელში იყო, იქ კი პარიზში მიმავალ მატარებელში ჩაჯდა და... 

იგი ფრანგულად ვერ საუბრობდა, არც სამუშაო ჰქონდა, არც ფული. ამიტომ, მეტწილად დუმდა, უყურებდა და უსმენდა. მისთვის პარიზი წასაკითხად გაშლილ წიგნს ჰგავდა. „მსოფლიოს არცერთ კუთხეში ისე კარგად არ ვგრძნობდი თავს, როგორც პარიზში. აქ ყველა ქვა, ღრუბელი, ნებისმიერი გამვლელი მეხმარება ჩემს ხელოვნებაში. თუმცა, სულიერად მაინც იაპონელი დავრჩი“, - იხსენებდა კენზო.

პარიზში ჩასვლისთანავე მან მონმარტრზე პატარა ოთახი იქირავა და რეგულარულად ესწრებოდა კარდენის, დიორისა და შანელის საპოდიუმო ჩვენებებს. ეს კი კენზოს დეპრესიულობას კიდევ უფრო აღრმავებდა. იგი მიხვდა, თუ ტრადიციული გზით წავიდოდა, ვერაფერს მიაღწევდა. მხოლოდ ახალს, პოდიუმზე ჯერ არნახულს შეეძლო გაჯერებული პარიზის დაპყრობა. მას ხომ, სწორედ ეს ჰქონდა გუნებაში.

დიდხანს მოცდამაც არ მოუწია. როგორც თავად ამბობდა, გონების პირველი გამონათება ანდრე კურეჟეს (Andre Courreges) პირველივე კოლექციის ხილვამ მოჰგვარა. გამოჩნდა მაღალი მოდის (haute couture – ფრანგულად „ოტ კუტიურ“) ახალი სტანდარტი, რომელთან შეხება ჩვეულებრივ მოკვდავსაც შეეძლო. კენზო „ერთი ამოსუნთქვით“ ამზადებს ტანსაცმლის 30 მოდელს, რომელთაგან ხუთ ეგზემპლარს დიზაინერი ლუი ფეროს (Louis Feraud) მეუღლე სულ რაღაც 25 დოლარად იძენს. რამდენიმე დიდი მაღაზიის შეკვეთების შესრულებისას იგი ევროპულ ქსოვილებსა და ფერებთან მუშაობას ეჩვევა. ყოველდღე მიაქვს ბანკში დაგროვილი თანხა და საკუთარი საქმის წამოწყებაზე ოცნებობს.

ახალგაზრდულმა მოდამ მას სწრაფი წარმატება მოუტანა. მის მოდელებს უკვე მაშინ გამოარჩევდათ ფერებისა და ნახატების შეუდარებელი ნაზავი. უჯრედი, ზოლი, ყვავილებიანი და ცხოველებიანი ნახატები ერთმანეთს ყველაზე წარმოუდგენელი კომბინაციებით ერეოდნენ, რითაც ხალისისა და "არდადეგებისგან სიამოვნების“ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. თავად კენზო მის სტილს, რომელიც პარიზულ შიკთან ახლოაღმოსავლური და სხვა ეთნიკური გავლენების შერწყმით მიიღებოდა, ასე განსაზღვრავდა „haute couture-ს ნგრევა“.            

პარიზში ჩასვლიდან 5 წელიწადში, კენზო კოლეჯის ძველ თანაკურსელ ატსუკო კონდოსთან ერთად, დედაქალაქის ყველაზე მომხიბლველ ბუტიკს „ჯანგლ ჯეპ“-ს (Jungle Jap) ხსნის. ადგილი დიდ ბულვარებზე, „ოქროს სამკუთხედისგან“ მოშორებით, სადაც მაღალი მოდის მეტრთა სალონები იყო, სპეციალურად შეარჩია. გახსნამდე იყო ის პირველი ჩვენება, რომლითაც დავიწყეთ ცნობილ იაპონელ დიზაინერზე თხრობა. კენზომ მხოლოდ Saint Pierre-ს ბაზარზე ნაყიდი ბამბის იაპონური ქსოვილები და ნაჭრები გამოიყენა. კიმონოსმაგვარი სამოსი თავდაპირველად გაკვირვებას და სიცილს იწვევდა. თუმცა, იაპონელისგან სხვა რისი მოლოდინი უნდა ყოფილიყო?

