ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
საკუთარი ნებით მახეში გაბმული ქვეყანა - №1(62), 2020
ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების საფრთხე 

კორონა-კრიზისმა მთელი პლანეტა საგონებელში ჩააგდო და უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ ფონზე, ცხადია, საქართველო კიდევ უფრო დიდი კრიზისის მოლოდინშია – გაჩერებულია ტურიზმი და შესაბამისად აღარ არის შემოსავლები რაც ტურისტებს უკავშირდებოდა; მნიშვნელოვნად დაიკლო უცხოეთიდან სამუშაოდ წასული ემიგრანტების მიერ ფულის გადმორიცხვამ; გაჩერებულია კაფეების და რესტორნების მუშაობა, რაც აგრეთვე უამრავი ადამიანის შემოსავლის წყარო იყო. არც სხვა მიმართულების ბიზნესებს ულხინთ – კარანტინის და შეზღუდვების გამო შემოსავლების თითქმის ყველას დააკლდა. 

კიდევ ერთი შემოსავლის მიღების მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც "კოვიდ 19"-ის გამო ასევე სერიოზული კლებისთვის არის განწირული. საგარეო ვაჭრობის მხრივ საფრთხე კიდევ უფრო დიდია, თუ გავიაზრებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს რუსეთი წარ¬მოადგენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების საფრთხეებზე კვლევა გამოაქვეყნა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევად შეაფასა. თუმცა, სტატიაში ვნახავთ, რომ ეს დამოკიდებულება ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება და შესაბამისად, საფრთხეც მატულობს. 

როგორ ჩაანაცვლა რუსეთმა უკრაინა და აზერბაიჯანი 

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის 200-წლიანი ისტორიის ფრაგმენტული ცოდნაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ის საფრთხე დაენახა, რასაც რუსეთი და მასთან ურთიერთობა ჰქვია. შორს რომ არ წავიდეთ, 2008 წლის ომი, 1990 იან წლებში ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში მოწყო¬ბილი ხოცვა-ჟლეტა, ქართველების განდევნა საკუთარი სახლებიდან და ათეულ ათასობით ადამიანის სიკვდილი რუსეთის პოლიტიკის ნაწილია, რაც საკუთარი გავლენის გაფართოებას და პატარა ქვეყნის დაჩაგვრას უკავშირდება. 

2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პირობას დებდა და როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების, ასევე პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების იმედს აძლევდა ამომრჩეველს. 2012 წლის შემდეგ 8 წელი გავიდა, რუსეთი კი ომის გარეშე განაგრძობს ქართული მიწების მიტაცებას ე.წ. „მცოცავი ოკუპაციის“ რეჟიმით. თუმცა, თუ პოლიტიკურ ნაწილში რეალური წინსვლა არაფერია – ოკუპაცია და რუსული გავლენის გაფართოება გრძელდება, ეკონომიკური ურთიერთობა მართლაც მნიშვნელოვნად ღრმავდება. ერთი შეხედვით, სავაჭრო ურთიერთობაში ცუდი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ, როდესაც საქმე რუსეთს ეხება – აქ ეკონომიკაც პოლიტიკის სამსახურშია და ეს დრომაც მრავალგზის დაადასტურა. არამარტო საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთი საკუთარ ეკონომიკურ ბერკეტებს როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების, ასევე დასავლეთის განვითარებული მიმართაც იყენებს. 

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2012 წელს რუსეთი სავაჭრო პარტნიორებში მე-6 ადგილზე იყო. საგარეო ვაჭრობამ მაშინ 523.9 მლნ დოლარი შეადგინა და მთელ საგარეო ვაჭრობაში რუსეთს 5.1% ეკავა. ტოპ-5 სავაჭრო პარტნიორს კი წარმოადგენდნენ: თურქეთი (14.4%), აზერბაიჯანი (12.8%), უკრაინა (7.4%), ჩინეთი (5.8%), გერმანია (5.6%). 

2012 წლის ოქტომბრიდან, რაც ქვეყნის მართვას ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით „ქართული ოცნება“ შეუდგა, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა. 2013 წლიდან საქართვლოს საგარეო ვაჭრობაშიც გარკვეული ცვლილებები მოხდა და რუსეთის წილმა ზრდა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთისთვის მეტნაკლებად მისაღები პოლიტიკური გაერთიანებაა, პერიოდულად ისევ ისმოდა ეკონომიკური სანქციების მუქარა – როცა კი, საქართველოს ხელისუფლება ღიად გამოხატავდა NATO-სთან თუ დასავლეთის ქვეყნებთან მეტად დაახლოების სურვილს. 

