ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
2019 წელი – ახალი რეგულაციების ეტაპი ქვეყნისთვის - #4(57), 2018
დამატებითი მიზეზი ეკონომიკის ზრდის შეფერხებისთვის

ახალი, 2019 წელიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდა. რის გაკეთებასაც ხელისუფლება წინა წლებში ვერ ბედავდა, წელს რეალობად იქცა. დაგროვებითი პენსია, სავალდებულო ტექდათვალიერება მთელი ავტოპარკისთვის, შეზღუდვები კრედიტის გაცემაზე, სავა­ლდებულო დაზღვევა დამსაქმებელთა გარკვეული კატეგორიისთვის – ეს გახლავთ რეგულაციების ძირითადი ნაწილი. ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა და განსაკუთრებით ბიზნესი რეგულაციების სიკეთეებში დაარწმუნოს. თუმცა, გაუარესებულ სოციალურ ფონზე, ხალხისთვის რთულია „გაგებით მოეკიდოს“ დამატებითი შეზღუდვების და ხარჯის დაწესებას.

საპენსიო რეფორმა

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა, დაგროვებით საპენსიო მოდელზე გადასვლაა. მასშტაბური სოციალური რეფორმა დაახლოებით 700 ათას ადამიანს ეხება. პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდა 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. რეფორმის პრინციპის მიხედვით დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, სადაც საკუთარი შემოსავლიდან 2%-ის გაღება მოუწევს, დამსაქმებელი იძულებული იქნება ასევე 2% ჩაურიცხოს და 2%-საც სახელმწიფო დაუმატებს. მოქალაქეებს, ვისაც 40 წელი 2018 წლის 6 აგვისტომდე შეუსრულდა, შეუძლიათ საპენსიო სქემაში ჩართვიდან 5 თვეში სისტემა დატოვონ. წლების მანძილზე დაგროვებული ფული სახელმწიფოს შექმნილმა საპენსიო სააგენტომ უნდა მართოს და სხვადასხვა მიმართულებით უნდა დააბანდოს, რომ მიღებული მოგებით პენსიონე­რებისთვის `ღირსეული პენსიის~ გადახდა შეძლოს. ზუსტად სად განათავსებს სააგენტო მიღებულ ფულს და რა რისკები ახლავს ასეთ სქემას – დღეის მდგომარეობით უამრავი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. ერთ-ერთი ვარაუდით, შემოსული ფული შესაძლოა ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც მოხმარდეს.

მოსახლეობის და კერძო სექტორის უმეტესობა რეფორმას ნეგატიურად შეხვდა. მეტიც – რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა~ და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას სთხოვენ.
 
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 40 წლამდე მოქალაქეების დაგროვებითი საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა გაუმართლებლად ზღუდავს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა სახსრებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ასევე სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. მათი აზრით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედი სახით საქართველოს კონსტიტუციას რამდენიმე მიმართულებით არღვევს. მათ შორის, პრობლემურია ისიც, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ. ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელზე იმსჯელებს, ბიზნესი რეფორმის მოსალოდნელ შედეგებზე უკვე საუბრობს. 

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი იაშვილის განცხადებით, საპენსიო რეფორმა ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთი იქნება. 

„ხარჯიანი იქნება და ეფექტის აღქმა რთული იქნება. მყისიერ შედეგს არ მოიტანს. ათეული წლების შემდეგ ხდება ეფექტი და ამიტომ, ამის აღქმა რთულია. არ ვიცი ვინ უნდა მართოს ეს ფული, როგორ და სად უნდა განთავსდეს. რა მომგებიანობა ექნება, ფასიან ქაღალდებში დააბანდებენ თუ მეორად ბაზარზე, თუ საერთოდ სხვაგან? ჩვენთან მეორადი ბაზარი არ არის, ესე იგი სხვა ქვეყანაში უნდა განთავსდეს. ამიტომ, ამ ნაწილში კითხვები მაქვს“, – განმარტავს იაშვილი.

„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი ქართლოს ყორანაშვილი კი გაცხადებულ რეფორმას „უშინაარსოს და ზედაპირულს“ უწოდებს. მას აინტერესებს, რა გათვლები აქვს სახელმწიფოს აკუმულირებული თანხების ისეთ საინვესტიციო პროექტებში განთავსებაზე, რომ რენტაბელური იყოს ბენეფიციართათვის და რისკობრივადაც დაბალანსებული. 

