ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
NIKE – პედაგოგისა და მოწაფის უბრალოდ შექმნილი იმპერია - №2(67), 2021
ყველაფერი თითქოსდა უაზრო იდეას მოჰყვა – ორეგონის შტატში მცხოვრებმა 24 წლის ახალგაზრდამ ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვება და უამრავი ადამიანის ცხოვრების სტილის შეცვლა გადაწყვიტა. სტენფორდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულმა ფილ ნაიტმა მამას სესხად ორას დოლარამდე გამოართვა, გარისკა და სპორტული ფეხსაცმელების სამყაროში გადატრიალება
მოახდინა.

ბრენდი Nike-ს შემქმნელებმა ერთმანეთი 1957 წელს, ორეგონის შტატის უნივერსიტეტში გაიცნეს. ისინი მძლეოსნობის მწვრთნელი ბილ ბაუერმანი (Bill Bowerman) და საშუალო დისტანციებზე მორბენალი პირველკურსელი ფილ ნაიტი (Phil Knight) იყვნენ. სპორტის მგზნებარედ მოყვარულმა ორმა მამაკაცმა მალე მონახა საერთო ენა. ბილმა უნივერსიტეტის სტუდენტებიდან არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდა. იგი 1972 წელს მძლეოსნობაში აშშ-ს ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მიიწვიეს. დიად დამრიგებელს, გარდაცვალების შემდეგ, დიდების ნაციონალურ დარბაზში ბიუსტი დაუდგეს.

ფილ ნაიტი ორეგონის უნივერსიტეტში სწორედ ლეგენდარული მწვრთნელის გუნდში მოსახვედრად ჩაირიცხა. ბაუერმანმა იგი მიღწეული შედეგით დაუკმაყოფილებლობას და გუნდური უნარების სრულყოფილებას მიაჩვია. უნივერსიტეტის შემდეგ ნაიტი სტენფორდის ბიზნესსკოლის მსმენელი გახდა, სადაც დაიცვა საკურსო ნაშრომი თემაზე „წარმოების განვითარების პერსპექტივები იაპონიაში“. სტუდენტი იაპონელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის იდეით „მოიწამლა“. იგი მალე მიხვდა, რომ ამერიკაში იაფიანი ბოტასების ექსპორტი პროფესიონალი სპორტსმენების ძვირი ფეხსაცმლის კარგი ალტერნატივა შეიძლება გახდეს. იმ პერიოდში, ჩვეულებრივი ბოტასი მოუხერხებელი სახმარი იყო. სამაგიეროდ, ძვირადღირებულზე ($30) ბევრად იაფი ($5) ღირდა. ნაიტმა სიტუაციის შეცვლა და სპორტული ეკიპირების სფეროში გერმანული ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა გადაწყვიტა.

1962 წელს ნაიტი იაპონიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი Tiger-ების აშშ-ში იმპორტის კონტრაქტი გააფორმა. მან იქვე იმ კომპანიის სახელი მოიგონა, რომელსაც პარტნიორებთან ურთიერთობაში წარმოადგენდა – Blue Ribbon Sports. იაპონური ბოტასების პირველი პარტია (300 ცალი) გაყიდვაში ერთ წელიწადში გამოჩნდა. ფილი საწყობად მშობლების სამრეცხაოს იყენებდა.

1964 წელს, სრულფასოვანი პარტნიორის პირობებზე ფილი სათანამშრომლოდ ბილ ბაუერმანს იწვევს. მწვრთნელი და ყოფილი მოსწავლე საერთო საქმეში 500-500 დოლარს აბანდებენ. მათი ბიზნესი პირად კონტაქტებზე ეწყობა – ბოტასების პირველი პარტია ნაცნობ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მიჰყიდეს, რომელთა მსუბუქი და მოხერხებული ფეხსაცმლის უპირატესობაში დაჯერება იოლი იყო. 300 წყვილი ბოტასის გაყიდვით მათ დაახლოებით 8000 დოლარი გამოიმუშავეს.

