ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
NEW BALANCE – მინი-საწარმოდან მსოფლიო აღიარებამდე - №2(70), 2022
ირლანდიელის რეალობად ქცეული ამერიკული ოცნება

ჩვენი რუბრიკის ახალი ობიექტი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი New Balance იქნება. იგი მაღალი კლასის პროდუქციის მწარმოებლის რეპუტაციის მქონეა, რომელიც დიდი ხანია უმაღლეს სტანდარტებზეა ასული. კომპანიის პოლიტიკა წინა საუკუნის 80-იან წლებამდე საშუალებას არ იძლეოდა წარმოების ქსელი კონკურენტების მსგავსად აზიაშიც ჰქონოდა. ამ „ფანჯრის იძულებით შეღების“ მიუხედავად, ბრენდის პროდუქციის უმეტესი ნაწილი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მზადდება.ცნობისთვის, ბიზნესმენმა სტივ ჯობსმა Apple‑ის ყველა პროდუქტი სწორედ New Balance-ში გამოწყობილმა წარადგინა. ამ ბრენდის ბოტასებით თამაშობს NBA-ს ვარსკვლავი კავაი ლეონარდი.

ამერიკული ოცნება

XX საუკუნეში ფეხსაცმელმა, არა მარტო კომფორტის თვალსაზრისით, თანამედროვე სახის მიღება დაიწყო. იმ პერიოდში მოდელთა უმეტესობა ტყავისგან მზადდებოდა, მაგრამ უკვე მაშინ ძირები მეტწილად რეზინისა იყო. ეს გახლდათ მასალა, რომელსაც თანამედროვე ბოტასების ძირებში გამოყენებულ რეზინთან საერთო არაფერი ჰქონდა.მძიმე, ფეხსაცმლის ზედა ნაწილთან უხეშად მიმაგრებულ ძირს, უფრო დამცავი ფუნქცია ჰქონდა, ვიდრე იმის, რომ გადაადგილება კომფორტული გაეხადა. იმ ეპოქაში ფეხსაცმლის ქუსლებსა და ღაბაშებს (ჩასაფენებს) ხშირად დამოუკიდებელი კომპანიები ამზადებდნენ. სწორედ ერთერთ ასეთზე მოგვიწევს საუბარი, რომელიც დროთა განმავლობაში გადაკვალიფიცირდა და მონათესავე დარგის ბაზარზე მეტად წარმომადგენლობით სეგმენტს დაეუფლა.

1900-იანების დასაწყისში ამერიკაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დიდი დენობის ემიგრანტები გადმოსახლდნენ. ძირითადად ესენი იყვნენ ცხოვრების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების მსურველნი. ერთ-ერთი ასეთი ენთუზიასტი აღმოჩნდა უილიამ რაილი (William Riley) – ინგლისიდან წამოსული დაახლოებით 30 წლის ირლანდიელი. იგი თავიდან ბოსტონის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბელმონტში დაფუძნდა. 1906 წლიდან საკუთარ საქმეს დაუდო საფუძველი. თაღოვანი საყრდენების მწარმოებელი New Balance Arch Support Company-ის საქმიანობის ერთერთი სფერო ფეხსაცმლის ღაბაშების და სუპინატორების წარმოება და რეალიზაცია იყო.

მიჩნეულია, რომ ამ ბიზნესის წამოწყების იდეა მეწარმეს შემთხვევით, საკუთარ ეზოში ქათმებზე დაკვირვების შედეგად მოუვიდა. რაილიმ შენიშნა, რომ ქათმის ტერფს სამი საყრდენი აქვს, რომლითაც ფრინველს კარგად ბალანსირება შეუძლიათ. ასე გადაწყვიტა მან ფეხსაცმელებში ჩასაფენი სუპინატორების შექმნა – დამხმარე საშუალება, რომელიც ფეხსაცმელს უფრო მედეგს და კომფორტულს ხდის. 

