ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
საქართველოს პოლიტიკური ევროპეიზაცია: არჩევანი არჩევანის გარეშე - #1(58), 2019
მხოლოდ განცხადების გამო არა 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2018 წლის 28 იანვარს გაკეთებული განცხადების თანახმად, ევროკავშირში შექმნილმა ვითარებამ, რაც ძირითადად ბრექსიტისა და პოპულიზმის შედეგია, ახალი კონფიგურაციის წინაპირობა შექმნა, რამაც ჩვენი ქვეყნისათვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ასევე დამატებითი შესაძლებლობები დასახა. პრეზიდენტის აზრით, დადგა ჯერი უკეთ გავაანალიზოთ „ახალი არასტანდარტული ფორმატი“, რომლის შედეგად „საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ისე, რომ წევრი არ ერქვას“. სიტყვათა წყობა უჩვეულოდ საინტერესოა და იოლი დასაშვებია, რომ ვინმემ ეს ნათქვამი ოქსიმორონის გამო დაიწუნოს. თუმცა, განცხადების გზავნილი მარტივად ამოსაცნობია და იგი სწორედ რომ სისადავით იპყრობს ყურადღებას, ხოლო ეს სისადავე ასეთ გადაწყობასაც იტანს: პრაქტიკულად ყოველი კრიზისი იმავდროულად ახალი შესაძლებლობების საწინდარია. ამ დროს მთავარია, დროზე შენიშნო, შეაფასო და მიუსადაგო რესურსი ისე, რომ საბოლოო ჯამში საკუთარი ინტერესის სასარგებლო რეზულტატად აქციო. ამ აზრით, ევროკავშირში მიმდინარე პროცესი ჩვენთვის მეტად საინტერესოა: დეზინტეგრაციული მოვლენების ფონზე იგი იმავდროულად ახალ საწყისებზე ინტეგრირებული ახალი ერთობის წინაპირობას იძლევა. სწორი დაკვირვების, დროული ანალიზის და კომპეტენტური გადაწყვეტილებების გამოისობით ეს რთული და წინააღმდეგობებით სავსე პროცესი არის ჩვენი ისტორიული შანსი (დიდწილად, ჩვენდა უნებურად აღმოცენებული – ისევე, როგორც ეს მანამდე მომხდარა ქართველთა ისტორიაში) უფრო მეტად დავუახლოვდეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ევროპას, თანაც ისე, რომ იმ ახალ ევროპაში ჩვენი გაწევრება გარკვეულ მომენტში მხოლოდ ტექნიკურად ფორმალურ საკითხად იქცეს. 

"გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა"?
 
