ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ფაიზერი – წამლის შემზავებელი ლუდვიგსბურგიდან - №4(65), 2020
კორონაპანდემიის დროს საყოველთაოდ ცნობილი კომპანიის განვითარების ისტორია

მსოფლიოში უდიდესი ამერიკული ფარმაცევტული ტრანსნაციონალური კომპანია Pfizer, ბოლოხანს კიდევ ერთხელ გახდა საყოველთაო ყურადღების საგანი. კომპანიის მიერ გერმანულ BioNTech-თან ერთობლიობაში დამზადებულმა COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფარმაკოლოგიური პროდუქტის სახელი შეიძინა. Pfizer-ს უკავშირდება ბევრი ასევე პოპულარული ფარმა-პროდუქციის წარმოება: სანტონინი, ლიმონმჟავა, პენიცილინი, ვიაგრა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი თავდაპირველად სტენოკარდიის მკურნალად იყო ჩაფიქრებული. 

ჭიის წამლით დაწყებული ბიზნესი 

ქიმიკოსი, მოგვიანებით კი საყოველთაოდ განთქმული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის თანადამაარსებელი კარლ ფაიზერი (Karl Pfizer), სასურსათო და საკონდიტრო პროდუქტებით მოვაჭრე კარლ ფრედერიკ ფაიზერის ერთადერთი ვაჟი იყო. იგი შტუტგარტიდან ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლუდვიგსბურგში 1824 წელს დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი წინაპარი, XVIII საუკუნეში ვიურტემბერგის სამეფოში (ახლანდელი გერმანია) მოღვაწე ბაბუის ბაბუა იოჰან იაკობ ფაიზერი ღვთისმეტყველების დოქტორი გახლდათ. კარლის მამას იმდენი საშუალება კი ჰქონდა, რომ შვილისთვის ბიზნესის წამოწყებაში ხელი შეეწყო. ამასთან, ვიდრე იგი მის შორეულ ნათესავ კარლ ერჰარტთან (Karl Erhart) ერთად სარფიან საქმეს წამოიწყებდა, საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ ადგილობრივ აფთიაქართან დამხმარედ მუშაობა დაიწყო. უმცროსი ფაიზერი პრაქტიკაში ეუფლებოდა მედიკამენტების ქიმიურად შეზავებასა და მათთვის საბოლოო სახის მინიჭების საიდუმლოს. მის მომავალ ბიზნეს-პარტნიორს რაც შეეხება, ერჰარტი უფროს ფაიზერთან საკონდიტრო საქმეში იღებდა პრაქტიკას. 

ამერიკაში პარტნიორთა დასახლების ზუსტი თარიღი უცნობია. სახელდება 1848 წლის შემოდგომა, თუმცა ჩარლზ (ქვეყნის გამოცვლასთან ერთად სახელიც გადაიკეთა) ფაიზერის მიერ პასპორტის მისაღებ განაცხადში წერია, რომ იგი ბრემენიდან 1849 წლის ოქტომბერში ჩავიდა. იმავე წელს, ბრუკლინთან ახლოს მდებარე ვილიამსბურგში, მან ერჰარტთან ერთად ქიმიკოსი მწარმოებლების (Manufacturing Chemists) ბიზნეს-ოფისი გახსნა, საცხოვრებლად კი ისინი ნიუ ჯერსიში, კონკრეტულად ჰობოკენში დასახლდნენ. ფაიზერმა მამისგან ნასესხები 2500 დოლარით (ახლანდელი კურსით დაახლოებით 75000 აშშ დოლარი) შეძლო ბრუკლინში, ბარტლეტ-სტრიტზე მდებარე აგურის შენობის ყიდვა. სხვათა შორის, ეს შენობა საკმაოდ დიდხანს რჩებოდა კომპანია Pfizer-ის უმთავრეს საწარმო დაწესებულებად და სამეცნიერო-კვლევით ცენტრად. 

