ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
საქართველოდან ექსპორტის მთავარი სივრცე კვლავ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებია - #1(58), 2019
უცვლელია წამყვანი საექსპორტო პროდუქცია 

საქართველოდან ექსპორტი, 2015 წლის ვარდნის შემდეგ, რომელიც ძირითადად სავალუტო კრიზისით იყო გამოწვეული, ბოლო ორი წელია იზრდება. თუმცა, 2014 წლის მაჩვენებლის (2,8 მილიარდი დოლარი) გაუმჯობესება მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2018 წელს (3,3 მილიარდი დოლარი) გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წამყვანი საექსპორტო პროდუქტი, რეალურად რეექსპორტია და საქართველოში არ იწარმოება. არადა, მთავრობაში გვარწმუნებდნენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ქვეყანას ახალი ინვესტიციები მოზიდვის, წარმოების განვითარებისა და ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნის შესაძლებლობას მისცემდა. 

2014 წლის შემდეგ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მათ შორისაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმება (DCFTA). ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულება გაფორმდა EFTA (Europe Free Trade Agreement) ქვეყნებთან (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 

კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა მედიაში, ანალიტიკურ თუ პოლიტიკურ წრეებში ექსპორტის მოცულობის ნახტომისებური ზრდისა და დივერსიფიკაციის მოლოდინი შექმნა. ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინების გასამართლებლად საჭიროა გარკვეული დროის, სულ მინიმუმ ხუთწლიანი პერიოდის კვლევა და მსგავსი ქვეყნების ემპირიული გამოცდილების ანალიზი. 

ექსპორტის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ექსპორტი იზრდება, თუმცა ძირითადი საექსპორტო პროდუქტების ნუსხა არ იცვლება. უფრო მეტიც, ექსპორტი დიდწილად რეექსპორტის ხარჯზე იზრდება, ანუ იმ პროდუქტით, რომელსაც ქვეყანა არ აწარმოებს. ამასთანავე, საქართველო ძირითადად ისევ ნედლეულის ექსპორტიორია. ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, საკუთარი ნედლეულით საექსპორტო პროდუქტის შექმნა, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიდა და ეკონომიკასაც უფრო სწრაფი ტემპით წასწევდა წინ. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12,484 მილიარდი დოლარი იყო, 17 პროცენტით მეტი 2017 წელთან შედარებით. მართალია, ექსპორტი 23 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, თანხობრივ მოცულობაში, ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან მცირეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან უცხო ქვეყნების ბაზრებზე 3,362 მილიარდი დოლარის პროდუქტი გავიდა. აქედან, წმინდა ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მხოლოდ 2,297 მილიარდი დოლარი იყო (11 პროცენტით მეტი). იმპორტი 15 პროცენტით გაიზარდა და 9,122 მილიარდი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5,760 მილიარდი დოლარის დონეზე დაფიქსირდა, ანუ საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი. 

ექსპორტი იზრდება ევროკავშირის ქვეყნებშიც, თუმცა თანხობრივ მოცულობაში ეს მაჩვენებელიც მცირეა. 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 730 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 11.5 პროცენტით მეტი 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ევროკავშირიდან უფრო მეტად იზრდება იმპორტი, 2017 წელთან შედარებით ზრდა 19,5 პროცენტია, მოცულობა კი 2,629 მილიარდი დოლარი. ევროკავშირთან საქართველოს 33-პროცენტიანი სავაჭრო დეფიციტი აქვს.
 
ქვეყნისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად ისევ დსთ ის ქვეყნები რჩებიან. 2018 წელს დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 41,6 პროცენტით გაიზარდა, თანხობრივ მოცულობაში ეს 1,677 მილიარდი დოლარია (ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50 პროცენტი). იმპორტის მოცულობა 2,697 მილიარდი დოლარი, (მთლიანი იმპორტის 29.6 პროცენტი), სავაჭრო დეფიციტი – 17.7 პროცენტი. 

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება კვლავ პრობლემად რჩება. საქართველოდან ექსპორტის 72 პროცენტი 10 ქვეყანაზე მოდის – აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ჩინეთი, უკრაინა, აშშ, ყაზახეთი და უზბეკეთი. აღნიშნული 72 პროცენტიდან კი 51 პროცენტზე მეტი სამ ქვეყანაზე ნაწილდება: აზერბაიჯანი – 502 მილიონი დოლარი, რუსეთი – 437 მილიონი დოლარი და სომხეთი – 284.9 მილიონი დოლარი. 

აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების სამეულში ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე მოხვდა. 2018 წელს ამ ქვეყანაში საქართველოდან 190,2 მილიონი დოლარის ავტომობილი გავიდა, სიგარეტი – 99 მილიონი დოლარის და მედიკამენტები – 32,8 მილიონი დოლარის მოცულობით. ფაქტობრივად, სამივე პროდუქტი რეექსპორტია, ანუ საქართველოში არ იწარმოება და დამატებით ღირებულებას არ ქმნის. 

რაც შეეხება რუსეთს, ექსპორტის დიდი წილი ფეროშენადნობებზე მოდის – 128,4 მილიონი დოლარი, ღვინო – 114,5 მილიონი დოლარი, მინერალური წყლები – 50,1 მილიონი დოლარი. 

სომხეთში ისევე როგორც აზერბაიჯანში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ექსპორტია – 98,6 მილიონი დოლარი, სატვირთო ავტომობილები – 15,4 მილიონი დოლარი, თხილი და კაკალი – 14,4 მილიონი დოლარი. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავრობის მიერ მომზადებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის უამრავი პროგრამის მიუხედავად, ქვეყნიდან ძირითადად ნედლეული გაედინება და არა მზა პროდუქტი. 2018 წელს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 504 მილიონი დოლარი. ეს პროდუქტი, ძირითადად, ბულგარეთში, ჩინეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და თურქეთში გადის. 

მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები (408.9 მილიონი დოლარი). ავტომობილები საქართველოს გავლით – აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ყირგიზეთში გაჰყავთ. 

მესამე ადგილზე მყოფი ფეროშენადნობების (353 მილიონი დოლარი) საექსპორტო ბაზარია – აშშ, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ესპანეთი. მეოთხეა ადგილზეა ღვინო (196,9 მილიონი დოლარი), რომლის მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება, ამ ქვეყანაზე ღვინის მთლიანი ექსპორტის 58 პროცენტი მოდის. შემდეგია – უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. 

ლიდერი საექსპორტო პროდუქტების სიაში მეხუთე სიგარეტებია (149 მილიონი დოლარი). აქედან 147 მილიონ დოლარზე მეტი რეექსპორტია, მთავარი ბაზრები კი – აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, სინგაპური და რუსეთია. 

თხილი კი, რომელიც წინა წლებში საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალში მე-3-მე-4 ადგილს იკავებდა ათეულშიც ვეღარ ხვდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შარშანდლის მსგავსად, წელსაც სჯერათ, რომ თხილის წარმოება გაიზრდება და ეს პროდუქტი საექსპორტო ბაზრებზე დაკარგულ პოზიციებს კვლავ დაიბრუნებს. რაც შეეხება სხვა დარგებს, ბოლო წლებში შედარებით იზრდება ტექსტილის წარმოება და ამ მიმართულებით მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსების შეფასებით, თანდათანობით ფართოვდება ექსპორტირებული საქონლის ასორტიმენტი, თუმცა ამ პროცესს სწრაფს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ჯერჯერობით შედარებით ნაკლებად ტექნოტევადი პროდუქციის წარმოებაშია, ხოლო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება ხანგრძლივ დროს, ინვესტიციებსა და ეკონომიკის მოწყობის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს, რაც მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელი არ უნდა იყოს. 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის შეფასებით, ექსპორტის ზრდის კუთხით გარკვეული პროგრესი შეინიშნება, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ საექსპორტო ბაზრებზე მნიშვნელოვანი გარღვევა ვერ მოვახერხეთ, მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის ზრდაა. 

"ბევრმა ისწავლა წარმოების ნორმალური დაგეგმვა, მარკეტინგი, მენეჯმენტი. ჩვენ წინ მივდივართ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით და მომავალში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინო გახდება. გარდა ამისა, საქართველომ, ჯერჯერობით, სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციების თავის თავზე აღება ვერ მოახერხა. ამის სურვილი, რაც ხელისუფლების დონეზე ხშირად გამოიხატება ხოლმე, მხოლოდ სურვილად დარჩა.
 
ფაქტობრივად, იმ ტვირთებმა, რომელსაც ძირითადი სამომხმარებლო ბაზრებისაკენ, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით უნდა ემოძრავა, საქართველოს გვერდი აუარა. ამ მხრივ რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანი ძალიან აქტიურობს. სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით შესაძლებელი იყო საქართველოში ნედლეულის ჩამოტანა, პროდუქტის აქ წარმოება, შემდეგ საექსპორტო ბაზრებზე გატანა. გადაზიდვის მაღალი ტარიფები, არაკომფორტული გარემო ჩვენს შორეულ პარტნიორებს აიძულებს, რომ საქართველოს საერთოდ გვერდი აუაროს. შედეგი არის ის, რომ ბოლო 10 წელიწადში ტვირთბრუნვის მოცულობა გაგვინახევრდა. ახლა მიდის ლაპარაკი, რომ ჩინეთიდან შემოვა მაკომპლექტებელი ნაწილები, აქ მოხდება აწყობა და მზა პროდუქტის ევროპაში გატანა. ჩინეთში შრომის ანაზღაურება საკმაოდ გაიზარდა, გადაუსწრო საქართველოს მაჩვენებელს და ჩინელი მწარმოებლებისთვის ამ მიმართულებით საქართველოს ბაზარი ხელსაყრელი იქნება", – ამბობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე. 