ცოტამ თუ იცოდა, რომ კენზო ისეთ ადგილებში იზრდებოდა, სადაც გეიშების სიმღერა და სიცილი ჩვეული ამბავი იყო. ასე რომ, კიმონოებით საკუთარი სამოდელო კარიერის დაწყება გასაკვირი არაა. იგი იხსენებდა: „ოდესღაც დის თოჯინებისთვის კაბებს ვკერავდი და ვოცნებობდი, როგორ შევმოსავდი შორეული დასავლეთის მრგვალთვალება გოგონებს. პარიზში, საკუთარი სტილის ძიებისას, ვიფიქრე კიმონო როგორმე დასავლურ სამოსთან „შემეჯვარებინა“. ასე მივიღე განიერი სვიტერები, ფართო ზედნადები სამხრეები, სწორი ხაზები, ფართო სახელოები“.

70-იანი წლებისთვის, როცა მოდაში ფიგურაზე მოტმასნილი, ვიწროსახელოიანი ტანსაცმელი იყო, ყველანი - მიაკე, კენზო, იამამოტო, კავაკუბო - ახალი მიმდინარეობის წამომწყებნი არიან. მათ შემოაქვთ მოდა მოცულობით სამოსზე, რადგან ნებისმიერ იაპონელს გენეტიკურად არ ესმოდა და ვერ წარმოედგინა ფიგურის გამომკვეთი ტანსაცმელი. კენზო ამას მარტივად ხსნის - სხეულს, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სივრცე ესაჭიროება. მოცულობითი ტანსაცმელი ნამდვილად რევოლუციური იყო. მაგრამ, ისე როგორც ნებისმიერ რეოლუციას, მასაც ჰქონდა ისტორიული წანამძღვრები. გლამურის სიკაშკაშით დაღლილ ევროპას აღარ შეეძლო და არც სურდა წელისა და თეძოს გამოკვეთა. გაჩნდა საკუთარი სხეულის საყოველთაოდ „გამოჭენების“ საპირისპირო - დამალვის სურვილი.

კენზოს სტილი „ახალი დეკონსტრუქტივიზმის“ (Couture Destructuree) სახელით მონათლეს და ეს მიმდინარეობა ყველაზე მეტად უწყობდა ფეხს ახალი თაობის განწყობას - მათ, ვინც 60-იანებში პარიზის ახალგაზრდული ამბოხის სულისკვეთება გაითავისა. 70-იანები კენზოს ვარსკვლავური ათწლეული იყო. იგი წელიწადში 5 კოლექციით შემოიფარგლებოდა და საერთოდ ამოიღო ხმარებიდან ელვა, საკინძი და ღილები. სამაგიეროდ, უხვად ჰქონდა ევროპული თვალისთვის უჩვეულო სწორი, თავისუფალი და სუფთა ჭრილები, ფერისა და რიტმის მდიდარი შეხამება. ბუნებით არცთუ მოლაპარაკე, თან ფრანგულად ცუდად მოსაუბრე ადამიანისთვის, ყვავილები ცხოვრებისა და თავისუფლებისადმი სიყვარულის გამოხატვის განსაკუთრებულ ფორმად რჩებოდა. მით უფრო, ყვავილების კულტი ბევრს ნიშნავდა ჰიპის მიმდინარეობისთვის, რომელმაც კენზოზე თვალსაჩინო გავლენა იქონია. ბოლოს და ბოლოს, ნუთუ ჩვეულებრივი საქმე არაა აყვავებული საკურას ქვეყნის მკვიდრისთვის საკუთარი ბუტიკის კედელზე უზარმაზარი ვარდის დახატვა?                 

