ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ახალ გლობალურ სამრეწველო და სავაჭრო სისტემაში საქართველოს შესაძლო პოზიციონირებაზე - №2(63), 2020
ჭარბი გეოეკონომიკური გლობალიზაცია 

მაშინ, როდესაც, 21-ე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები თითქოსდა გარკვეული დუბლირებით, მოდიფიცირებითა თუ სახეცვლილებით ერთმანეთს ანაცვლებდნენ, ეკონომიკური ინტეგრაცია აღმავალი ინტეგრაციული ხაზით გამოირჩეოდა. შედეგად, მივიღეთ მაღალი ხარისხის ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკა, რომლის ხერხემალს გლობალურ ცენტრებს შორის წარმოების, ვაჭრობისა და მომსახურების მჭიდრო გადახლართვა და ჩაჭიდება ქმნიდა. სიმართლე ვთქვათ, ამგვარი ეკონომიკურად შემჭიდროებული, მაღალი რისკის მქონე მოდელის გამომზეურება მხოლოდ მიმდინარე კრიზისს არ უნდა დაბრალდეს, ვინაიდან „სისტემური რყევების“ მიმართ ამ მოდელის ჭარბ მიდრეკილებაზე მკვლევარები მანამდეც საუბრობდნენ. თუმცა, რაღა მხოლოდ თეორიით შემოვიფარგლოთ, როდესაც 2008-09 წლების საკრედიტო-საფინანსო კრიზისი ერთ მეტად ნათელ ილუსტრაციას გვთავაზობს. ამ საფინანსო რეცესიის შემდგომ პერიოდშიც ადგილი ჰქონდა რამდენიმე კვაზი-გლობალურ „მინი შოკს“, რაც შეუმჩნეველი დარჩა. ალბათ, მეტწილად იმიტომ, რომ მათი ტექტონიკა გაცილებით ჩამოუვარდებოდა თავად 2008-09 წლების საფინანსო რეცესიას. 

მოკლედ რომ შევჯამდეთ ამ ნაწილში, სახელმწიფოებმა და ბიზნესმა მიიღო უამრავი პრაქტიკული მასალა სწორი დასკვნების გასაკეთებლად, მაგრამ ეს მასალა – საბანკო სექტორში გატარებული ღონისძიებების გამოკლებით, რამაც სექტორის მედეგობას შეუწყო ხელი – ვერ გადაითარგმნა სისტემურად სწორ გადაწყვეტილებებსა და ზომებში. ამდენად, გლობალური ეკონომიკის „დაქსელვა“ გაგრძელდა უკვე აპრობირებული მიდგომით, რამაც იოლად შესაძლებელი გახადა ერთ მოცემულ ჰაბში კოლაფსის „ინფექციური“ გადადება დანარჩენ ჰაბებზე და, შედეგად, სისტემური, მსოფლიო მასშტაბის, რეცესიის მიღება. ხოლო 2001-2020 წლების მონაკვეთში საწარმოო და სავაჭრო პოტენციალის მეგაზრდამ (ამ პერიოდში, მხოლოდ აშშ-ის ექსპორტი ჩინეთში 500 პროცენტით გაიზარდა) ეკონომიკურად მავნე ზედამოკიდებულებამდე მიიყვანა გლობალური ეკონომიკური სტრუქტურა. შედეგად, ამა წლის მარტიდან მსოფლიომ იწვნია არა მორიგი რეცესია, არამედ გლობალურ ეკონომიკაში „დიდი გაჩერება“. 

დღეს, როდესაც ეპიდემიოლოგიურ სიბრტყეში საუბარია ვირუსით ქვეყნებისა და პოპულაციების ჯანმრთელობის მძიმე ზარალზე, ასევე შესაძლებელი გახდა მსოფლიოს რამდენიმე ცენტრში წარმოებისა და ვაჭრობის ზეკონცენტრირებისა და ზემონოპოლიზების გამო გლობალური ეკონომიკური ჯანმრთელობის მოწყვლადობასა და მისი დასნებოვნების მაღალ ალბათობაზე მსჯელობა. ასეთი ვითარება მით უფრო შეუწყნარებელი და მიუღებელია, თუ გადავხედავთ გეოპოლიტიკური და გავლენის სფეროების მოსაპოვებლებად სხვადასხვა უპასუხისმგებლო მოთამაშეების მხრიდან ეკონომიკური შანტაჟის, მუქარისა და სხვადასხვა საფინანსო-საკრედიტო პროდუქტებში შეფუთული პოლიტიკური საცეცების გამოყენების ფართო პრაქტიკას. ეს კი უკვე საგანგაშოა არამარტო გლობალური ეკონომიკის, არამედ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების გადმოსახედიდანაც. 

