ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - №1(62), 2020
საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმია, რომლის დროსაც იზღუდება ადამიანის უფლებები და იზრდება აღმასრულებელი შტოს უფლებამოსილებები. იგი დროებითი ღონისძიებაა, რომელიც ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მასობრივი არეულობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, სამხედრო გადატრიალება, ბუნებრივი კატასტროფა, ეპიდემია და მსგავსი შემთხვევები. სწორედ პანდემიის საფუძვლით იქნა შემოღებული საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 2020 წლის 21 მარტს. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაში მონაწილეობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, კერძოდ, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი. გადაწყვეტილების მიღების ძირითადი პრინციპი შემდეგია: პრემიერ-მინისტრი ახდენს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიცირებას, პრეზიდენტი – ამ გადაწყვეტილების ხელმოწერას (პრემიერ-მინისტრთან ერთად), რის შემდეგაც იგი მტკიცდება პარლამენტის მიერ. საგანგებო მდგომარეობის დროს, შესაძლებელია, შეიზღუდოს ან შეჩერდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე შემდეგი უფლება: ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება და შრომის თავისუფლება. ყველა მათგანი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელთა რეალიზაცია არსებითია ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის დროს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას. ერთი შეხედვით არსებობს წინააღმდეგობა – სახელმწიფოს უფლება აქვს, შეუზღუდოს პირს საჯარო სივრცეში თავშეყრა, მეორეს მხრივ, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, აუკრძალოს პირს რელიგიის გამოხატვის უფლება ტაძარში. ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, საჯარო სივრცეში თავშეყრის შეზღუდვა შეეხება, მათ შორის, ტაძრებში თავშეყრასაც, რაც არ უნდა მივიჩნიოთ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვად, რადგან რწმენის გამოხატვა უფრო მეტია, ვიდრე ტაძარში თავშეყრა და მოიცავს ადამიანის უფლებას, იყოს ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარი, გამოხატოს რელიგია ქადაგებით, საკულტო რიტუალებში მონაწილეობით ან სხვა გზით, რაც აუცილებლად არ მოითხოვს ტაძარში თავშეყრას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის უფლებები ამით არ ამოიწურება. კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას, დამატებით, ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებებს საგანგებო მდგომარეობის ვადით და საგანგებო მდგომარეობის ტერიტორიაზე: 

– გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, აკრძალონ კრებები, მიტინგები, გაფიცვები, მასობრივი ღონისძიებების მოწყობა, გააკონტროლონ მასმედია, შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესი, შეზღუდონ თავისუფალი გადაადგილება, აკრძალონ საცხოვრებელი ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება ნებართვის გარეშე, შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა, დააწესონ კომენდანტის საათი, კარანტინი და გაატარონ სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეამოწმონ და გაჩხრიკონ მოქალაქეები, მათი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები, დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან (დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფით); 

– შეცვალონ სახელმწიფო საწარმოების წარმოებისა და მიწოდების გეგმები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, გადააყენონ სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები და დანიშნონ სხვა პირები, შეზღუდონ დასაქმებულების განთავისუფლება ასეთი საწარმოებიდან, გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების პრევენციის და ლიკვიდაციისთვის;
 
– გამოიყენონ კერძო იურიდიული და ფიზიკური პირის ქონება და მატერიალური საშუალებები საგანგებო ვითარების შედეგების პრევენციის და ლიკვიდაციისთვის, სათანადო ანაზღაურებით საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, ჩააბან მოქალაქეები საწარმოების, დაწესებულების და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფით;

– არ დაუშვან მოქალაქეთა მიერ სამხედრო ფორმირებების შექმნა, დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ხოლო ორგანიზაციებს – სამხედრო ტექნიკა, რადიაქტიული და სხვა მავნე ნივთიერებები, შეზღუდონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური, შხამიანი, სპირტიანი სასმელებით და სპირტის შემცველი სხვა ნივთიერებებით ვაჭრობა. 

