ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
SIEMENS-მა რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - №2(70), 2022
რა ზარალს ნახავს კომპანია და თუ არის მათი ჩანაცვლება შესაძლებელი

უკრაინაში მე-9 თვეა ფართომასშტაბიანი ომი მიდის, რასაც რუსეთი დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ქვეყნის სრულ დაპყრობას შეეცადნენ, მსოფლიო მნიშვნელოვნად გაერთიანდა. გარდა პოლიტიკური განცხადებებისა, რომლითაც მსოფლიო ლიდერებმა რუსეთის ქმედება დაგმეს და სამხედრო თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, აგრეთვე უდიდესმა კომპანიებმა რუსეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი მარტივია – ჯერ ერთი, რუსეთი სანქციების ქვეშ მოექცა და იქ არსებულ ბიზნესებს ნორმალურად მუშაობის საშუალება არ ექნებათ, მეორეც – თავად ბიზნესის წარმომადგენლებიც უკვე ვეღარ დახუჭავდნენ თვალს იმ ქვეყნის აგრესიულ ნაბიჯებზე, სადაც საქმიანობა უწევდათ. არ დარჩენილა თითქმის არცერთი უდიდესი ბიზნეს-გიგანტი, რომელიც რუსეთუკრაინის ომის კვალდაკვალ რუსეთიდან არ გავიდა. ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლავთ გერმანული „სიმენსი“, რომლის რუსეთში საქმიანობის ისტორია მეფის რუსეთის დროიდან იწყება. ჩვენი ჟურნალი "სიმენსის" ისტორიის შესახებ ადრეც, 2005 წლის №1(5)-ში წერდა. თუმცა, დღევანდელ სიახლეებთან ერთად, რომლის პროგნოზირებაც მაშინ თითქმის წარმოუდგენელი იყო, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ კომპანიის განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაგმენტს.

მე-19 საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული, გერმანული კომპანია უდიდეს გავლენას ახდენდა რუსეთში ტექნოლოგიურ პროცესებზე. სულ თავიდან დაწყებული ტელეგრაფის ხაზების გაყვანით და ბოლო პერიოდში სამთო- მომპოვებელი სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებით. კომპანია "სიმენსმა" რუსული ბაზრიდან გასვლის თაობაზე მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა. ბევრს ამ გერმანული ბრენდის გაგონებაზე 2000-იანებში ერთობ პოპულარული, ღილაკებიანი ტელეფონები ახსენდება. თუმცა, კომპანიის საქმიანობის სფეროები გაცილებით ტევადი და მრავალფეროვანია. ყოველ შემთხვევაში, რუსებს გერმანელთა აბარგებით და ქვეყნიდან წასვლით თუ დააკლდებათ, თორემ სარგებელს ნამდვილად ვერ ნახავენ. ქვემოთ სწორედ იმ სეგმენტებს მიმოვიხილავთ, რომლებიც იქაურ სამრეწველო არეალზე შესვლიდან 169 წლის განმავლობაში გერმანელებმა მოიცვეს.

„ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვისა და ბაზარზე კლიენტებთან ძველი ურთიერთობების გათვალისწინებით, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ხალხთან დამოკიდებულებას და კვლავაც გავაგრძელებთ მათი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას“, – თქვა საერთაშორისო ტექნოლოგიური კონცერნი Siemens AG-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა როლანდ ბუშმა (Roland Busch) 2022 წლის 12 მაისის ოფიციალურ განცხადებაში.

იმ მომენტისთვის "სიმენსი" რუსეთში ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის სფეროებში იყო წარმოდგენილი. კონცერნი აწარმოებდა საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სანათ მოწყობილობებს, სამრეწველო ავტომატიზაციაში შეიმუშავებდა ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, ჰქონდა საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. კომპანია რუსეთის 40 მსხვილ ქალაქში იყო წარდგენილი, სადაც დასაქმებულთა საერთო ოდენობა 2700-ს შეადგენდა. 2021 წელს, რუსეთში რეგისტრირებული შპს „სიმენსის“ წლიური საქონელბრუნვა 834 მილიონ ევროს უტოლდებოდა.