ჩინეთი როგორც გლობალური გადაწყობის სათავე 

დღეს ბევრი გვესმის ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე, რაც რამდენიმე მეგამასშტაბური, შეიძლება ითქვას, – უპრეცედენტო პროექტების ფორმით ხორციელდება. ამ პროექტების სახელწოდებები მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი და მათ სხვადასხვა მდგენელზე საუბრით აუდიტორიას არ გადავღლი. აქ უფრო სხვა, დღემდე მაინც ნაკლებად გაშუქებულ ასპექტებზე მინდა გავჩერდე და რამდენიმე საკითხი წამოვჭრა. მით უფრო, რომ მათი მოკლე მიმოხილვა უკეთ დამეხმარება თქვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. 

დავიწყოთ საკუთრივ ჩინური ეკონომიკის პოტენციალით და აქ მთავარი კითხვა ასეთია: რამდენად ჯანსაღი და რესურსულად თვითკმარია ჩინური ეკონომიკა არათუ უბრალოდ გლობალური, არამედ ძალზე ამბიციური პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიან პერსპექტივაში? ყოფნის მას საკმარისი შესაძლებლობა და უნარი განამტკიცოს ეროვნულ საზღვრებს მიღმა უკვე მოპოვებული შედეგი და განავითაროს იგი იმგვარად, როგორც ეს პეკინის მხრიდან არის დეკლარირებული? ამ კითხვაზე დამაჯერებელი დადებითი პასუხი გაჭირდება, თუ მედიითა და პროპაგანდით გაფერადებული პროგრამების ფარდის უკან ვეცდებით შევიხედოთ და რეალური ვითარება შევაფასოთ. რეალობა კი ასეთია: ჩინეთის ხელისუფლება ერთი მეტად მწვავე დილემის წინაშე დგას, რაც ეროვნული ეკონომიკის გადაწყობის გარდაუვალობას და ასეთი გადაწყობის შედეგად პოლიტიკური სტაბილურობის რისკებს უკავშირდება. მოცემულობა კი ისეთია, რომ ეკონომიკის აღმასვლას ჰაერივით ესაჭიროება მეტი პოლიტი¬კური თავისუფლება და მსოფლიო პოზიციონირებაში მეტი ღიაობა. ჩინური ეკონომიკური სტრუქტურა დამძიმებულია არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოთა სიმრავლით, მათი გაუმჭვირვალობით, ჩინურ საბანკო სისტემაში ტოქსიკური ვალდებულებების ელემენტარულად დასაშვები ნორმების უგულვებელყოფით, წარმოების სტიმულირებისა და დასაქმების მიზნით არარენტაბელური პროექტებისა და მათთვის საჭირო ფინანსური რესურსის ხელოვნური აწევით, ისევე როგორც „შიდა“ და „სანაპირო“ ჩინეთს შორის მატერიალურ დისბალანსითა და გაუცხოებით. ეს სწორედ რომ ისეთი ხასიათის სისტემური გამოწვევებია, რომელთა ძირეული მოგვარება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით და საიმიჯოდ გლობალური ეკონომიკური პროექტების „გაბევრებით“ წარმოუდგენელია. მით უფრო მაშინ, როდესაც ამ პროექტების გრძელვადიან, მყარ და რეალურ ეფექტზეა მსჯელობა. ეს ზემონახსენები რთული განტოლების ერთი, ასე ვთქვათ, შიდაპოლიტიკური ბოლოა. მაგრამ, არის მეორე, გარეპოლიტიკური კვანძი და ჩვენც პრობლემის უკეთ წარმოსაჩენად, ორიოდე სიტყვით აუცილებლად მასაც უნდა შევეხოთ. იგი უკავშირდება აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომს და პანდემიამდე განვითარებული პროცესის რამდენიმე წახნაგს. 
დავიწყოთ ისეთი საკითხის დღემდე მოუგვარებლობით, როგორიცაა მომგებიან ჩინურ ბაზარზე აშშ-ის კომპანიების შესვლა და მათი იქ დამკვიდრება. ეს არცთუ მარტივია, ვინაიდან ჩინეთში დასავლურ ინვესტიციას რამდენიმე საქმიანად თუ სამართლებრივად დელიკატური წინაპირობის და¬კმაყოფლება უწევს. ესენია ინვესტიციის განსახორციელებლად ჩინურ კომპანიასთან ერთობლივი საწარმოს შექმნა და ტექნოლოგიებზე ინტელექტუალური საკუთრების საზიარო უფლებად გადაქცევა. ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ამგვარი მიდგომა სრულიად გასაგებია. წარმოების ღირებულების ჯაჭვში დასაწინაურებლად ქვეყანას ესაჭიროება თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა, რაც მის ეკონომიკას გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. მეტიც, მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე გადართვის შემთხვევაში, ჩინეთი იმ ბაზრებისთვის შეეცილება დასავლეთს, სადაც ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ გამორჩეული უპირატესობით სარგებლობს – სწორედ რომ მოწინავე მეცნიერული და ტექნოლოგიური ცოდნის წყალობით. ხოლო თუ ოფიციალური პეკინის ამ ხაზს უფრო მეტად განვავითარებთ, ახალ ბაზრებზე შესვლა პრაქტიკულად უდრის ჩინეთის გეოეკონომიკური წონის ზრდას, ცხადია, – გეოპოლიტიკურთან პარალელში. 

