ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
საქართველოში დენის მზარდ მოხმარებას გამომუშავება ვერ ეწევა - #1(58), 2019
გაზრდილი იმპორტი და სულ უფრო მაღალი ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე 

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება შეიძინა ჰესების მშენებლობის თუ ვერ მშენებლობის თემამ. წინა წლებში დაწყებული ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების საწინააღმდეგო დამოკიდებულება განსაკუთრებით გაძლიერდა პანკისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც პოლიციელებმაც მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც. მაშინდელ შეტაკებას სწორედ ჰესის მშენებლობის საკითხზე ინვესტორის და პანკისში მაცხოვრებლების შეუთანხმებლობა უძღვოდა წინ. ამ ეტაპზე, პანკისში სიტუაცია შედარებით დაწყნარებულია. ყოველ შემთხვევაში აღარც ინვესტორი და აღარც პოლიცია ხალხთან დაპირისპირებაში არ აღმოჩენილა, თუმცა, რამდენ ხანს გასტანს ასეთი მშვიდობა – რთული სათქმელია. შს მინისტრმა დაპირისპირების დღეს, 21 აპრილსვე განაცხადა, რომ პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩებოდა. მრავალი აზრი გამოითქვა როგორც ჰესების მშენებლობის მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეების მხრიდან. სანამ ხალხი კამათობს, ახალი სტატისტიკური მონაცემები კარგს არაფერს გვპირდება. 

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე დენის ადგილობრივი გამომუშავება. ამიტომ, სულ უფრო მეტად მატულობს იმპორტის წილი მთლიან მოხმარებაში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკული სტაბილურობა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ტენდენცია სახარბიელოდ სულაც არ გამოიყურება. 
ელექტროენერგეტიკის ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, წელს, იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა დაახლოებით 612 მლნ კვტ. სთ შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 504 მლნ კვტ.სთ-ის ტოლი იყო. შესაბამისად, იმპორტის ზრდამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 21%-ს გადააჭარბა. 

ესკოს მონაცემებითვე, იმპორტმა წლევანდელ აპრილში 80 მლნ კვტ.სთ შეადგინა, როცა შარშან ამ პერიოდში იმპორტის მოცულობა 11 მლნ კვტ.სთ იყო. ასე რომ, თუ მხოლოდ აპრილს ავიღებთ, იმპორტი გაზრდილია 627%-ით. 

პროგნოზით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2030 წელს წელიწადში 23 მილიონ კილოვატ საათამდე გაიზრდება. ამ სიტუაციაში ქვეყანას ორი არჩევანი აქვს – გაზრდილ მოხმარებას ან გამომუშავების ზრდით უნდა უპასუხოს, ან იმპორტი გაზარდოს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა გათიშვებს ვერ ასცდება. 

„იმპორტის ზრდას არცერთი ქვეყანა არ მიესალმება, ვინც საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და დამოუკიდებლობაზე ზრუნავს“, – ამბობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანამ მაქსიმალურად აითვისოს როგორც ჰიდრო, ასევე ქარის და მზის ენერგიის რესურსი, რადგან თბოელექტროსადგურების გამომუშავება რომც გაიზარდოს, ის მაინც იმპორტირებული გაზით მარაგდება და დიდი სხვაობა არ იქნება ქვეყნისთვის – იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულება გაიზრდება თუ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. 

ზოგადად, ელექტრომომარაგებაში რომ პრობლემები მატულობს, დედაქალაქში თუ რეგიონებში გახშირებული გათიშვებიც ადასტურებს. მართალია, ასეთი გამორთვები ხშირად „გეგმური სამუშაოების“ სახელით ხდება, თუმცა, დაუგეგმავმა ავარიებმაც გაგვახსენა თავი. ბოლო მასშტაბური ავარია ცოტა ხნის წინ – 2 მაისს მოხდა, როდესაც მაღალი ძაბვის 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ გაითიშა. ჩაბნელდა ნახევარი საქართველო, ბევრგან წყალმომარაგებაც შეწყდა და მეტროს მუშაობაც შეფერხდა. რაც გახმაურდა, ერთ-ერთი ისიც იყო, რომ ქუთაისში, ატრაქციონ „ეშმაკის ბორბალზე“ ჩარჩენილი ბავშვების ჩამოყვანა მაშველებს მოუწიათ. 

