ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ყინულის ჰოკეი – ნიღბით, ყვანჭით და ბევრი ფულით - №1(66), 2021
ქართველებისთვის სპორტის ეგზოტიკურ სახეობათა შორის კუთვნილი ადგილი ყინულის ჰოკეისაც უკავია. მან ჩვენში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო დამკვიდრება. რაც შეეხება ზოგადად პლანეტაზე ამ სპორტით დაინტერესებას, ადამიანთა გართობის დამადასტურებელი წყაროები XVI საუკუნით თარიღდება. სხვა ფინანსურად მომგებიანი პოპულარული სახეობების მსგავსად, ჰოკეის კომერციალიზაციაშიც მეტი წილი ჩრდილოეთ ამერიკელებს – უფრო ზუსტად კანადელებს მიუძღვით. მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ყინულის ჰოკეის ლიგა NHL (ნაციონალური ჰოკეის ლიგა), აშშ-სა და კანადაში ერთ-ერთ მთავარ სპორტულ ლიგას წარმოადგენს. სწორედ ამ ორი ქვეყნის გუნდები ეცილებიან ერთმანეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – სტენლის თასის მოგებაში. ნაციონალური ჰოკეის ლიგის ორგანიზებულ გათამაშებებზე იმდენი ფული „ტრიალებს“, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) ბიუჯეტი ახლოსაც რომ ვერ მიეკარება. 

"ცოტა რამ" ისტორიიდან 

ყინულის ჰოკეის, სპორტის სახეობებს შორის ყველაზე საკამათო ისტორია აქვს. დამკვიდრებული ვერსიის მიხედვით, ჰოკეის დაარსების ადგილად კანადის ქალაქი მონრეალი ითვლება. თუმცა, ისტორიას მეტად თუ ჩავუღრმავდებით, სხვა არაერთ საინტერესო ცნობასაც ამოვიკითხავთ. 

წარსულიდან შემორჩენილ წყაროებში მრავლადაა ყინულიან ზედაპირზე ბურთით თამაშის მაგალითები, რამაც სწორედ ყინულის ჰოკეის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებას დაუდო სათავე. შუა საუკუნეებში და ჰოლანდიის ოქროს ხანაში იჯსკოლფი, რომელსაც ყინულზე თამაშობდნენ, ძალიან პოპულარული იყო ისტორიულ ნიდერლანდებში (დღევანდელი ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ჩრდილო საფრანგეთი და დასავლეთი გერმანია). მას ხის საცემელით (კოლფი), ხის ან ტყავის ბურთით და სამიზნის ფუნქციის მქონე ორი ძელით თამაშობდნენ. მოთამაშეებს სამიზნეებისთვის რაც შეიძლება ნაკლები დარტყმით უნდა მოეხვედრებინათ ბურთი. ისლანდიურ თქმულებებში ნახსენებია, რომ მსგავსი თამაშით (კნატლეიკრი) ვიკინგები ათასზე მეტი წლის წინ ერთობოდნენ. 

ყველაფრის მიუხედავად ითვლება, რომ თანამედროვე ყინულის ჰოკეი XIX საუკუნის კანადაში, ღია ცის ქვეშ ჯოხით და ბურთით სათამაშო სახეობებიდან განვითარდა, რომლებიც ყინულოვან გარემოს იყო მორგებული. ვარაუდობენ, რომ ახალ შოტლანდიაში (პროვინცია ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში) ბრიტანელი ჯარისკაცები და იმიგრანტები, მკვიდრი მოსახლეობის თამაშების გავლენით, მსგავს თამაშს ციგურებზე შემდგარნი მიკმაკის ტომის ჯოხებით თამაშობდნენ. სხვა ვერსიით, ყინულის ჰოკეი ისლანდიელმა იმიგრანტებმა ჩამოაყალიბეს, რომლებმაც ადგილობრივ გარემოს უძველესი თამაში კნატლეიკრი მოარგეს. აშშ-სა და კანადაში ემიგრანტები ისლანდიიდან 1875 წლის ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ წავიდნენ და დამკვიდრდნენ. სხვათა შორის, 1920 წელს, ყინულის ჰოკეის თანხლებით გამართულ პირველ ოლიმპიადაზე, რომელიც კანადამ უპირობოდ მოიგო, 8 ჰოკეისტიდან 7 (!) ისლანდიური წარმომავლობისა იყო. 

