ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
HISENSE – რადიოქარხნიდან სუპერკომპიუტერის მწარმოებლამდე აღზევებული კომპანია - №3((71), 2022
მუნდიალის ოფიციალური სპონსორის ზრდის ამბავი 

ბოლო მუნდიალების ოფიციალური სპონსორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩინური ტრანსნაციონალური მწარმოებელი კომპანია „ჰაისენსი“ (Hisense) გახლდათ. იგი ჩვეულებრივი რადიოქარხნიდან მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე გიგანტად საკმაოდ მოკლე დროში გარდაიქმნა. „ჰაისენსი“ გახდა პირველი ჩინური კომპანია, რომლის სახელი ქვეყნის გარეთ მდებარე ერთ-ერთ სპორტულ არენას დაერქვა. 

როგორ იზრდებოდა ქარხანა 

ჩინეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ, ეს კომპანია 1969 წელს ქალაქ ცინდაოში მდებარე რადიოქარხნის სახით დაფუძნდა. მაშინ იგი ჯერ კიდევ პატარა ფაბრიკა იყო, რომელიც რადიომიმღებებს აწარმოებდა და უშვებდა პროდუქციას სავაჭრო მარკით Red Lantem. დაარსებიდან გარკვეული დროის შემდეგ კომპანიამ „ნოუ ჰაუ“-ს შეძენაზე იზრუნა, რამაც შავ-თეთრი ტელევიზორების წარმოებაში ძალების მოსინჯვა გადააწყვეტინა. მთავარი დამკვეთი პროვინცია შანდუნის თავდაცვის ნაციონალური სამმართველო იყო. ხელშეკრულება ტიანძინის ქარხანაში 3 თანამშრომლის ტექნიკურ სწავლებასაც ითვალისწინებდა. შედეგად, „ჰაისენსის“ „წინაპრებმა“ 1971 წელს 80-ზე მეტი ტელევიზორი დაამზადეს. ისინი ამით არ დაკმაყოფილდნენ და 1975 წლიდან ტელევიზორებისთვის ტრანზისტორების წარმოება დაიწყეს. 

1979 წლამდე ჩინეთში ტელევიზორების წარმოება ლიმიტირებული გახლდათ. ქვეყნის ელექტრონიკის სამინისტროში შემდგარი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. აქ სამთავრობო დონეზე პირველად გაისმა სამოქალაქო მიზნებისთვის დარგის განვითარების წამახალისებელი მოწოდებები. ცინდაოს რადიოქარხანა მალე ელექტრონიკის სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან გააერთიანეს და შანდუნის პროვინციაში ტელევიზორების სერიული წარმოების ხაზი ამოქმედდა. 

იაპონური ელექტრონიკის (Panasovic, National) მწარმოებელი Matsushita-ს საწარმოო ხაზის შეძენის შემდეგ ცინდაოში ფერადი ტელევიზორების გამოშვება დაიწყეს. ეს იყო პირველი იმ მრავალთაგანი ანალოგიური სახის ტექნოლოგიური ტრანსფერებიდან, რომლებიც „ჰაისენსმა“ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მიიღო. კომპანიებიდან, რომლებთანაც მან მომავალში აქტიურად ითანამშრომლა, Hitachi-ის, Toshiba-ს, Lucent-ის, Sanyo-სა და Qualcomm-ის გამორჩევა შეიძლება. 

ერთ სამრეწველო ჯგუფად შეკრული „ჰაისენსი“ 1994 წლიდან არსებობს. ამ დროს მისი გენერალური დირექტორი ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ იმედისმომცემი ჩინელი მეწარმე ჩჟოუ ჰუჟანი (Zhou Houjian) იყო. მანამდე 2 წლით ადრე იგი ცინდაოს რადიოქარხნის დირექტორი გახდა და ქვეყნის მასშტაბით მის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა (მარტო ერთ წელიწადში კომპანიის შემოსავლებმა 61 მილიარდი დოლარით მოიმატა). 

კომპანიის აქციათა პაკეტი შანხაის საფონდო ბირჟაზე ოფიციალურად 1997 წლის შუა გაზაფხულზე დარეგისტრირდა. ნიშანდობლივია, რომ ჩინური ელექტრონიკის ბაზარზე 90-იან წლებში გაჩაღებული ფასების ომი და შესაბამისად გაზრდილი კონკურენცია „ჰაისენსისთვის“ ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა. 1998 წლისთვის მან 10 გაკოტრებული საწარმო შეიძინა. 