New Balance-ის ჩამოყალიბებიდან კომპანიისთვის პირველ ადგილზე იყო ხარისხი. ამიტომ პროდუქციის ღირებულება მეტად მაღალი გახლდათ – ორსუპინატორიანი კომპლექტი 3,5 დოლარად იყიდებოდა. შედარებისთვის, ამ ფასად მაშინ წყვილი ახალი ფეხსაცმლის შეძენა შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, New Balance-ს სუპინატორებმა საყოველთაო აღიარება ჰპოვეს. ისინი ფეხსაცმელს მართლაც რომ მოხერხებულს ხდიდნენ.

სხვადასხვაგვარი ღაბაშები და სუპინატორები კომპანიის ძირითად პროდუქტად კიდევ 30 წლის განმავლობაში ითვლებოდა. ბიზნესი ვითარდებოდა და 1927 წელს უილიამ რაილიმ დაიქირავა არტურ ჰოლი (Arthur Hall) – გამყიდველი, რომელიც პროდუქციით ხელში მეზობელ ქალაქებში მოგზაურობას შეუდგა. მოწოდებით ბიზნესმენი ჰოლი კომპანიისთვის სრულიად ახალ აუდიტორიას ნახულობს და სუპინატორებს ავრცელებს ისეთ ადამიანებში, რომლებიც იძულებული არიან დიდ ხანს ფეხზე მდგომებმა გაატარონ – პოლიციელები, მეხანძრეები, სტიუარდესები და ოფიციანტები.

1936 წელს რაილი და ჰოლი პარტნიორები გახდნენ. New Balance-ს პირველი წყვილი ფეხსაცმელი 1938 წელს გამოჩნდა. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ პირველად კომპანიას ბეისბოლისტებმა მიმართეს, რომელთაც სათამაშოდ უფრო მოხერხებული ფეხსაცმელი ესაჭიროებოდათ. ასე გაჩნდა ბეისბოლის მოთამაშეებისთვის საჭირო პირველი ბუცები, პარალელურად კი უილიამ რაილიმ შექმნა ქაცვებიანი ფეხსაცმელები მორბენალთა კლუბ Boston Brown Bag Harriers-ის წევრებისთვის. ამასთან ერთად მოთხოვნები გაჩნდა სპორტის სხვა სახეობებიდან – შეკვეთები მიიღეს ჩოგბურთელებისგან და მოკრივეებისგან.

იმ პერიოდში, New Balance-ს მთელი პროდუქცია ხელით მზადდებოდა პატარა საამქროში, სადაც 10-ზე ნაკლები ადამიანი შრომობდა. საქონლის პრეზენტაციით პირადად არტურ ჰოლი იყო დაკავებული. 1950-იანების დასაწყისში იგი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა, ხოლო 1956 წელს ბიზნესი მის სიძეს – პოლ კიდს (Paul Kidd) და ქალიშვილ ელეონორას მიჰყიდა.

თავდაპირველად ახალი მეპატრონეები კომპანიის ძირითად ყურადღებას ორთოპედიული ფეხსაცმლის გაყიდვებზე ინარჩუნებდნენ. მალე გაჩნდა ისეთი სპორტული მოდელების შექმნის ინტერესი, რომლებიც ათლეტთა სპეციფიკურ მოთხოვნებს შეესაბამებოდა. 1961 წელს ბრენდმა პირველად გამოუშვა ბოტასი სახელწოდებით Trackster. იგი მსოფლიოში პირველი მოდელი, რომელსაც ღარებიანი ძირი ჰქონდა. მაგრამ ეს New Balance-ს ერთადერთი სიახლე არ იყო. ფეხსაცმლის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობდა, რომ მწარმოებლები სხვადასხვა სიგანის მქონე ბოტასებს უშვებდნენ. შემდგომში კი, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მისცა უპირატესობა New Balance-ს და გახდა მისი სავიზიტო ბარათი.