დიდი ხანია, მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ რუსეთი ეკონომიკური ბერკეტებს საკუთარი მიზნებისთვის და ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის მოსახდენად იყენებს. საქართველოს ხელისუფლება კი ყოველწლიურად მაინც ზრდის ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებას.
 
2013 წელს რუსეთმა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში მე-4 ადგილი დაიკავა. გადაასწრო ჩინეთს და გერმანიას. პირველ ადგილზე კვლავ იყო თურქეთი (14.6%), მეორეზე აზერბაიჯანი (12.5%), მესამეზე უკრაინა (7.3%), მეოთხეზე რუსეთი (7.1%), მეხუთეზე ჩინეთი (5.9%). ასე რომ ერთ წელიწადში რუსეთის წილი 2%-ით გაიზარდა. 

2014 წელს რუსეთი უკვე მე-3 ადგილზე გადავიდა და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მისმა წილმა 7.4%-ს მიაღწია. რუსეთმა გადაასწრო ჩინეთსაც და უკრაინასაც, რომელთა წილიც 7.2% და 6% იყო. პირველ ადგილზე კვლავ თურქეთი მოდიოდა 15.2%-ით.
 
2015 წელს რუსეთის წილი კიდევ გაიზარდა, 7.93% შეადგინა და მთავარი სავაჭრო პარტნიორების ნუსხაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ამ პოზიციაზე დამკვიდრდა კიდეც დღემდე. გადაასწრო აზერბაიჯანს (7.85%), ჩინეთს (7.2%) და უკრაინას (5.2%). პირველი ადგილი კვლავ თურქეთმა დაიკავა 15.2%-ით. 

2016 წელს რუსეთის წილმა 9.4% შეადგინა და მეორე ადგილი გაიმყარა. თურქეთის წილი 16.2%-მდე გაიზარდა. მესამე ადგილი დაიკავა ჩინეთმა (7.7%). წინა წელთან შედარებით კვლავ შემცირდა აზერბაიჯანის (6.9%) და უკრაინის (5.2%) წილი. 

2017 წელს რუსეთის წილი უკვე ორნიშნა რიცხვი გახდა და 11.2% შეადგინა. პირველზე კვლავ თურქეთია (14.9%), რომლის წილიც 1.3%-ით შემცირდა. 
2018 წელს რუსეთი წილი 11%-ია და სულ უფრო ნაკლებად ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ თურქეთს, რომლის წილადაც 13.7% მოდიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს საქართველოს მე-3 სავაჭრო პარტნიორი უკრაინა, რომელიც რუსეთს 2.3%-ით ასწრებდა, 2018 წელს უკვე ორჯერ ჩამორჩებოდა. უკრაინასთან საგარეო ვაჭრობის წილი 5.5% გახლდათ. 

რაც შეეხება 2019 წლის სრულყოფილ მონაცემებს, საქართველოს სტატისტიკის სამსახური ივლისის შუარიცხვებში გამოაქვეყნებს. სწორედ ამ დროს ხდება გასული წლის მონაცემები ხელმისაწვდომი. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შესახებ 

„საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით არის დამოკიდებული, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რუსეთზე განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება შეინიშნება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმში და რუსული ხორბლის იმპორტში“, – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში, რომელიც 4 მაისს გამოქვეყნდა.
 
ბოლო წლებში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდებოდა და 2019 წელს დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13.2% იყო. თუმცა, `კოვიდ 19~-ის პანდემიის გავლენა რუსეთში ექსპორტს მნიშვნელოვნად დაეტყო და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი წილი 11.7%-მდე შემცირდა.
 
2013-2019 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი 158 მლნ აშშ დოლარით (244%-ით) გაიზარდა, საიდანაც 110 მლნ რუსეთში გაყიდვებზე მოდის. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 133 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 57% იყო. 
საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70% მდე რუსეთზე მოდის. ხორბლის იმპორტში კი რუსე¬თის წილი 90%-ზე მაღალია. 

უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების მხრივ საქართველო ყველაზე მეტად ტურიზმით არის დამოკიდებული რუსეთზე. 2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯეს. საქართველოს ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში რუსი ვიზიტორების წილმა მაქსიმალურ – 16%-იან მაჩვენებელს 2018 წელს მიაღწია. 2019 წლის ივლისიდან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, რუსეთის წილი საქართველოს ტურიზმში 15.7%-მდე შემცირდა. პანდემიის გავლენაც რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლას მნიშვნელოვნად დაეტყო. 2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით, ხოლო წილი 13%-მდე შემცირდა. 