კანადის მკვიდრი მოსახლეობის ზეპირ გადმოცემებში ნახსენებია მსგავსი თამაში, რომელიც მიკმაკის ტომში (ქვეყნის აღმოსავლეთი) ჯოხით ითამაშებოდა. კანადელი მღვდელი და მისიონერი სილას ტერტიუს რენდი „მიკმაკის ლეგენდებში“ აღწერს თამაშს, რომელსაც ადგილობრივები ტუადიჯიკის ეძახდნენ. 

ბურთით და ჯოხით სათამაშო სპორტის სახეობები წინაქრისტიანული ხანიდან მოდის. ევროპაში ასეთი თამაშებია: ირლანდიური ჰარლინგი, შოტლანდიური შინტი და ბალახის ჰოკეის მსგავსი სხვა შეჯიბრები. ევროპელებმა ისინი კანადაში შეიტანეს და იქაურ გარემოს მოარგეს. 

XIX საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ნახატებში გამოსახულია ყინულის ჰოკეის ადრეული ფორმა შინი, რომელსაც სტანდარტული წესები და მოთამაშეთა განსაზღვრული ოდენობა არ გააჩნდა. შინის თამაშობდნენ მონრეალში (წმინდა ლავრენტის მდინარეზე), კვებეკში, კინგსტონსა და ოტავაში. დღეისთვის შინი ქუჩის ჰოკეისთან ერთად კანადაში ძალიან პოპულარულია. 

ბრიტანელი პოლიტიკოსი ტომას ჩენდლერ ჰალიბარტონი, 1844 წელს გამოცემულ ნაშრომში „ატაშე: ნაწილი მეორე“ იხსენებს ახალი შოტლანდიის პროვინციის ქალაქ უინძორის კინგზის კოლეჯის მოსწავლეებს, რომლებიც მისი სტუდენტობისას (1810 წელს და უფრო ადრე) ყინულის დიდ ტბორზე ჰარლით თამაშობდნენ (ჰარლი – პატარა ბურთის დასარტყამი სპეციალური ფორმის ჯოხი, რომელიც გამოიყენება უძველესი ირლანდიური წარმოშობის თამაშ ჰარლინგში. ჰარლინგი საკმაოდ გავრცელებულია ირლანდიური დიასპორის ქვეყნებში და საკმაოდ წააგავს ბალახის ჰოკეის). ჰალიბარტონის ნაშრომზე დაყრდნობით შესაძლოა თანამედროვე ჰოკეის გამოგონების ადგილად სწორედ უინძორი ჩაითვალოს, თუმცა სხვებს მიაჩნიათ, რომ იგი იმ თამაშებიდან ჩამოყალიბდა, რომლებიც ჰალიფაქსში, კანადის პროვინცია `ახალი შოტლანდიის~ დედაქალაქში იმართებოდა. 

თავად სახელზეც ვთქვათ. სიტყვა „ჰოკეი“ საუკუნეებით ადრე გამოიყენებოდა. ამის ყველაზე ოფიციალური მტკიცებულებაა 1363 წელს, ინგლისის მეფე ედუარდ III ის ბრძანებით გამოცემული დეკლარაცია, რომელიც ზოგიერთ თამაშზე აკრძალვას აკანონებდა: „...გარდა ამისა, ჩვენ გავცემთ წერილობით ბრძანებას, რომ პატიმრობით დაისაჯოს ყველა, ვინც დაკავდება ქვის, ხის ან რკინის სროლით; ხელბურთით, ფეხბურთით ან ჰოკეით; მეძებრებით ნადირობით, მამლების ჩხუბით ან სხვა მსგავსი უსარგებლო თამაშით, ყველათი ერთად თუ თითოეულით ცალ-ცალკე“. 

დავუბრუნდეთ ისევ მონრეალს, სადაც 1875 წლის 3 მარტს ყინულის ჰოკეიში პირველი ორგანიზებული მატჩი შედგა. იგი ციგურებით სასრიალო მოედან „ვიქტორიაზე“ გაიმართა და მასში თითო გუნდიდან მაკგილის უნივერსიტეტის 9 მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ამ დღეს, მაყურებელთა უსაფრთხოების ზომების დასაცავად, ბურთის ნაცვლად ისტორიაში პირველად იქნა გამოყენებული ხის ე.წ. შაიბა (puck). კარის სიგრძე 1,8 მეტრი, ხოლო მატჩის ხანგრძლივობა 60 წუთი იყო. 