„ვითარება ბუნდოვანია. ვხედავთ, რომ საქართველოში არ არის მომზადებული საინვესტიციო გარემო, ჩვენთან ფასიანი ქაღალდების ბაზარიც არ ფუნქციონირებს. საქართველოში ასეთი მასშტაბის შესაბამისი წარმატებული საინვესტიციო ფონდებიც არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც სამეწარმეო და არც ინტელექტუალური რესურსები არ არის საამისოდ განვითარებული“, – აღნიშნავს ქართლოს ყორანაშვილი.

მისივე განცხადებით, აკუმულირებულმა ფონდმა მოლოდინები რომ გაამართლოს, მან სულ მცირე, ფონდის ადმინისტრირების ხარჯებზე და წლიურ ინფლაციაზე მეტი დოვლათი უნდა შექმნას. ყორანაშვილის განცხადებით, თანხების სახაზინო ობლიგაციებში განთავსება თვალის ახვევაა. 

„თუ სახელმწიფოს თანხები აკლდება და შიდა ვალის აღება სჭირდება, თქვას და ისესხოს, ნუღარ დაარქმევს საპენსიო რეფორმას“, – ამბობს ქართლოს ყორანაშვილი. 

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭუმბურიძე ამბობს, რომ ამ რეგულაციისთვის ბიზნესი მეტ-ნაკლებად მზად არის. თუმცა, პრობლემად მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ამოქმედებული ინიციატივებიდან პოსტფაქტუმ ხდება ბიზნესის გადაწყობა. ამიტომ, თავს იჩენს რიგი პრობლემები – ის ვადა, რაც რეგულაციების ძალაში შესვლისთვის ბიზნესს მიეცემა, ხშირად არ არის საკმარისი ბიზნესის გადაწყობისთვის. 

რაც შეეხება ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდას, მისი თქმით, რეალურად გაიზარდა, მაგრამ ტვირთის სიმცირიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვიოს ბიზნესის განვითარებაზე.

ექსპერტის აზრით, კარგი იქნებოდა პროგრამის ამოქმედებამდე დაზუსტებულიყო დაგროვილი თანხის ბედი, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდებია თუ სად შეიძლება განთავსდეს ფონდში ჩარიცხული ფული.  

„რამდენადაც ბუნდოვანი იქნება ეს ინფორმაცია, მეტ კითხვებს და ნეგატივს მოგვიტანს. შესაბამისად, უნდა იყოს არჩეული ისეთი სფეროები, სადაც რისკის დონე ძალიან დაბალია. მცირედი რისკის წარმოშობაც კი დააზარალებს მთლიან პროგრამას და არასაიმედოს გახდის ყველასთვის“, – ამბობს ჭუმბურიძე.

რეფორმის სკეპტიკოსების ერთ-ერთი მთავარი კითხვაა ვინ იქნება პასუხისმგებელი, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხები ისევე არ გაქრება, როგორც სხვადასხვა საფინანსო კომპანიებში განთავსებული ანაბრები 90-იან წლებში. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე ამ კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ მაშინ ხალხს ფული იქ მიჰქონდა, სადაც თვეში 50%-იან მოგებას პირდებოდნენ. 

„სახელმწიფო ისეთი აღარ არის და მოქალაქეები უნდა ენდონ კანონით განსაზღვრულ და დაცულ, დაბალანსებულ, კონტროლის მექანიზმებით უზრუნველყოფილ სტრუქტურას, რომელიც ჩამოყალიბდება... ის, რომ იქ ვიღაც უკანონობას არ ჩაიდენს, ამის გარანტი საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სახელმწიფოა“, – აცხადებს სურგულაძე.

"მარტივი დაკრედიტების" დასასრული

2019 წლის 1 იანვარს „მარტივი დაკრედიტების“ ეპოქაც დამთავრდა. სესხის აღებისას ბანკები თქვენს გადახდისუნარიანობას უფრო დეტალურად შეისწავლიან და კრედიტის ლიმიტიც დაგიწესდებათ. რეგულაციები ერთდროულად გახდა სავალდებულო როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის. კრედიტის მაქსიმალურმა ზღვარმა 60%-ს მიაღწია, მაგალითად:

თუ თქვენ გადაწყვეტთ ბინის შეძენას, რისთვისაც 75 000 ლარს 15 წლის ვადით ისესხებთ, 2000 ლარიანი ხელფასი საკმარისია. ამ შემთხვევაში ყოველთვიურად მაქსიმუმ 900 ლარის გადახდა მოგიწევთ, ანუ თქვენი შემოსავლის 45%-ის. ახალი რეგულაციით, სესხის გამცემს ეზღუდება ფიზიკურ პირს იმაზე მეტი ასესხოს, ვიდრე მსესხებელს ხელფასით გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. 