საკუთარი სფეროს ჩარჩოებიდან გამოსვლის მცდელობის ფონზე კომპანიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერებისა და კომუნიკაციების დარგში რეგიონულ ლიდერობაზე ზრუნვა დაიწყო. ამ სტრატეგიამ, უზარმაზარი ინდუსტრიული პარკების შესაქმნელად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოებაში სერიოზული ინვესტიციების ჩადება მოითხოვა. „ჰაისენსმა“ ტელევიზორების კვალდაკვალ მობილურების, დიდი არჩევანის საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტელემაუწყებლობისთვის საჭირო ციფრული მოწყობილობების, უსადენო მოდულების და სატელეკომუნიკაციო კავშირებისთვის აუცილებელი ოპტიკური კომპონენტების წარმოება დაიწყო. კომპანია ასევე უზრუნველყოფს მომსახურებათა მრავალფეროვან დასახელებას – უძრავი ქონების, საინფორმაციო სერვისების, პროდუქციათა დიზაინის მართვას. 

ერთობლივი და შვილობილი კომპანიების შექმნის ეპოქა 

ამ პერიოდიდან დაიწყო კომპანიის მიერ ნაწარმოები პროდუქტების სხვადასხვა ბრენდების „ქოლგის ქვეშ“ რეალიზაცია. მაგალითისთვის, მარკა Combine დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩინელ ფერმერთა შორის; ბრენდი Hisense-Hitachi აწარმოებდა ამ ორი კომპანიის მიერ ერთობლივად შექმნილ კონდიციონერებს; Kelon ცნობილი იყო მაღალი კლასის კონდიციონერებითა და მაცივრებით. არანაკლები ხარისხი ჰქონდა Ronshen-ის ბრენდის საცალო პროდუქციას. SAVOR-ის მარკამ კი სახელი გემოვნებიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით გაითქვა. სხვათა შორის, მისი სახელი შესაბამისი ინგლისური სიტყვიდან წარმოიშვა. იგი ხომ „განსაკუთრებულ გემოს“ ან „განსაკუთრებულ თვისებას“ ნიშნავს. 

კომპანიას 40-ზე მეტი შვილობილი ორგანიზაცია, მათ შორის ჩინეთის საზღვრებს გარეთაც შეუგროვდა. 2003 წელს Hisense-მა და Hitachi-მ ერთობლივი საწარმო დააფუძნეს, რომელიც საკუთარი პროდუქციის შემუშავებას, წარმოებასა და გაყიდვას ახორციელებდა. აქ საქმე მეტწილად ჰაერის კონდიცირების კომერციულ და საყოფაცხოვრებო სისტემებს ეხებოდა. ფირმის პროდუქცია მხოლოდ ჩინეთში კი არა, იაპონიაშიც იყიდება. მის განკარგულებაშია Hisense-ის ინდუსტრიული პარკი. შტაბ-ბინით ცინდაოში განთავსებული შვილობილი საწარმო კომპანიის პროდუქციის ავსტრალიაში გავრცელებაზეც ზრუნავს. 

1998 წელს საბოლოოდ ჩამოყალიბდა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებელ ამერიკულ ტრანსნაციონალურ კორპორაცია Whirlpool-თან ერთობლივი საწარმოს შექმნის პროექტი. კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოსთვის აიღეს პეკინის მახლობლად მდებარე მაცივრების მწარმოებელი თანამედროვე ქარხანა. პროექტის ფარგლებში „ჰაისენსი“ პასუხისმგებელი იყო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაზე, მაცივრების გამოშვებასა და მარკეტინგზე. ამერიკელებთან კოოპერაციაში 2008 წლისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა სარეცხი მანქანებისა და მაცივრების მწარმოებელი ერთობლივი საწარმო. მისი დიდი სიმძლავრის მოწყობილობათა დამამზადებელი ქარხანა ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციაში მდებარეობს. 

