ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ახალი ტალღა აზარტული თამაშების წინააღმდეგ - #3(60), 2019
პარლამენტი კიდევ ერთხელ იმსჯელებს დეპუტატების ინიციატივაზე 
გასული თვიდან მოყოლებული განსაკუთრებით გააქტიურდნენ აზარტული თამაშების შეზღუდვის მომხრეები. სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ დეპუტატების ნაწილი საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ მკაცრი რეგულაციების შემოღებას. მათი მტკიცებით, რეგულაციები დაიცავს იმ ადამიანებს, ვინც აზარტული თამაშების წყალობით ქონებას კარგავენ და ზოგჯერ საქმე სიცოცხლის დაკარგვამდეც მიდის. აზარტულ თამაშებს მოწინააღმდეგეები სხვა მიმართულებითაც ჰყავს – ლაპარაკია ფულის გათეთრების მაღალი რისკის შემცველობაზე, რაც ბიზნესის ამ სეგმენტში არსებობს. 

ჯერ კიდევ აპრილში გავრცელებულ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულის გათეთრების გლობალურ ანგარიშში ერთი ქვეთავი სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც ეთმობა. დოკუმენტში განხილულია რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომლებიც საქართველოში ფულის გათეთრების სქემებს შეიძლება უკავშირდებოდეს. 

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სამართალდამცავებს მოუწოდებს, მეტი დრო დაუთმონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრების სქემებს შორის კავშირების აღმოჩენას. დოკუმენტის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში საქართველო ფულის გათეთრების საერთაშორისო სქემების შემადგენელ მხოლოდ ერთ რგოლს წარმოადგენს და კრიმინალები ქართულ ბანკებს ამ სქემაში ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადარიცხვისთვის იყენებენ. 

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საქართველოს აზარტული თამაშების სექტორი ფულის გათეთრების რისკების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სექტორია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ სექტორში 416 ლიცენზია არის გაცემული და 31 კაზინო მოქმედებს. 

„საქართველოში მზარდი აზარტული თამაშების სფერო, მათ შორის ონლაინ-გემბლინგი საყურადღებოა. 2017 წელს კაზინოებმა და აზარტულ სფეროში ჩართულმა სხვა ორგანიზაციებმა 500-ზე მეტი საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციის შესახებ წარადგინეს ინფორმაცია, თუმცა მათგან არცერთი არ იყო STR-ად (საეჭვო ფულად ტრანზაქციად) იდენტიფიცირებული. ფაქტი, რომ სათამაშო ინდუსტრიაში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საეჭვო ფულადი ტრანზაქციის შესახებ არ შესულა ინფორმაცია, მათი რეგულირების ხარისხის შესახებ აჩენს კითხვებს“, – წერია ანგარიშში. 

თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არცთუ უმნიშვნელოა ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის განვითარება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ლაპარაკი დაიწყო ე.წ. სათამაშო ტურიზმის განვითარებაზე. რადგან საქართველოს მეზობელ უმეტეს ქვეყნებში კაზინოები აკრძალულია, საქართველოს ხელისუფლებას სურდა აზარტული თამაშის მოყვარულ უცხოელებს ჩვენთან მოეკლათ თამაშის ჟინი. ამით კი შემოსავალი აქ გახსნილ კაზინოებს და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტსაც გაეზრდებოდა. 

ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრიდან სხვა გუნდია, თუმცა, სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხა წლიდან წლამდე იზრდება. 2011 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 52,652 მლნ ლარი შევიდა, 2012 წელს – 52,767 მლნ ლარი, 2013 წელს – 54,122 მლნ ლარი, 2014 წელს – 64,9 მლნ ლარი, 2015 წელს – 68,9 მლნ ლარი, 2016 წელს 73,3 მლნ ლარი, 2017 წელს 119,5 მლნ ლარი, ხოლო გასულ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტმა 136.5 მილიონი ლარი მიიღო. 

Forbes-ის ქართული გამოცემის ცნობით, სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული მოსაკრებლების მოცულობის ზრდა საქართველოში ახალი კაზინოების გახსნას უკავშირდება. 2018 წელს ბათუმში 10 კაზინო მოქმედებდა, უახლოეს 5 წელში კი კიდევ 5-ის გახსნაა დაგეგმილი. 2013-2016 წლებში ბათუმის კაზინოებში ვიზიტორების რაოდენობა 2.3-ჯერ გაიზარდა და 680 000 შეადგინა. აჭარაში 2016 წელს კაზინოების ვიზიტორების 76% უცხოელი იყო. 

ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა აზარტული ონლაინ-თამაშების მაჩვენებელი. რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის ბრუნვას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს 173%-ით არის მომატებული. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოში აზარტული თამაშები გამორჩეულად მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად მატულობს. 

ეს რაც ეხება სექტორში უზარმაზარი თანხის ბრუნვას და ასევე ფულის გათეთრების რისკს, რაზე ამერიკის დეპარტამენტის ანგარიშშია ნახსენები. თუმცა, საქართველოში საკითხის აქტუალობის მიზეზი ოქტომბერში სხვა იყო. რამდენიმე ახალგაზრდის თვითმკვლელობის შემთხვევა აზარტულ თამაშებს და წაგებულ ფულს დაუკავშირეს. 

ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო პირველი არხის ოპერატორი, სანდრო ბერაძე. მისი ცხედარი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ცხვარიჭამიის ტყეში იპოვნეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრაგედია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ გამოიწვია. 

აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეები რეკლამის აკრძალვას ითხოვენ 
ერთ-ერთი აქტიურია არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. მათი ინფორმაციით, ბოლო სამ თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14-წლიდან 31-წლამდე მერყეობს. 

ორგანიზაცია ითხოვს, რომ პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. 

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებამ „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დამუშავებული კანონპროექტი 9 თვის განმავლობაში თაროზეა შემოდებული და აუცილებელია დაიწყოს მისი საპარლამენტო და საკომიტეტო მოსმენები. გაგვაგებინოს მთავრობამ, რას ფიქრობს, რა აქვს ჩაფიქრებული. თუ იმას ფიქრობენ, რომ 2020 წელი მოდის და ეს მსუყე ლუკმა იქნება, ნურას უკაცრავად, ჩვენ მანამდე მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება კანონპროექტის განხილვები უკვე დაიწყოს“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ, ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას დავუჯერებთ, აზარტულ თამაშებს თამაშობს 14 წლის მოზარდების 28%, 16 წლის მოზარდების 58%, 17 წლის მოზარდების 90%. კაზინოებსა და სათამაშო აპარატების სალონებში შესვლაზე ასაკობრივი ცენზის გამო ზემოხსენებული კატეგორია ონლაინ-კაზინოების მომხმარებელია. 

აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემაც. სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული აქციის დროს მან პეტიცია წაიკითხა. მოთხოვნათა შორისაა: 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა დაშვების აკრძალვა სათამაშო დაწესებულებებში; თამაშდამოკიდებულთა მკურნალობის დაფინანსება; აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა; ინტერნეტით აზარტული თამაშების საკითხის მოგვარება; ყველა კაზინოს ტურისტულ ზონაში გადატანა და 1 ნოემბრის გამოცხადება აზარტულ თამაშებთან ბრძოლის დღედ. 

„ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კამპანიას, ახსნა-განმარტებებს. ხალხს უნდა ავუხსნათ, რა გვინდა და რატომ გვინდა. მე დღესაც მქონდა კამპანიის მონაწილეებთან შეხვედრა და ვგეგმავდით კამპანიას. საუბარია ორ ძირითად, ყველაზე მტკივნეულ წერტილზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს არის: აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა და ბავშვების, არასრულწლოვნების დაცვა. ეს არის დაავადება, ვიღაცისთვის შესაძლოა ეს რეკრეაცია და გართობაა, მაგრამ მსოფლიო სამედიცინო დიაგნოსტიკაში ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის დაავადება. ამ თემაში მე არ ვარ მარტო, უამრავი ორგანიზაციაა, რომლიც მუშაობს არასრულწლოვნების საკითხზე, მშობლები, ოჯახის წევრები. თუ რამით არის ხალხი შეწუხებული არის ის, რომ მათი შვილები, როცა ბოლო 70 ლარი აქვთ, მიდიან და აზარტულ თამაშებს თამაშობენ. კეთილი ინებონ პოლიტიკოსებმა და დაუკვირდნენ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი ამ თემაზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსთან“. 

რეკლამის აკრძალვაზე დიდი ხანია მსჯელობენ 

აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეების აზრით, თუკი არ იარსებებს სხვადასხვა სახის აზარტული თამაშების რეკლამები, მით ნაკლები ადამიანი ითამაშებს. საინტერესოა, რომ აზარტული თამაშების შეზღუდვას უმეტესად მმართველი ძალის წარმომადგენლები ითხოვენ ხოლმე. წინა მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრი, კობა დავითაშვილი აქტიურობდა. 2013 წლის მაისში მისი წარდგენილი კანონპროექტი მეორე მოსმენით პარლამენტმა ჩააგდო. საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო, ინიციატივას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „დავითაშვილი კაზინოებთან მიმართებაში ზედმეტად აქტიურობს“. 

„მინდა, გავიხსენო კობა დავითაშვილის ზედმეტი აქტიურობა კაზინოებთან დაკავშირებით. ესეც ფრთხილი საკითხია. გადაწყვეტილება რეკლამასთან დაკავშირებით მიიღეს და ზედმეტი განმარტებები არ გააკეთეს, ბევრი ინვესტორი გაჩერდა. მესმის, რომ კაზინოს ბევრი სიმახინჯე აქვს, ბევრ პრობლემას ქმნის და შეიძლება ზოგიერთ ქალაქში არ უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი განხილვადია. ძალიან მკვეთრად ნუ მივუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ჩემს განცხადებებშიც მინიშნებული მქონდა. ამას კარგი განხილვა უნდა და ინვესტორებს და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდებათ. შეიძლება კაზინოებისთვის სპეციალური ადგილები ვნახოთ, რომ მოსახლეობას ის სახლებად არ ჰქონდეთ და ახალგაზრდები მაქსიმალურად არ იყვნენ ჩართულნი და ზედმეტი რეკლამაც არ იყოს მასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ივანიშვილმა. ამის შემდეგ კი, როგორც აღვნიშნეთ, დავითაშვილის კანონპროექტი ჩავარდა. 

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის საკითხი შეიძლება ითქვას, პერიოდულად აქტიურდებოდა. წლევანდელ აპრილში, პარლამენტმა კენჭი უყარა მსგავსი შინაარსის კანონპროექტს, რომელიც აგრეთვე „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნოდა. რაც კობა დავითაშვილის კანონპროექტს დაემართა, იგივე ბედი ეწია გოგიჩაიშვილის იდეასაც – ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო. 

იმავე აპრილში კვლავ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის ახალი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში იქნებოდა ინიცირებული. 

„კანონპროექტს მოვამზადებთ, ბოლომდე დავხვეწავთ და ის აუცილებლად გავა სრული მხარდაჭერით. მართლაც შეიძლება ითქვას, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ დღევანდელი დღე, კანონის ჩაგდება, შეიფუთა ისე, რომ ვითომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ წინააღმდეგია ასეთი ტიპის რეგულაციების. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ არის. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, უახლოეს პერიოდში, იქნება ინიცირებული ანალოგიური კანონი, ამ კანონში გარკვეული რეგულაციები შეიცვლება“, – ირწმუნებოდა მეზურნიშვილი. მსგავსი კანონპროექტი პარლამენტს დღემდე არ დაუმტკიცებია. 

უკვე გასულ დღეებში, დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. ერთ-ერთი ინიციატორი კვლავ ლევან გოგიჩაიშვილია. 
„ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს იმგვარ რეგულაციებს, რომელიც ჩვენი აზრით, ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, ასევე გაზრდის შემოსულობებს საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს აკონტროლოს ეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

მისი თქმით, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე მოქალაქეების დამოკიდებულება დღეს ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს, სახელმწიფო ხედავს ამ პრობლემას, თუმცა, მისი მოგვარება დღემდე არ ხდება. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრობლემა არ გვარდება შეგნებულად, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება, აღნიშნული ბიზნესიდან ხელს ითბობენ, ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან ამ ბიზნესზე ადმინისტრირება არ ხორციელდება ისე, როგორც უნდა ხორციელდებოდეს და ეს ბიზნესი ფულის გათეთრების ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენს. 

„არსებული სისტემა პრობლემას უქმნის მოქალაქეებს მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ასევე არსებობს თანმდევი სერიოზული პრობლემები. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ არასრულწლოვნებმა მარტივად მოახერხონ აღნიშნული სერვისით სარგებლობა. იგი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოსწავლეების, შვილების, ოჯახის წევრების შესაძლო ჩართულობა იყოს ძალიან მაღალი. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ და კიდევ უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე ქვეყანაში არის სუიციდის ფაქტებიც. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელახლა დაგვერეგისტრირებინა ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ თითქმის წელიწადნახევრის წინ დაარეგისტრირა და დღემდე არ განხილულა პარლამენტში“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

მისი თქმით, ეს კანონპროექტი გულისხმობს: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა – ასაკობრივი ცენზის დაწესება 25 წლამდე, მეორე – მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნა, რომელიც გამორიცხავს თავიდან ბოლომდე არასრულწლოვნების ჩართულობას ლეგალურად ამ სერვისის მოხმარებაში, ასევე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნას. კანონმდებლობაში შემოდის ცვლილებები ასევე გადასახადების გაზრდის მიმართულებით, სანქციების გაორმაგების კუთხით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასჯის და აღსრულების მექანიზმების დახვეწის მიმართულებით. 

გოგიჩაიშვილის თქმით, თამაში იწვევს დამოკიდებულებას და სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს თავის მოქალაქეებს. „ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ, უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა დაამყაროს კონტროლი აღნიშნულ ბიზნესზე“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა დაამტკიცა, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 სექტემბერი. 

ნებაყოფლობითი უარი რეკლამას 

რამდენიმე მედია-საშუალებამ აკრძალვის გარეშე ისედაც თქვა უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამაზე. 2016 წლის თებერვალში „პალიტრა მედიამ“ განაცხადა, რომ უარს ამბობს აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე. 30 ოქტომბრიდან მსგავსი შინაარსის რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა. მთავარ მოტივად კი მათი თანამშრომლის გარდაცვალება დასახელდა. 

პირველი არხის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას. 

„მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას“, – ნათქვამია პირველი არხის მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

პირველ არხს გადაწყვეტილება მოუწონა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ. 

„მესმის, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა ახალგაზრდები ტელევიზორს პრაიმ-ტაიმში უყურებენ, აზარტული რეკლამის განთავსებაზე ამ დროს უარი უნდა თქვან. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი თქვა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მისაბაძი. უკვე ორი ტელევიზია, რომელთაც მაღალი სამოქალაქო პოზიცია უჭირავთ. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა მეტი აქვს, მაგრამ მისი გადაწყვეტილება მისასალმებელი ნაბიჯია. პარლამენტში მარეგულირებელ რეგულაციებს განვიხილავთ, რომელსაც მხარს დავუჭერ და გათვალისწინებული იქნება საეთერო დროის შეზღუდვა, რადგან არასრულწლოვანების დაცვა აუცილებელია. ამ დამოკიდებულებისგან ადამიანები უნდა დავიცვათ, აზარტული თამაშების აგრესიული რეკლამის შეზღუდვა უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, ბავშვებს გავაგებინოთ, რომ ფულის მოპოვების იოლი გზა არის გზა არსაით“, – განაცხადა ზოიძემ. 

არის თუ არა აკრძალვა ან შეზღუდვა გამოსავალი 

„სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, ზრდასრული ადამიანები რას გააკეთებენ მანამ, სანამ ისინი სხვა ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საკუთრებას ფიზიკურ ზიანს არ აყენებენ“, – ასეთია „გირჩის“ თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია. 

„ეს ადამიანები ბინას ყიდიან თუ სახლებიდან ნივთები გააქვთ, ეს მათი საკუთრებაა და ამ საკუთრებას რასაც უნდათ, იმას უშვებიან. აზარტული თამაში ადამიანის ჩვეულებრივი რისკიანი ქცევაა. არავითარი განსხვავება არაა იმ შემთხვევებს შორის, როცა აზარტული მოთამაშეები რისკავენ და მაგალითად, ადამიანები ბიზნესს იწყებენ, რაშიც შესაძლოა, ბინები ჩადონ, ბიზნესმა არ გაამართლოს და ბინები გასაყიდი გაუხდეთ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ აზარტული თამაშებისას სწრაფად იგებ და აგებ, ბიზნესში კი ეს პროცესი დროში უფრო გაწელილია, თორემ ორივე შემთხვევაში ან იგებ, ან აგებ“, – მიაჩნია ჯაფარიძეს. 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის აზარტული თამაშებისა და ნებისმიერი ასეთი ტიპის რეგულაციის წინააღმდეგია. იმავდროულად, ისიც საკითხავია ასეთი რეგულაცია რამდენად მოიტანს შედეგს. 

აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მოწინააღმდეგეები ვარაუდობენ, რომ თუკი სახელმწიფო ზედმეტად ხისტ შეზღუდვებს შემოიღებს, აზარტული თამაშები უბრალოდ `ჩრდილში~ გადაინაცვლებს. ასეთ შემთხვევაში კი, გარდა იმისა რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დაკარგავს შემოსავალს, გაიზრდება კრიმინალის დონეც – ჯერ თავად ნებისმიერი მოთამაშე გადაიქცევა კრიმინალურ ელემენტად, რადგან თამაში დანაშაული გახდება და შემდეგ უკვე წაგებულ-მოგებულების საქმის გარჩევა ქუჩური წესებით გაგრძელდება. 

საინტერესოა უცხოეთის მაგალითებიც. არის ქვეყნები, სადაც მთლიანად აკრძალულია კაზინოების და სლოტ-კლუბების მოწყობა. ძირითადად ესენია მუსლიმური სახელმწიფოები, სადაც აზარტულ თამაშებს რელიგია უკრძალავთ. თუმცა, როდესაც საქმე ონლაინ-თამაშებსაც ეხება, იშვიათია ქვეყანა, ვინც აკრძალვით შედეგს მიაღწია. ონლაინ-თამაშები მეტნაკლებად შეზღუდულია ისეთ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტი მკაცრი კონტროლის ქვეშ არის, ან სულაც არ არის წესიერად განვითარებული. აღსანიშნავია, რომ თურქეთში აკრძალულია აზარტული თამაშების მოწყობა, თუმცა, როცა ლაპარაკია ონლაინ-თამაშებზე, იქ ნამდვილად არის საიტები, სადაც თურქეთში მყოფებს შეუძლიათ ითამაშონ. 

რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას – აზარტული თამაშების მოწყობა აკრძალულია, თუმცა, ონლაინ- თამაშები საკმაოდ პოპულარულია. საინტერესოა გერმანიის მაგალითიც. გერმანიაში ონლაინ-აზარტული თამაშები ყველა ფედერალურ შტატშია აკრძალული, გარდა შლესვიგ-ჰოლშტეინისა. ამდენად, თამაშის სურვილის შემთხვევაში, აზარტული გერმანელები ევროკავშირის სხვა ქვეყნების საიტებს იყენებენ. ასე რომ, თამაშის მოყვარული საიტს ალბათ ყოველთვის მონახავს. აკრძალვა კი საქმეს რომ არ შველის, მრავალი მიმართულებიდან ჩანს. უამრავ ქვეყანაში მაგალითად, პროსტიტუცია აკრძალულია და კრიმინალად ითვლება, თუმცა, არალეგალურად უამრავი „დაწესებულება“ მოქმედებს. რიგ ქვეყნებში ალკოჰოლსაც უცხადებდნენ ხოლმე ბრძოლას, თუმცა, მთავარი შედეგი ყოველთვის ის იყო, რომ ალკოჰოლით ვაჭრობა არალეგალურ სეგმენტში ინაცვლებდა. აზარტული თამაშები საბჭოთა კავშირში, მათ შორის საბჭოთა საქართველოშიც აკრძალული იყო, მაგრამ, „ხელზე“ თამაში ლამის ყველას შეეძლო. ამიტომ, გამოსავალი ალბათ აკრძალვაზე მეტად ხალხის მენტალიტეტის და ქვეყანაში არსებული სიღარიბის შეცვლაშია – ფულის გამომუშავების სხვა საშუალებების არარსებობის პირობებში იოლად გამდიდრება ზედმეტად მაცდურად გამოიყურება. 

თუმცა, დაველოდოთ მოვლენებს. პარლამენტმა კვლავ უნდა უყაროს კენჭი რეგულაციების გამკაცრებას. 

თემურ იობაშვილი