ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
პაკო რაბანი - „პროვოკატორი“ დიზაინერის წარმატების გზა - №3(68), 2021
ჩუმი რევოლუციონერი, მოდის მეტალურგი და უბრალოდ კუტიურიე

მისი სახელის გაგონებაზე უმალ, აკვიატებული და იაფი პარფიუმერიული ხაზის ასოციაცია გვიჩნდება. ბევრმა არ იცის, რომ დიზაინერთაგან მან პირველმა შემოიღო მოდელების მუსიკალური თანხლებით ჩვენების პრაქტიკა. სა¬კუთარ ნიმუშთა შექმნისას იგი უხვად იყენებდა ლითონის ელემენტებს, რის გამოც კოკო შანელმა მეტალურგი შეარქვა. ოსტატი, რომელმაც თანამედროვეობის ზღურბლიდან ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა. მისმა გამოგონილმა ახალმა ფორმებმა, სტრუქტურამ და მასალებმა მსოფლიო მოდაზე საგრძნობი გავლენა მოახდინა. მას დღესაც ერთდროულად მოდის ფილოსოფოსად, მისტიკოსად და ხელოსნად მოიხსენიებენ. 

ბასკეთიდან გამოქცეული კომუნისტი მკერავის "ბახალა"

ჩვენ ახლა ბასკური ფესვების მქონე დიზაინერ პაკო რაბანზე (Paco Rabanne) მოგითხრობთ, რომელიც ესპანეთი-საფრანგეთის საზღვართან მდებარე პასახესში 1934 წლის 18 თებერვალს, ფრანსისკო რაბანედა-ი-კუერვოს გვარ-სახელით დაიბადა. მამამისი – „წითელი“ გენერალი რესპუბლიკელთა მხარეს იბრძოდა და ფრანკოს რეჟიმის მხარდამჭერებმა სამოქალაქო ომისას დახვრიტეს (1939). დედა ათეისტი და მგზნებარე კომუნისტი – ესპანეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. მას კარგად ესმოდა – თუ ფრანკომ ქმარი მოუკლა, იგი შვილებთან ერთად არც მას დაინდობდა. ამიტომ ფრანსისკამ საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა. დედასთან და შვილებთან ერთად მან ფეხით გადალახა პირინეები და მეზობელ ქვეყანაში დასახლდა. 

სახვითი ხელოვნების ნაციონალურ სკოლაში ფრანსისკომ არქიტექტურის შესწავლა დაიწყო (1952). იმ წლებში დედა ცნობილი დიზაინერის კრისტობალ ბალენსიაგას (Cristobal Balenciaga) მოდის სახლში თერძად მუშაობდა. მომავალმა კუტიურიემ კი, საკუთარი სწავლის თანხის შესაგროვებლად ამ სახლისთვის სამოსის აქსესუარებისა და დეკორატიული ელემენტების შექმნა დაიწყო. მალე მან ურთიერთობა Christian Dior-თან, Nina Ricci-სთან, Pierre Cardin-თან და Givenchy-სთან დაამყარა. მისი ნამუშევრების გარჩევა რთული არ იყო – იგი ახალ ხელოვნურ მასალებს, კერძოდ როდოიდს (აცეტილცელულოზაზე დამზადებული მაღალხარისხოვანი პლასტმასა) და ლითონს იყენებდა, რაც ოსტატის ფანტაზიების პრაქტიკაში დანერგვას ხელს დიდად უწყობდა. სხვათა შორის, ლითონი მომავალში დიზაინერის ნაშრომებში ერთ-ერთი მთავარი მასალა გახდა. თუმცა, თავდაპირველად იგი სახელს იცვლის. 