1877 წელს, იგივე მაკგილის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა, ბალახის ჰოკეის წესების მიხედვით, ყინულის ჰოკეის 7 წესი შეადგინა. გასაკვირი არ უნდა იყოს და პირველი გუნდიც ამ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა, რომელმაც პირველი მატჩი იმავე წლის 31 იანვარს „მონრეალ ვიქტორიასს“ 2:1 მოუგო. „მონრეალ ვიქტორიასი“ოფიციალურად ჩამოყალიბებული ჰოკეის მეორე კლუბი გახდა (1881). თამაშმა ისეთი პოპულარობა შეიძინა, 1883 წლიდან მონრეალის ყოველწლიური ჩემპიონატის („ზამთრის კარნავალი“) ჩატარება დაიწყეს. ამ ტურნირებიდან გუნდში მონაწილეთა რიცხვი 7-მდე შემცირდა და მეტოქეები ორ 30-წუთიან პერიოდს თამაშობდნენ. 

ევროპაში პირველ მატჩად ითვლება 1885 წელს შვეიცარიის ქალაქ სან-მორიცში გამართული შეხვედრა. მასში ორი ცნობილი უნივერსიტეტის – ოქსფორდისა და კემბრიჯის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოქსფორდელებმა 6:0 მოიგეს. 

1888 წელს კანადის გენერალ-გუბერნატორი, ლორდი ფრედერიკ არტურ სტენლი, რომლის ვაჟები და ქალიშვილი ყინულის ჰოკეის დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ, მონრეალის „ზამთრის კარნავალს“ დაესწრო. სხვათა მსგავსად, თამაშით ისიც მოიხიბლა და ვინაიდან გამარჯვებულს ჯილდოდ არაფერი ერგებოდა, გადაწყვიტა თასი შეეძინა და იგი ჩემპიონისთვის გადაეცა. ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ჩანაფიქრი 1893 წლისთვის მოიყვანა სისრულეში. 10 გინეად (ძველი ბრიტანული ოქროს მონეტა), რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 50 დოლარს შეესაბამება, იყიდა ვერცხლის თასი. სწორედ ეს თასი, მინაწერით The Dominion Hockey Challenge Cup (შემდეგში სტენლის თასი) გადაეცემოდა გამარჯვებულ გუნდებს. ლეგენდარული ტროფეისთვის ჯერ მოყვარული ჰოკეისტები იბრძოდნენ, 1910 წლიდან პროფესიონალები, ხოლო 1927 წლიდან დღემდე, მის აღსამართავად NHL-ის კლუბები პაექრობენ. 

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სტენლის თასის ფორმა და დიზაინი პერიოდულად იცვლებოდა. საქმე ის გახლავთ, თავდაპირველი თასი არ იყო გათვალისწინებული მოგვიანებით დამკვიდრებული ტრადიციისთვის. კერძოდ, სტენლის თასი ერთადერთი ჯილდოა პროფესიონალურ სპორტში, რომელზეც (საწყის წლებში ორიოდე გამონაკლისის გარდა) ყველა გამარჯვებული გუნდის მოთამაშეების, მწვრთნელების და მენეჯერების სახელებიც კი არის ამოტვიფრული. სწორედ ამიტომ, სახელები რომ დატეულიყო, თასის ძირზე შაიბის მქონე რგოლები ემატებოდა და ემატებოდა. მაგალითად, 2017 წლის მდგომარეობით, თასის 125-წლიანი არსებობის მანძილზე სტენლის თასზე ამოტვიფრულია 3177 სახელი, რომელთაგან მოთამაშეებს 1331 ეკუთვნით. 

ყინულის ჰოკეის ევოლუცია 

ხის „შაიბა“ რეზინით 1879 წელს ჩანაცვლდა. თანამედროვე ტექნოლოგიები ამჟამად მისი მყარი დისკის სახით ვულკანიზირებული რეზინისგან დამზადების საშუალებას იძლევა. სტანდარტული „შაიბა“ სისქით 1 დუიმი (25,4 მმ), დიამეტრით 3 დუიმი (76,2 მმ), წონით 5,5-დან 6 უნციამდეა (156-დან 170 გრამამდე). მათზე ხშირადაა დატანილი ორგანიზატორის ან მასპინძელი მხარისთვის სასურველი ლოგოტიპები. მიღებული სტანდარტის მიხედვით, „შაიბა“ მატჩის დაწყებამდე იყინება, რაც თამაშისას მის „ხტომას“ მაქსიმალურად ამცირებს. 

