ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ბიუროკრატიით სავსე ქალაქი – ახალი გენგეგმის პრიორიტეტები - #1(58), 2019
რატომ იზღუდება დედაქალაქში საკუთრების და ბიზნესის წარმოების უფლება 

ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას და იმ შედეგს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, გამოვასწორებთ, თუმცა, სამომავლოდ ჩვენ აღარ დავუშვებთ შეცდომებს“, – ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერმა 15 მარტს, საკრებულოს მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების დღეს. მისი თქმით, ამ დოკუმენტს დაეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. 

იმის სადემონსტრაციოდ, რამდენად ორიენტირებულია გენერალური გეგმა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობსებაზე, კალაძემ მოსახლეობას წარუდგინა მონაცემები, რომლის თანახმად, 2009 წელს მიღებული გენგეგმით დამტკიცებული სატყეო ზონა პრაქ-ტიკულად გამქრალია, ახალი გენგეგმით კი ის 139 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. 254 მილიონი კვადრატული მეტრიდან 258 მილიონამდე გაიზარდა რეკრეაციული ზონების ფართობი. 

სიმწვანე საკუთრების უფლების ხარჯზე 

არც პოლიტიკურ სივრცეში და არც საზოგადოებაში არავინ გამოჩენილა, ვინც რეკრეაციული ზონების და ტყის საფარის ზრდას გააპროტესტებდა. ეს საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვისი ნაკვეთიც სატყეო ან ისეთ ზონაში მოხვდა, სადაც მშენებლობა შეზღუდული ან საერთოდ აკრძალულია. ამ ადამიანებისთვის „ნათელი ეკოლოგიურ მომავლის“ შესახებ კალაძის განცხადებები სოლიდური ქონების დაკარგვას ნიშნავს. 

ვასილ ჩინჩაბაძეს ნაკვეთი ქოშიგორაზე აქვს. ამბობს, რომ 1000 კვადრატული მეტრი ფართობი წლების წინ შეიძინა და გაყიდვას გეგმავდა – კვადრატული მეტრის 25 დოლარად შეძენის მსურველი უკვე ჰყავდა, როდესაც შეიტყო, რომ გეგმის პროექტში მის ნაკვეთს სატყეო ზონის სტატუსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობას იქ ვერ განახორციელებს და შეუძლია, მაგალითად, სანერგე მეურნეობა მოაწყოს. თუმცა, მსგავსი პროექტი ჩინჩაბაძის გეგმებში არ შედის. დღევანდელი რეალობა ასეთია: 25 ათასი დოლარის მიღების შანსი გაურკვეველი ვადით დაკარგა და ისიც არ იცის, ვინ და როდის აუნაზღაურებს გენგეგმის გამო გაუფასურებული ნაკვეთის ღირებულებას.
 
პრობლემა შეექმნა ბიზნესსაც. როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან გვაცნობეს, მათ მიმართეს იმ მეწარმეებმა, ვისაც გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში უფლებები შეეზღუდათ. 

„კერძოდ, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეცვალა ფუნქციური ზონები და ამჟამად აღნიშნული ნაკვეთების სამშენებლო განვითარების მიზნით გამოყენება შეუძლებელია. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევებში, სადაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე უკვე განსაზღვრული იყო სამშენებლო პარამეტრები და შეთანხმებული იყო გეგმარებითი დავალება. ბიზნესმენები ითხოვენ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხილული და შეთავაზებული იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება. ბიზნესომბუდსმენის აპარატი თითოეული კომპანიის მომართვას ინდივიდუალურად განიხილავს და საკითხის მეწარმის ინტერესების გათვალისწინებით გადასაწყვეტად ინვესტორს თბილისის მთავრობასთან შუამდგომლობს“, – აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში. 

გენგეგმის მიღებამდე, თებერვლის ბოლოს, მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ თუ თბილისი კერძო საკუთრებების მიხედვით განაშენიანდება, ეს რეკრეაციული ზონების მთლიანად ამოწურვას გამოიწვევს. თუმცა, მისივე თქმით, ის მოქალაქეები, რომელთა საკუთრებებიც გენგეგმის ფარგლებში არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა, კომპენსაციას მიიღებენ, ან მოხდება მათი ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა.
 