ტელეგრაფიდან ტელეფონამდე

"სიმენსი" კომპანიის გერმანული ჯგუფია, რომელიც ინჟინერმა, მეცნიერმა, გამომგონებელმა, საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწე ვერნერ ფონ სიმენსმა დააარსა. იგი 1847 წლიდან არსებობს და თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ყოველთვის ელექტრონიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მედიცინის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროების წამყვან ტექნოლოგიებთან ასოცირდება. დღეისთვის "სიმენსს" საკუთარი წარმომადგენლობა 107 ქვეყანაში აქვს. 2022 წლის სექტემბერში კი, როცა რუსეთი კონცერნის ბოლო შვილობილმა კომპანიამაც (Siemens Energy) დატოვა, ეს რიცხვი ერთით შემცირდა.

1849 წელს დაიწყო "სიმენსის" და რუსეთის მთავრობის პირველი ერთობლივი პროექტი. კონტრაქტის თანახმად, გერმანელებმა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის დამაკავშირებელი სატელეგრაფო ხაზის მშენებლობისთვის საჭირო 75 ცალი ისრებიანი ტელეგრაფის აპარატი მიაწოდეს. მომდევნო წლებში "სიმენსმა" სრულად გამართა ქსელი, რომლითაც რუსეთი საერთაშორისო კავშირგაბმულობას შეუერთდა. ზუსტად 4 წლის შემდეგ კომპანიამ გახსნა მისი პირველი განყოფილება სანქტ-პეტერბურგში. სწორედ 1853 წელი ითვლება "სიმენსის" რუსეთში ოფიციალურად დამკვიდრების თარიღად.

კავშირი და ურთიერთობა "სიმენსისთვის" რუსეთში საქმიანობის მთავარი ცნებები გახდა. უახლოეს წარსულის ისტორიაში, გერმანული ბრენდი ყველაზე პოპულარული მიმართულების – მობილური ტელეფონების მეშვეობით შევიდა. ცნობილი Siemens A65 და A52 ერთ-ერთი პირველი მოდელები იყო, რომლებსაც ფერადი ეკრანი და მრავალხმიანი ზარი ჰქონდა. მათი დინამიკებიდან პოლიფონიით ტკბობა შეიძლებოდა, ხოლო უფრო ადრინდელ ME45-ებს მშობლები შვილებს როგორც საოჯახო რელიკვიებს გადასცემდნენ. თუმცა, უცხოელთა ინვესტორულ მასშტაბებში უფრო მთავარი მიმართულებებიც იყო.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრონიკა

"სიმენსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე 1906 წელს გამოჩნდა. ბიზნესის ამ მიმართულების პიონერი იყო 1 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავისა და წყლის ფილტრის მქონე მტვერსასრუტი. ამ მოწყობილობამ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან შორს იყო ახლანდელი მოდელების მონაცემებთან (მაგალითად, იგი 150 კგ-ს იწონიდა), მოწონება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საწარმო პირობებში ჰპოვა.

1967 წლიდან "სიმენსმა" ახალი ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოშვება დაიწყო: ყავის საფქვავი, უთო, ფენი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და ელექტროღუმელი. ერთი ის გახლავთ, რომ, მათ განსხვავებული სავაჭრო ნიშანი – Protos ჰქონდათ. იმავე წლის 13 იანვარს, გერმანულმა კომპანიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში საკუთარი შესაძლებლობები Robert Bosch GMBH-თან გააერთიანა. შედეგად შეიქმნა კომპანიის ჯგუფი Bosch&Siemens Hausgeräte GMBH (BSH).