აუცილებელი არ არის სახელმწიფომ ყველა ზემოაღნიშნული შეზღუდვა და ღონისძიება ერთდროულად აამოქმედოს. როგორც წესი, საგანგებო მდგომარეობის დროს მხოლოდ ზოგიერთი უფლება იზღუდება საჭიროების პროპორციული მოცულობით და ვადით. საგანგებო მდგომარეობის დროს სირთულე, სწორედ, გონივრული ბალანსის დაცვაში მდგომარეობს: სახელმწიფომ მოკლე დროში და შეზღუდული ინფორმაციის ფონზე უნდა გადაწყვიტოს, რომელი უფლებები უნდა შეიზღუდოს, რა მოცულობით და რა ვადით. შედარებით მარტივი (და კრიზისულ ვითარებაში გასაგები) მიდგომაა, შეზღუდო უფლებების და ეკონომიკური აქტივობის უმრავლესობა და შემდგომ, პერიოდულად, შეამსუბუქო შეზღუდვები. ამ მოდელს იზიარებს სახელმწიფოთა უმრავლესობა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ. 

საგანგებო მდგომარეობის დროს საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების არარსებობის გამო საქართველოს შრომის კოდექსი აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების მიმართ. დამსაქმებელს, რეალურად, ორი არჩევანი აქვს: ან გაათავისუფლოს დასაქმებული თუ არსებობს ობიექტური გარემოება ან მოელაპარაკოს დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობების შესახებ (ხელფასის შემცირება, უხელფასო შვებულების გამოყენება ან სხვა). თუ დასაქმებული უარს განაცხადებს მოლაპარაკებაზე, მაშინ დამსაქმებელი შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
 
კანონის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს არ ტარდება არჩევნები, ხოლო კონსტიტუციაში ცვლილების პროექტის განხილვა ჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე. აღნიშნული ჩანაწერი განსაკუთრებით რელევანტურია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. არჩევნების გადადების საკითხზე მმართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა რაიმე ოფიციალური განცხადება, თუმცა აღნიშნული დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიასთან მიმართებით. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში პირველად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯანდაცვის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. 

საქართველოს უახლოეს ისტორიაში საგანგებო მდგომარეობა რამდენჯერმე იქნა შემოღებული: 

2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკავშირდებოდა სახალხო დემონსტრაციებს, რომელიც დასრულდა ვარდების რევოლუციით. ბრძანებულება არ ითვალისწინებდა, რომელი უფლებები შეიზღუდა ან რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. საგანგებო მდგომარეობა ძალადაკარგულად გამოცხადდა იმავე წლის 24 ნოემბერს. 

2006 წლის 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე ფრინველის გრიპის შემთხვევის გამოვლენის გამო. სახელისუფლებო ორგანოებს უფლება მიეცათ ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განეხორციელებინათ ისეთი მოქმედებები, როგორიცაა მოსახლეობისთვის და საწარმოებისათვის ფრინველის ჩამორთმევა და განადგურება, განსაკუთრებული რეჟიმის დაწესება იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ეწეოდნენ ფრინველისა და მისგან წარმოებული პროდუქტების წარმოებას, გარეულ ფრინველებზე ნადირობის აკრძალვა, მოსახლეობისთვის სანადირო იარაღის დროებით ჩამორთმევა, ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, დეზობარიერების მოწყობა და სხვა ღონისძიებების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 ოქტომბრამდე. 

პოლიტიკური კრიზისის და სახალხო პროტესტის გამო საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2007 წლის 7 ნოემბერსაც. დეკრეტის მიხედვით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის უფლება, შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის და გაფიცვის უფლება. აგრეთვე, შეჩერდა ყველა ტელე და რადიომაუწყებლის მუშაობა და დაწესდა ინფორმაციის მიღება და გავრცელება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა 16 ნოემბერს. 

საგანგებო მდგომარეობა უკანასკნელად გამოცხადდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, 2008 წლის 3 სექტემბრის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომლის საფუძველზე გაუქმდა მანამდე მოქმედი საომარი მდგომარეობა და მის ნაცვლად დაწესდა 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში. 
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოცხადდა `კოვიდ-19~-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის ბრძანებით, რომლის თანახელმომწერია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რომელიც იმავე დღეს დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ. იმავე დღეს პრეზიდენტმა გამოსცა დეკრეტი, რომლითაც შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები. დეკრეტი უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას, რომ დეკრეტით დადგენილ ფარგლებში და საგანგებო მდგომარეობის ვადით, შემოიღოს კონკრეტული რეგულაციები, შეზღუდვები და აკრძალვები. 