ბოსტონის მარათონი – ბრენდის ახალი ათვლის წერტილი

New Balance-ს მშობლიურ ბოსტონში პირველი ტრადიციული მარათონი 1897 წელს გაიმართა. მას შემდეგ იგი ყოველწლიურად ტარდება და ცნობადი ამერიკელებიდან, ვინც ბრენდის ბოტასი მოირგო, 1972 წლის გარბენში მონაწილე აერობიკის ვარჯიშების შემქმნელი კენეტ კუპერი გახლდათ. მარათონის ჩატარების ამავე დღეს ელეონორა და პოლ კიდებმა კომპანია ახალ მეპატრონეს, მიდლბერის კოლეჯის 28 წლის კურსდამთავრებულ ჯიმ დევისს (Jim Davis) მიჰყიდეს. ბერძნული წარმომავლობის მქონე ახალგაზრდა ბიზნესმენი უმალ მმართველობის სტრატეგიაში ძირეული ცვლილებების გატარებას შეუდგა. მან აქცენტი წარმოების მასშტაბების ზრდაზე გააკეთა, რაც მთელს ქვეყანაში სავაჭრო წარმომადგენლობათა ქსელის ამოქმედებაში გამოიხატა.

ჯიმ დევისს გაუმართლა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ბოსტონის რაიონი მარათონელთა ბუმის ცენტრად ჩამოყალიბდა. ამერიკელთა უმრავლესობა ამ მოვლენას დროებითად მიიჩნევდა, მაგრამ სირბილმა როგორც ჰობიმ 80-იანი წლების ბოლომდე შეინარჩუნა პოპულარობის მატების დინამიკა. ეს პროცესი კი, New Balance-ს სარბენი ბოტასების გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფდა.

კომპანიის პოპულარობის მატებასთან ერთად, საჭირო გახდა ბრენდის ცნობადი სიმბოლოს შექმნა, რისთვისაც დევისმა დიზაინერი ტერი ჰეკლერი (Terry Heckler) დაიქირავა. პირველი რაც ჰეკლერმა გააკეთა, შექმნა ლეგენდარული ლოგოტიპი ასო „N“-ის სახით. შემდეგი ნაბიჯი გახლდათ მოდელების ნომრებით აღნიშვნის სისტემა. ნომრებში რიცხვები ფეხსაცმლის ტიპზე და იმ საქმიანობის სახეობაზე მიუთითებს, რომელშიც მისი გამოყენებაა მიზანშეწონილი. ასევე, რა დანიშნულება აქვს ბოტასს – მხოლოდ დიდი სიჩქარის „აკრეფა“, თუ მედეგობა.

1976 წელს გამოვიდა პირველი სარბენი ბოტასი M320 ახალი ლოგოტიპით – ფეხსაცმელს გვერდზე დიდი დახრილი „N“ ჰქონდა მიხატული. მოდელის პოპულარიზაციის მიზნით, ბოსტონურმა კომპანიამ უცნაური სტრატეგია „Ma and Pa Balance“ (დაახლოებით ითარგმნება: მამიკოს და დედიკოს ბალანსი) შეიმუშავა. იმის ნაცვლად, რომ რეკლამაში პროფესიონალი სპორტსმენების სახეები გამოეყენებინა, აქცენტი ასაკოვან ადამიანებზე გაკეთდა. სტრატეგია „Ma and Pa Balance“ – კომპანიას იმ თეორიის გამყარებაში დაეხმარა, რომლითაც ბრენდის ბოტასები მხოლოდ სპორტული ან საზოგადოებრივი ელიტისთვის კი არა, ყველასთვის, მათ შორის დედებისთვის და მამებისთვის არის განკუთვნილი.

გაყიდვების პირველსავე წელს ჟურნალმა Runner’s World-მა M320 საუკეთესო მოდელად დაასახელა, ხოლო მასში გამოწყობილმა ათლეტმა ტომ ფლემინგმა ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ასეთი რეკლამის შემდეგ მოდელის გაყიდვებმა ლამის ცას უწიეს.

1978 წელს ამუშავდა New Balance-ს ტანსაცმლის სადებიუტო კოლექცია, რომელშიც Gore-TEX მემბრანიან სპორტულებთან ერთად, ნეილონისა და ბადისებრი მაისურები, ასევე შორტები შედიოდა. ორ წელიწადში კომპანიამ წარადგინა M620 მოდელი და ბოტასის ფასმა პირველად მიაღწია 50- დოლარიან ნიშნულს. თუმცა, თუ ბევრს წყვილი სარბენი ბოტასისთვის ეს თანხა ეძვირებოდა, 1982 წლიდან გამოშვებული 990 მოდელის პროდუქციაში 100 დოლარის გადახდა ცოტას თუ ენანებოდა. ხარისხმა და გამორჩეული დიზაინის მიღების ტექნოლოგიებმა აშკარად გაამართლეს.

