ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
"შავი ოქრო" ნორვეგიელთა სამომავლო ბედნიერებისთვის - #4(57), 2018
როგორ მოიხმარეს საკანდინავიელებმა ნავთობიდან მიღებული მილიარდები

ვიდრე პლანეტაზე მცხოვრები მილიონობით ადამიანი შიმშილობს და თავშესაფარიც არ გააჩნია, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს საკუთარი პრობლემები აწუხებთ. ხუთმილიონიანი ნორვეგიის გლობალური საპენსიო ფონდი (GPFG), რომლის აქტივების ღირებულებამ კარგა ხანია ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, დილემის წინაშეა – ვერ გაურკვევია კიდევ სად მოახდინოს „ზედმეტი“ მილიარდების ინვესტირება. ამ სკანდინავიურ ქვეყანას დაგროვილი თანხის მხოლოდ შენახვა კი არა, მისგან მაქსიმა­ლური მოგების მიღებაც სურს. თუმცა, შესაძლო ფინანსური კრიზისის პირობებში, ნორვეგიელ ფინანსისტებს მანამდე გამოყენებული სარისკო სტრატეგიების იმედად ყოფნა აღარ უნდათ. ქვემოთ სწორედ მსოფლიოს უდიდესი ყულაბის სამომავლო პერსპექტივებზე მოგითხრობთ.

ნორვეგია და ნავთობი

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ნორვეგიის წილი დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებით, სკანდინავებს ნავთობის მოპოვების მხრივ მსოფლიოში მე-14 ადგილი უკავიათ. 2018 წელს, ამ ქვეყნის მიერ „შავი ოქროს“ მოპოვების საშუალო დღიური მონაცემი 1,55 მილიონ ბარელს შეადგენდა. ცნობისთვის, ამ მხრივ პლანეტის ლიდერთა სამეული უკვე რამდენი წელია უცვლელია და ასე გამოიყურება: საუდის არაბეთი, რუსეთი, აშშ.

ნავთობი ნორვეგიაში გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლო აღმოაჩინეს. მადნით სავსე ტერიტორიების შესწავლა ისევ გაგრძელდა და ათიოდე წლის შემდეგ აშკარა გახდა – ამ ქვეყანაში „შავი ოქროს“ ძალიან დიდი მარაგი იყო. 1995 წელს ნორვეგიამ მანამდე არნახული სიდიდის მარაგის მქონე შელფზე (ოკეანის ნაკლებსიღრმიანი სანაპირო) ნავთობის მოსაპოვებელი სამუშაოები დაიწყო. 1997 წლის შეფასებით, ჩრდილოეთის ზღვის ნორვეგიული სექტორიდან (აქ ნავთობის მოპოვება, ნაკლები სიღრმის გამო, ბარენცის ზღვაში რუსულ სექტორთან შედარებით 5-ჯერ იაფი ჯდება) ამოსაღები ნავთობის მარაგი 1.5 მილიარდ ტონას, ხოლო ბუნებრივი აირისა – 765 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ეს იყო იმ პერიოდში დასავლეთ ევროპაში მოპოვებადი ნავთობის საერთო მარაგის 75%.

მოპოვების მაქსიმალურ მოცულობაზე (3.4 მილიონი ბარელი დღეში) ნორვეგიელები 2000 წელს გავიდნენ. 2005 ში გაირკვა, რომ ქვეყნის ნავთობმარაგის 80% ამოიწურა, რის გამოც მომავალი წლიდან მოპოვების ხელოვნური შემცირება დაიწყო. კი მართალია, 2011 წელს ჩრდილოეთის ზღვაში 2 ახალი ნავთობამოსაქაჩი ადგილი იპოვეს, საიდანაც 500 მილიონიდან 1.2 მილიარდამდე ბარელი ნავთობის მოპოვებაა შესაძლებელი, მაგრამ სკანდინავთა სადღეისო ნავთობმარაგები თანდათანობით მაინც მცირდება.