„თბილისში კერძო საკუთრებები სამჯერ უფრო დიდ ტერიტორიაზეა, ვიდრე ჩვენ განაშენიანებულ ქალაქს აღვიქვამთ. მთები და ფერდები, რომელიც თბილისს აკრავს, თითქმის ყველა კერძო საკუთრებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განაშენიანების შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ უნდა გაიზარდოს ახალი უბნების მომსახურება და მთლიანად უნდა ამოიწუროს რეკრეაციული ფუნქციის მატარებელი ტერიტორიები, რაც ამ ეტაპზე გენგეგმის მიხედვით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. 

გენერალური გეგმა ადგენს 11 ძირითად მიმართულებას, სადაც განვითარება გარკვეული პირობების დაცვით უნდა მოხდეს. ერთ-ერთი არის ელიავას მიმდებარე ტერიტორია, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის ტერიტორიები და ა.შ.“, – განაცხადა ბითაძემ. თუმცა, მერიაში ვერ გვიპასუხეს – კონკრეტულად, რა მექანიზმებით და ვადებში შეუძლიათ მოქალაქეებს კომპენსაციის მიღება; ვინ და რა პრინციპით დაუანგარიშებს კომპენსაციებს და დაწესდება თუ არა მაქსიმალური ვადა, რომელშიც მესაკუთრეებმა ეს თანხა ან ალტერნატიული ნაკვეთი უნდა მიიღონ; დათვლილი აქვს თუ არა მერიას, რამდენი ასეთი ნაკვეთია და რა თანხის გამოყოფა მოუწევთ კომპენსაციებისთვის. 

სატრანსპორტო ქაოსი 

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა, რომლის გარშემოც დავა გენგეგმის პროექტზე მუშაობის მთელი 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტრანსპორტია. თავად მერიაში განაცხადეს, რომ პირვანდელ ვარიანტში შეთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ხოლო რადგან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მასშტაბური კვლევის ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება. ვიდრე ქალაქს აღნიშნული დოკუმენტი ექნება, დედაქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ თბილისი „კარგად შეკავშირებული“ ქალაქი გახდება. 

ამ კონცეფციის მიზანი კი, დოკუმენტის თანახმად, შემდეგია: უზრუნველყოს ადამიანის ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მეორე წერტილამდე მგზავრობა მაქსიმალურად კომფორტულად და დროულად. 

დოკუმენტის თანახმად, ქალაქში პრიორიტეტები შემდეგი თანმიმდევრობით ჩამოყალიბდება: 

ა) საფეხმავლო, არამოტორიზებული; 

ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი; 

გ) კერძო ტრანსპორტი. 

„კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფციის თანახმად, ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამი ურთიერთდაკავშირებული იერარქიული დონის მეშვეობით: ტრანზიტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი; საუბნო საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ლოკალური „შემკრები“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

ტრანზიტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციაა სწრაფად და ეფექტიანად დააკავშიროს ქალაქის მაქსიმალურად დაშორებული ერთეულები და უზრუნველყოს ქალაქის მობილობის ძირითადი მოცულობები. ამისთვის ძირითადად მეტრო და სატრანზიტო ავტობუსები გამოიყენება; 

საუბნო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მგზავრები უნდა გადაიყვანოს უბნის შიგნით და მომიჯნავე უბნებს შორის, საშუალო მანძილებზე, ასევე მოსახერხებლად დააკავშიროს ტრანზიტული ტრანსპორტის ძირითად ქსელთან. ამისთვის ძირითადად საქალაქო ავტობუსები გამოიყენება; 

ლოკალური „შემკრები“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უმოკლეს სამგზავრო მანძილებზე და რელიეფურად რთულად მიღწევად ან მცირე სატრანსპორტო მოთხოვნის მქონე ადგილებში მოემსახურება. 

გენგეგმის თანახმად, დედაქალაქში პარკირების განფასებითი სისტემა შეიქმნება – სხვადასხვა ზონაში პარკირება სხვადასხვა ფასი ეღირება. 

დაგეგმილია უსაფრთხო საველოსიპედო კავშირების მოწყობა, პრიორიტეტულად განიხილება საბაგირო კავშირების განვითარება, რისთვისაც უნდა ჩატარდეს კვლევები და დეტალების დაზუსტება. 