New Balance 990-ის კონსტრუქცია ბევრად განსხვავდებოდა მისი წინამორბედებისგან. მოდელი აღჭურვილი იყო მასტაბილიზებელი სადგამით ქუსლში, მაღალმედეგი რეზინი და მრავალშრიანი ძირი – ყველაფერი ერთად პრემიუმ ხარისხის ნაცრისფერი ზამშით დამშვენებული, მარტო მორბენალთა შორის კი არა, სპორტული სამყაროსგან შორს მყოფებშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. თავად ბრენდს დიდი წარმატების მოლოდინი არც ჰქონია, თუმცა, მას შემდეგ რაც წლიური პროგნოზი – 5000 წყვილი მხოლოდ 6 თვეში გაიყიდა, ყველამ დაიჯერა სწორი სტრატეგიის ეფექტიანობა. სადებიუტო წყვილის პოპულარობამ დასაბამი დაუდო 99X-ის ხაზის დაფუძნებას, რომელიც დღეისთვის უკვე 5 ვერსიას აერთიანებს.

New Balance-მა მომავალშიც განაგრძო ახალი მოდელების გამოშვება, რომლებიც ბრენდის კლასიკური კოლექციის საფუძველი გახდნენ – ბოტასები ნომრებით 420, 576, 1300 და 1500. 1988 წელს შექმნილი ლეგენდარული 574 კი, კომფორტით, უნივერსალურობითა და ფერების მრავალრიცხოვანი შეხამებით დღემდე ითვლება ბრენდის საკვანძო მოდელად. საქონელბრუნვის სტაბილურმა მატებამ New Balance 1999 წლისთვის სპორტული ფეხსაცმლის წარმოების მიხედვით მსოფლიოში მე-4 კომპანია გახადა.

NEW BALANCE: MADE IN USA?

სამწუხაროდ, New Balance-ს ყველა პროდუქცია აშშ-ში არ მზადდება. მეტიც, „Made in USA“ წარწერიანი ბოტასის 100% სულაც არ გახლავთ აშშ-ში დამზადებული. 1980-იანი წლების ბოლოდან, გლობალიზაციის ზეწოლამ კომპანიას საკუთარი წარმოების უცხოეთში გადატანისკენ უბიძგა. კონტრაქტები გაფორმდა დამამზადებელ ფაბრიკებთან ჩინეთში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში. ამის ფონზე, მასაჩუსეტსისა და მენის შტატებში განლაგებული ყველა ამერიკული ქარხანა შენარჩუნდა.

ამერიკაში დამზადებული New Balance-ს მოდელებიდან დღეისთვის გამორჩეულია 1400, 990V4, 997, 998, 1540V2. იმაში დასარწმუნებლად, რომ ფეხსაცმლის წყვილი მართლაც აშშ-შია წარმოებული, საკმარისია მისი მახასიათებლების საიტზე (www.newbalance.com) შესწავლა. ამას გარდა, პრაქტიკულად ყველა ასეთ მოდელზე ნახავთ ამოქარგულ Made in USA-ს. თუმცა, ეს წარწერაც არაა იმის სრული გარანტია, რომ ბოტასები მხოლოდ ამერიკაში დამზადდა. New Balance ირწმუნება, რომ მსოფლიოში რეალიზებული 4-დან ერთი წყვილი ფეხსაცმელი „დამზადებულია ან აწყობილია“ ამერიკელი სპეციალისტებისაგან. აქ განმსაზღვრელი ფრაზაა „დამზადებულია ან აწყობილია“. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკერავი მასალისა და ფურნიტურის ნაწილი მას ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს. ამდენად, ბოტასის სრული „კონსტრუქციის“ მხოლოდ 70% შედგება სუფთა ამერიკული კომპონენტებისაგან. 