მისი შეფასებით, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, 2014 წელს მთავრობის ინიციატივით შექმნილ პროგრამას – "აწარმოე საქართველოში" უნდა შეეწყო ხელი, თუმცა, დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს. 

"რადიკალური ცვლილებისთვის ეს საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 10 წელზე მეტია დსთ-ის წევრი აღარ არის, ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნებს გაცილებით დიდი წილი უკავია, ვიდრე ამ ორგანიზაციის ლოიალურ წევრებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს. მათ უფრო მეტად დივერსიფიცირებული წარმოება აქვთ. საქართველოს მაგალითზე განვიხილოთ თუნდაც ღვინის ექსპორტი. 2005 წელს, როდესაც ემბარგო გამოცხადდა, ამ მიმართულებით, რუსეთის წილი დაახლოებით 78 პროცენტი იყო. ემბარგოს გაუქმების შემდეგ, ღვინის საექსპორტო ბაზრები თითქოს უფრო დივერსიფიცირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ღვინის ექსპორტის დაახლოებით, 60 პროცენტი ისევ რუსეთზე მოდის. აქაც რადიკალური გარდაქმნა ვერ მოხდა", – ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შემთხვევაში, მომსახურების ექსპორტის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. 

"ჩვენ გვაქვს ისეთი წარმოების შესაძლებლობაც, რომელიც უკავშირდება კლიმატს, წყალს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება, არაალკოჰოლური სასმელების წარმოება. მთავრობის პოლიტიკა ძირითადად შიდა ბაზარზეა ორიენტირებული და ნაკლებად არის ექსპანსიონისტური. საჭირო უცხოეთის ბაზრებზე აგრესიული მარკეტინგია", – აღნიშნავს სოსო არჩვაძე. 

ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს ექსპორტის გეოგრაფიაზე, განსაკუთრებით კი ექსპორტის ზრდაზე განსაკურებით მწვავედ აისახება მსოფლიო ბაზრებზე დაფიქსირებული სავალუტო, მაკროეკონომიკური, თუ სხვა ტიპის შოკები. ხოლო ქვეყანათა დიდი ჯგუფების, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის ზრდისანალიზისას აუცილებელია მხედველობაში ორი მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინება. პირველი – საქართველო აქამდე არასოდეს წარმოადგენდა მკვეთრად საექსპორტო ორიენტაციის ეკონომიკას, ისე, როგორც ეს აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შემთხვევაშია. აქედან გამომდინარე, ექსპორტის მნიშვნელობა ეკონომიკურ ზრდაში ძალიან არსებითია, მასზე მეტისმეტად დიდი აქცენტირება გამართლებული არ არის; მეორე – საქართველოსთვის ტრადიციულ აგრარული პროდუქციის ექსპორტში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული სპეციალიზაციის ის მაღალი დონე, რაც ექსპორტს ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას მიანიჭებდა. 

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ექსპორტის გასაზრდელად ჯერ ქვეყანაში ადგილობრივი, კონკურენტული წარმოება უნდა განვითარდეს. ამისთვის კი ინვესტორებთან უფრო აქტიური მუშაობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შეთავაზება და გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებაა სჭირდება. რადგან ინვესტორები ვახსენეთ, აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებითაც არ არის საქმე კარგად. გასულ, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 35%-ით არის შემცირებული და 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2017 წელთან შედარებით კლებამ 662 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის შედეგებში ყველაზე დაბალია. მსგავსი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ბოლოს 2009 წელს – რუსეთ-საქართველოს ომის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მომდევნო წელს შემოვიდა. დღეის მდგომარეობით კი, ბოლო წლებში არც ომი გადაგვიტანია, აღარც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. შესაბამისად, როცა ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან საქართველოში ფულის დაბანდებით და აგრეთვე ქვეყანა რომ საექსპორტო პოტენციალს ვერ ითვისებს – ამ საკითხებზე შეგვიძლია პასუხი საქართველოს ხელისუფლებას მოვთხოვოთ. სწორედ დღევანდელი მმართველი ძალაა პასუხისმგებელი როგორც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, ასევე ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე. 

მაკა ხარაზიშვილი