გერმანელ პარტნიორთა წარმოებული პირველი პრეპარატია სანტონინი. ეს იყო წამალი, რომელიც XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ნაწლავური ჭიებით გამოწვეული დაავადების დასამარცხებლად გამოიყენებოდა. ვინაიდან ნაერთი მწარე იყო, ხოლო მკურნალობის ტიპური სქემა დადგენილი დოზის გადაბმულად რამდენიმე დღეში სამჯერად მიღებას ითვალისწინებდა, ფაიზერმა ქიმიაში მისი ცოდნა და კონდიტერი პარტნიორის ტალანტი ერთმანეთს შეუხამა. შედეგად შაქრის პუდრზე დამზადებული ირისის არომატის მქონე კრემი მიიღეს. Pfizer-ის არომატიზებულმა სანტონინმა 1850 წლიდან მოიპოვა პოპულარობა. 

დროთა განმავლობაში, ერთ ბიზნესში გაერთიანებულმა შორეულმა ნათესავებმა კომპანიის წარმოებული პროდუქციის ხაზი გააფართოვეს. მასში შევიდა პრეპარატები, რომელთა დამზადებას იოდის მარილი, ვერცხლისწყალი, ბისმუთის მარილი ესაჭიროებოდა. პარტნიორთა მხრიდან ხარისხისადმი მისწრაფებამ, ერთის მხრივ აკვიატებული იდეის სახე მიიღო, მაგრამ მათ ბიზნესს ამით არაფერი წაუგია. პირიქით, Pfizer-ის პროდუქციამ სლოგანის „Pfizer Quality“ დამსახურებით, რომელიც მოგვიანებით მათ ნაწარმოებ ყველა შეფუთვაზე იყო დატანილი, საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 

ბიზნეს-პარტნიორებს, ამერიკაში ჩამოსვლამდე საკმაოდ კარგად ჰქონდათ შესწავლილი იქაური ქიმიური მრეწველობის ბაზრის თავისებურებები. 1850 წლისთვის, ასეთი დიდი ქვეყნის ფარმაკოლოგიურ სფეროში მხოლოდ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული. შესაბამისად, მათ კარგად იცოდნენ, რომ Pfizer-ის ბიზნესს შიდა ბაზარზე კონკურენტები არ ეყოლებოდა, რასაც იმპორტულ საქონელზე ბაჟის თავიდან აცილებაც დაემატებოდა. ეს ყველაფერი კი, ჩანასახში მყოფი წარმოებისთვის უმნიშვნელო ფაქტორები არ იყო. ფაიზერისა და ერჰარტის პარტნიორობა უფრო მჭიდრო მას შემდეგ გახდა, რაც ამ უკანასკნელმა ცოლად პირველის და – ფანი შეირთო (1856). 1868 წელს დაბადებული ერჰარტის ვაჟი უილიამი, მოგვიანებით კომპანიის მართვის სფეროში ჩაერთო, მაგრამ ცოტა ხნით. 

სანტონინით გაჯერებული კანფეტების წარმატების მიუხედავად, კომპანია Pfizer-მა ამ წამლის ტაბლეტებისა და პასტების სახით გაყიდვა არ გააგრძელა. ამის ნაცვლად უპირატესობა მიენიჭა ბითუმად და საცალოდ მოვაჭრეეებისთვის მისაყიდად სუფთა ქიმიური ნივთიერებების წარმოებას. 1855 წლისთვის Pfizer აწარმოებდა იოდს და მის ისეთ შენაერთებს (კალიუმის იოდიდი, იოდოფორმი), რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა როგორც წამლებში, ისე მადეზინფექცირებელ საშუალებებში. კომპანია ვერცხლისწყლის შენართებსაც (კალომელი და სხვ.) ამზადებდა, ხოლო 1860 წლისთვის მისი პროდუქტების სიაში შედიოდა ბორაქსი, ბორის მჟავა და გაწმენდილი კამფორი. ბოლო მათგანი იმდენად მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის, რომ კარგა ხანი Pfizer-ს „კამფორის ფაბრიკად“ მოიხსენიებდნენ. Pfizer-ის პროდუქცია უმეტესწილად, მაგრამ არა მხოლოდ სამედიცინო და ფარმაკოლოგიური მრეწველობისთვის გამოიყენებოდა. მაგალითად, ბორაქსს როგორც საწმენდ საშუალებას, ისე საკვები პროდუქტების კონსერვანტად იყენებდნენ, ხოლო კალიუმის იოდიდს მედიცინაშიც ხშირად შეხვდებოდით და ფოტოგრაფიაშიც. 