ევროკავშირში ეკონომიკური სირთულეების პირველი რეალური სიმპტომები საბერძნეთის საფინანსო კრიზისმა გამოამზეურა. ბერძნული დეფოლტი სიმპტომატური აღმოჩნდა იმითაც, რომ მან ერთგვარი წყალგამყოფი გაავლო ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამ „სწავლების“ თანახმად, ჩრდილოეთ ნაწილი წარმატებული ეკონომიკით გამოირჩევა, ხოლო სამხრეთი კი ჩრდილოეთის კმაყოფაზე მოკალათებულ დანამატად სახელდება. კრიზისზე საუბრისას ზოგიერთი პოლიტიკურად „ცხელი თავი“ კიდევ უფრო შორს წავიდა და საუბარი დაიწყო ორ ევროპაზე: პროტესტანტულზე, მეტწილად ჩრდილოეთში; და კათოლიკურზე, ასევე მეტწილად სამხრეთულში – შრომისადმი და შრომითი დისციპლინისადმი ურთიერთგანსხვავებული დამოკიდებულებებით. ფაქტობრივად დეფოლტში აღმოჩენილმა პორტუგალიამ და დეფოლტის ზღვარზე მყოფმა ესპანეთის და იტალიის საბანკო სისტემებმა კი საფუძველი გაუმყარეს სკეპტიციზმს ევროპაზე, როგორც ორგანულ და ერთიან საქმიან სივრცეზე. მაგრამ დეფოლტების ჯერით ევროპელი პოლიტიკური ელიტის ტანჯვა არ დასრულებულა და 2000-იანი წლების ფინანსურ კრიზისს მწვავე ხასიათის პოლიტიკური პრობლემები დაემატა. ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო გამოსარჩევია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის „ბრექსიტის“ ცნობილი პროექტი, რამაც ბოლო ხანებში უკვე ტრაგიკომიკური ხასიათი შეიძინა. თვითდაჯერებულმა ბრიტანელებმა, წინა საუკუნეების „ბრწყინვალე განმარტოების“ საუკეთესო ტრადიციებში, რეფერენდუმზე ისე დაუჭირეს მხარი ევროკავშირიდან გასვლის წინადადებას, რომ ამ ნაბიჯის შედეგებზე ფიქრი მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ დაიწყეს. დღეს უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის ძირითად ნაწილს არც კი სურდა კავშირიდან გასვლა და რეფერენდუმის შედეგი მათდა უნებურად დადგა. ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია ბრიტანელ პოლი¬ტიკოსებში დაბნეულობა ქვეყნის მომავალ კურსზე, პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გაუთავებელი ვოიაჟები ბრიუსელში გამოსავლის მოსაძებნად, ან სულაც ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარებაზე გახშირებული საუბრები. ევროკავშირში მიმდინარე რთულ ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას შეუძლებელია არ აღინიშნოს ორი „ეკონომიკური ბურჯის“, გერმანიასა და საფრანგეთს შორის გახშირებული უთანხმოებები. ორმხრივ ურთიერთობების გასაღრმავებლად ფრანგი ახალგაზრდა ლიდერის ინიციატივები ევროკავშირის ფარგლებში გასატარებელი ფისკალური და მონეტარული რეფორმების ირგვლივ საბოლოოდ უთანხმოებებში გადაიზარდა. მაკრონის იდეალიზმს რომ თავი დავანებოთ, გერმანიის როლი ხომ ისტორიულად ყოველთვის გამორჩეულია ევროპისთვის: წარსულში მისი სამხედრო, ხოლო თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური სიძლიერის გამო, როდესაც დანარჩენი ევროპის მუდმივი თავსატეხი ამ ძალის მოთოკვა და ჩარჩოში მოქცევა იყო. არადა, გეოპოლიტიკასა და ისტორიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამჟამინდელ გერმანიას თითქოსდა უჭირს მისი ეკონომიკური პოტენციალის სრულად განვითარება ამ კავშირის ფარგლებში, ეკონომიკური სიმწიფის მიხედვით აშკარა უთანაბრობაა. მეტიც, საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ზრდისათვის გერმანიას სასიცოცხლოდ სჭირდება არსებულ ბაზრების გაფართოება და ახლებზე თავისუფალი წვდომა (მაღალი ალბათობით, რუსეთთან მიმართებაში გერმანული Ostpolitik თავისებურებები სწორედ ამ საჭიროებით იყო ნაკარნახევი, მანამ სანამ ყირიმის ანექსიამ გერმანიის მხრიდან რუსული ვექტორის გადახედვა არ განაპირობა და მას თანდათანობით ენაცვლება საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის მიერ დეკლარირებული ე.წ. New Ostpolitik). ასეთი წვდომა კი არცთუ იშვიათად იზღუდება საერთო ევროპული მოთხოვნით წევრ-სახელმწიფოებს შორის სრული თანხმობის მიღწევისას. ეს კი, თავის მხრივ, მიზეზია გერმანელთა მზარდი უკმაყოფილების და ქვეყნის შიგნით პოპულისტური განწყობის მკვეთრი მატების. 