ისევ ენერგობალანსს რომ მივუბრუნდეთ, სადაც კარგად ჩანს ადგილობრივი გამომუშავების და მოხმარების შეფარდება – გასულ 2018 წელს, საქართველოში გამომუშავებულია სულ 12148,6 მლნ კვტ.სთ, როცა ქსელში მიწოდებამ 13455,9 მლნ კვტ.სთ შეადგინა. ასე რომ, მთლიან მიწოდებულ ენერგიაში 9.72% იმპორტმა შეადგინა. შეიძლება თითქმის 10%-ს მიღწეული იმპორტის მაჩვენებელი ერთი შეხედვით ტრაგიკულად არ გამოიყურება, მაგრამ, როდესაც ტენდენციას შევხედავთ, ნამდვილად არ არის სახარბიელო სურათი. თანაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ადგილობრივ გამომუშავებაში თბოსადგურების წილი 2114.9 მლნ კვტ საათია, რაც მთელ გამომუშავებაში 17,40%-ს შეადგენს. შესაბამისად, თბოსადგურები ასევე იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, 2018 წლის მანძილზე მათ მიერ გამომუშავებული ენერგია ჯამში 9949.3 მლნ კვტ. სთ-ია და მთლიან გამომუშავებაში 81,89%-ს შეადგენს. 

იმპორტის მხრივ, გასულ წელს, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელი აზერბაიჯანი იყო. აღსანიშნავია, რომ მთელი ბოლო წლების განმავლობაში, 2016 წლის ჩათვლით, მთავარ იმპორტიორს რუსეთი წარმოადგენდა. ბოლო ორი წელია, ელექტროენერგიის უმსხვილესი იმპორტიორი აზერბაიჯანი გახდა.
     

შეიძლება ბევრს აღარც ახსოვს, 1990-ანი წლებიდან მოყოლებული „ქრონიკული ჩაბნელებიდან“ ქვეყანა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ძლივს გამოვიდა. თანაც, იმ ფონზე, როცა საბჭოთა პერიოდიდან, საქართველო მუდმივად იყო დენის იმპორტიორი, უკვე 2007 წელს საქართველოდან დენის ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა. 2012 წელს კი სიტუაცია კვლავ იმპორტის სასარგებლოდ შეიცვალა.
     

ესკოს მონაცემებით, ბოლო წლებში გამომუშავება-მოხმარებას შორისაც არასახარბიელო ტენდენციაა. მოხმარების ზრდა აჭარბებს გამომუშავებას და ეს სიტუაცია ნელ-ნელა საგანგაშო ხდება. 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და გაზრდილი მოხმარების შესავსებად იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი.
 
მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში საშუალოდ 5%-ით გაიზარდა. 2018 წელს კი ზრდამ 2017 წელთან შედარებით თითქმის 8% შეადგინა. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ გაზრდილ მოხმარებას რაღაცით უნდა უპასუხო. გენერაციის მხარეს თუ შევხედავთ, 7 გენერაციის ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში. ჯამური სიმძლავრე არის 65 მეგავატი და ზოგადად გენერაციაში ზრდა გვაქვს 2%-მდე. 

ჩვენ, ქვეყანა ვხდებით იმპორტდამოკიდებული, და ეს იმპორტდამოკიდებულება იზრდება წლიდან წლამდე, რადგან ადგილობრივი გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და იზრდება იმპორტი“, – აცხადებს ირინა მილორავა. 

მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით იმპორტი სამჯერ გაიზარდა, რაც სერიოზული სიგნალია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მილორავა ყურადღებას ამახვილებს ცალკეულ თვეებში არსებულ იმპორტის ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. 