ჯერ ჯორჯ ბუში უმცროსის, ხოლო შემდგომში ობამას ადმინისტრაცია ზემოაღნიშნული ექსპანსიის წესებში მოქცევას შეეცადა. ასეთ მცდელობას რამდენიმე მიმართულება ჰქონდა და ყველას თუნდაც მოკლე აღწერა ამ სტატიის ფორმატში შეუძლებელია. ტრამპის გაპრეზიდენტებამდე თეთრი სახლის არსებით საყრდენად ჩინეთის შეკავება იყო – მიმდებარე რეგიონში მნიშვნელოვანი სახელშეკრულებო ბოჭვის მექანიზმის ამოქმედებით. საბოლოო ასახვა ამ პროცესმა ე.წ. ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობაში ჰპოვა (ზუსტი სამართლებრივი სახელწოდებაა „ტრანს წყნარ ოკეანეში პარტნიორობის ყოვლისმომცველი და პროგრესული შეთანხმება“), რომელსაც საწყის ეტაპზე აშშ-თან ერთად რეგიონის თერთმეტი ქვეყანა შეუერთდა. მიზანი ყველასთვის ნათელი იყო: ჩინეთის მიმდებარე ვრცელ გეოგრაფიულ არეალში გამჭვირვალობის და უნიფიცირების ისეთი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც გამორიცხავდა პეკინის მხრიდან სხვათა ზურგს უკან საკუთარი ვიწროეროვნული დღის წესრიგის ლობირებას, ან „დაყავი და იბატონეს“ მოშველიებით კოლექტიურ ინტერესებში ბზარის შეტანას. ამ მომენტისთვის ძალზე რთულია შეთანხმების ავკარგიანობაზე საუბარი, რადგან თეთრ სახლში მისვლისთანავე – პირველივე დღეს ტრამპმა ხელი მოაწერა აღნიშნული შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლაზე. ეს იურიდიული ინსტრუმენტი დღესაც მოქმედია და აშშ-ის გარეშეც, ჯამურად 14 ტრილიონიან სხადასხვა ეკონომიკას აერთიანებს, თუმცა, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ აშშ-ის გასვლის შედეგად ამ მექანიზმის ეფექტიანობა საგრძნობლად დაკნინდა. 

