ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
სიგარეტი უფრო გაძვირდება, კონტრაბანდა კი იზრდება - #4(61), 2019
რა შედეგი მოიტანა მოწევის საწინააღმდეგო პოლიტიკამ 

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის, რომ საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდა მატულობს. ექსპერტების თქმით, უმთავრესი მიზეზი სიგარეტზე გადასახადის ზრდაა და რაც უფრო მეტად გაძვირდება სიგარეტი საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო იზრდება საქართველოში არალეგალური გზით თამბაქოს შემოტანის რისკი. რისკი რომ მხოლოდ რისკად რომ არ რჩება, მწეველები რეგიონებში კარგად ხედავენ. განსაკუთრებით გაზრდილია კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობა სამეგრელოს რეგიონში. აქ არალეგალური პროდუქცია ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოაქვთ და გარდა იმისა, რომ საქართველოს ბიუჯეტი კარგავს შემოსავალს, იმავდროულად შემოსავალი შედის დეფაქტო აფხაზეთის მმართველების ჯიბეში. 

მედიაში გავრცელებული სიუჟეტებიდან ისიც ირკვევა, რომ კონტრაბანდის მფარველად მაღალჩინოსნებიც გვევლინებიან ხოლმე. მაგალითად, 2018 წლის ოქტომბერში, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტიდან გამოჩნდა, რომ ჩხოროწყუს პოლიციის მაშინდელი უფროსი ჯუმბერ იზორია თავად იყო ჩართული აფხაზეთიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის რეალიზაციის საქმეში. საინტერესოა, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ იზორიამ თანამდებობა დატოვა კიდეც, თუმცა, თანამდებობაზე დეკემბერში დაბრუნდა და მოგვიანებით, პარლამენტშიც გადაინაცვლა. მან ყოფილი პარლამენტარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ სიის შესაბამისად ჩაანაცვლა. ცნობილია, რომ ზოიძემ დეპუტატის მანდატზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირებული პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების ინიციატივა ჩააგდო. შესაბამისად, აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის მფარველობაში დადანაშაულებული ჯუმბერ იზორია ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრია. 

კონტრაბანდის ზრდას აპროტესტებენ ხელისუფლების ოპონენტები. ერთ-ერთია მოძრაობა „შეცვალე“, რომელთა წარმომადგენლებმა 8 თებერვალს აქცია გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. 

„საქართველოში არა მარტო სამეგრელოში, არამედ იმერეთის რეგიონში უკვე კონტრაბანდა ჩვეულებრივი მოვლენაა. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ ლობირებს კონტრაბანდულ თამბაქოს და იღონოს ყველა ხერხი და ძალა იმისთვის, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა“, – ამბობს მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი. 

გასულ წელს თამბაქოს ნაწარმი 31%-ით გაძვირდა, როგორც ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს. ხოლო 2015 წლის შემდეგ იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის ფასი საქართველოში 130%-ით არის მომატებული. სიგარეტის იმპორტიორმა კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ მორიგი გაძვირება, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან აქციზის განაკვეთის ზრდა სიგარეტის ფასში ჯერ ბოლომდე არ არის ასახული. გაზრდილ აქციზს ინფლაცია და ლარის გაუფასურებაც ემატება, რაც იმპორტირებული პროდუქტის თანდათან გაძვირებას გამოიწვევს. 

თამბაქოს იმპორტიორებმა ფასი გასულ წელს ოთხ ეტაპად გაზარდეს. პირველ და მეორე ეტაპზე ზრდა 50-50 თეთრი იყო, შემდეგ 40 თეთრი. ხოლო დეკემბერში სიგარეტი კიდევ 20 თეთრით გაძვირდა. ფასების მომატებით ისინი შემცირებული შემოსავლების კომპენსირებას ცდილობენ, რასაც გაყიდვების კლებისა და გაზრდილი კონტრაბანდის გამო განიცდიან. 

