ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილები - №3(64), 2020
თანამედროვე ავტოინდუსტრია აქცენტს სიმძლავრეზე და კომფორტზე აკეთებს. მკვიდრდება ახალი ტრენდები ელექტრიფიკაციისა და კავშირით უზრუნველყოფის მიმართულებით. მაგრამ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, სა¬დაც საცობები და სადგომი ყოველთვის პრობლემად რჩება, პატარა და ძალიან პატარა ავტომობილებზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს. 
დღეს ყველას აოცებს იაპონური ციცქნა კეი ქარები, ინდური „ტატა ნანო“ და რიკშის მსგავსი მანქანები, „სმარტიც“ კი... მაგრამ იყო დრო, როცა ევროპის გზებზე წარმოუდგენლად პატარა ავტომობილები მოძრაობდა. ისეთები, რომლებსაც მხოლოდ ფორმალურად ჰქვია/ერქვა ავტომობილი. 

გაბარიტების გარდა, ისინი დიზაინითაც გამოირჩეოდნენ, აგებულებითაც და შეთანწყობითაც. მათი დანახვისას პირველი, რასაც ადამიანი გაიფიქრებდა, ეს იყო – როგორ შეიძლება ამაში ჩატევა. მაგრამ ეტეოდნენ და ცეროდენა ავტომობილები პოპულარობითაც გამოირჩეოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთმა მათგანმა, კონკურენტებისგან „ბეემვეც“ კი იხსნა! 

PEEL P50 

გაიცანით გინესის რეკორდების წიგნის ბინადარი – „პიილ P50“. მას ბრიტანული კომპანია „პიილ ენჯინიარინგ კომპანი“ უშვებდა. პატარას სამი ბორბალი აქვს. გინესის წიგნში მას ტიტულად უწერია „მსოფლიოში ყველაზე პატარა სერიული ავტომობილი“. რატომ ავტომობილი? რატომაც არა, „მორგანის“ სამბორბლიანებსაც ხომ ავტომობილებად მოიხსენიებენ. და მაინც, ბრიტანეთში „პიილ P50“ ტრიციკლად მოიხსენიება, ჰოლანდიაში კი კვადროციკლად... 

ამ ციცქნას სიგრძე სულ რაღაც, 1372 მილიმეტრია (შედარებისთვის, „ჰონდას“ დიდ მოტოციკლ „გოლდ უინგის“ სიგრძე 2575 მილიმეტრს აღწევს!), სიგანე 991 მილიმეტრი, წონა კი – სულ რაღაც, 59 კილოგრამი! წარმოიდგინეთ, რომ ამ ავტომობილით საკმაოდ ხშირად, მასზე მძიმე ადამიანები გადაადგილდებოდნენ. კომპაქტურობის და სიმსუბუქის წყალობით, მჭიდრო საცობში მფლობელს შეეძლო მანქანიდან გადმოსვლა, ხელით მისი გადაადგილება და გზის გაგრძელება. 

ერთკარიანი ავტომობილი აღჭურვილია მასავით პატარა ძრავით (მას გერმანული კომპანია DKW აწარმოებდა), რომლის მუშა მოცულობა, 49 კუბური სანტიმეტრია. აგრეგატი 4 ცხენის ძალას იძლევა, რაც P50-სთვის სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ საათში 45 კილომეტრი სიჩქარით იაროს. ჰო მართლა, სამი ბორბლის გარდა, ციცქნას მოტოციკლივით ერთი ფარიც აქვს. 
„პიილ ენჯინიარინგ კომპანი“ თავის პატარას 1962-1965 წლებში უშვებდა. სულ 50 ცალი დაამზადა. დღეს ყველა კოლექციონერთა სასურველი საკბილოა – „სოთბისმა“ 2016 წლის აუქციონზე ერთ-ერთი მათგანი 176 ათას დოლარად გაყიდა!

PEEL TRIDENT  

P50 ბრიტანული კომპანიის ერთადერთი მოდელი არ გახლავთ. მისი წარმოების შეწყვეტის შემდეგ, „პიილმა“ ორადგილიანი „ტრაიდენტი“ გამოუშვა. სულ 45 ცალი. ამ ავტომობილს სამხედრო თვითმფრინავის მსგავსი სანთელი/სახურავი აქვს, რომლის წყალობითაც, საბავშვო პედლებიან ავტომობილს ჰგავს. 

ამ პატარა ავტომობილში მოსახვედრად, მრგვალი სახურავი თვითმფრინავის სტილში იღება და მას ძარის ნაწილიც მიჰყვება. ორიგინალური გადაწყვეტაა, მაგრამ მზის ქვეშ „ტრაიდენტის“ სალონი ნამდვილ სათბურად გარდაიქმნება და მაშინ მასში ყოფნა გაუსაძლისია. ამ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას იგივე ძრავი ანიჭებს, მაგრამ „ტრაიდენტის“ წონა თითქმის გასამმაგებულია – ის 150 კილოგრამს იწონის. 