კომპანია ერთ წელიწადში გაფართოებას იწყებს. საუნივერსიტეტო გარბენებში ნაიტის ყოფილი მეტოქე ჯეფ ჯონსონი Blue Ribbon Sports-ის პირველი შტატიანი თანამშრომელი ხდება. იგი საკუთარი ფურგონიანი ავტომობილით მძლეოსნობის შეჯიბრებზე დასასწრებად გადაადგილდება და სპორტსმენებს Tiger-ის ბოტასებს სთავაზობს, თან მძლეოსნებისგან იგებს, მომავალში როგორი ფეხსაცმლის შეძენას ისურვებდნენ. ამით ის „ნაიკის“ საბაზრო სტრატეგიისთვის საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას იღებს.

ჯონსონი ბრენდის სახელის ავტორიცაა. მან 1965 წელს, სიზმარში, ძველბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე ნახა. პარტნიორებმა სწორედ მის პატივსაცემად გადაწყვიტეს და ახალი ბრენდის ბოტასებს Nike დაარქვეს. უკვე 1966 წელს, ჯეფ ჯონსონი სანტა მონიკაში მდებარე Blue Ribbon Sports-ის პირველ სახელოსნოში, ფეხსაცმლის კერვას იწყებს. პირველ პარტიაში დამზადებული ფეხსაცმელი სპეციალურად მორბენალებისთვის დაამზადეს. იგი მსუბუქია და ჩვეულებრივი მასალისგან განსხვავებით მზეზე ხანგრძლივად ყოფნისას არ სკდება.

1969 წელი – კომპანიის საქმეები კიდევ უფრო წარმატებულად მიდის: დასაქმებულია 20 თანამშრომელი, მუშაობს რამდენიმე საცალო ვაჭრობის მაღაზია, წლიური ბრუნვა 300 ათასი დოლარია. ფილ ნაიტი უარს ამბობს პორტლენდის უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, რჩება უბრალო მასწავლებლად და მთელ ყურადღებას სწრაფად მზარდი ბრენდის განვითარებას უთმობს.

პირველი წარმატებები და პრობლემები

1971 წელს Nike-ს დამფუძნებელი ისევ უნივერსიტეტში მუშაობდა და ბუღალტრული კურსების სწავლებისას გაიცნო სტუდენტი კეროლინ დევიდსონი (Caronyn Davidson) – გოგონა, რომელმაც swoosh-ის სახელით ცნობილი „ნაიკის“ ლოგო შექმნა. ნაიტის ისტორიული არჩევანის გაკეთებამდე, კეროლინმა ათეულობით ლოგოტიპის ვარიანტი შეიმუშავა. წარუმატებელი მცდელობებით განაწყენებულმა დიზაინერმა, ნაშრომის შეფასების გარეშე შემოწმებისას გაკეთებული ნიშანი მოხაზა და ასარჩევ ვარიანტებს შორის ისიც დამკვეთის მაგიდაზე აღმოჩნდა. არადა, პროდუქციით დატვირთული ტრაილერები მექსიკის საზღვართან იდგნენ და რჩეული ლოგოს ვერსიას ელოდნენ. ფილ ნაიტმა swoosh-ი აირჩია, რომელზეც არ „გადარეულა“, მაგრამ საკუთარ თავს შთააგონა, რომ მას აუცილებლად შეეგუებოდა. ლოგოტიპის ავტორმა ბიზნესმენს 35-დოლარიანი ანგარიში წარუდგინა. მოგვიანებით, უფრო ზუსტად კი 1983 წელს, როცა swoosh-ი უკვე ცნობადი გახდა, მადლიერების ნიშნად ნაიტმა დევიდსონს „ნაიკის“ ემბლემით დამშვენებულ ბრილიანტის თვლებიან ოქროს ბეჭედთან ერთად, კომპანიის 500 აქცია აჩუქა.