ევროპული უთანხმოებების დიდი ნაწილი ისევ და ისევ ევროპისათვის დამახასიათებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრავალფეროვნებას შეიძლება მივაწეროთ. მაგრამ, როგორი ახსნა მოვუძებნოთ ისეთ კაზუსებს, როდესაც ევროკავშირის წევრებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ცივილიზებული ფორმატის საბაზისო სტანდარტებს სცდება და საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევის ელფერს იძენს? ამის თვალსაჩინო მაგალითია იტალიის ვიცე-პრემიერის დი მატეოს მხრიდან პარიზელი „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ღია წახალისება, რამაც სავსებით ლოგიკურად იტალიასა და საფრანგეთს შორის სერიოზული დიპლომატიური კრიზისი წარმოშვა. იტალიური ხელისუფლების მხრიდან ეს და მსგავსი არაორდინარული მოქმედებები, წესით, არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ ეგზოტიკურია ძალაუფლებით შემოსილი პოლიტიკური პარტიები და ზოგადად რაოდენ ჭრელია იტალიის სახელისუფლო რგოლი. მეტიც, იტალიელ პოლიტიკოსებზე საუბრისას აუცილებლად აღსანიშნია ზოგიერთი მათგანის მეტად ეგზოტიკური „ბექგრაუნდი“. მაგალითად, სულ ახლახანს ინტერნეტში გამოქვეყნებული გავლენიანი ვიცე-პრემიერის (და, ფაქტობრივი პრემიერის) მატეო სალვინის ფოტოსურათი არაერთი გარჩევის საგნად იქცა და არცთუ შემთხვევით: ფოტოსურათზე სალვინი წითელ მოედანზე პოზიორობს რუსეთის ლიდერის გამოსახულებიან მაისურში. 

ევროპული აბერაცია მხოლოდ პოპულიზმისა და ნაციონალიზმის ზღუდეზე არ ჩერდება და ცალკეულ შემთხვევებში აშკარა ავტორიტარიზმის ნიშნებს იძენს. მაგალითისთვის გამოდგება პოლონეთის მმართველი პარტიის საგა, რომელიც ცდილობს მართლმსაჯულების საკუთარი საჭიროებებისთვის დაუფარავად მორგებას საკანონმდებლო მანიპულაციების გზით; ან თუნდაც, უნგრეთის პრემიერ მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ ქვეყნის მართვის სტილი, გამოხატული პოლიტიკური პლურალიზმის და თავისუფალი მედიის შეზღუდვაში და რა თქმა უნდა, ავტორიტარულ რუსეთთან ფლირტში. 

ამ კონკრეტულ თემაზე საუბრისას სხვა არაერთი და დამატებითი ფაქტის დასახელება შეიძლება. თუმცა, ვფიქრობთ, ის რაც უკვე დასახელდა მიუთითებს მასზედ, რომ ევროკავშირი სისტემურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს გადის. ელემენტარული ჭეშმარიტებაა ითქვას, რომ კრიზისის დაღწევა ურყევი პოლიტიკური ნების პირობებში თუ მოხდება. მაგრამ აქ, ალბათ, მხოლოდ ესეც არ კმარა და ნების გარდა აუცილებელია მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპული თანამეგობრობის საწყისების განახლებაზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგად აღმოცენებული ამ მეტად უნიკალური ორგანიზაციის გადახალისებაზე. მხოლოდ თვისობრივად განახლებულ და გადახალისებულ პოლიტიკურ ევროპას, მყარად დაფუძნებულს მის კულტურულ და ისტორიულ საწყისებზე, შეეძლება წარმატებით გაართვას თავი კიდევ არაერთი ათწლეულის გამოწვევას. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ასეთი განახლება შეუძლებელია მარტოოდენ ევროკავშირის არსებული კონფიგურაციის საფუძველსა თუ ფარგლებში. ამოცანის მისაღწევად პოლიტიკურ-ეკონომიკურ ევროპას სჭირდება „ახალი სისხლი“, რომლის გაცემა საერთო ევროპული განახლებული მოდელის შესაქმნელად მხოლოდ კულტურულ-გეოგრაფიულ ევროპას შეუძლია. „ძველი“ და „ახალი სისხლის“ შეზავების აუცილებლობა უკვეა აქტუალურია, ხოლო გადასადგმელი ნაბიჯი ყველა მონაწილის მხრიდან გამბედაობას და არასტერეოტიპულ აზროვნებას მოითხოვს. 