კიდევ ერთი სიახლე სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტია. მაგალითად, თუ ქონება 100 000 ლარად არის შეფასებული, მსესხებელი მაქსიმუმ 85%-ის, ანუ 85 ათასი ლარის აღებას შეძლებს. უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის კი მაქსიმალური მაჩვენებელი 70%-ია.

სესხის ახალ რეგულაციებს ერთ-ერთი პირველები უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია ჩოლლიერს Iნტერნატიონალ Gეორგია-ს მმართველი დირექტორი ირაკლი კილაურიძეამბობს, რომ ახალი რეგულაციები საგანგაშოა.

მისი თქმით, 2017 წელთან შედარებით, 2018-ში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე თითქმის 20% იანი ზრდა იყო, რეგულაციები კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს დეველოპერების საქმიანობაზე და შესაბამისად, ეს აისახება საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებზეც.

„საცხოვრებელი უძრავი ქონება დიდწილად არის დამოკი­დებული იპოთეკურ დაკრედიტებაზე. თუ დაკრედიტების ტემპები შემცირდა, ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს დეველოპერების გაყიდვებზე და ზოგადად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებზე. თუმცა, ვნახოთ როგორი იქნება მომდევნო წლის პირველი ნახე­ვარი, დასკვნების საშუალება რომ გვქონდეს“, – აცხადებს კილაურიძე.

კომპანია „ბალავარის“ ხელმძღვანელის ბესო თავბე­რიძის  თქმით, მათი კლიენტების 70% სახლს იპოთეკური სესხით ყიდულობს და დაწესებული ლიმიტები ამ ფენის გაქრობას გამოიწვევს. თავბერიძის აზრით მსგავსი დარტყმა სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვნად შეამცირებს და რაც ეკონომიკასაც კარგს არაფერს მოუტანს.

„ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასულები და ვერ ადასტურებენ საკუთარ  შემოსავლებს, ფაქტობრივად, ამოვარდებიან პოტენციური მყიდველების სიიდან. აქ უმძიმესი შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენ ვმუშაობ იმ ფენაზე, რომელსაც ქირის გადახდას ურჩევნია დაბალბიუჯეტიანი სახლის ყიდვა და ბანკით სესხის დაფარვა. რეგულაციებით კი ეს ფენა მძიმე მდგომარეობაში ვარდება“, – აცხადებს თავბერიძე.

შეზღუდვებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზატორებიც შეაშფოთა. კომპანია „ოქეის“ გენერალური დირექტორის – ნიკა ფერიაშვილის შეფასებით, რეგულაციებმა ბაზრის შემცირება უკვე გამოიწვია, მეტიც: მცირე მოთამაშეები ბაზრიდან ნელ-ნელა ქრებიან და პროცესი გაგრძელდება. მისივე თქმით, რეგულაციებს ყველა ელოდა, თუმცა, ფორსირებულმა მოქმედებამ გაურკვევლობა წარმოშვა. ფერიაშვილის თქმით, კომპანიის გეგმაში იყო ბაზარზე ახალი ინოვაციური პროდუქტების გამოტანა, თუმცა, ვერ მოხერხდა. პრობლემას ისიც დაემატა, რომ ახალი რეგულაციების შედეგად ინვესტორები დაფრთხნენ.

რეგულაციების ამოქმედებამდე მძიმე მაკროეკონომიკური პროგნოზი გააკეთა საინვესტიციო ბანკმა Gალტ & თაგგარტ-მა. ანალიზის თანახმად, რეგულაციების ამოქმედება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დაახლოებით 1.5%-ით შეამცირებს. ბანკის წარმომადგენლის – ევა ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მათ 5.8%-დან 4.3% მდე შეამცირეს. 

„ჩვენ გავთვალეთ, რა ეფექტი ექნება იპოთეკურ ბაზარზე, ასევე ეკონომიკაზე. ეკონომიკური ზრდის შემცირების ძირითადი ფაქტორი ეს რეგულაციაა. ვითვალისწინებთ აგრეთვე საგარეო ფაქტორებიდან მომავალ რისკებს, თუმცა, დაკორექტირების მთავარი მიზეზი რეგულაციებია“, – ამბობს ბოჭორიშვილი. 

მომავალს ასე ნეგატიურად არ უყურებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომლის თქმით „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ რეგულაციებმა, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა 0.8%-ით შეანელოს, თუმცა, აღნიშნული ცვლილებების ზუსტი ეფექტის წინასწარ დათვლა რთულია. მისი თქმით, გააჩნია ქვეყნის საფინანსო ორგანიზაციები როგორ გადაეწყობიან ახალ წესებზე და რა ახალი ტიპის საფინანსო პროდუქტებს შესთავაზებენ ბაზარს. 