ბიზნესი სულ უფრო ვითარდება, თუმცა წარმატებასთან ერთად თავს პირველი პრობლემებიც იჩენს. ბრენდის სწრაფი ზრდის შემყურე იაპონელი მიმწოდებელი ნაიტის წილს ყიდულობს, რითაც Nike აშშ-ში Tiger-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორის უფლებებს კარგავს. იაპონელთა ულტიმატუმი სასამართლო პროცესამდე მიდის. შედეგი – ფილ ნაიტის ბრენდს Tiger-ის პროდუქციით სარგებლობა კიდევ 6 თვე შეუძლია, მერე კი, მხოლოდ საკუთარი ფეხსაცმლით უნდა ივაჭროს.

1972 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე (მიუნხენი) გამართულ ოლიმპიადაზე Nike-მა ბოტასის Moon Shoes მოდელი წარადგინა. იგი ნაიტის პარტნიორმა ბილ ბაუერმანმა რეზინზე ექსპერიმენტის შედეგად შექმნა. მან ამ მოდელის მისაღებად მეუღლის სამზარეულო არსენალიდან ვაფლის უთო გამოიყენა. ბილის რევოლუციური ნოუ-ჰაუ მომავლისთვის საფუძველი გახდა ფეხსაცმლის ცვეთამედეგი ძირების დამზადების საქმეში.

Blue Ribbon Sports-მა ბოტასების ექსპორტი დაიწყო. გასაღების პირველი არეალი კანადა გახდა. შედეგად, „ნაიკის“ შემოსავალმა საგრძნობლად იმატა და 1972 წელს 1,96 მილიონი დოლარი შეადგინა.

სპორტით გატაცებულ ნაიტს კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ბიზნესში პროფესიონალი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია თანამშრომლობისთვის იწვევს დამწყებ და განთქმულ სპორტსმენებს. ამ მარკეტინგული სვლის შედეგად, კანადის ქალაქ მონრეალში ჩატარებულ ოლიმპიადაზე მძლეოსანთა უმრავლესობა „ნაიკის“ საფირმო ბოტასებში ასპარეზობდა. ბრენდი არცერთ ოლიმპიადას ან მსხვილ სპორტულ გათამაშებას არ ტოვებს. მათი ფეხსაცმლით აღჭურვილი ათლეტები ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს, იგებენ ჩემპიონატებს და მოიპოვებენ საყოველთაო აღიარებას.

ბრენდის გაყიდვები მატულობს და „ნაიკის“ ხელმძღვანელები რამდენიმე სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებენ:

– 1978 წელს კომპანიის დასახელება შეიცვალა და Blue Ribbon Sports-ი გახდა Nike lnc.;

– იმავე წელს გააფორმეს კონტრაქტი ჩოგბურთელ ჯონ მაკინროისთან (John McEnroe), რომელიც 2 წელიწადში პლანეტის ნომერ პირველი ჩოგანი გახდა;

– კომპანიამ ბოტასების პირველი საბავშვო კოლექციის ხაზი გაუშვა;

– დაიწყო სპორტსმენებისთვის ტანსაცმლის წარმოება.

აგრესიული მარკეტინგისა და დიზაინში ინოვაციური სიახლეების დანერგვამ 1980 წლისთვის „ნაიკის“ ბოტასები აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი გახადა. მან ამ მაჩვენებლით ბაზრის მუდმივ ლიდერ "ადიდასს" გაუსწრო. 1981 წელს კომპანიის შტატიანი თანამშრომლების რიცხვმა 3000-ს მიაღწია, ხოლო შემოსავალი 458 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

"ნაიკის" სპორტული ვარსკვლავები

ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმისას ფილ ნაიტმა და ბილ ბაუერმანმა დაისახეს მიზანი – გამოუშვან ისეთი ბოტასები და სხვა სპორტული ეკიპირება, რომლებიც სპორტსმენებს შეუძლებლის მიღწევაში დაეხმარება. „ნაიკი“ აქტიურად მუშაობს მორბენლებთან, ჩოგბურთელებთან, ფეხბურთელებთან, კალათბურთელებთან და მათ მაღალი შედეგების მიღწევაში ეხმარება. სპორტსმენებთან პარტნიორობას მოგება მოაქვს, ამაღლებს მყიდველის ლოიალობას და კომპანიის წინაშე საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების ახალ პერსპექტივებს აჩენს.