სად ვართ დღეს და... 

პოლიტიკური გაგებით ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული ქართული ძალისხმევა თვალსაჩინო და აღსანიშნავია. მიუხედავად პროცესისათვის დამახასიათებელი არაერთი ობიექტური თუ სხვა ტიპის დაბრკოლებებისა, ამ მომენტისთვის მიღწეული შედეგიც – მხოლოდ ასოცირების შეთანხმების და უვიზო რეჟიმის დასახელება საკმარისია – ქართული ოფიციალური პროევროპული პოლიტიკის კონკრეტული განსახიერებაა. ქვეყნის პროგრესის ზოგიერთი სხვა დეტალის გახსენება ასევე საინტერესოა: ევროინტეგრაციის მოთხოვნები პოლიტიკის, ეკონომიკისა და სამოქალაქო სექტორის 15-მდე სფეროს შეეხო, იმპლემენტაციის მიზნით 150-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი ამოქმედდა, შემუშავდა 8 ეროვნული სტრატეგია, მოხდა 10-მდე ჩარჩო შეთანხმებისა თუ კონვენციის რატიფიცირება, ამ დროის განმავლობაში ქვეყანას სტუმრობდა 20-ზე მეტი შემსწავლელი მისია, მომზადდა არაერთი ანგარიში და მოხსენება. 

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველი წარმატებული ეტაპი ახალი დღის წესრიგისა და მასთან დაკავშირებული რთული გამოწვევების საწყისია. ასოცირების შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია შიდასახელმწიფოებრივი რესურსის მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინსტიტუციური, ბიზნესისა და რეგულატორული საკითხების ჰარმონიზაციის იმპლემენტირების მიზნით. ეს არის მძიმე და რუტინული შრომა, ხოლო მისი წარმატებით დაგვირგვინება წარმოუდგენელია არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტის, არამედ ფართო საზოგადოებრივი თანხმობის გარეშე. ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ევროპული ცხოვრების განრიგი და მასში სრულფასოვანი თანამონაწილეობა როდია მხოლოდ შვებულებისას ევროპაში მოგზაურობასთან დაკავშირებული დროსტარება. უპირველესად და უმთავრესად, იყო ევროპული ქვეყნა ნიშნავს მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აქეთკენ კი ისევ და ისევ დაუღალავ შრომას, თავდადებასა და თანმიმდევრულ ძალისხმევას მივყავართ. არც კონკრეტული დროის მონაკვეთში მოპოვებული წარმატება ნიშნავს პროცესის შეუვალობას და შემდგომი წარმატებების გარანტიას, ხოლო ევროპული ერთობის სრულუფლებიანი წევრობის გზაზე ყოველი დაბრკოლება მხოლოდ ახლისაკენ მიმავალ გზას ხსნის. 