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს სიგარეტზე აქციზის ზრდას ავალდებულებს, მომდევნო წლებში ის კიდევ გაძვირდება. რამდენიმე წელიწადში აქციზის განაკვეთმა უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 90 ევროსი 1000 ღერ სიგარეტზე, რაც ერთ კოლოფზე მინიმუმ 5,9 ლარი გამოდის. დღეისთვის კი, საქართველში აქციზის განაკვეთი კოლოფზე 3,3 ლარია. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქციზის გადასახადს 90 ევრომდე 10 და მეტი წლის განმავლობაში ზრდიდნენ. ხოლო საქართველოს მთავრობა აქციზს გაცილებით სწრაფი ტემპებით ზრდის. ამის გამო, თავი იჩინა იმ უარყოფითმა შედეგებმა, რაც აქციზის გადასახადების უეცარი და მკვეთრი ზრდას ახასიათებს: გაიზარდა ინფლაცია და კონტრაბანდის მასშტაბმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს თამბაქოს სექტორიდან გადასახადების გამო მილიონობით შემოსავალი დააკლდა. 

იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი 2019 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა – კომპანიები კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, 30%-ს იხდიან. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1,7 ლარი გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნეს. მთავრობის გათვლებით, სიგარეტის გაძვირებას მისი მოხმარება უნდა შეემცირებინა. მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან მწეველების დიდმა ნაწილმა გაძვირებული სიგარეტი შედარებით დაბალფასიანი ე.წ. გასახვევი თუთუნით ჩაანაცვლა (საკონსულტაციო კომპანია ACT Impact-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწეველების დაახლოებით მესამედი გადასახვევი თამბაქოს მოხმარებაზე გადავიდა). იმის გამო, რომ აქციზით მხოლოდ 500 გრამამდე დაფასოებული თუთუნი იბეგრებოდა, ქვეყანაში მისი დიდი მოცულობებით შემოტანა დაიწყო. იმპორტიორები საბაჟოზე აჩვენებდნენ, რომ დაჭრილი თამბაქო საწარმოო დანიშნულებით შემოჰქონდათ, შესაბამისად იმპორტის დიდი ნაწილი აღურიცხავი იყო. ხშირ შემთხვევაში იმპორტირებული ნედლეული ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს – პესტიციდებს, გენმოდიფიცირებულ თამბაქოს, მძიმე მეტალების – ტყვიისა და კადმიუმის გაზრდილ რაოდენობას შეიცავდა, რაც ჰამბურგის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა. 

კონტრანაბდის მასშტაბები იზრდება 

სიგარეტის გაძვირებამ სტიმული მისცა კონტრაბანდას. არალეგალური გზებით სიგარეტი აფხაზეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოაქვთ, შემდეგ კი უაქციზო სიგარეტი სამეგრელოს გავლით ქვეყნის სხვა რეგიონებში ხვდება. კონტრაბანდული სიგარეტი შემოდის სომხეთიდანაც, სადაც ის შედარებით იაფი ღირს. სიგარეტის გაძვირების პარალელურად კონტრაბანდის მასშტაბები მატულობს. კვლევამ, რომელიც „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, 2019 წლის აპრილში ჩაატარა, უკანონო ვაჭრობის 23%-მდე ზრდა აჩვენა. ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობის 14%-მდე ზრდა ფიქსირდებოდა. ხოლო 2017 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი სულ 5% იყო. 

„კვლევამ დაადასტურა, რომ სიგარეტით უკანონო ვაჭრობამ ყველაზე დიდი მასშტაბი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიღო. კონტრაბანდული ანუ გაყალბებული თამბაქოს ნაწარმი თურქეთში მზადდება, გემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოდის, ხდება მისი აქციზით დაბეგვრა, შემდგომ უკვე შემოედინება ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – ამბობს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. 

დაკარგული მილიონები 

ე.წ. გასახვევი თუთუნის იმპორტისა და კონტრაბანდის ზრდის პარალელურად შემცირდა ლეგალურად შემოტანილი სიგარეტის რეალიზაცია, რამაც საბიუჯეტო შემოსავლების კლება გამოიწვია. ამის გამო შარშან 10 თვეში ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით 200 მილიონი ლარით ნაკლები შევიდა. ამგვარი შედეგის გამო, მთავრობა გასახვევი თამბაქოს დაბეგვრის გადაწყვეტილებამდე მივიდა. გასული წლის 21 ნოემბრიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის განაკვეთი გაეზარდა. 30%-მდე გაიზარდა ადვალური გადასახადი უფილტრო სიგარეტზეც, რასაც თამბაქოს ნაწარმის გაძვირების ახალი ტალღა მოყვა. 