აღსანიშნავია, რომ ოსტატის ბებია შვილისგან განსხვავებით მორწმუნე გახლდათ, მაგრამ ამავე დროს შავი მაგიის სწამდა და მჩხიბავობითაც „ერთობოდა“. სწორედ ის ითვლება ერთადერთი ვაჟი შვილიშვილისთვის შესაფერისი მეტსახელის შემრჩევად. ფრანსისკო რაბანედა-ი-კუერვო ჯერ "ფრანკ რაბან" გახდა, ხოლო 1965 წელს „ფრანკ“ მისი კნინობითი ფორმით – „პაკო“ (ბერძნულად ყვავის ბახალა) შეიცვალა. ბებიის თქმით, ყვავი რაბანედას საგვარეულოს მფარველად ითვლებოდა. ასე დაერქვა ცნობილ დიზაინერს საბოლოოდ "პაკო რაბან". მას ოჯახის უხუცესი წევრი ბავშვობიდანვე უნერგავდა მაგიური სიმბოლოების არსს, შთააგონებდა ქვის ძალაუფლებასა და წყლის ძალას. 

საყურეებით დაწყებული ბიზნესი 

საფირმო ნიშნის Paco Rabanne ისტორიაც 1965 წლიდან იწყება. რაბანის ოჯახის ერთ-ერთ სახელოსნოში დამზადებულმა გამჭვირვალე პლასტმასის საყურეებმა, ორიგინალობითა და მისაღები ფასებით ახალგაზრდებში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, წლის ბოლომდე 25 ათასი წყვილი გაიყიდა. ასეთი წარმატებისა და მედიის საშუალებებით მისი გაშუქების წყალობით, დიზაინერის ოჯახმა ზემოთ ნახსენები რევოლუციური მასალებისგან ქალის სამოსის წარმოება გადაწყვიტა. 

ამ პირველმა მცდელობამ საერთო სახელწოდებით Unwearables (სატარებლად გამოუსადეგარი) ჩაიარა. 1966 წლის თებერვალში გამართულ მის პირველ კოლექცია-მანიფესტში პაკო რაბანმა 12 კაბა გამოფინა, რომელთაგან უკლებლივ ყველა ამართლებდა აფიშის შინაარსს. პოდიუმზე დიზაინერმა მეტწილად ლითონის კაბებში გამოწყობილი შავკანიანი მოდელები (ამ სიახლით იგი დარგის პიონერი გახლდათ) გაატარა. ბრტყელტუჩებით, მავთულებითა და ალუმინის ფირფიტებით აწყობილმა სამოსმა პუბლიკაზე წარუშლელი ეფექტი მოახდინა. ადამიანი-სკანდალი, ხელოსანი, მეტალურგი, პროვოკატორი – ძირითადად ამ სიტყვებით იხსენიებდა მაღალი მოდის დებიუტანტს საზოგადოება. 

მთავარი შედეგი დადგა – მოდელიერ პაკო რაბანზე მთელმა მსოფლიომ გაიგო. საყოველთაო აღიარების კიდევ ერთი მეთოდი ჰოლივუდური ფილმის გადაღებაში მონაწილეობა იყო, როგორც ამას თავის დროზე წარმატებით აკეთებდა იუბერ დე ჟივანში (Hubert de Givenchy). სხვათა შორის, რაბანმა ერთი კაბა სწორედ ამ უკანასკნელის სასცენო მუზის – ბრიტანელი ოდრი ჰეპბერნისთვის (Audrey Hepburn) დაამზადა, რომლითაც მსახიობმა ფილმში „ორნი გზაზე“ (Two For The Road – 1967) ითამაშა. 

ინდუსტრიული მასალებისგან დამზადებულ სამოსში გამოწყობილი იხილა მაყურებელმა ამერიკელი ვარსკვლავი ჯეინ ფონდაც (Jane Fonda) საკულტო sci-fi ფილმში „ბარბარელა“ (1968). Paco Rabanne-ს უკვეთავდა სასცენო კოსტიუმებს ფრანგი მომღერალი მილენ ფარმერი (Mylène Farmer), ესპანელი დიზაინერის ნამუშევრებს აქებდა პოპ-მომღერალი ფრანსუაზა არდი (Françoise Hardy), რაბანის შეკერილ კაბებში პუბლიკაზე ძალიან ხშირად ჩნდებოდა მაშინდელი მოდის მთავარი კანონმდებელი ბრიჯიტ ბარდო (Brigitte Bardot). 