დამაფიქრებელია, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში უკავშირდება როგორც გადაჭარბებულ მოლოდინებს, ასევე ამ მოლოდინების სარეალიზაციოდ საკუთარი რესურსისა და შესაძლებლობის არასწორ შეფასებას. კვლავ ხაზგასასმელია, რომ მაღალ ისტორიულ დანიშნულებასთან ერთად, ევროპეიზაცია ყოველდღიური და საკმაოდ დამღლელი პროცესია, რომელიც ვერ ეგუება ქართველებისთვის დამახასიათებელ ჭარბ რომანტიზმს. ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო სწრაფად იცვლება და საერთაშორისო ურთიერთობები მრავალ ისეთ სპეციფიკურ ნიშანს იძენს, როდესაც პრობლემათა გადაჭრის ბანალური და სწორხაზოვანი სქემები მეტად ვერ მუშაობს. გამარტივებული და იდილიური წარმოდგენების ეფექტიან საპირწონედ მხოლოდ მიზნის მისაღწევად სწორ და დროულ გათვლაზე დაფუძნებული პრაგმატიზმი და რეალისტური დამოკიდებულებაა. რამდენადაც რთულია დღევანდელი სამყაროს პირობებში გამართული სახელმწიფოებრივი ფუნქციონირება, გაცილებით უფრო გართულდება ეს ამოცანა ახლო მომავალში. ჩვენ ყველა იმის მოწმენი ვხდებით, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში იდეალიზმს ენაცვლება ცივი გონებით და ინტერესებით ნაკარნახევი „გარიგებითი“ სისტემა. ეს ახალი ფენომენი, ასევე, „ტრანზაქციურობის“ სახელითაა ცნობილი და მას უფროდაუფრო ხშირად მოიხსენიებენ როგორც კვლევებში, ისე ოფიციალურ დოკუმენტებში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოგვწონს ეს თუ არა, აუცილებელია ქართულ შიდა და საგარეო ვექტორებში შემორჩენილი ანაქრონიზმების სწრაფი დაძლევა და ქართული რეალპოლიტიკის პრინციპზე გადაწყობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს ემოციებისა თუ სენტიმენტებთან ბოლომდე დამშვიდობებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ძლიერ როლს ასრულებენ ასეთი ემოციები ჩვენი ისტორიული მეხსიერების ნაწილში. უბრალოდ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწრაფად ცვალებადი მსოფლიო თამაშის თვისობრივად ახალ – „წესების გარეშე“ გამოწვევებს გვთავაზობს. ჩვენც სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ გავაცნობიეროთ, მივიღოთ და მივუსადაგოთ ამგვარ გამოწვევებს აზროვნების სტილი და მოქმედების ლოგიკა. ნებისმიერი სხვა მოდუს ოპერანდი მხოლოდ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიად დარჩენასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გამავალ განვითარებასთან აცდენას გვიქადის. 
.
...სად უნდა ვიყოთ ხვალ? 

მოკლე პასუხი ამ შეკითხვაზე ნათელია: პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით შეკრულ ერთიან ევროპაში. მაგრამ, გაცილებით რთულია პასუხის უფრო მეტად დაკონკრეტება და ევროპაში ჩვენი „პოლიტიკური ადგილმდებარეობის“ დროში მკაფიო განსაზღვრა. აქ სირთულეს მხოლოდ ქართული რეფორმების მიმდინარეობა არ განსაზღვრავს და, როგორც უკვე ითქვა, საბოლოო შედეგს ევროკავშირში მიმდინარე პროცესები უკავშირდება. ამ პროცესების ბოლომდე განჭვრეტა რთულია არათუ თბილისიდან, არამედ ევროპის შუაგულიდანაც კი. ფაქტია ისიც, რომ შიდაევროპულ პროცესებზე საქართველოს მხრიდან ზემოქმედება შეზღუდულია ქვეყნის პოლიტიკური წონისა და ლიმიტირებული რესურსის გამო. ამის მიუხედავად, ევროპულ და ქართულ ნაპირებს შორის მაინც არსებობს ბუნებრივი კავშირი და მისი განმტკიცება და მეტად ვიზუალიზაცია არასტერეოტიპულ მიდგომებსა და არასტანდარტული კონფიგურაციებზე გადის. 