საკონსულტაციო კომპანია ACT Impact-ის მკვლევარები, რომლებმაც თამბაქოს აქციზის ზრდის შედეგები შეისწავლეს, მიიჩნევენ, რომ რეგულაციების დაგეგმილ გამკაცრებას მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება. 

„კვლევამ აჩვენა, რომ მწეველების მესამედმა სიგარეტი ე.წ. გასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლა. შესახვევ თამბაქოზე რეგულაციები კი გამკაცრდა, მაგრამ ფასებს შორის სხვაობა მაინც დიდია, ამიტომ ვინც ე.წ. შესახვევ თამბაქოს მოხმარებაზე ჯერ არ გადასულა, მათი 14- 15% ფიქრობს დაიწყოს მისი მოხმარება. ეს რეგულაცია მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს, მაგრამ დაბალი სოციალური ფენის მწეველებში ჩანაცვლების ტენდენცია ისევ გაგრძელდება. ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ვიდრე ფილტრიან სიგარეტსა და თუთუნზე ფასები ძალიან არ დაუახლოვდება ერთმანეთს და სანამ კონტრაბანდა მინიმალურ დონეზე არ ჩამოვა“, – ამბობს ლიკა გოდერძიშვილი, ACT Impact-ის ეკონომისტი.

მწეველთა შემცირების ჩავარდნილი გეგმა 

აქციზის ზრდამ მწეველთა რიცხვი ვერ შეამცირა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე შარშან წლის დასაწყისში აცხადებდა, თამბაქოს მოხმარების კლება 3%-ს შეადგენდა. წლის ბოლოს მას მწეველთა შემცირების შესახებ ზუსტი ციფრის დასახელება გაუჭირდა. ზოიძემ აღიარა, რომ რეგულაციებს მწეველთა შემცირების თვალსაზრისით დიდი შედეგი არ მოიტანა და ქვეყანა კონტრაბანდის პრობლემის წინაშე დგას. 

„რეგულაციების მთავარი შედეგი არის სიგარეტის რეკლამის და დახურულ შენობებში მოწევის აკრძალვა. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ინფარქტის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რიცხვი შემცირებულია, იკლო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმაც, რადგან პასიური მწეველები დახურულ შენობებში სიგარეტის კვამლში საათებს აღარ ატარებენ. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე რომ აიწია აქციზმა და არა ე.წ. შეასახვევ თუთუნზე, ეს შეცდომა იყო, რომელიც თავის დროზე ფინანსთა სამინისტრომ დაუშვა. ამის გამო მოწევის შემცირების ამოცანა ჩავარდა. ეს თუთუნის დაბეგვრის შემდეგ გამოსწორდება. ჩვენი ვარაუდით, მოწევა წელიწადში 1%-ით უნდა შემცირდეს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მწეველების რაოდენობის კლებას წლები სჭირდება, რადგან თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირება მარტივი არ არის. სიგარეტის კონტრაბანდის პრობლემის მოსაგვარებლად საზღვრებზე ადმინისტრირება გასაუმჯობესებელია. აქციზის გაზრდას სომხეთიც აპირებს, შესაბამისად, სიგარეტის ფასი იქაც აიწევს და ეს საკითხიც დარეგულირდება. როგორც ფინანსთა სამინისტრო ამბობს, უახლოეს 2 წელიწადში აქციზის ზრდა არ იგეგმება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

თამბაქოს მოხმარების შემცირების ხელისუფლების გეგმას უარყოფითად აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების გაცხადებულ სურვილსა და დამდგარ შედეგს შორის დიდი სხვაობაა. შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის ზრდით მწეველთა შემცირების იმედი ეკონომისტს არ აქვს. 