1991 წელს დაარსდა შვილობილი კომპანია Hisense Export & Import. მას დაევალა OEM (Original Equipment Manufacturer – მოწყობილობის ორიგინალური მწარმოებელი) კონტრაქტების დამყარება უცხოურ კომპანიებთან. 

2004 წელს შექმნილი უნგრული შვილობილი საწარმო ამერიკულ-სინგაპურულ კომპანია Flextronic-თან ერთად ტელევიზორებს აწყობდა. თავდაპირველად, მათი წარმოებული პროდუქცია „ჰაისენსის“ სავაჭრო მარკით იყიდებოდა და აქცენტი OEM-ზე კეთდებოდა. ეს საწარმო შეკვეთების შემცირების გამო 2009 წელს დაიხურა. 

განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა Hisense-სა და კორპორაცია Kelon-ს შორის. მათი შვილობილი საწარმო 1984 წელს შუნდაში დაარსდა. იგი თავიდანვე მაცივრების წარმოებით იყო ცნობილი. Kelon-მა ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე H-აქციები 1996 წელს დაარეგისტრირა, ხოლო 1999-დან A-აქციები შენჯენის (Shenzhen) ბირჟაზე გამოჩნდა. 2005 წლის ზაფხულში გამოცხადდა, რომ ამ აქციებით ვაჭრობა შეაჩერეს. მიზეზი უსიამოვნო ინციდენტი გახლდათ: Kelon-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და უმსხვილესი აქციონერი გუ ჯუ ძიუნი კომპანიის აქტივების მიტაცებაში დაადანაშაულეს. 

საქმის გამოძიება ფოშანის პოლიციას დაევალა. მოგვიანებით Kelon-ის დირექტორთა საბჭომ გუ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო საქმის დარეგულირება ფოშანის სახალხო სასამართლომ მხოლოდ 2009 წლის იანვარში შეძლო. მალე კომპანიის აქციებით ვაჭრობა ჰონგ-კონგის, შანხაისა და სხვა მსხვილ საფონდო ბირჟებზე განახლდა, თუმცა, ისინი მოგებას უკვე სულ ახალ იურიდიულ მფლობელს აძლევდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ 2006 წელს Hisense Group-მა Kelon-ი შეისყიდა, მომდევნო წელს კი კომპანიას სახელი შეუცვალა და Hisense Kelon Electrical Holdings Limited დაარქვა. 

1989 წლიდან იწყება Hisense Group-ის კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაციის არსებობის ისტორია. მისი საქმიანობა POS-ტერმინალების, ელექტრონული საკასო აპარატებისა და საცალო ვაჭრობისთვის საჭირო სხვა სპეციალიზებული პერიფერიული დანადგარების შემუშავება და წარმოებაა. 

კომპანიის მობილური მიმართულება 2005 წლიდან ამოქმედდა. საბაზო საყრდენი გახლდათ 5 წლით ადრე დაარსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში 233 პატენტი, 64 გამოგონება და 116 პროგრამული საავტორო უფლება გაიფორმა. Hisense Group-ის ამ ფილიალის პროდუქცია მობილურ ტელეფონებთან ერთად, Linux-ის ოპერაციული სისტემით მართვად სმარტფონებს, უსადენო მოდულებსა და სამრეწველო ტერმინალებს მოიცავს. 

1996 წელს ამუშავდა კიდევ ერთი შვილობილი საწარმო Hisense Optics. იგი სულ სხვა გაკოტრებული ორგანიზაციის ფილიალი იყო, რომლის აქტივები ცინდაოს მთავრობამ Hisense Group-ს საჩუქრად გადასცა. ეს ფირმა დისტანციური მართვის, მაგნიტური კოჭებისა და სხვა დამატებით დეტალებს აწარმოებს. მას ასევე შეუძლია ოპტიკური ხელსაწყოების, ტელეფონების და ფოტოაპარატების დამზადება. ფირმის ხელმძღვანელები ცინდაოში რეგულარულად მართავენ საერთაშორისო სიმპოზიუმებს. 

2003 წელს შეიქმნა მორიგი ერთობლივი საწარმო ამერიკელებთან კოოპერაციაში. Ligent Photonics-ის შვილობილი ორგანიზაცია ოპტიკურ-ბოჭკოვანი პროდუქციის დამზადებაზე მუშაობს. მისი სამეცნიერო-კვლევითი სიმძლავრეები ცინდაოსა და ჩიკაგოშია განთავსებული. არსებობს ცინდაოში მდებარე საწარმოო ბაზა, რომელიც წარმოებული პროდუქციის მარკეტინგზეა პასუხისმგებელი. 