ფაიზერის პირადი ცხოვრება და ბიზნესის გაფართოება 

ჩარლზ ფაიზერს ხშირად უწევდა ევროპაში ჩასვლა. იქ იგი იმ ნედლეულის მომწოდებლებთან ინარჩუნებდა კავშირს, რომელსაც კომპანია ბითუმად და საცალოდ მოვაჭრე ქიმიკოსებისთვის მისაყიდ პრეპარატებად გარდაქმნიდა. მშობლიურ ლუდვიგსბურგში ერთ-ერთი ასეთი მგზავრობისას ფაიზერმა მომავალი მეუღლე ანნა ჰაუში გაიცნო. ისინი 1859 წელს შეუღლდნენ და სულ 5 შვილი ეყოლათ. მათგან ჩარლზ-უმცროსმა და ემილმა კომპანიის სამომავლო მართვაში შეიტანეს საკუთარი წვლილი. 

1854 წლიდან „ფაიზერმა და კომპანიამ“ საქმიანობის მკვეთრად გაფართოებას მიჰყო ხელი. არსებული ფაბრიკის მიმდებარედ პარტნიორებმა მიწების შეძენა დაიწყეს. 1888 წლისთვის მათ 50 ათასი დოლარის (ახლანდელი 1,2 მილიონი დოლარი) ღირებულების 72 ნაკვეთი იყიდეს. 1857 წელს, მანჰეტენის ცენტრში – ბიკმან-სტრიტზე, ნარკოტიკებითა და ქიმიური ნაერთებით მოვაჭრეთა შუაგულში, კომპანიამ ოფისი გახსნა. ათიოდე წელიწადში ამ ოფისმა უოლს-სტრიტზე მდებარე ოთხსართულიან შენობაში გადაინაცვლა, სადაც 1878-ში, ქალაქში ერთ-ერთი პირველი ტელეფონი დამონტაჟდა. 

შტატებში სამოქალაქო ომის (1861-1865) გაჩაღებამ Pfizer-ის ბიზნესის ახლებურ განვითარებას მისცა დასაბამი. იმპორტული ღვინის მჟავასადმი (Tartaric Acid) ქვეყანაში დამცავი ტარიფის შემოღებამ კომპანიას პროდუქციის ადგილობრივი ნედლეულით დამზადებისკენ უბიძგა. ღვინის კასრებში გაჩენილი ქერქისგან მიღებული მჟავა, ბრძოლის ველზე მყოფი ყველა ფერშალის ჩანთაში იყო. მას ანთების საწინააღმდეგო (ე.წ. ანტისეპტიკი) ფუნქცია ჰქონდა და იგი კავშირის არმიაში მყოფი ჩრდილოელ მებრძოლთა იარების დამუშავებასა და სწრაფ მორჩენაში დიდ როლს თამაშობდა. 

ევროპიდან იმპორტირებული ლიმონისა და ლაიმის კონცენტრატების გამოყენებით, 1880 წლიდან, Pfizer-მა ლიმონმჟავას გამოშვება დაიწყო. კომპანია სულ მალე გახდა აშშ-ში ამ პროდუქტის უდიდესი მწარმოებელი. Coca-Cola-ს, Dr. Pepper-ისა და Pepsi-Cola-ს მზარდი პოპულარობის ფონზე საგრძნობლად მოიმატა ლიმონმჟავაზე მოთხოვნაც. იგი Pfizer-ის ძირითადი პროდუქტი გახდა და შემდგომ ათწლეულებში კომპანიის შემოსავლების მკვეთრი ზრდა განაპირობა. 