„30%-ს აღწევს კონკრეტულ თვეებში იმპორტის წილი. ანუ 30%-ით ვართ დამოკიდებული მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ მატარებლებზე. აქაც თუ ჩავრთავთ თბოელექტროსადგურების კომპონენტსაც, რომლებიც ასევე იმპორტირებულ გაზზე მუშაობენ, წარმოიდგინეთ რამხელაა ჩვენი ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე“, – აცხადებს ირინა მილორავა „საქმიანი დილის“ ეთერში. 

ერთ-ერთი დიდი პრობლემა ბოლო წლებში კრიპტოვალუტა და მისი მაინინგია. სწორედ მისი გამომუშავებისა და მწირე თუ დიდი კრიპტოფერმების მეშვეობით მოიმატა არანორმალურად მოხმარების მაჩვენებელმა. არსებობს გაანგარიშება, რომ შარშანდელ 8%-ან მატებაში თითქმის ნახევარი ციფრული ვალუტის გამომუშავებაზე მოდის. 

მარეგულირებელს არ აქვს ინფორმაცია ელექტროენერგიის მოხმარების მთლიან მაჩვენებელში რამდენია ელექტრონული ფულის მაინინგის წილი, რადგან ცალკე ეს საწარმოები განსხვავებული კრიტერიუმებით არ რეგისტრირდებიან.
     
 
„ისინი განსხვავებულ რეგულაციაში არ ექცევიან, ამდენად ვიცით რამდენიმე მსხვილი მომხმარებელი და უნდა შევაფასოთ მათი გავლენა. მაგალითად, ვიცით, რომ ერთ-ერთი მსხვილი მაინინგ-საწარმო მოიხმარდა 300 მლნ კილოვატსაათს წლიურად. 

წინა წლებში, როცა მაინინგის თემა საერთოდ არ იყო აქტუალური, მაშინაც მაღალი იყო ელექტროენერგიის მოხმარება, 5%-ანი იყო ზრდა. 8%-ანი ზრდა გვაქვს ბოლო წლებში მოდით ვთქვათ, რომ ეს 3% არის მაინინგის ზრდა, თუმცა დადასტურებულად ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ მაინინგამდე ვიცით, რომ 5%-იანი ზრდა გვქონდა ელექტროენერგეტიკულ სექტორში“, – ამბობს მილორავა. 

შექმნილ სიტუაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ერთადერთ გამოსავლად ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა მიაჩნია. მისი თქმით, ეკონომიკის განვითარებას დამატებითი ელექტროენერგია სჭირდება. 

არცთუ ოპტიმისტურად არის განწყობილი ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე. 

„უკვე ლაპარაკიც არ არის, რომ მსხვილ ჰესებს ვერ ავაშენებთ და აღარც პერსპექტივაა, მაგრამ, რატომღაც, მცირე ჰესების მშენებლობის პროცესსაც უპირისპირდებიან. ჯერჯერობით შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება კატასტროფული არ არის, მაგრამ სტაბილურობის განცდა ნაკლებია. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ სიტუაცია დაბალანსდეს. ამისთვის ქარის ენერგიაც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ნაწილობრივ მზის ენერგიაც, მაგრამ ამ მიმართულებითაც პროგრესი არ გვაქვს.
 
პერსპექტივაში ელექტროენერგიის იმპორტიც სტაბილური არ არის. ცხადია, ნორვეგია დენით ვერ მოგვამარაგებს, ამიტომ უნდა ვიყიდოთ აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან ან თურქეთიდან. შესაბამისად, არც ამ მხრივ არის პერსპექტივა დამაკმაყოფილებელი“, – აღნიშნა არველაძემ. 

რაც ჯერჯერობით ჩანს, ის არის, რომ საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა დენის იმპორტის კლანჭებში და როგორ დააღწევს თავს შექმნილ სიტუაციას, უცნობია.
 
თემურ იობაშვილი