ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
საქართველოს ენერგეტიკაში პრობლემები ღრმავდება - #4(57), 2018
ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის სეგმენტში მოუგვარებელი საკითხები

2 წლის წინ, 2017 წლის დეკემბერში, ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა და უწყების ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ასეთი რეფორმა რამდენად უწყობს ხელს ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესებას, რთული სათქმელია. რაც აშკარად ჩანს, მნიშვნელოვანი პრობლემებია როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის მიმართულებით. ბუნებრივი აირის სეგმენტზე ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი შეკითხვები ტარიფებთან და ასევე სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით ისმის. რაც შეეხება ელექტროენერგიას – ამ მიმართულებაზე მთავარი პრობლემა გაზრდილი მოხმარება და ოკუპირებული აფხაზეთის უფასოდ მომარაგებაა.

ბუნებრივი აირის ტრანზიტი სომხეთში

მას შემდეგ, რაც საქართველომ თავი დააღწია რუსული „გაზპრომის“ უალტერნატივობას და საქართველოში გაზმომარაგება ძირითადად აზერბაიჯანიდან ხდება, რუსული ენერგოგიგანტი საქართველოს ძირითადად სატრანზიტო ქვეყნად იყენებს. თუმცა, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ კვლავ გაისმა მოსაზრებები, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუკი საქართველო გაზს „გაზპრომისგან“ შეიძენდა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის რანგში კახა კალაძე 2015 წლის შემოდგომაზე ერთი თვის მანძილზე ორჯერ შეხვდა „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორ ალექსეი მილერს, რათა საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებაზე და საქართველოში დამატებითი გაზის შესაძლო შეძენაზე ემსჯელათ. 

„ის, რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ბიზნესმენებს მივცეთ უფლება იმის, რომ გაზი იყიდონ, სადაც მოესურვებათ, რომ ბაზარი იყოს თავისუფალი, ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა იმ აჟიოტაჟის პასუხად, რაც „გაზპრომიდან“ გაზის შესაძლო შესყიდვის საკითხს მოჰყვა.

„რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ რუსული გაზი იყიდოს, ამაში არაფერი კრიმინალი არ არის“, – ამბობდა „ქართული ოცნების“ ლიდერი.

თუმცა, 2017 წლის 1 იანვრამდე `გაზპრომთან~ არსებული ხელშეკრულება არ შეცვლილა და საქართველომ მაშინ რუსული კომპანიას საქართველოში მოქმედების არეალი არ გაუფართოვა. მაგრამ, 2017 წლიდან „გაზპრომთან“ ახალი ურთიერთობა მაინც ჩამოყალიბდა და სომხეთისთვის მისაწოდებელი აირის ტრანსპორტირებისთვის საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის პირობები შეიცვალა. ცნობილია, რომ სომხეთი ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის 2017 წლიდან ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%-ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. აღნიშნულ კონტრაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ამ სიტუაციაში, ოპოზიცია სომხეთში გაზის ტრანზიტის უკანონობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ოცი დღეა, რაც რუსეთიდან ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი სომხეთს და არც პრემიერ-მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცის, რაც დადასტურდა გუშინდელ ბრიფინგზე მათ მიერ გაცემული პასუხებით“, – 20 იანვარს განაცხადა `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

გოცირიძე საკუთარ `ფეისბუქის~ გვერდზე წერს, რომ საქართველო რუსულ ენერგოგიგანტთან გაფორმებული ახალი კონტრაქტის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით $30 მილიონს კარგავს. 

„ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. ძველი ხელშეკრულებით საქართველო ღებულობდა 40 მილიონი დოლარის ღირებულების გაზს ნატურით, კალაძის ხელშეკრულებით კი გვიხდიან მაქსიმუმ 15 მილიონ დოლარს, ანუ წელიწადში ვკარგავთ 25 მილიონ დოლარს, რაც დღევანდელი კურსით 65 მილიონი ლარია. სწორედ ამიტომ ასაიდუმლოებენ ამ ხელშეკრულებას. 

ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით, რომელსაც თავის დროზე ამ ხელშეკრულებასთან ჰქონდა შეხება, `გაზპრომის~ მიერ გადახდილი ტრანზიტის საფასური მხოლოდ 11 მილიონი დოლარია, რაც ჩვენი მხარის მიერ გაზის სომხეთის საზღვრამდე მიტანის ხარჯებს თუ ყოფნის. თუ რატომ მოხდა ასეთი საზიანო ხელშეკრულების გაფორმება, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამჟღავნდება. რა არ გამჟავნებულა ან საქართველოში რამე დამალულა?!“, – წერს გოცირიძე.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ „გაზპრომი“ ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება კაბალურ ხელშეკრულებაზე დაიყოლიოს, რის გამოც ხელის მოწერა ამ დრომდე ჭიანურდება. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან დათმობაზე არ წავიდეს და ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პირობები დააყენოს.