შავი დღისთვის შემონახული  

ქვეყნის მთავრობამ ნორვეგიის გლობალური საპენსიო ფონდი (GPFG) 1990 წელს, როგორც მომავალი თაობებისთვის აუცილებელი სტაბილიზაციის რეზერვი შექმნა. მასში მოპოვებული ნავთობის რეალიზაციით მიღებული მოგების 97% ირიცხება, დანარჩენი კი, დარგში ინვესტირებასთან ერთად, ადგილობრივ მკვიდრთათვის აქტუალურ არაერთ სოციალურ პროგრამას ხმარდება (2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ადამიანური განვითარების ინდექსის სიდიდით (0.953) ნორვეგია მსოფლიოში პირველ ადგილზეა).

„ერთხელაც ნავთობი გამოილევა, მაგრამ ფონდის შემოსავლებით ქვეყნის მკვიდრნი სარგებლის მიღებას გააგრძელებენ“, – ვკითხულობთ საპენსიო ფონდის ოფიციალურ საიტზე. დღეისთვის GPFG მსოფლიოში უდიდესი სუვერე­ნული ფონდია. ნორვეგიის მოსახლეობა 5.3 მილიონს შეადგენს და ფონდში მისი სამომავლო კეთილდღეობისთვის აკუმულირებული თანხიდან თითოეულზე საშუალოდ 200 ათასი დოლარი მოდის. ფონდის მუშაობა საჯარო და გამჭვირვალეა – ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ-რეჟიმში შეუძლია თვალი ადევნოს მისი შევსების დინამიკას.

ასეთი ე.წ. უსაფრთხოების ბალიშის შექმნა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, ინვესტირებისა და დივერსიფიკაციის შედეგია. ფონდის წესდებაში „ხელუხლებლად“ დევს პუნქტი, რომლის მიხედვით ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მხოლოდ 3 პროცენტის გაცემა შეიძლება. საქმისადმი ასეთი მიდგომით, დღემდე მხოლოდ ფონდის საინვესტიციო შემოსავალი იხარჯება. ნორვეგიის მთავრობა ამ საპენსიო ფონდიდან თანხას ნავთობმოპოვების ბიზნესის განმავითარებელ უცხოურ კომპანიებში, შესაბამის ობლიგაციებსა და უძრავ ქონებაში ხარჯავს. თუ გაწეული ინვესტიციების სიდიდეს ნავთობის ბირჟაზე საჯაროდ მოვაჭრე პლანეტის ყველა კომპანიის რაოდენობაზე გავყოფთ, გამოვა, რომ ამ კომპანიათა წილის 1.4 პროცენტი GPFG-ს საკუთრებაა.

საინტერესოა, როგორია GPFG-ს დღევანდელი საინვესტიციო სტრატეგია: აქციებზე მოდის შემოსული თანხის 67.6%, ობლიგაციებზე – 29.7%, უძრავ ქონებაზე – 2.7%. გლობალური საპენსიო ფონდის უმეტესი ნაწილი ჩადებულია Apple-ის, Amazon-ის, Microsoft-ის, Alphabet-ს (Google-ის დედა-კომპანია) აქციებში, ასევე აშშ-ის, იაპონიისა და გერმანიის სავალო ფასიან ქაღალდებში. 2018 წლის იანვარში, ნორვეგიის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ GPFG-ის აქტივების რაღაც ნაწილის აკუმულირებას არასაჯარო კომპანიებშიც დაიწყებენ. ამ გზით მარტო შემოსავლის ზრდა კი არა, შესაძლო რისკების დივერსიფიცირებაც სურთ. ნორვეგიელი ფინანსისტების აზრით, მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციები სულ უფრო მეტი კომპანიის არასაჯაროდ გარდაქმნისკენ მიდის. ამის დასადასტურებლად სკანდინავებს ასეთი ფაქტი მოჰყავთ: აშშ-ში ნავთობის ბირჟაზე მოვაჭრე ფირმათა ოდენობა განახევრდა მას შემდეგ, რაც GPFG-მ მათ აქციებში თანხის ინვესტირება დაიწყო.

ვა-ბანკზეც წავიდნენ

დარგის ნორვეგიელი ექსპერტები GPFG-ის საინვესტიციო პოლიტიკას აგრესიულად და მაღალრისკიანად მიიჩნევენ. 