ზოგადი პრინციპების სახითაა წარმოდგენილი სარ¬კინიგზო ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებიც: დოკუმენტის თანახმად, მოხდება „მეტროს ქსელის განვითარებისთვის ალტერნატივების მოძებნა და მისი შემავსებელი დამატებითი, მაღალი გამტარობის მქონე მიწისზედა სატრანსპორტო სისტემის მოწყობა“. 

„სატვირთო სარკინიგზო ხაზის განვითარება, მასთან დაკვშირებული საფრთხეების, საშიშროებებისა და შესაძლო დისკომფორტის გათვალისწინებით, მაქსიმალურად არიდებული უნდა იქნას ქალაქის მჭიდრო განაშენიანების მქონე და საცხოვრებელი ელემენტებისაგან და უნდა განხორციელდეს გარშემოსავლელი გზების მეშვეობით“, – აღნიშნულია გენგეგმაში. 

დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიზღუდოს M2 კატეგორიის მარშრუტების – ანუ მიკროავტობუსების, იგივე `მარშრუტკების~ მოძრაობის „ზეგავლენა“, განსაკუთრებით ცენტრალურ გზებზე. 

კონკრეტულად როგორ მოხდება ამ მიზნების მიღწევა, მკაფიო კონტურები არ ჩანს. უკვე მიმდინარეობს ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესი, რაც ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო. 2018 წლის ივლისში, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე კალაძემ განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოს, ამორტიზებული ავტობუსების სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობის 900 ერთეულამდე გაზრდა იგეგმება. მაისში „მანის“ 90 ახალი ავტობუსი შემოვა და 144 მწვანე ავტობუსს დაემატება, რომლებიც თბილისში 2016 წლის ოქტომბერში შემოვიდა. მერიას კიდევ 220 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული. 

თუმცა, სატრანსპორტო ჯაჭვის ყველაზე სუსტი და ამორტიზებული რგოლი – ყვითელი ავტობუსები და „მარშრუტკები“ ისევ გადაადგილების მთავარ საშუალებად რჩება. თუ ავტობუსების ჩანაცვლების გეგმები და ვადები მეტნაკლებად გარკვეულია, ამას ვერ ვიტყვით მიკროავტობუსებზე, რომელთა მფლობელ კომპანიას თბილისის მერიასთან კონტრაქტი 2031 წლამდე აქვს გაფორმებული. მერის მოადგილე ამბობს, რომ ეს პრობლემაა და კონტრაქტი აუცილებლად გადაიხედება. 

მერიაში ასევე ამბობენ, რომ ავტობუსების განახლებასთან ერთად ძველ, ამორტიზებულ მიკროავტობუსებზე მოთხოვნა თავისთავად შემცირდება, რის გამოც ისინი ბაზრიდან გავლენ. 

მეტი კონკრეტიკაა ტაქსების მიმართულებით. უკვე ცნობილია, რომ ოქტომბრიდან აიკრძალება მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი და თეთრის გარდა, სხვა ფერის ავტომობილებით ტაქსით მომსახურება (საუბარია ინდივიდუალურ ტაქსებზე და შეზღუდვები არ შეეხება ტაქსებს, რომლებიც ქსელში, მაგალითად „იბერში“ ან „ბოლტში“ ჩაერთვებიან). თუ მარჯვენასაჭიან და ორკარიან ავტომობილებს მერია „უსაფრთხოებას“ უკავშირებს, ისმის კითხვა, რა კავშირი აქვს ავტომობილის ფერს მგზავრობის უსაფრთხოებასთან. მერიაში ამბობენ, რომ ასე ქალაქის ვიზუალურ იერსახეზე ზრუნავენ.
 
ასევე უცნობია, რა ბედი ელის ტრამვაის იდეას, რომელზე საუბარიც შეწყდა. ეს იდეა მერიამ მეტროს რეაბილიტაციისა და ვაგონების დამატების გეგმებით ჩანაცვლდა. ამ გეგმების თანახმად, 2019-2021 წლებში, მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. 

2019 წლის პირველი ნახევრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის საპილოტე პროგრამაც ამოქმედდება. პარკირების რეგულირების მიზნად სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვა სახელდება. ამავე მიზნით, იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებასა და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას გულისხმობს.
 
„ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე გენგეგმაში სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების გზებს ვერ ხედავს. მისი აზრით, არადამაჯერებელია გრძელვადიან სტრატეგიებზე საუბარი მაშინ, როდესაც ქალაქში ელემენტარული პრობლემებია მოუგვარებელი. 

„გაუვალი გზები, გადატვირთული მოძრაობა…: ელემენტარულ ანალიზსაც ვერ აკეთებს თბილისის მერია, გენგეგმის ჯგუფზე უკვე აღარაფერს ვამბობ, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში და რა არის პრობლემის სათავე. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ეს პრობლემები: წვიმის დროს ქალაქის სანიაღვრე სისტემა ვერ უზრუნველყოფს წყლის გამტარუნარიანობას“, – აცხადებს ვასო ურუშაძე. 

მისი თქმით ვერც მიწისქვეშა და ვერც მიწისზედა კომუნიკაციები ვეღარ ერევა პრობლემებს და სირთულეები ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ „საცობი“ თუ პარკირება. 

მშენებლობის დეკლარირებული პრინციპები 

გენგეგმის თანახმად, ქალაქთმშენებლობითი პოლიტიკის გატარებისას იგი ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრიორიტეტებს:
 
ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნებას და აღდგენას, მისი კულტურული, საზოგადოებრივი და წარმომადგენლობითი ფუნქციის განვითარებას; ქალაქის შუალედური ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონის ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის რეორგანიზაციას, ქალაქის მომავალი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, რკინიგზის კონტექსტის გათვალისწინებით, შესაბამის ტერიტორიებზე საქმიანი, სარეკრეაციო და სავაჭრო ფუნქციების გადანაწილებით.
 
დასაქმების, მომსახურებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უშუალო სიახლოვეს შერეული ფუნქციის ზონის სახეობების განვითარებას; სარეკონსტრუქციო არეალების განახლებას და ყოფილი სამრეწველო /კომერციული ტერიტორიების („ბრაუნფილდები“) კონვერსიას ან/და აღდგენას; ერთიანი ურბანული კულტურულ-საზოგადოებრივი და საქმიანი სივრცის განვითარებას; ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ღირებულებების გამოვლენასა და გაძლიერებას; ბუნებრივ და ტექნოგენურ ზემოქმედებას დაქვემდებარებული ტერიტორიების საინჟინრო დაცვას, ეკოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური უსაფრთხოების უზრუნველყოფას; განაშენიანებული და გამწვანებული ტერიტორიების ფარდობითი მაჩვენებლის რეგულირებას, გამწვანებულ ზონებში მშენებლობის აკრძალვას. საქალაქო და საგარეუბნო გამწვანების სისტემის აღდგენა-განვითარებას; საქალაქო ბაღ-პარკების აღდგენას და ახალ საბაღე-საპარკო მშენებლობას; დეგრადირებული ტერიტორიების და ლანდშაფტური სივრცეების აღდგენას, ქალაქის ირგვლივ ბუფერული ლანდშაფტური ზონის შექმნას; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც გენგეგმას შემოაქვს, „კომპაქტური ქალაქია“. 
„კომპაქტური ქალაქის“ კონცეფცია წარმოადგენს განვითარების ისეთ პოლიტიკას, რომელიც, ერთი მხრივ იცავს ბუნებრივ გარემოს და მეორე მხრივ ხელს უწყობს ქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. 

„კომპაქტური ქალაქი“ გულისხმობს ტერიტორიების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას, მისი შეკავშირებულობის გაუმჯობესებით. მოცემული წარმოადგენს ქალაქგეგმარებით წინაპირობას დაბალანსებული საცხოვრებლის, დასაქმებისა და დასვენება-რეკრეაციის განვითარებისთვის. 

„მწვანე ქალაქი“ – ეს გენგეგმაში ჩადებული კიდევ ერთი კონცეფციაა, რაც თბილისის გარემოსდაცვითი და სარეკრეაციო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. 

„მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებია: 

- შემცირდეს ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ მინიმუმამდე, ბუნებრივი ლანდშაფტების მკაცრი დაცვით გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე და მისი სიკეთეების ეფექტიანი, ოპტიმალური გამოყენებით ქალაქის ნაშენ ნაწილში. 

