ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ავტობანი და გვირაბები რუსეთთან გზების შესამოკლებლად - #2(59), 2019
რა საფრთხეს შეიცავს ქვეყნისთვის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელმაც საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი უნდა ააშენოს. ლაპარაკია ავტობანის მსგავსი ასფალტ-ბეტონის გზის, გვირაბების და ხიდების მშენებლობაზე. მთავრობის წარმომადგენლები და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ ახალი გზა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ხელისუფლების ოპონენტები კი პოლიტიკური რისკის მნიშვნელოვან ზრდაზე მიანიშნებენ. როდესაც რუსეთი ლამის ყოველდღიურად იტაცებს ქართულ ტერიტორიებს და როცა დასჭირდება, არც ომზე ამბობს უარს – ახალი, ფართო და მოკლე გზა კიდევ უფრო უმარტივებს სურვილის შემთხვევაში საქართველოში საბრძოლო ტექნიკის შემოყვანას. ამიტომაც, აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობა ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თემის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
 
ავტობანი რუსეთთან დასაკავშირებლად 

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან გამოაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის გზაზე 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის და 5 გვირაბის მშენებლობას აპირებდა. 

„ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. ახალი გზა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1-საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამი იყო საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

უწყების განმარტებით, გზა გაუადვილებს ადგილობრივ მოსახლეობას კავშირს გარე სამყაროსთან. გზის არსებობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს მოსახლეობის დაბრუნებას ხეობაში, მცირე ბიზნესის განვითარებას და ხეობის გაცოცხლებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, მეორე ალტერნატიული მიმართულების დამუშავებაც ხდება – მლეთადან არაგვი ჰესის მიმართულებით, შემდეგ გვირაბი და გასვლა თრუსოს ხეობაში, სოფელ კობთან. 

პროექტის პირველი ტენდერი შარშან ჩავარდა. სულ ცოტა ხნის წინ კი, მორიგ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ გზას ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი) ააშენებს. 

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-ის საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა, იანგ იუბინმა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია ორ მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი ცხრა კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის ცხრა კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. 

სამინისტრო განმარტავს, რომ ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში დიდთოვლობით ხასიათდება. 

„ახალი გზა და ცხრა კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და გუდაურის ზამთრის კურორტს. ასევე, გზა გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს. ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას. პროექტის ზემოქმედების ზონაში მოხვდება ხეობის ცხრა სოფელი“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები - სახიფათო პერსპექტივა თუ ეკონომიკური სარგებლის შანსი? 

ერთია ხელისუფლების პოზიცია, მეორე კი საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვები, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ხელისუფლების ოპონენტები კატასტროფულად გაზრდილ საფრთხეზე მიანიშნებენ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ პროექტს რუსეთის სამხედრო ინტერესებზე მორგებულს უწოდებს. მისი თქმით, ქვეშეთი-კობის ავტობანის აშენების შემთხვევაში ოკუპანტ ქვეყანას ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. 

„ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100 % პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სახიფათო პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი. მისი აზრით, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი საქართველოსთვის უფრო მეტ გეოპოლიტიკურ და გეოსამხედრო საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ფინანსურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო სარგებელს. მაჭავარიანი ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას უნდა აუხსნას, თუ რა ფინანსურ, ეკონომიკურ და კომერციულ სარგებელს მოუტანს ამ მონაკვეთზე ამხელა თანხის დახარჯვა. 

„კობი-გუდაურის მიმართულებას წლებია სომხეთი და რუსეთი ლობირებს, იმისთვის, რომ მათ შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო, სავაჭრო თუ სამხედრო გზა არსებობდეს და მათ შორის მიმოსვლას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. ეს ლობირება კი აზიის განვითარების ბანკისა და სხვა ბანკების მეშვეობით ხდებოდა, რომლისთვისაც საქართველოს საკმაოდ დიდი სესხი უნდა აეღო. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა აუხსნას საქართველოს მოსახლეობას, თუ რა ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული სარგებელი მოაქვს ამ მონაკვეთზე ამხელა თანხის დახარჯვას მაშინ, როდესაც შავი ზღვის პორტებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სატრანსპორტო-საგზაო კომუნიკაციები დღესაც არ არის მოწესრიგებული. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ანაკლიის პორტი, რომელიც პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო, დღეს კი ის არა მარტო ჩაშლის პირასაა, არამედ ის საგზაო თუ სარკინიგზო კომუნიკაციები, რომელიც უნდა მოწესრიგებულიყო, კიდევ არ არის მოწესრიგებული“, – ამბობს ვანო მაჭავარიანი. 

რაც შეეხება პროექტის ფინანსურ მხარეს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პროექტს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოეხმაურა. 