„ჰაისენსის“ პირველი უცხოური შვილობილი ორგანიზაცია იყო სამხრეთაფრიკულ საბანკო ფირმასთან ერთად შექმნილი წარუმატებელი ერთობლივი საწარმო. აფრიკაში მდებარე ფაბრიკა ტელევიზორებს და საოჯახო კინოთეატრებს აწარმოებდა. იმის მიუხედავად, რომ იგი უკვე არ ფუნქციობს, მას დღესაც შეუძლია სამეცნიერო სიახლეებზე მუშაობა და წარმოებული პროდუქციის სავაჭრო წერტილებში განაწილება. 

შვილობილი ქვედანაყოფი Qingdao HC აწარმოებს მობილურ ტელეფონებს და სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მართვას უზრუნველყოფს. იგი 2001 წელს დაარსდა. მისი დღესაც არსებობა ბევრად არის განპირობებული Qualcomm-თან წარმატებული ტექნიკური თანამშრომლობით. ამ საწარმოს დამოუკიდებელი ინდუსტრიული პარკი, ცინდაოდან ავტომობილით საათნახევრის სავალზე მდებარეობს. Qingdao HC-ის ერთ-ერთი უნიკალური მიღწევაა C108 – პირველი მობილური ტელეფონი, რომლის შექმნისას გამოყენებულია Qualcomm-ის ბიომეტრიული ეკრანის ტექნოლოგია. იგი ეკრანის გამოსახულების მკაფიოდ გარჩევის საშუალებას მაშინაც იძლევა, როცა მას მზის სხივები პირდაპირ ეცემა. 

საინტერესო ფაქტი მოხდა 1998 წელს, როცა ოქტომბერში დაარსდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საქალაქო მოძრაობისა და ლოჯისტიკისთვის საჭირო ელექტრონიკის მწარმოებელი ფილიალი. აქ დამზადებული პროდუქცია მოიცავს მოძრაობის მართვის სისტემებს, შუქნიშნების მაკონტროლებლებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის კომპლექსურ სისტემებს, საინფორმაციო პლატფორმებს, დარღვევათა მაფიქსირებელ ციფრულ ტრაფიკებს, ვიდეო სისტემებს, ინტელექტუალურ ტერმინალებს. ისინი სხვადასხვა საფირმო სავაჭრო მარკებით იყიდება – მაგალითად, HIDVC, Hicon და ა.შ. 

აქვე აღსანიშნია, რომ „ჰაისენსს“ იტალიური ოფისიც აქვს, რომლისთვისაც დღემდე სახელწოდება არ მიუნიჭებიათ. აპენინებზეა ასევე ელექტროძრავების ერთობლივი საწარმო. 

Hisense Group-ს მსოფლიოს მასშტაბით სულ 12 ინდუსტრიული პარკი აქვს. მის მმართველობაშია მთელი რიგი საწარმოო ბაზა. მაგალითისთვის, ფოშანის ოლქში მდებარე ობიექტი ექსპლუატაციაში 2009 წლის ბოლოს შევიდა და იგი ბრტყელპანელიან ტელევიზორებს აწარმოებს. 

HISENSE , სპორტი და სპონსორობა 

საკუთარი პროდუქციის რეკლამის საუკეთესო საშუალებისთვის, კომპანიის მენეჯმენტმა მიმდინარე საუკუნის საწყის წლებში „მოიცალა“. 2008 წლის მაისში „ჰაისენსმა“ შეთანხმებას Melbourne & Olympic Parks-თან მიაღწია. დადებული კონტრაქტი უახლოესი 6 წლის განმავლობაში ავსტრალიელებს ამ მულტიფუნქციური სპორტული ცენტრისთვის Hisense Arena-ს სახელის მინიჭებას ავალდებულებდა. ამ არენაზე მისული მაყურებელს შეუძლია თვალი ადევნოს კალათბურთს, ნეტბოლს, სპორტულ ცეკვებს, ველოსპორტს, ტანვარჯიშს, ჩოგბურთს. სხვათა შორის, ეს იყო მსოფლიოში პირველი სტადიონი (სპორტკომპლექსის სტატუსით), რომელსაც ჩინური კომპანიის სახელი მიენიჭა. 

2014 წლის აგვისტოში „ჰაისენსმა“ კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა სპონსორობის კონტრაქტი. იმავდროულად და იგივე ვადით გაგრძელდა ხელშეკრულება Tennis Australia-სთან, რომელიც ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ტელესაკომუნიკაციო მხარდაჭერასა და სამაცივრე დანადგარებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. იმის მიუხედავად, რომ სახელობითი კონტრაქტის ვადა 2017 წლის ბოლოს ამოიწურა, წარწერა Hisense Arena კომპლექსის მთავარ შესასვლელს ბონუსის სახით 2018-ის აგვისტომდე ამშვენებდა. 

„ჰაისენსისა“ და სპორტის მეგობრობა, კიდევ უფრო ადრე – 2007 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. შვილობილი კომპანია Kelon Air-Conditioner-ის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე ასულმა ალპინისტთა გუნდმა Kelon-ის ბრენდირებული ალამი აღმართა. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ჰაისენსი“ 2022 წლის მუნდიალის ოფიციალურ სპონსორთა შორის იყო. ცნობისთვის, ამ ჩემპიონატზე ექვსმა უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ სასპონსორო და სარეკლამო ხარჯებში საერთო ჯამში 1,39 მილიარდი დოლარი დახარჯა (აშშ-ის კომპანიებმა „მხოლოდ“ 1,1 მილიარდი დოლარი). როგორც ბოლო მსოფლიო თასის გათამაშების პარტნიორმა, „ჰაისენსმა“ მუნდიალის ორგანიზატორებს 35 მილიონი დოლარი გადაუხადა. 

დიდი საფეხბურთო ტურნირებიდან ევრო-2016 იყო პირველი, რომლის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი „ჰაისენსი“ იყო. ევროპის შემდგომი ჩემპიონატისთვის მზადების დაწყებამდე კომპანიის მესვეურებმა UEFA-სთან გლობალური პარტნიორული შეთანხმება გააფორმეს, რაც ევროპაში გასამართ პრაქტიკულად ყველა დიდი ტურნირში თანამონაწილეობას ითვალისწინებდა. 

2022 წლის მუნდიალამდე ჩინელებმა რუსეთში 2018 წელს ჩატარებული ფინალური ტურნირის ოფიციალური სპონსორობა ითავეს (23 მილიონ დოლარად). მანამდე (2017 წელს) კი, „ჰაისენსმა“ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ეგიდით გამართულ კიდევ ერთ ტურნირს – კონფედერაციათა თასს უსპონსორა. 

„ჰაისენსი“ აგრეთვე „ფორმულა 1“-ში მოასპარეზე Red Bull Racing-ის გუნდის პარტნიორი იყო 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 3 რბოლაში (დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და მექსიკის გრან პრი). კომპანია საფეხბურთო კლუბებსაც სპონსორობს. 2017 წლის 27 ივლისიდან, ინგლისური პრემიერლიგის ბირმინგემულ „ასტონ ვილასთან“ დაიდო სტრატეგიული პარტნიორობის კონტრაქტი, რომელიც დღემდეც ძალაშია. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის ბინადარმა გელზენკირხენის „შალკე-04“-მა, უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისთანავე „გაზპრომთან“ სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა და 2022 წლის გაზაფხულიდან მისი გენერალური სპონსორი სწორედ „ჰაისენსია“. 

HISENSE და ანტირუსული სანქციები 

უშლის თუ არა Hisense Group-ის რუსულ წარმომადგენლობას ხელს ანტირუსული სანქციები, ქვემოთ მოყვანილი მაგალითიდანაც ჩანს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის რამდენიმე რუსული და ჩინური მწარმოებელი განიხილავს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გამოთავისუფლებული საწარმოო სიმძლავრეების შესყიდვის ან იჯარით აღების ვარიანტებს. ამ ინფორმაციას რუსული ბიზნეს-გამოცემა Коммерсантъ-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რუსული ბრენდები Kuppersberg და Schaub Lorenz, ბაზარზე რომელთა ხვედრითი წილი 1-2%-ს არ აღემატება, „ჰაისენსთან“ ერთად აწარმოებენ მოლაპარაკებას რუსეთის სამრეწველო ვაჭრობის სამინისტროსთან. ამ კომპანიებს სურთ იყიდონ ან იქირაონ Bosch-ის, LG-ის და Samsung-ის ქარხნები. Holodilnik.ru-ს კომერციული დირექტორის – ალეკსეი პოგუდალოვის სიტყვებით, ვენდორებს (ვენდორი – საკუთარი ბრენდული და ასევე უცხო მწარმოებლის პროდუქციის მიმწოდებლები რედ.) მხოლოდ საკუთარი ბრენდული პროდუქციის წარმოება კი არ სურთ, ისინი არც რუსეთიდან წასული ბრენდების პროდუქციის გამოშვებაზე იტყვიან უარს. ასეთი საქმიანობა რომ „ჰაისენსისთვის“ ჩვეულებრივი ამბავია, ზემოთ არაერთგან მიმოვიხილეთ. 

HISENSE-ის უახლოესი ისტორია ციფრებში 

2013 წელს კომპანია „ჰაისენსმა“ გამოიგონა გამჭვირვალე 3D-ტელევიზორი; 

2015 წლის ივლისში „ჰაისენსმა“ იაპონური „შარპისგან“ მექსიკაში მდებარე საწარმო, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გაყიდულ ტელევიზორებზე Sharp-ის ბრენდის გამოყენების უფლებასთან ერთად 23,7 მილიონ დოლარად იყიდა. 

2017 წლის ივნისში Sharp-მა და მისმა ახალმა მფლობელმა ტაივანური Foxconn-მა „ჰაისენსს“ სალიცენზიო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით უჩივლა. მომჩივნები ირწმუნებოდნენ, რომ „ცუდად დამზადებულ“ პროდუქციაზე Sharp-ის სავაჭრო მარკის დატანით მათი საქმიანი რეპუტაცია ზარალდებოდა. ჩინელები ბრალდებებს უარყოფდნენ, სასამართლოში თავის დაცვისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ და აპირებდნენ Sharp-ის ლიცენზირებული ბრენდით გაეგრძელებინათ ხარისხიანი ტელევიზორების წარმოება და გაყიდვა. 2018 წლის თებერვალში „შარპმა“ სარჩელი უკან გაიტანა – როგორც ჩანს, მხარეები მორიგდნენ; 

2017 წლის ნოემბერში „ჰაისენსმა“ Toshiba Visual Solutions-ის აქციათა პაკეტის 95%-ის 113 მილიონ დოლარად ყიდვის თაობაზე გამოაცხადა; 

2018 წელს „ჰაისენსი“ აქციათა 95,4%-ის დაუფლებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის სლოვენიური მწარმოებლის Gorenje-ს მაჟორიტარული აქციონერი გახდა. 2019-ში, ამ კომპანიის აქციათა სრული პაკეტი ჩინელთა საკუთრებაში გადავიდა; 

2020 წელს „ჰაისენსმა“ წარადგინა მსოფლიოში პირვე¬ლი ტელევიზორი გამოსახულების 8K გაფართოებითა და 10-ბიტიანი HDR-ის მქონე ეკრანით. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე HDR ალგორითმით შექმნილი ხელოვნების ეს ნიმუში სუპერკომპიუტერის სიმძლავრეს (6,5 ტერაფლოპსი) მოიხმარს და პრეზენტაციის დღეს გამოცხადებული მისი ფასი 11.351 დოლარი იყო; 

2022 წლის მაისში „ჰისენსმა“ გამოაცხადა კომპანიის მიერ 4K გაფართოების მქონე Fire TV-ს გამოშვების შესახებ. ტელევიზორს 60 ჰერცი სიხშირის მქონე 50-დუიმიანი უჩარჩოო დისპლეი აქვს. იგი „ჰაისენსის“ შემუშავებულ ULED ტექნოლოგიას იყენებს, მასში Fire TV-ია „ჩაშენებული“ და HDR-ის (High Dinamic Range – მაღალი დინამიკური დიაპაზონი) Dolby Vision ფორმატი აქვს. 

ფრიდონ კერვალიშვილი