ექსპერტ ვახტანგ ჭუმბურიძის თქმით, რეგულაციებმა შესაძლოა გარკვეული საფინანსო პროდუქტები დააპაუზოს. მისივე მტკიცებით, `შავი ბაზარი~ აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ბევრად იზრდება რისკი, ის უფრო გაძლიერდეს და კრიმინალის მატებაც მოჰყვეს. ჭუმბურიძის თქმით, სესხების გაცემის შეზღუდვა პირდაპირპროპორციულად უარყოფითად აისახება როგორც საბანკო, ასევე ზოგადად ყველა იმ ბიზნესზე, რომლის გაყიდვებიც ბანკის კრედი­ტებზეა მიბმული.

ტექდათვალიერება

2019 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. მფლობელებმა მსუბუქი ავტომობილი მანამდე უნდა გაატარონ, სანამ ავტომობილის რეგისტრაციის დღე დადგება. მაგალითად, თუ რეგისტრაციის თარიღი 23 ივნისია, ინსპექტირების გავლის ბოლო დღეც 23 ივნისი გახლავთ. გასათვალისწინებელია, რომ 4 წლამდე ასაკის ავტომობილებს სავალდებულო ტექდათვალიერება არ ეხება, 4-დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილებს 2 წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ, 8 წლი­საზე მეტი ასაკის ავტომობილები კი ყოველწლიურად უნდა შემოწმდეს. მომსახურების ღირებულება 60 ლარია.  ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მის გამოსასწორებლად მძღოლებს ერთთვიანი ვადა აქვთ. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარია. 

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების ძირითად მიზეზებად ეკოლოგია (მავნე გამონაბოლქვის შემცირება) და ავარიების (გაუმართავი ავტომობილების გამო) პრევენცია დასახელდა. უკვე გამოჩნდა, რომ რეფორმას საკმაო ხარვეზები ახლავს. მაგალითად, ქუჩაში მოძრავი და მბოლავი რამდენიმე ავტომობილის შემოწმება შსს-ს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ – ეკა ლალიაშვილმა მოსთხოვა. შემოწმებისას გაირკვა, რომ რამდენიმე ასეთ ავტომობილს ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა. ლალიაშვილის თქმით, ავტომობილებს ეფექტურად არ ამოწმებენ და ინსპექტირების მერეც მათი ნაწილი ჰაერს ისევ აბინძურებს.

„ავტომობილების გამონაბოლქვზე დაჯარიმებულთა რაოდენობა ნულია. გამონაბოლქვის შემოწმების კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა დისკრედიტაციას განიცდის, თუ პასუხი არ გაეცემათ იმ მძღოლებს, რომელთა მანქანებიც ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან და კვლავ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლად რჩებიან. ახალი ავტომობილების გარდა, თითქმის ყველა მანქანას ვადაგასული საბურავები აქვს, საიდანაც მტვერი და მყარი ნაწილაკები იფრქვევა და რეალურად ამის კონტროლი არ ხდება. საბურავების ვადას ტექნიკური ინსპექტირება არ ამოწმებს. მხოლოდ პროტექტორის სიღრმე მოწმდება“, – განმარტავს ლალიაშვილი.

ასევე, ტექნინსპექტირების რამდენიმე ცენტრი ყალბი საბუთების გაცემაში ამხილეს, რაც რეფორმის ხარვეზია. 

ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრირების პრობლემებს აღიარებენ და აცხადებენ, რომ პროცესს გაამკაცრებენ. ამოქმედდება ახალი სისტემა და კანონდამრღვევებს საპატრულო ეკიპაჟი სპეციალური ელექტრონული ბაზის საშუალებით გამოავლენს. ნომრის ამომცნობი კამერები სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს. ეკონომიკის სამინისტრო ტესტირების ცენტრების ზედამხედველობის გამკაცრებასაც აპირებს. თუ აქამდე ცენტრების შემოწმება მხოლოდ მიმართვის საფუძველზე ხდებოდა, მონიტორინგის ჯგუფი მათ საქმიანობას `ლაივ კამერების~ საშუალებით, 24 საათიან რეჟიმში შეამოწმებს. რაც შეეხება რეფორმის ფინანსურ ტვირთს, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილბის რაოდენობა 
1 მილიონს აღწევს, რაც გადახდილ 60 მილიონ ლარს უდრის. 

დასაქმებულის დაზღვევა უბედური შემთხვევისგან

იმ კომპანიებს, რომლებსაც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ჰყავთ თანამშრომლები დასაქმებული, 1 იანვრიდან ახალი ვალდებულება დაეკისრათ.
 
დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულისთვის საკუთარი ხარჯებით შეიძინოს ჯანმრთელობის, სიცოცხლის და უბედური შემთხვევის დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვისაც, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი მიენიჭა. უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუუნაროდ დარჩენის ან გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულ თანამშრომელზე ან მისი ოჯახის წევრზე გასცემს. ასანაზღაურებელი თანხა მზღვეველსა და დამსაქმებელს შორის წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის შესაბამისად განისაზღვრება. 

კანონში არ არის განსაზღვრული, მინიმალური სადაზღვევო პაკეტი როგორი უნდა იყოს. ამიტომ, დასაქმებულის დაზღვევის პირობებზე დამსაქმებელი და სადაზღვევო კომპანია უნდა შეთანხმდნენ. სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტისთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. დევი ხეიჩინაშვილი მიიჩნევს, რომ მინიმალური ზღვარის არარსებობის შემთხვევაში პრობლემა არ მოგვარდება. მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად სასამართლო დარჩება, რადგან დამსაქმებელს სრული უფლება აქვს მინიმალური პაკეტი შეიძინოს, რომლის პირობებიც დასაქმებულისთვის ძალიან ცუდია. 

„მოდიან და ითხოვენ პირობითად, კორპორატიულ 2 000 ლარიან დაზღვევას, რომლის ფარგლებშიც თვეში 10-15 ლარს გადაიხდიან და ამით მოიხდიან ვალდებულებას. ეს რეალურად დაზღვევა არ არის, რადგან ამ პაკეტით ადამიანის დაცვა ვერ მოხდება“, – აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი. 

კანონის ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს დამსაქმებელთა ასოციაციაც. თუმცა, ორგანიზაცია სხვა რისკებსაც ხედავს: ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილის მიხეილ კორძახიას განცხადებით, არსებობს რისკი კერძო სექტორმა გაზრდილი ხარჯები დასაქმებულთა რაოდენობის ან მათი სახელფასო სარგოს შემცირების ხარჯზე დააკომპენსიროს. 

„განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის იქნება ფინანსური ტვირთი, მეორე – ბაზარი სავარაუდოდ ვერ იქნება მზად, მათ შორის სადაზღვევო პაკეტების მრავალფეროვნების ნაწილში. უამრავი მაგალითი შეიძლება მივიღოთ, მათ შორის ხელფასების შემცირება, სამუშაო ადგილების შემცირება. `კუთხეში მიმწყვდეული~ მხარე ყველაფერს გააკეთებს – რიგ შემთხვევაში კანონიერს, ზოგჯერ უკანონოს“, – აცხადებს კორძახია.

რისკები, რომელზეც ასოციაცია საუბრობს, შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს მას შემდეგ, რაც დაწესდება სადაზ­ღვევო პაკეტის მინიმალური ლიმიტი. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ამბობს, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების დაზღვევის ლიმიტები მიმდინარე წლის სექტემბრიდან განისაზღვრება, მისი შესრულება კი ბიზნესს 2020 წლიდან მოუწევს. 

ფერაძის ინფორმაციით, სავალდებულო დაზღვევის სავალდებულო ლიმიტების დადგენაზე შრომის საერთაშო­რისო ასოციაციასთან, დამსაქმებლებთან და სადაზ­ღვეო კომპანიებთან ერთად მუშაობენ და დაზღვევის ლიმიტი (მინიმალური პაკეტი, რომელზე უარეს პირობებსაც დამსაქმებლები დასაქმებულებს ვერ შესთავაზებენ) 1 სექტემბრისთვის მომზადდება. მისი შეძენის ვალდებულება კი ბიზნესს მომდევნო წლიდან ექნება. 

რამდენად იქნება ეფექტიანი აღნიშნული რეფორმები, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება: მაგალითად, ჭარბვალია­ნობის მაჩვენებლის შემცირებით, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებით (ტექდათვალიერების შემოღების შედეგად) და სულ მცირე, ორი ათეული წლის შემდეგ პენსიონერთა „ახალი თაობის“ „უზრუნველი სიბერით“. თუმცა, ვიდრე შედეგების დრო დადგება, ბიზნესსა და მოსახლეობას მოუწევს გაზრდილი ხარჯების და გამკაცრებული რეგულაციების პირობებში ცხოვრება. 

მაია ჭანტურია