ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
"ჩრდილოეთის ნაკადი 2" – ევროპაზე ზემოქმედების მძლავრი რუსული ბერკეტი - #2(59), 2019
მორიგი დაპირისპირების მიზეზი აშშ-სა და გერმანიას შორის

რუსეთის მისწრაფება, რომ მსოფლიოში დომინანტი ქვეყნის როლი მოირგოს, ახალი ამბავი არ არის. „ბოროტების იმპერიის“ სამართალმემკვიდრე და გზის გამგრძელებელი ამჟამად იარაღის მეშვეობით მხოლოდ სუსტ ქვეყნებზე ახდენს გავლენას, ევროკავშირის და მეტადრე „ნატოს“ წევრ სახელმწიფოებთან კი, ცხადია, რუსული იარაღი სასურველ ეფექტს ვერ მოიტანს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და კომპიუტერული სისტემების განვითარების თვალისმომჭრელმა ტემპმა რუსული სამხედრო წარმოება გაცილებით ნაკლებადკონკურენტული გახადა, ვიდრე მაგალითად, 1960-80-იან წლებში იყო. შედეგად, რუსეთს გავლენის გასაფართოებლად სხვა იარაღი სჭირდება და ეს იარაღი ენერგორესურსებია. უნდა აღინიშნოს, რომ პუტინის რუსეთი ენერგომატარებლების წყალობით უდიდეს გავლენას მართლაც ახდენს დასავლეთის ქვეყნებზე და ზეწოლის სულ უფრო გაფართოებასაც ცდილობს. 

მსოფლიომ, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარგად დაინახა რუსულ გაზზე დამოკიდებულების საფრთხე და ევროპას მოუწოდებს, მაქსიმალურად მოერიდოს, ალტერნატიული გზები მოძებნოს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. რუსულ ბუნებრივ აირზე უალტერნატივო ჩამოკიდება რომ უკიდურესად სახიფათოა და შესაძლოა სუსხიან ზამთარში ქვეყნის გაყინვას ნიშნავდეს, საქართველომ საკუთარ თავზე 2006 წლის იანვარში გამოსცადა. „გაურკვეველ ვითარებაში“ აფეთქებული გაზსადენის გამო ქვეყანა ლამის სრულ ენერგეტიკულ ბლოკადაში აღმოჩნდა. 

საქართველოს წინააღმდეგ „ენერგოიარაღის“ შემდეგ რუსეთმა საბრძოლო იარაღიც ჩართო საქმეში 2008 წელს. მოგვიანებით, უკრაინასაც გადასწვდა და ყირიმი მიიტაცა, რის გამოც ცივილიზებულმა ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, თუმცა... თუმცა, ევროპის წამყვანი ქვეყნები ხშირ შემთხვევაში სწორედაც რომ რუსეთისთვის ხელშემწყობად და პარტნიორებადაც კი გვევლინებიან მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებში. პროექტები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი საკუთარი გავლენის არეალს სულ უფრო ზრდის. 

ერთ-ერთი ასეთი ენერგოპროექტი გახლავთ რუსული ენერგოგიგანტის – „გაზპრომის“ მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მისაწოდებელი მილსადენის – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა. სწორედ ამ პროექტის ირგვლივ შეიქმნა რადიკალური დამოკიდებულება და ამერიკასთან ერთად ევროპის რიგი ქვეყნები მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. მაგრამ, როგორც სხვა რამდენიმე მასშტაბურ პროექტში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ რუსული პროექტის მხარდამჭერად მოგვევლინა და ქვეყნის ლიდერმა ანგელა მერკელმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკაც დაიმსახურა. ამ შემთხვევაშიც კარგად გამოიკვეთა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ევროპის მოწინავე ქვეყნების ლიდერთა შორის უთანხმოება. 

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"  

მასშტაბური პროექტი რუსეთმა 2012 წელს წამოიწყო. მანამდე იყო თითქმის იდენტური მარშრუტის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომელიც ქალაქებს – ლენინგრადის ოლქში მდებარე რუსულ ვიბორგსა და გერმანულ გრაიფსვალდს მილსადენით აკავშირებს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ აშენებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 90-ანების ბოლოში დაიწყო, პროექტის შემუშავება 1997 წლიდან იღებს სათავეს. უშუალო მშენებლობა ბევრად გვიან, 2010 წელს შედგა. იმ პერიოდში უკვე ჩავლილი იყო საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია და ევროპაც კარგად ხედავდა რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს პატარა სახელმწიფოს წინაშე. თუმცა, როგორც ვხედავთ, უმსხვილესი პროექტი განხორციელდა და უკვე 2 წელიწადში რუსული გაზის გერმანიაში მიწოდებაც დაიწყო. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემებით, რუსეთიდან გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ საშუალებით 51 მლრდ კუბური მეტრი გაზია გადაქაჩული, რაც მილსადენის დატვირთვის 93%-ს ტოლი იყო. 2018 წლის საბოლოო მაჩვენებელი ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მილსადენის დატვირთვა კიდევ მეტად არის გაზრდილი. უნდა ითქვას, რომ 55 მილიარდი კუბური მეტრი აირი, მთლიანად რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის დაახლოებით მეოთხედია. სწორედ ამ ფონზე, რუსეთმა საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთი მილსადენის მშენებლობა, რომელიც მსგავსი მარშრუტის იქნება და მსგავსი მოცულობის აირის გატარებას შეძლებს. შესაბამისად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინამორბედის მსგავსად 1224 კმ სიგრძის გაზსადენია და საპროექტო სიმძლავრეც 53 მილიარდი კუბური მეტრის გადაქაჩვა აქვს განსაზღვრული. ცნობილია, რომ შესაძლებელია დატვირთვის 55 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. 

პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც. პროექტი მისი მონაწილეებისთვის ძალიან მოგებიანია: ნავარაუდებია, რომ ის გაწეულ ხარჯებს 9 წელიწადში აანაზღაურებს (შედარებისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ხარჯების ანაზღაურების ვადა 14 წელია, რადგან მასში კონტრაქტის თანახმად შემცირებული ტარიფი მოქმედებს). 

მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი მხოლოდ ეკონომიკური სარგებლით არ არის დაინტერესებული. ახლა რუსული გაზი ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით ხვდება, ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პირველად, რუსეთს სრულად გაათავისუფლებს უკრაინაზე დამოკიდებულებისაგან. 

აღსანიშნავია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე ლაპარაკი უკვე მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და მთელი მსოფლიოსთვის ისიც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში სეპარატისტების მთავარი მხარდამჭერი რომ რუსეთია. სწორედ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა ევროკავშირმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც ეკონომიკური სანქციები რუსეთს, თუმცა, სწორედ სანქციების ფონზე სხვადასხვა ეკონომიკური თანამშრომლობა მაინც ხორციელდება. ერთ-ერთი კი სწორედ დასახელებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გახლავთ. 

რუსეთის მიერ ახალი მილსადენების მშენებლობის მთავარი მოწინააღმდეგე უკრაინაა. გარდა იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უკან რუსეთი დგას და აგრეთვე, სწორედ რუსეთის ერთპიროვნული ქმედებებით, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით მოხდა უკრაინისთვის ყირიმის ჩამოშორება და რუსეთის შემადგენლობაში მიერთება, უკრაინას აგრეთვე ეკონომიკური საფუძველიც აქვს, რომ გაზსადენების მშენებლობას შეეწინააღმდეგოს. 

რაც ცნობილია, აქამდე რუსეთს ევროპაში გაჰქონდა 200 მილიარდ კუბურ მეტრზე ოდნავ მეტი გაზი; ამასთან, უკრაინის გავლით ტრანზიტმა 2018 წელს 86 მილიარდი კუბომეტრი შეადგინა. ეს, ამერიკის შეერთებული შტატების გათვლით, კიევს დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს აძლევს ან ქვეყნის მშპ-ის 2%-ს; კიდევ 1%-ს უკრაინა გაზის დეფიციტის გამო დაკარგავს – 2014 წლიდან ის ფორმალურად არ ყიდულობს გაზს რუსეთისგან, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმებით ტრანზიტის ნაწილს თავისთვის იყენებს. 

წლის ბოლომდე, რუსეთმა ევროპას გაზი უკრაინის გავლით უნდა მიაწოდოს, მაგრამ 31 დეკემბერს ვადა ეწურება გრძელვადიან კონტრაქტს, რომელიც მოსკოვს ამას ავალდებულებს; მხარეებს შეუძლიათ (მაგრამ ამის ვალდებულება არ აქვთ) ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. სწორედ ამ თარიღისთვის გეგმავს რუსეთი ორი მილსადენის მშენებლობის დასრულებას. ესენია, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „თურქული ნაკადი“; ერთად ისინი თავისუფლად ფარავს უკრაინული ტრანზიტის მთლიან მოცულობას. შედეგად, უკვე 2020 წლისთვის უკრაინა შეიძლება მორიგ ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდეს. 

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ 2020 წელსაც არ შეწყვეტს უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას იმ შემთხვევაშიც, თუ კიევთან შეთანხმება არ გაფორმდება. „გაზრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა თქვა, რომ მაშინაც თუ რუსეთი განაგრძობს უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებას, ის ტრანზიტს 10-15 მილიარდ კუბომეტრამდე შეამცირებს. 

ექსპერტები გამოყოფენ ორ საკითხს: პირველი – ერთადერთი რუსეთია დაინტერესებული იმით, რომ უკრაინა გაზის ბიზნესიდან სრულად გაირიცხოს. მეორე – ევროპის გაზის ბაზარზე რუსეთის წილზე (ახლა ის მთლიანი მიწოდებების მესამედს აჭარბებს და იზრდება) პრეტენზია ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ამიტომ პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მიუღებელია როგორც აშშ-სთვის, ასევე ევროპის ბევრი ქვეყნისთვის. 

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მოწინააღმდეგეები და მომხრეები 

რუსული მასშტაბური პროექტის წინააღმდეგი მრავალი ქვეყანაა. ისევ და ისევ, მთავარი ოპონენტი შეიძლება ითქვას, უკრაინაა, რომელმაც არაერთხელ სთხოვა ევროკავშირს პროექტის დაბლოკვა; მას მხარს უჭერდნენ სხვადასხვა ექსპერტები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის პოლიტიკოსები, ევროპარლამენტი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ხელისუფლება კვლავ ემუქრება პროექტის მონაწილეებს სანქციებით. ყველა მათგანი პროექტს პოლიტიკურს უწოდებს და შეშფოთებულია, რომ ევროპა ძალიან დამოკიდებული გახდება რუსეთის გაზზე, შესაბამისად მოსკოვი „ენერგეტიკული შანტაჟის“ ბერკეტს მიიღებს. 

რუმინეთმა, რომელიც ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბიუროკრატიულ პროცედურებში ჩაძირვა დააპირა; ევროკავშირის გაზის დირექტივებში რუმინეთის მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, „გაზპრომს“ პროექტის ოპერატორის ფუნქცია უნდა ჩამორთმეოდა (ამის უფლება მხოლოდ დამოუკიდებელ კომპანიას უნდა ჰქონოდა), ასევე „მილის“ მოცულობის 50% გაზის სხვა მიმწოდებლებისთვის უნდა შეენახათ. ეს ყველაფერი პროექტის ანაზღაურებას და ვადებს ეჭქვეშ აყენებს. 

გერმანია ცვლილებების განხილვაზეც კი უარს ამბობდა, მაგრამ თებერვლის დასაწყისში, მოულოდნელად, რუმინეთს საფრანგეთმა დაუჭირა მხარი, რომელიც მანამდე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის მომხრედ მიიჩნეოდა. თებერვალში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს; გერმანია დათანხმდა, რომ ცვლილებების მიღება შესაძლებელია, მაგრამ ერთი პირობით: გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, გავრცელდება თუ არა გაზსადენზე ყველა ბიუროკრატიული წესი, მიიღებს ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მილსადენი ზღვიდან „ამოყვინთავს“. „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემთხვევაში კი ეს თავად გერმანიაა. 

იმავდროულად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეეცადა ევროკავშირის მიღმა არსებული პროექტის მოწინააღმდეგეების დამშვიდებას: უკრაინას მან უთხრა, რომ რუსეთმა მასთან ტრანზიტთან დაკავშირებული ახალი გრძელვადიანი შეთანხმება უნდა გააფორმოს; ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ევროპა აშშ-ისგან მეტ ფიქლის გაზს იყიდის. სწორედ ეს სურდა ევროკავშირისგან დონალდ ტრამპს, რომელმაც ევროპის გაზით მომარაგების პირობა დადო, თუ ის რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს იტყოდა. 

თავის მხრივ, ევროპის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას არ ხიბლავს რუსული გაზის ჩანაცვლება ამერიკული ფიქლის გაზით, რომელიც რუსულ მილსადენურ გაზზე ბევრად ძვირია; ამიტომ, აშშ-ს იქით სდებენ ბრალს, რომ ის ეკონომიკური სარგებლის მისაღებად პოლიტიკურ სიტუაციას იყენებს. 
ევროკავშირი აღიარებს, რომ ფიქლის გაზის შეძენა საჭიროა, რადგან ის ევროპას რუსეთზე დამოკიდებულებისაგან ათავისუფლებს. მაგრამ რეალურად აშშ-ს მსხვილ მიწოდებებზე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა მოელაპარაკა, მაგალითად პოლონეთი. დანარჩენ შემთხვევაში, აშშ-დან გაზს ცალკეული კომპანიები ღია ბაზრებზე ყიდულობენ როდესაც რუსული გაზი არასაკმარისია. იმავდროულად, 2015 წლიდან ევროპა სულ უფრო მეტ გაზს მოიხმარს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროკავშირში თბოელექტროსადგურები მასობრივად გადაჰყავთ გაზზე სხვა სახის საწვავიდან. გერმანიისთვისაც ფასის საკითხი პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. 

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ „ჩრილოდეთ ნაკადი 2"-ის პროექტზე მსჯელობა საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეძლო და „ტემპერატურას აუწია“. 

„კამათის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ რუსული გაზის, უკრაინის მეშვეობით, ტრანზიტულად ევროპაში ექსპორტის პერსპექტივები წარმოადგენს. ამერიკასა და გერმანიის ცალკეულ კომპანიებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმის თაობაზე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2" უნდა განხორციელდეს თუ არა. თუ აშენდება, რა პირობები წაეყენება რუსეთს, – დიდი ხანია აქტიურად მიდის მსჯელობა. 

ამ საკითხის ტემპერატურა მაქსიმალურ მაჩვენებლამდე აწეულ იქნა ტრამპის მიერ. ამ დისკუსიაში კიდევ ერთი კომპონენტი გაჩნდა, – აშშ-ის ტერიტორიაზე ნავთობის წარმოების ზრდა და ამასთან ერთად ე.წ. ფიქლის გაზი“, – ამბობს მენაღარიშვილი. 

რუსულ წყაროებში მითითებულია, რომ პროექტის მოწინააღმდეგეები, ისევე როგორც „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემთხვევაში, ძირითადად ის ქვეყნები გამოდიან, რომელბიც ტრანზიტორი ქვეყნებია და ტრანზიტის სანაცვლო თანხის დაკარგვის ეშინიათ. ესენია უკრაინა და პოლონეთი; აგრეთვე ის ქვეყნები, ვისთვისაც გაზის მიწოდების წერტილი უფრო შორი ხდება და შესაბამისად, მათთვის ტრანზიტის საფასური შესაძლოა გაიზარდოს. ასეთ ქვეყნებს უნგრეთი და რუმინეთი წარმოადგენს. 

მთლიანად კი, მოწინააღმდეგე ქვეყნები შემდეგია: 

პოლონეთი; 

ესტონეთი; 

ლატვია; 

ლიეტვუა; 

დანია; 

რუმინეთი; 

უნგრეთი; 

უკრაინა. 

ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის არგუმენტია, რომ პროექტი ევროპას ხდის ენერგოდამოკიდებულს, ზღუდავს მის თავისუფალ ქმედებას და შესაძლებლობას, რათა რუსეთს გაუწიოს წინააღმდეგობა. 

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ღია მხარდამჭერებია ის ქვეყნები, რომლებიც საკუთარი სტრატეგიული ენერგეტიკული კომპანიებიდან ან ინვესტირებას ახდენენ მილსადენის მშენებლობაში, ან დაინტერესებული არიან ახალი მილსადენიდან დიდი მოცულობით გაზის ყიდვით. პროექტის მომხრეებია აგრეთვე ის ქვეყნები, რომლებიც მილსადენის მშენებლობით სარგებელს მიიღებენ. 

