ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
რა ელის ტურიზმს კორონა ვირუსის პირობებში? - №1(62), 2020
რა უნდა გაითვალისწინოს ქართულმა ტურიზმმა, რომ ახალ რეალობას მოერგოს 

ბოლო წლებში საქართველო სულ უფრო მეტად ხდებოდა ტურიზმზე დამოკიდებული. „თიბისი რისერჩის“ კვლევის მიხედვით, 2019 წელს ტურიზმის შემოსავლების ფარდობამ მშპ-სთან საქართველოში 21%-ს მიაღწია, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, კორონა ვირუსის პანდემიის მთელ მსოფლიოში ტურიზმის გაჩერების გამო საქართველო განსაკუთრებულად დაზარალდა. სამწუხაროდ, პროგნოზების მიხედვით, სტაგნაცია ტურიზმის სფეროში კიდევ კაი ხანს გაგრძელდება და ტურიზმში დასაქმებული ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. 

თავის მხრივ, თვითონ ტურისტული სექტორის დივერსიფიკაციაა საინტერესო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების მხრივ საქართველო ყველაზე მეტად ტურიზმით არის დამოკიდებული რუსეთზე. 

2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯეს. საქართველოს ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში რუსი ვიზიტორების წილმა მაქსიმალურ – 16%-იან მაჩვენებელს 2018 წელს მიაღწია. 2019 წლის ივლისიდან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, რუსეთის წილი საქართველოს ტურიზმში 15.7%-მდე შემცირდა. პანდემიის გავლენაც რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლას მნიშვნელოვნად დაეტყო. 2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით, ხოლო წილი 13%-მდე შემცირდა. 

ასეთი წინაპირობის არსებობით, როდესაც ქვეყანა ტურისტებზეა დიდად არის დამოკიდებული და თავად ტურისტების უდიდესი რაოდენობაც რუსეთიდან შემოდის – მდგომარეობის სირთულე უფრო კარგად ჩანს. 

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა მოხდა, რაც 17.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

2020 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883.8 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2%-ით არის შემცირებული. აქედან 765.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.2 პროცენტით ნაკლებია. 

2020 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 197.2 ათასი ვიზიტორი, შემოვიდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.3 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 7.3%-იან კლებას 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, – აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში. 

არასახარბიელო მომავალი 

ყველა ტურისტული ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მალე მოახერხონ ვიზიტორების მიღება და პარალელურად, ტურიზმიდან მისაღები შემოსავლები სხვა წყაროებით ჩაანაცვლონ. ასე მოუწევს საქართველოსაც. „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე Covid-19-ის ზეგავლენას ეხება, 2020 წელს ტურიზმის შემცირების სამი სცენარია განხილული.  

ანგარიშის ავტორებს ეკონომიკის აღდგენის სამი სცენარი აქვთ განხილული – სწრაფი აღდგენა; საბაზო; გვიანი აღდგენა. 

სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ტურიზმი წელს მხოლოდ 55%-ით შემცირდება. საბაზო სცენარით – 65%-იან კლებას ვარაუდობენ, ხოლო ეკონომიკის გვიანი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ქვეყნის ტურიზმის 80%-იან ვარდნას გარდაუვლად მიიჩნევენ. 

არცთუ ოპტიმისტურად გამოიყურება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) განცხადება. ორგანიზაციამ ტურიზმის გადარჩენის სამი შესაძლო სცენარი გამოაქვეყნა. 

პანდემიის გამო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 22 პროცენტით არის შემცირებული. ყველაზე მკვეთრი, 57-პროცენტიანი კლება მარტში დაფიქსირდა, როცა მსოფლიო საყოველთაო კარანტინმა მოიცვა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურისტულმა ბიზნესმა 67 მილიონი ტურისტი და დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 

UNWTO-ს მთელი წლის პროგნოზით, ტურისტების რიცხვის 60-80 პროცენტით კლებაა ნავარაუდები. ამით ყველაზე მეტად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი იზარალებს, რომლის ქვეყნების უმეტესობის განვითარება, მეტწილად სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული. 

საერთაშორისო ტურიზმის ახალი რეალობა ხდება სოციალური დისტანციის დაცვა, რაც მგზავრთა გადაყვანას, პლაჟებს, მუზეუმებს, რესტორნებსა და კაფეებს, სპორტულ ღონისძიებებს, კონცერტებს და უამრავ სხვა სფეროს შეეხება. აუცილებელი ხდება დაცვის ინდივიდუალური საშუალებების და დეზინფექციის გამოყენება.
 
UNWTO-ს სამივე სცენარი, დიდწილად ქვეყნების მიერ, კარანტინის გაუქმებაზე იქნება დამოკიდებული. ამჟამად საზღვრები სრულადაა ჩაკეტილი და შესაბამისად, ტურიზმი მთლიანად არის გაჩერებული. თუმცა, ქვეყნები უკვე იწყებენ საზღვრების გახსნას. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის, შიდა მიმოსვლა 15 მაისს განახლდება. ავიაკომპანიები ნელ-ნელა იწყებენ რეისების განახლებას. 

პირველი სცენარის მიხედვით, საერთაშორისო საზღვრების გახსნა და მასთან ერთად, მგზავრობაზე შეზღუდვების მოხსნა, ივლისიდან დაიწყება. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 58 პროცენტით დაიკლებს. 
მეორე სცენარის შესაბამისად, საზღვრების გახსნა და საერთაშორისო მგზავრობა სექტემბერში დაიწყება. ამ შემთხვევაში, წლის განმავლობაში ტურისტების რიცხვი 70 პროცენტით შემცირდება. 

ყველაზე უარესი სცენარის შესაბამისად, საზღვრების გახსნა და მგზავრობის განახლება დეკემბერზე ადრე არ მოხდება და ამ შემთხვევაში, ტურისტების რაოდენობა 80 პროცენტით შემცირდება. 

ამ სამი სცენარის შესაბამისად, საერთაშორისო ტურისტული ბიზნესი, 850 მილიონიდან 1.1 მილიარდამდე ტურისტს დაკარგავს. შესაბამისად, ქვეყნები 100-120 მილიონ სამუშაო ადგილს და 1.2 ტრილიონ დოლარამდე შემოსავალს დაკარგავენ. 

საქართველოს მთავრობის გეგმა ტურიზმთან მიმართებაში 

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ტურიზმისთვის ანტიკრიზისული გეგმა მოითხოვს 200 მილიონი ლარის ბიუჯეტს და ამდენივეა გამოყოფილი. მინისტრის განცხადებით, ამ ბიუჯეტში ყველაზე წონადი საგადასახადო შეღავათებია – 135 მილიონ ლარი. 

თურნავას განცხადებით, ტურიზმის სექტორში არსებული ქვედარგები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.
 
მინისტრმა ყურადღება გაამახვილი სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების სხვა შეღავათებზეც: 

„სასტუმროებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდეა, მოვახდენთ მათი საბანკო სესხის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება“. 

მინისტრის თქმით, მთავრობა ამ სექტორს ასევე დაეხმარება ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირებით და ასევე მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაშიც დავეხმარებიან. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გლობალური დაჯავშნის სისტემის ფარგლებში, ტურისტულ კომპანიებს აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას. 

„საბანკო გარანტიების პროცენტები, ამ პერიოდში, როდესაც ტურიზმი გაჩერებულია, მძიმე ტვირთად აწვება ტურისტულ კომპანიებს, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება: ისევე როგორც ვეხმარებით სასტუმროებს – ვუსუბსიდირებთ საბანკო პროცენტს, აქაც ანალოგიური მექანიზმით 6 თვის განმავლობაში საბანკო გარანტიის პროცენტს დავუსუბსიდირებთ“, – განაცხადა თურნავამ. 

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ასევე დაეხმარებიან გიდებს, რომ ხელი შეუწყონ მაღალი სტანდარტების დანერგვას, ასევე დაეხმარებიან დასაქმების პროგრამით. 

სექტორის მოლოდინი 

პესიმისტურად არიან განწყობილი სასტუმროების მფლობელები, ვისი საქმიანობაც პირდაპირ არის ტურისტებზე დამოკიდებული და რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად გაჩერებულები არიან. შესაბამისად, შემოსავალი აღარ მიუღიათ.
 
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი: 

„ამ ეტაპზე ჩვენი სექტორი თითქმის გაჩერებულია და 2020 წელი იქნება გადარჩენის წელი, რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის მაისამდე ამ სექტორში მოგების გენერირება არ იგეგმება. რა თქმა უნდა, მთავრობის სამოქმედო გეგმა ტურიზმის დასახმარებლად კარგია, მაგრამ გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელი ტურისტული სექტორისთვის დასრულდება მინუს 75%-ით 2019 წელთან შედარებით, 2021 წელი – მინუს 35%-ით იმავე 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით და მხოლოდ 2022 წელს დავუბრუნდებით კორონამდელ ნიშნულს“. 

ალავერდაშვილის თქმით, 2022 წლის ივნისამდე სექტორი საბანკო სესხებს ვერ გადაიხდის. ლაპარაკია 3 მილიარდზე, რომელიც ტურისტულ სექტორში იურიდიულ პირებზეა გაცემული და კიდევ 1,5 მილიარდი ლარი ფიზიკურ პირებზე. 

„ესენი არიან მცირე სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების მეპატრონეები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებსაც ბანკში ეს ქონება იპოთეკით აქვთ დატვირთული. ეს კატეგორია ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდა და ფაქტობრივად, დახმარების გარეშე რჩება. შესაბამისად, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ 2021 წლის ივნისამდე გადავადდეს საბანკო სესხები როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. ამისთვის კი საჭიროა 140 მილიონი დოლარის მობილიზება, რომ მხოლოდ პროცენტის გადახდა მოხდეს და ბანკებმა სესხების ერთი წლით გადავადება დაუშვან. ჩვენ სადმე უნდა ვიშოვნოთ 140 მილიონი დოლარი, იქნება ეს იაფი სესხი თუ დონორებისგან მოზიდული თანხა“, – ამბობს ალავერდაშვილი. 

მისი თქმით, წელს ევროპიდან ტურისტების შემოსვლა თითქმის გამორიცხულია. ამიტომ, ორიენტირი ტრადიციულ ბაზრებზე ასაღები, თუმცა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათთან ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგი იქნება. პირველ რიგში ლაპარაკია სომხეთზე და აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე, ასევე იმედოვნებს ისრაელიდან ტურისტების ჩამოსვლას. 

„ისრაელი ჩვენი დიდი და მტკიცე პარტნიორია. მათი ტურისტები არ აცხადებენ უარს საქართველოში წამოსვლაზე. პოზიტიური სიგნალები მოგვდის ასევე სამხრეთ კორეიდან და ტაილანდიდან. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, საიდანაც წელს ტურისტებს ველოდებით. სხვათა შორის, ეს შარშან ოქტომბერ-ნოემბერში გაყიდული ტურისტული პაკეტებია, რომლებიც ახლა უნდა ავითვისოთ“, – განაცხადა ალავერდაშვილმა. 

ტურისტების მასშტაბურ დაბრუნებას არ ელოდება ტურისტული კომპანია „ტრაფიკ-ტრეველის“ მმართველი ცოტნე ჯაფარიძე: 

„გასული ზამთარი ისედაც ცუდად დაიწყო. გახსოვთ, ალბათ, უთოვლობა საქართველოში და წყლის პრობლემები სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ცუდ სტარტს კორონაკრიზისი დაერთო. მართალია, 1 ივლისიდან ვიხსნებით საერთაშორისო ვიზიტიორებისთვის, მაგრამ არა მგონია, ვირუსით შეშინებული თუ ეკონომიკურად დაზარალებული ადამიანების დამოკიდებულება მოგზაურობის მიმართ უცებ მკვეთრად შეიცვალოს და ამისკენ მათ მხოლოდ საზღვრების გახსნამ უბიძგოს“. 

მისი თქმით, ხალხი ჩამოვა საზღვრების გახსნის შემდეგ, მაგრამ ამას ექნება ძალიან მცირე მასშტაბები. ამიტომ, ტურისტულ სექტორს საქართველოში თავიდან მოუწევს ფეხის ადგმა. 

„ერთია, რომ საქართველოს ექნება უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოგზაურებს ტრანზიტული ქვეყნების გავლაც უწევთ აქ ჩამოსასვლელად“, – ამბობს ჯაფარიძე. მისი თქმით, ელოდებოდნენ სტუმარს, რომელიც საქართველოში ნიუ-იორკის აეროპორტის გავლით უნდა ჩამოსულიყო. კორონავირუსის გამო ნიუ-იორკში ტრანზიტით გავლაც სარისკოა. 

„რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი პოლიტიკიდან და იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არსებობდეს, ჩვენი კომპანია საერთოდ არ მუშაობს რუსულ ბაზარზე. რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში ყოველთვის ჭარბობენ. ასე იყო ბოლო წლებშიც. ახლა ავიამიმოსვლა რუსეთთან შეზღუდულია, რაც აუცილებლად შეაფერხებს რუსი ტურისტების ჩამოსვლას, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში მძიმე ვითარებაა ვირუსის გავრცელების გამო და შესაბამისად იბადება კითხვა: როგორ უნდა მოხდეს ეფექტური ეპიდემიოლოგიური კონტროლი და რისკების დათვლა?“ – კითხვას სვამს „ტრაფიკ-ტრეველის“ მმართველი. 

რაც შეეხება მთავრობის დაანონსებულ შეღავათებს, ჯაფარიძის თქმით, ქონების გადასახადი შესაძლოა მნიშვნელოვანი დახმარება იყოს დიდი სასტუმროებისთვის, რომლებსაც დიდი თანხების გადახდა უწევთ ამ გადასახადის სახით, მაგრამ ტურისტული კომპანიების უმეტესობას დიდი ქონება არ აქვს. 

„ოფისს ვქირაობთ, დანარჩენი შესაძლოა იყოს სატრანსპორტო საშუალებები – ანუ ქონების გადასახადზე შეღავათი ტურისტული კომპანიებისთვის ვერ იქნება ის დახმარება, რომელიც `რესტარტში~ დაგვეხმარება. ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, რატომ არ გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან სექტორი წლის ბოლომდე“, – ამბობს ჯაფარიძე. მისი თქმით, ტურიზმის სტიმულირების პაკეტში არ არის დაკონკრეტებული, რაში უნდა დაიხარჯოს გიდებისა და ტურისტული კომპანიებისთვის გამოყოფილი 5 მილიონი ლარი. ასევე, კარგი იქნებოდა, განსაზღვრული დროის მანძილზე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულიყო ბიზნესი. 

ტურიზმის სექტორს მოუწევს სტრატეგიის შეცვლა 

ხელისუფლების გეგმის მიხედვით, საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება. მანამდე კი მთავრობა იმ ძირითად მიმართულებებს ასახელებს, რომელთა განვითარებასაც ტურიზმის მიმართულებით აპირებს. ესენია: 

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო-ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები და მთის კურორტები. საქართველოს მთის კურორტებისადმი ინტერესი უცხოელ ტურისტებში ნამდვილად არსებობს, ასევე უცხოელებს იზიდავს ღვინის ტურიზმი, რეკრეაცია, ტურისტები ჩამოდიან სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით. თუმცა, მთლიან ვიზიტორებში ასეთი დამსვენებლების წილი 50%-ზე ნაკლებია. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 7 725 800 უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, აქედან 3 359 600 – დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით, 135 900 – მკურნალობა/გაჯანსაღების მიზნით, რაც ჯამში მთლიანი ვიზიტორების 45,2%-ია. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მიზნობრივი ბაზრები შეიცვლება, პროდუქტებიც, შესაბამისად, ტურისტულ ინდუსტრიაში „რესტარტი“ იქნება. მისი თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან პრიორიტეტებიც გადაფასდება და თუ ადრე დიდ სასტუმროებზე გაცილებით მეტი დატვირთვა იყო, ახლა არჩევანი ეკო-გამაჯანსაღებელ, იზოლირებულ გარემოზე გაკეთდება. 

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მთავრობის გაკეთებული განცხადებები იყო დროული. იმიტომ, რომ ბიზნესი არ გაკოტრდეს და საკუთარი აქტივობები გარკვეულწილად შეინარჩუნოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზღვრის გახსნის სტრატეგიის მოსმენაც, რადგან კონკრეტული მოლოდინები გაჩნდეს და სექტორმა სამზადისი უკვე დაიწყოს. 

შენიშვნა მექნებოდა ის, რომ სესხების ნაწილში, ფიზიკური პირებიც გაითვალისწინოს სახელმწიფომ, რადგან მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო ბიზნესს ძირითადად ფიზიკურ პირზე აქვს სესხი და არა შპს-ზე~, – ამბობს სიდამონიძე. 

მისი თქმით, სანიტარიული გაიდლაინებიც უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესები და მასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, ტურიზმის დეპარ-ტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს კომუნიკაცია და მარკეტინგი. 

`ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, სადაც საერთაშორისო ტურიზმი აღდგება, ვფიქრობ, საკმაოდ აგრესიული და პროაქტიური მარკეტინგული გეგმაა საჭირო, სადაც კრეატიული, ინოვაციური მესიჯი გაჟღერდებოდა. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიო მასშტაბით. შეიცვლება ბიზნეს-მოდელი, სამომხმარებლო ქცევა, შესაბამისად მოთხოვნა. თუ აქამდე დიდ სასტუმროებში უფრო მეტი დატვირთვა იყო, ახლა იზოლირებულ აპარტამენტებზე იქნება მოთხოვნა და ამაზე მოგვიწევს ადაპტაცია. ამასთან, ძალიან ბევრი ქვეყანა დაიწყებს მწვანე ზონების გამოყოფას და მოგზაურობის დროს პრიორიტეტები შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი სიახლოვე იქნება ბუნებასთან, ჯანსაღ გარემოსთან, მით უფრო მოთხოვნადი იქნება. საერთაშორისო მოგზაურები გახდებიან უფრო ფრთხილები და გამაჯანსაღებელი ეკოტურიზმი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება“, – ამბობს მაია სიდამონიძე. 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელს ქვეყნის მშპ-ს 21%-ს შეადგენდა. ამ მოცულობის შემოსავლის დაკარგვა მართლაც უდიდესი დარტყმაა არათუ ცალკე აღებული ტურიზმისთვის და მასთან დაკავშირებული დასაქმებულებისთვის, არამედ, ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის. ახალი კორონა-რეალობა ბიზნესის მრავალი სახეობისთვის მოქმედების წესს ცვლის. ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, ვისაც სასწრაფოდ ადაპტაცია და ახალი თამაშის წესებით მოქმედება მოუწევს – ტურისტული სექტორია. ძალიან გაჭირდება ტურისტების მოზიდვა. თუმცა, ოპტიმისტი ადამიანისთვის ყოველი კრიზისი იმავდროულად ახალ შანსსაც ნიშნავს. ვუსურვოთ ქართულ ტურიზმს სირთულეების სწრაფად გადალახვა და ჩოვიდ-19 ვირუსისგან ჯანმრთელი ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოში მალე გამასპინძლება. 

თემურ იობაშვილი