– ორეგონის უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის სამოყვარულო გუნდის წარმომადგენელმა დენ ფოუტსმა (Dan Fouts), სპორტის ამ სახეობაში პირველმა 1972 წელს ჩაიცვა "ვაფლის" ძირიანი Moon Shoes. მომავალში იგი პროფესიონალ ფეხბურთელთა (NFL) შორის 6-გზის ჩემპიონი გახდა;

– მძლეოსანი სტივ პრეფონტეინი (Steve Prefontaine) პირველი პროფესიონალი სპორტსმენი იყო, ვინც 1973 წელს „ნაიკის“ ფეხსაცმლით იასპარეზა. 5000 მეტრზე სირბილში მიუნხენის ოლიმპიადის მონაწილე მძლეოსნობაში თავის კოლეგებში ამ ბრენდის ბოტასების პოპულარიზაციას ეწეოდა;

– 1980 წელს, ინგლისელმა მორბენალმა სტივ ოვეტმა (Steve Obett) მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 800 მეტრზე ფინალურ გარბენში სწორედ „ნაიკის“ ბოტასებით გაიმარჯვა;

– 1981 წელს, ამერიკელმა მორბენალმა ალბერტო სალაზარმა (Alberto Salazar) ზედიზედ მეორე ნიუ-იორკის მარათონი „ნაიკით“ შემოსილმა, ახალი მსოფლიო რეკორდით (2:08:12) მოიგო;

– მძლეოსანმა ჯოან ბენუამ (Joan Benoit) 1984 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალი ქალთა მარათონულ გარბენში „ნაიკის“ ბოტასებში მორბენალმა დაისაკუთრა;

– „ნაიკმა“ 1985 წელს კონტრაქტი ლეგენდარულ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანთან გააფორმა (უფრო კონკრეტულად, ცოტათი ქვემოთ – შ.ს.);

– ჩოგბურთელი პიტ სამპრასი (Pete Sampras) 1995 წელს უიმბლდონის ტურნირის მოგებისას „ნაიკის“ ფეხსაცმელებით ასპარეზობდა;

– 1996 წლის ოლიმპიადაზე 200 და 400 მეტრზე ფინალურ გარბენებში გამარჯვებისას მაიკლ ჯონსონს (Michael Johnson) "ნაიკის" ზემჩატე (85 გრამი) ქაცვებიანი ბუცები ეცვა;

– 1997 წელს კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა იმედისმომცემ გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსთან (Tiger Woods). იგი სამოყვარულო სპორტიდან პროფესიონალურში გადავიდა და თან „ნაიკის“ კედები და ტანსაცმელი იახლა. ბოტასებზე, კეპზე და მაისურზე საფირმო swoosh-ებით ვუდსმა პირველად სწორედ ამ წელს მოიგო გოლფში მისი პირველი მასტერსი;

– 1998 წელს ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდოს (Ronaldo), იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი ფინალში დამარცხდა, მუნდიალის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიანიჭეს. მატჩებს იგი "ნაიკის" მიერ სპეციალურად მისთვის დამზადებულ Mercury-ს ბუცებში ატარებდა;

– 1999 წელს, ამერიკელმა ველოსიპედისტმა ლენს არმსტრონგმა (Lance Armstrong) „ნაიკის“ ბოტასებში მოიგო „ტურ დე ფრანსზე“ მისი პირველი ტიტული (სულ მან ამ რბოლაში 7-ჯერ იმარჯვა). თან, მან ეს შეძლო სიმსივნის მძიმე დაავადების დაძლევის შემდეგ გავლილი ხანგრძლივი რეაბილიტაციის მიუხედავად;

– 2010 წლიდან პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ (Cristiano Ronaldo) „ნაიკის“ მიერ შემუშავებული ახალი თაობის ბუცების Mercurial Vapor Superfly II საზოგადოებისთვის წარმდგენია. ეს გახლავთ ადაპტირებული ქაცვების მქონე დარგის „ბოლო სიტყვა“ – ქაცვები, მოედნის საფარის მიხედვით, თავად იცვლიან ზომას.