პოლიტიკური ევროპა არამარტო წარსულიდან გადმოყოლილი, არამედ ახალი ტიპის გამოწვევების წინაშე დგას და მათი ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის სწრაფი და შედარებით მოკლე დროში გაფართოება იყო. შედეგად კი ევროპულ კავშირში თავი მოიყარეს ურთიერთგანსხვავებული პოლიტიკური კულტურისა და ეკონომიკური განვითარების მქონე სახელმწიფოებმა. ასეთმა დისბალანსმა ევროპის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიზაცია გაართულა და თითქმის ორ არაოფიციალურ ბლოკად დაჰყო. საერთო ევროპული პრობლემატიკა კიდევ უფრო გაამწვავა დასავლეთ ევროპის ცალკეული ქვეყნებში ფინანსურმა კრიზისმა და მის ნიადაგზე აღმოცენებულმა პოპულიზმმა. ევროკავშირის ბედზე საუბრებში მის შესაძლო დაშლაზე ნოტებმა იჩინა თავი. აშკარა გახდა, რომ კავშირის შენარჩუნება და მისი განვითარება ყველა ევროპული ქვეყნის, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე კულტურულ-გეოგრაფიული ევროპიდან ძალისხმევით ჩართულობას მოითხოვს. 

ჩვენი აზრია, რომ ევროპის ის ნაწილი, რომელსაც ამ სტატიაში კულტურულ-გეოგრაფიული ევროპა ვუწოდეთ და სადაც, ბუნებრივად, საქართველო მოიაზრება, განსაკურებული გაგებითა და სიფაქიზით უნდა მოეკიდოს ევროკავშირის განახლებასა და შემდგომი გაფართოების პროცესს. „გარე“ ევროპის მხრიდან „შიდა“ ევროპის გაფართოების მოლოდინი სასურველია იყოს საღი და რაციონალური, რაც არასასურველი შედეგების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. ასეთ შედეგებს შორისაა არსებული კონფიგურაციის ევროკავშირი – საკუთარ თავში მეტი ჩაკეტვა, ნაციონალიზმისა და ევროპული „ელიტურობის“ შემდგომი გაძლიერება, ევროპული ცივილიზაციის ერების ერთიან პოლიტიკურ სივრცეში გაწევრების პერსპექტივის დროში გაწელვა და დაკნინება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროცესის გაყინვას, არამედ საუბარია მხოლოდ პროცესისთვის თანაზომიერ და ადეკვატურ ტემპზე, რის შედეგადაც ევროკავშირის წევრებს მიმდინარე კრიზისზე უკეთ ფოკუსირების (მათ შორის, გაფართოების ბოლო რაუნდების დროს წევრ-სახელმწიფოებთან ჰარმონიზაციის) საშუალება მიეცემათ, ხოლო გაწევრების მსურველი ქვეყნები შიდასახელმწიფოებრივ და ინსტიტუციური რეფორმების საჭირო კონდიციამდე მიყვანას შეძლებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის სრულ ფორმალურ გაწევრებამდე სამზადისი (მას, გარკვეულწილად, არსებული ასოცირების შეთანხმებაც ემსახურება), თანაც ორივე მხრიდან, რათა გაწევრების შემდგომი პერიოდი რაც შეიძლება გამართული, ჰარმონიული და ურთიერთსასარგებლო იყოს (გასაწევრებლად არასაკმარისი სამზადისის მაგალითებს ბულგარეთი და რუმინეთი წარმოადგენს. ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დეფიციტი და კორუფცია დღესაც დიდ პრობლემად რჩება, რაც ზემოქმედებას ახდენს ევროპის დასავლურ ნაწილზეც). 