სპორტულ ბრენდს ამავე დროს აქვს ქარხანა დიდ ბრიტანეთში, რომელიც New Balance-თვის 1982 წლიდან მუშაობს. ხაზი „Made in UK“ ცნობილია მასალების მაღალი ხარისხითა და დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღებით. დღეისთვის ზღვისპირა დასახლება ფლიმბის ფაბრიკა კვირაში საშუალოდ 28000 წყვილ ბოტასს ამზადებს. მათ შორის ისეთი საკულტო მოდელებია, როგორებიც არის 574, 575, 991, 670 და 1500.

პოპულარულთა შორის პოპულარობა

უშუალოდ სარბენად შექმნილი ბოტასები დროთა განმავლობაში სხვადასხვა ვარჯიშებისა და ყოველდღიური ხმარებისთვის აუცილებელ ხარისხიან ფეხსაცმელებად ჩამოყალიბდა. New Balance მომხმარებლების საკმაოდ ფართო წრეში სარგებლობს პოპულარობით. მათ შორის არიან საყოველთაოდ ცნობილი შემსრულებლები, ბიზნესმენები, პოლიტიკური მოღვაწეები. არაერთმა რეპერმა საკუთარ ტრეკებში წარსულშიც იმღერა ბრენდისთვის და დღესაც გრძელდება ასეთი პრაქტიკა.

ჯგუფი Wu-Tang Clan-ის მონაწილე Raekwon-ი ტრეკში „Daytona 500“ ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს სთხოვს – როგორმე New Balance-ის ახალი წყვილი უბოძოს. „დაახლოებით 14 წლის ვიქნებოდი, როცა ბიძაჩემმა 574 მოდელის პირველი წყვილი მაჩუქა. ესაა ჩემი ყველაზე საყვარელი ბოტასები“, – უთხრა მომღერალმა ყოველკვირეულ ამერიკულ მუსიკალურ ჟურნალ Billboard-ს.

ვიდრე სპორტული აქსესუარების საკუთარ ხაზ Yeezy-ს დააფუძნებდა, ბოსტონური კომპანიის ბოტასებში ხშირად ჩნდებოდა ცნობილი რეპერი კანიე უესტი (Kanye West). მას ორი წყვილი 998 ჰქონდა, მაგრამ ბევრს იგი United Arrows X New Balance 997,5-ში დაამახსოვრდა, რომელიც მან ცნობილი ვიდეო-კლიპი Stay UP!-ისთვის შეარჩია.

ბრენდის ცნობილი თაყვანისმცემელი იყო აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი. 1993 წელს კომპანიამ გამოუშვა მოდელი 1500, რომელიც გაყიდვების არნახულ მასშტაბებზე მეტწილად იმის წყალობით გავიდა, რომ მას ხშირად თავის დილის გამაჯანსაღებელ გარბენებზე კლინტონი იცვამდა. 2012 წელს New Balance-მა კიდევ ერთი პრეზიდენტისთვის – ბარაკ ობამასთვის, ამჯერად ქასტომიზებული (მასობრივი პროდუქციისგან ინდივიდუალური დიზაინის შექმნა – შ.ს.) ფეხსაცმელი დაამზადა. მოდელი 990 მინაწერით „Made in USA“ სპეციალურად ობამას ხელახლა არჩევის წინ დამზადდა, რათა ხაზი გაესვათ ადგილობრივ წარმოებაზე მხარდაჭერისთვის.

NEW BALANCE-ს დღევანდელობა

დღეს New Balance მრავალეროვნული კორპორაციაა, რომლის ოფისი ბოსტონში მდებარეობს. კომპანიას კვლავ ჯიმ დევისი, ამჯერად უკვე მილიარდერის (Forbes-ის ონლაინ რეიტინგში, 5,4 მილიარდი დოლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი კაპიტალით, 01.09.2022-ის მდგომარეობით 490-ე ადგილზეა) რანგში უდგას სათავეში. პროდუქციის წარმოებაში მხოლოდ საკუთარ ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებენ. მაგალითისთვის, ტექნოლოგია ABZORB-ი საშუალებას იძლევა შთანთქას დარტყმითი დატვირთვები და ზეწოლას გაუძლოს, მსუბუქი მასალა FRESH FOAM-ი ტერფს მოქნილობას ანიჭებს და გლუვ გადასვლას უზრუნველყოფს, ხოლო მაღალმედეგი ნახშირბადოვანი რეზინი Ndurance საჭირო ცვეთამედეგობის გარანტიას იძლევა.