რომან გოცირიძის თქმით, საქართველო რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, დეპუტატი ხელისუფლებას ტრანზიტის პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ არაფრით არ ვართ დაკავშირებული უკვე რუსეთთან და ვერ მოგვატყუებენ, რომ რუსული გაზის გარეშე საქართველოს მოსახლეობა გაგვეყინება ზამთარში, ეს დემაგოგიური ხერხები ვერ გაჭრის. ჩვენ არაფრით არ ვართ დამოკიდებულ რუსულ გაზზე და პირობებს ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ, როგორც ამ მილსადენის მქონე ქვეყანა და არა რუსეთი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის შეთავაზებულ პირობას დათანხმდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ 2017 წელს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებისას უკვე გადადგა ქვეყნის ინტერესების, პირველ რიგში, ეკონომიკური ინტერესებისთვის ძალიან დამაზიანებელი ნაბიჯი, როდესაც უარი თქვა გარანტირებული გაზის მოცულობაზე, რომელსაც იღებდა ხელისუფლება სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ და ამის ნაცვლად, დათანხმდა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პირობას, ფასის გადახდის სანაცვლოდ მოგვეხდინა ტრანსპორტირება... ყველაზე საინტერესოა, რომ დღემდე ეს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელშეკრულება დეპუტატებისთვისაც კი არის უცნობი“, – აცხადებს აბესაძე.

ხელშეკრულების გარკვეული პირობების გასაჯაროების საჭიროებაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არ უნდა არსებობდეს.

„რუსეთი რომ ჩვენი ინტერესებით არ იხელმძღვანელებს, ახლა ამაში მგონი, ახალი არაფერია. ამ მოლაპარაკებებში ჩვენ მაქსიმალურის მიღწევა უნდა შევძლოთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ გამჭვირვალობა, სწორედ ამ მოლაპარაკების, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კომერციული საიდუმლოების მიღმა უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ კითხვები, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს საზოგადოებაში ამ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, საქართველო სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას არ აპირებს და განაგრძობს იმ სარგებლის მიღებას, რაც დაკავშირებულია ამ ფუნქციის შესრულებასთან.

„რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, მე ყოველთვის შინაარსობრივ მხარეზე ვამახვილებ ყურადღებას და თუ გნებავთ პოლიტიკურზეც გავამახვილებ. იგივე პოლიტიკური გუნდი, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნისას საუბრობდა, თითქოს მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა. ვცდილობ, ჩემი პასუხი იყოს შინაარსობრივი, ისეთი, როგორიც აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველო განაგრძობს ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას და იმ სარგებლის მიღებას, რაც ამ ფუნქციასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი გააკეთა აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა `გაზპრომთან~ კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ეკონომიკის მინისტრმა „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ მოლაპარაკება დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება. 

„ვიმყოფებით მოლაპარაკების პერიოდში და სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს, წინა კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ამ კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში დამთავრდება ჩვენი მოლაპარაკებები და რაც არ იქნება კონფიდენციალური, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას მოგახსენებთ“, – თქვა ქობულიამ. 

„გაზპრომთან“ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას არ ელოდება ენერგეტიკის ექსპერტი გია არაბიძე. მისი აზრით, კონტრაქტის ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადახედვის საუკეთესო ვარიანტი თანამშრომლობის ძველ პირობებზე დაბრუნებაა, როცა საქართველო სომ­ხეთში გატარებული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო მომსახურებისთვის ანაზღაურებას ნატურის სახით იღებდა. 

„ამ კონტრაქტის საგრძნობი გაუმჯობესება ის იქნება, რომ ძველ ვარიანტს დავუბრუნდეთ, რაშიც ეჭვი მეპარება, რადგან დღეს მსოფლიოში არსად ხდება ნატურით გადახდა.

ყველაფერში ფულს იხდიან, აქედან გამომდინარე, ძალიან მეპარება ეჭვი, ჩვენმა მთავრობამ „გაზპრომთან“ შეთანხმებას მიაღწიოს, რომ გატარებული გაზის 10% ნატურით დაგვრჩეს. გარდა ამისა, არსებობს მსოფლიო სტანდარტები, კუბური მეტრი გრძივ მეტრზე, რაც უნდა გადაიხადოს გატარებისთვის. რამდენადაც მე მახსოვს, 2017 წელს საკმაოდ მაღალი ფასი იყო სტანდარტებთან შედარებით“, – განაცხადა არაბიძემ და დასძინა, რომ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა აღნიშნული საფასურის გაზრდა იქნება. 