„კერძო კომპანიების აქციები ინვესტიციების მთელ ნორვეგიულ მოდელს რისკის ქვეშ აყენებენ“, – მიაჩნია BI Norwegian Business School-ის პროფესორ ესპენ ჰენრიკსენს, რომელიც თავადაც მუშაობდა GPFG-ში. თუმცა, აქ განსაკუთრებულად გასაკვირი არაფერი უნდა იყოს – გაზრდილი შემოსავლიანობა ხომ ყოველთვის მომეტებულ რისკებთანაა დაკავშირებული.

2018 წლის III კვარტალში საპენსიო ფონდმა 21 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და მეტწილად აქციების ხარჯზე. ეს მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო ქაღალდების ღირე­ბულების ვარდნის ფონზე, GPFG-ის საობლიგაციო სეგმენტი დაზარალდა. 2017 წელს ფონდმა მსოფლიო აქციების საყოველთაო „ჯირითობებზე“ 13.7%-ანი შემოსავალი მიიღო, რაც 130 მილიარდ დოლარზე მეტია.

მართალია საპირისპიროც: ასეთი სტრატეგიის პირობებში უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგალითად, 2008 წელს ფონდმა 23.31 პროცენტი იზარალა – ეს GPFG-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 28-წლიანი არსებობის განმავლობაში ნორვეგიის საპენსიო ფონდის საშუალო წლიური შემოსავალი 6 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ამ არცთუ ურიგო მაჩვენებლის მიუხედავად, სკანდინავებს 2008 წლის გამეორება მაინც არ სურთ.

კრიზისის მოლოდინში

ფინანსურ-ეკონომიკური სირთულეების მოლოდინში არიან მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი ანალიტიკოსები. სამომავლო არასასურველ პერსპექტივაზე გვაფრთხილებს მსოფლიო ბანკი: მისი ექსპერტების აზრით, 2019 წლის შემდეგ მეტად საგანგაშო სიტუაციას უნდა ველოდოთ. Bანკ ოფ Aმერიცა-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს 20 წლის წინანდელი ღრმა ეკონომიკური კრიზისი ელის. ამასთან დაკავშირებით ისინი რუსეთს 1998 წლის დეფოლტის გამეორებას უწინასწარ­მეტყველებენ. მსოფლიოში უდიდესი ჰეჯ-ფონდის Bridgewater Associates-ს დამფუძნებელი რეი დალიო გლობალურ კრიზისს უახლოეს ორ წელიწადში ვარაუდობს.

ასეთი შემაშფოთებელი პროგნოზების ფონზე საპენსიო ფონდის მენეჯმენტი რისკების მინიმიზაციის მისაღწევად სავალე ინვესტიციების მოცულობის გადახედვას ვარაუდობს. კერძოდ, შეთავაზებულია საინვესტიციო პორტფელში შენარჩუნდეს მხოლოდ აშშ დოლარზე, ევროსა და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგზე „მიმაგრებული“ 10 წელზე მეტვადიანი სუვერენული ობლიგაციები. 

ვიდრე ნორვეგიის მთავრობაში ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისიც ვთქვათ, რომ ფონდის საინვესტიციო პორტფელში 23 ვალუტის ობლიგაცია ფიგურირებს.   მთავრობამ საინვესტიციო სტრატეგიის საკითხებზე კონსულტირებისთვის გარეშე ექსპერტთა ჯგუფიც შექმნა. სხვათა შორის, ამ ჯგუფში ფონდის მენეჯმენტის ზემოთ მოყვანილ შეთავაზებას არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ 23 ვალუტაში „გაშლილ“ ინვესტიციებს მინიმუმამდე დაჰყავთ რისკი, რაც ობლიგაციების საინვესტიციო შესაძლებლობათა მაქსიმიზაციას იწვევს. ისინი ამ მტკიცებულების მოტივირებად სტანდარტულ მსოფლიო პრაქტიკას მიიჩნევენ.