რეგიონში და მის მიღმა აშშ-სა და ჩინეთს შორის გარჩევის მორიგ დიდ ეტაპად ბოლო პერიოდის „სავაჭრო ომად“ წოდებული კონფლიქტი გამოიკვეთა. ისიც რამდენიმე ფაზად განვითარდა და, ძირითადში, ტარიფების მატების გზით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სალდოს დაბალანსებას დაუკავშირდა. ამ ისტორიაში პანდემიის აფეთქებამდე სულ ბოლო, მეტად საკვანძო განვითარება იყო იანვარში ე.წ. „პირველი ფაზის“ გარიგებაზე ხელმოწერა. ამ ხელმოწერით ჩინეთმა დაივალა არამარტო აშშ-ში წარმოებული განსაზღვრული კატეგორიის პროდუქციის შესყიდვების მატება, არამედ შიდა ბაზარზე თამაშის წესების – მათ შორის, ინტელექტუალურ საკუთრებაზე – მოგვარება და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. შემდეგ უკვე იყო პანდემია და მისით გამოწვეული ცნობილი „ტრიადის“ – გლობალური ჯანდაცვა, ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობები – ირგვლივ ვნებათაღელვა, ინსინუაციები, ბრალდებები და, რა თქმა უნდა – ახალი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგში კი განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიამდელი მსოფლიო სამრეწველო და სავაჭრო დიზაინის წუნი, მისი გადაწყობა-გადალაგების განზრახვები და უკვე კონკრეტული მონახაზები. მასვე უკავშირდება ჩვენი სურვილი და მოლოდინი, რომ საქართველომ ამ ისტორიული „სრულყოფილი ქარიშხლის“ ძალით ღრიჭოდ გაღებულ ფანჯარაში თავისი უკეთესი მომავალი დაინახოს და კონკრეტული გეგმის ხარჯზე დაწინაურებულთა რიგებში დამკვიდრდეს. 

ახალ ეკონომიკურ სისტემაში დასაწინაურებლად 

ჯერ კიდევ „სატარიფო-სავაჭრო“ ომის პირობებში, სამხრეთ ჩინეთში (პრაქტიკულად, ქვეყნის ეკონომიკურად ყველაზე მდიდარ ნაწილში) ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ წარმოებული გამოკითხვით აშშ-ის კომპანიების 85 პროცენტმა უკმაყოფილება გამოთქვა შექმნილი ბიზნეს-გარემოთი, ხოლო 70 პროცენტზე მეტმა განაცხადა, რომ უარს იტყოდა ჩინეთში დამატებით ინვესტიციაზე და სულაც დასაშვებად მიაჩნდა ალტერნატიულ იურისდიქციაში გადასვლის განხილვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ალტერნატივის თვალსაზრისით, გამოკითხვაში მონაწილე ამერიკული კომპანიების მხოლოდ ერთმა პროცენტმა დაუშვა ბიზნესის საკუთრივ აშშ-ში გადატანა. ასეთი იყო განწყობა მანამ, სანამ პანდემია კიდევ უფრო დაამძიმებდა საერთო ფონს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მართალია გამოკითხვაში არ მონაწილეობდნენ ევროპული კომპანიები, მაგრამ მათი modus operandi (ქცევის კოდექსი) ხშირ შემთხვევაში – რამდენიმე სპეციფიკური პოლიტიკურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო – ამერიკულს იმეორებს. 