„სიგარეტის გაძვირების მიუხედავად, მასზე დამოკიდებული ადამიანები ვერ ამცირებენ მოხმარებას, ვინაიდან მომხმარებელს აქვს ალტერნატივა, გადაერთოს უფრო იაფფასიან საშუალებაზე, რომელიც შეიძლება იყოს უფილტრო სიგარეტი ან სხვა სახის თამბაქო. ჩვენთან თამბაქოს მოხმარება, საერთო ჯამში, არ შემცირებულა. მიზანს, რომ მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარება შემცირდეს, ხელისუფლება აქციზის ზრდით ვერ მიაღწევს. უფრო მეტიც, მწეველთა ნაწილი გაცილებით მავნე პროდუქტს იღებს და მისი ჯანმრთელობა იმაზე მეტად ზიანდება, ვიდრე ეს იყო ადრე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ თავისთავად მოიმატა ქვეყანაში კონტრაბანდული გზით სიგარეტის შემოტანამ, რაც ასევე დიდ პრობლემას ქმნის“, – ამბობს აკაკი ცომაია. 

ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს ითხოვს 

თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ სიგარეტზე აქციზის სწრაფი ზრდა, რასაც მთავრობას აქვს დაგეგმილი, დააზარალებს ბიზნესს და ბიუჯეტს შემოსავლებს დააკარგვინებს. მათ მთავრობას მიმართეს, სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს და განაკვეთმა ათას ღერ სიგარეტზე 90 ევროს 2029 წლისთვის მიაღწიოს. გარდა ამისა, მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი გაიზარდოს, ადვალური კი 30-დან 10%-მდე შემცირდეს და ამით პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს (ადვალური გადასახადი 2018 წლის დეკემბერში 10-დან 30%-მდე გაიზარდა, რასაც სიგარეტის მკვეთრი გაძვირება მოჰყვა). ადვალური გადასახადის შემცირების ხარჯზე ფიქსირებული განაკვეთი გახდეს 80 თეთრი და ის ყველწლიურად 10 თეთრით გაიზარდოს. ამავე დროს, კერძო კომპანიები ფინანსთა სამინისტროს სთხოვენ, წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები აქციზის ზრდის სამთავრობო გეგმის შესახებ, რაც მათ მოსალოდნელი ზარალისგან დაიცავს. შესაბამისი წერილით თამბაქოს ინდუსტრიამ პრემიერ მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და ბიზნეს-ომბუდსმენს მიმართა. 

ფინანსთა მინისტრი თამბაქოს ბიზნესს დაპირდა, რომ სექტორის განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენისას მათ ინტერესებს გაითვალისწინებდა, თუმცა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, დაპირება ჯერ არ შეუსრულებია. 

„იმედია, მსგავსი შეცდომები, რაც იქნა დაშვებული, აღარ განმეორდება. გვქონდა შეხვედრა მინისტრთან. ორ თემაზე ვესაუბრეთ – ერთი, შესახვევი თამბაქოს აქციზით რეგულირება იყო, რაზეც როგორც იქნა მივაღწიეთ შედეგს და ეს პრობლემა მოგვარდა. ხოლო მეორე საკითხი იყო აქციზის ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე წელზე გათვლილი სამოქმედო გეგმის შედგენა, რაც საგადასახადო კოდექსის ნაწილი გახდება. მაგრამ ეს დაპირება დაპირებად დარჩა“, – განაცხადა British American Tobacco-ს (BAT) კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ. 

„შესახვევ თამბაქოზე შემოღებული რეგულაცია კონტრაბანდის პრობლემას ვერ უშველის. აუცილებელია ადვალური გადასახადის 30%-დან 10%-მდე შემცირება, რაც სექტორს ფასების დარეგულირების და მეზობელ ქვეყნებთან თანხვედრაში მოყვანის საშუალებას მისცემს. სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც და თურქეთშიც გაცილებით დაბალია თამბაქოს ფასი. სომხეთში მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი აქციზის გეგმა, რომლის მიხედვით, 2023 წელსაც კი აქციზის განაკვეთი იმაზე დაბალი იქნება, რაც დღეს ჩვენ გვაქვს“, – ამბობს ივანე ხასია, სიგარეტის იმპორტიორი კომპანია „ჯეი-თი-აი“-ს კორპორაციული დირექტორი.  

მთავრობა და ბიზნესი რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, თამბაქოს ნაწარმზე ფასები ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება, რაც ყველაზე მეტად მოსახლეობას აზარალებს. სიგარეტის გაძვირებას ინფლაციის ზრდაში მნიშვნელოვანი წილი შეაქვს და როგორც ჩანს, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 

ნონა ქვლივიძე