ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ცე ჰეპატიტის პროგრამა ჩავარდნის პირასაა - #2(59), 2019
ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა და გადაყარეს 

„ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის“ დასრულებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება და ამ დროისთვის მკურნალობის კურსი მხოლოდ 57 ათასმა პირმა გაიარა, დაგეგმილი რაოდენობის მხოლოდ 48%-მა. ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე პროგრამის ფარგლებში 120 ათასმა ადამიანმა უნდა იმკურნალოს და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 116 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს. ცე ჰეპატიტის პროგრამის მიზნების შესრულება 2020 წლამდე რომ ვერ მოხდება, ეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე აღიარა. 

ჩამორჩენის მთავარ მიზეზად ექსპერტები ცე ჰეპატიტის პირველადი სწრაფი ტესტის მიმართ ნაკლებ ინტერესს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა უფასოა, ინფიცირებულებს პროგრამაში ჩართვისთვის რამდენიმე ფასიანი ანალიზის გაკეთება მაინც სჭირდებათ. მათი მხრიდან დაბალი ინტერესიც ანალიზის მაღალმა ფასმა განაპირობა, რაც პროგრამის საწყის ეტაპზე ათას ლარზე მეტიც კი იყო. შემდეგ ფასი ჯერ 500 ლარამდე, მერე 300-მდე და ბოლოს, 110 ლარზე ჩამოვიდა, მაგრამ გაიაფება უკვე დაგვიანებული იყო. როგორც ექსპერტები ამბობენ, ბევრი ინფიცირებულისთვის 110 ლარიც რთული გადასახდელია და ისინი ანალიზების ჩატარებისგან თავს იკავებენ. 

პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ პროგრამაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და განსაზღვრული თანხის ათვისებაში დიდი ჩამორჩენაა. 

„ცე ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა ყველაზე ჩამორჩენილი პროგრამაა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის თვალსაზრისით. 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროს „ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე“ 15 მილიონი ლარის დახარჯვა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ამ თანხიდან მხოლოდ 4.7 მილიონი ლარი აითვისა. ამბულატორიული პაციენტებისთვის ცე ჰეპატიტის პირველადი სწრაფი ტესტის ჩატარება ფასიანია, იმ დროს, როდესაც ბიუჯეტის თანხები, რაც ამ პროგრამისთვის გამოყოფილი, ათვისებული არ არის“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი. 

პროგრამის კრიტიკოსების თქმით, ათასობით ადამიანს ხელში უჭირავთ ანალიზის პასუხი, რომ აქვთ ცე ჰეპატიტი, მაგრამ მკურნალობის პროცესში არ არიან ჩართულნი. ამ დროს კი, 2 ათასი ადამიანის სამყოფ დასაწყობებულ სამკურნალო მედიკამენტებს შარშან ვადა გაუვიდა და გადაყარეს. 

„2 ათასი ადამიანის სამკურნალო მედიკამენტებს შარშან უბრალოდ ვადა გაუვიდა და გადაყარეს, მაშინ როცა, ერთი ადამიანის მკურნალობის საბაზრო ღირებულება 85-90 ათასი დოლარია. მერე რა, რომ ეს მედიკამენტები აშშ-ის მთავრობის ნაჩუქარია. ასეთი რამ, უპატიებელია. გვახსოვს დავით სერგეენკოს შარშანდელი გამოსვლა, როცა თქვა – არაუშავს, წამლები რომ ვერ ავითვისეთ, სამაგიეროდ ვიყიდეთ და დავასაწყობეთო. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ადამიანები, იმის გამო, რომ წამლებს ვერ ყიდულობენ, იღუპებიან. შარშან ჯანდაცვის სამინისტროში უშიშროების სამსახური შევიდა გამოსაძიებლად და გაირკვა, რომ წამლები, 2 ათასი ადამიანის სრული დოზა, ვადაგასული იყო. ერთი სამკურნალო დოზა, კურსი, 80-85 ათასი დოლარი ღირს, ეს რომ 2 ათასზე გავამრავლოთ, უზარმაზარი თანხა გამოდის“, – ამბობს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე. 

ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროგრამის მიზანი ცე ჰეპატიტის ელიმინაცია და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების პრევენცია იყო. პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს მედიკამენტებს: „სოფოსბუვირი“ და „ჰარვონი“, რომლებიც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის პროდუქტია და მას აშშ-ის მთავრობა ქართულ მხარეს უსასყიდლოდ აწვდის. პრეპარატი „ჰარვონი“ ვირუსს 98% შემთხვევაში სრულად ამარცხებს. განსხვავებით ინტერფერონისგან, რომლითაც ჰეპატიტს რამდენიმე წლის წინ მკურნალობდნენ, „ჰარვონს“ გვერდითი ეფექტი თითქმის არ აქვს. „ჰარვონით“ მკურნალობა სამ თვეს გრძელდება, როცა პირველი თაობის პრეპარატებს ვირუსთან საბრძოლველად ექვსი თვე სჭირდებოდა. „ჰარვონით“ სამთვიანი კურსის ჩატარება 80 ათასი დოლარი ღირს. ასეთი სიძვირის გამო მასზე მსოფლიოში ბევრ დაავადებულს ხელი არ მიუწვდება. 

პროგრამაში ჩართვის წესი ასეთია: ჯერ ტარდება სკრინინგი – პირი იკეთებს ანალიზს, თუ ჰეპატიტი აღმოაჩნდა, დგება აღრიცხვაზე და ელოდება გამოძახებას. ცე ჰეპატიტის სკრინინგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება. შემდეგ პაციენტს ანაწილებენ რომელიმე სამედიცინო ცენტრში, რომელიც ჩართულია პროგრამაში. ის ყოველ მეორე კვირას მიდის ცენტრში, სადაც იღებს ორი კვირის დოზა წამალს. იმის დასტურად, რომ წამლებს ნამდვილად ბენეფიციარი სვამს, მიმდინარე დღის დოზის მიღება სამედიცინო დაწესებულებაში ვიდეოკამერების წინ ხდება. 

2015 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში ქრონიკული ცე ჰეპატიტი 150 ათას პაციენტს დაუდგინდა. ელიმინაციის საერთაშორისო სტანდარტით, მიზნის მისაღწევად საჭირო იყო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 135 ათასი პაციენტის დიაგნოსტირება (ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევა); 128 ათასი პაციენტის მკურნალობა (ინფიცირებულთა 95%) და 122 ათასის განკურნება (95%). როგორც შედეგებიდან ირკვევა, საქართველოს მხარემ ვერ განახორციელა ეს ვალდებულება, ჩაერთო რაც შეიძლება ბევრი ინფიცირებული ამ პროგრამაში. წლის ბოლომდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ცხადია, რომ 65 ათასამდე ადამიანი ამ პროგრამაში დამატებას ვერ მოასწრებს. 