ზემოთ ნახსენებ შუალედურ ეტაპზე საერთოევროპული პოლიტიკური სივრცე შესაძლებელია არსებობდეს აგრეთვე ორიარუსიანი კონსტრუქციის მოდელით, სადაც პირველი იარუსი ე.წ. „შიდა“ ევროპაა (ამჟამინდელი ევროკავშირი), ხოლო მეორე იარუსზე „გარე“ ევროპის (ევროკავშირში გაწევრების მსურველი) ქვეყნებია. მართალია, ასოცირების შეთანხმება თითქოსდა აქაც გვაძლევს ასეთი პოზიციონირების საშუალებას, მაგრამ ორიარუსიაინი კონსტრუქციის პოლიტიკურ ევროპას გაცილებით მაღალი ხარისხის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთკავშირი უქმნის საფუძველს. ამ კონფიგურაციის პრაქტიკულობა ისიც არის, რომ ამით იქმნება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან მჭიდროდ დაკავშირების დამატებითი მექანიზმი და ამით, რევიზიონისტური სახელმწიფოების მავნე გავლენისგან მეტი თავისუფლების საშუალება. შემოთავაზებული მოდელის მეშვეობით ჯერ კიდევ ფორმალურად არაწევრი ქვეყნა საკუთარ თავს საერთოევროპულ საქმეში მეტი სტატუსის თანამონაწილედ წარმოაჩენს რაც, ასევე, მის შიდა პოლიტიკურ ხელწერაზე აისახება. იმავდროულად, კომპეტენციათა გამიჯვნის თვალსაზრისით, „შიდა“ ევროპა ინარჩუნებს ექსკლუზიურ კომპეტენციას უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, საგარეო, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე, ხოლო აღნიშნულ სფეროებში „გარე“ ევროპის, მეორე იარუსის წევრებს, სათათბირო-სარეკომენდაციო და არა გადამწყვეტი ხმა ექნებათ. ხოლო აღნიშნულ სფეროებს მიღმა ყველა დანარჩენი საკითხი ერთობლივი გამგებლობის ქვეშ მოექცევა.
 
შემოთავაზებული მოდელის პრაქტიკულობა ევროპული კავშირის მხრიდან გაფართოების კონსერვატიულ ტემპშია, რაც მას რაციონალურ საშუალებას აძლევს შიდა გამოწვევებზე მეტი რესურსის მობილიზებისთვის. შედეგად, ევროპული საჯარო ინსტიტუტები ასევე მეტ ყურადღებას მოახმარენ აგრესიული პოპულიზმისა და რადიკალიზმის დაძლევას და ყველასათვის მისაღები ევროპული იდენტობის განმტკიცებას. ამასთანავე, ევროკავშირის გაფართოების მიმართ კონსერვატიზმი ბუნებით პროგრესულია; იგი არ არის მუდმივი და უცვლელი და ნიშნავს პოლიტიკური ევროპის ფარგლებში უკეთ კონსოლიდირებას შემდგომი პოლიტიკურ-გეოგრაფიული ექსპანსიის წარმატებულად განხორციელებისთვის. რაც მთავარია, მორიგი გაფართოების პროცესში შემოერთებული ახალი წევრებიც უკეთ და ორგანულად ეწყობიან საერთოევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებს, რაც ამცირებს „პოსტ-გაფართოების“ რისკებს. ცხადია, ეს მოდელი საკმაოდ ექსპერიმენტულია, მაგრამ პროცესების მიმდინარეობა უჩვეულო და არაორთოდოქსული გადაწყვეტის გზების ძებნას განაპირობებს. მათზე მსჯელობისას, და რაც არსებითია, დაგეგმარებისა და რეალიზებისას, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ მივიღოთ მონაწილეობა და სადაც საჭიროა, ინიცირება მოვახდინოთ. 

ევროპის პოლიტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გასაღრმავებლად ზემოაღნიშნული მოდელი არ არის ერთადერთი მხოლოდ. მის პარალელურად, ასევე, რეკომენდებულია ევროპაში რეგიონული ნიშნით შექმნილ პლატფორმებთან და ალიანსებთან თანამშრომლობა. ამ გაგებით, უპირველეს ყოვლისა, აქტუალურია შედარებით იდენტური პოლიტიკური წარსულის მქონე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კავშირი. მაგალითისთვის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობას მივყავართ შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების საკითხამდე, ხოლო ბალტიისა და შავი ზღვების ე.წ. „ინტერმარიუმის“ პროექტი ამ ვექტორის, ბუნებრივია, გაგრძელებაა. მეტიც, – მცდელობაა „ინტერმარიუმის“ ტრანსფორმირებისა ე.წ. „სამი ზღვის“– ბალტიის, ადრიატიკისა და შავის ზღვის აუზების კოოპერირების ვრცელ გეოგრაფიულ პლატფორმაში, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ევროატლანტიკურ ორგანიზაციასთან ინტეგრაციისთვის.
 
ამ ბოლო წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ ინიციატივებს შორის სულ უფრო ხშირად გვესმის ე. წ. „16+1“ ინიციატივაზე. იგი ჩინეთის მხრიდან რეგიონის ქვეყნებთან სისტემურ თანამშრომლობას ემსახურება და მათივე თქმით, ევროპაში „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ მეგაპროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. ასეთი ინიციატივა ცალსახად საყურადღებოა ჩვენთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „16+1“ ფორმულას გეოპოლიტიკური დატვირთვა ახლავს, რაც მეტ დაკვირვებას მოითხოვს. ინიციატივის უკეთ შესწავლა აუცილებელია, განსაკუთრებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო რევიზიონიზ¬მის გამო. ამ პოლიტიკის შედეგები უკვე იწვნია ჩინეთის უახლოესმა სამეზობლომ (მაგალითისთვის ჩინური სახელმწიფო ბანკების გეოპოლიტიკურად მოტივირებული დაფინანსება გამოდგება). ამიტომაც, არ არის გასაკვირი არც ის კრიტიკა, რაც პეკინის მხრიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის დასახელებულ ფორმატს ეხება. 

მხოლოდ დასკვნის გამო არა 

თანამედროვე მსოფლიოს განვითარების საკმაოდ უსისტემო ტრაექტორია უჩვეულო და ატიპიურ, ხშირად იმპროვიზირებულ და კომბინირებულ მიდგომებს მოითხოვს. ჩვენთვის მათ გამოსაყენებლად ვარგისიანობის ერთადერთი უტყუარი საზომია: შენარჩუნდეს და კიდევ უფრო განმტკიცდეს ევროპული პოლიტიკურ-სამართლებრივი ერთობისკენ პოლიტიკური ხაზი. გლობალური რეალობის და მსოფლიო წესრიგის „მცოცავი ღირებულების“ სისტემის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ აქტუალური ქართული პოლიტიკის ტრანზაქციურობის საფუძვლებზე უსწრაფესი გადაწყობა. ეს მოგვცემს – ეროვნული ინტერესების დაცვის პირობით – მოქმედებებში დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან თავისუფალი არჩევანის საშუალებას და ამ საშუალებათა პრაქტიკულ ლეგიტიმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირერიცხოვანი ერის თვითმყოფადობისა და ადგილის შენარჩუნება, რეგიონისა და დიდი კონკურენციის ფაზაში შესული მსოფლიოს გათვალისწინებით, ძალზე სათუოა. საქართველო საჭიროებს საკუთარი ნიშანდების „ნახტომს მესამე სამყაროდან პირველში“, რისი ობიექტური გამოვლინებაც ქვეყნის პოლიტიკური ევროპეიზაცია გახდება. საგანგებოდ აღსანიშნია, რომ ამ ნახტომის განხორციელება, პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან ერთად, შეუძლებელია ეკონომიკური აღმავლობის გარეშე. ეს კი ადამიანური კაპიტალის რესურსს მოითხოვს – როგორც უმთავრეს წინაპირობას ქვეყანაში ევროპული კაპიტალისა და ბიზნესის მოსაზიდად და თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების ასათვისებლად. ვერაფერი სხვა ვერ განაპირობებს იმაზე „მეტ ევროპას საქართველოში“, ვიდრე ინვესტირება თავისუფალ და მცოდნე ადამიანში, მის ინიციატივასა და უნარში. ვერც ვერაფერი სხვა ვერ შექმნის „მეტ საქართველოს ევროპაში“, თუ არა პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე მორგებული პრაგმატული აზროვნება და გაბედული ნაბიჯები. 

ვიქტორ ყიფიანი 

იურიდიული ფირმა "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური"