ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ელექტროენერგიის დეფიციტი მატულობს - #3(60), 2019
რა მოხდება, თუკი ტენდენცია არ შეიცვლება 
 
ელექტროენერგეტიკის ბაზარზე სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ჩვენი ჟურნალი ამ საკითხზე პერიოდულად წერს ხოლმე და არასახარბიელო სიტუაციაზე ამახვილებს ყურადღებას. ამჟამად კი უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ და მარეგულირებელი კომისიაც საგანგაშო ტენდენციაზე მიანიშნებს. წინა წლებში თუ ქვეყანაში ელექტროენერგიის იმდენი გამომუშავება იყო, რომ ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა, ამჟამად სხვა სიტუაციაა. ცხადია ლაპარაკია ჰიდრორესურსების გამოყენებაზე. სხვა შემთხვევაში, თბოსადგურებში გამომუშავებული ენერგია იმდენად ძვირი ჯდება, ექსპორტზე მისი გატანა უაზრობაა. თანაც, ექსპორტს ვინ დაეძებს, ადგილობრივი გამომუშავება, მათ შორის ვერც თბოელექტროსადგურების ჩათვლით, მუდმივად მზარდ მოხმარებას ვეღარ ეწევა. დეფიციტის დაფარვა კი სულ უფრო გაზრდილი იმპორტით ხდება. იმპორტზე შემოტანილი დენი გაცილებით ძვირია, ვიდრე ადგილობრივი გამომუშავებაა. საცალო ტარიფები ჯერჯერობით არ იზრდება. თავის მხრივ, ლარის გაუფასურებამ კიდევ უფრო გაართულა ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობა – ექსპერტების თქმით, სამომხმარებლო ტარიფები არ ასახავს რეალურ ღირებულებას და ნელ-ნელა სიტუაცია კრიტიკულ წერტილს უახლოვდება. როდემდე გაუძლებს ასეთ პირობებს სისტემა, რთული სათქმელია. გამოსავალი თითქოს მარტივია – ან უნდა სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდოს, ან ადგილობრივი, იაფი ენერგიის გამომუშავება. ჯერჯერობით კი არც ერთი ჩანს და არც მეორე. 

დენის გაძვირება თუ ჰესების მშენებლობა? 

საქართველოს მოსახლეობამ უკვე მიიღო მკაფიო გზავნილი – ელექტროენერგიის გაძვირება გარდაუვალია. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები ჯერჯერობით ცდილობენ გაძვირების საფრთხე დღევანდელ მდგომარეობაში არ დაინახონ. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, თბილისის ყოფილმა მერმა და ასევე ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა დავით ნარმანიამ კი ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ თუ ჰესები არ აშენდება, ტარიფის მატებას ვერ გადავურჩებითო. 

„ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი გენერაცია, არ ავაშენეთ ჰესები, ქარის სადგურები და ასე შემდეგ, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე. იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე. ასე რომ, თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები“, – აცხადებს ნარმანია. 

მისი თქმით, პანკისში მშენებარე ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით არ დგინდება, რომ ჰესს შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ხეობაზე. 

„არიან რადიკალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნდა აშენდეს ამ ქვეყანაში და რომ ჰკითხოთ, რომ აბა, საიდან უნდა მოვიტანოთ ელექტროენერგია, ამბობენ, რომ თქვენ ხართ მთავრობა და საიდანაც გინდათ მოიტანეთ. ერთად უნდა დავსხდეთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ და ვიდავოთ, მაგრამ ჰესი უნდა ავაშენოთ“, – აცხადებს ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. 

ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 

„უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას არ მოველით, მაგრამ თუ წლების მანძილზე არ დაიძრა ჰესების მშენებლობები, გაიზრდება იმპორტი და ტარიფი ჩვენს შიდა პოლიტიკაზე კი არა, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული“, – აცხადებს თურნავა. 

ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ის გარემოებები განმარტა, რაც საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრაზე მოქმედებს. მისი თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მინიმუმ 5%-ით იზრდება, რისი დაკმაყოფილებაც, ნაწილობრივ ძვირადღირებული ელექტროენერგიით ხდება. 