გაზსადენის მშენებლობას აქტიურად უჭერენ მხარს გერმანია, საფრანგეთი და ავსტრია, რომელთაც გაცხადებული აქვთ, რომ გაზის შესყიდვის დროს სურთ გათავისუფლდნენ ზედმეტი დანახარჯებისგან, რისი გადახდაც სხვადასხვა სატრანზიტო ქვეყნებისთვის უწევთ. შედეგად, ამ სამ ქვეყანას იმედი აქვს, რომ პირდაპირი გზით რუსულ გაზს გაცილებით იაფად მიიღებენ. შედეგად კი, გაიაფებული აირი მათი ეკონომიკის სტიმულირების საფუძველი გახდება. 

პროექტის მომხრე ქვეყნების და მათი ენერგეტიკული კომპანიების საერთო სურათი ასეთია: 

რუსეთი ("გაზპრომი"); 

გერმანია (E.ON, BASF, Wintershall, Uniper);

ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი (Shell, Wasco Coatings Europe BV); 

ავსტრია (OMV); 

საფრანგეთი (Engie); 

ჩეხეთი (NET4Gas); 

ფინეთი (Fortum, Wasco); 

შვეიცარია (Allseas AG); 

მალტა (Pioneering Spirit); 

ნორვეგია (Kvaerner); 
     

ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ანალიტიკოსებმა მიმოიხილეს ის პოლიტიკური შედეგები, რაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზებას მოჰყვება. მათ ჩამოაყალიბეს, რა სარგებელი ექნებათ ავსტრიას და გერმანიას, რამაც ეს ქვეყნები პროექტის მთავარ ლობისტებად ჩამოაყალიბა. მიმომხლიველების თქმით, პროექტის განხორციელება კი თავის მხრივ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს. 

1. გერმანია თავისუფლდება ყველა ტრანზიტორი ქვეყნისგან და ევროკავშირის ბაზარზე თავად შეუძლია ფასების კარნახი; 

2. გერმანიაში აირის ფასი მცირდება, მაგრამ „გაზპრომი“ სანაცვლოდ ღებულობს შთამბეჭდავ ლობისტურ შესაძლებლობას ევროკავშირში; 

3. გერმანული გაზის კომპანიები ევროკავშირის ბაზრიდან განდევნიან პოლონურ და სლოვაკურ გაზის კომპანიებს; 

4. ბერლინი გააძლიერებს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპისთვის, როგორც უმსხვილესი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, რადგან ევროკავშირის ქვეყნებისთვის წარმოიქმნება დიდი ენერგეტიკული დამოკიდებულება გერმანიაზე გაზის მიწოდების მხრივ; 

5. ავსტრია, როგორც გერმანიის მოკავშირე, ასევე გადაიქცევა ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ჰაბად. 

საქართველო და რუსულ გაზზე დამოკიდებულება 

როგორც სტატიის დასაწყისში ვწერდით, რუსულ გაზზე უალტერნატივო დამოკიდებულების საფრთხე ყველაზე უკეთ საქართველომ იცის და დაინტერესების შემთხვევაში ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ რისკის ხარისხი საქართველოს მაგალითზე განსაზღვრონ, თუკი თავადაც რუსულ გაზს ზედმეტად ჩამოეკიდებიან. 2006 წელს მიღებულმა ენერგეტიკულმა გამოცდილებამ საქართველოს ალტერ¬ნატიული გზების მოძიება აიძულა და ურთიერთობა აზერბაიჯანთან ჩამოაყალიბა. მას შემდეგ რაც საქართველომ მთავარ მომწოდებლად აზერბაიჯანი აირჩია, მომარაგებაში არასოდეს შეფერხება არ ყოფილა და არც მოულოდნელად შეუცვლია რაიმე პირობა აზერბაიჯანულ მხარეს. შედეგად, საქართველო წლების მანძილზე რუსულ გაზს მხოლოდ სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ ღებულობდა და „გაზპრომიდან“ აირი აღარ უყიდია. მაგრამ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ რუსული გაზის ყიდვაზე მსჯელობა გააქტიურდა. ხელისუფლება აზერბაიჯანის „ალტერნატიულ მომწოდებლად“ სწორედ რუსეთს განიხილავდა და აცხადებდა, რომ რაც უფრო მეტი მომწოდებელი ეყოლებოდა ქვეყანას, მით მეტად იქნებოდა დაბალანსებული რისკები. თუმცა, ბოლომდე გაუგებარი რჩებოდა – სანდო პარტნიორი რატომ უნდა დააბალანსო არასანდოთი. ასე იყო თუ ისე, ქვეყნის 2019 წლის ენერგობალანსიც რუსეთიდან გაზის შესყიდვის გარეშე დაამტკიცა საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლის დეკემბერში. 

მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეკონომიკის ახალი მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით გამოჩნდა, რომ 2019 წელს საქართველო რუსეთისგან 6 000 მლნ კუბურ მეტრ აირს შეიძენდა აპრილის თვეში მოსახმარად (იხ. ცხრილი 1). 

უკვე 21 მაისის ბრძანებით კი, ნათია თურნავას უწყებამ დაამტკიცა მორიგი ცვლილება ქვეყნის ენერგობალანსში. საქართველო აპრილის შემდეგაც აგრძელებს „გაზპრომისგან“ აირის შეძენას და წლის ბოლომდე ჯამში 144 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იყიდის (იხ. ცხრილი 2). 

როგორც შეცვლილი ენერგობალანსიდან ჩანს, რუსული გაზის წილი მთლიან მომარაგებაში 6%-ს აღწევს. ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი წარმომადგენლების პოზიციას, რომ აზერბაიჯანული გაზისთვის შესაძლებელი იქნება „გაზპრომიდან“ ნაყიდი აირის კონკურენტუნარიანობა, „ეკონომიკური ალტერნატივის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი შეუძლებლად მიიჩნევს. მისი თქმით, მიმწოდებელთა რაოდენობა იმდენად არ გაიზრდება, რომ რეალური კონკურენცია შექმნას, სამაგიეროდ, ეკონომიკური თავისუფლების კუთხით ექმნება ქვეყანას საფრთხე. 

„არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდის შემდგომ სამომავლოდ არათუ გაიაფდება გაზი, არამედ პირიქით არ გაძვირდება. ვფიქრობ, რომ მეთოლოდოგიურად გაუმართლებელი მსჯელობაა, როდესაც ამ დონის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხს უბრალო კონკურენციის მსჯელობიდან განიხილავენ“, – ამბობს გერლიანი. მისი თქმით, მომწოდებელი რომ რუსეთის რეზიდენტი კერძო სამართლის იურიდიული პირი იყოს, მაშინ ამ კონტექსტში საუბარი კიდევ შეიძლება, მაგრამ საუბარია სახელმწიფო კომპანიაზე, რომელიც დიდი რისკის შემცველია. 

„დივერსიფიცირება აუცილებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ „გაზპრომის“ გაზს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფასიც აქვს“, – ასე აფასებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე გიორგი ქობულიას განცხადებას დივერსიფიცირების მიზნით რუსეთიდან გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით. 
რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვას სარისკოდ მიიჩნევს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა. 

„ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ისე, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემა. ვფიქრობ, მცირე პროცენტი რომ შემოვიდეს, დაახლოებით იმდენი, რაც გვრჩებოდა, როდესაც ჩვენი მილსადენით რუსეთიდან სომხეთს გაზი მიეწოდებოდა, ანუ დაახლოებით 10-12 პროცენტი, პრობლემას არ შექმნის. თუმცა, ვთვლი, რომ გამოცდილება საკმაოდ დიდია და ამ მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური რისკები გასათვალისწინებელია“, – ამბობს მირცხულავა. 

ამ სიტუაციაში კი, კარგად ჩანს – რუსეთი თავის ენერგეტიკულ იარაღს საკმაოდ წარმატებით იყენებს არა მხოლოდ სუსტ საქართველოში ან უკრაინის წინააღმდეგ, არამედ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც, მათ შორის „ნატოს“ წევრი გერმანიის და საფრანგეთის ხელშეწყობით. გეოპოლიტიკური სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რიგ ქვეყნებს შორის რუსული გაზის საკითხში სულ უფრო იძაბება. რუსეთი კი ჯერჯერობით დასახულ მიზანს არ ცვლის და ნაკლებსავარაუდოა იგივე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის ჩავარდნა. თუმცა, როცა მეორე მხარეს ამერიკის შეერთებული შტატებია, არაფერია გამორიცხული, რომ რუსეთის გეგმებს საფრთხე შეექმნას. 

თემურ იობაშვილი