1891 წლის 27 დეკემბერს ფაიზერის კომპანიონი ჩარლზ ერჰარტი გარდაიცვალა. მან საკუთარი წილი, რომელიც 250 ათას დოლარს შეადგენდა, შვილ უილიამს დაუტოვა. Pfizer-ის დამფუძნებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით, ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში მეორე მეწილეს წილის საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასში გამოსყიდვის უფლება ეძლეოდა. ჩარლზ ფაიზერმა უმალ ისარგებლა ამ უფლებით და კომპანიის მართვის სადავეებს ერთპიროვნულად დაეპატრონა. 

პენსიაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, 1900 წელს უფროსი ჩარლზ ფაიზერი არეგისტრირებს კომპანიას 2 მილიონი დოლარი საწესდებო კაპიტალით, რაც 100 დოლარი ნომინალის მქონე 20 ათას აქციაში გამოისახა. კერძო კომპანიის პირველი პრეზიდენტი უმცროსი ჩარლზ ფაიზერი გახდა, რომელმაც ეს პოსტი უმცროს ძმას – ემილს 1906 წლიდან გადააბარა. ეს უკანასკნელი Pfizer-ის მართვას 1941 წლის ჩათვლით უძღვებოდა. შემდეგ ცოტა ხნით დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ვიდრე Pfizer კერძო კომპანიად რჩებოდა. 1942 წლის 22 ივნისს, კომპანიის ხელმძღვანელ პოსტზე მყოფმა ფაიზერების ოჯახის ბოლო წარმომადგენელმა, Pfizer-ის 240 ათასი აქცია გასაყიდად ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანა. 

თავად კომპანიის დამაარსებელი 1906 წლის 19 ოქტომბერს, კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. გაზეთი The New York Tribune იმ დღეებში წერდა: „გერმანული ტექნიკური განათლების, დიდი ძალისხმევისა და მიზანმიმართულობის გამოისობით, იგი ყველა სირთულეს წარმატებით ართმევდა თავს და ყოველწლიურად აფართოვებდა საკუთარ ბიზნესს“. 82 წლის ჩარლზ ფაიზერის გარდაცვალების მომენტისთვის, წლიური გაყიდვების მოცულობა 3,4 მილიონ დოლარს შეადგენდა, კომპანიაში მომუშავეთა რიცხვი კი 200-ზე მეტი იყო. 

ომია თუ მშვიდობა, PFIZER-ი მაინც ვითარდება 

1929 წელს შოტლანდიელმა მიკრობიოლოგმა ალექსანდერ ფლემინგმა ობის სოკოსგან გამოყოფილ ნივთიერებას პენიცილინი დაარქვა. მეცნიერის კვლევებით დადგინდა, რომ მას გამოკვეთილი ანტიბიოტიკური თვისებები ჰქონდა, დანარჩენი კი უკვე ქიმიკოსების საქმე იყო. მეორე მსოფლიო ომში (1939-1945) აშშ-ის ჩართვის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებს მოწოდებით მიმართა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ჩართულიყვნენ მოკავშირე ძალების საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად. Pfizer ერთადერთი კომპანია იყო პენიცილინის მწარმოებელთა შორის, რომელიც პენიცილინის მისაღებად ე.წ. ღრმა დუღილის ტექნოლოგიას იყენებდა. რისკისა და სხვა თანმდევი ფაქტორების პირობებში, Pfizer-მა მილიონობით დოლარი დახარჯა პენიცილინის მისაღებად ახალი შენობებისა და დანადგარების შესაძენად. რისკმაც გაამართლა – ტექნოლოგიის გაშვებიდან 4 თვეში, პენიცილინის წარმოების მოცულობამ მოსალოდნელ მაჩვენებელს 5-ჯერ გადააჭარბა. 