„საიდანღაც უნდა მოვიდეს ელექტროენერგია, რომ გაზრდილი მოხმარება დავაკმაყოფილოთ, რაც უფრო ხდება ძვირი ელექტროენერგიით – ეს არის იმპორტი, ან ახალი სადგურები, რომელთა ტარიფიც შედარებით მაღალია. 
დღეს „ენგურჰესია“ ყველაზე იაფი წყარო, რაც გვაქვს და ისიც რაღაც მოცულობაა, მეტი არ გვაქვს. ამიტომ რაც დრო გავა, გვინდა თუ არ გვინდა, რაღაც მომენტში ტარიფი გაიზრდება და ეს მუდმივი პროცესი იქნება, რადგან მოხმარება იზრდება და ამის დაკმაყოფილება უფრო ძვირი წყაროს საშუალებით გვიწევს“, – განმარტა თვალაბეიშვილმა. 

შესაძლო გაძვირებას ვარაუდობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი. 

„არ შემიძლია დავეთანხმო აზრს, რომ თუ ჰესი აშენდება, ტარიფი არ გაიზრდება. ჰესების და ახალი ობიექტების მშენებლობა ისეთივე ძვირია, როგორც იმპორტი. ჩვენთან მთავარი პრობლემა ისაა, რომ ტარიფი სუბსიდირებულია. კავშირი მის რეალურ ღირებულებასა და გადასახდელ ფასს შორის სახელმწიფოს ჩარევით არის დამახინჯებული. ამიტომ, შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და ჰესებიც აშენდეს და სუბსიდირებაც კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ეს აქტივის ხარჯვაა მდიდრების დასახმარებლად, იმის მაგიერ რომ ტარიფს ბუნებრივი ღირებულება ჰქონდეს და მიზანმიმართულად ეხმარებოდნენ მოწყვლად ფენებს“, – აცხადებს ექსპერტი. 

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორი პროგნოზი აქვს „იუსაიდს“. მათი ვარაუდით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, 2024 წლამდე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, ყოველწლიურად საშუალოდ, 1%-ით შემცირდება. 
კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებულ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტში ეს საკითხები დეტალურად არის გაწერილი. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდება არსებული კანონმდებლობა და მარეგულირებელი დებულებები, საფასურის გაზრდა ყოველწლიურად დაახლოებით ერთი პროცენტით არის მოსალოდნელი, მაგრამ თუ დამტკიცდება ენერგეტიკის ახალი კანონი, ასეთ შემთხვევაში გადასახადი ყოველწლიურად ერთი პროცენტით დაიკლებს. 

გარდა ამისა, „იუესაიდი“ იმ ფაქტორებს ასახელებს, რაც ახალი კანონის მიღების შემთხვევაში ელექტროენერგიის ფასზე გავლენა იქონიებს: 

– ახალ ბაზრებს ექნება როგორც კომერციული, ისე იურიდიული ხელშეწყობა ეკონომიური იმპორტისა და ექსპორტისთვის; 

– ახალ ბაზრებზე წვდომა შესაძლებელს გახდის რეზერვების განაწილებას, რაც შეამცირებს სიმძლავრის დანახარჯებსა და შედეგად საბითუმო ფასებს; 

– დაჩქარდება საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების შერჩევა, ნებართვის გაცემა და განხორციელება; 

– დაბალრისკიანი გარემოს წყალობით, კაპიტალური დანახარჯები შემცირდება ახალი ინვესტიციებისთვის; 

– მზისა და ქარის ენერგია იქნება სავალდებულო და პრიორიტეტული (ეს გაზრდის ფასებს); 

– საბითუმო ბაზრის კონკურენცია ხელს შეუწყობს საბითუმო ფასების შემცირებას; 

– საცალო ბაზრის კონკურენცია (მომხმარებლის არჩევანი) ხელს შეუწყობს საცალო ფასების შემცირებას;

– რეფორმების დანერგვის გაზრდილი ხარჯები (გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორი, ახალი ტექნოლოგიური სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა). 

დეფიციტი მატულობს, იმპორტი იზრდება 

ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი 2019 წელს სავარაუდოდ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს – ამის შესახებ, Galt&Tagart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის მოხმარება პროგნოზირებულზე ბევრად დაბალი ტემპით წლიურად 2.3%-ით გაიზარდა. ამასთან, არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა ჰიდროგენერაცია (-9.7%), რამაც ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად გაზარდა, მოხმარების ზრდის დაბალი ტემპის მიუხედავად. ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტმა 29.6 მლნ აშშ დოლარი (+80.5%) შეადგინა, რაც 2019 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, გაორმაგდება. 

„2019 წლის 8 თვის მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტი მხოლოდ 0.2 ტვტ.სთ იყო (-59.1%), იმპორტმა 0.8 ტვტ.სთ (+20.5%) შეადგინა, რამაც დეფიციტი 0.6 ტვტ. სთ-მდე გაზარდა (+468.3%). აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისში პირველად განხორციელდა ელექტროენერგიის იმპორტი, მაშინ როცა ივლისი წლების განმავლობაში საექსპორტო თვე იყო. 2019 წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე ექსპორტი აღარ განხორციელდება, ხოლო იმპორტი 1.6 ტვტ.სთ-ს მიაღწევს, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი ისტორიულ მაქსიმუმს – 1.4 ტვტ.სთ-ს გაუტოლდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში. 

მიმოხილვაში აღნიშნული 8 თვის მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტი განახევრდა და ჯამური მიწოდების მხოლოდ 2.6% შეადგინა. ექსპორტის თითქმის ნახევარი (47%) თურქეთის მიმართულებით განხორციელდა, შემდეგ მოდის სომხეთი (25%), რუსეთი (24%) და აზერბაიჯანი(4%). აღნიშნული სრულად განპირობებულია ადგილობრივ ბაზარზე არსებული დეფიციტით, რაც წლიდან წლამდე ღრმავდება მოხმარების გენერაციაზე უფრო სწრაფი ტემპით ზრდის გამო. 

„ექსპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი წლიურად 15.7%-ით გაიზარდა, 2019 წლის 8 თვეში. ზრდა განპირობებული იყო ექსპორტის დივერსიფიკაციით და უფრო ძვირადღირებული საექსპორტო ბაზრების წილის ზრდით“, – აღნიშნულია გალტ&თაგარტის კვლევაში. 

ექსპერტები რთულ სიტუაციაზე მიანიშნებენ 

ენერგეტიკის სექტორში რომ სერიოზული პრობლემებია, ადასტურებს დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძეც. მისი თქმით, ენერგეტიკაში მდგომარეობა ადრეც არასახარბიელო იყო, ხოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო არასახარბიელო გახდა. 

„ენერგეტიკა წინმსწრები ტემპით უნდა ვითარდებოდეს, რათა ეკონომიკის განვითარება დამამუხრუჭებელი არ გახდეს. დღეს იმდენად სერიოზული პრობლემებია ენერგეტიკაში, რომ წინმსწრები ტემპებით კი არა, ელექტროენერგიის მოხმარების ტემპებსაც ვერ მიჰყვება ენერგიის წარმოების ტემპი. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც არის ქვეყნის ხერხემალი, რადგან ენერგეტიკული უზრუნველყოფის გარეშე ვერც ერთი დარგი ვერ იარსებებს“, – ასე შეაფასა შექმნილი ვითარება არველაძემ. 

ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ თუკი ჰესების მშენებლობა ეკონომიკურად გაცილებით მეტ შედეგს მოგვცემს, ვიდრე ეკოლოგიურ ზარალს მოიტანს, მაშინ ელექტროსადგურები უნდა აშენდეს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ახლა ქვეყანაში ჰესების მშენებლობის აუცილებლობა დგას, რადგან, შესაძლოა, ელექტროენერგიის მომარაგების საკითხში, სერიოზული პრობლემები შეგვექმნას, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. 

„თუ ჩვენი გენერაცია სასწრაფოდ არ გავზარდეთ, ცოტა ხანში სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. სამ ვარიანტს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი – ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგია მოიპოვება, ანუ დღეისთვის ენერგიის ყიდვის საშუალება გვაქვს. მეორე – სამეზობლოში ენერგიის ფასი არ არის კატასტროფულად მაღალი. ამიტომ მისი ყიდვა შეგვიძლია და გარდა ამისა, ცოტა ხანში, შესაძლოა, ასეთი რამ მოხდეს – ფული, რომც ბევრი გვქონდეს, ენერგია აღარ იშოვებოდეს და შესაბამისად, ვეღარც ვიყიდოთ“, – აღნიშნა გია არაბიძემ. 

არაბიძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: 
„გარდა ამისა, ენერგოხაზების გამტარუნარიანობიდან გამომდინარე, შეიძლება ვერც კი შევძლოთ ჭარბი იმპორტის განხორციელება. ყოველწლიურად მინიმუმ 80-100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვდებთ მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემაში. დაახლოებით 1.5-2 მილიარდი კვტ/სთ იმპორტირებული ელექტროენერგია გვჭირდება. 

როდესაც ახმეტაში ჰესის მშენებლობაზე იყო საუბარი, ამბობდნენ რომ გიგანტური მშენებლობაა. 27-მეგავატიანი სადგური სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება მცირე ჰესად. ასეთ სადგურს, რომლის გამომუშავებაც არის 80 მლნ კვტ/სთ და დაახლოებით 25-30 ათას მოსახლეს ჰყოფნის, არ შეიძლება გიგანტური ჰესი ეწოდოს“, – ამბობს არაბიძე. 

მისი თქმით, საჭიროა მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ასევე სიტუაციის სწორი შეფასება. 

„საქართველოში უნდა აშენდეს ნებისმიერი ელექტროსადგური, რომელიც ეკოლოგიურად და ეკონომიკურად იქნება გამართლებული. ეკოლოგიურად ნებისმიერი მშენებლობა პრობლემაა, მაგრამ თუკი მშენებლობა ეკონომიკურად გაცილებით მეტ შედეგს მოგვცემს, ვიდრე ეკოლოგიური ზარალი, მაშინ ბუნებრივია ჰესები უნდა აშენდეს, ხოლო ის, რისი აშენება არც ეკონომიკურად და არც ეკოლოგიურად ხელს არ მოგვცემს, რასაკვირველია არა. თუ ეს იდეოლოგია არ შევითვისეთ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება ელექტროენერგიის მომარაგების საკითხში“, – ამბობს არაბიძე. 

ექსპერტები აგრეთვე ყურადღებას ამახვილებენ, რომ მთავრობამ მოსახლეობის ინფორმირებასთან ერთად აუცილებელია ინვესტორს სოციალური ვალდებულებები შეასრულებინოს, რაც ასეთ პროექტებს ახლავს კიდეც. 
მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკაში, რაც სახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება. ტენდენცია შემდეგია: 2013 წელს შემოსულია $246 მლნ, 2014 წელს – $190 მლნ, 2015 წელს – $123 მლნ, 2016 წელს – $145 მლნ, 2017 წელს – $280 მლნ, 2018 წელს – $120 მლნ. 

კიდევ ერთი წყარო, საიდანაც ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, ქარის ენერგიაა. თუმცა, ქარის ტურბინებით მიღებული დენის წილი 2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, მთელ გამომუშავებაში მხოლოდ 0,6%-ია. აქვე ისიც ცნობილი გახდა, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი აუქციონზე 14 400 000 დოლარად, „საქართველოს ქარის კომპანიამ“ იყიდა. არადა, 2013 წელს მთავრობა აცხადებდა, რომ ქარის ტურბინების მშენებლობა 34 მილიონი დოლარი დაჯდა. 

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%, კილოვატის დადგენილი ღირებულებით $6.89 ცენტი. 

სახელმწიფო ელექტროსისტემა ქართლის ელექტროსადგურს წლიურად $5,795,000-ს, ანუ 10 წლის განმავლობაში $57,500,000-ს გადაუხდის.

კრიპტოვალუტა და დენის დეფიციტი 

კიდევ ერთი გაურკვევლობა, რაც ენერგოსექტორს ძალიანაც გარკვეულ ზიანს აყენებს, ე.წ. კრიპტოვალუტის გამომუშავების მზარდი ტენდენციაა. ამ კუთხით ვითარება გართულდა რეგიონებშიც. განსაკუთრებით იქ, სადაც დენი ან უფასოა, ან შეღავათიანი ტარიფით მიეწოდება. მაგალითად, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო პერიოდში საოცრად დიდი ტემპით იზრდება, რის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ადგილობრივების მიერ კრიპტოვალუტების მოპოვება წარმოადგენს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადებით, კომპანიამ წლების წინ რეგიონში არსებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაეხდევინებინა სვანეთის მცხოვრებთათვის ელექტროენერგიის საფასური. თუმცა, იმის გამო, რომ რეგიონში უკანასკნელ პერიოდში ენერგომოხმარება მაღალი ტემპით გაიზარდა, „ენერგო პროს“ სვანეთის ელექტრომომარაგება სულ უფრო ძვირი უჯდება. რამდენადაც კრიპტოვალუტების მოპოვება კომპანიას პრობლემად ექცა, ახლა უკვე სპეციალური ზომების მიღებას გეგმავს.
  
„სვანეთის რეგიონს ელექტროენერგია ნამდვილად უფასოდ მიეწოდება, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ თავის დროზე, რეგიონის მდებარეობის და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. ბოლო დროს კი ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს ელექტროგადამცემი ხაზები და ხშირია ავარიული გათიშვები, ასეთი ზრდა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული, მათ შორის არც კომუნისტების დროს... 

კრიპტოვალუტების გამომუშავების მოწყობილობების აღმოსაჩენად, ყველა საფიდერე ხაზზე მოეწყობა საბალანსო აღრიცხვის წერტილები. აგრეთვე, სატრანსფორმატორო პუნქტებზე დამონტაჟდება მრიცხველები, თუმცა, ეს პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის ფონზე, რაც აფერხებს ჩვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოების წარმოებას“, – განუცხადეს BM.GE-ს „ენერგო პრო ჯორჯიაში“. 

აღსანიშნავია, რომ საფასურის გადაუხდელობის გამო, 2019 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე, კომპანიის ზარალი დაახლოებით 50 მლნ კვტ/სთ-ია, რაც 8 მლნ ლარს უდრის. 

ციფრული ვალუტი გამომუშავების გამო ელექტროენერგიის გაზრდილ ხარჯზე საუბრობს სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანიაც. მისი ინფორმაციით, მოხმარების 10% სწორედ ციფრული ვალუტის მაინინგზე მოდის. 

„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია, ანუ მეტი ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოება. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნორმალურ ქვეყნებშიც ასეა, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, დაახლოებით იმდენით იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზეც. ჩვენთან ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ხუთი პროცენტის ფარგლებში გვქონდა, თუმცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 7-8 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა, ანუ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, რაც სამი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი – ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის აქტიური პოლიტიკა; მეორე – კრიპტოინდუსტრია და მისი წარმოება, ანუ ე.წ. მაინინგი, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას საჭიროებს და ჩვენი მოხმარების 10 პროცენტზე მეტი სწორედ მასზე მოდის; მესამე – ენერგიადამზოგ ტექნოლოგიებზე გადასვლის ტემპი. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს ელექტროენერგიაზე მაღალ მოთხოვნას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

როგორც ვხედავთ, დღევანდელი მდგომარეობით ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებიც შემცირებულია და დაწყებული მშენებლობების დიდი ნაწილიც შუა გზაზეა გაჩერებული. ცხადია, აგრეთვე პრობლემაა უკონტროლო მოხმარება ოკუპირებულ რეგიონებში, რომლის სანაცვლოდაც საქართველოს ენერგოსისტემა ვერაფერს ღებულობს. 

თემურ იობაშვილი