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 415 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი არ განხორციელებულა, თუ არ ჩათვლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთს. ქვეშეთი-გუდაურის 22-კილომეტრიან გზაზე, საიდანაც ლამის ნახევარი (9 კილომეტრი) გვირაბია, უნდა ჩაანთხიონ 1.1 მილიარდი ლარი. ეს ცოტა ხნის წინანდელი კურსით, თორემ ახლა უკვე 1,2 მილიარდია. აზიის განვითარების ბანკიდან აუღიათ ეს უზარმაზარი სესხი, ისე, რომ სერიოზული განხილვაც კი არ ყოფილა ამ პროექტის მიზანშეწონილების (არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც). აგერ, ჩინური კომპანია უკვე იწყებს მშენებლობას. ჩინური ჰქვია, თორემ ქვეკონტაქტორები როგორც ყველგან, სახელისუფლებო ბიზნესმენები არიან. 

რისთვის კეთდება ეს გზა, სამუდამოდ რუსეთის ბაზარს რომ მივებათ თუ გუდაურში მოთხილამურეები უფრო კომფორტულად რომ ჩამოვიყვანოთ? ამ რაოდენობის ფულით ქვეყნისთვის სასარგებლო ათასი რამის გაკეთება შეიძლებოდა. 

მსგავსი პროექტების განხორციელებას თავისი კორუფციული მიზნებიც აქვს – იბერება ხარჯთაღრიცხვა და ე.წ. „ატკატებით“ მილიონობით ლარი მიედინება ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული კომპანიების ჯიბეში. 

ასეულ მილიონობით ლარი გაიფლანგა ამ შვიდი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაში და ამაზე პასუხი არავის უგია. 

რიკოთისა და გუდაურის 1,5-მილიარდიანი მშენებლობაც ვიღაცებისთვის „საოცნებო“ შემოსავლების წყარო უნდა გახდეს. 

მოსწრებაზე არიან!“, – წერს რომან გოცირიძე. 

ოპონენტების კრიტიკას არ ეთანხმება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მისი თქმით, ქვეშეთი-კობის პროექტთან მიმართებაში რუსეთის საზღვრის ხსენება „არასწორი ინტერპრეტაციაა“. ქარსელაძის განცხადებით, დაგეგმილი გვირაბიდან რუსეთის საზღვრამდე კიდევ ორი მონაკვეთია. 

„ქვეშეთი-კობის პროექტი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ იმ რეგიონის და მისი სტუმრების საჭიროებებს. დღეს არსებული გზა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას საგზაო უსაფრთხოების და გამტარობის თვალსაზრისით... პროფესიონალების მიერ იქნა დამტკიცებული, რომ ყველა პარამეტრი, რომელიც უკავშირდება პროექტის განვითარებას – დაწყებული გეოლოგიით, გაგრძელებული გარემოს დაცვით, სოციალური და სხვა საკითხებით, მიზანშეწონილია. ასევე დადგენილია მისი ეკონომიკური მიზანშეწონილობა“, – განაცხადა ქარსელაძემ. 

გამოცემა „მთის ამბებთან“ საუბრისას, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე უკვე არსებულ სამხედრო საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. ის აღნიშნავს, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას რუსული სამხედრო ძალა, რომელსაც თბილისამდე მოსასვლელად ქვეყნის მთავარი ავტობანის სახით მოკლე, მოწესრიგებული და ფართო გზა უკვე აქვს: 

„ცხინვალის რეგიონში უკვე არის უდიდესი რუსული სამხედრო ობიექტები და იქ დაახლოებით 17 ათასამდე ჯარისკაცია განლაგებული. დედაქალაქი ისედაც არის სამხედრო რისკის ქვეშ. აღმოსავლეთ საქართველო ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული, დასავლეთ საქართველო კი აფხაზეთში მდგარი რუსული სამხედრო ბაზის დაფარვის ზონაშია. ეს უკვე არის დიდი პრობლემა და სამხედრო გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამდენად, შიში, რომ ქვეშეთი-კობის გზით რუსეთის არმიას მოკლე გზა ეხსნება თბილისის ასაღებად, გადაჭარბებულად მიმაჩნია“. 

გობრონიძე აღნიშნავს, რომ ქვეშეთი-კობის პროექტში სამხედროზე მეტად ეკონომიკურ საფრთხეებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. მისი თქმით, ახალი მაგისტრალი არის არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს, არამედ რუსეთისა და სომხეთის, რუსეთისა და ირანის დამაკავშირებელი გზა და შესაბამისად, უნდა დაისვას კითხვა – რამდენად აწყობს საქართველოს ქვეყანაში რუსულ-სომხურ-ირანული ღერძის გაძლიერება: 

„ჩვენ უკვე კარგად დავინახეთ, რომ რუსეთი არ არის სანდო, საიმედო, კეთილსინდისიერი ეკონომიკური პარტნიორი. საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, როცა ქვეყანა, რომელიც გვებრძვის და გვეომება, გადააქცია თითქმის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად. ჩვენ ვნახეთ რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვა, ტურისტების რაოდენობის შემცირების მცდელობა, რამაც მთლიანობაში საქართველო დააყენა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რისკების წინაშე. ამიტომ საკითხი უნდა დავსვათ ასე: რაში სჭირდება საქართველოს დამატებითი ეკონომიკური ინტეგრაციის ბერკეტის გაჩენა რუსეთსა და საქართველოს შორის და რუსეთის ტრანსრეგიონული პროექტის მონაწილედ საქართველოს ქცევა? ეკონომიკურად რა სარგებელს და შედეგს გვაძლევს ეს ყველაფერი და რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს ხომ არ გაგვხდის? საგულისხმოა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებას ვაძლიერებთ იმ ფონზე, როცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, საერთოდ როგორ განხორციელდება ანაკლიის პორტის პროექტი“. 