„რატომ ვერ მოხდა ადამიანების პროგრამაში ჩართვა? ამის მიზეზი არის ცუდი მენეჯმენტი. აგრეთვე ის, რომ საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვა ინფიცირებულ პაციენტებთან კარგად ვერ მუშაობს, ვერ ხდება მათი მოტივირება და ჩართვა ამ პროგრამაში. კიდევ ერთი მიზეზი არის ჯანდაცვის სამინისტროს სიჯიუტე, როცა სადიაგნოსტიკო პროცედურები წლების განმავლობაში არ გახადა უფასო. ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ დიახ, გამოკვლევა უნდა იყოს ფასიანი, რომ პაციენტებმა იგრძნონ პასუხისმგებლობაო. როცა სახელმწიფო ასეთ ძვირადღირებულ მკურნალობას უფასოდ ატარებს, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტმა 150 ლარი მაინც უნდა დახარჯოს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს თანხაც ძნელი გადასახდელია. ეს სიჯიუტე იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბევრი ადამიანი ვერ ჩაერთო პროგრამაში და რა მივიღეთ? 100 და 200 ლარი კი არა, ათასობით დოლარის წამალი გადაიყარა. ადგილობრივი ადმინისტრირებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისებაც კი ვერ მოხდა. ცუდი ადმინისტრირება, ცუდი მენეჯმენტი, ცუდი საინფორმაციო კამპანია, პირველი ჯანდაცვის ელემენტების ხარვეზები, სადაც ხდებოდა პაციენტებთან და მათ ოჯახებთან კონტაქტი, ეს არის ის მიზეზები, რამაც პროგრამის ჩავარდნა გამოიწვია. ათასობით ადამიანმა იმკურნალა, მათი 98% განიკურნა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ინფიცირებულისგან ცე ჰეპატიტი რომ აღარ გავრცელდეს, ეს ვერ იქნა მიღწეული. 

2020 წლის შემდეგ ამერიკის მხარე დიდი ალბათობით, ამ პროგრამას აღარ დააფინანსებს. შედეგებიდან გამომდინარე, მას მოტივაცია არ ექნება, რომ დახმარების პროგრამა გააგრძელოს. ჩვენ ბიუჯეტს კი ამ ძვირადღირებული მკურნალობის ფინანსური საშუალება არ აქვს. პროგრამა თუ გაგრძელდება, კარგი იქნება, მაგრამ თუ ეს იგივე ადმინისტრირების პირობებში, იგივე მენეჯმენტით მოხდა, კარგ შედეგებს ვერ მივაღწევთ“, – ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ჯანმრთელობის დაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ცე ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით 12 ივლისს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამა ჩასავარდნად არის განწირული. 

„ოჯახის ექიმს და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავს და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობაა საჭირო, რომ პოლიკლინიკას თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიულ პაციენტს ცე ჰეპატიტზე პირველად შემოწმებას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ უტარდებოდეს. პრობლემას ჯანდაცვის სამინისტროს გაუმართავი მენეჯმენტი ქმნის. ასეთი მენეჯმენტით, ასეთი ტემპებით, საქართველოში ცე ჰეპატიტის აღმოფხვრა ვერ მოხდება“, – ამბობს ჭიაბერაშვილი. 

მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროგრამაში ჩართვას არ ჩქარობს ის 25 ათასი ადამიანი, რომელმაც სწრაფი ტესტის პასუხით იცის, რომ ცე ჰეპატიტი აქვს. ექსპერტები რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ: ელიმინაციის პროგრამაში ჩართული კლინიკების უმეტესობა თბილისსა და დიდ რაიონულ ცენტრებში არის თავმოყრილი, რაც რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის დიდ დაბრკოლებას ქმნის. მათთვის ყოველ ორ კვირაში ერთხელ კლინიკაში მისვლა წამლისთვის, ასევე ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პროგრამას ხელი რუსულმა პროპაგანდამაც შეუშალა. რუსული მედია ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ საქართველოში ცე ჰეპატიტის ახალ, ამერიკულ წამლებს ცდიან და ექსპერიმენტების შედეგად ადამიანები გარდაიცვალნენ. ამან პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი შეამცირა. 

საუბარი იყო პროგრამასთან დაკავშირებით კორუფციის შემთხვევებზე. პრესაში იწერებოდა, რომ მედიკამენტები ხვდებოდა არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და იქ შავ ბაზარზე იყიდებოდა. 