სომხეთში ბუნებრივი გაზის გატარებისთვის სატრანზიტო მომსახურების ფასის შესაძლო ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი მურმან მარგველაშვილი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ექსპლუატაციის ხარჯებს ასახელებს. 

„ფასის ზრდის ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ის მილსადენი, რომლის საშუალებითაც გაზი სომხეთს რუსეთიდან მიეწოდება, ძალიან რთულ ლანდშაფტურ პირობებშია და ძალიან სერიოზული საექსპლუატაციო ხარჯები სჭირდება. მეორე – ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომ რუსეთს რა პირობითაც ვუტარებთ გაზს, იმ პირობით რუსეთმაც გაგვიტაროს გაზი სხვა ქვეყნებიდან. ეს ჯერ რეალური არ არის, მაგრამ იყო პერიოდი, როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკება ყაზახეთიდან გაზის გამოტარებაზე. მართალია, ახლა ეს საკითხი სავარაუდოდ, მომზადებული არ არის, მაგრამ პოზიცია, რომ ჩვენ თანაბარი პირობები გვინდა რუსეთთან, უნდა დაფიქსირდეს. ასეთი რაღაცების მომზადება და შენი თავის თანაბარ პირობებში დაყენების მცდელობა სამომავლო სარგებლობისთვის არის საჭირო“, – განაცხადა მურმან მარგველაშვილმა BM.GE-თან საუბრისას. 

გარდა სომხეთისთვის გატარებული აირის ირგვლივ შექმნილი სიტუაციისა, არც ქვეყანაში არსებული ენერგოპოლიტიკაა მთლად იდეალური. გახშირებულ ავარიებს, რაც ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის გაუმართავობას თუ ექსპლუატაციის პირობების დარღვევას უკავშირდება, ხალხისთვის მტკივნეული თემაა აგრეთვე ტარიფები. 

მართალია, მოლოდინი არ გამართლდა და მოსახლეობისთვის ტარიფი არ გაზრდილა, მაგრამ, სამაგიეროდ ფასი იმატებს კომერციული მომხმარებლებისთვის, რაც, ცხადია, საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობის გადასახდელია.

ახალი წლის პირველ დღეებშივე ცნობილი გახდა რომ თბილისში ბუნებრივი აირი ძვირდება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, დღეს მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს მიმდინარე ხარჯები და გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

`იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ის ჩათვლით 86 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს“, – აცხადებენ გაზგამანაწილებელ კომპანიაში და განმარტავენ, რომ მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება ერთ კუბურ მეტრზე 46,139 თეთრი.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი აქამდე ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ის ჩათვლით 80.5 თეთრი იყო. ასე რომ, გაძვირება 5.5 თეთრია.

ოკუპირებული აფხაზეთის უფასო დენით მომარაგება გრძელდება

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ელექტროენერ­გიის მოხმარება ყოველწლიურად მატულობს, სათანადო მომარაგება სულ უფრო რთული ხდება. წინასწარი პროგნოზით, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლოა, 9%-ით გაიზარდოს. საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა არათუ ვერ გვარდება, სულ უფრო ჩიხში შედის. ამის ძირითადი მიზეზი კრიპტოვალუტების გამომუშავების ზრდა და აფხაზეთის უწყვეტი ელექტრომომარაგებაა, რადგან საწარმოების მატების და პროდუქციის გამოშვების გამო ელექტროენერგიის მოხმარება ნამდვილად არ იზრდება.

ეკონომიკის სამინისტროს ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 14 მლრდ 832.1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის მოხმარებაა პროგნოზირებული, რაც 2018 წლის მაჩვენებელს (13 მლრდ 359.5 მლნ კვტ/სთ) დაახლოებით, 9%-ით აღემატება.

„ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა დიდწილად კრიპტოვალუტასთან არის დაკავშირებული. სხვა მიზეზი ამ ეტაპზე რეალურად არც შეიძლება არსებობდეს, რადგან წარმოება განვითარებული არ არის, არც მოსახლეობაშია დიდი ზრდა და სხვა ფაქტორი ნაკლებად სავარაუდო მეჩვენება. ჰესების მშენებლობა არ მიმდინარეობს, სიმძლავრეები ვერ ვითარდება და დენის მოხმარების სრულად დაკმაყოფილება რეალურად შეუძლებელი ხდება.