სხვათა შორის, ამ ავტომობილს ამჟამადაც აწარმოებენ. ოღონდ, მოდიფიცირებული სახით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. მყიდველს სთავაზობენ ვარიანტს 124 კუბური სანტიმეტრის ძრავით და ელექტრო ძრავითაც კი. პირველ შემთხვევაში, სიჩქარე 89 კმ/სთ-საც კი აღწევს, ელექტრული ვარიანტის მაქსიმალური სიჩქარე კი 56 კმ/ სთ-ია. 

უფრო მეტიც, თუ გსურთ, რომ თავი ავტო ინჟინრად წარმოიდგინოთ, შეგიძლიათ პატარა „ტრაიდენტი“ ასაწყობი კიტ-კომპლექტის სახით იყოდოთ და თავად ააწყოთ. ამ შემთხვევაში, შემოგთავაზებენ ძარის ღია ვერსიას, რომელსაც თავზე „სათბური“ არ ადგას. ასეთ ვერსიას „სპაიდერის“ სახელით შემოგთავაზებენ. მეტი ექსკლუზიურობისთვის, ღია „ტრაიდნტ სპაიდერი“ მხოლოდ 50 ცალი დამზადდება. 

კიდვ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც „ტრაიდენტს“ უკავშირდება: ექსპერიმენტისას, ამ ავტომობილში 206 სანტიმეტრი სიმაღლის ადამიანი მოათავსეს. ამასთან, მწარმოებელი სიამაყით გვამცნობს, რომ „ტრაიდნტში“ 136-კილოგრამიან ადამიანიც კი მჯდარა! 

მოკლედ, „ტრაიდენტი“ პატარაა და მუშა...

ISO ISETTA 

რა თქმა უნდა, „პიილის“ ავტომობილები ექსტრემალურად მცირე გაბარიტებით გამოირჩევა. მაგრამ ისინი არც პირველები იყვნენ და არც ყველაზე პოპულარულები. უფრო ცნობილი ავტომობილია „იზეტა“, რომელიც ბაზარზე 1953 წელს გამოჩნდა. მწარმოებელი იყო იტალიური კომპანია Iso SPA, რომელიც მანამდე მაცივრების წარმოებით იყო ცნობილი, 60-იან წლებში კი სპორტული ავტომობილების წარმოებაზე გადაერთო. 

მცირე გაბარიტების გარდა, „იზეტა“ უცნაური საინჟინრო გადაწყვეტებითაც იყო ცნობილი. მაგალითად, მისი ერთადერთი კარი წინ განლაგდა და როცა იღებოდა, საჭეც თან მიჰყვებოდა. სამაგიეროდ, საკმარის ადგილს ტოვებდა იმისთვის, რომ სალონში იოლად შესულიყავით და იქიდანაც იოლად გამოსულიყავით. 

ავტომობილს მამოძრავებელი ძალით უზრუნველყოფდა 236 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ორტაქტიანი ძრავი, რომელიც 9.5 ცხენის ძალას იძლეოდა. მისგან გამომუშავებული მაბრუნი მომენტი, ჯაჭვური გადაცემით, უკანა ღერძს გადაეცემოდა. თავიდან „იზეტაც“ სამბორბლიანი იყო, მაგრამ უკეთესი მდგრადობის მისაღწევად, მალე ოთხ ბორბალზე დააყენეს.

BMW ISETTA 

სახელი „იზეტა“ მოფერებითი ფორმაა და „პატარა იზოს“ (Iso) ნიშნავს. მის პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილის ლიცენზიით წარმოება მალე არგენტინაში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, ბრიტანთსა და გერმანიაშიც დაიწყეს. 

1955 წელს, ამ ავტომობილის წარმოების ლიცენზია „ბეემვემ“ შეისყიდა! და „ბეემვე იზეტა“ გახდა პირველი მასობრივი ავტომობილი, რომელიც 100 კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 3 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. და ის მთელს მსოფლიოში, ერთცილინდრიანი ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებს შორის, ყველაზე გაყიდვადი გახდა. ბავარიულმა კომპანიამ 1956-1962 წლებში 160 000-ზე მეტი „იზეტა“ გაყიდა. 

„იზეტას“ პოპულარობამ „ბეემვე“ გაკოტრებისგან იხსნა. სანამ ამ პატარას წარმოებას დაიწყებდა, ბავარიული კომპანიის შესყიდვას კონკურენტი „დაიმლერი“ ცდილობდა. „იზეტას“ წარმოების დაწყება, გადარჩენის ბოლო მცდელობა იყო, რომელმაც კარგად იმუშავა. 