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 23 მარტს მიიღო დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარე¬ბელი ღონისძიებების შესახებ. საგანგებო მდგომარეობის რეგულირების საკითხის პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის დელეგირებამ, გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა – პრეზიდენტმა, ერთგვარად, გადააკისრა თავისი მოვალე¬ობები სხვა ორგანოს, მაშინ როცა იგი უნდა მონაწილეობდეს საგანგებო მდგომარეობის რეგულირების პროცესში. მეორე მხრივ, საგანგებო მდგომარეობის დროს გარემოებები სწრაფად იცვლება და არსებობს საჭიროება, რომ რეგულირება სიტუაციის ადეკვატური იყოს. განუწყვეტელი რეგულირების საჭიროებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მიღების დღიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებაში თითქმის ყოველდღე შედის ცვლილებები, ემატება ახალი წესები ან უქმდება არსებული შეზღუდვები. ვინაიდან ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებაა მთავრობა, რომელსაც გააჩნია სათანადო ადამიანური რესურსები და ინფორმაციასთან წვდომა, ლოგიკურია, რომ კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილების ძირითადი მიმღები პირი სწორედ მთავრობა იყოს. 

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის ვადით საქართველოში შეჩერდა ეკონომიკური საქმიანობა გარკვეული გამონაკლისების გარდა. გამონაკლისები, პირობითად, შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს: 

გამონაკლიების პირველ კატეგორიაში შედის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობები, როგორიცაა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა, ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, სურსათისა და ცხოველის საკვების წარ-მოება/დისტრიბუცია, სურსათის ე.წ. დელივერი სერვისი, ნავთობის და გაზის მოპოვება, საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობა და სხვა. აღნიშნული, მეტად შეზღუდული ჩამონათვალი დადგენილების მიღების საწყის ეტაპზე ფიგურირებდა. მომდევნო დღეებში ნათელი გახდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვა ობიექტურად შეუძლებელი იყო, რის გამოც დაწესდა სხვადასხვა გამონაკლისები. 

გამონაკლისების მეორე კატეგორია შეეხება კონკრეტულ მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნ-ქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. ასეთი მეწარმე სუბიექტების შემადგენლობაში შედიან კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ქვანახშირს (შპს „საქნახშირი“), მოიპოვებენ ფერად ლითონს (სს „RMG Copper“ და სხვა), აწარმოებენ ცემენტს (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და სხვა), ახორციელებენ საჰაერო ტრანსპორტირებას (შპს „ტავ ურბან საქართველო“), ელექტროენერგიის გადაცემა/ მშენებლობას, პირბადეების კერვას და სხვა. ამ კატეგორიაში მოცემულია მსხვილი მწარმოებლები, რომელთა საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. თუმცა, კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ეს კომპანიები მოექცნენ საგამონაკლისო კატეგორიაში, არ არის ცხადი. 
საგამონაკლისო საქმიანობის მესამე კატეგორია შეეხება ეკონომიკურ საქმიანობებს, რომლებსაც შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობა. სია მოცულობითია და მოიცავს ისეთ საქმიანობებს როგორიცაა, მაგალითად, შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის), IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად), საკონსულტაციო საქმიანობები (დისტანციურად) და სხვა. დისტანციურად მუშაობა მხოლოდ მოგვიანებით გახდა შესაძლებელი, რომლის შეზღუდვამ, თავის დროზე, დაბნეულობა გამოიწვია. 

დადგენილება ცალკე გამოყოფს საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობების ისეთ სახეობებს, როგორიცაა სამაცივრე მეურნეობები, საბაჟო საწყობები, ცხოველთა სასაკლაოები, სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები, სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები, სასათბურე მეურნეობები და საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა, რომლის განმახორციელებელ მეწარმე სუბიექტებსაც ასევე არ ეზღუდებათ საქმიანობა. საქმიანობების ამ კატეგორიის ცალკე გამოყოფა, როგორც ჩანს, ემსახურება იმას, რომ არ შეიზღუდოს სურსათის წარმოება ქვეყანაში და არ შეიქმნას დეფიციტი. ამ მხრივ აღსანიშნავია ზოგიერთი ქვეყნის კონკურენციის სამართლის მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური განმარტება, რომ საჭიროების შემთხვევაში სურსათის, სადეზინფექციო საშუალებებისა და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტების/მომსახურების მიმწოდებლებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთთან ითანამშრომლონ საერთო წარმოების/დისტრიბუციის მიზნით, რათა ბაზარზე არ შეიქმნას შესაბამისი პროდუქტის და მომსახურების დეფიციტი. 

კიდევ ერთი ცალკე საგამონაკლისო კატეგორია, დადგენილების მე-4 დანართით გათვალისწინებული საქმიანობების ფარგლებში, არიან უცხოური საწარმოების ფილიალები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგალითად, თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა, ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა და სხვა. გამონაკლისების აღნიშნული კატეგორია აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ სახელმწიფომ საბიუჯეტო ხარჯების მიმართვით ხელი შეუწყოს ერთო¬ბლივი მოთხოვნის ზრდას ქვეყანაში. 

გამონაკლისების ზოგადი კატეგორიაა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად. დადგენილება აკონკრეტებს, რომ დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობს, თუმცა, კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, დისტანციური მუშაობა, ასევე გულისხმობს სამუშაო ადგილიდან მუშაობასაც (სამსახურიდან, ოფისიდან), მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არა უმეტეს 5 ადამიანისა. დადგენილება არ განმარტავს რას ნიშნავს ასეთ დროს კრიტიკულად აუცილებელი შემთხვევა ან როგორ უნდა შეამოწმოს სამართალდამცავმა ორგანომ, რომელსაც კანონის აღსრულება ევალება, რომ ოფისში იურისტის, ბუღალტერის ან IT სპეციალისტის ყოფნა კრიტიკულად აუცილებელია თუ არა. 

დადგენილებით დამტკიცებული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის 3 აპრილის განცხადების მიხედვით, მეწარმე სუბიექტებს, სამშენებლო კომპანიებს, აგრეთვე, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის კომპანიებს, რომლებსაც დადგენილებით შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, უფლება აქვთ, რომ მიმართონ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის – თბილისის მერიას. საინტერესოა, რომ თავად დადგენილება ამგვარ გამონაკლისს არ ითვალისწინებს და, როგორც ჩანს, მთავრობა განცხადებებს საქმიანობის დაშვებაზე ინდივიდუალურად და წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების გარეშე განიხილავს. მეტი სიცხადისათვის, კარგი იქნებოდა გამონაკლისად მიკუთვნების წესი, შემოწმების ფარგლები და ვადები თავად დადგენილებით ან ცალკე აქტით ყოფილიყო მოწესრიგებული. 

დადგენილება კრძალავს ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, აგრეთვე სპირტიანი სასმელისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციობას, ხოლო რესტორნების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ე.წ. „დრაივის“ მომსახურებით. სურსათის მწარმოებლები, მიტანის სერვისის პროვაიდერები და საცალო/საბითუმო მოვაჭრეები ვალდებული არიან, დაიცვან დამატებითი მოთხოვნები, მაგალითად, სურსათის მწარმოებლებმა უნდა დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები, პერსონალმა უნდა გამოიყენოს პირბადე და ხშირად დაიბანოს ხელი, საცალო მოვაჭრეებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა დისტანცია (არა ნაკლებ 2 მეტრი), ხოლო მიტანის სერვის-პროვაიდერებს უნდა გააჩნდეთ პირბადე, ხელთათმანი, და სხვა. 

შეზღუდვები დაწესდა კერძო საკუთრებაზეც, მაგალითად, პირები, რომლებიც ფლობენ სასტუმროებს, ასრულებენ საჰაერო გადაყვანას ან ახორციელებენ საავტომობილო ტრანსპორტირებას, ეკონომიკის მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, შეასრულონ რეისი საქართველოს მოქალაქეთა ჩამოყვანისთვის, გადაიყვანონ მგზავრები საკარანტინე ზონებში საქართველოს მასშტაბით ან გამოყონ სასტუმრო სავალდებულო კარანტინისთვის. 

გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, დადგენილებით მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდა საჯარო თავშეყრაზე, კერძოდ, აიკრძალა საჯარო სივრცეში 3 პირზე მეტი რაოდენობით შეკრება. გამონაკლისის სახით 3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა დასაშვებია საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, აგრეთვე, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

შეზღუდვები დაწესდა გადაადგილებაზეც, მაგალითად, შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (გარდა ჩარტერული რეისებისა), სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, M2 (მაგ. მიკროავტობუსი) და M3 (მაგ. ავტობუსები) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და სხვა. აკრძალვა არ შეეხება პირადი ავტომობილით ან ტაქსით გადაადგილებას. თუმცა, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება. ვინაიდან დადგენილება ითვალისწინებს გამონაკლისს ტაქსით გადაადგილებაზე, შეიძლება გონივრული იყოს მიკროავტობუსითა და ავტობუსით გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნაც, თუ დაცულ იქნება სათანადო პირობები (მაგალითად, სოციალური დისტანცირება, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა და სხვა). 

დადგენილების მიხედვით, 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს აეკრძალათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა სამედიცინო მომსახურების ან სურსათის/ფარმაცევტული პროდუქტის შეძენისას სახლის დატოვების შემთხვევაში. საგანგებო მდგომარეობის ვადით ყველა პირს აეკრძალა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. დადგენილებით, ასევე შეიზღუდა საგანმანათლებლო პროცესი (გარდა დისტანციური სწავლებისა) და ყველა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიება. 

საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს გაცხადებული გეგმის მიხედვით, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება 2-კვირიანი შუალედებით. მაგალითად, 2020 წლის 27 აპრილიდან დაშვებული გახდა დისტანციური (ე.წ. „ონლაინ“) ვაჭრობა (სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანისა), ტაქსით გადაადგილებით მომსახურება (მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით), ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა და მიტანის მომსახურება (ე. წ. „დელივერი სერვისი“). 

შეზღუდვებთან ერთად გასათვალისწინებელია მთავრობის მიერ მიღებული ზომები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისკენ, მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის განკარგულების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ და მხოლოდ სამშენებლო მასალების ხარჯის ზრდის დაფინანსების მიზნით დასაშვები გახდა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებების ფარგლებში დამატებითი 10% ან 20%-ის ფარგლებში. ეს ინიციატივა საკმაოდ მნიშვნელოვანია მეწარმე სუბიექტების წახალისებისთვის, რომ არ შეწყვიტონ ინფრასტრუქტურული პროექტები. 

სხვა შეღავათებთან ერთად, გასათვალისწინებელია 2020 წლის 19 მარტს დამტკიცებული თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობისთვის. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას (რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებულ სესხზე მომდევნო 6 თვის პერიოდზე) იმ პირობით, თუ ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის ეროვნულ ვალუტაში დამტკიცებული სესხის ოდენობა არ აღემატება ერთ მილიონი ლარს, აშშ დოლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში – სამასი ათას აშშ დოლარს, ხოლო ევროში დამტკიცებული სესხი – ორას ორმოცდაათ ათას ევროს. 

მთავრობის დადგენილებით, აგრეთვე, შეჩერდა ზოგიერთი ადმინისტრაციული წარმოების ვადა, მაგალითად, საგზაო უსაფრთხოების სფეროში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვადები, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვადა, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადა, საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადები, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები და სხვა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად დაწესდა ასეთი მასშტაბური შეზღუდვები ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, რომლებმაც გადაიარეს ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი, უკვე დაიწყეს საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული რეგულაციების შემსუბუქება, საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს გამოცხადებული გეგმა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ დროული და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. 

ბაქარ ფალავანდიშვილი