სხვა საინტერესო ფაქტებსა და გარემოებებს რომ თავი დავანებოთ, ნიშნავს კი ეს ყოველივე ამერიკელებისა და ევროპელების ტოტალურ „ბიზნეს-ალიანსს“? რა თქმა უნდა, არა. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ჩინური ველი უცხოური კაპიტალისგან დაცარიელდეს, ხოლო ასეთი კატეგორიული განცხადების გასამყარებლად რამდენიმე პრინციპული არგუმენტი არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ჩინეთში მოქმედი კომპანიების დიდი ნაწილის საექსპორტო დიფერსიფიკაცია, რაც მათ აშშ-ში ტარიფებით განცდილი ფინანსური დანაკარგის გადანაწილებისა და შთანთქვის საშუალებას აძლევს. ამის გარდა, ერთია დააპირო ბიზნესის მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში გადატანა – სრულფასოვანმა გადატანამ ხომ მინიმუმ 2-3 წელი შეიძლება მოითხოვოს, – ხოლო მეორეა – ეს გააკეთო სწრაფად და იაფად. გადატანის სისწრაფეს და სიიაფეს ხელს უნდა უწყობდეს ოპერირების ახალ ადგილზე შესატყვისი მზა ინფრასტრუქტურა, საკმარისი რაოდენობის მუშახელის – დამქირავებლისთვის მისაღები ანაზღაურებითა და კვალიფიკაციით – არსებობა, მარტივი რეგულაციები, შიდა ბაზრის სისტემური რღვევის პრევენციული ინსტრუმენტები. ამ მოთხოვნების უმეტესობას დღევანდელი ჩინეთი აკმაყოფილებს. სხვას რომ შევეშვათ, მის განკარგულებაშია 650 მილიონამდე ადამიანის სამუშაო რესურსი, მსოფლიოს 13 მსხვილი პორტი და წარმოების აწყობილი სისტემა, რაც ბიზნესისთვის ორ მეტად არსებით ელემენტს ეფუძნება: ე.წ. „ოპერაციული ეფქტიანობა“ (ე.ი. პრაქტიკული შესაძლებლობა აწარმოო ხარისხიანი პროდუქციის მაქსიმალურად მეტი რაოდენობა მინიმალურ დროში) და მიწოდების მჭიდროდ ინტეგრირებული ჯაჭვი (რაც ე.წ. „დროულად მიწოდების“ პირობას ქმნის). აღსანიშნია იმის მოლოდინიც, რომ ამ ორი ქვეყნის – აშშ-ის და ჩინეთის – გრძელვადიანი დაპირისპირება შეუძლებელია, კონტრპროდუქტიულია და ჩიხიდან გამოსვლა აუცილებლად მოხდება – ადრე თუ შედარებით გვიან. იმავდროულად, მხედველობაში მისაღებია ჩინეთის მმართველი ელიტის ფსიქოლოგია, რაც საკითხავს ხდის, თუ რამდენად მზადაა პეკინი, მისი განვითარების შორსმიმავალი ამოცანები მოკლევადიან შეღავათებში გაცვალოს. 
ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლებელია, რომ საკითხის ირგვლივ სურათი არ შეიცვალოს, ხოლო რამდენად საფუძვლიანი იქნება ცვლილებები, ეს დამოკიდებულია არა მარტო „შიდაჩინურ“ სამზარეულოსა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობათა დინამიკაზე, არამედ სხვა პრეტედენტი-ქვეყნების მზაობაზე, სათანადო პირობები შესთავაზონ ჩინეთიდან წამოსულ კომპანიებს. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ მზადყოფნაშია არა მხოლოდ ახალი ბიზნესის რეციპიენტი სახელმწიფოები (ძირითადად ისევ ჩინეთის სამეზობლოდან და ASEAN-ის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები), არამედ ის რამდენიმე ქვეყანაც, რომელიც დაინტერესებულია ჩინეთიდან ბიზნესის გამოსვლის ხელშეწყობაში ან სხვა გზებით ამ პროცესის ინიცირებაში. ასე მაგალითად, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად განაცხადა, რომ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ჩინეთზე გამავალ მიწოდება-მომარაგების ჯაჭვზე დამოკიდებულების შესამცირებლად. მეტიც, ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტა არის ამას წინათ, თეთრი სახლის მიერ დაანონსებული „ეკონომიკური კეთილდღეობის ქსელი“ (ავსტრალია, ინდოეთი, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ვიეტნამი), რომელიც ჩინეთიდან გადმოტანილი ბიზნესის ძლიერ ალტერნატივად უნდა იქცეს. ეს ინიციატივა ე.წ. „სანდო პარტნიორობის“ ალიანსზეა დაფუძნებული და, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, საგულდაგულოდ მოვიკვლევდი მასთან მიერთების პრაქტიკულ გზებსა და მოთხოვნებს, თუ ასეთი უკვე არსებობს. ცხადია, ალტერნატიულ მოედნებად სხვა ქვეყნებიც განიხილება, დაწყებული აზიითა და დამთავრებული ლათინური ამერიკით. აქ იმის განხილვას არ დავიწ¬ყებ, თუ რომელი რა უპირატესობითაა გამორჩეული, არამედ მხოლოდ ორ გარემოებას აღვნიშნავ. ერთია, რომ არცერთ ცალკე აღებულ ქვეყანას არა აქვს ერთად აღებული ყველა საჭირო ხელშემწყობი ელემენტი; მეორე გარემოება კი ისაა, რომ ახალი ბიზნესის მიღების მიზნით რეციპიენტი ქვეყნების მხრიდან ღონისძიებები ძირითადად ორ ჯგუფად იკვეთება: საგადასახადო შეღავათები და ხელშეწყობის (არაფისკალური) სხვა ფორმები (დაფინანსება, მიწის ნაკვეთით უზრუნველყოფა, კადრების გადამზადება და ა.შ.). 

ვისურვებდი, რომ საქართველოშო ამ პროცესებზე დაკვირვება სისტემური ხასიათის იყოს. ასევე აუცილებელია შესაბამისი მასალის თავმოყრა, გაანალიზება და ამაზე დაყრდნობით პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში ჩვენთვის საჭირო, თუნდაც მცირე მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი უპირატესობების გამოკვეთა. შემდეგ კი, ცხადია, მათი რეალიზაცია საჯარო და კერძო სექტორებს ხელთ არსებული რესურსით, – ერთგვარი ახალი ქართული „საჯარო-კერძო პარტნიორობა“ მსოფლიო გლობალურ ჯაჭვში ჩვენი ქვეყნის დასამკვიდრებლად... 

საქართველო ახალ ეკონომიკურ – პოსტპანდემიურ სამყაროში 

ბუნებრივია, მიმდინარე გადაწყობაში საჭირო პოზიციონირებისთვის ჩვენს ქვეყანას არაერთი პლუსი აქვს. აქ ბიზნესის კეთებაზე – ტექნიკურ მხარეზე არ არის საუბარი მხოლოდ, არამედ არსებითია რიგი გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული და ინსტიტუციური ფაქტორის დასახელება. გეოპოლიტიკურს რაც შეეხება, ესაა საქართველოს გამოკვეთილი საგარეო კურსი და მისი მზარდი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რაც, ეკონომიკურ მნიშვნელობასთან ერთად, ჩვენი სახელმწიფოებრივი სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. ამ გზაზე საქართველომ რთული და ხანგრძლივი გზა განვლო, რომლის ასევე თვალსაჩინო შედეგია ქვეყნის მყარად დამკვიდრება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის მეტად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მოდელში. ამასვე ემატება ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ის არაერთი ტალღა, რასაც, ცხადია, რომ სასურველი შედეგისთვის ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ მაინც მკვეთრად გამოარჩევს საქართველოს მის ახლო და შორეული სამეზობლოს ფონზე. ამ გაგებით, ეკონომიკურად გლობალური ღირებულების ჯაჭვში დასამკვიდრებლად ჩვენს არაერთ კონკურენტს ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. 

იმავდროულად, ჩემი ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, რომ დასახელებული პოზიციონირების მიზნით ჩვენ აუცილებლად და უპირობოდ მარტოდ უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, ასეთი მოწოდება არარეალური და არასერიოზულიც იქნება. ქვეყნის სამომხმარებლო და სარესურსო მასშტაბის გათვალისწინებით, – ისევე როგორც უშუალოდ ჩვენს რეგიონში „მცირე ჩინეთის“ კვალიფიკაციის ჰაბის შესაქმნელად – აუცილებელია საქართველოს ძალისხმევის იმ ქვეყნებთან კოორდინირება, ვინც ჩვენთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად „მონათესავეა“ და ვისაც ჩვენსავით ესმის საერთო დიდი სურათის მაჯისცემა. იდეალური იქნებოდა რამდენიმე რეგიონულად ანგარიშგასაწევ ეკონომიკურ სივრცესთან ერთად თამაშის იმ ერთიანი ტრანს-რეგიონული წესების დამკვიდრება ან ეროვნული კანონების იმ სახის მაქსიმალური დაახლოება, რაც მიზნად დაისახავდა კონკურენტ ჰაბებთან (მაგალითად, იმავე აზიასა, თუ – ლათინურ ამერიკაში) მიმართ, ასე ვთქვათ, ერთიანი ეკონომიკური ფრონტით გამოსვლას. დამხმარე შედარებების მოსახდენად შორს წასვლა არ გვჭირდება და თუნდაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტები ნათელი დასტურია რამდენიმე ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების საბოლოო შედეგისა. აქვე საგანგებოდ აღსანიშნია, რომ უნივერსალურ სავაჭრო წესებზე და მათი ფართოდ გამოყენების არეალზე მსჯელობისას, დიდ რეგიონულ სავაჭრო თაღში საქართველო მეტად ბუნებრივად ფიგურირებს. ეს არის პრაქტიკულად მის სამეზობლოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობაზე შეთანხმებები აკავშირებს ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, ევროკავშირთან, ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. სულ ახლო მომავალში პრეფერენციულ ვაჭ-რობაზე კიდევ რამდენიმე ანალოგიური დოკუმენტის გა¬ფორმებას უნდა ველოდოთ. 
ამასთანავე, აზიურ ჰაბებთან მიმართებაში აუცილე¬ბლად აღსანიშნია საქართველოს (ისევე, როგორც ჩვენი ახლომდებარე რეგიონის) გეოგრაფიით განპირობებული უპირატესობა, რომელიც გლობალური მიწოდება-მომარაგების ახალ არქიტექტურაში წარმოებისა და გადამუშავების ცენტრების „საბოლოო მომხმარებელთან“ (აშშ/ევროპა) სიახლოვეს განლაგებას გულისხმობს. 

ყველაფერთან ერთად, მოცემული გეოგრაფიული გარემოება კიდევ უფრო მეტად ზრდის მოთხოვნას ინფრასტრუქტურის, მათ შორის საპორტოს, შემდგომ განვითარებაზე, რაც, შავი ზღვის რეგიონული სივრცის ადამიანური და სამრეწველო პოტენციალის აკუმულირების კვალდაკვალ, ერთიორად გაზრდის საქართველოს როლსაც. 

ცხადია, რომ ამ სტატიის ფორმატიდან გამომდინარე რთულია ყველა აქტუალური საკითხი მოვიცვათ, მაგრამ ორიოდეს მაინც აუცილებლად გამოვარჩევთ. რეგიონულ „მინიჩინეთზე“ საუბრის ერთ-ერთი მიზეზია ჩვენი ადამიანური და, კერძოდ, კვალიფიციური სამუშაო ძალის მცირე რესურსი. ამ დანაკლისს კომპენსირება სჭირდება, თუ ყველაზე ამბიციურ გეგმებში თუნდაც ათეული საშუალო საწარმოს საქართველოში გადმოტანას ვუმიზნებთ. ერთ-ერთ ვარიანტად, – ალბათ ბევრისთვის საკამათოდ – მიმაჩნია ქართული საიმიგრაციო კანონმდებლობის იმგვარად მოდიფიცირება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყანაში დამატებითი მუშახელის ვადიან და გარკვეული პირობებით დასაქმებას. ამის ანალოგები მსოფლიოში მოიძებნება და, ვფიქრობ, საკითხი, სულ მცირე, განხილვას იმსახურებს. როდესაც დამატებითი მუშახელის ვადიანი შემოყვანა ვახსენე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადგილობრივი სამუშაო ძალის საჭირო კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების არქონა შეიძლება და აუცილებელია მოკლე ვადებში სხვა კუთხითაც გადაიჭრას – რისთვისაც აუცილებელია კადრების მომზადებისა და გადამზადების სამთავრობო მიზნობრივი პროგრამა – ამის გარეშე რთულია ვიფიქროთ დანარჩენ „მინი-ჩინურ“ ჰაბებთან რაიმე კონკურენციაზე. 