1890 წელს, ონტარიოს პროვინციაში პირველი ოთხგუნდიანი ჩემპიონატი გაიმართა. მალე გამოჩნდა დახურული მოედნები ბუნებრივი ყინულით, რომლის დნობის შესაჩერებლად არენაზე ცივი ჰაერის მიწოდებას კედლებსა და სახურავზე ვიწრო ხვრელების გაკეთებით ცდილობდნენ. პირველი ხელოვნური ყინულის მოედანი მონრეალში (კვებეკის პროვინცია) 1899 წელს აშენდა. 

1900 წელს ჰოკეის კარზე პირველად გამოჩნდა ბადე. ლეგენდის თანახმად, კანადელმა ფრენსის ნილსონმა საამისოდ თევზსაჭერი ბადე გამოიყენა. ამ სიახლემ ბოლო მოუღო გაუთავებელ კამათს – იყო თუ არა გოლი. ლითონის სასტვენი, რომელიც სიცივისგან მსაჯებს ხშირად ტუჩებზე ეკვროდა, ჯერ ზარით, მოგვიანებით კი პლასტმასის სასტვენით შეცვალეს. ამავე დროს შემოიღეს მეტოქეთა შორის „შაიბის“ ჩაგდება (მანამდე მსაჯი ხელით მიიტანდა მეტოქე მოთამაშეების ჰოკიჯოხებს (ყვანჭებს) ყინულზე დადებულ „შაიბასთან“ და უმალ უკან გარბოდა, რომ მოპაექრეთაგან ჯოხის მოხვედრება თავიდან აეცილებინა). 

კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 1904 წლიდან პრაქტიკულად ერთდროულად გაჩნდა პირველი პროფესიონალური გუნდები. ამავე წელს ჰოკეისტები თამაშის ახალ (თანამედროვე) სისტემაზე – „ექვსი ექვსზე“ გადავიდ¬ნენ. დადგინდა სათამაშო მოედნის სტანდარტული ზომაც – 56მx26მ. 4 წელიწადში მოხდა პროფესიონალებსა და მოყვარულებად სრული განცალკავება. ამ უკანასკნელთა შორის ალანის თასის გათამაშება შემოიღეს, რომლის გამარჯვებული კანადას მსოფლიო ჩემპიონატებზე წარმოადგენდა. 

XX საუკუნის დასაწყისში, ევროპაში კანადური ჰოკეით დაინტერესებამ იმატა. 1908 წელს პარიზში გამართულმა კონგრესმა ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (IIHF) დააფუძნა. მასში თავდაპირველად 4 ქვეყანა იყო გაერთიანებული – ბელგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია. 

1910 წელს მონრეალში შეიქმნა ნაციონალური ჰოკეის ასოციაცია (NHA), რომელმაც კიდევ უფრო დახვეწა ყინულის ჰოკეის წესები – თამაში დაყო სამ ოცწუთიან ტაიმად, შემოიღო მცირე და დიდი გაძევებები, თამაშის სანახაობრიობისა და ტემპის გასაზრდელად ნებადართული გახდა მონაწილეთა შეცვლა. რეორგანიზების შემდეგ 1917 წელს ასოციაცია ლიგად (NHL) გადაკეთდა და მას აშშ-დან პირველი „ბოსტონ ბრუინსი“ შეუერთდა. 

პროფესიონალური ლიგები მოგვიანებით ევროპაში ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი პირველი გახდა შვეიცარიის ნაციონალური ლიგა A, რომელიც 1916 წელს დაარსდა. დღეს პროფესიონალური ლიგები შექმნილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მათ შორის მოწინავე ლიგებია: კონტინენტური ჰოკეის ლიგა (KHL), ჩეხეთის ექსტრალიგა, ფინური SM-ლიგა და შვედეთის ჰოკეის ლიგა (SHL). 

არაერთი სიახლე ეკუთვნით ჰოკეისტ ძმებს – ჯეიმს, კრეიგ და ლესტერ პატრიკებს (Patrick). მათი ინიციატივით მოთამაშეებს ნომრები მიეკუთვნათ, ქულები მხოლოდ გატანილი გოლებისთვის კი არა, შედეგიანი გადაცემისთვისაც ერიცხებათ („გოლი+პასის“ სისტემა), ჰოკეისტებს წინ პასის უფლებაც მისცეს, ხოლო მეკარეს ყინულიდან ციგურების მოშორება თამაშის წესის დარღვევად აღარ ეთვლება. 