ერთობა არც აქციებში ფონდის ინვესტირების საკითხის ირგვლივ შეინიშნება. მთავრობის წევრები და ეკონომიკური მრჩევლები ორ ბანაკად არიან გაყოფილი. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ GPFG-მ უნდა გააგრძელოს საჯაროდ მოვაჭრე კომპანიების ფასიანი ქაღალდების შეძენა; მეორენი კატეგორიულად მოითხოვენ, თანხა ბირჟებზე არაკოტირებული კერძო აქციონერული კაპიტალის ბაზარზე დაბანდდეს. ეს უკანასკნელნი მიიჩნევენ, რომ საბირჟო ვაჭრობა უფრო მეტ რისკს მოიცავს, ვიდრე შესაძლებლობას – სპეკულანტებისა და ფრთხილი ინვესტორების გამო, აქ თითქმის ყოველთვის არასტაბილური ფასებია.

ნავთობი აღარ უნდათ

იმის მიუხედავად, რომ GPFG მოგების მისაღებად მაღალი რისკის საინვესტიციო იარაღებს იყენებს, იგი მაინც მაქსიმალურად ფრთხილად მოქმედებს. ხანდახან ნორვეგიული ხელისუფლების გადაწყვეტილებები ბუნდოვანია. მაგალითისთვის, 2017 წლის ნოემბერში GPFG-მ ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული აქტივების გაყიდვის შესახებ განაცხადა.  თითქოსდა რატომ უნდა ეთქვა უარი შემოსავლის ასე მიმზიდველ წყაროზე? თუმცა, ფონდმა გადაწყვიტა უარი თქვას შესაბამის ინვესტირებაზე იმ მოტივით, რომ ნორვეგიის ეკონომიკა ისედაც დიდადაა ნავთობზე დამოკიდებული. არადა, თუ ნახშირწყალბადოვან ნედლეულზე დამოკიდებული ეკონომიკა დაინგრევა, დასავლეთ ევროპაში მისი უმსხვილესი მწარმოებელი ნორვეგია ერთბაშად ორმაგ დარტყმას მიიღებს – პირველს, როგორც ნავთობისა და გაზის უდიდესი ექსპორტიორი; მეორეს, როგორც უმსხვილესი ინვესტორი.

ნავთობდამოკიდებულების შემცირების საჭიროება, ნორვეგიის გარდა, ნედლეულის საგრძნობი მარაგის მქონე სხვა ქვეყნებშიც ესმით. მაგალითისთვის, ნავთობის ერის დაისისთვის ემზადება საუდის არაბეთი. სამეფოს ხელისუფალთა მიერ დაფინანსებული ნავთობის კვლევის ანალიტიკური ცენტრი KAPSaRC (King Abdullah Petroleum Studies and Research Center ამზადებს მოხსენებას ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) შესაძლო დაშლის შედეგებზე. ეს სანავთობე კარტელი დღეისთვის აკონტროლებს მსოფლიო მოპოვების მესამედს და გლობალური ექსპორტის თითქმის ნახევარს. თუმცა, ერ რიადშიც კარგად ესმით, რომ ნავთობზე მოთხოვნა მუდმივია არაა, ამიტომ იქ უკვე დაფიქრდნენ OPEC-ის შემდგომ საკუთარ მომავალზე.

ნორვეგიაში ამ საკითხზე მხოლოდ ფიქრს არ სჯერდებიან და უკვე ქმედებაზე გადავიდნენ. ბოლო პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა რომც არ გაამართლოს, ამ ქვეყნის ეკონომიკა ისედაც კარგ ფორმაშია. სკანდინავთა სტრატეგია მარტო ქვეყნებისთვის კი არა, კომპანიებისა და კერძო ინვესტორებისთვის სამაგალითოდ შესაძლოა გამოდგეს. საფინანსო თემებზე მწერალმა შვედმა ჟურნალისტმა კლემენს ბომსდორფმა წლეულს გამოუშვა წიგნი „გახდი ნორვეგიასავით მდიდარი: უბრალო ნაბიჯები კეთილდღეობისკენ“. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ნორვეგია ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელმაც უგერგილოდ ხარჯვის ნაცვლად, სათუთად შეინახა და გააბევრა საკუთარი სიმდიდრე.

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა