ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
რუსთავში ახალი საწარმოები ამუშავდება - №2(63), 2020
რა იწარმოება უცხოური ინვესტიციებით შექმნილ ორგანიზაციებში 

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის პერიოდში, რუსთავში მსხვილ და საშუალო საწარმოებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ. უკვე არსებული საწარმოებისა და ქარხნების გვერდით კი ქალაქის სამრეწველო ზონაში, სამი ახლის მშენებლობაც კი დაიწყო. მათგან ერთ-ერთი – კომპანია POLIVIM-ის პლასტმასის ნარჩენების აღმდგენი და პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამამუშავებელ საწარმოა, რომლის მშენებლობაც ივლისში დაიწყო. 

ე.წ. ჭყონდიდელის დასახლებაში, სადაც რამდენიმე მსხვილი ქარხანაა განთავსებული, "პოლივიმმა" მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაასრულა. 

ახალი საწარმო მეორადი ბოთლის გადამუშავებით მიღებულ პოლიეთილენ-ტერეფტალატის ფანტელებს მოიხმარს, ხოლო საბოლოო პროდუქციის სახით, პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს გამოუშვებს. მსგავსი პროფილის საწარმო, საქართველოს მასშტაბით პირველი იქნება. 

ქარხანა მთლიანად უცხოური, კერძოდ ირანული ინვესტიციით შენდება. ინვესტიციის საერთო ოდენობა 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

„სინთეზური ბოჭკო ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და ამ და სხვა მონათე¬სავე დარგებისთვის ნედლეულს წარმოადგენს. ჩვენ მიერ ჩატარებული ხანგრძლივი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მხარდაჭერით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხოლოდ ქალაქ თბილისში ყოველთვიურად ნაგავსაყრელებზე იგზავნება და კონსერვირდება დაახლოებით 750 ტონა პლასტმასის ბოთლი. ჩვენი საწარმოს თავდაპირველი წარმადობა კი გაანგარიშებულია 800 ტონა ასეთი ნედლეულის გადამუშავებაზე მრავალფუნქციური სინთეზური ბოჭკოს მისაღებად. შესაბამისად, ჩვენი მხარე სრულად მოახერხებს არსებული პლასტმასის მეორადი ბოთლის შესყიდვას, ნაცვლად მისი ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირება-დაკონსერვებისა“, – განაცხადა შპს „პოლივიმის“ დირექტორმა ქამრან ფარიზადიმ.
 
მისივე თქმით, პროცედურულად მოხდება მიღებული ბოთლის მასალის რეციკლირება, კერძოდ სპეციალური მანქანა-დანადგარების მეშვეობით მათი სორტირება, დაქუცმაცება, გარეცხვა და ე.წ. ფანტელების მიღება. აღნიშნული საწარმოო პროცესის შედეგად მიღებული ფანტელები გადაიგზავნება უშუალოდ პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს საწარმოო ხაზში, სადაც იგი სათანადო გადამუშავების შედეგად საბოლოო სახეს მიიღებს. 

„ჩვენი საწარმო მნიშვნელოვნად შეამცირებს თბილისის, ასევე რუსთავის ნარჩენების მართვის ხარჯებს და ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას (მოგეხსენებათ პოლიეთილენით დანაგვიანების ბუნებაზე მავნებლობის შესახებ), ხოლო აღნიშნული ნედლეულის ჩვენს საწარმოში გადამუშავების შედეგად შეიქმნება დამატებითი ღირებულება, იმავე მასის ხელოვნური ბოჭკოს სახით“, – აცხადებს ქამრან ფარიზადი. 

საქართველოში ადგილობრივი ბაზრის მიერ პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს მოხმარება თვეში საშუალოდ 100 ტონას შეადგენს, რომელიც ქვეყანაში იმპორტის სახით შემოდის. საქართველოში შემოსული აღნიშნული პროდუქციის ნაწილი კი სწორედ, ირანში, კომპანია „პოლივიმის“ საწარმოო გაერთიანებაში შემავალი ქარხნის ნაწარმია. 