- თბილისის სარეკრეაციო სისტემა უნდა დაეფუძნოს ბუნებრივი გარემოს ელემენტებს – ნაშენი ტერიტორიების გარეთ არსებულ, ბუნებრივ ლანდშაფტს და მტკვრისა და მცირე მდინარეების სანაპიროების გასწვრივ არსებულ და დაგეგმილ ღია სივრცეებს, რომლებიც ქალაქის ნაშენ ნაწილში ერთიან სარეკრეაციო ქსელს შექმნიან. 

- მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ, უნდა მოეწყოს უწყვეტი გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი. 

- საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი, უბნების მიხედვით, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ერთ სულ მოსახლეზე უნდა გასამმაგდეს და აღემატებოდეს ერთ მოსახლეზე 10 კვ/მ-ს. 

რაც შეეხება საცხოვრებელ ტერიტორიებს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ამ ტერიტორიების განვითარება ორიენტირებულია: საცხოვრებელი ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი ტევადობის გაზრდისაკენ შიდა საქალაქო ტერიტორიული რეზერვების ათვისებისა და განაშენიანებული ტერიტორიების განახლება/გადაგეგმარების ხარჯზე.

პანორამა – გენგეგმით დაკანონებული უკანონობა 

„პანორამა თბილისის“ პროექტი ერთ-ერთი მაგალითია იმის, როგორ ვერ დაიცვეს ვერც საზოგადოებამ და ვერც გადაწყვეტილების მიმღებებმა თბილისის ლანდშაფტური და ისტორიული ზონა მძლავრი ჩარევებისგან. საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილში ეჭვიც კი გაუჩნდათ, რომ გენგეგმის მიღება შესაძლოა განგებ გაჭიანურდა, რათა „პანორამას“ მშენებლებს დოკუმენტაციის მოწესრიგება და მშენებლობის „გაპრავება“ მოესწროთ. 

ამ საკითხზე საუბრისას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე განმარტავს, რომ გენგეგმის თანახმად, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში, სადაც „პანორამა თბილისიც“ არის მოქცეული, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა, ყველა ძველი მშენებლობა დასრულდება. 

„ჩვენ გენგეგმის ფარგლებში ხელახლა ვამკვიდრებთ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონას და თვალს ვუსწორებთ იმ არსებულ რეალობას, რომლის ფარგლებშიც ჰყვება არა მხოლოდ მთაწმინდის ფერდი, არამედ, ვერის ფერდები, სადაც საკუთრების უფლებებია წარმოშობილი, ასევე ორთაჭალის მიდამოები, სადაც ეს ზონა ვრცელდება... ჩვენ ვამკვიდრებთ და ვაბრუნებთ ამ ზონას დოკუმენტში, სადაც ვითვალისწინებთ მესაკუთრეთა უფლებებს. ამ ზონაში ასევე შედის შინდისის და მიმდებარე სოფლების საკუთრებებიც, ზემო ვერის საცხოვრებელი სახლებიც, გარდა თაბორის ტერიტორიისა“, – განაცხადა ბითაძემ. 

სამოქალაქო აქტივისტი, „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ იურისტი ანანო ცინცაბაძე განმარტავს, რომ პანორამა თბილისის ტერიტორია ორ – ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონებში შედის, რაც გენგეგმის წინა ვარიანტთან შედარებით, დაცულობის მეტ ხარისხს გულისხმობს. თუმცა, როგორც ცინცაბაძე ამბობს, ამით „პანორამა თბილისის“ პროექტის დასრულებას ხელი არ შეეშლება, რადგან აღნიშნული ზონებით განსაზღვრული შეზღუდვები (აქ მხოლოდ ფარდულის მოწყობა თუ შეიძლება) მხოლოდ მომავალ მშენებლობას და არა მიმდინარეებს შეეხება. ცინცაბაძე ამბობს, რომ ამ ზონების დაკანონებით მერიამ და საკრებულომ, ფაქტობრივად, აღიარეს, რომ „პანორამის“ მშენებლობა მიმდინარეობს ზონაში, სადაც მსგავსი პროექტების განხორციელება დაუშვებელია. მისი თქმით, 2014 წლის 30 დეკემბერს პრაქტიკულად თავიდან დამტკიცდა 2009 წლის გენგეგმა, თუმცა, ისევე როგორც 2009-ში, არც მასში ასახულა 1985 წლის დადგენილებით განსაზღვრული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ეს კი სწორედ ის ზონაა, რომელშიც „პანორამა თბილისის“ ორი ობიექტის განაშენიანება – „სოლოლაკი ჰილზი“ და „სოლოლაკის მაღლობი“ მთლიანადაა მოქცეული. ცინცაბაძის თქმით, სწორედ ამ მავნე აქტმა „პანორამასთან“ ერთად გზა გაუხსნა სხვა მშენებლობებსაც. 

მისივე განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ თბილისის მერია ამ შემთხვევაში თითს ვერ გაიშვერს ნაციონალური მოძრაობისკენ და „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ნებართვის გაცემას წინა ხელისუფლების „მახინჯ პრაქტიკას“ ვერ დააბრალებს.
 
სიმაღლის უფლება 

ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯი – ასე შეაფასა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა. მისი თქმით, სამწუხაროდ, გენერალური გეგმა უკვე აშენებულ შენობებს და გაცემულ ნებართვებს ვერაფერს უზამს, თუმცა, 10-15 წელიწადში იქნება გამწვანებული ახალი პარკები, ახალი შენობები და უბნებიც კი, რომლებიც მომავალ თაობებს ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს შეუქმნის. 

როგორც იურისტი ანანო ცინცაბაძე ამბობს, აღნიშნული რეგულაციიდან მერიამ იმდენად ბევრი გამონაკლისი დაუშვა, რომ შეზღუდვას პრაქტიკულად აზრი ეკარგება. მაგალითად, ავარიული სახლების ჩანაცვლების შემთხვევაში კოეფიციენტის ყიდვის შესაძლებლობა არსებობს. ამასთან, ცინცაბაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიის ხელმძღვანელობა სპეციალური ზონალური შეთანხმების პრაქტიკას აკრიტიკებს და მას ბოროტებას უწოდებს, ეს მექანიზმიც შენარჩუნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს მერს შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ტერიტორიაზე ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობის დაშვების შესახებ. მაგალითისთვის, ასე მოხდა წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც სწორედ ზონალური შეთანხმების საფუძველზე გაიცა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის უფლება. 

ბიზნესის შეზღუდვა გენგეგმის სახელით 

ვიხილავთ თუ არა 10-15 წელიწადში მწვანეში ჩაფლულ და თანამედროვე, უსაფრთხო შენობებით სავსე ქალაქს, ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის და რწმენის საკითხად რჩება. ის მეთოდები, რომლითაც მერიამ გენგეგმის სახელით სამშენებლო სექტორისთვის რეგულაციების დაწესება დაიწყო, არათუ კითხვებს ბადებს, მთელი გენგეგმის აღსრულების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას აძლიერებს. 

მენაშენეები ამბობენ, რომ მზად არიან ნებისმიერ შეზღუდვას დაემორჩილონ, მათ შორის ექსპლუატაციაში შეუსვლელ შენობებში მოსახლეობის შესახლების აკრძალვას (რაც მერიის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივაა სამშენებლო ნებართვების და ჯარიმების გამკაცრების შემდეგ). კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ ბიზნესი გაყვება მერიას გამკაცრებაზე, მაგრამ პრობლემაა გართულება. 

„გამკაცრებასა და გართულებას შორის განსხვავება ისაა, რომ გამკაცრება არის სტანდარტის აწევა, რათა უფრო კარგად გაკეთდეს საქმე, ხოლო გართულება არის ფურცლომანია და ბიუროკრატია“, – ამბობს აბულაძე. მისი თქმით, მერიაში მოშლილია „ერთი ფანჯრის“ პრინციპი, რის გამოც პროცესები გაჭიანურებულია, ეს კი ბიზნესის განვითარებას აფერხებს. 

რა ფასს გადაიხდის თბილისი გენგეგმაში 

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტი თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა, თუმცა, მერიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და გენგეგმა უკან დააბრუნა. საბოლოოდ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გენგეგმის გამოსწორებული ვარიანტი მერიას მაისის ბოლოს გადაუგზავნა. 

