ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ქვეყნის ინფრასტრუქტურაში გაფლანგული მილიონები და დაუსჯელი მინისტრები - #4(57), 2018
რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება დამტკიცებული ბიუჯეტის ათვისებას

„ქართულმა ოცნებამ~ ხელისუფლებაში მოსვლისას ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტად გამოაცხადა და ამისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონით გაზარდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყველა დიდი მასშტაბის პროექტი ან დათქმულ ვადაში ვერ განხორციელდა ან საერთოდ ჩავარდა. ამის მიზეზი უმეტესწილად ან კორუფციული გარიგებები იყო, ან უხარისხოდ განხორციელებული სამუშაოები და ჩაშლილი ტენდერები.

ბოლო წლებია ინფრასტრუქტურის სამინისტრო მისთვის გამოყოფილ თანხებს ვერ ითვისებს, რის გამოც ბიუჯეტის სეკვესტრი ხდება საჭირო. წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, მთავრობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტს, პარლამენტში, ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების დროს, 270 მილიონ ლარამდე ჩამოაკლო (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2019 წლისთვის 1 546 მლნ ლარია გათვალისწინებული), თუმცა, მოხერხდება თუ არა შემცირებული თანხის ათვისება და რა ბედი ელის წელს დაგეგმილ პროექტებს, არავინ იცის. გზების, წყლის სისტემების თუ სხვა მშენებლობები, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, კვლავაც კორუფციისთვის ყველაზე ხელსაყრელ სფეროს წარმოადგენს.

ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს, რომ 2018 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ყველაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. 2018 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ეკონომიკა მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო  2018 წლის 11 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.7% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, დაბალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებმა. მშენებლობაში კი კლების ძირითადი მიზეზი რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაუსრულებლობა გახდა.  

რიკოთის უღელტეხილის, ქვეშეთი-კობის და სამტრედია-გრიგოლეთის გზა – ეს ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც 2018 წელს ჩავარდა. ამას ემატება ათობით განუხორციელებელი პროექტი რეგიონებში, სადაც სოფლების გზებისა და წყალმომარაგების მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერების დიდი ნაწილი ჩაიშალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები 2018 წლის მეორე კვარტალიდან „დაიქოქებოდა~, მაგრამ...

2018 წლის სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, ნოემბრისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აუთვისებელი ჰქონდა წლიური ბიუჯეტის 45%. სამინისტრომ მშენებლობებს 1,815 მილიარდი ლარიდან 11 თვეში დაახლოებით 1 მილიარდი ლარი მოახმარა. რადგან დარჩენილი 811 მილიონი ლარის ერთ თვეში გახარჯვა შეუძლებელი იყო, ნოემბერში ბიუჯეტის სეკვესტრი გახდა საჭირო და ინფრასტრუქტურის ხარჯებს 250 მილიონი ლარი ჩამოაჭრეს. შესაბამისად, უწყებას დეკემბერში მაინც საკმაოდ ბევრი, 561 მილიონი ლარი დარჩა ასათვისებელი და ამ თანხის დიდი ნაწილი კომპანიებს, რომლებმაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები წელს უნდა დაიწყონ, ავანსად გადაუხადეს. შარშან თანხების აუთვისებლობის მიზეზად ხელისუფლებამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება დაასახელა. როგორც აღმოჩნდა, ბიუჯეტში ისეთი პროექტები იყო შეტანილი, სადაც ჯერ დონორიც კი არ იყო ცნობილი.

„პროექტები ზუსტად იმიტომ არის დაგვიანებული, რომ ჩვენ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ~, – ასე ახსნა თანხების ათვისებაში ჩამორჩენა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.  

მინისტრის თქმით, ზოგ შემთხვევაში ამ დონორების მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება რთულია და მათ გავლას პრეტენდენტი ვერ ახერხებს, ამის გამო ტენდერები იშლება და მისი ხელახლა ჩატარება ხდება საჭირო, რასაც დიდი დრო მიაქვს.

მაგალითად, რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს იგეგმებოდა, ვერც 2018 წელს დაიწყო. შესაბამისად, მისი დასრულების თარიღად მთავრობა ახლა უკვე 2020 წლის ნაცვლად 2022 წელს ასა­ხელებს. 52 კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდისა და 53 გვირაბისგან შედგება 1 მილიარდ დოლარამდე­ ჯდება.