2019 წლიდან რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები მცირდება. 2019 წელს რუსეთიდან 429 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მთლიანი ფულადი გზავნილების 29%-ია, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი 56% იყო. 2020 წელიც რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებით დაიწყო. იანვარ-მარტში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 21%-მდე შემცირდა. დროთა განმავლობაში რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე საქართველოს დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპის ქვეყნები უფრო მიმზიდველია და ამ ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 

ექსპორტი 

2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს სავაჭრო ბოიკოტი გამოუცხადა, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 18% იყო (154 მლნ აშშ დოლარი). ამის შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა და 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2%-მდე იყო (საშუალოდ 34 მლნ აშშ დოლარი წელიწადში). 

კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა აღდგა (2013 წ.), 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, რუსეთში საქართველოს ექსპორტი 487%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს კი საქართველომ რუსეთში 497 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 2.8%-მდეა. 

„2020 წლის პირველ კვარტალში „კოვიდ 19“-ის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია, მათ შორის– ვაჭრობაშიც. მარტში საქართველოს ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ხოლო იანვარ-მარტის ჯამური ექსპორტი 6%-ით არის შემცირებული“, – აღნიშნულია ანგარიშში, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში, ჯამში, 11.7%-მდე შემცირდა. 

2019 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 133 მლნ აშშ დოლარით. გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 244%-ით გაიზარდა, ანუ, ჯამში, 158 მლნ აშშ დოლარით. აქედან 110 მლნ რუსულ ბაზარზე მოდის. 

„ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე ძირითადად კახეთის მოსახლეობაა დამოკიდებული და ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ზარალიც დიდწილად მათ აწვებათ, როცა ბევრ ოჯახს შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ გააჩნია“, – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ხაზს უსვამს, რომ ღვინის ექსპორტის ასეთი მაღალი დამოკიდებულება რუსეთზე პოლიტიკური რისკების მატარებელია. 

2019 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ღვინის (133 მლნ აშშ დოლარი) გარდა ასევე, მსხვილი საექსპორტო პროდუქცია იყო: ფეროშენადნობები – 115 მლნ აშშ დოლარით, მინერალური და მტკნარი წყლები – 61 მლნ აშშ დოლარით და სპირტიანი სასმელები – 35 მლნ აშშ დოლარით. ამ 4 პროდუქტზე საქართველოდან რუსეთში გატანილი მთლიანი ექსპორტის 69% მოდის. 

2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მნიშვნელოვანი კლება (-37%) ფეროშენადნობების ექსპორტშია. შემცირდა ღვინის, მინერალური და მტკნარი წყლების და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. 

იმპორტი 

ორგანიზაციის თქმით, საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს: უფრო მეტი პროდუქცია შემოაქვს, ვიდრე გააქვს. 2019 წელს რუსეთიდან იმპორტმა 976 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საქართველოს მთლიანი იმპორტის 11%). 

რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (20%) ბენზინს უჭირავს, შემდეგ კი მოდის ხორბალი – 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან 91 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი შემოიტანა. ამ მონაცემებით საქართველოში სასურსათო მოხმარებაში ხორბლის 70%-მდე რუსეთზე მოდის. თუმცა 2015 წელთან შედარებით, როცა რუსული ხორბლის წილი 82%-ს აღწევდა, შემცირების ტენდენცია აღინიშნება.
 
„2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 72 ათასი ტონიდან 87 ათას ტონამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში იმპორტირებული ხორბლის 100% რუსული ხორბალი იყო“, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

„რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის. 

ამის დამადასტურებელი ის მოვლენებია, რომლებიც რამდენიმე კვირაა რუსული ხორბლის გარშემო მიმდინარეობს. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო რუსეთმა საკუთარი ხორბლის ექსპორტი მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ფაქტობრივად შეაჩერა“, – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. 

ტურიზმი 

კიდევ ერთი მიმართულება, სადაც საქართველო ბოლო წლებში რუსეთზე ზედმეტად დამოკიდებული გახდა, ტურიზმია. 2019 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან ტურიზმი 31%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან ტურიზმში მისმა წილმა 18%-ს მიაღწია. თუმცა, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და პირდაპირი ფრენების შეჩერება ამ მაჩვენებელზე მკვეთრად აისახა. 2019 წელს რუსი ვიზიტორების რაოდენობა 4.8%-ით მაინც გაიზარდა (წლის პირველი ნახევრის ხარჯზე) და, ჯამში, 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა, მისი წილი 15.7%-მდე შემცირდა. 

2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით შემცირდა – 82 ათასით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში.

„კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას აუკრძალავდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 700 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავდა. თუმცა, ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილი საზღვრები, საუკეთესო შემთხვევაში, 2020 წელს საქართველოს ტურიზმიდან ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დააკარგვინებს“, – ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ პროგნოზი. 

ფულადი გზავნილები 

რუსეთიდან ფულადი გზავნილები ბოლო წლებში მცირდება. ეს ფაქტიც იმის დადასტურებაა, რომ რუსეთის ეკონომიკას საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას და ქვეყანაში შემოსავლები მცირდება, აგრეთვე, ქართველები ადრე თუ მასობრივად მიდიოდნენ რუსეთში, ბოლო წლებში ევროპის, ისრაელის თუ ამერიკის მიმართულებით გაიზარდა მიგრაცია. 

იმის მიუხედავად, რომ რუსეთიდან გადმორიცხული ფულის წილი მთლიან გზავნილებში მცირდება, ორგანიზაციის თქმით, 2019 წელს გადმორიცხული 429 მლნ აშშ დოლარი (საქართველოს მშპ-ის მიმართ 2.3%) მნიშვნელოვანი თანხაა. 

2016-2018 წლებში რუსეთიდან ფულადი გზავნილები დაბალი ტემპით იზრდებოდა, 2019 წლიდან კი მან კლება დაიწყო. 2019 წელს რუსეთიდან გზავნილები 6.2%-ით (11 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა. 

2020 წელიც რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებით დაიწყო: იანვარში 5.2%-ით შემცირდა, თებერვალში – 9.3% ით, ხოლო მარტში – 28.3%-ით. მარტის სტატისტიკაზე პანდემიის გავრცელების ეფექტი აშკარად იგრძნობა. 

„თუმცა საინტერესოა, რომ ყველა ქვეყნიდან ჯამური გადმორიცხვები მარტში 9%-ით შემცირდა, რაც რუსეთისგან დაფიქსირებულ კლებაზე 3-ჯერ ნაკლებია. მარტში რუსეთის წილმა საქართველოს ფულად გზავნილებში 20.2% შეადგინა, როცა 2019 წლის მარტში ის 25.5% იყო. იანვარ-მარტში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 15%-ით (14.4 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა. ამავე პერიოდში რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებში 21% იყო“, – წერს ორგანიზაცია. და ამ ერთგვარ მოდელირებასაც აკეთებს:
„კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება ფულადი გზავნილების სრუ¬ლად შეწყვეტას მოახერხებდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარს დაკარგავდა. თუმცა ეს ძალიან არარეალური სცენარია, რადგან ამ შემთხვევაში ემიგრანტები სხვა გზით გამოგზავნიდნენ ფულს. 

რუსეთში გამომუშავებული თანხის საქართველოში გადმორიცხვის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მასობრივი დეპორტაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, მათი დეპორტაცია ფაქტობრივად შეუძლებელია“. 

დასკვნები და რეკომენდაციები 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილებისა და რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მეშვეობით დაახლოებით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 9%-ია. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მიაჩნია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა, რუსეთზე ამ მასშტაბის დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოების მხრივ სერიოზული პრობლემაა. 

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშნვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს: 

• პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით – ღვინის ექსპორტის მიმართულებით; 

• პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აქტიურად დაეხმაროს ბიზნესსექტორს. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას; 

• წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ; 

• პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი შედეგიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა იყოს. 

ამ სიტუაციაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეკომენდაციები საყურადღებოა. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საეჭვოა დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკა აწარმოოს. ყოველ შემთხვევაში, 2012 წლიდან მოყოლებული, როცა მთავარ სავაჭრო პარტნიორებში რუსეთი მხოლოდ მე-6 ადგილს იკავებდა და მთელ საგარეო ვაჭრობაში 5.1% ეკავა, ბოლო წლებში 11%-ს აჭარბებს და საგარეო ვაჭრობაში მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. 

თემურ იობაშვილი