ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
რუსული სანქციები ქართულ ტურიზმს - #2(59), 2019
რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება რუს ტურისტებთან მიმართებაში 

ბოლო ორი თვის მანძილზე, ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხი ლარის მკვეთრი გაუფასურება გახდა. ეროვნულმა ვალუტამ ანტირეკორდები დაამყარა და იყო შემთხვევა როცა კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგა ხანს ხმა არ ამოიღეს და მიზეზები არ განმარტეს, შემდეგ კი ერთობლივად დაიწყეს ხმაშეწყობილი მსგავსი კომენტარების კეთება – ლარის გაუფასურება რუსი ტურისტების ნაკლებობის ბრალიაო. ტურისტების კლებაზე კი პასუხისმგებლობას ოპოზიციას, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებენ. 

როგორც ლამის მთელმა საქართველომ და რუსეთმა გაიგო, ტურისტების შემოსვლის შეზღუდვა პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით მოხდა – რუსეთის პირველმა პირმა ამ გზით საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. ცნობილია, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში მისვლა და დუმის დეპუტატის – სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში გამართული პროტესტი „რუსოფობიურ პროვოკაციად“ შეაფასა და „უსაფრთხოების“ საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა. 
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს დასაწყისშიც კვლავ ჯიუტად იმეორებენ, რომ „რუსეთიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა“ და რომ „ეს ოპოზიციის ბრალია“. თუმცა, ივლისის ბოლოს გამოქვეყნდა ანალიტიკური კომპანია „თიბისი რისერჩის“ კვლევა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 1-21 ივლისს საქართველოს 142 ათასი რუსი ვიზიტორი ეწვია, ივნისში კი – 152 ათასი. 

„თიბისი რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ავიამიმოსვლის აკრძალვამდე (1-7 ივლისს) ვიზიტორთა რაოდენობამ 50 030 შეადგინა, აკრძალვის შემდეგ (8-14 ივლისს) 41 423-მდე შემცირდა, აკრძალვიდან მეორე კვირაში (15-21 ივლისი) კი, ისევ გაიზარდა და 51 024 შეადგინა. 

ამასთან, რუსი ვიზიტორების ძირითადი ნაწილი ქვეყანაში ლარსის საბაჟოს მეშვეობით ხვდება. ასევე, 15-21 ივლისის პერიოდში გაიზარდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაც. 

ასე რომ, ხელისუფლების ერთ ხმაში ნამღერი სიმღერა რეალობას ცოტა აცდენილია და საკუთარი პასუხისმგებლობის ოპოზიციისთვის გადაბრალებას ჰგავს. ქვემოთ კი მივყვეთ, როგორი იყო ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდის თვალსაზრისით. 

რუსი ტურისტები სააკაშვილის ხელისუფლების დროს 

„საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს, რათა უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას“, – ეს სიტყვები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 28 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას წარმოთქვა. შესაბამისი ბრძანებულება ძალაში იმავე წლის პირველი მარტიდან შევიდა. ეს იყო სავიზო რეჟიმის ცალმხრივი გაუქმება მტრულ სახელმწიფოსთან. მანამდე, 2010 წლის ოქტომბერში საქართველომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებისთვის, ხოლო რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს ვიზების აღება საქართველოში შემოსვლისას შეეძლოთ. 

„ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს დავამყაროთ მასთან მშვიდობა, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას“, – აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ასევე მიმართა რუს ბიზნესმენებს, რომ მათ ისევე თავისუფლად შეეძლებათ საქართველოში ინვესტირება და ბიზნესის წარმოება, როგორც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. 

რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება სააკაშვილმა იმით ახსნა, რომ ეს უფრო „სიძლიერის ნიშანია“, ვიდრე სისუსტის. რაც შეეხება საფრთხეებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, სააკაშვილმა განაცხადა: 

„იმის გამო, რომ დარწმუნებული ვართ, რომ ვაკონტროლებთ ჩვენს ტერიტორიას და გვაქვს უსაფრთხოების კარგი სისტემა, იმის გამო, რომ ვიცით, რომ ჩვენი პოლიცია არ არის კორუმპირებული და ჩვენი კონტრდაზვერვა არის ეფექტური, ამის გამო არ გვეშინია რუსი ტურისტების ნაკადის შემოსვლის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ტურისტი თავისთავად საშიში არ არის“. 

ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ, საქართველოს პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაუშვეს, რითიც ქართული პროდუქციისთვის თითქმის ნულამდე დასული დამოკიდებულება კვლავ გაიზარდა. გასულ წლებში მატულობდა რუსი ტურისტების რაოდენობაც. შესაბამისად, ტურიზმში სულ უფრო იზრდებოდა რუსი ვიზიტორების წილიც და რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა ქართული ტურიზმიც. 

უკვე მას შემდეგ, რაც სულ უფრო მზარდი გახდა ქართული ტურიზმის დამოკიდებულება რუს ტურისტებზე, მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა. გასული წლის შემოდგომაზე, სააკაშვილმა ფეისბუქის მეშვეობით განცხადება გაავრცელა: 

„ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება მაგალითად მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა, როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც, რა თქმა უნდა გერმანელები, ინგლისელები, ამერიკელები – ესენი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, მიიღოს შემოსავალი და არა მხოლოდ პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ არის უბნები, სადაც ქართულ სიტყვას ვერ გაიგებ. მე ეს არ მსიამოვნებს, მე მსიამოვნებს, რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებული, ქართული ბიზნესები წამოვიდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

ბოლო, 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა – ჯამში 222 ათასი. რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 21.4%-ია. რუსეთზე ქართული ტურიზმის „სწორება“ ხდება იმ პირობებში, როდესაც დანახარჯების მიხედვით რუსი ტურისტები ნამდვილად არ „ბრწყინავენ“. კერძოდ, ვიზიტის განმავლობაში რუსი ტურისტი საშუალოდ 1 350 ლარს ხარჯავს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ქვეყნის დათვალიერებისას უფრო ხელგაშლილები არიან. მიზეზი მარტივია: რუსები ძირითადად საშუალო კლასის და საოჯახო ტიპის სასტუმროებს ანიჭებენ უპირატესობას. 

შედარებისთვის გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტების საშუალო დანახარჯების მონაცემებს: რუსეთი – 1350 ლარი; აშშ – 3047 ლარი; ბრიტანეთი – 3189 ლარი; ისრაელი – 2047 ლარი; უკრაინა – 1659 ლარი; ირანი – 2071 ლარი; გერმანია – 2046 ლარი; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2719 ლარი; ყაზახეთი – 1956 ლარი; პოლონეთი – 2183 ლარი; ესპანეთი – 2541 ლარი. 

როგორ ხდებოდა ქართული ტურიზმი რუსეთზე დამოკიდებული 

ტურისტული სააგენტო „გლობუსის“ დამფუძნებლის მაია მაჭარაშვილის განცხადებით, ის, რომ ქვეყანამ რუსეთზე უკიდურესად დამოკიდებული გახდა, წლების განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაციის პოლიტიკის და ზოგადად, ხელისუფლების ტურისტული სტრატეგიის შედეგია. მისი თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში სათანადო აქცენტი არ კეთდებოდა ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე და აშკარა იყო, რომ პრიორიტეტად რუსული ბაზრები იყო აღებული. 

„ირანი, ფაქტობრივად ჩაკეტილია. არაბულ ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა შეზღუდულია. რუსეთიდან კი ინტერესი სულ უფრო იზრდებოდა. ეს ბუნებრივი პროცესი იყო, და ხელისუფლებაც ყველანაირად ხელს უწყობდა ამ ტენდენციას. ამის შედეგია ის, რომ ჩემი სტუმრების 90% სწორედ რუსეთიდან იყო. თუმცა, რუსულ ტელეარხებსა და ონლაინ-გამოცემებში რეკლამების განთავსებასთან ერთად, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დათმობოდა ევროპის ბაზრებს, ჩინეთს – რაც არ ხდებოდა. მე, როგორც კერძო ბიზნესმა, რა უნდა გავაკეთო – როდესაც ჯავშანი შემომდის „ბუკინგიდან“, მე ვერ გავარჩევ, რუსი ჯავშნის თუ ავსტრალიელი. სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე მე საკუთარი ძალებით ვერ მოვიზიდავ ევროპელ ტურისტს. მე წარმოვადგენ საშუალო კლასის სასტუმროების ქსელს და ასეთ განთავსების ადგილებს კი ყველაზე ხშირად რუსები ეძებენ. დღეს ქვეყანას სჭირდება აგრესიული მარკეტინგი, რათა ტურიზმში შექმნილი ფორსმაჟორი განიმუხტოს. ნაციონალების პერიოდს ნამდვილად არ მივიჩნევ სამაგალითოდ არცერთ სფეროში, თუმცა იყო ერთი მომენტი – მაშინ პირველი პირი ქაოსურად, მაგრამ ყველგან ახდენდა ქვეყნის ტურისტულ პოპულარიზაციას. ზოგჯერ ამას ექსტრავაგანტურლი და არაორდინარული ფორმები ქონდა, მაგრამ ეს მუშაობდა. აუცილებლად უნდა გვქონდეს ძალიან აქტიური, თამამი მარკეტინგული პოლიტიკა თუნდაც აგრესიული, სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩინეთში, რომ მომავალი სეზონისთვის მაინც გვქონდეს შედეგი“, – აცხადებს მაჭარაშვილი. 

ტურიზმის ახლანდელი ადმინისტრაციის და ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან ტურიზმის მიმართულებით დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს მაია სიდამონიძე, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტს 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, დღეს კი სასტუმროს ბიზნესშია. მისი თქმით, რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა ბუნებრივად, თავისთავად მოხდებოდა, რადგან უვიზო რეჟიმის და ტერიტორიული სიახლოვის პირობებში მათ საქართველოს შესახებ ისედაც ბევრი რამ იციან, იცნობენ ქართულ კერძებს, ღვინოს, ბუნებას და ა.შ. ასეთ მოცემულობაში კი, მაია სიდამონიძის თქმით, რუსულ ტელე და სხვა საინფორმაციო არხებზე რეკლამის განთავსებაში დიდი თანხების გადახდა არ იყო საჭირო და ეს ფინანსები სხვა ბაზრებისკენ უნდა წარმართულიყო. 

„ამ თანხებით სხვა ბაზრები უნდა აგვეთვისებინა. მაგალითად სამხრეთ კორეა, იაპონია, ჩინეთი, აღმოსავლეთ ევროპა, ბრიტანეთი, გერმანია, თუნდაც შორეული კანადა, აშშ... ეს ის ქვეყნებია, საიდანაც მაღალმხარჯველი ტურისტები ჩამოდიან. იმ ფინანსებით, რაც რუსულ ბაზარზე საქართველოს რეკლამირებაში იხარჯებოდა, სხვა მიმართულებით გაძლიერება შეიძლებოდა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ტურისტებსაც მობეზრდათ გაცვეთილი კურორტები და ახალ, უნიკალურ ქვეყნებს ეძებენ. ამ მიმართულებით 2-3-ჯერ მეტი უნდა დახარჯულიყო, ვიდრე იხარჯებოდა. რაც შეეხება რუსეთზე დამოკიდებულებას, ცხადია, ეს შეცდომა იყო. არა მხოლოდ რუსეთზე, ნებისმიერ სხვა ერთ ბაზარზე დამოკიდებულება საფრთხის შემცველია. რადგან სრულიად მოულოდნელად შეიძლება მოხდეს რეგიონში ისეთი რამ, რაც ამ ქვეყნის ტურისტებს დაგვაკარგვინებს“, – განაცხადა მაია სიდამონიძემ. 

რუსეთის ბაზარზე ქართული ტურიზმის „ჩამოკიდებას“ ბუნებრივად მიიჩნევს ექსპერტი ვახტანგ ჭარაია და ფიქრობს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ მიმართულებით აქტიურობა გამართლებულია. 

„დამოკიდებულება მართალია ბუნებრივად მოხდა, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსი ტურისტები არათუ მტრები, ჩვენი მეგობრები უნდა გავხადოთ. მათ უნდა გაატარონ ჩვენი ინტერესები თავის ქვეყანაში. ამ ტურისტებზე ხელის კვრით არა მხოლოდ ფინანსურ ზარალს მივიღებთ, არამედ მხარდამჭერებსაც დავკარგავთ, ვინაიდან ნებისმიერი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის და უკან ბრუნდება, ხდება ამ ქვეყანაზე შეყვარებული. რაც შეეხება ქართული კომპანიების ინტერესს რუსი ბაზრის მიმართ, ეს თავად ბიზნესზეა დამოკიდებული – ვიღაცას აწყობს კიდეც, შემოსავალი მიიღოს იმ მომენტში, როცა იოლი ფული იშოვება, რომ სწორედ ასე იშოვნოს. ალბათ, ყველას ესმის რა ბაზართან აქვთ საქმე, მაგრამ მაინც არ ანებებენ მას თავს“, – აცხადებს ჭარაია. 

„ფორბსის“ მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე თავის ედიტორიალში იმ მიზეზების ახსნას ცდილობს, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსეთის ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკური, და მათ შორის, ტურისტული დამოკიდებულება, არნახულ მასშტაბებზე აიყვანა. ისაკაძე ამ პროცესების პოლიტიკურ მდგენელზე საუბრობს. 

„პოლიტიკურმა ცვლილებებმა 2013 წლიდან თითქმის სრულად მოხსნა ემბარგოს ელემენტები რუსეთთან. ამან შედარებით გამოაცოცხლა ექსპორტიც და დაიწყო ტრადიციულ, თუმცა სუპერსარისკო პოლიტიკურ ბაზართან შეჯვარების მორიგი აქტი. რას იგებს ამ ყველაფრით ხელისუფლება, რომელიც არ გამოირჩევა, არც შემჩნეულია რაიმე ტიპის მძაფრი და რადიკალური შიდა ინსტიტუციური რეფორმებით? ზუსტად იმას, რაც ამ ხელისუფლების ხასიათსა და შინაგან კონსტიტუციაშია: ვიყოთ მშვიდად და ვიაროთ ინერციით. ჰოდა, მივდივართ ასე ინერციულები (4,5% ზრდა) და ამას (ინერციას) დაატყო ხელი გარანტირებული ბაზრის (რუსეთი) სრულად გახსნამ 2013 წლიდან. დიახ, ამ ხელისუფლების სრულიად შეგნებული არჩევანია ინერციული განვითარება და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელი – რუსეთის ფედერაციის გასაღების ბაზრის არსებობა. ეს არის ის იდეალური პეიზაჟი, რომელიც სრულად ჯდება დღევანდელი პოლიტიკური მმართველობის გემოვნებაში. და მერე რა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ოკუპანტი რუსეთის მონაწილეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება (2019 წელი – საქართველოს ეკონომიკაში რუსეთის წილი 10%-დან 15%-მდეა) და უმნიშვნელოვანეს საარჩევნო 2020 წელს, ყველანაირი წინასწარი გათვლებით, სრულიად ტრაგიკულ-სიმბოლურ სტატისტიკურ მაჩვენებელზე ანუ ეკონომიკის 20%-ან დამოკიდებულებაზე გავიდოდით. ანუ, ზუსტად და დაახლოებით იმდენით ვიქნებოდით (20%!) ეკონომიკურად დამოკიდებული ჩრდილოელზე, რაც ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორს, რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებისა“, – წერს ისაკაძე. 

სანქციები "მოწმენდილ ცაზე" 

ვითარებაში, როდესაც რუსეთზე დამოკიდებულებამ პრაქტიკულად პიკს მიაღწია, ტურისტული ბიზნესი შოკში ჩააგდო ვლადიმირ პუტინის განცხადებამ შეზღუდვების შესახებ. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ოფიციალურად 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები ექვსმა რუსულმა და ორმა ქართულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა. 

8 ივლისის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ჩაფრენა და უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ გადაჯდომით და მხოლოდ უცხოური კომპანიების ავიარეისების მეშვეობით. ტრანზიტულ პუნქტებს შორის არის – ერევანი, ბაქო, რიგა, ვარშავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი და სხვები. 

რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გამო, რუსულ კომპანიებში შეძენილი ბილეთებით სარგებლობას 155 ათასი მგზავრი ვერ შეძლებს, დამატებით 25 ათასი ადამიანი იძულებული იყო რუსეთში აკრძალვის ამოქმედებამდე ანუ 8 ივლისამდე დაბრუნებულიყო. 
რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგი შეცვალა და მგზავრებს მოემსახურება თბილისი-(ერევანი)- მოსკოვი, (ერევანი)-თბილისის მარშრუტით. 

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ კი ქართულ ბაზარზე 16 ივლისიდან დაბრუნდა და მოგზაურებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენა, სტამბოლის გავლით შესთავაზა. 

"როსტურიზმის" ინფორმაციით, 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ ორგანიზებული ტურები საქართველოში 4 183 რუს ტურისტს ჰქონდა შეძენილი, აქედან 1 359-მა ტურები გააუქმა და ტუროპერატორებისგან კომპენსაცია მიიღო, 2 854 ტურისტმა კი, ტურები სხვა მიმართულებით აიღო. ამასთან, „როსტურიზმის“ ცნობით, ყველა რუსი ტურისტი, რომელსაც ორგანიზებული ტურის ვადა რვა ივლისის შემდეგ ეწურებოდა, რუსეთში დაბრუნდა. 

ხელისუფლების პასუხი 

ფრენების შეწყვეტის დღესვე, 8 ივლისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უცხოელი ჟურნალისტების უპრეცედენტო რაოდენობას უმასპინძლებს. მათი ცნობით, ამ ზაფხულს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი) სამხრეთ კორეიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა. 

„მაღალრეიტინგული უცხოური ტელეკომპანიების, ონლაინ და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი გაეცნობა“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმავე დღეს აგრესიული მარკეტინგული კამპანია დააანონსა. ბიზნეს-ასოციაციის წევრ კომპანიებთან გამართული შეხვედრის შემდეგ თურნავამ აღნიშნა, რომ კერძო სექტორმა სახელმწიფოს წინაშე დააყენა მოთხოვნა – მოხდეს საქართველოს, როგორც „ტურიზმისთვის უსაფრთხო“ ქვეყნის რეკლამირება. 

„ბიზნესისგან მოთხოვნაა, გავაკეთოთ საქართველოს, როგორც ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნის მარკეტინგი. გარდა ამისა, საკმაოდ აგრესიული მარკეტინგული სტრატეგია გვექნება იმისთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხო იმიჯი კვლავ განმტკიცდეს. ამასთან, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტრადიციული ბაზრები იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ე.წ. ტურისტული ემბარგოს ამოქმედების დღეს, ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზეც ილაპარაკა. ბიზნესისა და პრემიერის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა მცირე ზომის სასტუმროებს კრედიტების თანადაფინანსებას გაუკეთებს. 

„ჩვენ ვიმსჯელეთ ბიზნეს-ასოციაციაში იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რათა შეუმსუბუქოს ტურისტულ ბიზნესს ის შესაძლო ზიანი, რაც მათ დაუდგებათ რუსეთის გადაწყვეტილების გამო. პირველი და მთავარი – ჩვენ შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგას მცირე სასტუმროებს, ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენა, რაც დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საბანკო სესხების თანადაფინანსებაზე. რაც მესმოდა ამ დღეების განმავლობაში არის ის, რომ საბანკო სესხები არის ერთ-ერთი ის, რაც არის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი და ჩვენ მათ ამ ტვირთის გაღებაში დავეხმარებით პროცენტის თანადაფინანსებით. ჩვენი საკრედიტო საგარანტიო სქემა მთლიანად გადაერთვება ტურიზმის ინდუსტრიაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

როგორი იქნება ცხოვრება "ტურისტული ემბარგოს" შემდეგ 

„გლობუსის“ დამფინანსებელი მაია მაჭარაშვილი ამბობს, რომ პოსტფაქტუმ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ბიზნესს ყველაზე მწვავე პერიოდში, მართალია, გადარჩენაში დაეხმარება, მაგრამ რეალური შედეგები მომდევნო სეზონამდე ვერ დადგება. ამის მიუხედავად, მისი შეფასებით, სწორედ ეს ნაბიჯი იყო გადასადგმელი შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებაში. ასევე მომდევნო სეზონამდე არ ელოდება მაია მაჭარაშვილი გააქტიურებული მარკეტინგული კამპანიის შედეგებს, თუმცა ამის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავს. 

ტურისტულ ემბარგოს განსხვავებული კუთხით უყურებს გიორგი ისაკაძე. მისი აზრით, რაც დღეს ხდება, ცალსახად ჩაგვაგდებს საკმაოდ რთულ ვითარებაში, მაგრამ შედარებით საშუალოვადიან პერსპექტივაში ნამდვილად ჩამოგვაშორებს ბაზარს, რომელიც პოლიტიკურია, შემოსავლიანი, მაგრამ კრიპტოვალუტების რყევაზე მეტად სარისკოც. 
 
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე კი ამბობს, რომ სესხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ნაადრევია, რადგან ჯერჯერობით არ არის შეფასებული ზარალი, არაა განსაზღვრული, რომელი რეგიონი და რომელი ბიზნესი დააზარალა ე.წ. ტურისტულმა ემბარგომ. შესაბამისად, სიდამონიძის თქმით, მაღალია რისკი, ერთიანი მიდგომით იმ ბიზნესკომპანიებმაც ისარგებლონ, რომლებსაც ზარალი არ მიუღიათ. არამიზნობრივი სუბსიდირება კი ეკონომიკას დააზარალებს და ბიზნესსაც გააზარმაცებს. სიდამონიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ სესხების სუბსიდირებისთვის კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დააწესოს და პროგრამა სეზონის ბოლოს აამოქმედოს, როდესაც ზარალი დაანგარიშდება. 

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, მაია სიდამონიძე დადებითად აფასებს აგრესიული მარკეტინგის კამპანიის დაწყებას სხვადასხვა ბაზარზე, რათა არცერთ მეზობელზე, არცერთ ბაზარზე არ იყოს მიბმული ქართული ტურისტული ინდუსტრია. ამასთან, სიდამონიძე კერძო სექტორის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს – ამბობს, რომ ბიზნესმა უნდა აამაღლოს საკუთარი სერვისების ხარისხი და ფასები კონკურენტული გახადოს. 

„მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ იმ სერვისების ხარისხს, რომლებსაც უცხოელებს ვთავაზობთ, რათა ტურისტები, რომლებიც აქ ჩამოვლენ, მეორედ და მესამედაც დაბრუნდნენ. აღარ უნდა გვქონდეს ისეთი სიტუაცია, როდესაც მაგალითად ბათუმში დასვენება არარეალისტურად ძვირი იყოს. ძალიან კარგია სოციალური კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“, მაგრამ ის ვერ იქნება შედეგიანი, თუ სერვისის ხარისხი მაღალი, ფასები კი კონკურენტული არ იქნება. ამის გარეშე ვერც შიდა ტურიზმი განვითარდება“, – აღნიშნავს მაია სიდამონიძე. 

იმ ცვლილებების პირველი ნიშნები, რომლებსაც მაია სიდამონიძე ტურისტული ემბარგოს შედეგად ელოდება, უკვე გამოჩნდა. „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, მიიღებს თუ არა ეს ცვლილებები ტენდენციის სახეს და გამოიტანს თუ არა ხელისუფლება და კერძო ბიზნესი სათანადო დასკვნებს – ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ფაქტია, რომ გრძელვადიანი სტრატეგიების დაგეგმამდე ქართული ტურისტული ინდუსტრიის დიდი ნაწილი ისევ რუსული ბაზრის გახსნის მოლოდინშია და დანაკარგის ანაზღაურების იმედებს კვლავ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებზე ამყარებს. 

მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთში ფრენების სუბსიდირება გადაწყვიტა და ბიუჯეტიდან 600 ათასი ევროს დახარჯვას აპირებს. უცნაური და რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი არ უკავშირდება რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლის შეფერხებას, რომელიც კრემლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. „ბევრი ადამიანი გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ“, – ირწმუნება ბახტაძე და ამბობს რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარების მიზნით მიიღო, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და ზაფხულის გატარება საქართველოში ჰქონდათ დაგეგმილი. 

მაია ჭანტურია