ასევე ვიფიქრებდი იმაზე, თუ კონკრეტულად რა კატეგორიის ბიზნესის ან კომპანიების მოზიდვაა სასურველი ეროვნული ეკონომიკის განვითარების თვალთახედვით. მესმის, რომ „სრულყოფილი ეკონომიკური ქარიშხლისას“ გადაწყობის პირობებში დინჯად არჩევის ფუფუნება არ გვექნება და ამ მხრივ ნებისმიერი „ნადავლი“ მისასალმებელია. თუმცა, ტაქტიკაში დაგეგმარება აუცილებელია და ემსახურება სტრატეგიულად სისტემურ და არა – ზიგზაგისებურ განვითარებას. ამდენად, ვიფიქრებდი, მოდი ასე ვუწოდოთ, ჩვენთვის საჭირო, „არსებითი“ ბიზნეს-საქმიანობის ჩამონათვალზე, რაც შედარებით ინტეგრირებადია უკვე არსებულ ეროვნულ სტრუქტურაში, ისევე როგორც უკვე ნახსენებ სტრატეგიულ სვლას მოემსახურება. ხოლო, რადგან ტაქტიკაც ვახსენეთ, ერთ-ერთ ხერხად ყოველი „არსებითი“ ბიზნესის საქმიანობაზე, ან კომპანიაზე ე.წ. „საინვესტიციო პასპორტის“ გაცემას მოვიაზრებდი. ასეთი „პასპორტი“, ერთი მხრივ, სწორედ რომ ამ კონკრეტულ ბიზნეს-საქმიანობასა, ინვესტორსა თუ უცხოეთიდან გადმოსულ კომპანიასა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს შორის თამაშის წესებს დაადგენდა, უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შეღავათებსა და გარანტიებთან ერთად. მეტიც, ამგვარი ინდივიდუალური „პასპორტიზაცია“ ქვეყნის მხრიდან კარგ პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ გზავნილად გამოდგებოდა უცხოური ინვესტიციების როლისა და მნიშვნელობის ასამაღლებლად. მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ „საინვესიტიციო პასპორტის“ მსგავსი ინსტრუმენტი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ისედაც იძებნება და ეს სპეციალურ ეკონომიკურ ზონად ცნობილი ბიზნეს-საკანონმდებლო პლატფორმაა. ამიტომ, შესაძლოა უფრო მოქნილ ალტერნატივად სულაც სპეციალური ეკონომიკური ზონის კონცეფციის დახვეწა და სრულყოფა გამოდგეს; მისი მისადაგებით გლობალური მიწოდებისა და ღირებულების ჯაჭვის თანამედროვე მოთხოვნებთან. ესეც, რა თქმა უნდა, სადისკუსიო თემაა.
 
ერთი სიტყვით, შექმნილი რეალობა ჩვენთვის თვისობრივად ახალ პერსპექტივას აჩენს. მის სრულად გამოყენებას სწორი დაგეგმარება და თანმიმდევრული აღსრულება უნდა. ყველა იმ მოსაზრებასთან ერთად, რაც თქვენი მედია საშუალებით გავახმოვანე, საქმეს წაადგება თუ უმოკლეს ვადაში საქართველოს ხელისუფლება უკვე წარსდგება მიზნის მისაღწევად საკუთარი გზამკვლევით. რაც მთავარია, ასეთ გზამკვლევში ლაკონიურად, საქმიანად და ბიზნესისთვის მისაღებ ენაზე ჩამოყალიბებულ უნდა იქნეს კონკრეტულ შედეგსა და პროცესზე ორიენტირებული ყველა გზავნილი. აქვე თავი უნდა მოეყაროს ქვეყნის განზრახვას ჩვენთვის საინტერესო გლობალურ თუ რეგიონულ ინიციატივებთან მიერთებაში; ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური და საქართველოში უცხოური ბიზნესის „ონშორიზაციის“ ხელშემწყობი წინადადებები. ასევე დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი იქნება გარე ოფიციალური და მედია კომუნიკაცია, მათ შორის, ჩვენთვის საინტერესო ბიზნეს-აქტორებთან კონსულტაციების ჩათვლით. ახლანდელი დროება მხოლოდ გონიერებს და ყისმათიანებს დააჯილდოებს. 

ვიქტორ ყიფიანი