და როგორც შედეგი - ვიკტუარის მოედანზე მდებარე კენზოს ბუტიკი უმალ ხდება პარიზის ყველაზე მოდური ადგილი. 1981 წელს მან უზარმაზარი ტილო გადაჭიმა და თითქმის მთელს მოედანზე ოქროს მტვერი მიმოაბნია; ერთ წელიწადში მდიდრული კარვებით დაამშვენა ბორდოში უძველესი ციხესიმაგრის მიდამოები; ცოტა მოგვიანებით, პონტ-ნიოფის ცნობილი ხიდი მორთო ათეულათასობით საყვავილე ქოთნით... ბირჟის შენობა, დ`ორსეს (d`Orsay) მუზეუმი, ცირკი, ტროკადეროს მოედანი - მან პარიზის ყველა ცნობილ ადგილზე მოაწყო მოდების ჩვენება.

1983 წელს კენზომ მამაკაცური მოდის პირველი კოლექციაც შექმნა. გაეშვა Kenzo Jeans, Kenzo Junior, Kenzo Bed Linen, Kenzo Enfant, Kenzo Bebe, Kenzo City. მან კაცის სამოსშიც შეახამა სხვადასხვა ფერის ნაირგვარი ნახატებით მორთული ქსოვილები. მისთვის ჩვეული, სხვებისთვის კი უჩვეულო იყო მამაკაცის ზოლებიანი შარვალი და ყვავილებიანი ელეგანტური პიჯაკი. 

1987 წელს კენზომ მისი პირველი პარფიუმიც გამოუშვა - ქალის არომატი Kenzo de Kenzo. ეს რა თქმა უნდა ყვავილოვანი არომატი იყო და ფლაკონზე არარსებული ყვავილის - ასკილის, პიონის თუ ზღაპრული ჯუნგლების რომელიღაც ქმნილების კვირტი. მოგვიანებით, ქსელში Kenzo-ს ყვავილოვანი არომატების მთელი ბუკეტი გამოჩნდა, რომელთაგან თითოეული პატარა სასწაული იყო: L`Eau par Kenzo, Kenzo Jungle, Flower by Kenzo.

მაოს ტუნიკები, ინფანტები ველასკესის ნახატებიდან, ვიეტნამური შარვლიანი კაბები, სამეფო გვარდიელების უნიფორმა, ჩეხური ქვედაკაბები - ეს ყველაფერი „მდიდარი ჰიპების“ სტილის განუყოფელი ნაწილი გახდა. ნაცრისფერი - ზამთარში, ლურჯი - გაზაფხულზე, მაქმანები - საღამოთი, ფეხსაცმლის ფერი ხელჩანთა - სად გაქრა ეს წესები? კენზო ტაკადასთვის უნდა გეკითხათ. ის კი, ასე გიპასუხებდათ: „ხეები მწვანეა, ყველა ხე მწვანეა, ჩვენ იმდენი მწვანე ხე ვნახეთ, რომ დაგვავიწყდა: ხეები ვარდისფერიც არსებობენ. მაგრამ ყველა ხე რომ ვარდისფერი იყოს, მე აუცილებლად გაჩვენებდით მწვანე ხეს“.

90-იანების დასაწყისში კონკურენცია განსაკუთრებით სასტიკი გახდა, მაგრამ მაშინაც კი კენზოს თავი არ გამოუჩენია არც სკანდალებით, არც ექსცენტრული ჩვენებებით. ამას მაესტრო ასე ხსნიდა: „როცა ისეთ ტენდენციებზე ხარ იძულებული რეაგირება გააკეთო, რომლებიც შენთვის არც ისე ახლოა, ეს თავისუფლებას გაკარგვინებს. მოდა კალენდარია, სადაც ყოველთვის განრიგს უნდა მიჰყვე“.

ჰოდა, კენზომ კალენდრის მიხედვით საკუთარი ფილოსოფიური მიმდინარეობა „ნომადიზმი“ გამოიგონა, რომელიც ბუნებისა და უბრალო ცხოვრებისეული სიამოვნებების აბსოლუტიზმს აკანონებს. იგი კერავს სამოსს კაცისა და ქალისთვის, ბავშვისა და მოზარდისთვის, მდიდრებისა და არც ისე ფულიანებისთვის.

და ასე 1990-მდე, როცა კენზოს უახლოესი მეგობარი ქსავიე დე კასტელა (Xavier De Kastella) გარდაიცვალა. დიზაინერს ხელები ჩამოეშვა და პირველად გაუჩნდა სამოდელო ბიზნესიდან წასვლის სურვილი. ისევ თავდაუზოგავი შრომით შეეცადა დაუფლებული უიმედობის ძლევას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაუძლო. 1993 წელს, აღმავლობის გზაზე მყოფ კენზოს ფირმას ჯგუფი LVMH (Louis Vuitton-ისა და Moёt Hennesy-ს შერწყმით 1987 წელს დაარსებული კომპანია) ყიდულობს, რომელიც იმ პერიოდშიც ფრანგული მოდის სახლების უმრავლესობას ფლობდა. კენზოს პარიზში ჩამოსვლის შემდეგ პირველად მიეცა ისეთი ფუფუნების საშუალება, როგორიც მხოლოდ ხელოვნებით დაკავების საშუალებას აძლევდა. „კენზოს სახლი“ - მთელი იმპერიაა, რომელსაც მისი შემქმნელისთვის წელიწადში 200 მილიონი დოლარი მოჰქონდა. მაგრამ იგი ამითაც არ კმაყოფილდება და ქმნის კიდევ ერთ სახლს - საკუთარს.

პარიზის შუაგულში, ბასტილიის მოედანთან ახლოს, კენზომ იაპონიის პატარა ნაკვეთი შექმნა - ჩაის სახლით, ოქროს თევზებიანი აუზით და ქვებით მოკირწყლული ბაღით. მან საკუთარი სახლი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი სუვენირებით მოაწყო: თევზის გამოსახულებიანი იაპონური საცერემონიო ფარდები, აფრიკული ქანდაკებები... ძველი ინდური სასახლიდან ჩამოტანილი კარი კედელზე სურათივით ჰკიდია; სახლში ასობით სპილოა - ხის, ბრინჯაოს, ფაიფურის, ხალიჩებზე და ძველებურ გრავიურებზე. დიზაინერმა ხომ სწორედ სპილო აირჩია საკუთარ ტალისმანად.

1999 წლის გაზაფხულზე კენზო ტაკადა „მრავალფეროვანი კულტურებისა და ტრადიციების შერწყმით მიღებული კოსმოპოლიტური კარიერისა და სტილის დამკვიდრებისთვის“, მშვიდობის ამერიკული პრემიით - Time for Peace Award დაჯილდოვდა. ასეთი პრემია პირველად გადაეცა მოდელიორს. ცერემონიაზე კენზომ მშვიდობის კაბა წარადგინა - haute couture-ში მისი პირველი ნამუშევარი, რომელიც ფრანსუა ლესაჟის ატელიეში ჯერ კიდევ შორეულ 60-იანებში მოქარგა საკურას ყვავილებით.

ამავე წლის ოქტომბერში კენზომ პარიზში შემაჯამებელი საღამო გამართა: ჯერ წარადგინა ბოლო კოლექცია პრეტ-ა-პორტერ-ის გაზაფხული-ზაფხული 2000, შემდეგ საკუთარი ხელოვნების 30-წლიანი შთამბეჭდავი რეტროსპექტივა აჩვენა, ბოლოს კი „კენზოს სახლიდან“ წასვლა ოფიციალურად გამოაცხადა. მაესტრომ მემკვიდრეები თავად დანიშნა - 38 წლის ჟილ როზიე, რომელიც ქალთა მიმართულებას გაუძღვა და მისი დანიელი თანატოლი როი კრეიბერგი - მამაკაცთა მიმართულების წინამძღოლი.