„იზეტას“ ბავარიული ვერსია, 12 და 13-ცხენისძალიანი ძრავებით აღიჭურვა. შესაბამისად, ავტომობილს „ბეემვე იზეტა 250“ და „ბეემვე იზეტა 300“ ერქვა. ავტომობილი გამათბობლითაც კი აღჭურვეს. „ბეემვემ“ ბოლოს ავტომობილის გრძელბაზიანი ვერსია – „ბეემვე იზეტა 600“ გამოუშვა.

HEINKEL KABINE 

ეს ავტომობილიც გერმანულია – „ჰაინკელ კაბინე“. მას თვითმფრინვების მწარმოებელი გერმანული კომპანია „ჰაინკელი“ უშვებდა, რომელიც სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. „იზეტასთან“ მსგავსება ალბათ სადავო არ უნდა იყოს. მაგრამ „კაბინეს“ ავტორებმა სიახლეც გამოიყენეს – საჭის მექანიზმი სტაციონარულია და გაღებისას კარს არ მიჰყვება. 

„ჰაინკელ კაბინეს“ გაბარიტები შედარებით მოზრდილია: სიგრძე 2550 მილიმეტრი, სიგანე 1370 მილიმეტრი და სიმაღლე 1320 მილიმეტრი. მას სამი ბორბალი აქვს, თუმცა, მწარმოებელმა ოთხბორბლიანი ვერსიაც შეიმუშავა. ძრავი ორია – 174 კუბური სანტიმეტრი (ვერსიის სახელი ტიპ 153) და 204 კუბური სანტიმეტრი (ტიპ 154) მუშა მოცულობით. შესაბამისად, ისინი 9.2 და 10.0 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. 

„ჰაინკელი“ თავის ჯუჯას 1956-1958 წლებში აწარმოებდა, შემდეგ კი ლიცენზია ირლანდიურ კომპანია „დანდალკს“ მიჰყიდა. მაგრამ ცუდი ხარისხის გამო, ამ კომპანიას ლიცენზია მალევე (1958 წელს) ჩამოართვეს. 1960-1966 წლებში ავტომობილს ბრიტანული „ტროიანი“ აწარმოებდა, 1960-1965 წლებში კი – არგენტინული კომპანია „ლოს სედროსი“.

BRÜTSCH MOPETTA 

ესეც სამბორბლიანი ავტომობილია, რომელიც „იზეტასგან“ და მისი მსგავსებისგან განსხვავებით, კვერცხისებრი ფორმით გამოირჩევა, არის სრულიად ღია და უფრო საბავშვო, პედლებიან ავტომობილს მოგაგონებთ. „ბრუტჩ მოპეტას“ კიდევ ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ წინ მხოლოდ ერთი ბორბალი აქვს. მისი პრემიერა ფრანკფურტში, ველოსიპედებისა და მოტოციკლების შოუ IFMA-ზე, 1956 წელს შედგა. ავტომობილი იქ ვინმე ეგონ ბურტჩმა წარადგინა. 

„მოპეტას“ ფოლადის მილებისგან შეკრული მზიდი სტრუქტურა აქვს, მამოძრავებელ ძალას კი მას 49 კუბური სანტიმეტრი მოცულობის ორტაქტიანი ძრავი უზრუნველყოფს, რომელიც სულ რაღაც, 2.3 ცხენის ძალას იძლევა. ძარა შუშის ბოჭკოს კომპოზიტისაა. „მოპეტას“ სიგრძე 1700 მილიმეტრია, სიგანე 800 მილიმეტრი, წონა 79 კილოგრამი. მაქსიმალური სიჩქარე 48 კმ/სთ-ს აღწევს, რაც პატარა ძრავისგან სრულებით მისაღებია. თუმცა, ასეთი სიჩქარით და მძღოლისთვის მეტად სახიფათო აგებულებით, პოპულარობა ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, წლების შემდეგ კოლექციონერებისთვის სასურველი ექსპონატი გახდა – „RM სოთბისის“ აუქციონზე ერთი ეგზემპლარი 69 ათას ევროდ გაიყიდა.

BOND BUG 

ეს ავტომობილიც ბრიტანულია. მას კომპანია „ბონდ ქარზი“ 1970-1974 წლებში აწარმოებდა. სულ 2274 ცალი გამოუშვა. „ბონდის“ ხოჭოც სამ ბორბალზე დგას. შემუშავებულია კომპანია „ოგლე დიზაინმა“, „რელიანტ მოტორისთვის“ შეიმუშავა, რომელმაც წარმოება „ბონდს“ შეუკვეთა. 