ყველას კარგად ესმოდა, რომ Paco Rabanne-ში დამზადებული სამოსის ყოველდღიურად ტარება შეუძლებელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობდა ესპანელის „საიდუმლო“. იმის გარდა, რომ ბრენდის კაბები 10-15 კილოგრამს იწონიდნენ, არცთუ იშვიათად ისინი თავიანთ მფლობელს ტრავმას აყენებდნენ. დროთა განმავლობაში, როცა პაკოს დიზაინერული ხელწერა თანდათან დაიხვეწა, მისი კაბები ხშირად „ჩაცმადი“ გახდა. ასეთთა კატეგორიას, რაბანის ქაღალდის ერთჯერად კოლექციას ნამდვილად ვერ მიაკუთვნებ, მაგრამ მოდელებს სამოსის წონის პრობლემა რომ აღარ აწუხებდათ, ესეც მიღწევა იყო.
 
ხაზგასასმელია, რომ პაკო საკუთარი კოლექციის მხოლოდ იდეური შთამაგონებელი კი არ გახლდათ, იგი უმეტეს მოდელებს თავად ქმნიდა. ზოგი რამდენიმე საათში მზადდებოდა, ზოგის დასრულებას კი, თვეებს ანდომებდა. ასეთი საავტორო კაბების რიცხვი 3 ათასს აჭარბებს. ზოგიერთი უკვე სამუზეუმო ექსპონატია და პარიზის, ნიუ იორკის, პეკინისა და ტოკიოს საგამოფენო დარბაზებში თუ ვიხილავთ. 

პარიზში Paco Rabanne-ს მოდის სახლი 1967 წელს დაარსდა. იმავე წელს გაიხსნა კუტიურიეს სამოდელო ნამუშევართა მაღაზია. აქ უკვე პაკოს ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. ყოველ ჯერზე საკოლექციო მასალა მყიდველთან ერთად, მხოლოდ ნახვის მსურველსაც აოცებდა. კაბები და აქსესუარები პლასტმასისგან, ლითონისგან, ტყავისგან, გოფრირებული ქაღალდისგან, გამხმარი ყვავილებისგან და სირაქლემას ფრთისგან ყოველთვის ფურორს ახდენდა. 80-იანი წლების ბოლოდან მაესტრომ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა საკუთარი ფანტაზია და კაბების კოლექციას ორგანული მინის, ლაზერული დისკებისა და ჰოლოგრაფიული ბოჭკოსგან დამზადებული ასორტიმენტი შემატა. 

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც პაკო რაბანმა მოდის სამყაროში დანერგა, სამოდელო ჩვენების მუსიკალური გაფორმებაა. 1967 წლამდე კოლექციების პოდიუმზე დემონსტრირება ქალი მოდელების ქუსლების კაკუნისა და წარმოდგენილი სამოსის აღწერილობის კითხვის ფონზე ხდებოდა. ამ ყველაფერს წერტილი სწორედ ესპანელი კუტიურიეს თაოსნობით დაესვა. 

PUIG-თან კოლაბორაციით გაფართოებული ბიზნესი 

1968 წელს, დიზაინერმა ბარსელონაში განთავსებულ კერძო კომპანია Puig-თან კოლაბორაციული შეთანხმება დადო. პაკოს მიზანი ჵაცო ღაბანნე-ს პარფიუმერული ხაზის ამუშავება გახლდათ. ამ სფეროში საქმიანობის დაწყების პირველ წლებში მიღწეულ წარმატებას კურიოზული გაუგებრობაც მოჰყვა. ბრენდის პირველი ქალური არომატი Calandre (მისი შექმნა პაკოს ავტომობილის მოდელმა შთააგონა) პარფიუმერულ სამყაროში გაყიდვების ყველა რეიტინგის სათავეში მოექცა (1969). არომატი იმდენად პოპულარული გახდა, მოდის სახლს საკუთარი დიდების შეუსაბამო, უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. ბრაზილიის მთავრობას ძალიან გაუჭირდა Calandre-ს ფალსიფიცირებასთან ბრძოლა და იძულებული გახდა საკუთარ ქვეყანაში Paco Rabanne-სთვის გაყიდვების ლიცენზია შეეჩერებინა. 