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის მაგისტრალებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფომ გადაწყვეტილებები ყველა საფრთხის და შესაძლო შედეგის ანალიზის შემდეგ უნდა მიიღოს: 

„ეს საკითხები უსაფრთხოების ახალშექმნილ საბჭოზე უნდა განიხილონ, მომზადდეს შესაბამისი საფრთხეების ანალიზი, მათ შორის გაითვალოს ეკონომიკური საფრთხე და სარგებელი, რაც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. შემდეგ კი ამ ანალიზის შესაბამისად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. თუ ეს არ გაკეთებულა, ეს არის ძალიან ცუდი და უნდა გაკეთდეს აუცილებლად“. 

რუსეთის მიერ ახალი გზის სამხედრო ტექნიკის შემოსაყვანად გამოყენებას კი ლევან ბოძაშვილი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს: 

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა ეს გზა შეიძლება, ტანკების გადასაადგილებლად გამოიყენოს, მაგრამ ამ აზრისგან შორს ვარ – თუ დასჭირდება, ავიაციასაც გამოიყენებს, როგორც ეს უკვე გააკეთა. რუსეთთან ურთიერთობაში მთავარ პრობლემად მიმაჩნია ის, რომ რუსეთთან ომში საკუთარ თავთან ვაგებთ ომს – პრობლემები გვაქვს შიგნით და ნაცვლად იმისა, რომ გვქონდეს ერთიანი საბრძოლო პოზიცია, საზოგადოების დიდ ნაწილში ისევ დამთმობლური განწყობაა“. 

ეკონომისტი გია ჯანდიერი `რადიო თავისუფლებასთან~ საუბრისას ყურადღებას ამახვილებს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე: 

„ამ გზით სარგებლობს ბევრი კომერციული ორგანიზაცია, რომლებსაც ტვირთები გადააქვთ რუსეთიდან სომხეთში და შემდეგ, შესაძლოა, სომხეთიდან, რეექსპორტის სახით, ტვირთების ნაწილი ბრუნდება საქართველოში. ასევე ამ გზას უკავშირდება სამხედრო ტვირთების გადაზიდვის ინტერესი, რადგანაც სწორედ ამ გზის გავლით მარაგდება გიუმრის რუსული სამხედრო ბაზაც“, – ამბობს გია ჯანდიერი. 

მისი თქმით აუცილებელია მთავრობის ისეთი პოლიტიკა, რომელიც რისკებს დააბალანსებს. 

„უნდა გვყავდეს ეფექტიანი მთავრობა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეფექტიანად ემსახურებოდეს. ასეთ შემთხვევაში ახალი გზა არსებით პრობლემას ვერ შექმნის. თუ ვინმე საუბრობს იმაზე, რომ გზამ შეიძლება უსაფრთხოების პრობლემები შექმნას, ალბათ, საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მთავრობა იმ შემთხვევაში, თუკი ამ გზაზე მოძრაობა უფრო გამარტივდება. შეიძლება ბავშვს მისცე იარაღი და მან რაღაც დააშაოს, მაგრამ ზრდასრული ადამიანი ამ იარაღით არც არაფერს დააშავებს. პრობლემა იარაღის მფლობელშია და არა იარაღში“, – ამბობს გია ჯანდიერი. 

ამ ფონზე კი, ალბათ იმის გახსენებაც ღირს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ყველაფერი წესრიგში არ არის. ამას ხელისუფლებაშიც კარგად ხედავენ და ირიბად აღიარებენ კიდეც. ლაპარაკი იმ გზების მშენებლობაზე, რომელთა დასრულებაც წლების წინ დაიგეგმა, შესაბამისი თანხაც მოიძებნა, მაგრამ შესრულება გვარიანად არის დროში ჩამორჩენილი და რიგ შემთხვევებში თანხების არაეფექტიან ათვისებაზეც მიანიშნებენ ხოლმე. 

პერიოდულად აქტიურდება პროკურატურაც – ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო პროკურატურაში დაბარების თვალსაზრისით. ხელისუფლებას და პროკურატურას დამნაშავის პოვნა იმ დროს ახსენდება, როცა რაიმე მიზეზით „მიძინებული“ საკითხის წამოწევა სურს. ჩვენი ჟურნალი ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პერიოდულად ამახვილებს ყურადღებას. 

გაიზიარებს თუ არა ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი, მაგალითად, რიკოთის უღელტეხილის, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ჩაშლილ მშენებლობას თუ დროულად შესრულდება – მომავალი გვიჩვენებს. ქვეშეთი-კობის პროექტის დას¬რულების თარიღად 2023 წელია დასახელებული. 

თემურ იობაშვილი