დოკუმენტი, რომლის არარსებობასაც თბილისის ხელმძღვანელობას საყვედურობდნენ, დედაქალაქს უკვე აქვს. მაგრამ, ექსპერტები გეგმაში არაერთ ხარვეზს ხედავენ: მაგალითად, ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ ქალაქგეგმარებითი ზონები არეულია, რის გამოსასწორებლადაც მესაკუთრეებს მერიაში წერილებით სიარული უწევთ. მისივე შეფასებით, არ არსებობს არანაირი ინსტრუმენტი „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის განხორციელებისთვის. 

ვასო ურუშაძისთვის კი ის პრინციპია მიუღებელი, რომლის თანახმად, ქალაქის საზღვრები უნდა შეიზღუდოს. 

„ჩვენ დღეს უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა იქნება ათი და ოცი წლის შემდეგ. პირველი ამოცანა უნდა იყოს ქალაქის განტვირთვა და გაფართოება, გეოგრაფიული გაზრდა, ქალაქის ცენტრიდან მნიშვნელოვანი ობიექტების გადატანა, რომ ქალაქის ცენტრის მაქსიმალურად დავუთმოთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას: სასტუმროებს, კვების ობიექტებს და სხვაგან გავაჩინოთ ბიზნესმიზიდულობის ცენტრები. გავაკეთოთ ისე, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ლონდონში. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პრობლემებს თვალი გავუსწოროთ და თითქოს გამოჩნდა კიდეც ნათელი წერტილი – ქალაქმა დაიწყო მუშაობა განვითარების გეგმაზე, იმ გეგმაში ვკითხულობთ სრულ აბსურდს: რომ არ უნდა გაიზარდოს ქალაქის გეოგრაფიული საზღვრები, ქალაქი უნდა იყოს კომპაქტური და იმავდროულად, მათივე მესიჯ-ბოქსია, რომ ქალაქი არც სიმაღლეში უნდა გაიზარდოს და მშენებლობები უნდა აიკრძალოს. 

ანუ, ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში ამოწურულია მშენებლობების რესურსი და თან აცხადებენ, რომ ქალაქის საზღვრები უნდა შეიზღუდოს. ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ თბილისს მომავალი არ აქვს. თან, ლაპარაკობენ გენერალური განვითარების გეგმის სახელით. ეს არის ან ძალიან დილეტანტური მიდგომა, ან უბრალოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. დრო კი მუშაობს თბილისის წინააღმდეგ: ქალაქში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, იზრდება მოთხოვნა აქ ცხოვრებაზე და ნაცვლად იმისა, რომ თბილისი ამ მოთხოვნას პასუხობდეს და შესაბამის პოლიტიკას ატარებდეს, საპირისპიროდ მოძრაობს: მაქსიმალურად აფერხებს განვითარებას. შესაბამისად, ძალიან ახლოს ვართ კრიზისულ ზღვართან, როდესაც ცენტრის ეს მიზიდულობაც დაიკარგება. თუ ადამიანი თბილისში ვერ იმოძრავებს, ვერც ფართს იქირავებს ან შეიძენს, ანუ თბილისი ვერ დახვდება მომზადებული იმ ადამიანებს, რომლებსაც თბილისი სჭირდებათ როგორც მიზიდულობის ცენტრი, ისინი სხვა ალტერნატივებს მიმართავენ“, – აცხადებს ურუშაძე. 

ვიცხოვრებთ თუ არა წლები შემდეგ გამწვანებულ და შეკავშირებულ ქალაქში, ეს თბილისის მერიის ახლანდელი და მომავალი ხელისუფლებების პოლიტიკაზეა დამოკიდებული. თუმცა ჯერჯერობით ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებადაა – ვერც ბიზნესი და ვერც კერძო მესაკუთრეები თბილისის ხელისუფლების პოლიტიკის სიკეთეებს ვერ ხედავენ და სირთულეებითა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის რეჟიმში ცხოვრებისთვის ემზადებიან. „სიცოცხლით ავსებამდე“ კი თბილისი შეჩერებული მშენებლობებითა და ბიუროკრატიით სავსე ქალაქად რჩება. 

მაია ჭანტურია