მნიშვნელოვანი იყო Pfizer-ის საქმიანობაში ლიმონმჟავას შაქრის ღრმა დუღილით მიღების ტექნოლოგიის დანერგვაც. თავად განსაჯეთ, თუ 1919 წელს ფუნტი (453,6 გრამი) ლიმონმჟავა 1,25 დოლარი ღირდა, 1939 წელს Pfizer-ში მიღებული იგივე მოცულობის ფასი 20 ცენტი გახდა. 

კომპანიაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების პირველი დამოუკიდებელი მონაპოვარი იყო 1950 წელს ფართო სპექტრის ახალი ანტიბიოტიკის ტერამიცინის (ოქსიტეტრაციკლინი) გამოშვება. ეს იყო პირველი ფარმაცევტული პრეპარატი აშშ-ში, რომელიც Pfizer-ის მარკით გამოიცა. 

1950-იანი წლებიდან Pfizer ქარხნებს ხსნის ბელგიაში, ბრაზილიაში, კანადაში, მექსიკაში, კუბაში, პუერტო რიკოში, პანამასა და დიდ ბრიტანეთში. 1959 წელს იგი ახლა პროფილს იმატებს და ცხოველთა სამკურნალო მედიკამენტების წარმოებასაც იწყებს. 

კომპანიამ პირველად, 1972 წელს გადალახა წლიური გაყიდვების მილიარდდოლარიანი ზღვარი. Pfizer-ის მენეჯმენტს კარგად ესმის, რომ სამომავლო ზრდის გასაღები საკუთარ კვლევებისა და გამოგონებების წარმოებაშია. ამიტომაც, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ედ პრეტი კომპანიის კვლევით ბიუჯეტს გაყიდვების მოცულობის 5-დან 15-20%-მდე ზრდის. 

"ვიაგრა" – PFIZER-ის შემთხვევითი აღმოჩენა 

1980-იანი წლებიდან Pfizer საკუთარ კვლევით ლაბორატორიებში სტენოკარდიის (ე.წ. გულის ანგინა) წამალზე მუშაობდა. მეცნიერებს ისეთი პრეპარატის მიღება სჭირდებოდათ, რომელიც სისხლძარღვებს გააფართოებდა, რადგან სტენოკარდიისას გულს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. მიღებული საცდელი პრეპარატი საჭირო ეფექტს კი უზრუნველყოფდა, მაგრამ მისი ხანგრძლივობა სასურველზე ნაკლები იყო. ამიტომ კლინიკურ კვლევებში ჩართულ მოხალისეებს დღეში 3 აბის მიღება უწევდათ, რასაც გვერდითი მოვლენაც თან ახლდა – კუნთების ტკივილი. 

მიმდინარე კვლევებისას გამოჩნდა კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი: საცდელი პრეპარატის რამდენიმედღიანი მიღების შემდეგ, მამაკაც მოხალისეებს ერექცია უუმჯობესდებოდათ. პირველ ეტაპზე ამ ფაქტორს ყურადღება ნაკლებად მიექცა, რადგან მიზანი სტენოკარდიის ოპერატიულად აღმოფხვრა იყო. თუმცა, იგი საბოლოოდ ვერ გადაიჭრა იმ მიზეზით, რომ ნიტრატებთან ერთობლიობაში, რომლებიც სტენოკარდიის სამკურნალო სტანდარტულ საშუალებად ითვლება (კერძოდ, ნიტროგლიცერინი), საცდელი პრეპარატი საბოლოო ეფექტს აძლიერებს – იწვევს არტერიული წნევის დიდ ვარდნას. ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სტენოკარდიის სამკურნალო მიმართულებით აღნიშნულ პრეპარატზე კვლევა შეჩერდა. 

კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა იან ოსტერლოჰმა (Ian Osterloh) და მისმა კოლეგებმა კი, შემუშავებული საცდელი პრეპარატის გვერდით მოვლენაზე მუშაობა დაიწყეს. ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ იმ პერიოდში იმპოტენციის სამკურნალო აბები არ არსებობდა (იყო მხოლოდ ინექციები და იმპლანტანტები). საბოლოოდ, 1997 წელს, პროექტის დაწყებიდან 12 წელიწადში, სტენოკარდიისთვის განკუთვნილი პრეპარატის სინთეზირებიდან 8 წელიწადში და იმპოტენციის სამკურნალო პრეპარატად კვლევის დაწყებიდან 4 წელიწადში, მეცნიერებმა ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინეს ახალი მედიკამენტის დასარეგისტრირებლად. „ვიაგრა“ გაყიდვაში 1998 წლიდან გამოვიდა. 

შერწყმა, შთანთქმა და ჯარიმები 

2000-იანი წლები Pfizer-სთვის რამდენიმე მსხვილი გაერთიანების პერიოდი იყო. ჯერ იგი Warner-Lambert-ს შეერწყა, რაც საერთო ჯამში 111,8 მილიარდი დოლარი დაუჯდა. კომპანიამ 2003 წლის 16 აპრილს კიდევ ერთი ფარმა-გიგანტი Pharmacia შეიერთა. 2009 წლის 26 იანვარს დაიწყო და 15 ოქტომბერს დამთავრდა კიდევ ერთი ფარმაცევტული კონკურენტის Wyeth-ის შთანთქმის პროცესი. ეს „სიამოვნება“ Pfizer-ს 68 მილიარდი დოლარი დაუჯდა. 

ზემოთ ნახსენები თანხები მონაგონია იმასთან, რაც Pfizer-ს ირლანდიური კომპანია Allergan-ის მიერთებაში უნდა გადაეხადა. 2015 წლის ნოემბერში ყველაფერი საამისოდ მზად იყო და ამერიკული მხარე 160 მილიარდი დოლარის გადახდასაც აპირებდა, თუმცა, გარიგება ჩაიშალა. ამის თაობაზე მხარეებმა მხოლოდ მომავალი წლის 6 აპრილს გამოაცხადეს, ხოლო Pfizer-მა ირლანდიელებს ჯარიმის სახით 400 მილიონი დოლარი გადაუხადა. გარიგება აშშ-ის ხა-ზინისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად არ შედგა. საბაბი – კორპორატიული გადასახადისგან თავის არიდება. საქმე ისაა, რომ მხარეებისთვის ყველაფრის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაერთიანებული კომპანია ირლანდიაში დარეგისტრირდებოდა და გადასახადებს აშშ-ში აღარ გადაიხდიდა. 

ბოლოს, ისევ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ვთქვათ. წლეულს ნოემბერში Pfizer-მა და გერმანულმა BioNTech-მა COVID-19-ის ვაქცინაზე გამოაცხადეს, რომლის ეფექტიანობის მაჩვენებელი 94-95%-ს შეადგენს. ამ სიახლემ საფონდო ბირჟაზე ამერიკელთა აქციების ფასი 14%-ით გააძვირა, გერმანელებისა კი – 22%-ით. ცნობილია, რომ კვლევით სამუშაოებს ძირითადად BioNTech აწარმოებდა, Pfizer მართვით, წარმოებითა და მარკეტინგითაა დაკავებული. აღნიშნულ ვაქცინაზე, მისი შენახვის პირობების სირთულისა და სიძვირის მიუხედავად, დიდი მოთხოვნებია. 

Forbes-ის რიგით მე-18 ყოველწლიურ რეიტინგში პლანეტის 2000 უმსხვილესი ბიზნეს-კომპანიაა შესული. 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით Pfizer მასში 49-ე ადგილზეა, რაც ფარმაცევტულ კომპანიათა შორის საუკეთესო შედეგია, რისი განმპირობებელი მაჩვენებლები ასე გამოიყურება: გაყიდვების მოცულობა – 50,7 მილიარდი დოლარი, სუფთა მოგება – 15,8 მილიარდი, აქტივები – 167,5 მილიარდი, საბაზრო ღირებულება – 212,8 მილიარდი. აშკარაა, ამ რიცხვებიდან მომავალი წლის ბოლოს პირველი ორი საგრძნობლად მოიმატებს. 

შმაგო სორელი