„ქარხანა, რომელსაც რუსთავში ვაშენებთ, მოახერხებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას. დანარჩენი წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილი, 85%-ზე ჩვენ მიერ უკვე ათვისებულ ბაზრებზე, ძირითადად თურქეთსა და ევროპის კავშირის ქვეყნებში გავიტანთ გასაყიდად. საქართველოს მიერ არაერთ უმსხვილეს ბაზართან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ჩვენი პროდუქცია შეძლებს იყოს კონკურენტუნარიანი და ხანგრძლივ პერსპექტივაში მოახერხოს უცხოური ვალუტის შემოდინება საქართველოში წარმადობის ზრდისა და შესაბამისად, ექსპორტის მდგრადი განვითარების ხარჯზე. ვფიქრობ, ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და მოხარულები ვიქნებით მის განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანით“, – ამბობს ქამრან ფარიზადი. 

ირანელი ინვესტორები ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელებით რუსთავში 150 ადამიანს დაასაქმებენ და ეს მხოლოდ რუსთაველები იქნებიან. ამასთანავე, მათი განცხადებით, ზოგადად ამ დარგის გაძლიერება, ხელს შეუწყობს ქალაქში სხვა მცირე და საშუალო ზომის ტექსტილისა და მონათესავე დარგების წარმოების განვითარებას. ეს კი თავისთავად ნიშნავს უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და შემოსვლის წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 

„ჩვენ ინვესტორებსა და ბორდის წევრებს, უკვე გააჩნიათ თხუთმეტწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, ვინაიდან ვმართავთ შესაბამის მრეწველობას ირანში, სადაც ჯამში 3 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ ვაწარმოებთ ბოჭკოს და ვამარაგებთ როგორც ლოკალურ ბაზარს, ასევე საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. პროექტის მიხედვით კი იგეგმება აღნიშნული ქარხნის მოქმედი ხუთი საწარმოს ხაზიდან ზემოთხსენებული წარმადობის ერთ-ერთი მათგანის (გერმანული NEUMAG-ის ტექნოლოგია) გადმოტანა საქართველოში, კერძოდ რუსთავში. ჩვენი ეს მრავალწლიანი საწარმოო და მარკეტინგული გამოცდილება, საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოსთან ერთად, გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ თავდაჯერებულები პროექტის წარმატებით განხორციელებაში“, – ამბობს ქამრან ფარიზადი. 

6 ივლისს, რუსთავში შპს „ქართლი ტექსტილის“ სამკერვალო საწარმოს მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

„მე არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. მიზეზი ნომერი ერთი, რომ მართლაც, დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. 

„დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, სწორედ ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

გიორგი გახარიას თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად 4 თვეში რუსთავში 3 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, საწარმო ამოქმედდება და ეს არის სერიოზული მიღწევა რეგიონისთვის და ქალაქისთვის.
 
„მე ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როდესაც „აჭარა ტექსტილი“ იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალიან დინამიური. ეს იყო საწარმო, ჯერ აჭარაში, შემდგომ იყო ფოთში, მათ შორის ქობულეთში და ეს არის მე-4 საწარმო დღეს, აქ, რომელიც ფაქტობრივად, ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ასე დარგობრივად, სექტორულად უნდა მივყვეთ. ეს არის საწარმო, რომელიც ამზადებს, კერავს საექსპორტო პროდუქციას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე, ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და რაც მთავარია, კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. 

„ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. გილოცავთ და ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყება მიულოცა „აჭარა ტექსტილის“ თურქ ინვესტორებს. თურნავას თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს. 

„მნიშვნელოვანია, რომ „აჭარა ტექსტილის“ საქმიანობის შედეგად ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. კომპანია, წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი წარჩინებული, ცნობილი მსოფლიო სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას“, – განაცხადა მინისტრმა. 

ნათია თურნავამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც პანდემია იწყებოდა, კომპანია „აჭარა ტექსტილი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო პირბადეების კერვის სახელმწიფო პროგრამაში და სამი მილიონი პირბადე შეკერა, როდესაც ეს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 

ცნობისთვის „აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს. 

შპს „ქართლი ტექსტილს“ რუსთავში სამკერვალო საწარმოს მშენებლობა/მოწყობისთვის სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი.
 
რუსთავის რეალობაში პირველი არ იქნება კიდევ ერთი ფეროშენადნობი ქარხანა, რომელსაც კომპანია `ემ-ბი-ალოისი“ ასევე ჭყონდიდელის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სამრეწველო ზონაში აშენებს. 