1911 წელს IIHF-მ ჰოკეის კანადური წესები დაამტკიცა, ხოლო 1920 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი გამართა. 1930 წელს „მონრეალ მარუნსის“ (Montreal Maroons) მეკარე კლინტ ბენედიქტი (Clint Benedict) ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, ვინც სახის დამცავი ნიღბით ითამაშა. ეს მოხდა 20 თებერვალს „ნიუ იორკ ამერიქენსთან“ (New York Americansს) მატჩში. მან ამ სეზონის კიდევ 4 მატჩში გამოიყენა ნიღაბი და როგორც ამბობენ, ყველაში სხვადასხვა მოდიფიკაციას სცდიდა. ბენედიქტმა NHL-ში მისი ბოლო მატჩი 4 მარტს ითამაშა და ნიღაბმაც ვერ უშველა მეტოქესთან შეჯახებისას – ცხვირი დაიზიანა. 

ყინულის ჰოკეის „მამებმა“ 1934 წლიდან საჯარიმო დარტყმა (ე.წ. ბულიტი) – ჰოკეის პენალტი დააკანონეს. 1945 წელს, გატანილი გოლის უფრო ზუსტად კონტროლისთვის კარს უკან გაჩნდა სხვადასხვა ფერის ფარნები – წითელი ნიშნავს, რომ გოლი გავიდა, ხოლო მწვანე – გოლი არ გასულა. 1946 წლიდან დაინერგა სამსაჯო ჟესტების სისტემა, რითაც არენაზე მომხდარი კონკრეტული დარღვევა იოლი გასარჩევი გახდა. 

ოფიციალურ ტურნირზე ძველი და ახალი სამყაროს გუნდების პირველი მატჩი, 1920 წელს ჰოკეისტთა მონაწილეობით გამართულ პირველ ოლიმპიადაზე (ბელგიის ქალაქ ანტვერპენში) შედგა. ადგილობრივი დროით 24 აპრილის 17:00 საათზე აშშ-სა და შვეიცარიის დაპირისპირება დაიწყო, რომელიც „იანკებმა“ 29:0 მოიგეს. თავად ტურნირში, ისევე როგორც მორიგ 3 ოლიმპიურ გათამაშებაზე (1924, 1928, 1932) კანადამ იმარჯვა. სხვათა შორის, კანადელთა 16-წლიანი ოლიმპიური ჰეგემონია 1936 წელს ბრიტანელებმა დაასრულეს. ამ ტურნირზე იაპონიის რიგებში მოთამაშე ტანაკო ჰონმა ისტორიაში პირველი მეკარე იყო, რომელმაც საერთაშორისო დონის მატჩებისას ნიღაბი გამოიყენა.

ცნობისთვის, კანადის ეროვნული ნაკრები „წონიან“ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეთა შორის ყველაზე ტიტულოვანია. 1920 წლიდან დღემდე მან 72 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და 50-ჯერ პირველ სამეულში მყოფმა დაასრულა იგი – მათგან 26 ჩემპიონის ტიტულით. რაც შეეხება ოლიმპიადას, კანადელები აქაც საუკეთესოები არიან – 22 გათამაშებაში 16-ჯერ სამეულში მოხვდნენ, მათ შორის 9 ჩემპიონის ტიტულით. 

"დიადი" და "შესანიშნავი" – კანადური ჰოკეის ლეგენდები 

ვიდრე პროფესიონალურ ჰოკეიში დახარჯულ და გამომუშავებულ თანხებს დავითვლიდეთ, ორი გამორჩეული კანადელის გატანილი გოლები და შედეგიანი გადაცემები დავთვალოთ. უეინ გრეცკი (Wayne Gretzky) ინგლისურენოვანი კანადის, მარიო ლემიე (Mario Lemieux) კი ფრანგულენოვანი კანადის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან. პირველი, რომელსაც უკვე 19 წლიდან შეარქვეს „დიადი“ (the Great One), დღემდე რჩება NHL-ის საუკეთესო მეგოლედ. მან კლუბებში („ედმონტონ ოილერზი“, „ლოს ანჯელეს კინგზი“, „სენტ ლუის ბლუზი“, „ნიუ იორკ რეინჯერსი“) ნათამაშებ პროფესიონალური კარიერის 1487 მატჩში 894 გოლი და 1963 „ასისტი“ მიითვალა. ლიგის ყველაზე საპატიო სტენლის თასი თავს ზემოთ მხოლოდ „ედმონტონში“ თამაშისას აღმართა და ისიც, ოთხჯერ (1984, 1985, 1987, 1988). გრეცკიმ, მისი კუმირის – გორდი ჰოუს (Gordie Howe) პატივსაცემად პროფესიონალური კარიერის მეგზურად #99 აირჩია. სპორტული დღეგრძელობით (ჰოუმ 52 წლის ასაკში ითამაშა ბოლო კარიერული მატჩი) განთქმული „მისტერ ჰოკეი“ მუდამ #9 მაისურს ატარებდა, მაგრამ გუნდში, სადაც „დიადის“ აღმასვლა იწყებოდა, 9-იანი უკვე დაკავებული იყო. გრეცკის მიმართ კანადელთა მხრიდან გამოხატული პატივისცემის ნიშნად, NHL-ში #99-ს ვეღარავინ ჩაიცვამს. 