საკუთარ წასვლაზე კენზომ თქვა: „მინდა მაქსიმუმ წელიწადნახევარი ღირებულებათა გადასახედად ავიღო, დავისვენო, ძალები მოვიკრიბო - ეს ძალიან მესაჭიროება. მინდა ბევრი ვიმოგზაურო - უბრალოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის, მსურს საკუთარ თავს ის მივუძღვნა, რაზეც ადრე დრო არ მყოფნიდა. ადამიანი ცნობისმოყვარე უნდა იყო და აკეთო მხოლოდ ის, რაც მოგწონს, თუნდაც იგი ფულად მოგებას არ გაძლევდეს. უნდა წახვიდე იქ, სადაც ცისფერი ცა, ოქროსფერი ქვიშა და მცხუნვარე მზეა, შემდეგ დაბრუნდე და ყველაფერი თავიდან დაიწყო“.

და კენზო ტაკადა მართლაც დაბრუნდა. სამწლიანი დასვენების შემდეგ, 2002 წლის გაზაფხულზე მან ხელი მოაწერა კონტრაქტს LVMH-ში მის ყოფილ ბოსებთან. გარიგების პირობების თანახმად, LVMH ახორციელებს Yume-ში (კენზოს საკუთრებაში მყოფი ტანსაცმლის ბრენდი) საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციას, ასევე ეხმარება ინტერიერის აქსესუარების მწარმოებელი მიმართულების განვითარებაში. მაგრამ ამჯერად, კენზოს ტანსაცმლის დიზაინერად საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი აღარ ჰქონდა. 63 წლის მოდელიორის პირადი პრეს-ატაშეს განმარტებით, LVMH-ს და კენზოს ერთობლივი სამოდელო სახლის შექმნაზე ან სამოსის ახალ კოლექციაზე მუშაობა გეგმაში არ ჰქონდათ.

2003 წელს Kenzo-ს კრეატიულ დირექტორად ანტონიო მარასი (Antonio Marras) მიიწვიეს. მოდის სახლის ტრადიციების შენარჩუნებით, იტალიელმა დიზაინერმა კოლექციას საკუთარი ნათელი და განუმეორებელი სტილი შესძინა. 8 წლის განმავლობაში, მარასის ხელმძღვანელობით გამართული Kenzo-ს ყველა ჩვენება, მოდის სამყაროს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა იყო. 2011 წლის ივლისში, იგი ამერიკელმა დიზაინერებმა უმბერტო ლეონმა და კეროლ ლიმმა შეცვალეს, რომლებიც თავის მხრივ, 2019 წლის 1 ივლისიდან Lacoste-ს კრეატიულმა დირექტორმა ფელიპე ოლივეირა ბაპტისტამ ჩაანაცვლა.  

თავად კენზო ტაკადა, სიცოცხლის ბოლო წლებს ჩვეულებრივი ფრანგი პენსიონერის რანგში ატარებდა. კვირაში 3-ჯერ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და იმის მიუხედავად, რომ თითქოსდა დღევანდელობა მას ნაკლებად აინტერესებდა, მაესტროს ყოველი დღე დილის „ასაჰი სიმბუნით“ (Asahi Shimbun - იაპონური ყოველდღიური გაზეთი 6-მილიონიანი ტირაჟით) იწყებოდა.

სამოდელო საქმიდან წამოსულმა კენზომ, 2004 წლიდან Gokan Kobo-ს ბრენდით ჭურჭლისა და საოჯახო ინტერიერის სხვა საგნების შექმნას მიჰყო ხელი. შარშან თებერვალში, Pavillon Ledoyen-ში მოწყობილ საკუთარ 80 წლისთავზე, კენზო ტაკადამ ყველა აღაფრთოვანა მუდამ ახალგაზრდული ქცევითა და შემოტმასნილი ოქროსფერი კოსტიუმით. მიმდინარე წლის იანვარში მან საოჯახო ინტერიერისთვის ძვირადღირებული საგნების ლუქსის კლასის ახალი ბრენდი Kenzo K-3 წარადგინა. 

2020 წლის 4 ოქტომბრის საღამოს, მოდის მაესტრო კენზო ტაკადა პარიზის დასავლეთ გარეუბანში მდებარე ნიოი-სიურ-სენის (Neuilly-sur-Seine) კომუნის ამერიკულ კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა.   

შმაგო სორელი