რაც შეეხება აფხაზეთის ფაქტორს, წელს იქ, შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა არ არის, მაგრამ წინა წლებში სწრაფად მატულობდა, განსაკუთრებით – 2015-17 წლებში“, – ამბობს ენერგე­ტიკოსი რევაზ არველაძე.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ სწრაფი ტემპით ჰესების მშენებლობის პროცესი დაიძრას.

„ახალი სიმძლავრეები უნდა ავამოქმედოთ, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით, როცა ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებზეა საუბარი. მძლავრი ჰესები, ფაქტობრივად, ვერ შენდება, რადგან ამ პროცესს წინააღმდეგობა ხვდება.

რაც შეეხება დენის ალტერნატიულ წყაროებს, ამ მხრივ ქარის ენერგია ძალიან არასტაბილურია. იგივე შეიძლება მზის ენერგიაზეც ითქვას, ზამთარში ჩვენ ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს და მზის სადგურები დღეში 2-3 საათზე მეტხანს ვერ მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ალტერნატივაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ გარკვეული შეზღუდვა ამ მხრივ არსებობს. იძულებული ვხდებით, რომ თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე გადავერთოთ“, – განაცხადა არველაძემ.

დენის მოხმარების ზრდის მიზეზად ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავაც მაინინგის პროცესს ასახელებს. 

„პრობლემა, ძირითადად, მაინც ბიტკოინის პროცესს უკავშირდება. რაც შეეხება მძაფრ მოთხოვნას, საერთაშორისო ფორმულაა, როცა ტემპერატურა 1 გრადუსით იკლებს, მოხმარება 13%-ით მატულობს. რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა – კლიმატური, ეკონომიკური და ამავე დროს ენერგოტევადი ახალი ობიექტების შესვლა ექსპლუატაციაში.

რაც შეეხება აფხაზეთში დენის მოხმარებას, ვითარება სტაბილურადაა, ენგურის გამომუშავება შემცირდა, თუმცა, ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგია, პრაქტიკულად, აფხაზეთის მიმართულებით მიდის. ფაქტობრივად, თავისუფალი სიმძლავრეები არ რჩება. ჯერჯერობით ისეთი კატასტროფული მდგომარეობაც არ არის, დეკემბერში წყალსაცავი საშუალო დონეზეა და კრიტიკულ ზღვარს თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში მიაღწევს“, – განაცხადა `რეზონანსთან~ ანზორ ჭითანავამ დეკემბრის შუა რიცხვებში.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში, ოკუპირებული გალის რაიონში, სეპარატისტთა ინიციატივით, საქართველოს ელექტოენერგიის გადამცემი ოპერატორის „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) პირველ პირებთან დახურული შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების თემა ზამთრის პერიოდისთვის ტრადიციული იყო – აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება, უმძიმესი ენერგოკრიზისი და ენგურჰესის წყალ­საცავში წყლის დონის კლების პირობებში, მომდევნო სამი თვის მანძილზე, ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის გზების მონახვა. ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, საქართველო წელსაც იყიდის თუ არა რუსეთისგან დენს აფხაზეთის მომარაგებისთვის.

როგორც ცნობილია, 1997 წლის სიტყვიერი შეთანხმებით, ოკუპანტებს და სეპარატისტებს ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღოთ, თუმცა, ბოლო წლებში, განსაკუთრებით, ზამთარში, დენის 100% მიაქვთ და მაინც არ ჰყოფნით.

ბოლო 12 წლის მანძილზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით, 800 მლნ კვტ საათით გაიზარდა და წელიწადში უკვე 2 მლრდ კვტ საათს მიაღწია. ანკლავში, სადაც ბუნებრივი აირი არ არის, მთელი დატვირთვა მხოლოდ ელექტროენერგიაზე მოდის და ამასთან, დენი პრაქტიკულად უფასოა – მოსახლეობისთვის 1 თეთრის, ხოლო ორგანიზაციებისთვის 3,5 თეთრის ეკვივალენტი რუბლებში. ცხადია, ამ მიზერულ თანხასაც არ იხდიან. 

ენგურჰესის დენს რომ აფხაზეთში რუსული საოკუპაციო ჯარიც მოიხმარს, ამ საკითხის შესახებ ჩვენი ჟურნალი ადრეც წერდა. მოკლედ, აფხაზეთში მოსახლეობასთან ერთად, რუსეთის არმიის საოკუპაციო ბაზები, ოჩამჩირის სამხედრო პორტი და ბოლო წლებში მომრავლებული, კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმებიც მოიხმარენ. დენის არანორმალურ დანახარჯს კი 25 წელზე მეტია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა ანაზღაურებს, ყოველწლიურად ჩვენს ბიუჯეტს აწევს ენგურჰესის ძვირადღირებული რეაბილიტაციის ხარჯიც.

ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“  დირექტორი მურმან მარგველაშვილი აცხადებს, რომ აფხაზებზე დიდწილად არის დამოკიდებული როგორ გაგრძელდება ენგურჰესის მუშაობა.

„თუ აფხაზებს უნდათ, რომ „სახელმწიფოებრიობის ნიშნები“ მაინც გაუჩნდეთ და განსაკუთრებით ზამთარში, სიბნელეში და სიცივეში არ იყვნენ, „შიგნით“, ეს ეკონომიკური ურთიერთობა უნდა მოაწესრიგონ. ამას სჭირდება ინვესტიცია, გამრიცხველიანება და ამოღების დისციპლინა. ამ ყველაფერს კი პოლიტიკური ნება უნდა, რაც საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში შეძლონ“, – ამბობს მარგველაშვილი.

მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ენგურჰესის კაშ­ხალთან უფრო მცირე ზომის სადგურის აშენების ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს, რომლის მართვაც მთლიანად საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისი პროექტიც არსებობს,  თუმცა, განხორციელება თითქმის შეუძლებელი იქნება.

„პროექტის მიხედვით, უფრო მცირე ზომის სამანქანო დარბაზი შეიძლება გაკეთდეს ენგურის კაშხლის სიახლოვეს. ჰიდრომაკუმულირებელი სადგური ჰქვია ასეთ სადგურს, როდესაც დღის განმავლობაში შეიძლება მოხდეს დამუშავება და ღამით ატვირთვა, იმისთვის რომ სადგურმა „პიკური“ ტვირთი აიღოს. თუ ამჟამინდელი ენგურჰესის სიმძლავრე 1300 მგვტ-ია, ახალი სადგურის იქნება, დაახლოებით, 600 მგვტ.

ასეთი დამოუკიდებელი სადგურის აშენება იდეაში იქნება ბერკეტი, რომ აფხაზებთან და რუსებთან ურთიერთობაში ალტერნატივა გავიჩინოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველანაირად ეცდება ეს მშენებლობა არ დაუშვას.

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ენგურჰესის თემაში მეტი საერთაშორისო ჩართულობა. ამ შესაძლებლობის გამოყენება თუ დაიწყება, მერე შეიძლება გამოჩნდეს პერსპექტივა, მეტი ბერკეტის მიღებისა“, – ამბობს მარგველაშვილი. 

მისი თქმით, თუ არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, ერთ დღესაც ენგურჰესის გაჩერება გარდაუვალი გახდება, რაც არც ოკუპირებულ აფხაზეთს მოუტანს კარგს და არც საქართველოს.

„რაღაც მომენტში, ალბათ, მივალთ იმ სიტუაციამდეც, როცა მართლა უნდა დადგეს ეს საკითხი, თუ რამდენად გვიღირს ჩვენ მილიონობით ლარის ინვესტირება, რომ ენგურჰესი მუშა მდგომარეობაში მოვიყვანოთ.

ასეთი მდგომარეობით, ენგურჰესის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ და მხოლოდ მცირდება. ბოლოს იმდენად ძვირი გახდება ჰესის რეაბილიტაცია, რომ ინვესტირება აღარც ჩვენი და აღარც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან აღარ ეღირება“, – აცხადებს მარგველაშვილი.

ამ ფონზე საინტერესოა ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური სტატისტიკა, რომლსაც ესკო ავრცელებს.

2006 – 1 169.3 მლნ კვტ/სთ
2007 – 1 255.3
2008 – 1 272.9
2009 – 1 358.3
2010 – 1 377.1
2011 – 1 613.3
2012 – 1 533.6
2013 – 1 605.2
2014 – 1 638.1
2015 – 1 797.2
2016 – 1 926.9
2017 – 2 001.8
2018 – 1 921.7

ასე რომ, საქართველოს ენერგეტიკაში პრობლემები საკმარისზე მეტია და რაც ჩანს, ეს პრობლემები სულ უფრო ღრმავდება. საინტერესოა, შექმნილ სიტუაციას როგორ გაართმევს თავს ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები 2017 წლიდან დაუმატეს. იმ ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც საკუთარი მოუგვარებელი პრობლემებიც არ აკლდა...

თემურ იობაშვილი