რა უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, უეინ გრეცკიმ მოთამაშის კარიერა (1978-1999) ისე დაასრულა, ვერც მსოფლიო და ვერც ოლიმპიური ჩემპიონობა მოიგო. 2002 წელს კი, როცა ამერიკულ სოლტ ლეიკ სიტში კანადამ ოლიმპიადაზე იმარჯვა, იგი ნაკრების გენერალური მენეჯერი იყო და კუთვნილი ოქრო მაინც მიიღო. ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ერთი საგოლე პასით კანადელთა კაპიტანმა მარიო ლემიემაც შეიტანა, ვისთვისაც ეს პირველი და უკანასკნელი სანაკრებო ოქრო გახლდათ. რაც შეეხება მარიო ლემიეს მეტსახელს, სანახაობრივი თამაშის სპორტული მიღწევების გამო, გულშემატკივრებმა მას "შესანიშნავი" (ფრ. Le Magnifique) შეარქვეს. ლემიეს ეკუთვნის აგრეთვე მეორე მეტსახელი გულშემატკივრებისგან – "სუპერ მარიო", ცნობილი ვიდეოთამაშის პერსონაჟთან სახელით მსგავსების გამო. 

„შესანიშნავმა“ „დიადზე“ 6 წლით გვიან დაიწყო საკლუბო კარიერა (1984-1997, 2000-2006) და საერთო ჯამში 17 სეზონი მხოლოდ ერთ კლუბში, ამერიკულ „პიტსბურგ პინგვინზში“ გაატარა. აქ „სუპერ მარიო“ ორჯერ (1991, 1992) გახდა სტენლის თასის მფლობელი. ხშირი ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო ლემიე 1997 წელს იძულებული იყო დიდ ჰოკეის დამშვიდობებოდა. სიმსივნის მკურნალობასა და ზურგის ქრონიკული ტრავმის მორჩენას 3 წელი მოანდომა და საკუთარ მფლობელობაში მყოფ „პინგვინებს“ კიდევ ერთხელ დაუბრუნდა. მარიო ლემიემ 915 საკლუბო მატჩში 690 გოლი გაიტანა და 1033 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მის პატივსაცემად 66-ნომრიანი მაისურის ტარება NHL-ში არაოფიციალურად, ხოლო „პიტსბურგსა“ და კანადის ნაკრებში სხვისთვის ოფიციალურადაა აკრძალული. 

ჰოკეის კომერციალიზაცია – NHL-ის წარმატების მთავარი წყარო 

შევთანხმდეთ, პლანეტაზე ყინულის ჰოკეის მოთამაშეთა ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პროფესიონალური ლიგა NHL (National Hockey League) გახლავთ. ლიგის მესვეურებმა მოგების არნახულ მასშტაბებს, რეგულარული გათამაშებისა და სეზონის დასკვნითი საპლეიოფე ეტაპის მატჩების სატელევიზიო ტრანსლირების უფლებათა „ზღაპრულ“ ფასებში გაყიდვით მიაღწიეს. დიდი შემოსავლები მოაქვს სპონსორთა სეგმენტსაც. კონკრეტულად რა მასშტაბის მოგებას ვგულისხმობთ, პირველი პანდემიური სეზონის (2019/2020) ფინანსური შედეგებიდან დავრწმუნდებით. 

COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, NHL-ის შარშანდელი სეზონი ჩაშლის პირას იყო, მაგრამ ორგანიზატორებმა შემჭიდროებულ ვადებში მაინც მოახერხეს სტენლის თასის გამარჯვებულის გამოვლენა (კლუბი „ტამპა ბეი ლაითნინგი“). Forbes-მა NHL-ში გაერთიანებული კლუბების გასული სეზონის ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებელი შეაჯამა, რომლებსაც აქვე გაგაცნობთ. 

NHL დღეს 31 გუნდს აერთიანებს (24 აშშ-დან, 7 კანადიდან). მათი საშუალო ღირებულება 653 მილიონი ამერიკული დოლარია, რაც 2001 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ლიგის შემოსავალი წინა სეზონთან შედარებით 14%-ით შემცირდა და 4,4 მილიარდი შეადგინა, საოპერაციო მოგება კი მხოლოდ 250 მილიონი იყო, რაც 2018/2019 წლების სეზონთან შედარებით 68%-ით ნაკლებია. ლიგამ სწორი მენეჯმენტის წყალობთ ედმონტონისა და ტორონტოს „დახურულ“ სივრცეებში სტენლის თასის გათამაშების ჩატარების წყალობით მინიმუმამდე დაიყვანა ტელეტრანსლირების შეკვეცით გამოწვეული მოგების ეს დანაკარგი. პლეი-ოფის უმაყურებლოდ გამართვამ NHL-ს 200 მილიონზე მეტი შემოსავალი მოაკლო. 

ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბია „ნიუ იორკ რეინჯერსი“, რომლის ღირებულება 1,65 მილიარდი დოლარია. პირველ ხუთეულში „ცისფერპერანგებიანების“ („ცისფერპერანგებიანები ბროდვეიდან“ – „ნიუ იორკ რეინჯერსის“ მეტსახელი) გარდა შედიან: „ტორონტო მეიპლ ლიფსი“ – 1,5 მილიარდი, „მონრეალ კანადიენსი“ – 1,34 მილიარდი, „ჩიკაგო ბლექ ჰოუკსი“ – 1,085 მილიარდი და „ბოსტონ ბრიუინსი“ – 1 მილიარდი. სწორედ ამ ხუთეულზე მოდის ლიგის შემოსავლების დაახლოებით მეოთხედი. ამიტომაც, მათ გარეშე NHL 50 მილიონ დოლარს დაკარგავდა. აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ჩემპიონი „ტამპა ბეი ლაითნინგი“ 470 მილიონადაა შეფასებული და რეიტინგის 21-ე საფეხურზეა. რაც შეეხება, ყველაზე იაფი „არიზონა კოიოტისის“ ფასს, იგი 285 მილიონ დოლარს უტოლდება. 

NHL-ს სათამაშო სახეობების 3 უმდიდრეს პროფესიონალურ ლიგასთან (ამერიკული ფეხბურთი, კალათბურთი, ბეისბოლი) შედარებით, ფედერალურ მაუწყებელთან დაბალი ღირებულების კონტრაქტი აქვს – წლიურად 820 მილიონი დოლარი. მიმდინარე წელს ლიგასა და ტელეკომპანია NBC-ს შორის 10 წლის წინ დადებული ტელესამაუწყებლო ხელშეკრულება იწურება და NHL-ის კომისარი გარი ბეტმენი გაცილებით შემოსავლიანი ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედადაა. 

NHL მის წევრ კლუბებს სახელფასო „ჭერს“ უწესებს. მიმდინარე სეზონში იგი შარშანდლის მსგავსად 81,5 მილიონი დოლარია, ხოლო დაბალი ზღვარი 60,2 მილიონი. 2020 წლის 10 ივლისს გაფორმებული კოლექტიური შეთანხმების პირობებით, აღნიშნული „ჭერი“ მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე ლიგის ჰოკეის შემოსავლები (აქ არ შედის სამაუწყებლო და სასპონსორო შემოსავლები) 3,3 მილიარდ დოლარს არ გადააჭარბებს. 

Forbes-ი ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოკეისტების რეიტინგსაც აწარმოებს. ავტორიტეტული გამოცემის ექსპერტთა დაანგარიშებით, მოწინავე ათეულში მყოფმა სპორტსმენებმა 2021 წელს ჯამურად 125 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშაონ, საიდანაც 23 მილიონი არასახელფასო შემოსავლები იქნება. 

პირველი სამეულის მონაცემები წარმოდგენას შეგვიქმნის იმ მასშტაბებზე, რასთანაც ყინულის ჰოკეის თანამედროვე „ვარსკვლავების“ შემთხვევაში გვაქვს. 1. ოსტონ მეტიუსი (Auston Matthews) – 23 წლის, აშშ, „ტორონტო მეიპლ ლიფსი“, წლიური შემოსავალი 16 მილიონი დოლარი (13 მილიონი ხელფასი, 3 მილიონი სპონსორები); 2. კონორ მაკდევიდი (Connor McDavid) – 24 წლის, კანადა, „ედმონტონ ოილერზი“, 15,2 მილიონი (10,7+4,5); 3. მიტჩ მარნერი (Mitch Marner) – 23 წლის, კანადა, „ტორონტო მეიპლ ლიფსი“, 15 მილიონი (12,3+2,7).