კომპანიამ ბოლო წლებში საგრძნობლად გააფართოვა კლიენტთა ბაზა, რაც სახელოვანი დიზაინერებისა და ბრენდების მოზიდვით გახდა შესაძლებელი. ფრანგულ მაღაზიათა ქსელ KITH-თან თანამშრომლობით გამოუშვეს 992 მოდელის ნაცრისფერ-ლურჯი ბოტასები. დიზაინერი რონი ფაიგის (Ronnie Fieg) ვერსია უმალ გაიყიდა და ახლა მეორად ბაზარზე მისი ფასი 800 დოლარს აჭარბებს. იგივე მოდელი იაპონური WTAPS-თან კოლაბორაციაშიც გამოვიდა და მისი ყიდვა ბრენდის საცალო მაღაზიებში თითქმის შეუძლებელი იყო. ორიოდე დღეში, ონლაინ ვაჭრობის მაღაზია StockX-ზე მისმა ფასმა 1000 დოლარს გადააჭარბა. თუმცა, New Balance-ს პროდუქციის ასეთი მაღალი ფასები არავის უკვირს. არცთუ იშვიათად, აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში დამზადებული მოდელები საცალო ქსელში 200-300 დოლარად იყიდება, რაც მათში პრემიუმ მასალების გამოყენების გამოა.

New Balance-ს წარმატების კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის, რომ კომპანიამ უარი თქვა ფილოსოფიაზე „არავისგან მოწონებული“. დაიწყო პროფესიონალი სპორტსმენებისგან ბრენდის მხარდამჭერი კამპანია. პროცესში ჩართეს ბეისბოლისტები მიგელ კაბრერა და კერტის "ნიუ ბალანსის" სათავო ოფისი ბოსტონში გრანდერსონი, კალათბურთის ვარსკვლავები მეტ ბონერი და კავაი ლეონარდი. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი სწორედ New Balance-ებში იყო გამოწყობილი, როცა „ტორონტო რეპტორზის“ მაისურით 2019 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა.

ბრენდი ასევე თანამშრომლობს ჯეისონ სმიტთან. ამერიკელ მსახიობსა და რეპერს უფლება ეძლევა კომპანიის პროდუქცია საკუთარი შემოქმედების პრიზმაში გაატაროს. მაგალითისთვის, 2021 წლის იანვარში სმიტმა კუთვნილი საფირმო ბოტასების წარდგენა გააკეთა, რომლებიც ვეგანური და ეკოლოგიური მასალებისგან იყო დამზადებული.

კორპორაცია კვლავაც აგრძელებს კლასიკური მოდელების ხაზის სრულყოფას. ხდება წარსულში საკულტო მოდელების ახალი „სულის შთაბერვა“ და მყიდველებს კლასიკის ბაზაზე შექმნილ სრულიად ახლებურად დანახულ ნიმუშებს სთავაზობენ. New Balance უნიკალური ფილოსოფიის მქონე ბრენდად ჩამოყალიბდა, რომლის მწარმოებელი მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს საკუთარი პროდუქციის ხარისხს და მწარმოებლურობას.

მოკლედ...

New Balance 116 წლის წინ, 1896 წელს უილიამ ჯ. რილიმ დააარსა. სათავო ოფისი მასაჩუსეტსის ქალაქ ბოსტონშია. კომპანიის ხელმძღვანელები არიან ჯიმ დევისი (კომპანიის თავმჯდომარე) და ჯო პრესტონი (აღმასრულებელი დირექტორი).

კომპანიამ გასულ 2021 წელს $4.4 მლრდ შემოსავალი მიიღო, ხოლო ახლანდელი მდგომარეობით 5900 თანამშრომელს ითვლის.

შმაგო სორელი