ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
"ყაზტრანსგაზ-თბილისს" ახალი მფლობელი ჰყავს - #3(56), 2018
აბონენტები ტარიფის ცვლილების მოლოდინში არიან

დედაქალაქის მთავარი გაზგამანაწილებელი სისტემა ახალი კომპანიის საკუთრება გახდა. ყაზახურმა "ყაზტრანსგაზმა", რომელიც თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგებაში 2006 წლიდან ჩაერთო, საკუთრება ცოტა ხნის წინ გაასხვისა. მანამდე იყო წლების მანძილზე გაჭიანურებული პროცესი, როდესაც "ყაზტრანსგაზ-თბილისს" საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობაზე, კომპანიისთვის ახალი დავალიანების წარმოქმნაზე და ძველის გაუსტუმრებლობაზე ედავებოდნენ. კომპანია 2009 წლიდან სპეციალური მართვის რეჟიმს დაუქვემდებარეს და სემეკმა "ყაზტრანსგაზი-თბილისის" სპეციალური მმართველიც დანიშნა. როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა, ყაზახი ინვესტორები უკვე 2009 წლიდან ცდილობდნენ აქტივების გაყიდვას, თუმცა, პროცესი ბოლო დრომდე გაჭიანურდა და სულ რამდენიმე თვის წინ თითქმის დადასტურებული ინფორმაციაც გავრცელდა – `ყაზტრანსგაზმა~ საკუთარი აქტივის შესაძლო მყიდველი მონახაო. მშინდელი ინფორმაციით, თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას `საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი~ ყიდულობდა. `ბიზნესი და მენეჯმენტი~ ამ თემაზე #№1(54)-ში წერდა კიდეც, თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, გარიგება არ შედგა და ყაზახურმა კომპანიამ საბოლოოდ სხვა მყიდველთან შეძლო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. გარიგების თანხის მოცულობა, სავარაუდოდ, 40 მილიონი დოლარი და ასეულობით მილიონი ლარის ჩამოწერილი დავალიანებაა.
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია, რომელიც 400 ათას აბონენტს ემსახურება, ასეთი პირობით, უკვე მეორედ გაიყიდა. მყიდველი ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Waltbay LTD-ია, რომელიც ქართული მსხვილი „სი ბი ეს ჯგუფის“ საკუთრებაა. ჯერჯერობით, უცნობია როდის შეიცვლება კომპანიისთვის სახელი, ხოლო თბილისელი მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი. ამ საკითხზე, „სი ბი ეს ჯგუფში“ კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, წინასწარი მოლოდინი არცთუ სასიამოვნოა – სპეციალისტები ბუნებრივ აირზე ტარიფის ცვლილებას არ  გამორიცხავენ.

ყაზახურ და ქართულ მხარეს შორის კომპანიის მართვასთან დაკავშირებული 9- წლიანი ჭიდილი, დაპირისპირება და მუქარა დასრულდა. ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის საქართველოს მთავრობის 27 აგვისტოს განკარგულება გახდა ცნობილი. განკარგულებიდან გაირკვა, რომ გამოჩნდა კომპანია Waltbay LTD , რომელიც მზად იყო ეყიდა „ყაზტრანსგაზ- თბილისი“, თუკი იგი ვალებისგან გათავისუფლდებოდა. ამასთანავე, განკარგულების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს მთავრობასა და „ყაზტრანსგაზს“ შორის არსებული დავის მორიგებით დასრულება დაევალა.

შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ „ყაზტრანსგაზი“, რომელიც ყაზახეთის ნაციონალური კომპანია `ყაზმუნაიგაზის~ შვილობილია და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ახორციელებს, საქართველოს მთავრობასთან სასამართლო დავაში იყო ჩაბმული. `ყაზტრანსგაზმა~ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში 2017 წლის 7 აპრილს უჩივლა. არბიტრაჟი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად მიმდინარეობდა.

„ყაზტრანსგაზის“ მტკიცებით, დაირღვა 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ 1996 წელს გაფორმებული შეთანხმებისა და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვდა არაპირდაპირი ექსპროპრიაციისა, სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის დარღვევის ფაქტის დადგენას და მიყენებული ზიანის სახით 187 902 597 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

საქმე ეხებოდა საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყაზახურ მხარეს გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვის უფლება ჩამოერთვა და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი სემეკის მიერ დანიშნულ დროებით მმართველს გადაეცა. ყაზახური მხარე ამ ფაქტს, როგორც ექსპროპრიაციას, ისე მიიჩნევდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ კომპანიას ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 80 მილიონ ლარის დავალიანება დაუგროვდა და კომპანიის გადახდისუნარიანობა საფრთხის ქვეშ დადგა. 9 წლის განმავლობაში ყაზახური მხარე კომპანიის მართვაში დაბრუნებას ითხოვდა. ყაზახები ასევე არ მალავდნენ, რომ მათთვის საქართველოში საქმიანობა საინტერესო აღარ იყო და მზად იყვნენ მორიგების საფუძველზე ქვეყანაც დაეტოვებინათ.

მთავრობის ზემოთ ხსენებული განკარგულების შემდეგ სულ რაღაც ერთ თვეში ცნობილი გახდა, რომ მორიგება წარმატებით დასრულდა. საქართველოს მთავრობამ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 96 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა. ყაზახეთმა კი უარი თქვა საქართველოსთვის 187 მილიონი დოლარის მოთხოვნაზე. საჯარო რეესტრში თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მეპატრონედ კომპანია Waltbay LTD დარეგისტრირდა. შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორიც. სანჟარ შოკატაევი ნიკოლოზ ჭიაურელმა ჩაანაცვლა.

Waltbay LTD-ის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია არ იძებნება. თუმცა, საზოგადოებისთვის ცნობილია ამ კომპანიის დამფუძნებლის „სი ბი ეს ჯგუფის“ საქმიანობის შესახებ. კერძოდ, „სი ბი ეს ჯგუფი“ 2013 წლის 25 მარტს დაარსდა. კომპანია ფლობს ბიზნესს სატელეკომუნიკაციო და სატრანსპორტო სფეროებში. ცოტა ხნის წინ მოიპოვა ეროვნული ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლებაც. ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, „სი ბი ეს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანიები არიან „კავკაზუს ონლაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს „მობიტელი“ (ბრენდი „ბილაინი“), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“, „რკინიგზის ტელეკომი“, სარეკლამო სააგენტო „ელეფანტი“ და სხვა. კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. „სი ბი ეს“-ისთვის ეს პირველი ინვესტიციაა ენერგეტიკაში.

„სი ბი ეს ჯგუფში“ ინფორმაცია ამ გარიგების შესახებ ცოტა ხნის წინ დაადასტურეს. კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ქართული ჯგუფი „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ოფშორის გავლით კი კომპანიის ყიდვის გადაწყვეტილება გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების მოტივით ახსნეს და განმარტეს, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წილი საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას უახლოეს მომავალში გადმოეცემა.

„2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს,
347 მილიონ 721 ათას 491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა. კომპანია Waltbay LTD-ის მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისის~ ნასყიდობისთვის წაყენებული წინაპირობა გახლდათ შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისის~ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან `ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის~ ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების Waltbay LTD-სათვის დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია Waltbay LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა. კომპანია Waltbay LTD-მ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისი~ გათავისუფლდება სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ ისინი მზად არიან მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება გარიგების ფასს, ამის შესახებ კომპანიაში არ საუბრობენ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს თავი აარიდეს ეკონომიკის სამინისტროშიც და აღნიშნეს, რომ ეს ორ კერძო პირს შორის შეთანხმების საგანია სამინისტრო ამ პროცესში არ ჩარეულა და შესაბამისად ინფორმაციაც არ აქვთ.

სამაგიეროდ, ფასთან დაკავშირებული დეტალები ცნობილი გახდა ყაზახური მედიისთვის, საიდანაც გაირკვა, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამასთანავე, abctv.kz წერს, რომ ქართული კომპანიის გაყიდვით ყაზახური მხარე დაზარალდა, რადგან თავის დროზე, „ყაზტრანსგაზ- თბილისში“ 160 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე თვლის, რომ გარიგების ფასი საზოგადოებისთვის ნაკლებსაინტერესოა, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამყიდველი არ არის. მისთვის, მთავარია, ახალ მმართველს კომპანიის მართვის რა სტრატეგია ექნება.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაყიდვის ღირებულება უცნობია. ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას უნდა გადაუხადოს ის თანხა, რაც ამ კომპანიისთვის უღირდა. ეს მათი საქმეა. ჩემი აზრით, საკმაოდ ნორმალური გარიგება მოხდა, „ყაზტრანსგაზს“ სახელმწიფოს მიმართ 90 მილიონზე მეტი ვალი ჰქონდა, დავალიანება ასევე ყაზახი ინვესტორების მიმართ გააჩნდა. საერთაშორისო არბიტრაჟში მიდიოდა დავა. რეალურად არც ჩვენ ვიყავით მაგ ფულის გადამხდელი, არც ყაზახური მხარე. სახელმწიფო სწორად მოიქცა, როდესაც დავალიანების განულების გადაწყვეტილება მიიღო და ახალ მმართველს საქმიანობის ახალი ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობა მისცა“, – ამბობს გია არაბიძე.

უახლოეს მომავალში სემეკი „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ სპეციალური მმართველის გამოყვანის პროცედურას დაიწყებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვინაიდან კომპანიას ვალი აღარ აქვს, სპეციალური მმართველის დატოვების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. 

„ჩვენთვის ცნობილია, რომ მოლაპარაკების შედეგად „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთი მხრივ სახელმწიფოს წინაშე დაგროვებული დავალიანების, მეორე მხრივ ყაზახური კომპანიის მიმართ არსებული დავალიანებისგან გათავისუფლდა. შესაბამისად, კომპანიაში სპეციალური მმართველის ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სპეციალური მმართველი კომპანიას დატოვებს“, – განაცხადა სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი გალდავამ.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფს, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საკითხის განხილვას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუკი ახალი მენეჯმენტი ორგანიზაციას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართავს. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ცინცაძის განმარტებით კი, კომპანია ახალ ინვესტიციებს საჭიროებს, რომელმაც შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფზეც მოახდინოს გავლენა.

„9 წელიწადზე მეტია, რაც კომპანიას დროებითი მმართველი მართავს. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა. არ იდებოდა ინვესტიციები. თუკი არსებობს ინვესტორი, ეს კარგია, ვინაიდან საიმედო გაზმომარაგებისთვის ქსელი სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ამასთანავე ძნელი სათქმელია რა გადაწყვეტილება იქნება ტარიფთან დაკავშირებით, რადგან ხელშეკრულებაა სანახავი. თუმცა, თუ ინვესტიცია ჩაიდება, ეს ტარიფით უნდა დაბრუნდეს და სავარაუდოდ ტარიფი გადასახედი იქნება“, – ამბობს პაატა ცინცაძე.

ტარიფის გადახედვას არც გია არაბიძე გამორიცხავს, იმ მოტივით, რომ თუკი ინვესტორს ამ კომპანიის გაჯანსაღების სურვილი იქნება, გარკვეული თანხის გაღებაც მოუწევს, რომელიც ტარიფში აისახება და მომხმარებლის გადასახდელი გახდება.

„ვფიქრობ, ქსელის განახლებასა და გაზის დანაკარგების შემცირებას სერიოზული ინვესტიცია სჭირდება. ეს თანხა, ბუნებრივია, ტარიფში აისახება, თუმცა რამდენი თეთრით, გადაწყვეტილებას სემეკი მიიღებს, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყება. მართალია, ახალი კომპანია ენერგეტიკულ სექტორში ახლა შედის, თუმცა, მას შეუძლია გამოცდილი მენეჯერები დაიქირაოს და კომპანია განავითაროს“, – აღნიშნავს გია არაბიძე.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ იმ აბონენტებისთვის, რომელსაც მოსახლეობა წარმოადგენს, სემეკმა ახალი ტარიფი 2017 წელს დაადგინა და დღეს 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულება 46 თეთრია, რაც სხვა გაზგამანაწილებლების ტარიფთან შედარებით ყველაზე დაბალია. სხვა კომპანიის მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის ფასი 50 თეთრიდან 60 თეთრის ფარგლებში მერყეობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მომავალი წლიდან ინვესტიციების განხორციელების მოტივით, 400 ათასი აბონენტისთვის განკუთვნილი გაზის ფასიც 50 თეთრს გადაცდეს.

1956 წელს დაარსებული „თბილგაზი“. „ყაზტრანსგაზმა“ 2006 წელს – 12,5 მილიონ დოლარად შეიძინა, ამასთანავე კომპანიას ჩამოეწერა ძველი დავალიანებები, ინვესტორმა კი ქსელის მოწესრიგების ვალდებულება იკისრა. მათ 2011 წლამდე, თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში 82 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედოთ, მოეხდინათ ქსელის გამრიცხველიანება, გაზის დანაკარგი კი 10%-მდე უნდა შეემცირებინათ. 2011 წლიდან მოგებაზე გასვლა, 2015 წლიდან კი ინვესტიციის ამოღების დაწყება იგეგმებოდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოფიციალური ინფორმაციით, ყაზახურმა მენეჯმენტმა არათუ ინვესტიციები მოიზიდა, შესყიდული ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდაც კი ვერ შეძლეს და კომპანიაში მოსვლიდან დაახლოებით 3 წელიწადში მართვის უფლებაც დაკარგეს. როგორ შეასრულებს ახალი მენეჯმენტი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და გაზის მიწოდების სანაცვლოდ ყოველ კუბურ მეტრ აირში რა ფასს გადაახდევინებს აბონენტებს, ეს საკითხი, სავარაუდოდ, ახალი წლიდან გაირკვევა.

მაკა ხარაზიშვილი