ახალი ათასწლეულიდან "სიმენსმა" მეტწილად სამრეწველო სექტორზე მოახდინა კონცენტრირება და უარი თქვა პირდაპირ კლიენტებთან თანამშრომლობაზე. 2015 წელს წილი BSH-ში ბოლო სამომხმარებლო სეგმენტის სახით Robert Bosch GMBH-ს მიეყიდა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახლო წარსულში "სიმენსთან" შეხებაში მყოფი საყოფაცხოვრებო ტექნიკა რუსეთში მაინც რჩება. Bosch‑მა ჯერ კიდევ 20 მარტს გამოაცხადა, რომ რუსულ ბაზარს ტოვებდა, თავად შიემენს-ის საიტზე კი ასეთი განცხადება გაჩნდა: „ტექნიკური მიზეზების გამო შეკვეთები საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე დროებით არ მიიღება“.

"სიმენსი" ბოლო პერიოდში სისტემა „ჭკვიან სახლთან“ მიერთებული მაღალი კლასის ყავის აპარატების გამოშვებაზე გადაერთო. ამას გარდა, კომპანია მიკროტალღურ ღუმელებს, სახარშავ პანელებს, აირღუმელებს, აირგამწოვებს, მაცივრებს, სამოსისა და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს აწარმოებს. ჩამოთვლილ ტექნიკას ფასების საკმაოდ ფართო დიაპაზონი აქვს, რაც მას მყიდველთა სხვადასხვა კატეგორიისთვის მიმზიდველს ხდის.

ბუნებრივია, "სიმენსის" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის ბაზრიდან წასვლის შემდეგ რუსეთს ალტერნატიული გზების ძიება მოუწევს. დარგის ექსპერტი, ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი საფინანსო-სამრეწველო და საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებში იური კოპტელოვი ამ თემას ასე აფასებს:

„ასეთი მსხვილი და ინოვაციური კომპანიის რუსეთიდან წასვლა ჩვენთვის მტკივნეული იქნება. Siemens-მა ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენი ეკონომიკის ბევრ დარგში. ზოგი, კონკრეტულად საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით ცვლის მოძებნას შევძლებთ, ენერგეტიკის, სამედიცინო მოწყობილობებისა და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის სფეროებში კი, ძალიან გაგვიჭირდება და პროცესიც დროში გაჭიანურდება.

საჭირო პროდუქციის დამოუკიდებლად წარმოების აწყობას სწრაფად ვერ შევძლებთ. ტექნოლოგიურად ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მაგრამ მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების საკითხი – როგორც საინჟინრო, ისე მუშა პერსონალის მხრივ. ამას გარდა, რუსეთში პრაქტიკულად მკვდარია ისეთი დარგი, როგორიც ჩარხთმშენებლობაა. საწარმოო სიმძლავრეების მქონე თანამედროვე მოწყობილობათა გარეშე, პროდუქციის გამომშვები ხაზის აწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია“.

სამრეწველო მოწყობილობა

"სიმენსის" მოწყობილობათა წარმოება საწყისს 1866 წლიდან იღებს, როცა ვერნერ ფონ სიმენსმა დინამო-მანქანა – მსხვილგაბარიტიანი ელექტროგენერატორების პროტოტიპი გამოიგონა. 10 წლის შემდეგ კი უკვე სერიული წარმოება ააწყო. პირველი სფეროები, სადაც დინამო-მანქანა გამოიყენეს, ელექტროგანათება და ამძრავიანი ტექნიკა გახლდათ. სიმენსი გერმანიაში პირველი იყო, ვინც ელექტრიფიცირებულ კერძო რეზიდენციას ფლობდა.

რუსეთში ყველაფერი ნათურების, კაბელებისა და გადამრთველების წარმოებით დაიწყო. დროთა განმავლობაში "სიმენსმა" რუსეთის ბაზარი სრულად უზრუნველყო ელექტროგანათების, სატელეგრაფო კავშირისა და დიდ მანძილზე ელექტროენერგიის გადაცემის დარგებში.