NIKE და ჯორდანი

1985 წელს, „ნაიკის“ ხელმძღვანელობამ სპორტული ტალანტების აღმოჩენაზე კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი ნიჭი. ბრენდი კონტრაქტს აფორმებს NBA-ს მკვიდრი „ჩიკაგო ბულზის“ 22 წლის ახალბედა მაიკლ ჯორდანთან (Michael Jordan). „ნაიკის“ ოჯახში ამ ტალანტის შემობიჯებით ძალიან ბევრი რამ იცვლება – პროდუქციის დიზაინი, მარკეტინგული პრინციპები, ასორტიმენტი. პირველად იქნა შემუშავებული კონცეფცია ახალი კოლექცია Jordan-ისთვის, რომელშიც შედის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

ვიდრე Nike კალათბურთის სამყაროში შეიჭრებოდა, იქ Converse-ს კედები დომინირებდა. ახალმა Air Jordan-ებმა ნამდვილი ფურორი ჯერ კიდევ ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე მოახდინა. 1 აპრილისთვის, როცა ბოტასების ბაზარზე შემოტანა იგეგმებოდა, მაღაზიებთან გულშემატკივართა უზარმაზარი რიგები იყო. ინტერესს ისიც ამძაფრებდა, რომ NBA-ს მატჩებში „ნაიკის“ შავ-წითელი ბოტასებით თამაშისთვის ჯორდანი დაპატიმრებული ჰყავდათ. იმ პერიოდში ყველა კალათბურთელი თეთრ ფეხსაცმელს იცვამდა, ამიტომ ახალბედა მათ ფონზე ძლიერ გამოკვეთილი იყო. NBA-ს კომისრებმა ჯორდანი 1000 დოლარით დააჯარიმეს და მატჩებზე „ნაიკის“ კედების ჩაცმა აუკრძალეს.

კომპანიამ მშვენივრად ისარგებლა საყოველთაო რეკლამის უნიკალური შესაძლებლობით. იგი მაიკლ ჯორდანს კონტრაქტით ავალდებულებდა მხოლოდ გახმაურებული შავ-წითელი Air Jordan-ებით თამაშს – თავის მხრივ კი, კალათბურთელს ყველა შემდგომ ჯარიმას უნაზღაურებდა.

ნახსენები კოლექციით „ნაიკმა“ სამუდამოდ შეცვალა საკალათბურთო ეკიპირების სამყარო. პირველ $65-იან Air Jordan-ებს მეორე მოჰყვა, რომელიც 100 დოლარი ღირდა. ისინიც „წამიერად“ გაიყიდა გულშემატკივართა შორის. მესამე მოდელის გამოშვებისთვის, დრო მოვიდა რაღაც უნდა შეცვლილიყო: ბრენდმა ახლის მოსაფიქრებლად დიზაინერი ტინკერ ჰეტფილდი (Tinker Hatfield) დაიქირავა. 1988 წელს მან შექმნა განთქმული Air Jordan III, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ყველაზე საყვარელ საკალათბურთო ბოტასებად.

ზემოთ, „ნაიკის“ შეფების ნიჭი ვახსენეთ. ბრენდის მარკეტინგული ნიჭი მაიკლ ჯორდანმა მრავალჯერადად დააჯილდოვა: იგი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, 6-ჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონის ტიტული, 10-ჯერ გახდა რეგულარული სეზონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. მან ბრენდს უდიდესი პოპულარობა მოუტანა, გასაღების ახალი ბაზრების მოძიებაში და გაყიდვების არნახულ დონეზე აყვანაში დაეხმარა. 1997 წელს Jordan ცალკე ბრენდად ჩამოყალიბდა და ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და აქსესუარების დამოუკიდებლად გამოშვება განაგრძო.