„რიკოთის უღელტეხილის პროექტი საკმაოდ რთული რელიეფისა და სატენდერო პირობების გამო შეფერხდა. თანხების აუთვისებლობის ლომის წილი, რომელსაც ბოლო პერიოდია ახსენებენ, ზუსტად რიკოთის უღელტეხილის პროექტზე მოდის. ამ ეტაპზე ორი მონაკვეთი დაკონტრაქტებულია და თანხების გადარიცხვა მოხდება, მესამე მონაკვეთი იანვარ-თებერვალში დაკონტრაქტდება. შესაბამისად, 2019 წლის პირველ ნახევარში ჩვენ ვნახავთ სრულად, რომ ეს მონაკვეთები დაიწყება. მეოთხე მონაკვეთს რაც შეეხება, ეს იაპონური კრედიტით უნდა გან­ხორციელდეს, სადაც ცოტა პრობლემები გვაქვს ტენდერთან დაკავშირებით, მაგრამ გვჯერა, რომ 2019 წლის პირველ ნახევრამდე იქაც გამოვლინდება გამარჯვებული~, – განაცხადა მინისტრმა. მაჭავარიანის თქმით, სირთულეებია ქვეშეთი-კობის პროექტზეც.

„აქ 10-კილომეტრიან გვირაბზე ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ იგეგმება, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში მანდაც მოხდეს გაწერა და კონტრაქტორის გამოვლენა~, – აღნიშნა მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ პროექტების ჩავარდნის მიზეზად ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი დაგეგმვა, აგრეთვე, საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ სამუშაოების შესრულების დაგვიანება და მესამე,  განსახლებისა და მოსახლეობის მიერ შექმნილი პრობლემები დაასახელეს.

ჩავარდა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტიც. გზის პირველ მონაკვეთზე უკრაინულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვეტა და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მოგვიანებით ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. მეორე და მეოთხე მონაკვეთზე, სადაც გზის საფარის მოწყობაზე ჩინური კომპანიები მუშაობენ, სამუშაოები ასევე შეფერხებულია, ხოლო გზის მესამე მონაკვეთზე, იტალიურმა კომპანიამ სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში ვერ დაიწყო.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის შემთხვევაში, დაგეგმილი 80 მილიონი ლარის სამუშაოდან შარშან მხოლოდ თანხის ნახევარის ათვისება მოხერხდა. მსგავსი პრობლემებია ჟინვალი-ბარისახოს მონაკვეთზეც, თიანეთისა და ატენი-ბოშურის გზებზე, ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთსა და მთის გზების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე.

ამ პროექტების ჩავარდნის მიზეზი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ვადების არასწორი გათვლა იყო. 

„ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის წელს დაგეგმილი იყო 70 მილიონი ლარის ათვისება, საიდანაც 9 თვის მონაცემებით ათვისებულია მხოლოდ 16 მი­ლიონი, წლის ბოლომდე კი ჯამური ათვისება 24 მილიონ ლარამდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, აქ, 14 კმ-იან მონაკვეთზე, ჯერაც დარჩენილია 6 გამოსასყიდი სახლი და ნაკვეთი. გამოსყიდვის პროცესთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობასა და კიდევ რამდენიმე პროექტზე~, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ commersant.ge-სთან 2018 წლის ბოლოს.

პარლამენტმა პროექტების ჩავარდნის გამო ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 250 მი­ლიონი ლარით შეუმცირა.

კორუფციული გარიგებები და მოხსნილი მინისტრები

„ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, დაგვიანების მიზეზი ზუსტად ეს არის. ის, რომ რაღაცა ტიპის კორუფციაა, არის ერთჯერადი მოვლენა. შეუძლებელია რომელიმე თანხა სადმე წავიდეს~, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მაჭავარიანმა.

თუმცა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კორუფციული გარიგებები უცხო რომ არ არის, ამას არაერთი სკანდალი და ამ უწყების მინისტრების საქმეებიც მოწმობს. დამალული არავისთვისაა, რომ  დროში გაწელილ სამშენებლო ტენდერებში ხშირად საეჭვო რეპუტაციის კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებსაც მაღალი თანამდებობის პირები მფარველობდნენ.

ბოლო 6 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტროში 6 მინისტრი გამოიცვალა. მინისტრებთან ერთად თანამდებობიდან ხსნიდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებსაც. ყველა მათგანის სახელი უწყებაში დარღვევებისა და კორუფციის ფაქტებს უკავშირდებოდა, თუმცა, ამის გამო არცერთი მათგანი დასჯილა.  

ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის მინისტრობის დროს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრად ითვლებოდა, უწყებიდან მილიონობით ლარი უკვალოდ გაქრა. უწყებაში კორუფციული გარიგებებს რომ ჰქონდა ადგილი, ამის დასტურად „წყალმომარაგების კომპანიაში” მილიონობით ლარის მითვისების საქმეც კმარა, მაგრამ დაჭერას კომპანიის ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილიც გადაურჩა და მინისტრი შავლიაშვილიც. ამ უკანასკნელის მინისტრობის დროს ტენდერებში დარღვევებზე მისსავე მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა და თავისი უფროსი ამის გამო გააკრიტიკა. მალე შავლიაშვილი თანამდებობიდან გაუშვეს, საუბარი დაიწყო, რომ პროკურატურა საქმეს იძიებდა, თუმცა, ეს საქმე მალევე მიჩუმდა. საეჭვო ტენდერების რიცხვმა ნოდარ ჯავახიშვილის მინისტრობის დროს იკლო, თუმცა, მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს ტენდერების გარეშე ისევ კორუფციაში შემჩნეული კომპანიები იღებდნენ. ჯავახიშვილი მინისტრის პოსტზე მოგვიანებით გიორგი კვირიკაშვილის კადრმა ზურაბ ალავიძემ შეცვალა.

ალავიძის მინისტრობის დროს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. გაირკვა, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებიც ამავე დროს, სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ, იმ კერძო კომპანიაში გადადიოდნენ მაღალ თანამდებობებზე, რომლებიც მსხვილ ტენდერებს იგებდნენ, ხოლო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები სამინისტროში ინიშნებოდნენ.

სუს-მა რამდენიმე პროექტის, მათ შორის სამტრედია-გრიგოლეთისა და ქობულეთის გზის საქმეებზე დაიწყო მოკვლევა. ამ პროექტს ჩინური კომპანი „სინოჰიდრო~ ახორ­ციელებდა, რომელიც მალე საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. კომპანია „შავ სიაში~ შეიყვანეს. შელახული რეპუტაციის მიუხედავად, „სინოჰიდრომ“ საქართველოში დიდი პროექტების განხორციელების უფლება მაინც მიიღო.

საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა სიმონია, რომელიც სატენდერო კომისიის წევრი იყო, სამუშაოდ მალევე გადავიდა „სინოჰიდროში“ და ის ერთადერთი არ იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის რამდენიმე სხვა მოადგილეც ასევე უცხოურ კომპანიებში გადანაწილდნენ, რომლებმაც გზების ტენდერები მოიგეს. მოგვიანებით სეთურიძეც ასევე კორუფციაში დაადანაშაულეს. ალავიძის უწყება 1,5 მილიარდი ლარის მითვისებაში ამხილეს და გაფლანგული თანხის დიდი წილი სწორედ გზების დეპარტამენტზე მოდიოდა.

გაირკვა, რომ ამ სქემაში ბევრი პირი იყო ჩართული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურის სამინისტროთი დამთავრებული. მათ შორის საუბარი იყო მაშინდელი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და პრემიერ-მი­ნისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობაზე. როგორც ამბობენ, სწორედ დიდი მშენებლობებიდან გამქრალი მილიონები გახდა მათი მოხსნის მიზეზი. ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიება მოხელეთა მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე დაიწყო.საქმე 710 მილიონიან პროექტს ეხებოდა. ეს ფული საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგილოეთის 57-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. ფული გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია „ალტოკომს“ რეგიონული განვითარების სამინისტრომ წინასწარ მისცა, მაგრამ ამ კომპანიამ გზა ვერ ააშენა და 47 მილიონიც, რომელიც ჩაურიცხეს,უკან აღარ დააბრუნა. გამოძიებას კითხვები სამტრედია-გრიგოლეთის გზის იმ მონაკვეთთან დაკავშირებითაც ჰქონდა, რომელსაც ორი ჩინური კომპანია აშენებს. გამოძიების დაწყებიდან 6 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ გამოძიების შედეგები, ისევე, როგორც მათი წინამორბედი მინისტრების შემთხვევაში, ამჯერადაც უცნობია. წინამორბედების დროს ჩავარდნილი საქმეებით არც ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინტერესებულა.

„მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში“, – ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა თავად განაცხადა მთავარ პროკურატურაში ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის კომენტირებისას.