„ემ-ბი-ალოისის“ ფეროშენადნობი ქარხანა იქნება და მასში სილიკომანგანუმის წარმოება მოხდება. დღეისთვის, ქარხნის მშრალი ფილტრებით აღჭურვა მიმდინარეობს. ქარხნის გახსნას კომპანიის ხელმძღვანელობა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს. ინვესტიციის საერთო რაოდენობა 1.8 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 1.5 მლნ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში მიღებული შეღავათიანი სესხია, 300 ათასი კი კომპანია „ფლექსო ფუდის“ კერძო ინვესტიცია.

„მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება ოთხ მეგავატიანი ფეროშენადრობის ქარხანა, რომელიც სილიკომანგანუმს გამოუშვებს. მსგავსი საწარმოები აღჭურვილია მშრალი ფილტრებით. სწორედ ახლა მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და წარმოების მშრალი ფილტრებით აღჭურვა, რაც მოგვცემს კარგ შედეგს და გამონაბოლქვით მოსახლეობას არ შევაწუხებთ. ჩვენი მთავარი მიზანია რუსთავში მოსახლეობის დასაქმება, მოგეხსენებათ აქ უამრავი ქარხანა იყო და 40 ათასამდე ადამიანი იყო დასაქმებული. ჩვენს საწარმოში საწყის ეტაპზე 100 ადა-მიანს დავასაქმებთ ოქტომბრის შუა რიცხვებში და შემდგომ ეტაპზე, როცა მეორე ღუმელს დავამონტაჟებთ, დამატებით კიდევ 100 ადამიანი დასაქმდება და ჯამში 200 იქნება. გვეხმარება კომპანია „ფლექსო ფუდი“, ეს არის ძირითადი კომპანია, რომელიც შემოვიდა ინვესტიციით. ასევე მილიონ ნახევრის ოდენობის სესხი გვაქვს „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში აღებული კომპანია „ენ-ბი ალოის“-ს, რომელმაც უნდა აწარმოოს სილიკომანგანუმი. საერთო ჯამში ინვესტიციის ოდენობა 1.8 მლნ ამერიკული დოლარია“, – განაცხადა „ენ-ბი-ალოისის“ წარმომადგენელმა ბორის ბოსტოღანაშვილმა.
 
რუსთავისთვის, მოქმედი საწარმოების მიერ ატმოსფერული ჰაერის მძიმე მეტალებით დაბინძურება, დღეისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემაა. 
კომპანია „ენ-ბი-ალოისის“ წარმომადგენელი ბორის ბოსტოღანაშვილი აცხადებს, რომ გარემოზე ზემოქმედების საკითხს, ინვესტორი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და რუსთაველები ახალი ქარხნიდან ამოსულ კვამლს ვერ ნახავენ. 

„გარემოზე ზემოქმედების საკითხი არის მთავარი, რასაც უნდა მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება. მე კარგად ვიცი რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობა. ეს არ არის პირველი ღუმელი, რომელსაც ჩვენი კომპანია ამონტაჟებს რუსთავში. მე წლების განმავლობაში ინდოეთში ვმოღვაწეობ, ჩემი კომპანია არის „ბორის იმპორტ-ექსპორტი“ და ახლა ჩვენ „ენ-ბი ალოისის~ საწარმო უნდა გავუშვათ“, – განაცხადა „ბორის იმპორტ-ექსპორტის“ წარმომადგენელმა და „ემ-ბი ალოისის“ მეწილე ბორის ბოსტოღანაშვილმა. 

მანამდე, სანამ რუსთავში ახალი საწარმოები, მათ შორის მძიმე მრეწველობის ქარხნები შენდება, ქალაქის მოსახლეობა და სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტივისტები, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. 

რუსთაველები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ბუნებრივია მიესალმებიან, თუმცა, გარემოს დაბინძურებას აქტიურად აპროტესტებენ. ქალაქის მოსახლეობა მოითხოვს საქართველოს პარლამენტმა დროულად დაამტკიცოს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად მკაცრდება როგორც საჯარიმო სანქციები, ასევე მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, კანონპროექტს, რომელიც რუსთაველი ეკოაქტივისტების უშუალო ჩართულობით შემუშავდა, შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი. 

მარიკა ვარდოშვილი