„ბონდ ბაგი“ იმ დროისთვის პოპულარულ სტილშია შესრულებული. ასე მხოლოდ იტალიური ატელიეების კონცეპტები და სუპერ ავტომობილები გამოიყურებოდნენ. თავისი სალონითა და აღჭურვილობითაც, მას შეეფერება წოდება „ჯუჯების სუპერ ავტომობილი“. 

„ბონდ ბაგის“ სიგრძე 2794 მილიმეტრია. აღჭურვილია 701 კუბური სანტიმეტრი მოცულობის ოთხტაქტიანი ძრავით, რომელიც 29 ცხენის ძა¬ლას გამოიმუშავებს. მოგვიანებით ავტომობილი 750-კუბიანი ძრავით აღიჭურვა, რომლის სიმძლავრეც 32 ცხენის ძალას აღწევდა. 

თუ ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესს“ დავუჯერებთ, გზებზე დღესაც ორასამდე „ბონდ ბაგი“ გადაადგილდება.

PASQUALI RISCIO 

„პასკუალი რიშო“ – ეს უკვე თანამედროვე ავტომობილია, უფრო სწორედ, ელექტრომობილი. თავისი ძალური დანადგარის მეშვეობით, ერთი სრული დამუხტვით, ეს ჯუჯა ქალაქში 50 კილომეტრს გაგატარებთ. მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 40 კმ/სთ-ია. ენერგიას საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან ივსებს. ელემენტების 80 პროცენტით დასამუხტად, 4 საათია საჭირო. 

ავტომობილის სიგრძე 2190 მილიმეტრია, სიგანე კი – 1150 მილიმეტრი. მძიმე ელემენტების ბლოკის წყალობით, ამ პატარაზე ვერ იტყვით, რომ მსუბუქია – 360 კილოგრამს იწონის. დაბოლოს, „რიშოს“ სტანდარტულ ვერსიას მხოლოდ ერთი ადგილი აქვს და მის მართვას მძღოლის ლიცენზიის ფლობა არ სჭირდება. ორადგილიანი ვერსიისთვის კი ლიცენზია დაგჭირდებათ. 

BUDDY ELECTRIC  

ეს ჯუჯა ელექტრომობილი კი ნორვეგიიდან არის. „ბადი ელექტრიკის“ სიგრძე მხოლოდ 2440 მილიმეტრია, თუმცა, მის სალონში სამი ადამიანი ეტევა. რამდენად კომფორტულად, ეს კიდევ საკითხავია. სწორი საქარე შუშის და კუთხოვანი ფორმების მიუხედავად, ეს პატარა ელექტრომობილი საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება. „ბადი ელექტრიკი“ არის მოდელ „კევეტის“ მეექვსე თაობის ავტომობილი. ორივე ერთად ჯამში 1500 ცალი გაიყიდა, რომელთა უმეტესობაც (თითქმის 1100) ნორვეგიაშივე შეიძინეს. 

ავტომობილი აღჭურვილია 13-კილოვატიანი ელექტროძრავით და ელემენტების ბლოკით, რომელში დაგროვილი ენერგიაც 120 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღწევს. 

REVA G-WIZ  

ეს ინდური მიკრო ელექტრომობილია. კომპანია „რევა ელექტრიკ ქარ“ მას 2001 წლიდან აწარმოებს. ინგლისშიც კი შეჰქონდა (G-Wiz სახელით), სადაც საკმაოდ პოპულარული იყო. მაგრამ საქმე მას შემდეგ გაფუჭდა, რაც გამოცემა „ტოპ გიარმა“ ტესტები (ევრო NCAP-ის სტანდარტების შესაბამისად) ჩაუტარა – ავტომობილი უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდა... მყიდველმა ჯუჯას ზურგი აქცია. ბოლოს კი გამოცემა „ავტო ექსპრესმა“, მსოფლიოს ყველაზე ცუდი ავტომობილების ანტი რეიტინგში, პირველ ადგილზე დააყენა. 

ამის შემდეგ ვისღა დააინტერესებს მისი ტექნიკური მონაცემები. „რევა ი-ს“ სიგრძე 2600 მილიმეტრია, სიგანე 1300 მილიმეტრი. ავტომობილი 400 კილოგრამს იწონის. მას 18-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ემსახურება, რომლის მეშვეობითაც, მაქსიმუმ 80 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა შეუძლია. 

„რევა ი“ მსოფლიოს 26 ქვეყანაში სულ 4600 ცალი გაიყიდა. მალე ის „მაჰინდრა ე2ო-მა“ (რევა მაჰინდრას ჯგუფში შედის) შეცვალა, რომელიც 3280 მილიმეტრამდე დააგრძელეს... 

მერაბ ლორთქიფანიძე