„ქუთაისის შემოვლითი გზისთვის 25-მილიონი ევრო, რომელიც იმ დროს დაახლოებით 55-მილიონი ლარი იყო, ერთ დღეში გაქრა, როცა გზის მშენებლობისთვის უკრაინულ კომპანია „ალტკომს“ გადაურიცხეს და კომპანია „აორთქლდა“. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. ასეთი არაერთი მაგალითია, როცა სამშენებლო სამუ­შაოები გახარ­ჯული ფულის ნახევრითაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. უამრავი დაუმთავრებელი მშენებელობაა, რომლისთვის დამატებითი თანხები ხდება შემდეგ საჭირო. ყველა დიდი პროექტი თითქმის ყველგან დაუმთავრებელია, კონტრაქტორს ან აგდებენ ან თვითონ ისინი გარბიან. ამ სფეროში არის ქაოსი. მიზეზი არის კორუფცია. ტენდერებში საერთაშორისო კომპანიები არ მონაწილეობენ. ძირითადად, ქვეკონტრაქტორები არიან ქართველები. ჩვენ გვგონია, რომ არიან უცხოელები და ამ დროს, ტენდერებს აძლევენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, რომლებიც შემდეგ „ატკატებს“ აძლევენ თავიანთ მფარველებს. ხშირად სახელმწიფო შესყიდვები  ხდება ერთ პირთან მოლაპარაკებით, რაც კონკურენციას გამორიცხავს და იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები დაახლოებით 10%-ით ძვირი ჯდება. კორუფციის გამო არცერთი მინისტრი პასუხისგებაში არ არის მიცემული, რადგან ისინი არიან სისტემის ნაწილი და რომ დაიჭირონ, დომინოს პრინციპით სხვებსაც გაიყოლებენ“, – აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

რა ბედი ელის ინფრასტრუქტურას?

2012 წლის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2-ჯერ და მეტად გაიზარდა – 663 მილიონი ლარიდან 1,5 მილიარდ ლარამდე. ის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ყველაზე „მდიდარი“ უწყებაა.

„ინფრასტრუქტურაში გასულ წელს ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ინვესტიციების მაქსიმუმს, ხოლო 2019 წელს იქნება მასზე გაცილებით მეტი“, – ასე შეაფასა „ჩავარდნილი“ წელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრმა საზღვარგარეთ დიპლომატიური უწყების წარმომადგენლებს სთხოვა ავტორიტეტულ უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციაში დაეხმარონ და ისინი ინფრასტრუქტურული პროექტებით დააინტერესონ. მინისტრის თქმით, მომავალ წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 1,2 მილიარდი დოლარის საერთაშორისო ტენდერებია დაგეგმილი.

პრემიერ-მინისტრს იმედი აქვს, რომ 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს დაამთავრებენ. გიორგი ბახტაძის თქმით, მთავრობა წელს მერიასთან ერთად თბილისის მიწისზედა მეტროს მშენებლობას დაიწყებს, რომელიც 8 ახალი მეტროსადგურისგან შედგება. ბახტაძის თქმით, მთავრობა ამ პროექტს თბილისის შემოვლითი რკინიგზის სანაცვლოდ აკეთებს, რომლის მშენებლობა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააჩერა.

ააშენებს გზებს და სხვა ინფრასტრუქტურას მთავრობა თუ ეს მორიგი თავის მოსაწონებელი დაპირება იქნება? ან რა გარანტია არსებობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ დონორების გამოყოფილი მილიონები ისევ ჩინოვნიკების ჯიბეებში არ წავა? აქამდე მითვისებული ფულის გამო დასჯილი არავინ გვინახავს!

ფაქტია, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქვეყნის მოქალაქეებს ძალიან ძვირი გვიჯდება. თვეობით გადაკეტილ გზებსა და უსასრულოდ გაწელილ მშენებლობის პროცესზე რომ არაფერი ვთქვათ. ისიც ფაქტია, რომ მშენებლობის ვადებსა და მის ხარისხზე პასუხისმგებლობას არც თანხის მხარჯველი იღებს და არც ის სახელმწიფო უწყება, ვისაც მისი კონტროლი ევალება. შედეგად ცოტა ხანში ახლად გახსნილი გზები ისევ შესაკეთებელი ხდება. ამის არაერთ მაგალითს ვხედავთ. ინფრასტრუქტურის მინისტრმა თავად აღიარა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში პრობლემებია. მაია ცქიტიშვილმა განცხადა, რომ ქვეყანაში გზების 35%-მდე კვლავ ცუდ მდგომარეობაშია! აშკარაა რომ, ეს ოპტიმისტური სტატისტიკაა, რადგან რეალობა კიდევ უფრო მძიმეა!

ნონა ქვლივიძე