ამდენიმე წელი გახდა საჭირო, რათა რეპუტაცია ისევ აღედგინა, მაგრამ დიზაინერმა და პარფიუმერმა, რომელმაც პირველმა დაარეგისტრირა ხის და ყვავილოვანი „ნოტების“ ერთ კომპოზიციაში შეხამება (რაც 1973 წელს Paco Rabanne pour Homme-ის შექმნაში აისახა), ამ პრობლემასაც წარმატებით გაართვა თავი. მან 1976 წლიდან ქალაქ შარტრში პარფიუმერიის მწარმოებელი ქარხანა აამუშავა. აქ გამოშვებულმა სუნამომ Black XS ისედაც პოპულარულ ბრენდ Paco Rabanne-ს სახელი კიდევ უფრო გაუთქვა. Black XS-ის კაცის არომატს მალე სუნამოს ქალის არომატი მოჰყვა. ყოველი ფლაკონის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მწარმოებელსა და შიდსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდ Sidaction-ს შორის ნაწილდებოდა. ამასთან, ეს ფონდი მსოფლიოს მასშტაბით შიდსით დაავადებულებს ეხმარებოდა. 

როცა დიზაინერი მიხვდა, რომ პარფიუმერიისგან მოდის სახლი საკმაოდ დიდ მოგებას იღებდა, ქარხანამ ახალ-ახალი არომატების გამოშვებას მოუხშირა. Metal (1979) და La Nuit (1985) ჯერ კიდევ ბრენდის გასხვისებამდე შექმნილი არომატებია. Paco Rabanne-ს მოდის სახლის მიერ ბოლო წლებში (2008 წლიდან) წარმოებული ყველაზე მოთხოვნადი პარფიუმერული ინდუსტრიის ნაწარმია 1 Million (კაცებისთვის) და Lady Million (ქალებისთვის). ზოგადად, Paco Rabanne-ს პარფიუმერული მიმდინარეობა დასამახსოვრებელი არომატების გარდა, სუნამოს ბოთლების დამზადებისადმი ორიგინალური მიდგომითაც არის გამორჩეული. ამ სფეროში კოლექციონირება ბევრისთვის სწორედ Paco Rabanne-ს ფლაკონებით დაიწყო. 

მოდის ბიზნესში პაკოს ეპოქის დასასრული 

ამასობაში კომპანია Puig-ი საკმაოდ პოპულარულ მოდურ კონცერნად ჩამოყალიბდა. 1986 წლიდან, იგი სხვა ავტორიტეტული მოდის სახლებთან ერთად Paco Rabanne-ს მფლობელიც გახდა. ამ მოვლენას მთავარ დიზაინერზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. პაკო რაბანს საქმე არ გამოლევია – იგი კვლავ განაგრძობდა თავის სტიქიაშია ყოფნას და თითქმის ყველა ფანტაზიის რეალობად გადაქცევას. იმის შემხედველი, თუ რამდენი ადამიანი იყო Paco Rabanne-ს კოლექციათა ჩვენების ხილვის მსურველი, 1990 წელს ბრენდმა პარიზში მისი პირველი ბუტიკი გახსნა. ბუტიკი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ერიკ რაფის (Eric Raffy) დიზაინერულ შედევრად. ამერიკელმა არქიტექტორმა ბრენდის შემქმნელის სტილში, „ფართის“ გაფორმებისას მეტწილად ლითონი და მინა გამოიყენა.
 
1991 წელს პაკო სამყაროსთვის სულ სხვა რაკურსითაც გამოჩნდა. გამოიცა მისი წიგნი „ტრაექტორია“ (Trajectory). ბევრისთვის მოულოდნელად ნაშრომი ბესტსელერი გახდა და რეკორდული 500-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა. დიზაინერმა კვლავ განაგრძო იღბლიანი მწერლის კარიერა და ერთ წელიწადში კიდევ ერთი წიგნი გამოსცა – „დროთა დასასრული“ (The End of Times). 1994-ში დღის სინათლე იხილა მისმა მესამე ნაწარმოებმა „დღევანდელობა: დიად თავდადებულთა გზები“ (Le Temps Present: le chemin des grand inities). 

პაკო რაბანს 1999 წლამდე ეკავა ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტი. მისი წასვლის შემდეგ Puig-ის დაქირავებული დიზაინერები და Paco Rabanne-ს მოდის სახლის დირექტორები (ორელიან ტრამბლე, კრისტოფ დეკარნენი, პერი ელისი, როზმარი როდრიგესი, ჟულიენ დოსენი) ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ ჩასაცმელ პროდუქციაზე მოთხოვნა თანდათან იკლებს. ამის მიუხედავად, ბრენდი სეზონს არ აცდენს, რომ მზა ნაწარმის კოლექცია (prêt-à-porter) არ გამოუშვას. 

2006 წელს, მოსკოვში მორიგი სტუმრობისას, პაკო რაბანმა საკუთარი ნახატების გამოფენა მოაწყო. აქამდე ეს ნამუშევრები 1970-იან წლებში მხოლოდ მის მეგობარ სალვადორ დალის (Salvador Dalí) ჰქონდა ნანახი და სასიამოვნო შეფასებაც მიუღია. 

"აუტანელი ბავშვის" მოდისგან თავისუფალი სიბერე 

ისე მოხდა, პაკო რაბანმა ცხოვრების მეგზური ვერ იპოვა. ქალები მის გარემოცვაში ყოველთვის ბევრი იყო, მათ კუტიურიე მოსწონდათ, უყვარდათ, მაგრამ თავად მაესტროს არ ჰქონდა მათგან სამუდამო პარტნიორის შერჩევის სურვილი. მის „არატრადიციულობაზე“ ეჭვიც არასდროს გაჩენილა – მან უბრალოდ მისი ცხოვრება საყვარელ საქმეს უძღვნა. 

იმის გარდა, რომ ძირითად საქმიანობასთან ერთად პაკომ რამდენიმე წიგნი გამოსცა, იგი საკუთარი სახსრებით ხელოვნებისადმი მიძღვნილ ჟურნალებს გამოსცემს, სხვადასხვა ქვეყანაში აფუძნებს და უზრუნველყოფს კულტურული ცენტრების სრულფასოვან მუშაობას, ეწევა ქველმოქმედებას. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი მსოფლიოს ადამიანად ჩამოყალიბდა და მისი სახლი მთელი პლანეტაა. 

მოდის მართლაც რომ არაორდინალურ მაესტროზე წერას, მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური შეფასებით დავასრულებთ. მისი ავტორი უკრაინელი რეტრო-მოდელი დარია ნელსონია, რომელიც კარგა ხანია რაც საფრანგეთში გადაბარგდა და პარიზის ბოჰემური ცხოვრების ნაწილი გახდა: 

„რატომ მაინც და მაინც პაკო რაბანს თვლიან 1960-იანების enfant terrible-დ? (ფრანგულიდან – „აუტანელი ბავშვი“). ამის საბაბი საკმარისზე მეტია. პირველად სწორედ ამ დიზაინერმა გამოიყენა დეფილეს მუსიკალური თანხლებით ჩატარება. პირველად სწორედ მან (დიახ, მან და არა ივ სენ-ლორანმა) მოიწვია მოდის ჩვენებაზე მუქკანიანი მანეკენი, რამაც შოკი გამოიწვია და პრესაში სკანდალის პროვოცირება მოახდინა. მისგან 1973 წელს შექმნილი კაცის სუნამო Paco Rabanne pour Homme რად ღირს, რომელიც ამ დარგში ერთგვარი გარღვევა იყო და თითქმის ნახევარი საუკუნე ქალების დიდ ნაწილს მაგნიტივით იზიდავს“. 

შმაგო სორელი