ქართული კვალი ყინულზე 

საქართველოში ყინულის ჰოკეის ისტორია სათავეს 1960 წლიდან იღებს. ორ წელიწადში სსრკ ხალხთა ზამთრის პირველი სპარტაკიადა უნდა გამართულიყო და გუნდის შექმნაც იმიტომ დაიწყეს. მწვრთნელი მოსკოვიდან ჩამოიყვანეს, ხოლო 1961 წლის იანვარში ბაკურიანში რესპუბლიკის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. მასში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ადიგენის, ახალქალაქისა და დუშეთის 7 გუნდი ასპარეზობდა. მონაწილეებს უმეტესად ამ ქალაქებში მომსახურე სსრკ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შეადგენდნენ. ჩემპიონატი ახალქალაქის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში ბათუმელები 9:4 დაამარცხა. ამ ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია თბილისის პირველ გუნდს, რომელიც იმ დროს მოკავშირე რესპუბლიკების ჩემპიონატში თამაშობდა. მან ჯერ ორჯერ ესტონეთთან წააგო (0:25, 0:12), ხოლო შემდეგ ბელორუსიისა და უკრაინის ნაკრებებთან დამარცხდა. ბაკურიანში გამართულ გათამაშების მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრები კვლავ ყველა მატჩში დამარცხდა და შეჯიბრი ბოლო ადგილზე დაასრულა. 

1962 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს მორიგი ჩემპიონატი, რომლის ფინალში დედაქალაქის პირველმა გუნდმა ახალქალაქის მოთამაშეები 4-2 დაამარცხა. ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები, რომელმაც 1962 წლის მარტში სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადაში ითამაშა. ქართველებმა შეჯიბრში ორი შეხვედრა მოიგეს (ყირგიზეთთან 1:0, სომხეთთან 11:2) და 12 მონაწილე გუნდს შორის მეათე ადგილზე გავიდნენ. 

ეროვნულ დონეზე სპორტის ამ სახეობის პოპულარობამ 2009 წლიდან იმატა, როცა საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია IIHF-ის ასოცირებული წევრი გახდა. უკვე მომავალ წელს შედგა ქვეყნის ეროვნული გუნდის სადებიუტო მატჩი – ერევანში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან (1:8). იქვე რამდენიმე დღეში ქართველებმა სომხეთის ნაკრებთან დღემდე ყველაზე დიდი სხვაობით იწვნიეს მარცხი – 1:22 (ანტი-რეკორდის ზუსტი გამეორება 2014-ში ჩრდილოეთ კორეასთან ლუქსემბურგში მოხდა). ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება კი, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 2017 წელს მიმდინარე III დივიზიონის გუნდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან მატჩში შეძლო – 19:0. 

სანაკრებო დონეზე საუკეთესო სეზონი „მთიულებს“ (ესაა ქართველ ჰოკეისტთა თიკუნი) 2018 წელს ჰქონდათ, როცა სამხრეთ აფრიკაში გამართული III დივიზიონის გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს და რანგით დაწინაურდნენ. მომავალ წელს II-B დივიზიონში ჩვენებურებმა ადგილი შეინარჩუნეს, მაგრამ უკვე მეორე წელია რეიკიავიკში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ ტურნირზე პანდემიის გამო ვერ მიემგზავრებიან. ცნობისთვის, ბოლო ოფიციალურ გათამაშებაში (მექსიკა, 2019) მონაწილე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი როლანდ სვანიძე) ქვეყნის ჩემპიონატზე მონაწილე 3 კლუბის 19 მოთამაშით იყო დაკომპლექტებული: ბაკურიანის „მიმინო“ (9), თბილისის „რუხი მგლები“ (7) და „ცეცხლოვანი ჯვაროსნები“ (3). 

IIHF-ის მამაკაცთა რეიტინგში სულ 54 ქვეყნის ნაკრებია, რომელთა შორის ჩვენი გუნდი ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს (38-ე ადგილი) 2019 წლიდან ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, საქართველო ჯერ ვერ ხვდება იმ 37 ქვეყნის სიაში, სადაც 1000-ზე მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული ყინულის ჰოკეის მოთამაშეა. ამ ჩამონათვალში მოწინავე პოზიციები აქვთ კანადას (607951), აშშ-ს (561700), ჩეხეთს (129595), რუსეთს (100701), შვედეთსა (73293) და ფინეთს (71063). 

შმაგო სორელი