რეკლამა – წარმატების "საიდუმლო"

„ნაიკის“ წარმატებას მხოლოდ ინოვაციურობა და პროდუქციის ტექნოლოგიური სიახლე კი არა, ხშირად გენიალური მარკეტინგული და სარეკლამო მიგნებები განაპირობებს. წარმატებული სახელითა და ლოგოტიპით დაწყებული, კომპანია სხვადასხვა ხერხებით თანმიმდევრობით ცდილობს ბრენდის განვითარებას.
 
უცნაურია, რომ კომპანიამ ბრენდის რეკლამა ისე წარადგინა, მასში „ნაიკის“ პროდუქტი საერთოდ არ ჩანდა. პირველმა სარეკლამო სააგენტომ John Brown and Partners-მა, რომელთანაც თანამშრომლობა 1976 წლიდან დაიწყო, „ნაიკის“ მესვეურებს შესთავაზა კამპანია სლოგანით „ფინიშის ხაზი არ არის“ (There Is No Finish Line). ამ მიგნების პრაქტიკაში განხორციელებამ აშშ-ის სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე "ნაიკის" ხვედრითი წილი 50%‑მდე გაზარდა.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბრენდის განვითარებაში სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy-მ. მისმა თანადამფუძნებელმა დენ უიდენმა, „ნაიკისთვის“ 1988 წელს მოიგონა მარადიული სლოგანი „Just Do It“ (უბრალოდ გააკეთე ეს). იგი დღესაც ერთ-ერთი „მყვირალა“ სლოგანია რეკლამის ისტორიაში. კომპანია კიდევ ერთხელ ავლენს ინტუიციურ საოცრებებს: Air-ტექნოლოგიით დამზადებული ბოტასებისა და ტანსაცმლის რეკლამა სწორედ ფიტნესითა და სირბილით გლობალური გატაცების პერიოდში გამოდის. ხარისხიანი პროდუქციისა და კარგად მოფიქრებული სარეკლამო კამპანიის წყალობით, „ნაიკი“ სპორტისა და ფიტნესისთვის დამზადებული სრული კომპლექტის წარმოების მიხედვით 1990 წელს მსოფლიო ლიდერი გახდა.

ბრენდის სამშობლოში, ორეგონის შტატში გაიხსნა „ნაიკის“ მსოფლიო ცენტრი. საყოველთაოდ განთქმული სპორტსმენების სახელებით შემკული 7 შენობა 53000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. პორტლენდში მუშაობას დაიწყო ბრენდის პირველმა საცალო მაღაზიამ „ქალაქი Nike“. 1999 წელს მსოფლიო ცენტრი გაფართოვდა. კომპანიამ ააშენა ჩრდილოეთ კამპუსი ოთხი შენობით და ტერიტორიაზე მოწყობილი სრულფასოვანი საფეხბურთო მოედნით. ცენტრში მომუშავეთა რაოდენობამ 4500-ს მიაღწია.

წლის ბოლოს იმპერიას უბედურება შეემთხვა – გარდაიცვალა მისი ერთ-ერთი დამაარსებელი ბილ ბაუერმანი. სპორტული ტრადიციები, კონკურენციის სულისკვეთება და ნოვატორობა ტექნოლოგიებში, რომლებიც ბილმა "ნაიკის" მუშაობას დაუდო საფუძვლად, დღემდე უცვლელი რჩება.

"ნაიკის" ახალი პრიორიტეტები და დღევანდელი დღე

2001 წელს კომპანია განვითარების პრიორიტეტებს ცვლის – წინა პლანზე გამოვიდა საქონელი პროფესიონალი სპორტსმენებისთვის კი არა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. აქ განაცხადეს, რომ ისინი ისწრაფვიან გახდნენ მსოფლიოს ნებისმიერი სპორტსმენის შთაგონების წყარო. სპორტსმენი კი, „ნაიკის“ გაგებით გახლავთ აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად ფიზიკური შესაძლებლობებისა და კონდიციებისა.