2011 წლიდან კონცერნმა რუსეთში ინვესტიციების პროგრამა განახორციელა, რომლის ფარგლებში ვორონეჟში ელექტროძრავების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდა. მოგვიანებით იქვე გაიხსნა ტრანსფორმატორების (ელექტროენერგიის გარდამქმნელი დანადგარი) მწარმოებელი საწარმო. გერმანიიდან ხდებოდა კირიშის თბოსადგურის ენერგობლოკის, კურგანისა და სიზრანის თბოელექტროსადგურების რეკონსტრუქციისთვის საჭირო მოწყობილობების მიწოდება, ასევე ციმბირში, ნახევარკუნძულ იამალზე განთავსებული თხევადი აირის მომპოვებელი კონცერნ Yamal LNG-ის აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

"სიმენსთან" რუსეთის თანამშრომლობაში არსებითი გარდატეხა მოხდა 2015 წელს, როცა სანქტ-პეტერბურგთან ახლოს გაიხსნა ქარხანა „გაზის ტურბინების შიემენს-ტექნოლოგიები“. ეს გახლდათ გერმანული შიემენს Energy AG-ისა და რუსული „ძალოვანი მანქანების“ ერთობლივი საწარმო. "სიმენსის" მოწყობილობებით აღიჭურვა გაზსადენები „ცისფერი ნაკადი“, „ჩრდილოეთი ნაკადი 1“, „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადი“.

გაზის ტურბინები გახდა 2017 წელს რუსეთსა და Siemens-ს შორის მომხდარი სასანქციო კონფლიქტის მიზეზი. მაშინ Reuters-მა გაავრცელა ცნობა ყირიმის ობიექტზე გერმანული წარმოების 2 ტურბინის მიწოდების თაობაზე. "სიმენსი", 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციის მოტივით უარს ამბობდა საკუთარი მოწყობილობის რუსეთისთვის მიწოდებაზე. ამიტომ, ჟურნალისტთა გავრცელებული ინფორმაცია კომპანიისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა.

თბოელექტროსადგურის მშენებელთა მხრიდან განაცხადეს, რომ შესყიდვა მეორად ბაზარზე განხორციელდა, რის შემდეგაც ტურბინების მოდერნიზება რუსეთის ქარხნებში მოხდა. განმარტებამ გერმანული კომპანია არ დააკმაყოფილა და საქმე სასამართლომდე მივიდა. "სიმენსი" მიწოდებაზე მოქმედი ხელშეკრულებების გაწყვეტას და ტურბინების უკან დაბრუნებას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2022 წლის II კვარტლის (აპრილი-ივნისი) ანგარიშში Siemens Energy AG-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია უკვე შეუდგა რუსეთში საკუთარი ბიზნესის რესტრუქტურიზაციას. აქ იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროცესი სექტემბრის ბოლოს დასრულდება. „ევროკავშირის სანქციებმა 10 ივლისის შემდეგ არსებითი გავლენა იქონიეს რუსეთში კომპანიის საქმიან აქტივობებზე. ამდენად, ისინი არ ამართლებენ ქვეყანაში ჩვენი მუშაობის გაგრძელებას“, – წერია კვარტალურ ანგარიშში.

როგორც კონცერნში ვარაუდობენ, 2022 ფინანსური წლის შედეგებით Siemens Energy AG-ი რუსეთთან დაკავშირებული ოპერაციების გაუქმების გამო დაახლოებით 400 მილიონ ევროს დაკარგავს. თუმცა, ინვესტორებისთვის გამოქვეყნებულ პრეზენტაციაში 2023 წლიდან კომპანია სერიოზულ ნეგატიურ ფინანსურ დანაკარგებს არ ელის.

დარგისთვის ასეთი მსხვილი სამრეწველო დეფიციტის წარმოქმნაზე საკუთარი აზრი რესურსებისა და ენერგეტიკის ბაზრის საერთაშორისო ექსპერტმა ვლადიმირ დემიდოვმა გამოთქვა:

„Siemens-ს მეტად მნიშვნელოვანი საგანი, ენერგეტიკული დარგის ნებისმიერი საწარმოს „ტვინი“ შემოჰქონდა – საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და ავტომატიკა. მაგალითად შეიძლება გაზსადენების მოყვანა. ყველა ამ პროექტის მართვა შიემენს-ის მოწყობილობებით წარმოებს. არცერთ რუსულ მწარმოებელს არ შეუძლია „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის საჭირო მოწყობილობებით სრულად უზრუნველყოფა. Siemens-ს შეეძლო“.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსულმა "ინტერფაქსმა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავცელა ინფორმაცია, რომ "ინტერ რაომ" შეიძინა Siemens Energy-ის წილი, რომელიც გერმანულ კონცერნს "ძალოვან მანქანებთან" ერთობლივ საწარმოში ჰქონდა. "ინტერ რაომ" ასევე შეიძინა "ვორონეჟის ტრანსფორმატორი", რომელიც აგრეთვე Siemens Energy-ის შემადგენლობაში იყო. გერმანულმა კომპანიამ თვეებით ადრე განაცხადა, რომ რუსეთის ბაზრის დატოვებას შემოდგომით აპირებდა, მაგრამ გარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ვლადიმირ პუტინმა "არამეგობრული ქვეყნების" წარმომადგენელ აქციონერებს აუკრძალა სტრატეგიული კომპანიების, ენერგეტიკის და სერვისის სფეროში არსებული წილების გაყიდვა. თუმცა, როგორც ჩანს, "სიმენსმა" მაინც შეძლო აქტივების გასხვისება. თავის მხრივ, გერმანულ-რუსული ერთობლივი კომპანიის ახალი მფლობელები აცხადებენ, რომ გარიგების ეფექტი მოგვიანებით გამოჩნდება, თუმცა, იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში მკვეთრად გაიზრდება მოთხოვნა თანამედროვე ტურბინებზე და ტრანსფორმატორებზე; აგრეთვე აუცილებელი იქნება მომსახურების გაწევა იმ ენერგოკომპანიებისთვის, რომლებსაც უცხოური მოწყობილობები აქვთ დამონტაჟებული. 

"შავარდნები" და "მერცხლები" ძველებურად ვეღარ იფრენენ

1879 წელს ვერნერ ფონ სიმენსმა პირველი ელექტრული რკინიგზა წარადგინა, რომელიც რელსებზე მიწოდებული დენის მეშვეობით მუშაობდა. ორ წელიწადში "სიმენსმა" ინვესტიციები პირველი ელექტრო ტრამვაის წარმოებაში ჩადო, რომელიც ბერლინის გარეუბანში გადაადგილდებოდა. სწორედ ეს ტრამვაი გახდა სატრანსპორტო ტექნოლოგიების ერის დასაწყისად, რომელმაც საფუძველი დაუდო ელექტრორკინიგზების ტრიუმფალურ განვითარებას.

დღეისთვის, "სიმენსი" ორ პლატფორმაზე დაფუძნებულ ელექტრომატარებლებს აწარმოებს – Velaro და Desiro. რუსულ ბაზარზე `სიმენსის~ მატარებელთა წარმოება „რუსეთის რკინიგზასთან“ თანამშრომლობის წყალობით დაიწყო. 2005-2006 წლებში მხარეთა შორის შედგა მოლაპარაკებები რუსეთში მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო კავშირის უზრუნველსაყოფად. 2009 წელს რუსულმა მხარემ გერმანელებს ელექტრომატარებელი კომერციული სახელით „ლასტოჩკა“ (მერცხალი) დაუკვეთა.

2010 წელს ეკატერინბურგთან ახლოს გაიხსნა "სიმენსისა" და რუსული ჰოლდინგი „სინარის“ ერთობლივი საწარმო შპს „ურალის ლოკომოტივები“, სადაც „რუსეთის რკინიგზის“ შეკვეთით „ლასტოჩკა“ მზადდებოდა. იმავე წლიდან სწრაფმავალმა მატარებლებმა ნიჟნი ნოვგოროდს, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის რეგულარული გადაადგილება დაიწყეს.

იმის მიუხედავად, რომ „ახალი“ რუსული მატარებლების კომერციული სახელია „ლასტოჩკა“, რეალურად მათი 2 სახეობა არსებობს:

– „ლასტოჩკა“ ეს გახლავთ ჩქაროსნული ელექტრომატარებელი, რომელსაც 443 სამგზავრო ადგილი აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ია;

– „საპსან“ (შავარდენი) ჩქაროსნული მატარებელია, რომლის ერთსართულიან ვარიანტში 525 ადგილია, ორსართულიანში კი 1050. მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ.

„რუსეთის რკინიგზამ“ 2019 წელს "სიმენსთან" 4 წელიწადში 13 „საპსანის“ მიწოდების ხელშეკრულება დადო.კონტრაქტის ღირებულება 1,1 მილიარდი ევრო გახლდათ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ტექნიკურ მომსახურებას და მოძრავი შემადგენლობის მიმდინარე რემონტს. რუსეთის სარკინიგზო მონოპოლისტმა 4 მატარებლის მიღება უკვე მოასწრო, 22 მარტიდან კი მხარეთა შორის ყოველგვარი ანგარიშსწორება შეწყდა.

როგორც რუსული წყაროებიდან ირკვევა, რუსული მხარე მონიტორინგს გაუწევს მატარებლების მდგომარეობას ისევე, როგორც ეს მოხდა იმპორტირებული თვითმფრინავების შემთხვევაში. რუსეთის ავიაცია სანქციების დაწესების შემდეგ ვეღარც ახალ საჰაერო ხომალდებს ყიდულობს და ვერც არსებულისთვის სათადარიგო ნაწილებს. რკინიგზის ცნობით, "საპსანისა" და "ლასტოჩკას" მატარებლების მოვლა-ექსპლუატაცია გაგრძელდება რუსეთის მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რუსეთის რკინიგზის ჰოლდინგის ხელმძღვანელობითა და კონტროლით“. თუმცა, ეს პრობლემას სრულად არ წყვეტს. 

„შეგიძლიათ შეცვალოთ სათადარიგო ნაწილები იმით, რაც შემორჩენილია მარაგის საცავებში. როცა სათადარიგო ნაწილები ამოიწურება, შეგიძლიათ გარკვეული დროის შემდეგაც შემოიტანოთ პარალელური იმპორტის სქემით. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ დაშალოთ ერთი მატარებელი ისე, რომ ის სათადარიგო ნაწილებად გამოიყენოთ. ასეთი რამეც შესაძლებელია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საიმედოობის ის დონე, რომელიც თავდაპირველად იყო – ვეღარასოდეს დაბრუნდება, რადგან სასიცოცხლო ციკლის სამართავმა სისტემებმა – IT გადაწყვეტილებების კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა“, – განმარტავს კვლევითი კომპანია „INFOLine ანალიტიკის“ გენერალური დირექტორი მიხაილ ბურმისტროვი.

„მთავარი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია "სიმენსის" რუსეთიდან გასვლასთან, არ არის უკავშირდება ელექტროტექნიკის სფეროში ერთობლივი საწარმოების საკითხს, გაზის ტურბინების წარმოებას, სარკინიგზო ტექნოლოგიების სფეროს – ეს საკითხები მეტნაკლებად მოგვარებადია. პრობლემა ის არის, რომ აპარატურა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მენეჯმენტის სისტემას, IT გადაწყვეტილებებს ვერ ჩაანაცვლებ“, – ამბობს მიხაილ ბურმისტროვი. 

ეჭვგარეშეა, ისეთი გავლენიანი კომპანიის ქვეყნიდან წასვლა, როგორიც "სიმენსია", ორივე მხარისთვის მტკივნეული და დროში გაწელილი პროცესი იქნება. ალბათ თითოეულ საწარმოზე ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღება. პრაგმატულმა გერმანელებმა უკვე დაითვალეს და განაცხადეს, რომ პირდაპირი დანაკარგები 600 მილიონ ევროს შეადგენს. „გაუტეხელ“ რუსეთს კი ჯერ ეკონომიკური სტატისტიკისთვის არ სცალია. მისი საზრუნავი უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვალში დაწყებული სადამსჯელო სამხედრო ოპერაციაა, რომელშიც იმაზე გაცილებით მეტ ზარალს ნახულობს, ვიდრე უშუალოდ ეკონომიკაში.

შმაგო სორელი