„კორუფციის შემთხვევებზე საუბარი იყო, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს. ამიტომ საინ-ტერესოა, ჯანდაცვის სამინისტროში რა დარღვევები აღმოაჩინა უშიშროების სამსახურმა 2018 წელს. რა შედეგები დაიდო და რა რეაგირება მოყვა აღმოჩენილ დარღვევებს, ეს უკვე აღარ ვიცით“, – ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

დარღვევებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც იყო მითითებული. აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტი, რა დროსაც, დაფიქსირდა „პაციენტთა მხრიდან ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ზედმეტად გადახდისა და თანადაფინანსების კომპონენტის გამოუყენებლობის ფაქტები. რა რეაგირება მოჰყვა აუდიტის დასკვნას ან ჯანდაცვის სტრუქტურებში ჩატარებულ სხვა შემოწმებებს, უცნობია. 

რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის – აკაკი ზოიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ იმ პირთათვის, ვინც ცე ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა და ვირუსის ეჭვი არსებობს, ღრმა და ძვირადღირებული გამოკვლევები უფასო იყოს. 

„ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ 40 ათასზე მეტ ადამიანს ეჭვი აქვს, რომ ცე ჰეპატიტი აქვს, მაგრამ გამოკვლევას არ იტარებს, რაც პრაქტიკულად უფასოა. თანხების აუთვისებლობის მიზეზია ის, რომ 40 ათასი ადამიანი არ მოვიდა, ვისაც ჩაღრმავებული გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ ჩაღრმავებული ძვირადღირებული გამოკვლევები საერთოდ უფასო იყოს იმ პირებისთვის, ვისაც სკრინინგის ჩატარების შემდეგ ცე ჰეპატიტის ვირუსის ეჭვი დაუდგინდა. ეს უნიკალური შანსია იმისათვის, რომ ადამიანები მტანჯველი სიკვდილისგან დავიხსნათ. ზოგიერთი ხანშიშესული ადამიანი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სიმპტომები არ აქვს, ისინი უახლოეს პერიოდში არ გამოვლინდება და ღრმა კვლევას არ იტარებს, რაც ცუდია“, – განაცხადა ზოიძემ. 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცე ჰეპატიტით ინფიცირებული პირების გამოვლენა სკრინინგის გზით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ამ ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, რეალურია ელიმინაციის პირველი სამიზნის 90% ინფიცირებულ პირთა გამოვლენის მიღწევა. უწყება აღიარებს, რომ გამოწვევას წარმოადგენს გამოვლენილი პირების მკურნალობაში ჩართვა. 

„პაციენტების მკურნალობაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით განიხილება ფინანსური ბარიერის შემცირება/ელიმინაცია, ასევე დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში ახალი მიმწოდებლების ჩართვა (დეცენტრალიზაცია), რაც გააიოლებს ბენეფიციარისთვის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ამასთან ერთად გააქტიურდება საინფორმაციო კამპანია პაციენტების პროგრამაში მოზიდვის მიზნით. ამ ინტერვენციების პოტენციალი და ეფექტურობა საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას ელიმინაციის მიზნები“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენ კითხვებზე გამოგზავნილ წერილობით პასუხში. 

გააგრძელებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის შემდეგ პროგრამის დაფინანსება? ამ კითხვაზე უწყებამ გვიპასუხა, რომ „ამ მიზნებისთვის დაგეგმილი რესურსი 2020 წლამდეც და შემდეგაც მოხმარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის ცე ჰეპატიტისა და შიდსის პრევენციის პროგრამების განხორციელებას“. 

როგორც პასუხიდან ჩანს, ჯანდაცვის უწყება ვერ ამბობს, რომ პროგრამა 2020 წლის შემდეგ გაგრძელდება. ასე, რომ თუ პროგრამა არ გაგრძელდა, პაციენტებს საკუთარი ხარჯებით მოუწევთ მკურნალობა. ამიტომ ვისაც ცე ჰეპატიტისგან თავის დაზღვევა უნდა, დარჩენილ დროში უნდა მოასწროს იუსტიციის სახლებში მისვლა და ნებისმიერ კლინიკაში უფასო ანალიზის ჩაბარება. 

ნონა ქვლივიძე