კომპანიამ განაგრძო საკუთარი პრინციპების რეალიზება და 2002 წელს იყიდა სერფინგისთვის ტანსაცმლისა და აქსესუარების შემმუშავებელი და შემქმნელი კორპორაცია Hurley. ამავე წელს, ბრენდი გაფართოებას განაგრძობს და ყიდულობს კომპანია Converse Inc.-ის აქციებს. საკალათბურთო კედების სეგმენტში ყოფილი კონკურენტი შეერწყა „ნაიკის“ დიდ ოჯახს.

სპორტის პოპულარიზაციის კიდევ ერთი გზაა „ნაიკის“„ეფლთან“ (Apple) 2006 წლიდან დაწყებული თანამშრომლობა. ციფრული გიგანტი „ნაიკის“ ბოტასებში პატარა ჩიპს ათავსებს, რომელიც ახდენს ვარჯიშის შესახებ მონაცემთა შეგროვებას და ხელს უწყობს შედეგების გაუმჯობესების კონტროლს. მოგვიანებით, კომპანიათა ურთიერთობა უფრო ფუნდამენტური გახდა: ერთობლივი ბრენდის Nike+ ეგიდით გამოდის სმარტ-საათები, იქმნება გაჯეტებისთვის სპორტული აპლიკაციები. ამრიგად, ბრენდის ინოვაციური მიგნებების დანერგვის შემდეგ სპორტი მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება.

გაგახსენებთ, ამჟამად ათეულობით წარმატებული ბრენდის გამაერთიანებელი გიგანტური კორპორაცია, ერთი ამერიკელი სტუდენტის ამბიციური იდეიდან „შეკოწიწდა“. მან ეს, მეტწილად სპორტული ტრადიციებისადმი ერთგულების ხარჯზე შეძლო. რასაც მუდმივად უთავსებდა მოწინავე ტექნოლოგიების სრულყოფას, ინოვაციებისა და საბრძოლო სულისკვეთებისადმი სიყვარულს.

დღეს, კომპანია Nike, Inc. სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, მოწყობილობისა და აქსესუარების მწარმოებელი გლობალური კორპორაციაა. იგი საკუთარი საქმიანობით უზრუნველყოფს წარმოების სრულ ციკლს – კონცეფციისა და დიზაინის შემუშავებიდან წარმოებამდე, მარკეტინგამდე და საცალო გაყიდვების ხელშეწყობამდე. კომპანიის შტაბ-ბინა ორეგონის შტატის ქალაქ ბივერტონში (Beaverton) მდებარეობს.

პანდემიამდე მისი საქონელბრუნვა 39,12 მილიარდ დოლარს (2020 წლის ბოლოს 37,4 მილიარდი) შეადგენდა, საიდანაც სუფთა მოგება 4,029 მილიარდი იყო. კორპორაციას, 2004 წლის 18 ნოემბრის შემდეგ, როცა შვილი მეტიუს ტრაგიკული დაღუპვის გამო გენერალური დირექტორის პოსტი ფილ ნაიტმა დატოვა, მარკ პარკერი (Mark Parker) თავკაცობს. ნაიტმა 2015-ში კომპანიის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა, მაგრამ ორ წელიწადში ისევ დაბრუნდა – იმ განსხვავებით, რომ ძველებურად აქტიური აღარ არის და მართვის სადავეები და მისი მთელი სიმძიმე ისევ პარკერს აკისრია.

კითხვაზე „ვისია კომპანია Nike?“ ძნელია ერთგვაროვანი პასუხის გაცემა. აქციების 83,7% ინსტიტუციონალური ინვესტორების საკუთრებაშია. კორპორაცია საჯაროა და იგი აქციონერებისთვის მართლაც კარგი დივიდენდების გენერირებას ახდენს. „ნაიკში“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 75 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, ხოლო სპორტული ბრენდებიდან იგი პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება – დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულებით. 

შმაგო სორელი